ორიგინალური ნაშრომი თანამედროვე ეკონომიკური ცნებებისა და ტერმინების შესახებ

ნოდარ ჭითანავა, პროფესორი

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ქართველმა მკითხველმა, მეტად საინტერესო და საჭირო ნაშრომი, “თანამედროვე ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი” მიიღო. მისმა ავტორმა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილმა და ეკონომისტთა წრეებში ნოვატორ მეცნიერად აღიარებულმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა როზეტა ასათიანმა მორიგი ნაშრომით ერთხელ კიდევ დაადასტურა მაღალი ნიჭიერება, თანამედროვე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ღრმა ცოდნა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველს განსასჯელად ორიგინალური ნაშრომი წარუდგინა.

როზეტა ასათიანი სხვადასხვა პრობლემებზე დაწერილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი თვალსაწიერი თემატიკის ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი: გლობალიზაციის თანამედროვე პრობლემებით დაწყებული, საქართველოს ეკონომიკის ეტაპობრივი და ტრანსფორმაციული პროცესების მრავალმხრივი ასპექტებით დამთავრებული. ჩვენი აზრით, ავტორის თანამედროვე ეკონომიკური თეორიების ღრმა ცოდნამ, მიმდინარე პროცესების სისტემური მიდგომით შეცნობისა და ანალიზის უნარმა, ფართო ერუდიციამ არსებითად განსაზღვრა ზემოთ აღნიშნული ნაშრომის ღრმა მეცნიერული მნიშვნელობა და პრაქტიკული (სტრატეგიული) დანიშნულება.
წარმოდგენილი ლექსიკონი (438 გვერდი, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფორმით) ყოველმხრივ არგუმენტირებულ პასუხს იძლევა პოსტსოციალისტური სივრცის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სადღეისო მოვლენაზე (პროცესზე), ტენდენციებზე, მათი მეცნიერული შეფასებისათვის შესაბამისი ცნებების, ტერმინების დაზუსტების თვალსაზრისით, ანგარიშგასაწევი სიახლეა.
ცნებების, ტერმინების ახლებურად ახსნისას, თანამედროვე ცნობილ შეხედულებათა ფონზე, ავტორი გვთავაზობს საკუთარ მიდგომებს, გაგებას, ინტერპრეტაციას, რითაც ნაშრომს დამაჯერებლობას მატებს. ეკონომიკური განვითარების ტენდენციების (თავისებურებების) ფონზე, ორიგინალურად არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური აზროვნების დონე.
მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად, ლექსიკონში შესულია ქართველ ეკონომისტთა სკოლის ღირსეულ წარმომადგენელთა (ფილიპე გოგიჩაიშვილი, პაატა გუგუშვილი, ვასილ ჩანტლაძე, ირაკლი მიქელაძე, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ლეო ჩიქავა, ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე) ბიოგრაფიული მონაცემები და ინფორმაცია მათი მეცნიერული წვლილის შესახებ; როზეტა ასათიანის ცდა – ერთმანეთთან დაეკავშირებინა მსოფლიო ეკონომიკური აზროვნება, მსოფლიო ეკონომიკური პროცესი საქართველოს ეკონომიკურ აზროვნებასთან (მეცნიერებასთან), სწორი მიმართულებაა. ეს კეთილშობილური (მამულიშვილური), პატიოსანი მოქალაქეობრივი და მეცნიერული პოზიცია ყოველმხრივ მოწონებას, მხარდაჭერასა და ავტორის მიმართ პატივისცემის გამოხატვის სურვილს აღძრავს.
ლექსიკონში, სიახლეთა თვალსაზრისით, შეიძლება სამი ძირითადი პრობლემა გამოვყოთ:
1. ეკონომიკური თეორიის ევოლუციის პრობლემები; შესაბამისი ცნებები, ეტაპობრივი განვითარების შედეგად, ახლებურად არის ახსნილი. დამაჯერებლად არის განმარტებული გლობალურ პროცესებთან, ეკონომიკაში დუალიზმის თეორიასთან, ეკონომიკის სერვიზაციის, ეკონომიქსის, სამოქალაქო საზოგადოების სოციალური დიფერენციაციის, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის, ეკოლოგიური ეკონომიკის კონცეფციასთან და სხვა მრავალ პრობლემასთან დაკავშირებული ტერმინები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში გამოვლენილი პრობლემების მართებულად გააზრებისათვის.
2. ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა, რაც განსაკუთრებული ინტერესით განიხილება მსოფლიოში. მიუხედავად, ხშირი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებისა, ეკონომიკური განვითარების მთლიანობითი პროცესი ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების დონის თავისებურებებით (ლოგიკით) აიხსნება. წინამდებარე ლექსიკონში ეს საკითხი მთლიანად არის განხილული. მაგალითად, განსახელმწიფოებრივება, ეკონომიკური პოლიტიკა, არასაბაზრო ურთიერთობა, არასაბაზრო მომსახურება, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეროვნული შემოსავალი (გაანგარიშების ყველა მეთოდი), ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია, “ჰოლანდიური დაავადება” და მრავალი სხვა ტერმინი იძლევა ობიექტურ საფუძველს (კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური ასპექტი) მიმდინარე რთული პროცესების მეცნიერული შეფასებისათვის.
3. ლექსიკონში სწორად არის შერჩეული და გაანალიზებული პოსტსოციალისტური პერიოდის ეკონომიკის განვითარების თავისებურებების, ტენდენციების, კანონზომიერებათა ახსნისა და შეფასების ცნებები, ტერმინები. თანამედროვე ეკონომიკური პრობლემების შესწავლა-განხილვისას კარგად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ქართველ ეკონომისტთა გამოქვეყნებული ნაშრომების შესახებ, რაც მკითხველს საფუძველს აძლევს ობიექტურად შეაფასოს ქვეყანაში ეკონომიკური მეცნიერების როლი და ადგილი ტრანსფორმაციული პროცესების მრავალმხრივი ასპექტების შესწავლაში, ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების დამუშავებაში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ლექსიკონი სრულად მოიცავს ეკონომიკას – მის ყველა დონეს, მიმართულებას, ფუძემდებლურ პრინციპებს, მიდგომებს, მათი ტრანსფორმაციის შედეგებს.
დარწმუნებულები ვართ, რომ ქალბატონი როზეტა ასათიანის მიერ შემოთავაზებული ლექსიკონი ღრმა მეცნიერული დატვირთვის ყოველმხრივ (კომპლექსურად) გააზრებული ნაშრომი მნიშვნელოვანი შენაძენია და უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ტრანსფორმაციული პროცესების მეცნიერულ შესწავლა-განზოგადებაში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial