საგადასახდელო ბალანსის შავი ხვრელი

თათა ალშიბაია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი

სამი წლის მანძილზე (2005-2007) საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდებოდა: რეალური შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა 2005-2007 წლებში 10 პროცენტს გადააჭარბა. 2008 წლისთვის კი 9 პროცენტს ვარაუდობდნენ. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო უცხოეთიდან კაპიტალის ნაკადების ინტენსიური შემოდინება და საბიუჯეტო ხარჯების განუხრელი მატება. ოფიცილური მონაცემებით 2004-2007 წლებში აღნიშნული ნაკადების მოცულობა 4,6-ჯერ გაზარდა და 2.3 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია (მშპ-ის 22.5%).

ბოლო სამ წელიწადში (2005-2007) საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე დეფიციტი 2.8-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამგვარი დინამიკა ძირითადად იმპორტის მკვეთრმა მატებამ განაპირობა. იმპორტის ასეთი ზრდა კი სამომხმარებლო ბუმის შედეგი იყო. ამ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციებით იფარებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. საომარმა მოქმედებებმა და ოკუპაციამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკის იმ დარგებს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ მშპ-ის ფორმირებაში. მათ შორისაა: სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტურიზმი, მშენებლობა, საფინანსო შუამავლობა. განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა, ერთი მხრივ, შეამცირა დამატებული ღირებულების შექმნა და შეასუსტა საგადასახადო შემოსავლების ბაზა, ხოლო მეორე მხრივ კი გაზარდა ბიუჯეტის სოციალური ტვირთი. 2008 წლის მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე დეფიციტი შეადგენს-2850509.81 (ათასი აშშ დოლარს), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 841808.7 ათასი აშშ დოლარით მეტია, ანუ მიმდინარე ბალანსის დეფიციტი გაღრმავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2009 წლისათვის, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირება მნიშვნელოვნად გაზრდის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს. ამას ისიც ემატება, რომ მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობათა კლება, რაც ძირითადად ნედლეულის ბაზრებს შეეხება. ყოველივე ეს, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედებს საგადასახდელო ბალანსზე.
საგადასახდელო ბალანსის ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტია ინვესტიციები, რომელიც სავალუტო კურსის განმსაზღვრელი დეტერმინანტია. უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას და უცხოური ვალუტის გაუფასურებას ამ ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში. მაგალითად, განვლილ პერიოდიში ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება ზრდიდა ქვეყნის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას. ეს ქმნიდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების საშიშროებას, რისი თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე და ახდენდა დოლარის შესყიდვას. აღნიშნულის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ ნაყიდი აშშ დოლარის ოდენობამ შეადგინა: 2004 წელს 195.092 მლნ. ლარი, 2005 წელს 91.272 მლნ. ლარი, 2006 წელს 451.378 მლნ. ლარი, 2007 წელს 918.176 მლნ ლარი, ხოლო 2008 წელს – 821.748 მლნ. ლარი. მიწოდებული ლარის გაზრდას ინფლაციური პროცესები რომ არ გამოეწვია, პარალელურად ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოყენებით მიმოქცევიდან იღებდა ამ თანხებს. აღნიშნულის საფუძველზე მნიშვნელოვნად იზრდებოდა ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერთიფიკატების ემისიის მოცულობა. კერძოდ, 2006 წელს – 380 მლნ ლარი, 2007 წელს – 4,202 მლნ ლარი, ხოლო 2008 წელს – 3,761 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოდან აშშ დოლარზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეამცირა აშშ დოლარის შესყიდვა და იგი ამ პერიოდიდან ზრდიდა დოლარის მიწოდებას. აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის მიწოდებამ 809.723 მლნ ლარი შეადგინა. ამ ოპერაციების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები. 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული რეზერვების მოცულობა 1,460 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2009 წელს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა შეადგენს იანვრის თვეში 1 335.8 მლნ. აშშ დოლარს, თებერვალის თვის მაჩვენებელია – 1269.3 მლნ. აშშ დოლარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება მძლავრი ბიძგია აშშ დოლარს გასამყარებლად, რის თავიდან ასაცილებლადაც საქართველოს ეროვნულ ბანკს 2009 წლისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სავალუტო რეზერვების გახარჯვა მოუწევს. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია უცხოური ფინანსური დახმარებების საფუძველზე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების გაზრდა. ლარის კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ბოლო დრომდე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი სტაბილურობით გამოირჩეოდა, რასაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციების შემოდინება განაპირობებდა (პირდაპირი და პორთფელური + საბანკო კრედიტები). სწორედ აღნიშნულის გამო იყო ლარის კურსი სტაბილური. ინვესტიციები არა მარტო ფარავდა, არამედ აჭარბებდა კიდეც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. რუსული აგრესიისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: შესუსტდა კერძო კაპიტალის ნაკადები. ამის გამო ვეღარ გადაიფარა მიმდინარე დეფიციტი, რაც აისახა კიდეც სავალუტო ბაზრის კონიუნქტურაზე. საერთაშორისო რეზერვები ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მოქნილი ინსტრუმენტია და მოიცავს სარეზერვო აქტივების მარაგს, რომელიც ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საერთაშორისო საანგარიშსწორებო ოპერაციების, საგარეო ვალის და სხვა მიზნებისათვის. საერთაშორისო რეზერვების მართვა გაცვლითი კურსების მართვის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ საკურსო რეჟიმზე, რომელსაც ქვეყნის მონეტარული ხელისუფლება ახორციელებს. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვა ავტომატურად ხორციელდება გაცვლითი კურსის კორექტირების შედეგად და მონეტარული ხელისუფლება საერთაშორისო რეზერვებს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა კურსის მკვეთრ რყევებს აქვს ადგილი. საერთაშორისო რეზერვების ეფექტური მართვისათვის ცენტრალური ბანკები ახდენენ უცხოური ვალუტის დივერსიფიკაციას, ანუ “სავალუტო კალათის ფორმირებას, რაც გულისხმობს ცალკეული ვალუტებისა და, შესაბამისად, მათი მოცულობების შერჩევას. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები დივერსიფიცირებულია ნასესხობის სპეციალურ უფლებათა კალათაში შემავალი ვალუტებით. საერთაშორისო რეზერვების ეფექტური მართვისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევას, რომლებშიც მოხდება საერთაშორისო რეზერვების განთავსება. ასევე მნიშვნელოვანია ლიკვიდურობის მოთხოვნის დაცვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. გაცვლითი კურსის სტაბილურობისათვის ეროვნული ბანკი თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ახორციელებს ორმხრივ ინტერვენციებს. გაცვლითი კურსი ბაზარზე ყალიბდება უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების შედეგად. ქვეყანაში მოზიდული უცხოური კაპიტალი კი მიწოდების ერთ-ერთი განმაპირობებელია. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ნომინალური და ეფექტური გაცვლითი კურსი:
რეალური გაცვლითი კურსები გაანგარიშებულია შესაბამისი გაცვლითი კურსების ინდექსების შებრუნებული სიდიდის გამრავლებით საქართველოსა და შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების სამომხმარებლო ფასების ინდექსების შეფარდებაზე.

რეალური გაცვლითი კურსი ასახავს ლარის კურსის ინდექსის ცვლილებას საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებში, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის გათვალისწინებით. იგი გაიანგარიშება, როგორც საქართველოსა და მის 12 ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, შვეიცარია) რეალური გაცვლითი კურსების შეწონილი საშუალო გეომეტრიული:

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ზრდა ნიშნავს ეროვული ვალუტის რეალურ გამყარებას და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ხოლო შემცირება კი საპირისპიროს მოასწავებს.
ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ინდექსების შეწონილ საშუალო გეომეტრიულს.

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე. ლარის კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია.
თავისთავად ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა იწვევს ექსპორტის გაიაფებას და იმპორტის გაძვირებას, რასაც ნორმალურ პირობებში მოჰყვება ხოლმე სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება, მაგრამ არა ჩვენს შემთხვევაში, რადგანაც ქვეყანაში ბაზრის უდიდესი ნაწილი მხოლოდ იმპორტულ პროდუქციას უჭირავს. ჩვენ თითქმის არაფერს ვაწარმოებთ და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების ახლო პერსპექტივები არ არსებობს. ეს ყველაფერი ზრდის იმპორტული საქონლისა და მომსახურების ფასებს.
დღევანდელი ვითარება საქართველოში ასეთია: ინვესტიციები ხუთჯერ არის შემცირებული. შემცირებულია სარეზერვო ფონდებიც. ამის გამო იზრდება ლარის გაცვლითი კურსის დაცემის შესაძლებლობა. ამ ფონზე მეტად მნიშვნელოვანია უცხოური ფინანსური დახმარებების დროში თანხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პროცესებთან.
ლარის კურსის სიმყარე მიგრანტებზეა დამოკიდებული. 2009 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 52,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12,9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 19,8 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება რუსეთიდან გამოიწვია მათი ნაკადების 12,1 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 30,9 პროცენტით კლებამ. სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადები, მეტ-ნაკლებად, იმავე დონეზე დარჩა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87,1 პროცენტი იმ შვიდ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში აღნიშნულ შვიდ ქვეყანაზე ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 89,8 პროცენტი მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 5,7 მლნ. აშშ დოლარი გადაიგზავნა (6,4 მლნ. აშშ დოლარი 2008 წლის თებერვალში). გადარიცხვები შემცირდა რუსეთსა და სომხეთში – სულ 683,7 ათასი აშშ დოლარით, ხოლო აშშ-ში, თურქეთში, უკრაინაში, ისრაელსა და იტალიაში გადარიცხული გზავნილები ჯამში 374,3 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.
დასკვნა
პროგნოზები:7
2009 წელს ექსპორტის შემთხვევაში დაფიქსირდება წლიური კლება 29.4%-ის ოდენობით. იმპორტის შემთხვევაში კი – 21,7 %-ის ოდენობით. ამის შედეგად სავაჭრო დეფიციტი თითქმის 17 %-ით შემცირდება.
მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 27,4 პროცენტით შემცირება 2008 წელთან შედარებით. ძირითადი ანგარიშის დეფიციტს, უმთავრესად, კვლავ სავაჭრო დეფიციტი განაპირობებს.
სავარაუდოდ, 2009 წელს დადებითი იქნება ტრანსპორტის ბალანსი და 2008 წელთან შედარებით კრედიტი 13,2%-ით გაიზრდება, ხოლო დებეტი შემცირდება 14,3 %-ით.
რაც შეეხება ტურიზმს, 2009 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტი გაიზრდება 5,3 %-ით, ხოლო იმპორტი 8.0 %-ით. მომსახურების სხვა დარგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
საინვესტიციო შემოსავლები 2009 წელს პროგნოზების მიხედვით იქნება 587,0 მლნ. აშშ. დოლარი, რაც 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება
5.8 %-ით.
შემოსავლების ბალანსი 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება. შემცირდება მიმდინარე ტრანსფერების ანგარიშიც.
მოსალოდნელია კაპიტალური ტრანსფერების მატება 13-14 პროცენტით.
მოსალოდნელია ასევე ფინანსური ანგარიშის კლება 28-29 %-ით. ეს ძირითადად გამოწვეული იქნება პორტფელისა და სხვა ინვესტიციების კლებით.
მოსალოდნელია სარეზერვო აქტივების კლებაც.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადამხდელო ბალანსის ცალკეული მუხლების პროგნოზირების მიზნით ჩაატარა გამოკითხვა ადგილობრივ და უცხოურმა კომპანიებში. გამოკითხვის მიზანი იყო 2009 წელს ქვეყანაში კერძო უცხოური კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა 119-მა კომპანიამ მიიღო. კვლევის წინასწარი შედეგები ასეთია: კერძო უცხოური ინვესტიციები შეადგენს 1,74 მილიარდ აშშ. დოლარს. მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 815 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო პორტფელის ინვესტიციები – დაახლოებით 33 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ერთობლივ სესხებს და სხვა სახსრებს, სავარაუდოა დაახლოებით 1 მილიარდი აშშ. დოლარის მოზიდვა.
უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება ფულადი გზავნილების კლებასთან ერთად, გააღრმავებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს. ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის მიზნით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება;
ინვესიტიციების ნაკადების შეწყვეტა 2009 წლისათვის მნიშვნელოვნად შეამცირებს ფულადი მასის ზრდას. თავის მხრივ ეს გამოიწვევს ქვეყანაში, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირებას, რაც შეასუსტებს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნების უნარს. მეორე მხრივ, აღნიშნული მოვლენა გამოიწვევს ქვეყანაში შიდა მოთხოვნის შემცირებას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial