მაგისტრატურის ბარიერები

ალექსანდრა ლალიაშვილი

იუნესკოს მონაცემებით ადამიანის შემოსავალის 60% მის განათ-ლებაზეა დამოკიდებული და მხოლოდ 40%-ს განაპირობებს სხვა დანარჩენი ფაქტორები: ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, გარემო და აღზრდა და სხვა. ცხადია, გასაკვირი აღარ არის, რომ ბევრი ადამიანი არ ზოგავს თანხას განათლების მისაღებად. ეს მომავლისათვის საუკეთესო კაპიტალდაბანდებად ითვლება. საქართველოშიც მატულობს უნივერსიტეტების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტს სხვადასხვა ხარისხისა და მეთოდის სწავლებას სთავაზობენ.

შეიძლება ისინი სამ ნაწილად დავაჯგუფოთ: საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პირველი კერა – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ტრადიციულად ითვლება ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების ბასტიონად და იქაურ სწავლების მეთოდსა და ხარისხზე ბევრადაა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი განვითარება და წინსვლა, რადგან ყველაზე მეტი ახალგაზრდა თსუ-ში ეუფლება მომავალ პროფესიას. მეორე ჯგუფია დასავლურ ხარისხსა და პროგრამებზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდნენ. სასწავლებელთა მესამე კატეგორიაში ის სასწავლებლები ერთიანდება, რომლებიც არც ხარისხითა და არც პრესტიჟით არ გამოირჩევიან. ვახსენეთ დასავლურ ხარისხზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებლები. საინტერესოა, რას სთავაზობენ ისინი მომავალ სტუდენტებს? მხოლოდ ფასებს დასავლურს, თუ ცოდნის მაღალ ხარისხსაც? თუმცა, ეს არ არის ერთადერთი კითხვა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემასთან დაკავშირებით ჩნდება.
აკადემიური წელი ჩამთავრდა. ბევრმა ახალგაზრდამ დაამთავრა უნივერსიტეტი და ბაკალავრის დიპლომიც აიღო, მაგრამ მათი ამბიციური გეგმების დასაკმაყოფილებლად ეს არ კმარა. თუ გინდა მაღალშემოსავლიანი სამსახური და კარიერული წინსვლა, აუცილებელია მაგისტრის დიპლომიც. ეს საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა. მიზნის მისაღწევად, ცხადია, მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. გადასადგმელია რამოდენიმე აუცილებელი ნაბიჯი. პირველ რიგში, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, მოვიფიქროთ, გავაანალიზოთ და ავირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც ჩვენს კარიერულ წინსვლას წაადგება. შემდეგ სასურველი პროფესიის შესასწავლად უნდა მივაშუროთ ისეთ უმაღლეს სასწავლებელს, რომლელიც შესაბამის ცოდნასაც მოგვცემს და რომლის სახელი და დიპლომიც საქვეყნოდ ჭრის. ამ ყველაფერს წარმატებით თუ გავართვით თავი და მისაღები გამოცდებიც ღირსეულად ჩავაბარეთ, მოსაგვარებელი რჩება ერთი “უმნიშვნელო” პრობლემა – როგორ გადავიხადოთ არითმეტიკული პროგრესიით მზარდი სწავლის ქირა?
ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით, მანამდე კი ვისაუბროთ, თუ რომელი სპეციალობაა დღეს ყველაზე აქტუალური. პირველ რიგში, ალბათ, თავში ყველას MBA მოუვა. სხვა რა შეიძლება იყოს იმაზე სარფიანი, ვიდრე ბიზნესის ადმინისტრირებაა? ფული ხომ სწორედ აქ ტრიალებს და ეს ყველაზე მომგებიანი და სარფიანი კაპიტალიდაბანდებაა ჩვენი მომავალისათვის! ნურას უკაცრავად. ახლა უკვე ამაში ბევრს ეპარება ეჭვი. დასავლურ პრესაში ხშირად წაიკითხავთ ერთ მოარულ ფრაზასაც: “თჰერე ის ნო ტიმე ფორ ბანკერს!” (ახლა ბანკირების დრო არაა!) შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მსგავსი შინაარსის მოწოდებების გაჩენაც კი უკვე მრავლისმეტყველია. ორგანიზაცია Career Services Council (CSC), რომელიც ბიზნეს სკოლების ტენდენციებს იკვლევს ამერიკაში, კანადასა და ევროპაში, თავის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საბანკო-საფინანსო სპეციალობაზე აპლიკანტთა რაოდენობა MBA-ს აპლიკანტებს შორის 75%-ით არის შემცირებული.
დასავლეთის პრესტიჟული ბიზნეს-სკოლების მდგომარეობა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისისა. სულ უფრო მეტი უცხოელი ამბობს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე უარს. პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტებისათვის კი უცხოელები იყვნენ არა მხოლოდ კლასებში ეროვნული მრავალფეროვანების გარანტი, არამედ შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროც. ახლა უცხოელები უფრო კარგად დაფიქრდებიან იმაზე, ღირს თუ არა მათი დანაზოგის, ხშირ შემთხვევაში კოლოსალური თანხების გადახდა დასავლურ სასწავლებელში? მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თეორიული აკადემიური კურსები 12-13 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს, თეორიული კურსები ლაბორატორიულ პრაქტიკასთან ერთად – 17-19 ათასი, ხოლო პრაქტიკული და თეორიული სწავლების კურსი ერთად – 25 ათასი. გარდა ამისა, უცხოელ სტუდენტს ყოველწლიურად 10-15 ათასი ფუნტი სტერლინგი სჭირდება საცხოვრებელ და კვების ხარჯებზე.
თჰე Aმერიცან-ბასედ Graduate Management Admissions Council (GMAC) აღნიშნავს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში MBA-ს პროგრამების შესახებ, რომ 2008 წლის მონაცემებით იმ მაგისტრანტთა რაოდენობამ, რომლებიცMBA პროგრამებს საკუთარ ქვეყანაში ეუფლებიან, უკვე გადააჭარბა საზღვარგარეთ მაგისტრის ხარისხის მისაღებად წასულ სტუდენტთა რიცხვს. განსაკუთრებით შემცირდა სტუდენთა რაოდენობა ჩინეთიდან და ინდოეთიდან.
ამ მხრივ აშშ-ს სკოლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ევროპის სკოლებშია, რომლებიც ასევე დიდწილად არიან დამოკიდებული უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზე. მაგალითად, 2010 წლისათვის ლონდონის ბიზნეს-სკოლის მოსწავლეთა 91% არაბრიტანელია. მათ შორის 68% ჩრდილო ამერიკიდან და აზიიდან არის. შვეიცარიის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის IMD-ის 90 სტუდენტიდან 87 უცხოელია მსოფლიოს 38 სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ციფრები ახლა სახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ 2009-2010 წლების კონტინგენტი შეირჩა დიდი ხნით ადრე, სანამ გლობალური ეკონომიკური კრიზისი რადიკალურად შეცვლიდა სურათს. უნივერსიტეტების წარმომადგენლები დღეს უკვე შიშით უყურებნენ 2010 წლის შემდგომ პერიოდს. რა ელის მათ?
არსებობს 3 ძირითადი ფაქტორი, რის გამოც სულ უფრო მეტი უცხოელი ამბობს უარს აშშ-სა და დასავლეთ ევროპის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებზე. ეკონომიკური კრიზისის ფონზე გართულდა დაფინანსების მოპოვება სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან; ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს დასაქმების ბაზრის ტენდენციებზეც; უმთავრესი კი, რაც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის დასავლურ სკოლებს, ის ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლებია განვითარებად ქვეყნებში, რომელთა რიცხვი უფრო და უფრო იმატებს და რომელთაც შეუძლიათ სტუდენტს ხარისხიანი განათლება ადგილზე მისცენ და კონკურენცია გაუწიონ დასავლურ უმაღლეს სასწავლებლებს.
პირველი ორი პრობლემა განსაკუთრებით პრობლემატურია აშშ-სთვის, რადგან კრიზისიდან გამომდინარე ბევრმა ბანკმა უარი თქვა მიეცა 150000-ზე მეტი ღირებულების სესხი იმ უცხოელი სტუდენტებისათვის, ვისაც ამერიკელი თავდები არ ყავთ. ასეთ პირობებში კი ბევრი უცხოელი სწავლის ქირას ვერ გადაიხდის. აშშ-ში დასაქმების ბაზარიც კარგავს თავის ჩვეულ მიმზიდველობას საერთაშორისო სტუდენტებისათვის. აქ ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ათავისუფლებენ სამსახურიდან. ბევრმა MBA-ს კურსდამთავრებულმაც მიიღო უარი წინასწარ შეთანხმებულ სამუშაო ადგილზე. ბიზნეს კომპანიები ითვალისწინებენ სამუშაო ადგილების სიმცირეს და ამჯობინებენ ადგილობრივი კადრები დაასაქმონ. ეს ტენდენცია უარყოფითად აისახება ბიზნეს სკოლების მომავალ მობილურობაზე, მათ მრავალფეროვნებასა და მთლიანად აშშ-ს ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში – მიიჩნევენ ამერიკელი ექსპერტები. თუკი უცხოელი სტუდენტი ლეგალურად ვერ იმუშავებს აშშ-ში პროგრამის დამთავრების შემდეგ, მისთვის ამერიკა ნაკლებ მიმზიდველი ხდება სასწავლებლად. გარდა ამისა, ბევრგან, მაგალითად ჩინეთსა და ინდოეთში, მომრავლდა ისეთი სასწავლებლების რაოდენობა, რომელიც სტუდენტებს კვალიფიციურ განათლებას სთავზობენ. ყოველივე ამის ფონზე სათუო ხდება დასავლური ცოდნის, გამოცდილებისა და ფასეულობების გადატანა ნაკლებ განვითარებულ მსოფლიოში – აღნიშნავენ ექსპერტები.
ბიზნეს სკოლებმა ფიქრი დაიწყეს სტუდენტების მოზიდვაზე. ისინი ცდილობენ შეიმუშაონ განსხვავებული პროგრამები ახალი მიდგომებით. ამის ნათელი მაგალითია ინდური კომპანიისა და ფრანგული სკოლის თანამშრომლობა. ინდოეთის რკინიგზა ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო კომპანიამ უდიდესი დანაკარგებისა და ზარალის შემდეგ 4 წელიწადში მიეღო 5 მილიარდიანი მოგება. კომპანიის ხელმძღვანელები ამას მენეჯმენტის დამსახურებად თვლიან და აღნიშნავენ, რომ ისინი სისტემატურად მართავდნენ ტოპ და საშუალო დონის მენეჯერების ტრეინინგ პროგრამებს. საინტერესოა, რომ ეს კომპანია არ ყოფილა არც ერთი ცნობილი ბიზნეს-სკოლის კლიენტი. 2006 წლიდან მოყოლებული მის თანამშრომლებს ტრეინინგს ფრანგული სკოლაHEC Paris უტარებდა. ახლახან კი სწავლების მათი მეთოდით კმაყოფილმა ინდოეთის რკინიგზის ხელმძღვანელობამ ბიზნეს სკოლასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგული სკოლის სწავლების მეთოდის ორიგინალობა ისაა, რომ მათ სტუდენტები არც საკლასო ოთახებში შეყავთ და არც კომპიუტერებთან ყავთ მიჯაჭვული ონ-ლინე განმათლების მისაღებად. მენეჯერები მათ საკუთარი ყოველდღიური სამუშაო გარემოდან გამოყავთ და აჩვენებენ იმას, თუ როგორ მუშაობენ მათი კოლეგები: წარმატებული თუ წარუმატებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად ავსტრიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეში, საფრანგეთში თუ ჩინეთში. შემდეგ სტუდენტებთან ერთად აჯერებენ მათი წარმატება-წარუმატებლობის მიზეზებს, აკეთებენ შესაბამის დასკვნებს და სამომავლო პროგნოზებს. უკვე ბევრმა სასწავლებელმა დაიწყო მუშაობა მსგავსი ორიგინალური პროგრამების შექმნაზე. ამასთანავე, სკოლებმა უკვე დაიწყეს აქცენტის გადატანა პროგრამებზე, რომლებიც ნაკლებ განვითარებული ეკონომიკებს და მათი ბაზრებს შეისწავლის. ამ მიზნით ბევრმა პრესტიჟულმა უმაღლესმა სასწავლებელმა გახსნა თავის ფილიალი ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში. მაგალითად, ესპანური ESADE დიდი ხანია სათანადო პროგრამების შესამუშავებლად მუშაობს ლათინური ამერიკის ბიზნეს სექტორთან, ფრანგული EM Lyon – შანხაისთან, ლონდონის ბიზნეს სკოლისათვის დუბაი უკვე სახლადაა ქცეული და ა.შ.
ზემოთ ვისაუბრეთ იმ ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების თაობაზე, რომლებიც სულ უფრო მიმზიდველნი ხდებიან სტუდენტებისათვის. უკვე ბევრი ამჯობინებს პრესტიჟულ ადგილობრივ სასწავლებელში მიიღოს განათლება, ნაცვლად საზღვარგარეთ კოლოსალური თანხების დახარჯვისა. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოს ბაზარზე? ამ თემაზე გავესაუბრეთ იმ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში პრესტიჟულ სასწავლებლებად ითვლებიან და დავინტერესდით სწავლების მათი მეთოდით.
თემურ ტორონჯაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი – თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ შემოიღეს MBA-ს სამაგისტრო პროგრამა. მენეჯმენტის პროგრამები აშშ-ში, სადაც ისინი დაიწყო, სამ ნაწილად იყოფა. ერთი არის დაბალი დონის მენეჯმენტი, მეორე – საშუალო დონისა და ბოლოს მესამე – ტოპ-მენეჯმენტი. MBA-ს სამაგისტრო პროგრამა საშუალო დონის მენეჯერებისათვის შეიქმნა ჯერ კიდევ ცხრაასიანი წლების დასაწყისში. მისი პირდაპირი დანიშნულება არ იყო რომელიმე საგნის ღრმა კურსის გავლა. პროგრამის მიზანი იყო სტუდენტს გამოემუშავებინა არასტანდარტულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი. მენეჯმენტის ქვედა დონეზე არსებობს წესები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მენეჯერმა ამა თუ იმ სიტუაციაში. მენეჯმენტის საშუალო რგოლი კი თავად იღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ საკითხებზე. Aსწორედ მათ მოსამზადებლად იქნა შემოღებული აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა. ანუ, განსხვავება ამ პროგრამისა ისაა, რომ ავარჯიშებ მაგისტრანტს არასტანდარტულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში. ამიტომ სწავლების ტიპი აქ განსხვავებულია. MBA-ს მაგისტრანტებთან აუცილებელია სემინარული მუშაობა, კეიზ-სტადები, საუბრები ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად და ასე შემდეგ. ასეთია პროგრამის არსი. ვიმეორებ, კურსდამთავრებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები. ამისთვისაა სამაგისტრო პროგრამები შექმნილი. ბევრი მიიჩნევს, რომ სამაგისტრო პროგრამა უბრალოდ გაღრმავებული ბაკალავრიატია. ეს არასწორია და ამის გააზრების გარეშე შეიძლება არასწორად ააგო სამაგისტრო პროგრამა. მაგალითად, ბაკალავრს შეიძლება ასწავლო “კორპორატიული ფინანსები”. მაგისტრებსაც იგივე საგანი რომ ვასწავლოთ, ოღონდ დამატებითი თავებით, უკვე არასწორია.
გარდა ამისა, 80-იან წლებამდე აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ MBA-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად აპლიკანტს ჰქონოდა მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ასევე, GMAT-ის გამოცდის საშუალებით ამოწმებენ შენს ლოგიკური აზროვნებას. ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ამ პროგრამაზე დღესაც ითხოვენ სამუშაო გამოცდილებას. ბევრგან კი მსგავსი მოთხოვნა აღარ აქვთ.
– თქვენს უნივერსიტეტში მიღებისას აპლიკანტისათვის სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი მოთხოვნა?
– დიახ, ჩვენთან პირდაპირ ბაკალავრიატის კურდამთავრებულს შეუძლია შემოვიდეს. წელს ჩვენ 30%-ით მივუერთდით ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცნობთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულის 30%-ს, დანარჩენ 70%-ს კი შიდა გამოცდებით ვუწერთ აპლიკანტს. ესაა გამოცდა სპეციალობაში და უნარებში, ანუ იგივე რაც GMAT-ია.
ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2009 სასწავლო წლიდან მომავალ მაგისტრებს ახალ პროგრამებს სთავაზობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე უკვე შემუშავებულია ორი სამაგისტრო პროგრამა: პირველია სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში, სასპეციალიზაციო მოდულებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია (ეს არის ერთობლივი მოდული ბერლინისა და ციურიხის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან), მაკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა და სტატისტიკა; მეორეა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა შემდეგი სასპეციალიზაციო მოდულებით: ფინანსები და საბანკო საქმე, მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი, აღრიცხვა-აუდიტი, მარკეტინგი, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი და საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი.
როგორც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეკა ლეკაშვილმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას: “თსუ-ს სამაგისტრო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი სამაგისტრო პროგრამების ანალოგების ქართულ რეალობასთან ადაპტირების საფუძველზე. მკაფიოდ განსაზღვრულია ცოდნა და კომპეტენციები, რომელსაც შეიძენენ სტუდენტები სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად. რადგან სასწავლო პროგრამებზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორებად მენეჯმენტის უნარების და სამეწარმეო კულტურის დაბალი დონე გვევლინება. პრობლემის დაძლევა კი შესაძლებელია საუნივერსიტეტო დონეზე სასწავლო პროგრამის მუდმივი სრულყოფის, სწავლისა და სწავლების ახალი მეთოდების შემუშავებით და დანერგვით. ამასთან, მაგისტრატურაში წელს პირველად ხდება მიღება ერთიანი ეროვნული და მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების საფუძველზე. გრანტის მოპოვებისთვის კონკურსში, რა თქმა უნდა, მაღალმოტივირებული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას და უფრო გაიზრდება მიღებული კონტინენტის მომთხოვნელობა სამაგისტრო პროგრამების ხარისხისადმი. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, მუდმივად ვმუშაობთ, რომ გავზარდოთ სამაგისტრო პროგრამების შემუშავებისას დამსაქმებელთა ჩართვა.”
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ თავისუფალი უნივერსიტეტის “ESM ბიზნეს სკოლის” სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს რევაზ ვაჩნაძეს: ჩვენ გვაქვს ერთი სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში. ეს პროგრამა 16 თვიანია. ეს არის მოდიფიკაცია ადრე არსებული პროგრამისა, რომელიც გრძელდებოდა 2 წელი და 2 თვე და ინტესივობის გარზდის ხარჯზე მოვახერხეთ ამ პროგრამის შეკუმშვა 16 თვემდე. თუმცა კი, დატვირთვა თითოეულ სტუდენტს გაცილებით გაეზარდა. ეს პროგრამა მათთვისაა, ვინც მუშაობს, ანუ კვირის სამუშაო დღეებში ლექციები საღამოს 7 საათიდან არის, შაბათს კი – მთელი დღე.
– როგორია მიღების კრიტერიუმები?
– უცილებელია, აპლიკანტს ქონდეს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ. გარდა ამისა, საჭიროა გამოცდის ჩაბარება, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ტესტებს. ასევე მნიშვნელოვანია გასაუბრების ეტაპი, როდესაც ექვს კაციანი კომისია აფასებს აპლიკანტის მოტივაციას, ერთის მხრივ იმას, თუ რამდენად ჭირდება აპლიკანტს ჩვენი პროგრამა და მეორეს მხრივ კი, რამდენად სჭირდება იგი ჩვენს პროგრამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. Dამ ორი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით ვახდენთ კონტინგენტის მიღებას.
– რას იტყვით სწავლების პროგრამის შესახებ?
– ჩვენ ველოსიპედი ახლიდან არ გამოგვიგონებია. დასავლეთში კარგად აპრობირებული მეთოდები და პროგრამებია. თუმცა, რასაკვირველია, გავითვალისწინეთ ჩვენი გამოცდილება, საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და მენტალური პირობები და ყოველივე ამის შეხამებით შევქმენით ჩვენი პროგრამა.
– პრაქტიკულ კურზეა იგი გათვლილი თუ თეორიულ სწავლებაზე?
– ჩვენი სამაგისტრო პროგრამა უპირატესად გადახრილია პრაქტიკული გამოცდილების მიღებისკენ და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისაკენ. სწორედ აქედან გამომდინარეობს მოთხოვნა, რომ აპლიკანტს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქონდეს. მოთხოვნა არ არის, მაგრამ სასურველია რომ სწავლის პროცესშიც მუშაობდეს, რადგან პროგრამა ისეა აგებული, რომ მაგისტრანტებს ხშირად ჭირდებათ მათი სამსახურის მასალების გამოყენება. ანუ, ჩვენთან პრაქტიკულად ვერ ისწავლის ის, ვინც არ მუშაობს.
გარდა ამისა, ჩვენ ვიწვევთ წარმატებულ ბიზნესმენებს და პრაქტიკოსებს, რომლებიც არამარტო ტრადიციულ სალექციო კურსებს ატარებენ. ეწყობა ღია კარის დღის მსგავსი შეხვედრები და ბიზნესმენები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტუდენტებს. ასეთი შეხევედრები რეგულარულია და თვეში ერთხელ მაინც ტარდება.
– როგორია თქვენს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა დინამიკა წლიდან წლამდე?
– მეთერთმეტე წელია არსებობს ჩვენი სამაგისტრო პროგრამა და შეიძლება ითქვას, რომ აპლიკანტების დინამიკა მზარდია. თუმცა, რადგან ჩვენთან მოთხოვნები ძალიან მკაცრია, როგორ მიღების დროს, ასევე სხვა ქართული უმაღლესი სასწავლებლებისაგან განსხვავებით, სწავლის დროსაც, ბევრი ვერ ბედავს ჩვენთან სწავლას და მიდის ე.წ. “ლაით” სასწავლებელში.
– რამდენია სწავლის ქირა?
– ჩვენს სასწავლებელში სწავლის ქირა მძიმეა ჩვენ საზოგადოების პირობებისათვის. თუმცა კი იგი ძალიან იაფია ცოდნის იმ ხარისხთან მიმართებაში, რომელსაც სტუდენტები ჩვენს უნივერსიტეტში იღებენ და იმასთან შედარებით, რასაც ისინი ამავე განათლების მისაღებად დასავლეთში დახარჯავდნენ. ჩვენი პროგრამის ღირებულება 6600 ევროა.
– შეიძლება ბევრი ამიტომ ვერ ბედავს თქვენს სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების შემოტანას?
– შეიძლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული სტუდენტური სესხების საშუალება. არსებობს სამაგისტრო სესხები, რომელსაც ჩვენს მაგისტრანტებს აძლევს თავისუფალი უნივერსიტეტი, უფრო სწორედ კი “ცოდნის ფონდი”, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის მფლობელია. იქმნება გადახდის გაადვილებული ფორმა.
საქართველოში, ისევე როგორც დაბალგანვითარებული მსოფლიოს სხვა ნაწილში, ჩნდება ისეთი უმაღლესი სასწავლებელები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სამშობლოში სთავაზობენ დასავლეთში აპრობირებულ სასწავლო მეთოდებს. თუმცა, ჯერ რთული სათქმელია, ხოლო იმას, თუ რამდენად შეესაბამება აქ მიღებული ცოდნა დასავლურ ხარისხსა და სტანდარტებს. ეს სასწავლებლები ფეხს ახლა იკიდებენ და დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს განათლების სივრცეში არსებობენ. რამდენად ღირსეული კონკურენტები იქნებიან ისინი დასავლური ბიზნეს სკოლებისთვის და რამდენად შეძლებენ კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის, მომავალი გვიჩვენებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial