ფრენშაიზინგი – ბიზნესის მართვის წარმატებული ფორმა

ლეილა ქადაგიშვილი ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ასისტენტ-პროფესორი

მსოფლიო სამეურნეო პრაქტიკა ადასტურებს, რომ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება ორ ძირითად ფენომენს: მსხვილ ორგანიზაციულ სამეურნეო სტრუქტურებს და მცირე ბიზნესს. პროფ. ნ. ჭითანავას აზრით, “ისინი თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ პრინციპებს ეყრდნობიან, მათი მიზნებიც, საქმიანობა, მასშტაბი განსხვავებული მიდგომის საფუძველზე ყალიბდება, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე.

თუ მსხვილი სტრუქტურა არის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის კარკასის “ცენტრალური მზიდი კონსტრუქცია”, მაშინ მცირე ბიზნესი თავისი ბუნებით ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, უზრუნველყოფს მოქნილობას და ინდივიდუალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ამიტომ ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს ავსებს”.
ამ მოსაზრებას მსხვილ და მცირე ბიზნესს შორის ინტეგრაციული კავშირის მრავალსაუკუნოვანი მსოფლიო სამეურნეო პრაქტიკა უდევს საფუძვლად. ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში და მას “გადაბმული სახლების” სისტემა ეწოდა. ამ სისტემის არსი ის იყო, რომ ამ დროს ბრიტანეთის მთავრობამ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეზღუდა და ვაჭრობის უფლება მისცა მხოლოდ ლიცენზიის მქონე ფარდულების მფლობელებს. “გადაბმული სახლების” სისტემა წარმოადგენდა დამცავ მექანიზმს, რომელიც ლუდის მწარმოებლებს მოთხოვნილებიდან გამომდინარე, საშუალებას აძლევდა გაეკეთებინათ პროგნოზი წარმოებისა და ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების გასაღების ბაზრის შესახებ. “გადაბმული სახლების” სისტემამ დაამტკიცა, რომ იგი არის ეფექტური სამეურნეო მექანიზმი2. ამ სისტემას, რომელიც შემდგომ განვითარდა და გაფართოვდა, ფრენშაიზინგი ეწოდება. ფრენშაიზინგი უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობას და განიხილება, როგორც მატერიალური დოვლათის შექმნის სტრატეგია. “ეტიმოლოგიურად ტერმინი “ფრენშაიზი” ფრანგული – ფრანშიზა-დან მომდინარეობს და “პრივილეგიას”, “შეღავათს” ნიშნავს”3. ფრენშაიზინგის სისტემა გვთავაზობს მთელ რიგ დამატებით შეღავათებს და პრივილეგიებს, უზრუნველყოფს აპრობირებული სისტემის ბიზნეს-მოდელის დანერგვას და მუშაობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ფრენშაიზინგის სისტემის ჩამოყალიბება ეკონომიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. XIX საუკუნეში აშშ-ში გაჩნდა ბიზნესის გაფართოების ახალი მეთოდი, რომელიც თანამედროვე ფრენშაიზინგის ელემენტებს მოიცავდა. Pპიონერი იყო საკერავი მანქანების მწარმოებელი კომპანია “ზინგერი”, რომელმაც მოინდომა დისტრიბუტორთა მეშვეობით საქონლის გაყიდვის რაოდენობის გაზრდა სხვადასხვა ქვეყანაში4. კომპანია “ზინგერის” ფრენშაიზინგის სისტემა გახდა მთელ რიგ დარგებში ამ სისტემის შემდგომი განვითარების საფუძველი. 1898 წელს კომპანია “ჯენერალ მოტორსმა” დამოუკიდებელი ორგანიზაციები გამოიყენა დისტრიბუტორებად, რათა გასაღების სისტემაში საკუთარი დანახარჯები შეემცირებინა. კომპანიამ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს მიჰყიდა მისი პროდუქციით ვაჭრობის უფლება გარკვეულ პერიოდში გარკვეულ ტერიტორიაზე. კომპანია დისტრიბუტორებისგან ითხოვდა საქმეში საკუთარი კაპიტალის დაბანდებას და მომსახურების მაღალი დონის შენარჩუნებას. ამასთან, კომპანია დისტრიბუტორებს აძლევდა გარანტიას, რომ მათ ტერიტორიაზე სხვა დისტრიბუტორი, რომელიც “ჯენერალ მოტორსის” ავტომანქანების გაყიდვით იქნებოდა დაკავებული, მას კონკურენციას არ გაუწევდა. აღსანიშნავია, რომ ფრენშაიზინგის სისტემით ავტომობილების გაყიდვის მეთოდს დღესაც იყენებს მრავალი მწარმოებელი. მაგალითად, ფრენშაიზინგი წარმატებით გამოიყენება უალკოჰოლო ბოთლიანი სასმელების ინდუსტრიაში. ცნობილმა კომპანიებმა “კოკა-კოლამ” და “პეპსიმ” ფრენშაიზინგის სისტემა გამოიყენეს ბიზნესის გაფართოების ეფექტურ მეთოდად. ამ სისტემის მეშვეობით ეს კომპანიები საერთაშორისო ბიზნესის გრანდებად გადაიქცნენ. ფართოდ გავრცელდა ფრენშაიზინგი ნავთობის გადამამუშავებელ კომპანიებში, რომლებიც ნავთობპროდუქტების გაყიდვას ძირითადად ფრენშაიზინგის სისტემით ახორციელებენ.
ჩამოთვლილი მაგალითებიდან ცხადია, რომ XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ფრენშაიზინგი იქცა ნაკლებრისკიან ხელსაყრელ კომერციულ სისტემად, რომელსაც სარგებელი მოჰქონდა, როგორც ფრენშაიზის გამცემისათვის (მსხვილი საწარმო), ისე ფრენშაიზის მიმღებისათვის (ოპერატორი მცირე საწარმო). ფრენშაიზერი იღებს ვალდებულებას მოამარაგოს ოპერატორი თავისი საქონლით, ტექნოლოგიებით, გაუკეთოს რეკლამა, იყოს თავდები სესხის აღებისას. ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს და გაასაღოს მხოლოდ მისი საქონელი და ბიზნესს უხელმძღვანელოს ფრენშაიზერის მითითებით. ამრიგად, ფრენშაიზინგის მიმღებს არ სჭირდება ახალი საწარმოს შექმნა, იგი იღებს მზა საწარმოს, ხოლო, თავის მხრივ, ფრენშაიზერიც სწრაფად ვითარდება და ფართოვდება, ვინაიდან შესაძლებლობა ეძლევა დამკვიდრდეს ახალ გეოგრაფიულ რეგიონში.
ფრენშაიზინგი სასყიდლიან ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება. უსასყიდლო ფრენშაიზინგის ხელშეკრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ფრენშაიზის მიმღების მიერ საზღაურის გადახდა. “ფრენშაიზერის სახელის და სავაჭრო მარკის გამოყენებისათვის ოპერატორი საწარმო ყოველთვის ფრენშაიზერს უხდის ერთდროულ, თავდაპირველ გადასახადს მისი სახელით მოქმედების უფლებისათვის. ფრენშაიზერი ადგენს პროდუქციის რეალიზაციიდან გადასახადის ნორმატივს. Gგადასახადი, როგორც წესი, რეალიზაციის 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, არის სხვა განაკვეთებიც. მაგალითად, კომპანია “მაკდონალდს” ფრენშაიზერები უხდიან რეალიზაციის 12%-ს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გადასახადის სხვა ფორმაც (მაგალითად, სავაჭრო მარკის გამოყენება), რომელიც შეიძლება 1-5% იყოს”5. საქართველოში ფრენშაიზინგის განვითარებისთვის სამართლებრივი ბაზა არსებობს. ფრენშაიზინგის სამართლებრივი ურთიერთობები აღწერილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ, სახელშეკრულებო სამართალში.
არსებობს ფრენშაიზინგის სხვადასხვა სახე: სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფრენშაიზინგი, საქონლის წარმოების ფრენშაიზინგი, მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენშაიზინგი, საქმიანობის სახეობაზე ფრენშაიზინგი. მსხვილ და მცირე ფირმებს შორის კოოპერაციის ეს ფორმა შეესაბამება მცირე ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ კრიტერიუმებს. ცნობილია, რომ აშშ-ში მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მონაცემებით, ბოლო ათი წლის მანძილზე 60%-ზე მეტი არაფრენშაიზინგული ბიზნესი გაკოტრდა, მაშინ, როდესაც ფრენშაიზინგის სისტემაში ჩართული საწარმოების მხოლოდ 14% გაკოტრდა. მსხვილ კორპორაციებს აქვს “ქოლგის” ფუნქცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე და მწვავე კონკურენციის პირობებში მცირე ფირმების გადარჩენისათვის.
თუ კონკურენცია აკოტრებს იმ საწარმოებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებას ვერ უწყობენ ფეხს, მაშინ რატომ ვაფარებთ მცირე საწარმოებს “ქოლგას”, რა ნიშან-თვისებები აქვთ მათ ისეთი, რითაც ისინი მიჩნეულნი არიან ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელ სტრუქტურებად? პასუხი მარტივია: მცირე საწარმოებს მთელი რიგი უპირატესობები აქვთ, ესაა – მოქნილობა, მობილურობა, აქტიურობა, მოთხოვნის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება, გუნდის შეკრულობა, საბოლოო შედეგზე ორიენტაცია და ა.შ. სწორედ იმის გამო, რომ მსხვილი კორპორაციებისაგან განსხვავებით, მცირე ფირმა მოქნილი და მობილურია, მას ადვილად შეუძლია მოერგოს წერტილოვან მოთხოვნას (გადადგილდეს იქ, სადაც და რაზეც მოთხოვნა წარმოიშვა), მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევს რესურსები. ამიტომ არის აუცილებელი მცირე საწარმოთა არსებობა, მაგრამ არა იზოლირებულად, არამედ მსხვილ საწარმოებთან კავშირში, რომლებთაც რესურსებიც აქვთ და სათანადო იმიჯიც. მსხვილი კორპორაციები მცირე საწარმოებს გზას უკვალავენ საბაზრო პროცესებში და ფინანსური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით უქმნიან საბაზრო მოთხოვნასთან ადაპტირების მყარ საფუძველს. მცირე საწარმოების განვითარების უპირატესობა განპირობებულია იმითაც, რომ მათ შეუძლიათ სხვადასხვა კვალიფიკაციის სამუშაო ძალისათვის შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გადაწყვიტონ საშუალო ფენის ჩამოყალიბების პრობლემაც. 2008 წელს – მცირე საწარმოებში დასაქმებული იყო 65276 კაცი, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეობას ეწეოდა 22067 კაცი, ანუ ამ სექტორში მუშაობდა 87343 კაცი, რაც ამ წელს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის (349240 კაცი) 25,1%-ს შეადგენს. ამით მცირე სექტორი გარკვეული დოზით ახდენს სოციალურ სტაბილიზაციას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის უმუშევრობის დონე 2008 წელს 16,5%-ს შეადგენს (მკაცრი კრიტერიუმით)6.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, “უფრო დიდი და უფრო კომპლექსური კონცერნების “შენების” ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ასეთი ზედიდი ორგანიზაციები მეწარმეობის დამოუკიდებელ ერთეულებად დაგვეყო… დიდი საწარმოები, განსაკუთრებით კი ძალზე დივერსიფიცირებულები, სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ. თუ ისინი დაიშლებიან დამოუკიდებელ ფირმებად, თავიანთ ბაზრებზე ბევრად უფრო უკეთესად მოეწყობიან”.7 ვფიქრობთ, ეს ძალზე გაბედული აზრია. ამასთანავე, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია, რომ მცირე საწარმოები მსხვილ საწარმოებთან კოოპერაციულ კავშირში იყვნენ, რადგან საქმიანობის ამგვარი მოდელი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და მეტად სიცოცხლისუნარიანიც აღმოჩნდა. ეს იმით არის განპირობებული, რომ მსხვილ საწარმოებს ყოველთვის არ აწყობთ გახსნან თავიანთი გასაღების სპეციალიზებული სამსახურები. გარდა ამისა, ისინი ხშირ შემთხვევაში ცალკეული კვანძების და ნაწილების წარმოებასაც ანდობენ ვიწრო სპეციალიზაციის მქონე სუბკონტრაქტორ მცირე ფირმებს, რადგანაც მცირე ფირმები ფოკუსირებულნი არიან თავიანთ კომპეტენციაზე, მიზანსწრაფული პროფესიონალიზმი კი, ხშირად ამარცხებს ყველაფრის “ზოგად” მცოდნეს. ამიტომ არის, რომ იაპონიის მანქანების მწარმოებელი კომპანიები თითოეულ მანქანას 800-მდე დეტალით და მაკომპლექტებელი ნაწარმით აწყობენ, რომელთა 90% სუბკონტრაქტორებთან, ანუ მცირე საწარმოებშია დამზადებული.
ფრენშაიზინგმა გარკვეული განვითარება საქართველოშიც ჰპოვა. ჩვენს ქვეყანაში ფრენშაიზინგი თავისი კლასიკური ფორმით XX საუკუნის ბოლოს უცხოური ინვესტიციების სახით შემოვიდა. “პირველი ერთ-ერთი თვალსაჩინო სამრეწველო ფრენშაიზინგის მაგალითია საქართველოში მსოფლიო ფრენშაიზინგის გრანდის “კოკა-კოლას” შემოსვლა. ამ კომპანიამ საქართველოში შემოიტანა ინვესტიციები, დაასაქმა ასეულობით ადამიანი. იგი საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელად მიიჩნევა. “კოკა-კოლას” Gგარდა, საქართველოში ფრენშაიზინგის სისტემით მუშაობენ ისეთი საერთაშორისო ტრანსეროვნული ორგანიზაციები, როგორიცაა “მაკდონალდსი”, “ბასკინრობინსი” “ტოიოტა”, მაღაზიების ქსელი “ბაბილონი”, “ბატა” და ა.შ”.8 როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში უმეტესად ფრენშაიზინგს გასცემს სხვა ქვეყნის წარმატებული და ცნობილი კომპანია, რომელსაც აქვს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების დადების მრავალმხრივი გამოცდილება და დიდი კომერციული პოტენციალი, რაც ფრენშაიზერს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესი და მაქსიმალურად გადაუნაწილოს რისკი მომავალ ფრენშაიზის მიმღებს. უკეთესი იქნებოდა, თუ ფრენშაიზინგი საქართველოს მსხვილ და მცირე საწარმოებს შორის განვითარდებოდა. მისი ელემენტები გამოჩნდა კიდეც კომპანია “ყაზბეგისა” და “ნიკორას” მაგალითზე. კომპანია “ყაზბეგმა” ამ სისტემის მეშვეობით გახსნა ასზე მეტი ბარ-რესტორანი, სადაც, მხოლოდ “ყაზბეგის” ლუდი იყიდება. “ყაზბეგის” ლიცენზიით ქ. რუსთავში მუშაობს ლუდის მწარმოებელი ქარხანა. კომპანიაში დასაქმებულია ასეულობით ადამიანი. ქართველ მეწარმეებს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აკლიათ. დღესდღეობით, კომპანია “ყაზბეგის” მიერ გახსნილი ბარ-რესტორნების 40% მუშაობს, დანარჩენი კი გაკოტრდა. რამ გამოიწვია გაკოტრების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ფრენშაიზინგის სისტემით მომუშავე ორგანიზაციები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაკოტრების დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან? ცხადია, კომპანია “ყაზბეგს” ნაკლებად ჰქონდა გათვალისწინებული ის, რომ პარტნიორთა ინტერესები დაცული ყოფილიყო ტერიტორიული ლიცენზირების მეთოდით, ამიტომ გაკოტრების დონემ მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. ფრენშაიზინგის სისტემა საქართველოში ახალ თეორიად ითვლება და, შესაბამისად, პირველ ეტაპზე ამგვარი შედეგები უცხო არ უნდა იყოს ქართველი მეწარმეებისთვის9.
საქართველოში ფრენშაიზინგის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი დარგების გამოკვეთას და ქვეყნის ჩართვას გლობალურ ეკონომიკაში. ფრენშაიზინგის განვითარებას მოჰყვება წარმოების აღორძინება-განვითარება, ინოვაციების შემოტანა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოში არსებობს ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ შენობა-ნაგებობები, სასაწყობო მეურნეობები და სათანადო გამოცდილება, მაგრამ არ გააჩნიათ ახალი ტექნოლოგიები და არ აქვთ ცნობილი სავაჭრო მარკა. ამ ორგანიზაციებს ფრენშაიზინგის სისტემა დაეხმარება სწრაფად შეაღწიონ, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო კონკურენტულ ბაზრებზე.