მოლოცვა საზღვრებს გაღმიდან

თარგმნა ია ბაკურაძემ

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის 10 წლისთავი აღნიშნა. ამ დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა, ჰენრი თევდორეს ძე პატარაიამ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტს.

– ბატონო ჰენრი, მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვები დიდ ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის 10 წლისთავთან, დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის პირველი წლები სახელმწიფო რესტრუქტურიზაციის, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკუთარი მოდელის შექმნის რთულ პერიოდად იქცა. ათი წლის განმავლობაში ამ გზაზე მიღწეულ რომელ წარმატებებზე შეგიძლიათ დღეს ისაუბროთ?
– მოლოცვისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ. დიახ, წელს ჩვენ იუბილარები ვართ: საქართველო, ისევე როგორც თურქმენეთი, დამოუკიდებლობის 10 წლისთავს აღნიშნავს. 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძეს ეროვნული უთანხმოების ნიადაგზე ორად გაყოფილი ქვეყანა დახვდა, რომელიც მწვავე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ემოციურ კრიზისს განიცდიდა. იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ქვეყანა ფეხზე დადგა და სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. საქმიანობის ყველა სფეროში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ სოციალურ და იურიდიულ საკითხებში, საფუძვლიანი რეფორმები ჩატარდა”.

– როგორია საქართველოს მიერ წარმოებული საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის პრიორიტეტები?
– დღეს საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ აღიარა. იგი გაეროს 179-ე, ევროგაერთიანების პარლამენტის 41-ე წევრია და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე სხვადასხვა სახის საერთაშორისო კორპორაციებთან.

12 მაისს პარლამენტისადმი და ქართველი ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული, რომელიც მსოფლიო სავანედ უნდა იქცეს. ჩვენი ქვეყნის ლიდერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობა მზად არის რუსეთთან ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მატერიალურ და მორალურ დახმარებას უწევდა და კვლავაც ამოუდგება მხარში საქართველოს მისი ისტორიის ყველაზე რთულ და სტრატეგიულ მომენტში. დღესდღეობით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები მეზობელ ქვეყნებთან – სომხეთთან, თურქეთთან, შავი ზღვის ბასეინის და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, ევროგაერთიანების წევრებთან – გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან. დღეს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ ურთიერთობებს იაპონიასთან, ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან.

რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში მნიშვნელოვან ადგილს თურქმენეთი იკავებს. ჩვენი ქვეყნის კრიტიკულ პერიოდში (1992-95 წწ.), როდესაც საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ქაოსიდან და ნგრევიდან გამოსასვლელად, როდესაც ასიათასობით ქართული ოჯახების არა მარტო კეთილდღეობა, არამედ სიცოცხლეც იმაზე იყო დამოკიდებული, ექნებოდა თუ არა საქართველოს თურქმენეთის გაზი, თურქმენეთმა პირველმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. ჩვენმა პრეზიდენტმა ისიც გაიხსენა, რომ ახშაბადში ორჯერ იყო ჩამოსული და საფარმურატ ნიაზოვთან გულახდილად აღიარა, რომ საქართველოს იმ მომენტში არ ჰქონდა ვალუტა და არც პროდუქცია, რომლითაც იგი გაზის საფასურის გადახდას შეძლებდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა გაითვალისწინა და დათმობებზე წავიდა.

საქართველოს თურქმენეთისადმი სახელმწიფო ვალი 600 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელიც დღემდე არ არის დაფარული. მისი გადახდა ნაწილობრივ ხდება და დღესდღეობით 336 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. საქართველოს ხელისუფლება რესურსებს ეძებს თავისი დავალიანების დასაფარავად, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აღებული ვალდებულებების ვადაში შესრულების საშუალებას არ გვაძლევს. ქვეყანას შარშანდელმა გვალვამ დიდი ზარალი მიაყენა, პრივატიზებული სამრეწველო საწარმოების უმრავლესობა არსებული მწვავე ენერგო კრიზისის გამო არ მუშაობს, ძალზე რთულად მიმდინარეობს კერძო ბიზნესის ლეგალიზაცია: საქართველოს მრეწველობის, ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს გამოშვებული პროდუქციის 55% აღრიცხული არ იყო, რის შედეგადაც, 754 მლნ. ლარის (377 მლნ. დოლარი) ნაცვლად, ბიუჯეტში მხოლოდ 278 მლნ. ლარი შევიდა. ამის გამო, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბიუჯეტის სფროში მომუშავეების, პენსიონერების, ინვალიდების, ლტოლვილების (რომელთა რიცხვი 300 ათასს აღწევს) წინაშე აღებული ვალდებულებების ბოლომდე შესრულება. ნამდვილ საზოგადოებრივ უბედურებად იქცა კორუფცია, რომელსაც სახელმწიფომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა (2000 წელს გამოაშკარავებულ იქნა 1688 დანაშაული, რომელთა უმრავლესობა ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა).

თუმცა, შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა თურქმენეთის ვალის გასასტუმრებლად ყველა ღონეს ხმარობს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კონკურსი ჩაატარა “საქართველოს თურქმენეთისადმი სახელმწიფო ვალის დაფარვის მექანიზმისა და მართვის შესახებ”. ამ კონკურსში გამარჯვებული გახდა შპს “თ.G თღADE”. ვალის დაფარვის შემდგომი სქემა საქართველოს დელეგაციის თურქმენეთში ვიზიტის დროს იქნება განხილული.

– როგორია დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში?
– უნდა აღინიშნოს, რომ ედუარდ შევარდნაძის მეორე ვადით არჩევით ხალხი მისგან დაწყებული რეფორმების ლოგიკურ დასრულებას მოელის. დღეს საბაზრო ეკონომიკა და კერძო სექტორი წარმატებით ვითარდება, სრულდება ბევრი საინვესტიციო პროექტი, შენდება ახალი საცხოვრებელი და საოფისე შენობები. პროდუქცია, რომელსაც საქართველოს საწარმოები აშშ-თან, გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად უშვებენ (მოდერნიზებული ავიოტექნიკა, სატვირთო ავტომობილები, ღვინისა და არყის ნაწარმი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. ყველაზე დიდ მიღწევად კი ის ფაქტი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ხალხი, ბოლოს და ბოლოს, თავის შესაძლებლობებს ჩაწვდა და უკეთესი ცხოვრების იმედი მიეცა.

– ბატონო ჰენრი, ჩვენი საუბარის ბოლოს რას იტყოდით ჩვენს ქვეყანაზე. უკვე დიდი ხანია, რაც აშხაბადში ცხოვრობთ…
– “თურქმენეთის სტუმართმოყვარე ქვეყანაში 7 წელია რაც ვცხოვრობ და აქ მიმდინარე არაერთი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენის მოწმე გავხდი. თურქმენეთის პრეზიდენტის მიზანდასახულობითა და პრაგმატიზმით, სიმტკიცითა და გამბედაობით, თურქმენეთმა არასრულ ათწლეულში იმის მიღწევა შეძლო, რასაც თავისუფლებას მოკლებული თურქმენეთის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ვერ მიაღწევდა.

თავისი მართვის პირველივე დღეებიდან, საფარმურატ ნიაზოვმა შეძლო აღეკევთა დესტრუქციული ელემენტების მიერ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები. მან შეინარჩუნა მშვიდობა და თანხმობა საზოგაოდებაში. შედეგი, როგორც იტყვიან, სახეზეა – თურქმენეთის ხალხმა ეროვნული ლიდერის ხელმძღვანელობით თავდაჯერებულად შეაბიჯა თავიანთი ქვეყნის აყვავების ეპოქაში, სულიერი ღირებულებების და კულტურული ტრადიციების ხანაში. წინა წლის ოქტომბერში აქ იმყოფებოდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები – აკადემიკოსები, ოთარ ჯაფარიძე და ოთარ ლორთქიფანიძე. მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თურქმენეთის ხალხის კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნებოდა. ისინი თურქმენეთში 80-იან წლებშიც იყვნენ ჩამოსულები და ამჯერად მათთვის ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ მათ თვალწინ იგივე აშხაბადი იყო, რომელსაც ადრე იცნობდნენ.

დღეს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 10 წლისთავს აღვნიშნავთ, მოხარული ვიქნებოდი თუ ბედი თურქმენეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღნიშვნაში მონაწილეობას მიღებას მარგუნებს. .