2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები

რედაქციისგან 

თერთმეტ ოქტომბერს ეკონომიკის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. ესენი არიან ამერიკელები პიტერ დაიმონდი, დეილ მორტენსენი და წარმოშობით კვიპროსელი ბრიტანელი კრისტოფერ პისარაიდესი. მეცნიერებს ეს ჯილდო მაკროეკონომიკაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ. 

      მათი ნაშრომები მოიცავს ბაზრის პროცესების ანალიზს. “ბაზრის კლასიკური აღქმის შესაბამისად, მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთს მყისვე პოულობენ და სრულ ინფორმაციას ფლობენ ყველანაირ საქონელსა და მომსახურებაზე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც დღესდღეობით მსოფლიოში სინამდვილეში ხდება” – ნათქვამია ნობელის კომიტეტის შეფასებაში. 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების კვლევების მიხედვით, თანამედროვე შრომის ბაზარზე უმუშევარმა ადამიანმა არ იცის ყველა იმ არსებული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც შრომის ბაზრზე არსებობს. ასევე, ვაკანსიების მფლობელი კომპანიებიც არ ფლობენ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას დასაქმების ბაზრის შესახებ. მათ, უბრალოდ, არ აქვთ ინფორმაცია ბევრი პოტენციური კადრის შესახებ, რომელიც შესაბამის ვაკანსიას ეძებს ბაზარზე. ნობელიანტები აღნიშნავენ, რომ უმუშევრებმა და კომპანიებმა სათანადოდ უნდა “გამოიკვლიონ” ერთმანეთი, რაც საჭირო ფინანსურ დანახარჯებსა და დროის რესურსსაც მოითხოვს. 
      პიტერ დაიმონდმა გააანალიზა კვლევითი ბაზრის საფუძვლები. დეილ მორტენსენმა და კრისტოფერ პისარდიმ  კი თეორია განავრცეს და შრომის ბაზარს მიუსადაგეს. ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების კვლევები გვიჩვენებს იმას, თუ როგორ მოქმედებს რეგულაციები და ეკონომიკური პოლიტიკა უმუშევრობაზე, ვაკანსიებსა და ხელფასებზე. მათი საკუთარი თეორიები დღევანდელობის ყველა ასპექტის გათვალიწინებით შეიმუშავეს. 
      უკვე საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ნობელის კომიტეტმის წლევანდელ გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდი გავლენა მიმდინარე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა იქონია.  “ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ეკონომისტებს, რომლებიც დაგვეხმარნენ გავიგოთ უმუშევრობის ფესვები” – ასეთია კომიტეტის წევრების განწყობა. 
      ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ წლევანდელი პრემია აჩვენებს, თუ რაოდენ რთული პრობლემაა უმუშევროვბა. ვინაიდან წლევანდელმა ლაურეატებმა პრემია იმის გამო კი არ მიიღეს, რომ ისინი ამ პრობლემის გადაჭრის გზებს სახავენ, უბრალოდ, მათ ნაშრომებში პრობელმის სათავისაკენ სავალი გზა ჩანს. 
      უფრო დაწვრილებით წლევანდელი ლაურეატების შესახებ: 
      პიტერ დაიმონდი დაიბადა 1940 წლის აპრილში. 1960 წელს იელის უნივერსიტეტში მათემატიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1963 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 1970 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში იგი პროფესორად დაინიშნა. 1985-86 წლებში ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ხოლო 1997 წელს პროფესორი გახდა. დაიმონდი “მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” წევრია, მისი კვლევები მოიცავს: ხელისუფლების სავალო ვალდებულებების ნაშრომებსა და კაპიტალის დაგროვებას, კაპიტალის ბაზრებსა და რისკების დაყოფას, ოპტიმალური გადასახადების დაწესებას, სოციალური დაზღვევისა და შრომის ბაზრის მოძებნასა და შეთანხმებას. 
      დეილ მორტენსენი დაიბადა 1939 წლის თებერვალში. 1961 წელს ორეგონში, ვალამეტას უნივერსიტეტში ეკონომიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1967 წელს პიტსბურგში კარნეგი-ნელონის უნივერსიტეტში – ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1965 წელს ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის ფაკულტეტზე მუშაობდა. მორტენსენი უმუშევრობისა და სამსახურის ძებნის თეორიაში პიონერი გახდა. 
      კრისტოფერ პისარიდისი დაიბადა 1948 წელს კვიპროსში. 1970 წელს, ესეკსის უნივერსიტეტში ეკონომიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1971 წელს – მაგისტრის. შემდეგ ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში (LSE) შევიდა, სადაც 1973 წელს ეკონომიკის დარგში დოქტორის ხარისხი მიიღო. დღესდღეობით პისარიდისი LSE-ში ეკონომიკის პროფესორია. პისარიდისი შრომის ბაზრის პოლიტიკასა და ამ ბაზარზე უმუშევრობის ზეგავლენის საკითხებში სპეციალიზირდება. ბოლო დროს იგი უმუშევრობის სტრუქტურულ ცვლილებებსა და ზრდაზე წერდა. მისი წიგნი Equilibrium Unemployment Theory უმუშევრობის ეკონომიკაში ეტალონი გახდა. 

Leave a Reply

Your email address will not be published.