მილსადენები – რუსეთის უძვირესი თავის ტკივილი

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

2009 წელს ევროპამ 37 მილიარდი ევროთი ნაკლები გაზი მოიხმარა და ეს ზარალი, ძირითადად, რუსეთს მიადგა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გაზის მოხმარება ევროპაში მცირდება, რუსეთი მაინც გააფთრებული იბრძვის თავისი პროექტების გატანაზე როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით. მილსადენი პუტინის იდეა-ფიქსი ხდება და დიდად არ აღელვებს ჯერ დამფინანსებელი რომ არ ჰყავს, კრიზისის ახალი ტალღა რომ იწყება და ფულის ლიკვიდობის პრობლემები ექმნებათ, რუსეთს ქვეყნის შიგნით დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ის მაინც ყველა ფრონტზე გააფთრებით ლობირებს თავის გაზსადენების პროექტებს. სიტუაცია ყოველდღე უფრო და უფრო დრამატული ხდება.

“ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობაზე რუსეთმა ნებართვა მიიღო დანიის, ფინეთისა და უკვე შვედეთის მხრიდანაც, რამაც პროექტის განხორციელების საკითხში საკვანძო როლი ითამაშა. პროექტის დაფინანსების მზადყოფნა 29 ბანკმა გამოთქვა; თურქეთმა “სამხრეთის ნაკადის” გასაყვანად თავის საზღვაო ზონაში საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად ნერბართვა გასცა; “სამხრეთის ნაკადში” რუსეთის თითქმის ყველა პარტნიორთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე შეთანხმება მიღწეულია. ნოემბრის ბოლოს “სამხრეთ ნაკადს” ფრანგული სახელმწიფო კომპანია Electricite de France (EdF) მიუერთდა, რომელიც პროექტის 10%-ს მიიღებს, სავარაუდოდ, იტალიური ENI-ის წილის შემცირების ხარჯზე, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ “გაზპრომმა” და ENI-მ 5-5%-იანი წილი თანაბრად დათმონ.
რაში გაიცვალა ერთიანი ევროპის იდეა
“ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობას ხელს აღარაფერი უშლის. შვედეთმა, რომელიც უკანასკნელი იყო იმ სახელმწიფოთა რგოლში, რომლებიც პროექტს გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ, მშენებლობის ნებართვა გასცა. შვედეთმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტა “ჩრდილოეთის ნაკადის”” ბედი ისე, რომ ამ პროექტიდან მისი სარგებელი ნულის ტოლია. ფინეთი და შვედეთი კარგა ხანს იდგნენ არჩევანის წინაშე: პრიორიტეტი მიენიჭებინათ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საკმაოდ სპეციფიკური ინტერესებისა და შიდა პოლიტიკური მოსაზრებებისთვის, თუ “ჩრდილოეთ ნაკადისთვის”” – პროექტისთვის, რომელიც ევროპის კონტინენტს ენერგოუსაფრთხოებას ჰპირდება და ახალ ბიძგს მისცემს ევროპის კავშირისა და რუსეთის თანამშრომლობას. 5 ნოემბერს ეს დილემა რუსეთის სასარგებლოდ გადაიჭრა და რუსეთმა შვედეთისა და ფინეთის მხრიდან ნებართვები მიიღო. “ჩრდილოეთ ნაკადის”” შვედეთის მონაკვეთი 506 კმ-ია, ხოლო ფინურის – 374 კმ.
“ჩრდილოეთის ნაკადით”” გათვალისწინებულია ევროპისკენ წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვა, პროექტის ოპერატორია კომპანია Nord Stream, მისი აქციების 51%-ს აკონტროლებს “გაზპრომი”, 20-20%-ს – რუსეთის მთავარი მოკავშირის, გერმანიის წარმომადგენლები, კომპანიები: WinterShell და E.ON Ruhrgas, ხოლო 9%-ს ჰოლანდიური Gasunie. უახლოეს მომავალში ფრანგული GDF Suez-ის პროექტში ჩართვის გამო შესაძლებელია, გერმანელი პარტნიორების წილი შემცირდეს.
ადრე ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთთან ერთად, სოლიდარულები იყვნენ იმ საკითხში, რომ თუკი “ჩრდილოეთის ნაკადს”” ვერ შეაჩერებდნენ, მისი მშენებლობა ხმელეთზე მაინც გადაეტანათ. პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პოზიციას რუსული მხარე პოლიტიკური მოტივებით და რუსეთთან რთული ურთიერთობებით ხსნიდა. ეს ქვეყნები დღემდე ფიქრობენ, რომ “გაზპრომის” საქმიანობა ევროკავშირისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ამ პროექტით კიდევ უფრო გაიზრდება რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება. ზოგიერთი რუსი ექსპერტი ამ პოლიტიკური რიტორიკის უკან ეკონომიკურ მოტივებსაც ხედავს, კერძოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები იმიტომ ეწინააღმდეგებიან “ჩრდილოეთის ნაკადს”, რომ სახმელეთო მილსადენი Aმბერ აქტუალური გახადონ, რომელმაც შესაძლებელია მათი ტერიტორია გაიაროს, რაც ამ ქვეყნებს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბონუსების მიღების საშუალებას მისცემდა სატრანზიტო ქვეყნების სტატუსის განმტკიცებისა და მიწის არენდისა და სატრანზიტო გადასახადების სახით.
რუსი ექსპერტები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს მერკანტილიზმში სულ ტყუილად ადანაშაულებენ. ინტერესებისა და შეღავათების გაცვლა-გამოცვლა “ჩრდილოეთ ნაკადის”” მშენებლობის მომხრე ქვეყნებთანაც მოხდა.
მაგალითად, დანიამ ნებართვის გაცემით კიოტოს პროტოკოლის შესახებ გაეროს სხდომაზე, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს, თავის ინიციატივებზე მოსკოვის მხარდაჭერის გარანტია მიიღო. გარდა ამისა, დანია ცდილობს, ქვეყნის ენერგობალანსში გაზარდოს ბუნებრივი აირის წილი, რითიც ნახშირჟანგის გამონაბოლქვის შემცირებაზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოახერხებს, ეს კი “ჩრდილოეთის ნაკადის”” გარეშე რთული იქნებოდა – “გაზპრომმა”” Dong Energy-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან დანიაში გაზის მიწოდება წელიწადში მილიარდიდან 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. როგორც ჩანს, სწორედ ეს კონტრაქტი გახდა გადამწყვეტი არგუმენტი, რომლის გამოც დანია პროექტის განხორციელებას დათანხმდა.
რაც შეეხება ფინეთს, მისი პოზიცია, როგორც ეკოლოგიური პრობლემებით, ისე ეკონომიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. თავდაპირველად ფინეთი “ჩრდილოეთის ნაკადის”” დიდი მხარდამჭერი იყო, რადგან ისეთი მარშრუტი განიხილებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ქვეყნის ტერიტორიას გაივლიდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და ფინეთიც მალევე ეკოლოგიურ საფრთხეებზე ალაპარაკდა. თუმცა, რუსეთმა ადვილად მოახერხა ფინეთის ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება: გადაწყდა ფინეთის ტერიტორიაზე შემავალი დამატებითი განტოტების მშენებლობა, ფინური კომპანიები მშენებლობაში მოიზიდეს, როგორც ქვეკონტრაქტორები, მოაგვარეს რამდენიმე ეკონომიკური ხასიათის უთახმოება, ფინურმა მხარემ უფლება მიიღო, რამდენიმე წლით რუსეთიდან ხე-ტყე ნულოვანი საექსპორტო განაკვეთით შეიძინოს და შედეგმაც არ დააყოვნა -რუსეთმა ფინეთისგან “ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობაზე თანხმობა მოიპოვა, იმ ქვეყნისგან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, რომ პროექტი ევროკავშირის ერთიანობას დაარღვევდა.
უანგარო შვედეთი გველთევზას ქვირითობაზე დარდობს
გაურკვეველია შვედეთის პოზიცია, რომელსაც ამ პროექტიდან არანაირი სარგებელი არ აქვს. მას არასდროს არანაირ პრეფერენციებზე არ უსაუბრია. უფრო მეტიც, ოთხი წელია შვედეთი მიზეზებს ეძებდა, რათა ეს პროექტი დაებლოკა და საკუთარ ტერიტორიაზე მილების ჩალაგება თავიდან აეცილებინა. მაგალითად, შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში საკომპრესორე პლატფორმის მშენებლობა, რაც მილში მუდმივ წნევას უზრუნველყოფს, რუსეთს შესაძლებლობას მისცემდა, ევროკავშირში სპეცდანაყოფების დესანტირება მოეხდინა. შვედეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს დიდი ხნის მანძილზე უჭერდა მხარს და ამტკიცებდა, რომ მილების ჩალაგება ბალტიის ზღვის ეკოლოგიის დარღვევას გამოიწვევდა – ზღვის ფსკერზე პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ქიმიური იარაღი დაიმარხა. “ჩრდილოეთ ნაკადის”” დოკუმენტაციას შვედეთი 23 თვის მანძილზე ეცნობოდა და, საბოლოო ჯამში, დღეს ქვეყანა ამტკიცებს, რომ პროექტის მიმართ ყველანაირი ეჭვები გაუქარწყლდა. შვედებმა თავიანთი ნებართვით არა მარტო “ჩრდილოეთ ნაკადის” ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყვიტეს, უფრო მეტიც – წერტილი დაუსვეს ალტერნატიულ პროექტებს, როგორებც არის “იანტარია”” და “იმალ-ევროპა”. თუმცა შვედეთმა ნებართვას სამი პირობაც მოაყოლა: 1) მილების ჩალაგებისას ბალტიის ზღვის წყლის ამღვრევა არ უნდა აღემატებოდეს ლიტრ წყალზე 15 მილიგრამს; 2) პროექტის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream-მა დამოუკიდებლად უნდა მოახდინოს იმ ადგილების დაზვერვა, სადაც სამუშაოების დაწყებას აპირებს და თუ აქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილ საომარ ტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას იპოვნის, დამოუკიდებლად, თავისი ხარჯებით მოახდინოს მათი კონსერვაცია და რესტავრაცია; 3) მილსადენის მშენებლობა არ შეიძლება, მიმდინარეობდეს ვირთევზას ქვირითობისას, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. ვირთევზას ქვირითობამ შესაძლოა, ცოტა დაარღვიოს მშენებლობის შემჭიდროვებული ვადები. პროექტის ოპერატორ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მოთხოვნები სავსებით რეალურია და დადგენილ ვადებში ჩატევას ეცდებიან. თუმცა, შესაძლებელია, ეს მოთხოვნები პროექტის საბოლოო ღირებულებაზე აისახოს, რომელიც ჯერჯერობით 7,4 მილიარდი ევროთი განისაზღრება.
რუსეთს არც გერმანია ენდობა, მაგრამ…
ახლა ჯერი რუსეთსა და გერმანიაზეა. როგორც ცნობილია, გერმანია “ჩრდილოეთ ნაკადისთვის” აუცილებელი დადგენილებების პაკეტის გაცემას 2009 წლის ბოლოსთვის აპირებს. თეორიულად ეს პროცესი შესაძლოა ცოტა გაიწელოს. 2009 წლის შუა პერიოდში გერმანული სპეცსამსახურები შიშობდნენ, რომ მილების ჩალაგებისას რუსეთს სპეციალური მოწყობილობების დამონტაჟების შესაძლებლობა მიეცემა, რომლის საშუალებითაც შიდაევროპულ საიდუმლო გზავნილებს მოუსმენს. მოკლედ, რუსეთს დიდად არც თავისი სტრატეგიული პარტნიორი ენდობა, მაგრამ მილსადენით გერმანია სისხლხორცეულად არის დაინტერესებული – ნაკადი რუსული ვიბორგიდან გერმანულ გრაიფსვალდამდე უნდა გადაიჭიმოს.
მოსკოვი თავის ტერიტორიულ წყლებში მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში აპირებს. იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის ბუნების დაცვის სამინისტრომ ეს ნებართვა არ გასცეს – ნულზე ნაკლებია. ამ ნაკადით ევროპას უკრაინის გვერდის ავლით 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის წელიწადში!
რუსეთში მიაჩნიათ, რომ მართალია, პროექტი ძვირია, მაგრამ დაფინანსების კუთხით “ჩრდილოეთის ნაკადს” პრობლემა არ გაუჩნდება. ამ ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ნაკადის დაფინანსებაზე 29 ბანკმა განაცხადა თანხმობა. ეს განცხადება Nორდ შტრეამ-ის მმართველმა დირექტომა მათიას ვარნიგმა ამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს საკრედიტო ორგანიზაციებიდან 3,9 მილიარდ ევროს ელოდებიან, ხოლო 2010 წელს – დამატებით 2,6 მილიარდ ევროს. ვარნიგმა მშენებლობის სავარაუდო თარიღად 2010 წლის 1 აპრილი დაასახელა.
მილსადენი ამოუცნობი საბოლოო წერტილებით
სამხრეთის ფრონტზე მიღწეულმა წარმატებებმა პუტინს თამამი და ამბიციური განცხადება გააკეთებინა, რომ შესაძლებელია “სამხრეთ ნაკადი”” “ჩრდილოეთ ნაკადზე”” სწრაფად აშენდეს. თანაც, სამხრეთის მიმართულებით მილსადენების პროექტების წარმატებით განცხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება რუსეთის ტერიტორიის გავლით დასავლეთისკენ მიიმართოს არა მხოლოდ ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ ექსპორტირებული გაზის დიდი ნაწილი, არამედ აზერბაიჯანისაც.
თუმცა, ექსპერტები “სამხრეთის ნაკადს” დაუნდობლად აკრიტიკებენ და თურქეთთან თანამშრომლობის საკითხშიც ჯერ კიდევ სიურპრიზებს ელოდებიან. ამბობენ, რომ საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარებაზე წინასწარი თანხმობა გარანტირებულ თანამშრომლობად გააპიარეს, საბოლოო თახმობას 1 წელი მაინც სჭირდება. თავიდან “სამხრეთის ნაკადი” წელიწადში 30 კუბური მეტრის სიმძლავრის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ციფრი ბოლო დროს გაორმაგდა, პროექტს მარშრუტიც სხვანაირი ჰქონდა – მას თურქეთისთვის უნდა აევლო გვერდი და უკრაინის ტერიტორიული წყლებით უნდა გასულიყო აღმოსავლეთ ევროპის სიღრმეში, მაგრამ უკრაინასთან შარშანდელი ჩხუბის შემდეგ რუსეთი დღეს მისი ტერიტორიების გვერდის ავლას ცდილობს. “სამხრეთის ნაკადს” ბულგარეთის სახითაც პრობლემა აქვს, რადგან ივლისში მოსული ახალი ხელისუფლება დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობა სურს. “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში1 მოძრაობა “სოლიდარობის” ბიუროს წევრი, ექსპერტი ვლადიმერ მილოვი აცხადებს, რომ თითქმის არ არსებობს სატრანზიტო ქვეყანა “სამხრეთის ნაკადში”, რომელთანაც რუსეთს გარკვეული სახის პრობლემები არ ჰქონდეს. მისივე განცხადებით, “სამხრეთის ნაკადი” რუსეთისთვის ზედმეტი თავის ტკივილია, ეს არის უძვირესი პროექტი, რომლის რენტაბელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – პირველ რიგში, იმიტომ, რომ ევროპაში გაზის მოხმარების შემცირების ტენდენცია დაიწყო. არავინ იცის, ეს გარემოება მიმდინარე ეკონომიკური კრიზისით არის განპირობებული, თუ უფრო გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ სულ მეტად ვითარდება გაზის მოპოვების არატრადიციული მეთოდები, რომლებიც დღემდე ძვირი და რთული იყო. ამ კუთხით ევროპაში კონკურენციის ზრდას ელოდებიან და ამიტომ, გამორიცხული არ არის, ხვალ და ზეგ ამ მშენებარე მილსადენებზე მოთხოვნა ძალიან შესუსტდეს. თანაც, “გაზპრომი”” დიდ ვალებშია, მას ახალი საბადოების გახსნა და დამუშავება სჭირდება, ეს ყოველივე კი, შესაძლებელია, რუსეთს დროთა განმავლობაში დიდ ტვირთად დააწვეს.
“სამხრეთის ნაკადის”” გეგმის მიხედვით, გაზსადენმა უნდა გაიაროს შავი ზღვის ფსკერი ნოვოროსიისკიდან ბულგარეთის პორტ ვარნამდე, ხოლო შემდეგ ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან ორი განშტოებით იტალიასა და ავსტრიაში გაგრძელდეს. ამ ამბიციური იდეის მხოლოდ აღმოსავლეთ ქვეყნების მოხმარების მოცულობის იმედად დატოვება მის ფუნქციონირებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს, ავსტრიის პროექტთან მიერთება ჯერ შეთანხმების სტადიაშია. რუსეთში აცნობიერებენ, რომ ეს ქვეყანა ძალიან მდიდარია და მის ენერგობალანსში გაზს დიდი ადგილი უჭირავს, ამიტომ მის გარეშე “სამხრეთის ნაკადი” მართლა არასიცოცხლისუნარიანი იქნება. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ავსტრია ორმაგი თამაშით არის გართული, რადგან მან ივლისში “ნაბუქოს” მშენებლობას მოაწერა ხელი. ნოემბრის დასაწყისში ავსტრიის კანცლერი მოსკოვს სტუმრობდა და სავარაუდოდ შეხვედრაზე “სამხრეთის ნაკადის” საკითხის განხილვა მეტად აქტუალური იქნებოდა. დღევანდელი გეგმის მიხედვით, “სამხრეთის ნაკადი””, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო ღირებულება – 25 მილიარდი ევრო, 2013 წელს უნდა დაიწყოს და საბოლოოდ 2015 წელს დასრულდეს.
აზერბაიჯანს მოსკოვის ორბიტისკენ მიუწევს გული
ზოგიერთი რუსი ექსპერტის სკეპტიციზმის მიუხედავად, სამხრეთის ფრონტზე მილსადენების მშენებლობის საკითხში რუსეთის სასარგებლოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება შეიქმნა – სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის ფონზე, რომლის კონტურები დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მკვეთრდება, შესამჩნევად გაუარესდა აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობები. 16 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქეთი პირდაპირ დაადანაშაულა, რომ იგი აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტირებას უშლის ხელს. მისი სიტყვებით, გაზის გადაქაჩვაზე თურქეთის მიერ შეთავაზებული სატარიფო განაკვეთები 70%-ით აღემატება რეგიონში არსებულ ანალოგიურ ტარიფებს, მაშინ, როცა აზერბაიჯანი თურქეთს ათასს კუბურ მეტრ გაზს 120 დოლარად აწვდის, ანუ მსოფლიო ფასებზე ბევრად ნაკლებად.
დღესდღეობით აზერბაიჯანი თურქეთს წელიწადში 6 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზსს აწვდის ბაქო-თბილისი-ერზერუმით. სატარიფო განაკვეთებში წინააღმდეგობას ფარავენ უფრო დიდი პროექტის რეალიზებით, ეს არის “ნაბუქოს” მილსადენის მშენებლობა კასპიის ზღვიდან ევროპაში თურქეთის ტერიტორიის გავლით, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 31 მილიარდი კუბური მეტრი უნდა იყოს. გეგმის მიხედვით, თავიდან მილსადენის შევსება სანახევროდ უნდა მოხდეს, 8 მილიარდი კუბური მეტრით ერაყის ჩრდილოეთით მდებარე გაზისა და ნავთობის საბადოებიდან, ხოლო მეორე 8 მილიარდით – აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციის კომენტირებისას, რადიომ “თავისუფალი ევროპა” აღნიშნა, რომ ალიევის ქმედებებმა აზერბაიჯანის მოსკოვის ორბიტაზე გადასვლის საშიშროება გაამძაფრა, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ ეს შესაძლოა ბლეფი იყოს, რითაც აზერბაიჯანი ცდილობს, თურქეთის პარლამენტზე ზეგავლენა იქონიოს. თურქეთის საპირწონედ აზერბაიჯანი რუსული კარტის გათამაშებას ცდილობს, “სამხრეთ ნაკადთან” დაკავშირებულ რუსეთ-თურქეთს შორის მოლაპარაკებისას “გაზპრომმა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობე კომპანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2010 წლის 1 იანვრიდან რუსეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად არც ისე დიდი მოცულობით – მხოლოდ 0,5 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში, ხოლო სამომავლოდ ეს მოცულობა 3 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.
რუსეთის მიმართულებით გაზის ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ექსპერტებიც ალაპარაკდნენ. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დათბობასთან ერთად აზერბაიჯანში გაიხსენეს, რომ დღეს ჯერ გამოუყენებელი სამხრეთის მიმართულების გამტარუნარიანობა 7,7 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანზიტის ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიის გავლით და “სამხრეთ ნაკადის” წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, აზერბაიჯანი ითანამშრომლებდა რუსეთთან.
მეტი რისკით, სამაგიეროდ უკრაინის გვერდის ავლით
“სამხრეთი ნაკადი””, რომელსაც პარიტეტულ საწყისებზე აკონტროლებს “გაზპრომი”” და იტალიური ENI, ვალდებულია 2015 წლიდან შავი ზღვის გავლით რუსეთიდან ევროპას გაზი მიაწოდოს. “სამხრეთ ნაკადის” გამტარუნარიანობა, გეგმის მიხედვით, წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი უნდა იყოს, ხოლო მისი ღირებულება განისაზღვრება 10-25 მილიარდი ევროთი. ეს პროექტი “გაზპრომს” შესაძლებლობას მისცემს თავისი გაზი ევროპაში და პირველ რიგში, იტალიაში გადაქაჩოს, ისეთი “არასტაბილური” ქვეყნის გვერდის ავლით, როგორიცაა უკრაინა.
იუშენკომ ამ პროექტს პოლიტიკური უწოდა და განაცხადა, რომ ტრანსპორტირების უკრაინული გზა ყველაზე ეფექტიანი, საიმედო და ეკონომიურია, პრეზიდენტის გამონათქვამში ნამდვილად არის რაციონალური მარცვალი და ამას არც მოსკოვში მალავენ.
თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ის ეფექტიანობა და საიმედოობა, რომელზედაც იუშენკო საუბრობდა, საკამათო ცნებებია, რადგან ეს პარამეტრები მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფო მმართველობასა და ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთშიც. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი შიდაპოლიტიკური კრიზისი უკრაინაში რუსეთის მხრიდან შესაძლებელია მორიგი “გაზის ომის”” მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში კი, უკრაინული გაზის უპირატესობები აზრს კარგავს, ამიტომ ეს პარამეტრები რთული შესაფასებელია, თუმცა, რაც შეეხება ეკონომიურობას, ეს უფრო გამჭვირვალე კატეგორიაა, რაშიც იუშენკო უდავოდ მართალია.
შარშანდელი ზამთრის მწარე გამოცდილება ევროპელებს კარგად ახსოვთ, უკრაინასთან ბრძოლაში რუსმა გაზის სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმა დიდი ნერვები დახარჯეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი გაზსადენების მშენებლობას არსებულის მოდერნიზება და განახლება სჯობდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციებში ეკონომიკურ მომგებიანობას ხშირად პოლიტიკური მოსაზრებები უსწრებს წინ. ამიტომაც, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთის მიმართულებითაც იქონიოს მსხვილი მილსადენი. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა რუსეთსა და უკრაინას ორმხრივად მომგებიან პირობებზე მოელაპარაკათ და შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ ექსპერტები რუსეთის სახელმწიფოს უმოქმედო საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ, ქვეყანა მიეჩვია მილსადენების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, არადა, შეეძლო გამოეყენებინა, როგორც თანამშრომლობისა და პარტნიორობის ბაზა. კიევს რუსეთი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების საშიშროებად აღიქვამს, ის არ, ან ვერ ახერხებს უკრაინასთან ურთიერთობის დარეგულირებას და მანიაკალური სიჯიუტით აგრძელებს მილსადენების მშენებლობას.
“ნაბუქოს”” + “სამხრეთ ნაკადი” = 95 მლრდ მ3 გაზი
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი პროექტის სიმძლავრის დაჯამებული მაჩვენებელი მართლა ძალიან დიდ ციფრს აღწევს, მათ შორის ცოტა უცნაური კონკურენციაა, რადგან ბრძოლა არა გასაღების ბაზრისთვის, არამედ გაზის მიმწოდებლების გამო მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კასპიის, შავი ზღვისა და ბალკანეთის რეგიონის გაზის სექტორის განვითარების საქმეში.
მიმომხლილველების აზრით, ამ ორი პროექტის კონკურენტუნარიანობის შეფასებისას ორი პრობლემა ხვდება თვალს – საბოლოო მარშრუტებისა და რესურსული ბაზის ბუნდოვანება. “სამხრეთ ნაკადის” რეპუტაციას კარგად არ ახასიათებს ის ფაქტი, რომ მისი ღირებულების შეფასებას უდიდესი დიაპაზონი აქვს, რომელიც 10-დან 25 მილიარდ ევრომდე განისაზღვრება, არ არსებობს გასაღების ბაზრის სრული სია და ამ ბაზრების მიხედვით მიწოდების მოცულობების გადანაწილების სქემა. ორივე პროექტი ზედმეტად პოლიტიზირებულია და ორივე მათგანი თურქეთზე დიდი დოზით არის დამოკიდებული.
ექსპერტების აზრით, “სამხრეთი ნაკადისთვის” მთავარი საკითხია ცენტრალური აზიის ქვეყნების გაზის სამომავლო მიწოდების წილი და ამ პროექტში მათი მონაწილეობის პირობების განსაზღვრა. “ნაბუქოს” წინაშე კი რესურსული ბაზის უკმარისობის პრობლემა დგას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ “ნაბუქოსათვის” ძირითადი გრძელვადიანი მიმწოდებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ირანი, აქაც მნიშვნელოვანი პრობლემები იჩენს თავს – ირანის ირგვლივ საერთაშორისო წინააღმდეგობის გადაწყვეტის გარეშე პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში არასიცოცხლისუნარიანია.
როგორც “გაზპრომი” და იტალიური ENI, ისე “ნაბუქოს” კონსორციუმი თავიანთ ეკონომიკურ დასაბუთებებში გაზზე საერთოევროპული მოთხოვნის ზრდის პერსპექტივიდან გამოდიან, მაგრამ მიიჩნევა, რომ ეს გათვლები სუსტად ითვალისწინებს, როგორც მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს, ისე ევროკავშირის განზრახვის სერიოზულობას საკუთარი ენერგობალანსის დივერსიფიკაციისა და ენერგიის გამოყენების ეფექტიანობის საკითხებში.
ყოველივე ამის პარალელურად ორივე პროექტის გასაღების პოტენციური ბაზარი ხელოვნურად ფართოვდება მთელი ევროპის მასშტაბით. ექსპერტული გათვლებით, ორივე პროექტის ფარგლებში გაზის მიწოდება იტალიისა და ავსტრიის იქით უკვე არარენტაბელური იქნება. “ნაბუქოსა” და “სამხრეთ ნაკადის”” მიწოდების რეგიონში მხოლოდ ორი უმსხვილესი ბაზარია – იტალია და თურქეთი, მათ გამო კი სერიოზული ბრძოლის წარმოება იქნება საჭირო სხვა მიმწოდებლებთან, რომლებიც თხევადი გაზით ვაჭრობენ.
ორივე გაზსადენის ერთობლივი მოცულობა 93-95 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა იყოს წელიწადში (წინასწარი შეფასებებით), ექსპერტების განმარტებით, ეს მოცულობა ბაზრის რეალურ მოთხოვნებს არ შეესაბამება, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, გაზსადენებს შორის მძაფრი კონკურენცია მაინც არ იქნება, რადგან “გაზპრომი” “სამხრეთ ნაკადით”” ახალი გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართვას არ გეგმავს, გაზის სექტორის განვითარების გენერალური სქემის პროექტის თანახმად, 2020-სა და 2030 წელს რუსული გაზის ევროპაში მიწოდების მთლიანი ზრდა წელიწადში 74 მილიარდ კუბურ მეტრს არ გადააჭარბებს. თუკი ამ მოცულობას იმ 55 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს გამოვაკლებთ, რომელმაც “ჩრდილოეთ ნაკადით” უნდა გაიაროს, გამოდის, რომ სამხრეთისთვის რჩება მხოლოდ 19 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. თუმცა, თუკი “სამხრეთ ნაკადი” ხორცს შეისხამს, შეუძლებელია რუსეთმა იგი ამ მოცულობის გაზის ამარა დატოვოს.
როგორც ჩანს, ამ ორი გაზსადენის კონკურენციას არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ხასიათი აქვს, ამიტომაც ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხები ამ პროექტების წინაშე არ ისმევა, თუმცა ადრე თუ გვიან ეს თემა დღის წესრიგში ძალიან მწვავედ დადგება და სწორედ მაშინ გვანახებს დრო, თუ რა ხდება, როცა გეოპოლიტიკა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა ერთმანეთს დიდი დოზით სცდება.