სამშენებლო სექტორის მეორე სიცოცხლე

ალექსანდრა ლალიაშვილი

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი პირველზე გაცილებით მასშტაბური იქნება. უკვე ცნობილია, რომ მეორე ეტაპში 23 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, პირველ ეტაპში კი მხოლოდ 11 კომპანია მონაწილეობდა. გაზრდილია პროექტის დაფარვის არეალიც. თუ პირველი ეტაპი მხოლოდ ძველი თბილისის ისტორიულ უბნებს შეეხო, ამჯერად, მასში ძველი თბილისის რაიონი თითქმის მთლიანად მოექცა.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მას საერთაშორისო სივრცეში საუკეთესო მაგალითად განიხილავენ. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თუ აქამდე არსებობდა ბარსელონის და ლისაბონის მოდელები, ახლა თბილისური მოდელიც არსებობს. მისივე განმარტებით, უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ ამ პროექტმა ქართული სამშენებლო სექტორი კატასტროფისაგან იხსნა. სამშენებლო ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობენ სამშენებლო მასალათა წარმომადგენელი კომპანიებიც.

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში””, 19-22 მაისს ჩატარდა მშენებლობისა და ინტერიერის მე-15 საერთაშორისო გამოფენა – Caucasus Build 2010. მონაწილე კომპანიებმა მომხმარებელს წარუდგინეს სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების ფართო სპქეტრი: ლაქ-საღებავები, აბაზანები, სანტექნიკა, გათბობისა და კონდიცირების სისტემები, განათება და ელექტრო აღჭურვილობა, კარ-ფანჯრები და ჟალუზები, პარკეტი და მოსაპირკეთებელი ტექნიკა, ასევე, სამშენებლო ტექნიკა, სატვირთო ავტომანქანები და სხვა. გამოფენაზე, ასევე, წარმოდენილი იყო ხე-ტყის გადამამუშავებელი ტექნოლოგიებისა და მასალების ფართო სპექტრი.
100 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 120-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, არაბეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, თურქეთი, ირანი, ისრაელი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, უკრაინა, ფინეთი, შვეიცარია, ჩინეთი, ჩეხეთი და ჰოლანდია). გამოფენის მსვლელობისას ჩვენ როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივ კომპანიებს გავესაუბრეთ და დავინტერესდით, თუ რა ტენდენციებია ზოგადად მშენებლობის სფეროში ბოლო პერიოდში.
კომპანია “კნაუფ მარკეტინგ თბილისი”” თბილისის საერთაშორისო გამოფენის მუდმივი მონაწილეა. ნანა მეფარიშვილი, მარკეტინგის მენეჯერი: “ჩვენ ვართ გერმანული კომპანია “კნაუფის”” ოფიციალური წარმომადგენელი თბილისში, აქამდე შემოგვქონდა თაბაშირ-მუყაოს ფილები, ახლა ვიყიდეთ ქარხანა და გერმანული მარკის თაბაშირ-მუყაოს უკვე თბილისში ვაწარმოებთ, უფრო სწორად, ქართული წარმოების გერმანული ხარისხის ფილებს. გასული წლების ფინანსური კრიზისის გამო, ბუნებრივია, ჩვენი გაყიდვები შემცირდა, მაგრამ კატასტროფული ზარალი არ განგვიცდია. ამასთანავე, ბოლო თვეების განმავლობაში სამშენებლო მასალების ბაზარზე გამოცოცხლება აშკარად შეიმჩნევა და სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება””.
გამოფენაში მონაწილეობას სისტემატურად იღებს ქართული კომანია “ინტერპლასტიც””, რომელიც 2007 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. დავით დეკანოსიძე, გაყიდვების მენეჯერი: “ჩვენი კომპანია ამიერკავკასიაში არის ერთადერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც აწარმოებს ყველანაირი დასახელების მილებს. საუბარია,გაზის, წყლის და კანალიზაციის მილებზე. ვაწარმოებთ, როგორც მაგისტრალურ, ასევე შიდა გაყვანილობის წყლის მილებს. საქართველოში ჩვენი ნიშის 60-70% გვიჭირავს. ვამარაგებთ ამიერკავკასიას, პროდუქცია გაგვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე 2 წელია. უახლოეს მომავალში ვაპირებთ შესვლას უკრაინის ბაზარზეც. რაც შეეხება კრიზისის გავლენას, რა თქმა უნდა, მისი შედეგები ჩვენც დაგვეტყო, გაყიდვები 5-10%-ით შეგვიმცირდა, მაგრამ ახალი წლების შემდეგ ბაზარზე გამოცოცხლება აშკარად შეინიშნება და ეს ჩვენი პროიდუქციის რეალიზაციასაც დაეტყო””.
ტრადიციული მონაწილეების გვერდით გამოფენაზე ისეთი კომპანიებიც იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც წელს პირველად იღებდნენ მონაწილეობას. მაგალითად, კომპანია “მიქსორი”” 2008 წელს დაფუძნდა, როგორც სამშენებლო კომპანია. თავდაპირველად კომპანია ქვიშა-ღორღის ბუნებრივ მასალას ამუშავებდა. ქვიშა-ღორღის საფქვავს მოჰყვა ბეტონის ქარხნის მონტაჟი თბილისში. კომპანია ფლობს უახლეს ტექნოლოგიებს და ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილ ლაბორატორიას. 2009 წლიდან კომპანიამ დაიწყო სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობა. “მიქსორი”” ასევე აწარმოებს სამშენებლო ლურსმანს და ბეტონის საკანალიზაციო ჭებს. ზაზა ტურაშვილი, “მიქსორის” დირექტორის მოადგილე: ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბეტონის წარმოება, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა, მენეჯმენტი, აგრეთვე, შიდა და გარე ინტერიერის მოწყობა და ფინალური სამუშაოები. წელს ამ გამოფენაზე ვმონაწილეობთ პირველად, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბრენდზე ვიმუშაოთ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ გამოფენაში მონაწილეობისა ის არის, რომ ჩვენმა ლოგომ ბაზარზე თავის ადგილი დაიმკვიდროს.
ს.ე. – თქვენი კომპანია ბაზარზე მაშინ გამოჩნდა, როცა ფინანსური კრიზისი ძალას იკრეფდა. რა გავლენა მოახდინა კრიზისმა თქვენს კომპანიაზე?
ზ.ტ. – მესამე წელია ვარსებობთ და შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ იმის გამო, რომ ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ბანკთან მიბმული ფინანსურად და ჩვენი კომანია მხოლოდ საკუთარი სახსრებითა და საკუთარი ბიუჯეტით ფუნქციონირებს, ნაკლებად შეგვეხო კრიზისი მთელი სიმძიმით. მაგრამ, ზოგადად, საქართველოში სამშენებლო სამუშაოთა მოცულობამ როგორც მოიკლო, ჩვენი კომაპნიის შემთხვევაშიც ასევე შემცირდა გაყიდვები. თუმცა, შარშან ნოემბრიდან მოყოლებული, ბაზარზე უკვე შეინიშნება აღმავლობა, შარშან ამ დროსთან შედარებით ჩვენი ბრუნვაც გაზრდილია და შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობაც, აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ მაინც მივდივართ.
ქართული წარმოების გვერდით, გამოფენაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახვადასხვა ქვეყნის კომპანიები და მათი ინოვაციური პროდუქტებიც იყო წარმოდგენილი. მაგალითად, გათბობის ახალი სისტემის მწარმოებელი კომპანია დევის” სახით. “დევი””Danfoss Group-ის შვილობილი კომპანიაა, იგი ლიდერია ელექტრო გათბობის წარმოებაში. დანიური ჯგუფი ბაზარზე 75 წელია რაც არსებობს, წარმოდგენილია 5 კონტინენტის 100 ქვეყანაში და ახლა უკვე საქართველოშიც.
“დევის”” სისტემები მონტაჟდება, როგორც გარემონტებულ ბინებსა და შენობებში, ასევე გასარემონტებლებში. თავისი უნიკალური გამათბობელი სისტემის მეშვეობით მომხმარებელს ადვილად შეუძლია აირჩიოს მისთვის მისაღები პროდუქტი, რომელიც შეესაბამება მისი სახლის მოთხოვნილებებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, “დევის”” პროდუქციას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს სხვა გათბობის სისტემებთან შედარებით, ძირითადი უპირატესობებია: სისტემის ეკონომიურობა, როგორც მონტაჟის დროს, ასევე შემდეგ მოხმარებული ენერგიის ეკონომიური ხარჯვის თვალსაზრისით და კომფორტული გათბობა. დევის იატაკიდან გათბობა” არის კომფორტი, რომელიც იქმნება სითბოს თანაბარი გადანაწილებით შენობის სრულ ფართობზე. დღეს იატაკიდან ელექტრო-გათბობა” მიჩნეულია ყველაზე ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა და გამართლებულ გათბობის სისტემად. “დევის” სისტემები, შენობის გათბობის და გარე ტერიტორიების ყინვისგან დაცვის გარდა, გამოიყენება სოფლის მეურნეობაში: გრუნტის გასათბობად სათბურებში, ზამთრის ბაღებში, ფერმებსა და ცხოველების სამყოფ შენობებში. ასევე, გამოიყენება სათბურებში და ორანჟერეებში ზრდის პროცესების დასაჩქარებლად, მცენარეების რეპროდუქტირებისთვის და მოსავლის აღების სეზონობის გასახანგრძლივებლად. დანიური კომპანიის სისტემების მეშვეობით ნიადაგის გათბობა შესაძლებელია გაზაფხულის მოსვლისთანავე, რაც იძლევა საშუალებას გაამარტივოს სუბტროპიკული, სითბოს მოყვარული მცენარეების გაზრდა.
თბილისის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდი, როგორიც არის ფინური ბოქლომებისა და საკეტების მწარმოებელი ფირმა Abloy. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინური კომპანიაა საკეტების, საკეტი სისტემებისა და არქიტექტურული მოწყობილობების, მოწყობილობა-დანადგარების, კარებისა და ფანჯრების საკეტების, სახელურებისა და ბოქლომების წარმოებაში.”აბლოის”” ისტორია 1907 წლიდან, მარტვი საკეტების წარმოებით იწყება. კომპანიას დღეს თავისი პროდუქცია მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს, მათ შორის, აშშ-ში, შვედეთში, საფრანგეთში, რუსეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში. უკვე რამდენიმე წელია შემოდის მისი პროდუქცია საქართველოშიც.
Caucasus Build 2010-ის გახსნას დაესწრნენ პროექტის “დაბრუნება საქართველოში”” მონაწილე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიც. “დაბრუნება საქართველოში”” ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ქართული ბიზნეს დიასპორის წარმომადგენელთა საქართვველოში ვიზიტი შედგა. ვიზიტი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაცნობას ისახავდა მიზნად. თბილისის საერთაშორისო გამოფენაზე დიასპორის წარმომადგენელთა დასწრება მიზნად ისახავდა მომავალში საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას გამოფენაში მონაწილე კომპანიებთან და მათი მომსახურებისა და პროდუქციის უკეთ გაცნობას.
უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები მსოფლიოში
2010 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროპის კომერციულ უძრავ ქონებაში ინვესტიციები გაორმაგდა და 5,4 მილიარდ ევროს მიაღწია. ამასთან, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში ინვესტიციების მოცულობა ევროპის საერთო მაჩვენებელს 80%-ით აღემატება.
ამის შესახებ კომპანია Jones Lang LaSalle (JLL)-ის კვლევაშია ნათქვამი. წლის პირველი სამი თვის შედეგებით გერმანია ამ თვალსაზრისით ევროპის ყველაზე აქტიური სახელმწიფოა – გარიგების მოცულობამ ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე 2,3 მილიარდი ევრო შეადგინა და შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გერმანულ ბაზარზე სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოთამაშე ბრუნდება. პროგნოზების თანახმად, ევროპის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები 20-30%-ით გაიზრდება. შარშან ინვესტიციების რაოდენობამ 69,2 მილიარდ ევროს მიაღწია.
გასულ წელს, ჩინეთში, საცხოვრებელი კომპლექსების გაყიდვები 80%-ით გაიზარდა. ჩინეთს უძრავი ქონების ბაზარს აყვავების განსაკუთრებული ხანა უდგას. თუმცა, საკითხავია, რამდენად დიდხანს გასტანს აყვავების ეს ხანა. ხომ არ განმეორდება აშშ-ის პრეცენდენტი, სადაც სამშენებლო სფეროში არსებული ბუმის შემდეგ დაწყებულმა კრიზისმა მთლიანი ეკონომიკის დასუსტება გამოიწვია. ჩინეთის შემთხვევაშიც, კრახს მთელი მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების ეკონომიკებზე შეუძლია გავლენის მოხდენა, რადგან ჩინეთი არის უსწრაფესად მზარდი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. პეკინი აშკარად შეშფოთებულია. ახლახან, ადმინისტრაციამ მკაცრად დაიწყო იაფი კრედიტების კონტროლი, რამაც ჩინეთის ჰიპერგანვითარება დააფინანსა და სახლების მყიდველებს ხელმეორე იპოთეკის მიღება გაურთულა. მთავრობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, რეკორდულ თანხად – 560 მილიარდ დოლარად გაიყიდა საცხოვრებელი სახლების კომპლექსი ჩინეთში, რაც 80%-ით მეტია 2008 წელთან შედარებით და, რადგანაც, ფასები სტაბილურად იზრდება, დეველოპერები ერთმანეთს ეცილებიან მრავალბინიანი სახლების, ვილებისა და ცალკე ბინების მშენებლობაში.
უძრავი ქონების ექსპერტების ცნობით, შანხაიში 2003 წლიდან მოყოლებული, ფასები 150%-ზე მეტით გაიზარდა. ყიდვის სიშმაგე მოედო ქალაქს, რასაც მოჰყვა მილიარდ დოლარიანი მიწის აუქციონები და მყიდველთა უსასრულო რიგები. ბაზრის რეგულირებისთვის მთავრობას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ნაკვეთების გაყიდვა მთავრობისთვის წლიური შემოსავლის მთავარი წყარო იყო, გასულ წელს ნაკვეთების გაყიდვიდან შემოსავალმა 234 მილიარდ დოლარს მიაღწია.
რა ბედი ელის ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარს დიდი მსჯელობის და განხილვის საგანია. ზოგი ეკონომისტი, მაგალითად, ვაშინგტონში მდებარე საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსენის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ნიკოლას ლერდი, ამბობს, რომ სახლებთან დაკავშირებული ეს ბუმი განაპირობა დიდმა ურბანიზაციულმა ძვრამ. სხვა ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვიეს ხარბმა დეველოპერებმა და სამთავრობო პოლიტიკამ. თუმცა, ჰიპერინფლაციის მიზეზების ძიებაზე მეტად, ახლა, ალბათ, უფრო ის შეკითხვაა აქტუალური, ხომ არ გახდება ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიტუაცია კიდევ ერთი გლობალური ფინანსური კრიზისის სათავე.