რუსეთი ბალანსს არღვევს შეეწყობა თუ არა აშშ-სა და რუსეთის ინტერესები?

პროფესორი ეკა ლეკაშვილი

რუსეთის ათასწლიანი ისტორია სავსეა რევოლუციებით, გლობალური თუ კონტინენტალური ომებით, ეკონომიკური კრიზისებით, გამოკვეთილი ლიდერებითა და ბრწყინვალე კულტურული მემკვიდრეობით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მისი გზა მღელვარებებით იყო სავსე. 1990-იანი წლების შემდეგ დაცემული რუსეთი იმპერიის ნანგრევებიდან აღსდგა და თითქმის გაბანკროტებული სახელმწიფო უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ენერგეტიკის სუპერხელისუფლად გადაიქცა.

აღსანიშნავია, რომ მისი ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ემყარება, ქვეყნის მშპ-ის ზრდაში აისახა. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და 2008 წლისთვის თითქმის ცხრაჯერ – 1.7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ათწლიანი გასაოცარი ეკონომიკური ზრდის შემდეგ საფონდო ბირჟამ 2008 წლის შუა პერიოდში რეკორდულ დონეს მიაღწია. თუმცა, როგორც რუსეთის ისტორიისათვის ნიშანდობლივმა შოკის მომგვრელმა მოვლენამ ომის სახით, თავი იჩინა XXI საუკუნეშიც (იგულისხმება რუსეთ-საქართველოს ომი) და მას 2008 წლის მეორე ნახევრიდან მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა და 2009 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი გაზის საკითხთან დაკავშირებით უკრაინასთან გამართულმა კონფლიქტმა რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია შეარყია. ხოლო გლობალურმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც 2008 წლის სექტემბრისთვის თავბრუდამხვევი ნეგატიური შედეგები გამოიღო, რუსეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. 2008 წლის II ნახევარში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 5,6 პროცენტამდე შენელდა, ხოლო დეკემბერში ვარდნა დაიწყო. ნავთობის ძალზედ მაღალი ფასის გამო რუსეთმა შეძლო გაეზარდა უცხოური სავალუტო რეზერვები 598 მილიარდ დოლარამდე, თუმცა 2009 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის შედეგად აღნიშნული რეზერვი 386 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ამას ხელი შეუწყო ნავთობზე ფასების კატასტროფულმა დაცემამაც. რუსული რუბლის კურსი დაეცა, მკვერთად შემცირდა სამრეწველო წარმოება და სწრაფი ტემპებით გაიზარდა უმუშევრობა.
ეკონომიკური კრიზისი დიდ ზეგავლენას ახდენს პუტინ-მედვედევის რეჟიმზე. ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდი რუსეთის ეკონომიკური ზრდისათვის ისეთ იღბლიან გარემოებებს დაემთხვა, როგორებიცაა ნავთობის ფასების დრამატული ზრდა და “ფულისთვის გლობალური ბრძოლა”. 2003 წლიდან მოყოლებული, სტაბილური ზრდის შესანარჩუნებლად, რუსეთის მთავრობას სჭირდებოდა მხოლოდ მაღალი ფასები ნავთობზე. შეჩერდა ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმის პროგრამა. აღნიშნული ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოებები მკვეთრად შეიცვალა 2008 წლის მაისიდან, დიმიტრი მედვედევის გაპრეზიდენტების შემდეგ. პიკს მიაღწია საქონლის ფასის ზრდის ციკლმა, ხოლო საკრედიტო ბაზრები მთელ მსოფლიოში ძალზედ შევიწროვდა. ეკონომიკის დაცემით გამოწვეული საზოგადოების უკმაყოფილება ქუჩებში გადმოიღვარა, რამაც ლიდერები აიძულა რუსეთზე კრიზისს სერიოზული ზეგავლენა ეღიარებინათ. ექსპერტების აზრით, ქვეყნის მოსახლეობაში მთავრობის პოპულარობის შენარჩუნებაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
ბოლო ათწლულის განმავლობაში არსებული შთამბეჭდავი ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველსაყოფად და მსოფლიოს წამყვან ხალისუფალთა რიგებში ხელახლა ჩასადგომად რუსეთს კვლავ დიდი გზა აქვს გასავლელი. ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური ზრდის გეგმა “რუსეთი 2020”, რომელის შესახებაც ხელისუფლებამ 2008 წლის თებერვალში განაცხადა, ამბიციურ მიზნებს ისახავს. კერძოდ, 2020 წლისათვის ერთ სულზე შემოსავალის გაზრდას 12 000 დოლარიდან 30 000 დალარამდე და რუსეთის მსოფლიოს რიგით მეხუთე უდიდესი ეკონომიკის ქვეყანად გადაქცევას.
დღემდე რუსეთის ხელისუფლება იგნორირებას უკეთებდა კრიტიკული რეფორმების აუცილებლობას და ეკონომიკისათვის ძალზედ მგრძობიარე გარე ფაქტორებს. რუსეთი ვერ მართავს ობიექტურ ფაქტორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ნავთობის ფასს, რომელიც მიდრეკილია ვარდნებისა და უეცარი ზრდისკენ. რაც უფრო დაბალი იქნება ფასები ნავთობზე, მით უფრო გართულდება რუსეთისათვის მისი ამბიციური “რუსეთი 2020” მიზნების მიღწევა სტატუს-ქვოს შენარჩუნებით და მით უფრო სასიცოცხლო გახდება ახალი რეფორმები. იმისათვის, რომ რუსეთი ხელახლა წარმოჩინდეს მსოფლიოში როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ქვეყანა, მას მოუწევს სწრაფად გაატაროს მდგრადი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური რეფორმები. თავდაპირველად რუსეთი უნდა შეუერთდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, რათა უზრუნველყოს ქვეყნის წარმატებული საერთაშორისო ინტეგრაცია და სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესება. განაცხადი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის შესახებ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამართული ომის გამო დასავლეთის სანქციების მოლოდინში შეაჩერა. იმისათვის, რომ გაამარტივოს ინფრასტრუქტურის განვითარების წინაშე მდგარი დაბრკოლებები, კრემლს სჭირდება გამჭვირვალე პროცედურების მიღება დიდი ინვესტიციების მოსაზიდად. გაძლიერებას მოითხოვს საკუთრების უფლებები, საჭიროა რენაციონალიზაციის შეჩერება, რათა გამარტივდეს პრობლემები საბანკო სექტორსა და ენერგეტიკაში.
რუსეთის ეკონომიკაზე ფინანსური კრიზისის გავლენამ ლიდერები აიძულა გადაეხედათ რუსეთის საგარეო პოლიტიკისათვის. ისტორიულად, რუსეთის მთავრობები ხშირად თმობდნენ ოპტიმალურ ზრდას შიდა პოლიტიკური კონტროლის მოპოვებისა და უცხოეთში დომინანტობის მიზნით.
2008 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გაურესების და ხანგრძლივობის გაურკვევლობის შედეგად რადიკალურად შეიცვალა ნავთობის შედარებით მაღალი ფასების პროგნოზი, რომლითაც კრემლი უკანასკნელი წლების განმავლობაში ოპერირებდა. თუ ნავთობზე არსებული ფასები შენარჩუნდება, დასავლეთის მიმართ რუსეთის საგარეო პოლიტიკის არსი და ტონი უნდა შეიცვალოს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხასიათი და მიზნები მომავალში პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები ქვეყანის შიგნით. არსებულმა ვითარებამ დროებით შეასუსტა მისი მისწრაფებები, შეცვალოს მსოფლიოს უნიპოლარული წყობილება მულტიპოლარულ წყობილებით. შეერთებული შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. გლობალიზაციის ხანაში უფრო ცვალებადი და სწრაფად ურთიერთგადამკვეთი გახდა გეოპოლიტიკური ინტერესები ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ყველაზე ყურადსაღები ის ფაქტია, რომ ამერიკელ და რუს პოლიტიკურ ელიტებს შორის აშშ-ისა და რუსეთის როლის საკითხზე ერთიანი გაგება არ არსებობს, პირიქით, აღნიშნულ საკითხზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ასე დიამეტრალურად საპირისპირო მიდგომები, როგორც ეს დღესაა. ურთიერთობის არხები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შესუსტდა და სავსეა მტრობითა და უნდობლობით.
უსაფრთხოების პრობლემები აშკარაა: რუსეთი ინარჩუნებს ატომური იარაღისა და ბირთვული საწვავის უდიდეს მარაგს; მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზეა და მისი კლიენტების სია ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორებიცაა ჩინეთი, ირანი, სირია და ვენესუელა, რომელთა ინტერესებიც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს. რუსეთი მრავალ ასპექტში რეგიონული ძალაა. იგი მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა და ესაზღვრება ევროპას, აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს, სადაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის უმნიშვნელოვანესი დრამატული სცენები ვითადება, რომლებშიც რუსეთი ხან პარტნიორის, ხან კი წესრიგის დამრღვევის როლს თამაშობს. რუსეთი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონალურ პოლიტიკაში, ენერგეტიკასა და მსოფლიო ეკონომიკაში. იმის მოლოდინში, თუ რა მოხდება რუსეთში, არსებული სირთულეები ამერიკის ფსონს ზრდის.
ვაშინგტონმა მოკლე ვადაში უნდა გააცნობიეროს ახალი რუსული რეჟიმის ჩამოყალიბების და კრემლის პოლიტიკის კონტურები, რათა შეძლოს მისი მართვა. გრძელვადიან პერიოდში ამერიკის ადმინისტრაციას დასჭირდება ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა: როგორი ძალა იქნება რუსეთი მსოფლიოში? როგორ განსაზღვრავს იგი საკუთარ ინტერესებს? რა საშუალებები ექნება მას ამ ინტერესების გასატარებლად? რამდენად შეეწყობა რუსეთის და შეერთებული შტატების ინტერესები? არსებულ სიტუაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს აშშ-რუსეთის ურთიერთობისათვის. ფაქტია, ეს ურთიერთობები იმდენადაა გაუარესებული, რომ ორივე ქვეყანაში არსებობს დიდი მოთხოვნილება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მეორე უპირატესობა ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ახალი პრეზიდენტები ჰყავთ, რომლებიც მიისწრაფიან წინამორბედებზე უკეთ წარმართონ ურთიერთობები; მესამე, გლობალური ფინანსური კრიზისი მსოფლიოს ყველა ლიდერს სთავაზობს იფიქრონ მასშტაბურად და ეფექტურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან.
არსებობს რუსეთსა და აშშ-ის შორის სასურველი თანამშრომლობის ექვსი საკვანძო სფერო: ირანი და სარაკეტო დაცვა, ევროპული და რეგიონული უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს ავღანეთის საკითხს, იარაღის კონტროლი, კომერციული ურთიერთობები, ენერგეტიკული პოლიტიკა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა. შეიარაღების კონტროლი ის სფეროა, სადაც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. იგი არის უმარტივესი გზა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისკენ. ლონდონში პრეზიდენტების ობამას და მედვედევის შეხვედრაზე 2009 წლის 2 აპრილს დაიწყო მოლაპარაკებები ახალი შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაზე – “2002 სტრატეგიული შეტევის შემცირების შეთანხმება (SORT)”, რომელიც ავალდებულებს მხარეებს 2012 წლისათვის შეამცირონ ფეთქებადი იარაღი 2200-დან 1700-მდე. იგი შეცვლის 1991 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებას (START I), რომელიც იწურება 2009 წლის დეკემბერში.
ამავდროულად, ორივე ლიდერი აცნობიერებს, რომ განსხვავებულია პოზიციები აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სარაკეტო-დაცვის სისტემის განთავსების, 2008 წელის რუსეთს-საქართველოს ომისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გააფართოების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოსთან ომმა აჩვენა რამდენად სუსტია ევროპის უსაფრთხოება და ეს საკითხი ბევრად უფრო აქტუალური გახადა. შეერთებულ შტატებს აღებული აქვს გლობალური უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, ამიტომ ვაშინგტონმა უნდა იკისროს ლიდერის როლი ევროპული უსაფრთხოების გარდაქმნის საქმეშიც. შეერთებული შტატების მთავარი მიზანი უნდა იყოს ევროპაში სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. 2009 წლის 4 აპრილს პრეზიდენტმა ობამამ ამ მიზანს ხაზი გაუსვა სტასბურგში ნატოს 60 წლისთავის სამიტზე თავის გამოსვლაში. მან განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებისათვის მნიშვნელოვანია კავშირის აღდგენა რუსეთთან. ამასთან ერთად, პატივისცემას მოითხოვს მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. ბუში-პუტინის ურთიერთობის დაძაბული წლების შემდეგ პრეზედენტმა ობამამ მედვედევთან ურთიერთობის ახალი ატმოსფერო შექმნა და მისმა ადმინისტრაციამ ხელში უნდა აიღოს რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის განსაზღვრის ინიციატივა.
აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი მატერიალური ბაზისი აქვს ქვეყანას, რომელიც არღვევს ბალანსს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე. ამ თვალსაზრისით, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის და განვითარების ტენდენციების შესახებ.
რუსეთის 2008-2010 წლების
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები1
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც გამუდმებით ეცემა ნავთობის ფასი, მნიშვნელოვნად იკლებს რუსეთის საექსპორტო შემოსავალი. ეს კი, თავის მხრივ, აისახება ბიუჯეტსა და მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკაზე. ნავთობის ფასმა აქტიური ვარდნა 2008 წლის მიწურულს დაიწყო. დეკემბრში მისი ფასი დაეცა ბარელზე 40 დოლარზე დაბლა. დღეისთვის აღნიშნული მაჩვენებელი ბარელზე 54 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ნავთობზე მსოფლიო ფასის ზრდის ტენდენცია ჯერაც არ ფიქსირდება. სამრეწველო წარმოებამ 2008 წლის ნოემბერში 2007 წლის ნოემბერთან შედარებით 8,7%-ით იკლო. ვარდნა ძირითადად აღინიშნება ექსპორტზე ორიენტირებულ სასაქონლო წარმოებაში. მათ შორის არის ქიმიურ მრეწველობა (74,2%-იანი ვარდნა 2008 წლის ნოემბერში 2007 წლის ნოემბერთან შედარებით), მეტალურგიული (86,7%), ხის დამუშავება და ხის მასალის პროდუქცია (81,4%), მერქნისა და ქაღალდის წარმოება (85%).
2008 წლის ნოემბრში მშპ 2007 წლის ნოემბერთან შედარებით 0,7%-ით დაეცა. მშპ-ს შემცირების ძირითად მიზეზად ექსპერტები ასახელებენ მოსახლეობის შემოსავლებისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების შემცირებას. ამასთან, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის დეკემბერში მშპ-ს კლების შეჩერება ბიუჯეტიდან დანახარჯების გაზრდის შედეგად მოხერხდა.
2008 წლის დეკემბერში 2007 წლის დეკემბერთან შედარებით 2,3%-ით შემცირდა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში. ეს იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ ნოემბერში შეიმჩნეოდა მისი ზრდა 3,9%-ით. ინვესტიციების შემცირების ძირითადი მიზეზია საპროცენტო განაკვეთის გაზრდით გამოწვეული საბანკო დაფინანსების ხელმიუწვდომლობა და ლიკვიდურობის სიმცირე, რაც უმეტესწილად გამოწვეულია რუბლის თანმიმდევრული დევალვაციით. ინვესტიციების შემცირებას 2008 წლის დეკემბრისთვის მოჰყვა მოსახლეობის რეალური შემოსავალის კლება 11,6%-ით (2008 წლის ნოემბერში კლება 6,2% იყო, 2008 წელს – ზრდა 2,7%, მაშინ როცა 2007 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა – 12,1%-ს).
რუსეთის სახელმწიფო დუმაში მიიღეს 2009-2011 წლის ბიუჯეტი, რომლის სრული შესრულება მოითხოვს შემდეგ მაჩვენებლებს: მშპ-ის ზრდის დონე 2009 წელს უნდა იყოს 7,5 %, 2010-2011 წლებისთვის კი – 8.0%. 2009 წელს Uრალს-ის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე უნდა შეადგინოს 95 დოლარი, 2010 წელს – 90 დოლარი, 2011 წელს – 88 დოლარი. რუბლის კურსმა დოლართან მიმართებაში უნდა შეადგინოს 2009 წელს – 24,7 რუბლი, 2010 წელს – 26,0 რუბლი, 2011 წელს – 27,3 რუბლი. იმთავითვე ცხადია, რომ მოცემული მაჩვენებლების მიღწევა არარეალურია. წლის ბოლოს პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკური პირობების შეცვლის მიზეზით მოითხოვა ეკონომიკური უწყებებისაგან ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების თავიდან დათვლა. ახალ ბიუჯეტში ნავთობზე შედარებით დაბალი ფასია გათვალისწინებული – ბარელზე 41 დოლარი. ხარჯების ძირითადი პუნქტები კი ბიუჯეტში უცვლელი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ბიუჯეტის დეფიციტი. ფინანსთა სამინისტროს წინასწარი გათვლებით 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავალი შეადგენს 6,5 ტრილიონ რუბლს. წარმოდგენილია ორი სცენარი: დანახარჯები 9,6 ტრლ. რუბლი (დეფიციტი მშპ-ს 7,6%) და 9,4 ტრლ. რუბლი (მშპ-ს 7%).
რუსეთსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი მდგომარეობის გაანალიზების შედეგად ექსპერტების უმრავლესობა კრიზისის პირკს რუსეთში 2009 წლის შუაში პერიოდში ვარაუდობს. მათი აზრით, მოსალოდნელია წარმოების გაუარესება, ინვესტიციების კლება, მოხმარების შემცირება. ეკონომიკა აღმავლობას 2010 წლიდან დაიწყებს. ეს პროცესი დაიწყება 2009 წლის მეოთხე კვარტალიდან. ამ პერიოდში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე კრიზისამდე იყო.
რუსეთის ეკონომიკის ვარდნის ანალიზისას გასათვალისწინებელია ენერგომატარებლებზე ფასების ცვლილების პროგნოზი. ეს კონკრეტულად შეეხება ნავთობს. განსხვავებულ შეფასებებს იძლევიან ექსპერტები. ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბერში არსებული პროგნოზით ნავთობის მრეწველობის ზოგიერთი მონაწილე იმედს ამყარებდა იმაზე, რომ საშუალო ფასი ნავთობზე 2009 წლისთვის 70 დოლარზე მაღლა იქნებოდა. მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობით ვაჭრობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიმომხილველები ფასს ვარაუდობენ 50 დოლარის ფარგლებში. ამასთან, უფრო ოპტიმალურ შეფასებად 30-40 დოლარი მიაჩნიათ.
კრიზისის მატების კვალდაკვალ ოპტიმისტურიდან პესიმისტურისაკენ იცვლებოდა ეკონომისტების პროგნოზი მშპ-ს მომავალ დინამიკასთან დაკავშირებით. ოქტომბერ-ნოემბერში დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციით მშპ-ს ზრდა მოიაზრებოდა 3-6%-ის ფარგლებში. შემდგომი პერიოდიდან სულ უფრო მეტი ექსპერტი ვარაუდობს მთლიანი პროდუქტის ზრდის ტემპის ვარდნას. Aარსებობს უფრო რადიკალური შეფასებებიც: ინსტიტუტ “გლობალიზაციის პრობლემები”-ის დირექტორი მიხეილ დელიაგინი სცენარის ყველაზე პესიმისტურად განვითარების შემთხვევაში მშპ-ის 15%-იან კლებას ვარაუდობს.
მშპ-ს სტრუქტურაში ყველაზე მეტად მრეწველობა დაზარალდება. სამრეწველო დანიშნულების პროდუქციის გამოშვების ზრდის ტემპებზე ყველა ექსპერტი უარყოფით მაჩვენებლებს ვარაუდობს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ძირითად პროგნოზში, რომელიც 2008 წლის დეკემბერის ბოლოს გამოქვეყნდა, მრეწველობის კლება 3,2% იყო, თუმცა უკვე იანვარში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2009 წელს წარმოება 5,7%-ით დაიკლებს.
ბოლო წლებში შეიმჩნევა სავაჭრო საქმიანობის აქტიური ზრდის ტენდენცია. ვაჭრობის დარგი კრიზისის დროს სამრეწველო დარგისაგან განსხვავებით ზრდას განაგრძობს. მშპ-ის დაცემის ფონზე ვაჭრობა 4,4%-ით გაიზარდა 2008 წლის დეკემბერში 2007 წლის დეკემბერთან შედარებით. პროგნოზის მიხედვით, 2009 წელს ვაჭრობის ზრდის ტემპმა 4% უნდა შეადგინოს.
ინფლაცია: მიმდინარე
მდგომარეობა და 2008-2010 წლების პროგნოზი
ხელისუფლების მიერ გატარებული საწინააღმდეგო ღონისძიებების მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ინფლაცია გამუდმებით იზრდებოდა. ზრდის მიზეზებს შორის შესაძლებელია გამოვყოთ როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების ფაქტორი.
მოთხოვნის ფაქტორი – ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულმა დიდმა შემოსავალმა გამოიწვია რუსეთის ეკონომიკაში ფულის მასის მნიშვნელოვანი ზრდა. ფასების მომატებას ასევე ხელი შეუწყო სამომხმარებლო ბუმმა, რომელიც გამოწვეული იყო მოსახლეობის რეალურად არსებული შემოსავლის ზრდის მაღალი ტემპებით.
მიწოდების ფაქტორი – ნავთობზე ფასის მომატებამ გამოიწვია ბენზინზე ფასის გაზრდა. ეს, ამავდროულად, განაპირობებდა დანახარჯების ზრდას. ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა რუსეთის შიდა ბაზარზე ფასების ზრდის მაღალი დინამიკაც. 2007 წელს ინფლაცია იყო 11.9%, 2008 წლის საერთო მონაცემებით კი მან 13,3%-ს მიაღწია. 2009 წელს შენარჩუნდება ინფლაციის 13%-იანი დონე.
“მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის” ექსპერტები საუბრობენ რუსეთში სტაგფლაციის დასაწყისზე. Eეს არის მდგომარეობა, როცა წარმოების დაცემას და მშპ-ის შემცირებას თან სდევს სამომხმარებლო ფასების ზრდა და უმუშევრობა. 2008 წლის დეკემბერში ეკონომიკაში კლასიკური სტაგფლაცია განვითარდა – მშპ შემცირდა 0,7%-ით და უმუშევრობის ზრდის ტემპები 26,1%-მდე გაიზარდა. 2009 წლის დასაწყისში მდგომარეობა არ შეცვლილა. სამომხმარებლო ფასები 2%-ით გაიზარდა.
“ექსპრეს-ობზორის შეფასებით, რუბლის მნიშვნელოვანი დევალვაცია ბენზინზე ფასების დაკლებასა და სამომხმარებლო მოთხოვნის დაცემას გადაწონის, და 2009 წლის საერთო მონაცემებით ინფლაცია 16%-მდე მიაღწევს.
სავალუტო კურსის პოლიტიკა: მიმდინარე მდგომარეობა
და პროგნოზი
რუბლის კურსი მჭიდროდაა მიბმული ნავთობის ფასზე. ნავთობზე ფასის დაცემა ნიშნავს ქვეყანაში ექსპორტიდან შემოსავლების შემცირებას და, შესაბამისად, რუბლზე მოთხოვნის შემცირებასაც.
რუბლის მხარდაჭერისათვის ცენტრალური ბანკი იყენებს სავალუტო დერეფნის სისტემას, რომლის დროსაც წესდება განსაზღვრული სავალუტო საზღვრები, რომლის გარეთაც ცენტრალური ბანკი ცდილობს არ დაუშვას რუბლის კურსის დაცემა (ეს საზღვრები იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორია ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში). რუბლისთვის განმსაზღვრელია ორი ვალუტა – ევრო და დოლარი. 2008 წლის ნოემბრის მდგომარეობით დადგენილი იყო შემდეგი ბისავალუტო კალათა: 0,45 ევროს კურსს პლიუს 0,55 დოლარის კურსი. მოცემული კარიდორის ფარგლებში რუბლის შესანარჩუნებლად ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე ახორციელებს ინვესტიციებს. იგი ყიდულობს ან ყიდის რუბლს, რითაც სავალუტო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების ისეთ ურთიერთმიმართებას ინარჩუნებს, რომლის დროსაც რუბლის კურსი შენარჩუნებულია განსაზღვრულ ნიშნულზე.
ინვესტიციები რუბლის სასიკეთოდ მნიშვნელოვნად აისახება ოქროს რეზერვის მოცულობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია კრიზისის დროს, როცა რეზერვის გადინება არ კომპენსირდება მისი შემოდინებით. რუბლის კურსის ორთვიანი შენარჩუნების გამო რუსეთის ბანკმა გაყიდა 57,7 მლრდ დოლარი. სულ რაღაც 2,5 თვეში ცენტრალურმა ბანკმა რუბლის კურსის შესანარჩუნებლად გაყიდა 200 მლრდ დოლარი. დაზოგილი რესურსები ცენტრალურ ბანკს სხვა პრობლემების გადასაწყვეტადაც სჭირდება. მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტის დროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დასახმარებლად. 2008 წლის დეკემბერში ცენტრალურმა ბანკმა ბისავალუტო კალათასთან მიმართებაში 6-ჯერ გაუშვა რუბლის კურსი.
სხვადასხვაგვარად აფასებენ ექსპერტები მომავალში რუბლის შესაბამისობას ევროსა და დოლართან მიმართებაში. სიტუაცია მკაფიო არ არის არც სხვა ვალუტებთან დაკავშირებით, რადგან სავალუტო ბაზარი იმყოფება ამერიკისა და ევროპის გავლენის ქვეშ, რომელთა ეკონომიკაც რეცესიას განიცდის. მდგომარეობას ართულებს სპეკულაციური შეთანხმებებიც.
“განვითარების ცენტრიდან” მაქსიმ პეტროვიჩის გათვლებით, ძირითად სცენარში დოლარი შეიძლება ღირდეს 35 რუბლი, ხოლო პესიმისტური გათვლებით – 39 რუბლი. HSBC-ის მთავარი ეკონომისტი ალექსანდრე მოროზოვი აღნიშნავს, რომ ცენტრობანკის მიერ სავალუტო კარიდორის სტაბილური გაფართოების საკითხში მიმდინარე კურსის შენარჩუნების შემთხვევაში, დოლარის ღირებულება 2009 წლისთვის იქნება 35,2 რუბლი (ძირითადი სცენარით) ან დაახლოებით 42 რუბლი (პესიმისტური სცენარით).
უმუშევრობა
ფინანსური კრიზისის ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იყო კომპანიებში სამუშაო ადგილების შემცირება. შემცირებები შეეხო იმ კომპანიების თანამშრომლებს, რომელთა საბრუნავ კაპიტალში სესხები (ნასესხები საბრუნავი აქტივების) მაღალი წილით იყო წარმოდგენილი. ესენია, მშენებლობა, ვაჭრობა,
მანქანათმშენებლობა, საბანკო-საფინანსო სფერო და ა.შ.
მიუხედავად მაკროეკონომიკური მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესებისა, ექსპერტები მასობრივ უმუშევრობას არ ვარაუდობენ. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2009 წელს უმუშევრობის დონე ზომიერი ტემპებით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების გათვლებით, უმუშევრობის პროგნოზირებადი დონე 2009 წლისთვის გაიზრდება 0,7%-ით და შეადგენს 6,6%-ს. პიკს იგი დეკემბერში მიაღწევს. რუსეთის ექსპერტების უმეტესობა ამ მონაცემებს ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არაა. მიზეზად ასახელებენ ეროვნული შრომის ბაზრის განსაკუთრებულობას. მოსალოდნელი უფრო ფარული უმუშევრობაა, რომელიც გამოიხატება ხელფასებისა და სამუშაო საათების შემცირებით და ბონუსების შეწყვეტით. ამ მომენტისათვის შეინიშნება სახელფასო დავალიანებების ზრდა, რომელიც 2008 წლის დეკემბრისათვის 33,4%-ით გაიზარდა და 4,024 მლრდ. რუბლს მიაღწია. შტატების შემცირების გარდაუვალობას ბევრი კომპანია კადრების დეფიციტის არსებობის ხარჯზე აანაზღაურებს.
უმუშევრობის ზრდის ნელი ტემპის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ კომპანიები ერიდებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფლიქტს, რომლებიც უარყოფითად რეაგირებენ სამუშაო ადგილების მასობრივ შემცირებაზე.
ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სიტუაცია შესაძლოა უარესობისკენ განვითარდეს. ეკონომიკის ინსტიტუტ “რან”-ის სოციალური გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ევგენია გრონტმახერის აზრით, 2009 წლის შუა პერიოდში ოფიციალურად დარეგისტრირებულ უმუშევართა რიცხვი დღეისთვის არსებული 1,2 მილიონიდან შეიძ- ლება გაიზარდოს 3-3,6 მლნ-მდე. უმუშევართა საერთო რაოდენობა კი მისი პროგნოზით იქნება ორ-სამჯერ მეტი, ანუ 6-10,8 მილიონი ადამიანი. ეს კი ნიშნავს უმუშევრობის დონის 2,5-3-ჯერ ზრდას.
ამავდროულად, სპეციალისტების ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მათი აზრით უმუშევრობა იმავე დონეზე შენარჩუნდება, ან გააგრძელებს კლების ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებშიც შეინიშნებოდა.
ეკონომიკის სახელმწიფო
მხარდაჭერა
ექსპერტების უმრავლესობის აზრით, რუსეთის ეკონომიკას უახლოეს წლებში კოლაფსი არ ემუქრება, რადგანაც საზღვარგარეთ ენერგორესურსების გაყიდვით მიღებული მნიშვნელოვანი შემოსავლები სახელმწიფომ რამდენიმე წლის განმავლობაში ფულის დიდი რეზერვი შექმნა, რომელიც კრიზისის დროს ეკონომიკისთვის ამოქმედდება. როგორც აღვნიშნეთ, 2009-2011 წლების ბიუჯეტის შემოსავალი იქნება დაგეგმილზე ნაკლები, რამაც შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტრო გეგმავს საბიუჯეტო ვალდებულებების შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ შესრულებას, რისთვისაც ადრე დაგროვილ რეზერვებს გამოიყენებს. 2008 წლის შუალედში სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად.
კანონპროექტების პირველი ბლოკი ორიენტირებულია რუსეთში საინვესტიციო პროექტებზე და ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზის განვითარებას ინვესტორებისა და კრედიტორების დაცვის კუთხით. პირველ რიგში იგულისხმება ქვეყნის ძირითადი საინვესტიციო პროგრამის – ბიუჯეტისა და მისი ეფექტურობის გადახედვა. კერძოდ, გადათვლილი იქნება მიზნობრივი ფედერალური პროგრამები, მიზნობრივი ფედერალური საინვესტიციო პროგრამები და ასევე, ინვესტიციები სახელმწიფო კომპანიებში.
მეორე ბლოკში თავმოყრილია სახელმწიფოსაგან ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერი სტრუქტურული ღონისძიებები. პირველ რიგში დახმარება გაეწევა სოფლის მეურნეობას, მანქანათმშენებლობას, სამრეწველო სექტორს, საცალო ვაჭრობას, ასევე, სამშენებლო დარგებს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. Pშეღავათები იქნება დროებითი, ვიდრე მსოფლიო ფინანსურ სისტემაში მდგომარეობა არ გამოსწორდება.
ანტიკრიზისული პროგრამის მესამე ბლოკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეძღვნება. სახელმწიფო მცირე საწარმოებს სთავაზობს კრედიტების გაცემის ლიმიტის გაზრდას “სბერბანკის”, საგარეო ეკონომიკური ბანკის და რეგიონალური პროგრამების დახმარებით.
2008 წლის ნოემბერის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მზადაა ბიზნესს შემდეგი შეღავათები გაუწიოს:
მოგების გადასახადი დაიწევს 24%-იდან 20%-მდე. გარდა ამისა, რეგიონალურ მმართველებს შეუძლიათ გადასახადის კიდევ 4%-ით დაწევა.
მოგების გადასახადი შემცირდება გამარტივებული სქემით (მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის) ახლანდელი 15%-იდან 5%-მდე.
საამორტიზაციო პრემია გაიზრდება 31%-მდე (დღეისათვის იგი შეადგენს 10%-ს).
2008 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 475 მლრდ დოლარს შეადგენდა. Eეს თანხა გადანაწილდება შემდეგნაირად:
90 მლრდ. დოლარი გამოიყოფა რუსეთის 2008-2009 წლების კორპორატიული ვალების დასაფარად.
200 მლრდ. დოლარი – ფედერალური ბიუჯეტის საგადასახადო ბალანსის დეფიციტის დასაფარად 2009-2010 წლებში.
120 მლრდ. დოლარი – 2009-2010 წლებში რუბლის კურსის შესანარჩუნებლად.
2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფომ ეკონომიკის მხარდასაჭერად კრიზისის პირობებში დახარჯა 3,7 ტრლნ. რუბლი. მომავლისთვის მთავრობა გეგმავს გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
სატარიფო გადაწყვეტილებები. ეს გულისხმობს ფასებისა და ტარიფების ზრდის ტემპების დაწევას ინფრასტრუქტურის სექტორში ბუნებრივი მონოპოლიებისა და კომპანიების საქონელსა და მომსახურებაზე. ეს შეზღუდავს მოსახლეობისათვის კომუნალურ მომსახურებაზე ფასების ზრდას და ენერგომწარმოებლებისთვის (გაზისმწარმოებლებისათვის) გადასახადების მომატებას;
განიხილება 2009 წლისთვის გაზის ტარიფის დაგეგმილზე უფრო თანმიმდევრული მატება: 1 იანვრიდან – 5%, 1 აპრილიდან – 7%, 1 ივლისიდან – 7%, 1 ოქტომბრიდან – 6,2 %;
გათვალისწინებულია სარკინიგზო გადაზიდვებზე რეგულირებადი ტარიფების ნახევარწლიანი ზრდის დონის დაწევა 2009 წელს 12,4%-მდე (ადრე შემოთვაზებული 18,7%-ის საპირისპიროდ). 2009 წელს ტარიფების ინდექსაციის გატარება ორ ეტაპად: 1 იანვრიდან და 1 ივლისიდან;
თერმულ ენერგიაზე ტარიფების ინდექსაცია 18%-ით (ადრე დაგეგმილი 22%-ის ნაცვლად);
საგადასახადო სტიმულირება (მოგების გადასახადის დაწევა, ბუნებრივ რესურსებზე მოგების გადასახადის სრულყოფა და ა.შ.);
საბანკო სექტორის ლიკვიდურობისა და მის კაპიტალიზაციის მხარდაჭერა;
საბანკო სექტორის ლიკვიდურობის მხარდაჭერისაკენ მიმართული რესურსების გაზრდა (სუბორდინირებული კრედიტები, აუქციონები გირაოს გარეშე, ბანკების რეორგანიზაცია);
საბინაო მშენებლობის სექტორის მხარდაჭერა. ეკონომ-კლასის საცხოვრებელი ბინების შესყიდვა სოციალური პროგრამების შესრულებისათვის, სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა, იპოთეკური დაკრედიტების სააგენტოს კაპიტალიზაცია, დამქირავებლებისა და უმუშევრების დახმარება, ფიზიკური პირების საშემოსავალო გადასახადზე შეღავათების გაზრდის მოთხოვნის მხარდაჭერა;
მოსახლეობის სოციალური დაზღვევა – სოციალური დახმარების გაზრდა უმუშევრებისთვის და დასაქმების მხარდასაჭერად აქტიური პროგრამების შემუშავება;
სახელმწიფო გარანტიების გაცემა (300 მლრდ. რუბლამდე);
სამრეწველო პროდუქციის ექსპორტზე სუბსიდიის გაზრდა, სამხედრო საწარმოების სუბსიდირება;
მცირე ბიზნესის დამატებითი მხარდაჭერა.