IMF კარგს არაფერს წინასწარმეტყველებს, შემდეგი წელი ისევ მძიმე იქნება

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კრიზისის გავლენის შემდეგებს აჯამებს და მოსალოდნელ პროგნოზს აკეთებს. მოხსენებაში, რომელიც სსფ-მ მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა, აღნიშნულ რეგიონში ენერგორესურსების ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გამიჯნა და სხვადასხვა მომავალი უწინასწარმეტყველა. დღეს, როგორც მოხსენებაში აღინიშნა, რეგიონის ქვეყნებში კრიზისის გავლენა აშკარად შეიმჩნევა, მაგრამ მოსალოდნელია ეკონომიკის ზომიერი აღდგენა.

ავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები გლობალური კრიზისის უშუალო გალენის ქვეშ მოექცნენ. რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება 2008 წელს დაფიქსირებული 6.6%-დან, 2009 წელს 1.5%-მდე, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, მასუდ ახმედმა.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მმართველმა ორგანოებმა, ეკონომიკური ვარდნის პროცესზე გონივრული რეაგირება მოახდინეს საგდასახადო-საბიუჯეტო ლიბერალიზაციითა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკით, ასევე, სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებით. საერთაშორისო საზოგადოებამ რეგიონს დახმარების ხელიც გაუწოდა, თუმცა, რიგ ქვეყნებს მომავალშიც დასჭირდებათ დამატებითი დონორული მხარდაჭერა.
2010 წელს, რეგიონში მოსალოდნელია ეკონომიკის ზომიერი აღმასვლა, მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, რომლებთაც შემოსავლის დაბალი მაჩვენებელი აქვთ და დამოკიდებულნი არიან ენერგორესურსების იმპორტზე, შემდეგი წელი ისევ მძიმე იქნება.
რეგიონში ენერგორესურსების ზრდის პერსპექტივები იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებში მკვეთრად განსხვავებულია;
მიგრანტების ფულადი გადარიცხვების მკვეთრი შემცირება და კაპიტალის შედინების შეჩერება ზოგიერთი ქვეყნისთვის საგრძნობ დარტყმად იქცა;
რეგიონის ეკონომიკის აღდგენის პროცესში, აუცილებელია, ექსპორტის დივერსიფიცირება და ფინანსური სექტორის გაჯანსაღება.ზომიერი ზრდა ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყნებისთვის
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებიან. რეგიონის ბევრი ქვეყანა ნავთობისა და გაზის ექსპორტიორია (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი), ხოლო დანარჩენი ქვეყნები – იმპორტიორები (სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი). სწორედ ეს ძირითადი განსხვავება წარმოადგენს პერსპექტივების მკვეთრ შეუსაბამობას.
ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნულ რეგიონში საკმაოდ ადექვატურად გაუმკლავდა გლობალური ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას და ამ ქვეყნებში, სავარაუდოა, რომ 2009 წლის ენერგორესურსების ექსპორტის გრძელვადიანი კონტრაქტების, კეთილგონივრული პოლიტიკის გატარების, მათ შორის, საერთაშორისო ბაზრებთან შეზღუდული კავშირის გამო, ზრდის სტაბილური ტემპი დაფიქსირდება. გამონაკლისს ყაზახეთი წარმოადგენს, სადაც სიტუაცია გართულდება არა მხოლოდ მიმდინარე საბანკო კრიზისის გამო, არამედ ნავთობზე ფასების კლებით და მოსალოდნელია, რომ 2009 წელს მშპ 2%-ით შემცირდება, ხოლო 2010 წელს ზრდას ისევ საბანკო სისტემაში დარჩენილი პრობლემები შეუშლის ხელს.
აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და უზბეკეთში, 2009 წელს, ეკონომიკის მოსალოდნელ ზომიერ ზრდას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სახელმწიფო სახსრების ხარჯვა, რომლის დაგროვებაც სახელმწიფოებმა ეკონომიკური ბუმის პერიოდში მოახერხეს. ენერგორესურსებზე მსოფლიო მოთხოვნის განახლების ფონზე, 2010 წელს ამ ქვეყნებში ეკონომიკის აქტიური ზრდაა მოსალოდნელი.
ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში ცხორვების დონის გაუარესების საშიშროებაა
რეგიონის ენერგორესურსების იმპორტიორი ქვეყნები ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალშისაცემ კლებასა და ცხოვრების დონის გაუარესებას განიცდიან, ამ უკანსაკნელის მიზეზებს სსფ-ს ექსპერტები მიგრანტების ფულადი გზავნილების შემცირებით ხსნიან (სქემა 1 და 2) რუსეთიდან, სადაც ასევე შეიმჩნევა ვარდნა და სამუშაო ადგილების შემცირება. ამ სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვანწილად იკავებდნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წასული მიგრანტები. ამ სახელმწიფოებმა კრიზისის დარტყმა სხვადასხვანაირად შეიგრძნეს.
სომხეთში, სადაც ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა მშენებლობის არნახული ბუმი და ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, 2009 წელს ეკონომიკური აქტივობის შემცირება ალბათ 15%-ს გადააჭარბებს. საქართველოც მნიშვნელოვნად დაზარალდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის შენელებით, რომელიც ბოლო წლებში ეკონომიკურ ზრდას კვებავდა. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, რაც რეკორდულმა მოსავალმა განაპირობა.
კრიზისის დასაძლევად, დონორებმა: რუსეთმა, ჩინეთმა და ასევე, მსოფლიო ბანკმა ენერგოსრესურსების იმპორტიორ ქვეყნებს დახმარება აღმოუჩინეს. ამ ქვეყნებს, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სსფ-ც ეხმარება დაფინანსების შეღავათიანი მექანიზმებით.
ხელისუფლების მიერ გასატარებელი
პოლიტიკური ზომები
რეგიონის ქვეყნების მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა მთელი რიგი ინსტრუმენტების საშუალებით მოახდინეს რეაგირება გლობალურ კრიზისზე. იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლებლობა არსებობს, უნდა გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საგდასასახადო-საბიუჯეტი პოლიტიკა და მთავრობებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ სოციალური დაცვის პრიორიტეტული ამოცანები – ნათქვამია სსფ-ის მოხსენებაში. ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებს დამატებითი დონორული მხარდაჭერა დასჭირდებათ, რომელიც მიწოდებული იქნება შეღავათიანი პირობებით, რათა ამ ქვეყნებს დიდი ოდენობით ვალი არ დაუგროვდეთ. ხოლო ენერგორესურსების ექსპორტიორმა ქვეყნებმა ენერგორესურსებზე მოსალოდნელი ფასების მატებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი უნდა მიმართონ სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად.