სურსათის ფასები კვლავ გაიზრდება

მაკა ღანიაშვილი

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2006-2008 წლებში, სურსათის ფასები 95.8%-ით გაიზარდა. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში – 2007-დან 2008 წლამდე, საკვების ფასმა, მსოფლიო მასშტაბით, 52%-ით მოიმატა. გამონაკლისი არც საქართველოა. ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, რომლის მოსახლეობის დანახარჯების უდიდესი წილი საკვებ პროდუქტებზე მოდის, საქართველოშიც საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასების გამო, მომხმარებელი სავალალო მდგომარეობაშია.

ფასების ზრდა მსოფლიოში რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული: ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებში ხანგრძლივი გვალვები და ნაკლები მოსავალი, განვითარებადი ქვეყნების ზოგადი ტენდენცია – გაიზარდა შემოსავალი, ცხოვრების საშუალო დონე და აქედან გამომდინარე, მოთხოვნაც. ფასების ზრდის ფაქტორებს შორის, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სპეკულაციური ფასებიც. გლობალურ ფინანსურ კრიზისს, ინფლაცია-დეფლაციის გამუდმებულ ცვალებადობას, კარტელური თუ მონოპოლიური მიზეზებით სურსათზე მაღალ ფასებს, კიდევ ერთი სერიზული პრობლემა ემატება – გლობალური დათბობის ტენდენცია, რომელიც მსოფლიოს შიმშილით ემუქრება. “2050 წლისათვის გლობალური დათბობის გამო სურსათზე ფასები გასამმაგდება”” – ასეთია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზი.
FAO-ს პროგნოზით, 2050 წლისათვის გლობალური შიმშილის თავიდან ასაცილებლად მსოფლიომ 70%-ით მეტი საკვები უნდა აწარმოოს და ამ მიმართულებით ყოველწლიურად 83 მილიარდი აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს, რათა შესაძლებელი გახდეს მსოფლიოს სულ უფრო მზარდი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა. ექსპერტები განმარტავენ, რომ 40 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 2,3 მილიარდით გაიზრდება და 9,1 მილიარდს მიაღწევს. მალთუსის თეორია მთელი სიცხადით ამუშავდება, ცოტა სიუხვე და გაზრდილი მოთხოვნა, რისი ლოგიკური შედეგიც საკვებ პროდუქტზე სულ უფრო მზარდი ფასები იქნება.
დღეისათვის, მსოფლიო მოსახლეობის 75% სოფლად ცხოვრობს, რომელთა არსებობის უმთავრესი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტია (წყარო: World Bank). სურსათზე მაღალი ფასების პირობებში, ბევრი ადამიანი ან საერთოდ ვერ ყიდულობს სურსათს, ან აკეთებს ეკონომიას დაბალხარისხიანი და ხშირად, ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქციის ხარჯზე. მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ადამიანთა რაოდენობა 2009 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და 1.02 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ფინანსურ კრიზისამდეც კი, 1 მილიარდ ადამიანს მსოფლიოში, დღეში 1 დოლარზე ნაკლები შემოსავლით უწევდა არსებობა, 923 მილიონი ადამიანი კი, შიმშილობის ზღვარზე იმყოფებოდა. გლობალურმა რეცესიამ სურათი კიდევ უფრო დაამძიმა.
თუმცა, სურსათის ფასებზე, ეკონომიკის ბევრი სხვა სეგმენტისაგან განსხვავებით, გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ დადებითად იმოქმედა. 2009 წელს ფასები შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო შემცირებულმა მოთხოვნამ და საწვავის გაიაფებამ.
ევროზონის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასები სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით დაეცა. ევროპაში, აგვისტოში დეფლიაციამ 0,2% შეადგინა. ევროზონაში ფასების ვარდნა მეოთხე თვეა გრძელდება. ივნისში რეკორდული – 0,7%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა (წყარო: RBC). როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურსათზე ფასები მსოფლიო მასშტაბით მცირდება. მაგალითად, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ფასი 2008 წლის მარტში 481 აშშ დოლარს შეადგენდა, 2009 წლის ივლისისთვის კი, ეს მაჩვენებელი 233 აშშ დოლარამდე შემცირდა. FAO-ს მონაცემების მიხედვით, 2009 წლის ივლისისათვის ხორცისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო საექსპორტო ფასი 2007 წლის მაჩვენებელს ჩამოსცდა.
2009 წლის მესამე კვარტალში მცირედით შემცირდა საკვების საცალო ფასები აშშ-ის სუპერმარკეტებშიც. 16 დასახელების პროდუქტის საერთო ფასი, რომელიც ოჯახის პირობებში სადილის მოსამზადებლად არის საჭირო, 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 46 აშშ დოლარიდან 26-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე (წყარო: http://www.euromonitor.com).
მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო ფასების პიკის შემდეგ, მიმდინარე წელს, გლობალური რეცესიიდან გამომდინარე, შემცირებული სატრანსპორტო ხარჯებისა და მოთხოვნის გამო, ფასები მცირდება, ისინი მაინც მაღალია 2007 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განსაკუთრებით მაღალი ფასები შენარჩუნდა ზოგიერთი პირველადი მოხმარების პროდუქტზე. მაგალითად, სიმინდის ფასი 50%-ით მაღალია 2003-2006 წლის საშუალო ფასთან შედარებით, ბრინჯი კი, მთელი 100%-ითაა გაძვირებული, შაქარი 74-80%-ით მეტია 2007 წლის ივლისის ფასებთან შედარებით, სოიო კი, 36%-ით.
ეს, განსაკუთრებით აზიანებს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას, რომელთა ყოველთვიური დანახარჯის ძალიან დიდი ნაწილი სურსათზე მოდის. მაგალითად, ბრაზილიაში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში 2008 წელს მოსახლეობის სრული დანახარჯის 29.3% პროდუქტებზე მოდიოდა. აფრიკის ქვეყნებში კი, ეს მაჩევნებელი 70%-საც აღემატება. მაშინ, როცა ევროკავშირში მოსახლეობა საკვებზე შემოსავლების მხოლოდ 11.8%-ს ხარჯავს.
FAO-ს მონაცემებით, 58 განვითარებად ქვეყანაში პურ-ხორბალეულზე ფასები 2009 წლის ივლისისათვის 25%-ით მეტი იყო 2007 წლის ივლისთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით, 2008 წლის პიკის შემდეგ, ფასები დაეცა, ბევრ ქვეყანაში სურსათის ფასები კვლავ მაღალი დარჩა და მათ ბაზრებს ზოგადი ტენდეციები არ შეხებიათ.
იგივე ითქმის საქართველოზეც. ჩვენთან თვალსა და ხელს შუა ძვირდება სოფლის მუერნეობის პროდუქცია, მაგალითად, რძის ნაწარმი, მაგრამ გაძვირების “რეკორდსმენი” მაინც შაქარია. ბოლო პერიოდში, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზარზე, შაქარი თვალშისაცმად გაძვირდა. საცალო ქსელში 1 კილოგრამი შაქრის ფასი 1,6 ლარიდან 1,8 ლარამდე გაიზარდა. შაქრის იმპორტიორები ამას საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი დეფიციტით ხსნიან. ბოლო თვეებში, შაქრის ფასმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 20-წლეულის რეკორდი მოხსნა. ამჟამად, 1 ტონის ფასი 600 დოლარს აჭარბებს, რაც შეეხება საქართველოს, აქ 1 ტომარა შაქრის ღირებულება 82 ლარს გადასცდა. რაც მთავარია, ჯერჯერობით, გაიაფების პერსპექტივა არ ჩანს. პირიქით, მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ შაქრის ფასმა საქართველოში, შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს – 1 კილოგრამზე 2 ლარსაც მიაღწიოს. მოკლედ, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც პირველადი მოხმარების პროდუქცია თანდათან ძვირდება. შაქრის გარდა, საკმაოდ ძვირი ღირს რძის პროდუქტები, ექსპერტები ზეთის ფასის ზრდასაც არ გამორიცხავენ. ხოლო ნავთობპროდუქტების ფასი რომ დიდი ხანია ზენიტში იმყოფება, ამას ყველა შეეგუა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, 3-5 თეთრით გაძვირდა კვერცხიც.
თბილისის ბაზრებში ბოსტნეულიც გაძვირდა. ვაგზლის მოედანზე და ისანში მდებარე აგრარულ ბაზრობებზე დასაქმებული მცირე მეწარმეების განცხადებით, ბადრიჯანი, კარტოფილი, კომბოსტო და მწვანილი 15-20 თეთრით გაძვირდა. მათივე თქმით, ფასების ზრდა სავარაუდოდ ზამთრის მოახლოებას უკავშირდება და არ გამორიცხავენ, რომ ფასებმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს. ამ დროისთვის აგრარულ ბაზრობებზე კილოგრამი კარტოფილი 80 თეთრის ნაცვლად, ლარი ღირს, ბადრიჯანი 70 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდა, ხოლო კილოგრამი კომბოსტო 50-ის ნაცვლად 70 თეთრი ღირს. გაძვირდა ხორციც. კილოგრამი ღორის ხორცი 8 ლარის ნაცვლად – 9, ხოლო ძროხის, 7-ის ნაცვლად – 8 ლარი ღირს. ხორცით მოვაჭრეთა განცხადებით, ფასების მატება რეალიზაციის ზრდამ განაპირობა, ბოლო თვეში ხორცზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი, ხორცის კიდევ უფრო გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.
სურსათზე მაღალი ფასების შენარჩუნებას სხვადასხვა ქვეყნებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტები კონკურენციის ნაკლებობით, კარტელური შეთანხმებებით ხსნიან და ასევე იმით, რომ ფასების მატება მეწარმისთვის ადვილია, უკუპროცესი კი, რატომღაც ყოველთვის ჭიანურდება. იგივე ტენდენციებზე საუბრობს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე: “საქართველოში ფასების რეგულირება სახელმწიფოს მიერ არ ხდება და ფასებზე პასუხისმგებელია თვითონ მეწარმე. მას არანაირი შეზღუდვა ფასთან დაკავშირებით არ აქვს. თუმცა, სასურველია, რომ ფასი შეესაბამებოდეს პროდუქციის ხარისხს. ისევე, როგორც პროდუქტის ხარისხის შემთხვევაში, ქართველი მომხმარებელი პროდუქტის ფასთან დაკავშირებითაც, მთლიანად მეწარმესა და მის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. თუკი, მსოფლიო ბაზარზე ოდნავ მაინც მოხდა ფასების მომატება, საქართველოში ეს მყისიერად აისახება, მაგრამ როდესაც იქ მცირდება ფასები, საქართველოში უკუპროცესები არ შეიმჩნევა და ფასები ძირითადად უცვლელი რჩება. მაგალითად ავიღოთ საწვავი, ენერგომატარებლები, იგივე – საკვები პროდუქტები. საქართველოში მეწარმეებსა და იმპორტიორებს ფასების დაწევა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში ძალიან მძიმეა. კარგი იქნება, თუ მეწარმე გაითვალისწინებს ამას და მომხმარებელს შესთავაზებს რეალურ ფასს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მეწარმეები და იმპორტიორები ამას არ ითვალისწინებენ. ბევრი უცხოელისგან მსმენია, რომ ფასები საქართველოში ბევრად მაღალია ამა თუ იმ სახის პროდუქტზე, ვიდრე მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში. მაგალითად ავიღოთ მარილი, ასანთი, შაქარი, რომელზეც საერთოდ კატასტროფული ფასებია””.
ს.ე. – როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა საქართველოში კარტელური ფასები საკვებ პროდუქტებზე?
მ.კ. – ეს ძნელი სათქმელია. ჩვენ ვართ მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაცია და ამასთან დაკავშირებით, ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. კვალიფიციურ პასუხს, ალბათ, ეკონომისტები და ექსპერტები უფრო გაგცემენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ფასები საკვებ პროდუქტებზე საქართველოში ძალიან მაღალია და მომხმარებელს უჭირს მისი გადახდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომისტი, ნოდარ ხადური:
ნ.ხ. – ფასებს განაპირობებს ორი ფაქტორი – მოთხოვნა და მიწოდება. 2007 წელს სოფლის მეურნეობის მოსავალი, რომელიც დამოკიდებულია ამინდზე, მოსავლიანობაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე, იყო ძალიან დაბალი. ამან შესაბამისად გამოიწვია მიწოდების შემცირება. როდესაც მიწოდება მცირდება, მოთხოვნა კი იგივე რჩება, ფასები ავტომატურად იზრდება. ამით აიხსნება საკვებ პროდუქტებზე ფასების პიკი 2007-08 წლებში. 2008 წლიდან მსოფლიოში სხვა ტენდენცია დაიწყო. პირველი ის, რომ გაიზარდა მოსავლიანობა და მეორე, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დაიწყო დეფლაციური პროცესები. მაგალითად, თუ 2008 წლის ივნისის ჩათვლით, ბარელი ნავთობი 144 აშშ დოლარი ღირდა, ეს ფასი შემდეგ 34 დოლარამდე ჩამოვიდა. ამან გამოიწვია სურსათის გაიაფებაც. ანუ, ფასების შემცირება მსოფლიო მასშტაბით ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა – მოსავლის ზრდა და გლობალური რეცესიის გამო შემცირებული მოთხოვნა.
ხშირად ისმის კითხვა – რატომ ვერ ვიგრძენით საქართველოში ფასების შემცირება? მოდით ვთქვათ, რომ რაღაც საქონელზე ვიგრძენით. მაგალითად ზეთი, რომლის იმპორტი უკრაინიდან ხდება, თავიდან მკვეთრად გაიაფდა. ხორბლის ფასი შემცირდა, რასაც მართალია, დიდად არა, მაგრამ მაინც მოჰყვა ფასების შემცირება პურზე. ჩვენთან ფასები ძალიან რომ არ შემცირდა, ამის მიზეზი არის ის, რომ სურსათზე დაწოლა გაიზრდა. მართალია, ბევრი ადამიანი საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, ან საერთოდ უმუშევარი დარჩა, ან შემოსავალი შეუმცირდა. შესაბამისად, ხალხს ეკონომიის გაწევა და რაღაც-რაღაცეებზე უარის თქმა უწევს, მაგრამ საკვებზე ეს ნაკლებად ითქმის, რადგან მის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. ანუ, მოთხოვნა არსებობს და შესაბამისად, ფასებიც მაღალია. განსაკუთრებით, ისეთ სურსათზე, როგორიცაა მწვანილი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი. ანუ, პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე. ფასები გაიზარდა იმის გამოც, რომ მკვეთრად შემცირდა პროდუქტის მიწოდება. შარშან საქართველოს რამდენიმე რეგიონი ამოვარდა სასურსათო ბაზრის მომმარაგებელთა სიიდან, მაგალითად, შიდა ქართლის მოსაზღვე რაიონები, ახალგორის რაიონი, აფხაზეთის რაიონები. უდიდესი პრობლემები იყო შარშან შიდა ქართლში და სამეგრელოს რაიონებში, სადაც ომმა მოსავალი ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურა. ამ რეგიონის მოსახლეობას, ნაცვლად იმისა, რომ დავუშვათ, სიმინდი, ვაშლი, ლობიო და ა.შ. ბაზარზე გამოეტანა, თვითონ გახდნენ ამ პროდუქტის მყიდველები. ფასების ზრდა ამანაც გამოიწვია.
ს.ე. – თქვენ ამბობთ, რომ არსებობს მოთხოვნა, რაც განაპირობებს მაღალ ფასებს სურსათზე. მაგრამ ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბაზარზე არსებობს კარტელური გარიგებები და მოსახლეობას სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ შემოთავაზებული ფასი გადაიხადოს პროდუქტში, რადგან მაღალი ფასები საქართველოში, ძირითადად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა?
ნ.ხ. – საინტერესო კითხვაა და, სამწუხაროდ, მე მასზე უარყოფითი პასუხის გაცემა გამიჭირდება. კარტელურ გარიგებებზე შეიძლება ასე მკვეთრი განცხადებები ვერ გავაკეთოთ, მაგრამ ვთქვათ, რომ არის სფეროები საქართველოში, სადაც არიან სერიოზული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტები. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან არიან ადამიანები, ფირმები, რომლებიც ბაზრის ძალიან დიდ წილს აკონტროლებენ. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ ერთმანეთში გარკვეული ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. მაგალითად, 2 წლის წინ, ერთ-ერთ კომპანიაში საგადასახადო ინსპექციის შესვლამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში არც შამპუნი იშოვებოდა, არც საპონი და არც სარეცხი ფხვნილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქყვეყანაში არსებობენ ისეთი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტები, რომელთა თუნდაც, გამოთიშვა ბაზრიდან ბაზარზე დარტყმას და ფასების ზრდას იწვევს. ასეთ პირობებში კი, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ თავად უკარნახონ მომხმარებლებს ფასები.
ფასების ზრდა კვლავ მოსალოდნელია
მართალია, ზემოთ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირების ტენდენციებზე ვსაუბრობდით, მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ სურსათზე ფასების შემცირება, მხოლოდ დროებითი მოვლენაა და გლობალური რეცესიიდან თავის დაღწევას ისევ მოჰყვება სამომხმარებლო ფასების ზრდა. IMF-ის პროგნოზით, 2009 წელს გლობალური ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდება, მაგრამ 2010 წლიდან ეკონომიკა გამოცოცხლებას დაიწყებს. 2009-2018 წლებში IMF-ის ექსპერტები ელოდებიან, რომ სამომხმარებლო ფასები 2006 წლის მაჩვენებელზე მაღალი იქნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების პროგნოზით კი, უახლოეს მომავალში, სურსათის ფასებზე 2007-2008 წლის ბუმის განმეორებაც კი მოსალოდნელია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეცესიიდან თავის დაღწევას, საკვებზე უფრო მზარდი მოთხოვნა და, შესაბამისად, პროდუქტებზე კვლავ ფასების ზრდა მოჰყვება, ასევე, ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და სხვა საქონელზე. ამ შიშს ამძაფრებს მსოფლიოს 2002-2008 წლების ტენდენცია GDP-ის ზრდასთან დაკავშირებით. GDP-ის ზრდას მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და ფასების ზრდაც თან ახლავს. მსოფლიო ბანკის მსოფლიო ფასების ინდექსი 2002 წლიდან 2008 წლის დასაწყისამდე 140%-ით გაიზრდა, 2006 წლის სექტემბრის შემდეგ კი – 75%-ით. საკვების ფასებზე, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ნავთობის ბაზრის ტენდენციებიც. 2002-2008 წლებში ნავთობის ფასმა პიკს მიაღწია, ის თითქმის გაოთხმაგდა და ბარელზე 145 აშშ დოლარამდე მივიდა. 2008 წელს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარამდეც კი გაიზრდებოდა, რასაც ასევე ლოგიკურად მოჰყვებოდა საკვებზე ფასების მომატება. გლობალურმა რეცესიამ ფასების ზრდის პროცესი დაამუხრუჭა, იქამდე მაინც, სანამ GDP კვლავ ზრდას დაიწყებს.
ამ პროგნოზის ასრულების წინაპირობა, ნავთობზე ფასების ზრდა, უკვე სახეზეა. თუ 2008 წლის დეკემბერში, ბარელი ნავთობი 40 აშშ დოლარი ღირდა, 2009 წლის აგვისტოში ფასი უკვე 70 აშშ დოლარამდე გაიზარდა. “შავი ოქროს” ფასი მას შემდეგ იზრდება, რაც ოპეკმა 2010 წლისათვის ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის დადებითი პერსპექტივების ფონზე გაზარდა. ოპეკის სპეციალისტების აზრით, მიმდინარე წელს მოთხოვნა დღეში 1,41 მლნ ბარელით დაეცემა და 84,24 მლნ ბარელს შეადგენს. თუმცა, 2010 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდის 0,8 პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდება და იგი 84,9 მლნ ბარელს მიაღწვს. ნავთობის ფასზე დადებითადად მოქმედებს აზიის ბაზრების ზრდაც (წყარო: www.k2kapital.com). სურსათის ფასების ზრდა მხოლოდ ამის გამოც არის მოსალოდნელი, რადგან ის სატრანსპორტო ხარჯებსაც უკავშირდება.
სურსათზე მზარდი ფასებისა და მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ფერმერული საქმიანობის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ, სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის განკუთვნილი მიწების რაოდენობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, განვითარებულ ქვეყნებში დრამატულად მცირდება. დახმარებამ და ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობის სფეროში 1980-იანი წლებიდან იკლო. 1980 წელს დონორი ქვეყნები ამ სფეროში მთელი გაცემული დახმარების 17%-ს დებდნენ. ახლა ეს რიცხვი მხოლოდ 3,8%-ია. ბოლო პერიოდში საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას სწორედ ინვესტიციების ნაკლებობით აიხსნება.
აგრარული სფეროს განვითარებას არცთუ დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს ქვეყანაშიც. ამის შესახებ საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური: “ფასების მატება სურსათზე ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელია ბევრი ფაქტორის გამო. პირველი ის, რომ მოსახლეობის შემოსავლები იზრდება. შესაბამისად, იზრდება მსყიდველობითი უნარი. თუ არ გაიზრდება საქონლის რაოდენობა, ბუნებრივია, რომ ფასები გაიზრდება. ეს არის ძალიან მარტივი ახსნა იმ ცუდი ამბებისა, რაც წინ გველის. ასეთ შემთხვევაში, მთავარია, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს და წარმოება გაიზარდოს. საქართველოს კი, ძალიან ცუდად აქვს ამ მიმართულებით საქმე. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძალიან დიდი ნაწილი მოუხნავი და დაუთესავია, გლეხებს უბრალოდ მიტოვებული აქვთ ყველაფერი, ჩამოსულები არიან თბილისში და ელიავაზე დგანან სამსახურის მოლოდინში. რადგან სოფლის მეურნეობამ საქართველოში დაკარგა თავისი ფასი. აუცილებელია სახელმწიფო სოფლად ხალხის დაბრუნებას ეცადოს.””
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი ტენდენციაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ფასი შესაძლოა ხუთი წლის განმავლოში ორჯერ გაიზარდოს. ფასების მომატება, შესაძლოა, სახნავ-სათესი მიწების ნაკლებობამ და სურსათზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვიოს, მიიჩნევენ ბრიტანელი ექსპერტები. კომპანია Knight Frank-ის ყოველწლიური პროგნოზის თანახმად, დიდ ბრიტანეთში მიწებზე ფასების ზრდის პიკი 2007 წელს დაფიქსირდა, როცა ერთი აკრი 4970 ფუნტ სტერლინგამდე გაძვირდა. მართალია, ჯერჯერობით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ზრდა 2014 წლამდე არ არის მოსალოდნელი, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასი 2015 წელს გაიზრდება და ერთი აკრი 10 ათას დოლარს მიაღწევს (წყარო: Daily Telegraph).
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის ახალ ტალღას უნდა ველოდეთ, გამონაკლისი არც საქართველო იქნება. იქნებ, გამოსავალი მართლაც აგრარული სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობაშია? ჩვენს ქვეყანაში სახნავ-სათესი მიწების 40 პროცენტიც კი არ არის ათვისებული და ათიათასობით ოჯახი დაუსაქმებელია და შემოსავლის გარეშე დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში ცხოვრობს. თითქოს ყველაფერი მარტივია – დაუსაქმებელმა ადამიანებმა დაამუშაონ მიწა და აწარმოონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რითაც თვითონ ეს ადამიანებიც და მთლიანად ქვეყანაც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ასე არ ხდება. ქვეყანაში აგრარაული სფეროს განვითარებისათვის აუცილებელია თანამიმდევრული პოლიტიკა შემუშავდეს, რომელიც ქართულ სოფელს – გლეხს, საქართველოს ეკონომიკას კი, სოფლის მეურნეობის პროდუქციას დაუბრუნებს.