სტრატეგიული, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი

მაკა ღანიაშვილი

ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის, საქართველოში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება 4-წლიანი პროექტი “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)”. მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობენ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას პროექტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოფლის მეურნეობაში 2 მთავარი მიმართულება იკვეთება, რომელთა გადაჭრასაც ისინი პროექტის ფარგლებში ისახავენ მიზნად. სტრატეგიული საექსპორტო დარგების გნვითარების ხელშე-წყობა, საუბარია, ძირითადად, თხილისა და ღვინის ბაზარზე და მეორე, ხილ-ბოსტნეულის იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით.

როგორც EPI-ის პროექტის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებკონკურენტუნარიანი დარგია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგს ქვეყნისათვის სტრა-ტეგიული მნიშვნელობა აქვს.
ღვინო
EPI-ის პროექტის აგრობიზნესის კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ზურაბ ჩეკუ-რაშვილი: “დღეს ჩვენ იმ პოტენციალის ნახევარსაც კი ვერ ვიყენებთ, რაც ღვინისა და თხილის სექტორში გაგვაჩნია. საქართველოდან ექსპორტზე ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიონი ბოთლი ღვინო გადის, რაც ნახევარიც არ არის, იმისა, რისი წარმოება და საზღვარგარეთ გატანაც შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ამ მაჩვენებლის გაორმაგების შესაძლებლობა”.
ღვინის ექსპორტი მთლიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის 25%-ს შეადგენს. როგორც EPI-ის პროექტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, “მართალია რუსულმა ემბარგომ ქართულ ღვინოს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა (ქართული ღვინის 90% რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადიოდა), მაგრამ ამის შემდეგ საქართველომ კონცენტრაცია მოხადინა სხვა ბაზრებზე, სადაც ღვინის ექსპორტი თითქმის 75%-ით არის გაზრდილი”. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტების შეფასებით, საქართველო ამ სეგმენტში საექსპორტო პოტენციალის ნახევარსაც ვერ იყენებს. ღვინის ინდუსტრიიდან შემოსავალი გაცილებით შეიძლება გაიზარდოს ღვინის ტურიზმის განვითარების შემთხვევაშიც. მით უმეტეს, რომ საამისოდ საქართველოს ძალიან კარგი პირობები აქვს, გეოგრაფიული მდებარეობისა და ტრადიციების გათვალისწინებით. დენის ზიდაიკი, EPI-ს სასოფლო სამეურნეო დარგების კომპონენტის ხელმძღვანელი: “სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ღვინის თითოეულ ბოთლზე იმდენი შემოსავალი შეიძლება მივიღოთ, რომ სრულიად დაიფაროს ყველანაირი ხარჯი. მოგებას საგრძნობლად ზრდის ღვინის ტურიზმი. აშშ-ში ღვინის ძალიან დიდი რაოდენობა ინტერნეტით იყიდება, ვფიქრობ, ეს პრაქტიკა საქართველოშიც უნდა დაინერგოს”. ექსპერტთა შეფასებით, ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი უნდა გახდეს აშშ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ბაზარია, და მეორეც, იქ ძალინ ბევრი ადამიანია ჩასული პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომლებიც კარგად იცნობენ ქართულ ღვინოს”.
თხილი
საქართველო არის მსოფლიოში თხილის მწარმოებელთა პირველ ექვსეულში და შედის 5 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის 24%-ს შეადგენს თხილი. თუმცა, ისევე როგორც ღვინის შემთხვევაში, ამ პოტენციალის გაზრდა თხილის შემთხვევაშიც შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში თხილის წარმოება და ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება (2005-2008 წლებში მსოფლიოში თხლის ექსპორტი საშუალოდ 10.1%-ით გაიზრდა) და საჭიროა ამ ტენდენციებს საქართველომაც აუწყოს ფეხი. ზურაბ ჩეკურაშვილი, აგრობიზნესის კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე: “მართალია, დღეს ქართული ექსპორტის 24% თხილზე მოდის, მაგრამ ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია. ამ დარგში ის პრობლემაა, რომ თხილის მოსავლიანობა ძალიან დაბალია. ჩვენ იმავე ტერიტორიებზე, რაც დღეისათვის გვაქვს ათვისებული, უბრალოდ, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, იმდენი თხილი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ თხილის ექსპორტი 40-50%-ით გავზარდოთ. მოსავლინობის ზრდის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია, თხილის ღირებულების გაზრდაც ექსპორტზე დამუშავებული სახით გატანის გზით. ამას ორი დიდი პლუსი აქვს, ჯერ ერთი, იზრდება თხილის თვითღირებულება და მეორეც, თხილი ადგილობრივ დამუშავებას სჭირდება ხალხი, ანუ იქმნება დამტებითი სამუშაო ადგილები”.
ხილ-ბოსტნეული
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პრობლემაზე, რომლის გადაჭრაც ძალიან მნიშვნელოვანია – საქართველოში, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან, ყოველწლიურად 35 მილიონი ლარის ხილი და ბოსტნეული (სტაფილო, პომიდორი, კარტოფილი, ნიორი, ჭარხალი, ხახვი და სხვა) შემოდის. სტაფილოს 95% (5000 ტონა) იმპორტირებულია, ძირითადად, სომხეთიდან, 7000 ტონა ჭარხალი შემოდის თურქეთიდან. მაშინ, როცა საქართველოში ნამდვილად არსებობს სათანდო კლიმატური პირობები, იწარმოებოდეს იმ რაოდენობის პროდუქცია, რაც არა მარტო ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ექსპორტზე ფიქრის საშუალებსაც მოგვცემს.
ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველოში წარმოებული ხილ-ბოსტნეული ძვირია, თუნდაც თურქეთიდან შემოტანილ პროდუქტთან შედარებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობაში არ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, არ ხდება მასობრივი წარმოება, რაც მოსავლის თვითღირებულებას ზრდის. თუ ვთქვათ, 1 ჰექტარზე მოდის საქართველოში 100 ტონა კარტოფილი, ხოლო თურქეთში იმავე ტერიტორიაზე მოდის 300 ტონა, რა თქმა უნდა, 300 ტონა კარტოფილის თვითღირებულება უფრო ნაკლები იქნება.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხილი ფორთოხალი, ვაშლი, ყურძენი და ბანანია, რომელთაგან სამი საქართველში მოდის. ხილის წარმოებას საქართველოში, კლიმატური პირობების გათვა-ლისწინებით, დიდი ტრადიცია აქვს. სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შეიძლება ეს სფერო საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდეს ქართული ეკონომიკისათვის. მსოფლიოში, მაგალითად, ვაშლის წარმოება და მოხმარება 1980-იანი წლების შემდეგ გაორმაგდა. განსაკუთრებით გაზრდილია ატმის მოხმარება. გლობალური კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, საქართველო პროცესებს არ ჩამორჩეს. მით უმეტეს, ამ მხრივ, საქართველოსთვის დიდი პოტენციალი შეიძლება არსებობდეს რუსეთის ბაზრის სახით, სადაც ქართული ხილის ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს. რუსეთი დღეისთვის ატმის და სხვა ხილის ნომერ პირველი იმპორტიორია მსოფლიოში. ამის გათვალისწი-ნებით, ალბათ, გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ მიიჩნევენ ექსპერტები მეხილეობას საქართველო-სთვის სტრატეგიულ დარგად. მაგრამ, ისევე როგორც ყველგან, პრობლემები ჯერჯერობით აქაც ბევრია.
1950 წელს საქართველოში 3000 ჰექტარი ხილის ხე დაირგო, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვაშლი, მსხალი და ქლიავი, 80-იან წლებში კი – ალუბალი და ატამი. მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, მოსავლიანობის გასაზრდელად საჭიროა ყველა ამ ხის გადაჭრა და მათ ადგილზე ახალი სანერგე მეურნეობების დანერგვა. თანამედროვე ტექნოლოგიების არ არსებობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, წვრილ-წვრილი ქართველი ფერმერებითვის მეხილეობა მსხვილ ბიზნესად ჯერ ვერ იქცა, რომელიც კორპორატიულ კლიენტებზე იქნება გათვლილი. საქართველოში ხილი ჯერჯერობით ისევ საკუთარი მოხმარებისთვის ან ადგილობრივი, მცირე ზომის ბაზრებზე გასაყიდად მოყავთ.
გარდა ამისა, აგრარული სექტორი განიცდის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას. ხდება მათი ქვეყნიდან გადინება, განსაკუთრებით რუსული ემბარგოს შემდეგ, რომელმაც არა მარტო ღვინის ინდუსტრია, არამედ მეხილეობა და მებოსტნეობაც დააზარალა. საქართველოს დღეისათვის აქვს დაახლოებით 63 400 ჰექტარი ხეხილის ხე, ეს კი თითქმის 50%-ით ნაკლებია იმ მაქსიმუმისა, რაც საქართველოში 90%-იან წლებში ასებობდა, მაშინ ეს მაჩვენებელი 126 000 ჰექტარს შეადგენდა. “ძალიან დიდ პრობლემებია ტექნოლოგიებისა და სანერგე მეურნეობების თვლასაზრისით. საქართველო, ამ მხრივ, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, ძალიან დიდი პრობლემებია აჭარაში, ციტრუსებთან დაკავშირებით. თუ 5-7 წელიწადში ჩვენ ნერგებს არ შევცვლით, დიდი სფრთხეა, რომ ციტრუსი საერთოდ აღარ გვექნება. ეს ეხება ბევრ სხვა ხილს თუ ბოსტნეულს. ამიტომ პროქტის ფარგლებში ვაპირებთ სანერგე მეურნეობის განვითარებას, რაც გულისხმობს თანამედროვე ნერგების, ხილის სხვადასხვა ჯიშების ჩამოტანა-გავრცელებას” – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძირითადი გასაღების ბაზრები დაკარგა ქართულმა ბოსტნეულმაც. საექსპორტო ბაზრების დკარგვამ, წარმოების თვითღირებულების ზრდამ და საირიგაციო სისტემების მოშლამ დარგი ფაქტობრივად კრახის პირას მიიყვანა. დღეს წარმოების აღორძინებისათვის აუცილებელია ახალი სათესლე მასალებისა და სასუქების გამოყენება, ტექნოლოგიების დანერგვა. აუცილებელია სასათბურე მეურნეობების განვითარება. რათა არა მარტო ბუნებრივად ნყოფიერ, არამედ წლის სხვა დროსაც ხდებოდეს ბოსტნეულის მოყვანა.
მაგრამ წარმოების გაზრდა პრობლემის მხოლოდ სანახევროდ გადაჭრაა. იმისთვის, რომ ჩვენი პროდუცია საექსპორტოდ ვარგისი გახდეს, აუცილებელია ხარისხის პრობლემების მოგვარება. მეტროლოგია-სტანდარტიზაცია და სერტიფიცირება კვლავ გადაულახავ ზღუდედ რჩება ქართული პროდუქციისთვის არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში. “ჩვენი პროექტი ამ სფეროსაც მოიცავს. ვგეგმავთ რამდენიმე მასერტიფიცირებელი ორგანოს შექმნას პროექტის ფარგლებში, მით უმეტეს, რომ წელს ძალში შედის კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ” – აღნიშნავს ზურაბ ჩეკურაშვილი.
EPI-ის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ფერმერებისათვის კრედიტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. როგორც პროექტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ მიმართულებაზე ყველა დეტალი გარკვეული ჯერ არ არის და მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ერთი რამ უკვე ცნობილია, კრედიტები მხოლოდ ტექნოლოგიების შეძენისათვის იქნება განკუთვნილი და აუცილებლად თანადაფინანსების პირობით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში კვლავ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა რჩება. არ არის დასრულებული სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, არ არის უზრუნველყოფილი სოფლების მექანიზაცია და სხვა. დარგის განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ბევრი ნაბიჯი იდგმება, მაგალითად, სურსათის იმპორტის დიდი ნაწილი მაქსიმალური საბაჟო განაკვეთით იბეგრება, გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის მაღალ ფასს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს, ასევე, სახელმწიფო ყოველ წელს ამარაგებს გლეხებს სათესლე მასალით, გლეხების საკუთრებაში არსებული თითქმის მთელი სახნავ-სათესი მიწა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, მიუხედვად ამისა, ფაქტია, რომ სახელმწიფო დახმარება სათანადოდ ვერ მუშაობს – საქართველოს სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება ეკონომიკის არაეფექტიან, ჩამორჩენილ დარგად, რომელშიც და-საქმებული მოსახლეობის 50%-ზე მეტი მშპ-ის მხოლოდ 10%-ს აწარმოებს. სოფლის მეურნეობა ვერ იქცა სრულფასოვან ბიზნესად – მიწების თითქმის 85% წვრილი ფერმერების ხელშია, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვასაც არ აწარმოებენ, რაც, თავის მხრივ, ართულებს სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო სექტორის ჩართვას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial