საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განვითარების ტენდენციები

ირაკლი დოღონაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი

2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. რეალური მშპ-ს ზრდამ 2005 წელს შეადგინა 10,4%, 2006 წელს – 9,6%, 2007 წელს – 11,6%, ხოლო 2008 წელს დაფიქსირდა რეალური GDP-ის 2.3%-იანი ზრდა. მშპ-ს ასეთი ტემპებით ზრდა, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ქვეყანაში დასაბეგრი ბაზის ზრდასაც. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა აღნიშნულ პერიოდში საგადასახადო შემოსავლებიც.

2005 წელს საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 33%-ით, 2006 წელს – 31%-ით, 2007 წელს – 39%-ით, ხოლო 2008 წელს 8%-ით და შეადგინა 4,752.700 მლნ ლარი. აღნიშნული მაჩვენებლების ზრდას ხელი შეუწყო, აგრეთვე, გადასახადების ლიბერალიზაციის შედეგად ჩრდილოვანი სექტორის შემცირებამ და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებამ. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა განაკვეთები. კერძოდ: სოციალური გადასახადის განაკვეთი 2005 წელს შეადგენდა 31%-ს, 2006-2007 წლებში – 20%-ს, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან კი იგი საერთოდ გაუქმდა. დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი 2005 წელს შეადგენდა 20%-ს, ხოლო 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე იგი 18%-ია. მოგების გადასახადის განაკვეთი 2005-2007 წლებში 20% იყო, 2008 წლის 1 იანვრიდან კი გახდა 15%. გარკვეული თავისებურებით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ცვლილებები, აღნიშნული განაკვეთი 2005 წელს შეადგენდა 20%-ს, 2006-2007 წლებში შემცირდა 12%-მდე2, 2008 წლის პირველი იანვრიდან ისევ გაიზარდა (სოციალური გადასახადის გაუქმების ფონზე) 25%-მდე, 2009 წლის I იანვრიდან კი კვლავ შემცირდა. 20%-მდე. ბუნებრივია, სოცილური გადასახადის გაუქმება დამსაქმებლებისათვის დიდი შეღავათია, თუმცა საშემოსავლო გადასახადის გაზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურ პირთა წმინდა შემოსავლებს, ამიტომაც მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მისი შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდებოდა საგადასახადო ტვირთი, ანუ საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მშპ-თან. 2005 წელს საგადასახადო შემოსავლების შეფარდებამ რეალურ მშპ-თან შეადგინა 23%, 2006 წელს – 26%, 2007 წელს – 30%, ხოლო 2008 წელს – 29%.
საგადასახადო სიმძიმის მაღალი მაჩვენებელი, თუ იგი გამოწვეულია გადასახადების მაღალი განაკვეთებით, ბუნებრივია, უარყოფითად ზემოქმედებს ეკონომიკაზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა გამოწვეული იყო ნომინალური მშპ-ს ზრდით (გაზრდილი დეფლატორის გამო).
ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ნომინალური მაჩვენებლები, მით უფრო მაღალია ეკონომიკაში დასაბეგრი ბაზაც, რის შედეგადაც იზრდება საგადასახადო შემოსავლების მოცულობა. ბოლო პერიოდში, კერძოდ კი 2008 წლის ივლისამდე, მკვეთრად იზდებოდა ფასები ენერგომატარებლებზე, რომლებსაც მრავალი პროდუქციის თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია. ამის შედეგად გაზრდილმა წარმოების დანახარჯებმა ასახვა თვითღირებულებაში ჰპოვა. გაზრდილი ღირებულება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების ზრდისათვის.
გაზრდილი ფასები მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების ზრდისა. შედეგად, 2005 წელს დღგ-დან მიღებული საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 57%-ით, 2006 წელს 35%-ით, 2007 წელს 48%-ით, ხოლო 2008 წელს – 5%-ით და შეადგინა 2,069.100 მლნ ლარი. ფასების მომატება დღგ-დან მიღებული შემოსავლების გარდა ზრდის სხვა გადასახადების დაბეგვის ბაზასაც. კერძოდ, გაზრდილი ფასები ამცირებს რეალურ ხელფასებს. ამის შედეგად დამსაქმებლები იძულებული არიან დასაქმებულებს გაუზარდონ ხელფასები, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მოცულობები იზრდება, შესაბამისად კი იზრდება მიღებული საგადასახადო შემოსავლებიც.
დღგ-დან მიღებული საგადასახადო შემოსავლის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორებიდან, გარდა ინფლაციური პროცესებისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ იმპორტის მოცულობის ზრდა, ვალუტის გაცვლითი კურსი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის. ბუნებრივია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღგ-დან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტის მოცულობის ზრდასა და მის გაძვირება-გაიაფებაზე. ბოლო წლებში საბანკო სისტემა მზარდი ტემპებით ვითარდებოდა, რის შედეგად იზრდებოდა საბანკო სესხების მოცულობებიც. ამან წარმოშვა სამომხმარებლო ბუმი. გაზრდილი მოხმარება კი, თავის მხრივ, ზრდიდა დღგ-დან მიღებულ საგადასახადო შემოსავლებსაც. რაც შეეხება ვალუტის გაცვლით კურსს, 2004 წლიდან მოყოლებული, ლარი მყარდებოდა აშშ დოლარის მიმართ. ეს ერთის მხრივ აიაფებდა იმპორტს და, შესაბამისად, ხელს უწყობდა მოხმარების გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ აძვირებდა ექსპორტს, რაც აფერხებდა მშპ-ს ზრდას და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მოგებას. ყოველივე ამის გამო კი იკარგებოდა მოგების გადასახადიდან მისაღები საგადასახადო შემოსავლებიც.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს მოგების გადასახადიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 30%-ით, 2006 წელს 62%-ით, 2007 წელს 63%-ით, ხოლო 2008 წელს 7%-ით და შეადგინა 592.100 მლნ ლარი.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულ შემოსავლებს, 2005 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 8%-ით, 2006 წელს 33%-ით, 2007 წელს 36%-ით, ხოლო 2008 წელს 146%-ით.
მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული პერიოდის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ცვლილებები მათი ეფექტურობის თვალსაზრისით. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 12-დან 25%-მდე გაზრდა და შემდეგ მისი 20%-მდე შემცირება არ ნიშნავს აღნიშნული განაკვეთის კლებას, რადგან იგი 12%-თან შედარებით კვლავ მაღალია. გაზრდილი განაკვეთი ამცირებს ფიზიკური პირების წმინდა შემოსავლებს. ფიზიკური პირების შემცირებული წმინდა შემოსავალი ნიშნავს მათი ცხოვრების დონის გაუარესებას და, შესაბამისად, საერთო ჯამში სოციალური პრობლემების წარმოქმნას, რაც გრძელვადიან პერიოდში დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებს უკავშირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდა და წმინდა შემოსავლების შემცირება აფერხებს დანაზოგების შექმნას ქვეყანაში. ეს უკანასკნელი კი მეტად მნიშვნელოვანია ინვესტიციების განსახორციელებლად.
ბუნებრივია, ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში ზრდის სოციალურ პრობლემებს, რაც შესაბამისად მოითხოვს ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის გაღებული ხარჯების გაზრდას. 2004 წელს აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტიდან დაიხარჯა 573.318 მლნ ლარი, 2005 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 45%-ით და შეადგინა 831.684 მლნ ლარი, 2006 წელს – 915.969 მლნ ლარი, 2007 წელს – 896.320 მლნ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული.
ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ცხადია, მნიშვნელოვანია სოციალური ხარჯების როლი, მაგრამ აღნიშნული ხარჯები უნდა შემცირდეს უმუშევრობის პრობლემის მოგვარების შედეგად.
ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა თავდაცვის სფერო. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 2004 წელს დაიხარჯა – 160.426 მლნ ლარი, 2005 წელს – 396.015 მლნ ლარი, 2006 წელს – 722.233 მლნ ლარი, ხოლო 2007 წელს – 1,502.879 მლნ ლარი.
ეკონომიკური ზრდის გრძელვადიან ფაქტორებს მიეკუთვნება ქვეყანაში არსებული განათლების დონე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial