ევროკავშირის ექსპერტებმა კიდევ ერთი კანონპროექტი დაიწუნეს

ალექსანდრა ლალიაშვილი

“ვარდების რევოლუციის”” შემდეგ, საქართველოში, ბევრ სხვა სფეროს მსგავსად, სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმაც განხორციელდა. მანამდე ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაუქვემდებარეს. დღეს საქართველოში სტატისტიკური მონაცემები ან საერთოდ არ არსებობს, ან, თუ არსებობს – მათ მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. რა არის ამის მიზეზი და რისი გაკეთება შეიძლება მდგომარეობის გამოსასწორებლად?

აზაფხულზე პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური სამინისტროდან გამოყოფასა და მისთვის ახალი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. კანონპროექტი პარლამენტს შემოდგომაზე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, ევროკავშირის ექსპერტემბა ის დაიწუნეს და მთავრობას ურჩიეს, ახალი პროექტი შეემუშავებინათ.
გაზაფხულზე, არსებული კანონპროექტი არამარტო ევროკავშირის ექსპერტებმა, არამედ საქართველოშიც ბევრმა დაიწუნა. არსებული კანონპროექტი სტატისტიკური მონაცემების წარდგენის აუცილებლობას არ ითვალისწინებდა, სპეციალისტების განცხადებით კი, ამ პუნქტის გარეშე, სტატისტიკის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კვლავ დაბალი იქნება. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი საანგარიშგებო გარემო ჩამოყალიბდება საქართველოში. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, კანონი სტატისტიკის შესახებ მხოლოდ პირველადი სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენას არ ითვალისწინებს, მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სანქციები.
მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანება კი, ძირითადად, იმაში მდგომარეობს, რომ ის სტატისტიკის მწარმოებელთა განსაზღვრისათვის მკაფიო ინსტიტუციონალურ ჩარჩოს არ იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს სტატისტიკის მწარმოებელთა პროფესიული დამოუკიდებლობა. სტატისტიკის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, დავით ნარმანია:
“სტატისტიკის დეპარტამენტის წინაშე ორი მთავარი პრობლემა დგას. პირველი, სტატისტიკის დეპარტამენტის რეალური დამოუკიდებლობის არარსებობაა. სტატისტიკის დეპარტამენტი ექვემდებარება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რაც არ არის მიზანშეწონილი, არ შეიძლება ერთი და იმავე უწყების შიგნით ხდებოდეს სტატისტიკური მონაცემების მომზადებაც და ამავე დროს, იგივე უწყება იყოს პასუხისმგებელობის ობიექტი სტატისტიკური მაჩვენებლების შესრულებაზე. სტატისტიკის დეპარტმენტს რეალური დამოუკიდებლობა სჭირდება. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე. მას არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს მთავრობასთან, გარდა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობას გარკვეული ტიპის სტატისტიკურ მონაცემებს უგზავნიდეს. სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პერიოდული ანგარიშით უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე, იმის შესახებ, თუ რა სტატისტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, რომელი მაჩვენებლები გაუარესდა, ან გაუმჯობესდა და მოხოლოდ ამის შემდგომ უნდა იქნას ქვეყანაში პარლამენტის მიერ პოლიტიკა განსაზღვრული. დღეს, როდესაც მთავრობა თვითონვე არის პასუხისმგებელი სტატისტიკური მონაცემების შესრულებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ აწვდის ინფორმაციას პარლამენტს, შესაძლებელია გარკვეული მაჩვენებლები შელამაზებული იყოს, რათა არასასურველმა სტატისტიკურმა მონაცემებმა პარლამენტის მიერ მთავრობის წინააღმდეგ შესაბამისი მექანიზმების გამოყენება არ გამოიწვიოს.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა სტატისტიკის დეპარტამენტის რესურსების სიმწირეა. მისი ხარჯები მხოლოდ მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში სრულყოფილი სტატისტიკა იქნას წარმოებული. დღეს, სტატისტიკის დეპარტამენტი, ძირითადად, სხვადასხვა უწყებიდან იღებს ინფორმაციას, ამუშავებს მას და შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის გამოქვეყნება. რაც შეეხება დამოუკიდებელი სტატისტიკის წარმოებას, ის მხოლოდ მინიმალური დოზით აკეთებს ამას. სტატისტიკის დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის გამოკითხვას და სხვადასხვა ტიპის გამოკვლევებს ფინანსური რესურსების სიმწირის გამო.
რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ისინი შედარებით უმნიშვნელოა და მათი მოგვარება და გამოსწორება უფრო ადვილია. კერძოდ ის, რომ გადასახედია ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებლის დაანგარიშების მეთოდოლოგია, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი – საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიაა, რომელიც 2007 წელს იქნა შემუშავებული. უნდა გადახალისდეს სტატისტიკის დეპარტამენტის კადრები და მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება, აუცილებელია ახალი მეთოდოლოგიის შესახამისად მათთვის ტრეინინგების ჩატარება.
გადასახედია სტატისტიკის დეპარტამენტის საბჭოს დაკომპლექტების საკითხიც. საბჭო უნდა იყოს შერეული და მასში შედიოდნენ, როგორც პარლამენტის, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტორების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლებიც უნდა შედიოდნენ. ანუ საბჭო მაქსიმალურად წარმომადგენლობითი უნდა იყოს და პოლიტიკა, რომელსაც იგი განსაზღვრავს სამოქმედოდ მკაფიო და მიუკერძოებელი უნდა იყოს.
ს.ე. – რატომ დაიწუნეს ევროკავშირის ექსპერტებმა პარლამენტში შესული კანონპროექტი?
დ.ნ. – პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ძალიან გაჭიანურდა სტატისტიკის დეპარტამენტის ახალი კანონის მიღება და საერთოდ, სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. როცა სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შეიყვანეს, ანუ უკუპროცესს როცა ჰქონდა ადგილი,ძალიან სწრაფად გადაწყდა, გამოყვანის პროეცსი კი, რატომღაც ძალიან გაიწელა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფოს არ აწყობს სტატისტიკის დეპარტამენტის რეალური დამოუკიდებლობა და ის, გარკვეულ პროცესებს დროში წელავს. სხვა შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეიძლება აღებულიყო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობის დოკუმენტი და ის სტატისტიკური მეთოდოლოგია და მიდგომები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს და ამ ყველაფერთან მომხდარიყო ჩვენი სტატისტიკის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. შემდგომ მოხდებოდა ამ კანონპროექტის შედარებით უმტკივნეულო განხილვები. ჯერჯერობით კი, ევროკავშირის ექსპერტების მიერ გამოთქმული შენიშვნები არის საფუძვლიანი და ისინი აუცილებლად უნდა გასწორდეს, თუ, ჩვენ ევროპის მიმართულებით გვინდა გავაგრძელოთ სიარული.
ს.ე. – რა ძირითადი მოთხოვნები აქვს ევროკავშირს სტატისტიკის სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით?
დ.ნ. – ევროკავშირს გააჩნია თავისი მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და მოთხოვნაც, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი დამოუკიდებელი იყოს. ევროკავშირს სტატისტიკური აღრიცხვის სხვადასხვა მოდელები აქვს, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული, პლუს სტატისტიკური ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურებსა და მისი პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებს შორის, ეს არის ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები სტატისტიკის სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით.
სტატისტიკის დეპარტამენტს ბევრი პრობლემა აქვს, მათი მოგვარება კი, ინსტიტუციონალურ და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკურ ნებასაც მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთისაკენ აღებული კურსის შეცვლა მოგვიწევს, რადგან ევროკავშირისთვის არც არსებული კანონმდებოლობაა მისაღები და არც ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობამ მოამზადა. მაშინ, როცა დამოუკიდებელი სტატისტიკის სამსახურის ამოქმედება იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომლის შესრულების შედეგადაც სურსათის უვნებლობისა და კონკურენციის კანონების მიღებასთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება დაჩქარდება.