“შავი ზღვის ქვეყნების” ქსელური აკადემიების განვითარების ეკონომიკური ასპექტები

გიული ქეშელაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ასისტენტ-პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსების დასავლეთისაკენ გზის გახსნამ, ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებამ შავი ზღვის რეგიონს სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია მიანიჭა და იგი ევროპულ ზღვად გადააქცია. მისი საშუალებით საქართველო ახდენს საკუთარი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია – BSEC (Black Sea economic Cooperation)-სა და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა).

ჯერ კიდევ 1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის 11 ქვეყნის: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა (2004 წლიდან შეუერთდა სერბეთი) სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა ბოსფორის განცხადების მიღებითა და სტამბოლის პროტოკოლის დეკლარაციის ხელმოწერით შექმნეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), რომელსაც საფუძვლად დაედო საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები. მის მთავარ მიზნებს წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, წევრი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობა და შავი ზღვის სივრცეში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ინსტრუმენტებისა და ინოვაციური პროდუქტების გამოყენების ხელშეწყობა, ახალი პრაქტიკისა და მუშაობის მეთოდების განხორციელება საქმიანობის სფეროს გაფართოების, მსოფლიო ბაზარზე შეღწევის, ცოდნა-გამოცდილების გაზიარების, პროცესების დაჩქარებისა და დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით.
დღეისათვის ელექტრონული ვაჭრობის პირობებში მუშაკებს, მენეჯერებს, ინსტრუქტორებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ აითვისონ მუშაობის ახალი მეთოდები, რომლებზეც დამყარებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. კავკასიის რეგიონის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასაქმების, ეკონომიკური ზრდის, საწარმოთა კონკურენტუნარიანობისა და მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით. იგი ხელს უწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და სოციალური და ეკონომიკური პირობების შესაბამისობის მიღწევას. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია ელექტრონული ეკონომიკის ფარგლებში მიღწეული გამოცდილებებისა და ნოუ-ჰაუს სწრაფად შემოტანის პროცესის მომზადება, მხარდაჭერა და წახალისება.
საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გავრცელების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენა””,
ასოციაცია “გრენა” დაარსდა 1999 წლის 26 ივლისს და მისი დამფუძნებლებია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო””. დაარსების დღიდან “გრენას”” ხელმძღვანელობს (აღმასრულებელი დირექტორი) ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ ქვათაძე.
ასოციაციის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე “გრენას”” მიერ მიწოდებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისები მოიცავს სრულყოფილი ინტერნეტის მიწოდებას და გათვალისწინებულია, როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის.
დღეისათვის “გრენას” ქსელში გაერთიანებულია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები, სამინისტროები, რომელთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა. ასოციაციის მუშაობა დიდი ხანია გასცდა ქ. თბილისს და მოიცვა ქუთაისი, ბათუმი, თელავი. ანხორციელებს რა დასახულ მიზნებს, ასოციაცია “გრენა” თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურას, რომელიც აკავშირებს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს და სხვა არაკომერციულ ინსტიტუტებს ერთ საინფორმაციო სისტემად. იგი ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში საინფორმაციო ცენტრების და ლოკალური ქსელების განვითარებას, აკავშირებს რა მათ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ქსელებთან.
“გრენა” საერთაშორისო არენაზე ფართოდ თანამშრომლობს ნატო-სა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, ამჟამად ჩართულია ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა, “SEE-GRIDინფრასტრუქტურა რეგიონალური მეცნიერებისათვის”, “შავი ზღვის ურთიერთკავშირი”, “საკომუნიკაციო კვანძების ორგანიზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”, “უსაფრთხოების სრულყოფა და გრენას ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება”, “საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება” და ა.შ.
“გრენა” ქმნის არა მარტო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, არამედ უზრუნველყოფს სათანადო კადრების მომზადებას. პროფესიული სწავლა-მომზადება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარეობს “გრენას” რეგიონული ჩისცო-ს ქსელური აკადემიის ბაზაზე.
“გრენა” მომხმარებელს სთავაზობს ორ საფეხურიან სწავლებასCCNA-სა და Network Security-ის სერტიფიცირებული პროგრამებით. CCNA-ს კურსი არის პირველი ნაბიჯი გახდე მცირე და საშუალო სიდიდის ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციის და ადმინისტრირების სპეციალისტი. იგი არის Cisco-ს ყველა სერთიფიკატის ბაზისი. Network Security-ის კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა რაციონალურად დაგეგმოს ქსელის უსაფრთხოების საერთო სქემა, განახორციელოს ქსელის უსაფრთხოების ფუნქციური კომპონენტების დანერგვა და მართვა, მოახდინოს დროული და კომპეტენტური რეაგირება ინციდენტების შემთხვევაში. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს თეორიულ და და პრაქტიკულ მეცადინეობებს Cisco-ს სისტემის ქსელურ აპარატურასთან. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს შესაბამის სერთიფიკატს.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს დღემდე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან 360-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთაგან 140 ეკონომიკის სფეროს მოიცავს. ნატო-ს წევრ ქვეყნებთან განვითარებული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო-სავაჭრო ურთიერთობანი. დღეისათვის საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებად გვევლინება თურქეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, აშშ და ბულგარეთი. საქართველოში განხორციელებული ნატო-სა და ევროკავშირის პროექტების მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი მოდის საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია “გრენაზეც”. “გრენა” საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ნატო-ს სამეცნიერო პროგრამის, ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. მათ მიერ გაწეულმა დაფინანსებამ 1999-2009 წლებში შესაბამისად 1460500; 145700 და 410000 ევრო შეადგინა.
აქ უდავოდ დიდია პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტების როლი პროექტის მართვის პროგრამების შემუშავებაში, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პროექტის ხელმძღვანელობის საშუალებას იძლევა. პროგრამები უზრუნველყოფს პროექტის დაგეგმვის ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა განტის გრაფიკები, ქსელური დიაგრამები, პასუხისმგებლობის მატრიცები და ა.შ. პროგრამების ეს პაკეტი დაკავშირებულია ინტერნეტის ტექნოლოგიასთან, რომელიც საკვანძო ინფორმაციისადმი წვდომის საშუალებაა. ვებგვერდის პროექტების გამოყენება აუმჯობესებს მუშაობას და შესაძლებელს ხდის ინფორმაციის გაცვლას იმ გუნდებს შორის, რომლებიც მუშაობენ ერთსა და იმავე პროექტებზე სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ვირტუალური გუნდები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ ელექტრონული საშუალებით. ამჟამად ინფორმაციის გაცვლა პროექტზე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით, ტელეკომუნიკაციებით, ფაქსებითა და ვიდეოკონფერენციებით. ასოციაცია “გრენას” გააჩნია ვიდეოკონფერენციის პროფესიული აპარატურა, რომელიც მაღალი ხარისხის ვიდეოკონფერენციის ჩატარების საშუალებას იძლევა ინტერნეტის საშუალებით. იგი გაერთიანებულია Eve Network-ის მსოფლიო ვიდეოკონფერენციათა ქსელში. პროექტის გუნდებს შეუძლიათ კრებების ჩატარება, ელექტრონულ ფოსტას თან ახლავს ვიდეო შეტყობინებები. პროექტის მართვის ინდივიდუალური პროგრამები უფრო რთულ საინფორმაციო სისტემებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე პროექტის კოორდინირებას ახდენს. ეს სისტემები უკავშირდება ორგანიზაციის ცენტრალურ საინფორმაციო სისტემას. გამოიყენება შეფასების წამახალისებელი სისტემები, რაც ხელს უწყობს პროექტების ეფექტიან მართვას. გამოიყენება პროექტების მონიტორინგის სისტემა: გრძელვადიანი პროექტები გადიან გეგმურ შემოწმებას, რომლის დროსაც აღინიშნება პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება მასში კორექტივების შეტანის აუცილებლობა. ეს პროექტები მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიულ მოთხოვნებს, კავშირი სტრატეგიულ მიზნებსა და პროექტებს შორის ნათელია ორგანიზაციის თითოეული წევრისათვის.
“გრენას” პროექტების მენეჯერს ორიენტაცია ყოველთვის გლობალური პერსპექტივის შემუშავებაზე აქვს აღებული. ამიტომ მისი წარმომადგენლები ყოველთვის წარმატებულად მუშაობენ ერთდროულად სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთ პარტნიორებთან ერთად.
ცხადია, რომ ინტეგრაციული პროექტების რეალიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი საფინანსო-საკრედიტო სისტემას უკავია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა პროექტების საფინანსო რესურსებით უზრუნველყოფა. ამიტომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საკითხი საკმაოდ პრიორიტეტულია.
“შავი ზღვის ქვეყნებში” საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა გულისხმობს უახლესი საკომუნიკაციო პრაქტიკის, მუშაობისა და ვაჭრობის ახალი მეთოდების, სწავლებისა და დასვენების ახალი ფორმების უკეთ გაცნობიერებას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვნენ ნოვატორები, უფრო პროდუქტიულები და ეფექტიანები მუშაობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნიადაგი ცხოვრების ხარისხის გაუმჯებესებისათვის, რაც ციფრულ სისტემებში გათვითცნობიერებული საზოგადოების შექმნის წინაპირობაა. ნატო-ს, ევროკავშირის, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს”, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის და უკრაინის მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის დაფინანსებით, “გრენას” მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები ხელს უწყობს “შავი ზღვის ქვეყნებში” ნოუ-ჰაუს დანერგვას, შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს შეიძინონ ახალი ტექნოლოგიების აუცილებელი ცოდნა, ზრდის მათი კომპეტენტურობის დონეს.
“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას” დიდი პოტენციალი გააჩნია ურთიერთსასარგებლო რეგიონული პროექტების განხორციელებისათვის, თუმცა, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის არსებული წინააღმდეგობები ხშირად ხელს უშლის რეალური თანამშრომლობის განვითარებას. ამის გამოვლინებაა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ორგანიზაციის პრინციპებს, ამცირებს მის ქმედითუნარიანობას და მოითხოვს “შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის” რეფორმირებას მისი ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial