ვუახლოვდებით ევროპას?

რედაქციისგან 

თბილისში, 29 ოქტომბერს, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია სახელწოდებით “ვუახლოვდებით ევროპას”? ამ სახელწოდების პროექტს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებს. 

      პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მიმდინარეობის შესწავლას; აღნიშნულ ქვეყნებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედარებას; შეფასებას, თუ რამდენად დაუახლოვდა სოციალური სტანდარტები ევროპულს; სოციალური სტანდარტების გასავითარებლად წინადადებების შემუშავებას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 19 ექსპერტმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და გერმანიიდან. კვლევა წარიმართა შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკური და სოციალური სტანდარტები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში; ეკონომიკური სისტემა; შრომის ბაზარი და სოციალური დიალოგი; განათლება და გადამზადება; საპენსიო სისტემა და ჯანდაცვის სისტემა. 
      შემაჯამებელ კონფერენციაზე, “ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში”, კვლევის შედეგები ქართველ ექსპერტებთან ერთად წარადგინეს სომეხმა და აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა. 
      მკითხველს საშუალება აქვს კვლევის შედეგებს დეტალურად გაეცნოს პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში “ვუახლოვდებით ევროპას? ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში”. ნაშრომის კვლევის მთავარ საგანს წარმოადგენდა იმის შეფასება, თუ რამდენად უახლოვდება სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპას და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. გამოცემის ინიციატორების, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ კვლევისათვის სწორედ აღნიშნული საკითხი იქნა შერჩეული, რადგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს ევროგაერთიანებასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. 
      საქართველოს შემთხვევაში, ანალიტიკოსები ალექსანდრე სეკარევი და ნოდარ ხადური ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალ იდეოლოგიური და ულტრალიბერალური პოლიტიკა პროცესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უფრო მეტად პრაგმატული და ნაკლებად იდეოლოგიური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ. 
      სომხეთის შემთხვევაში, ექსპერტი ანდრანიკ ტევანიანი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაკლოვანება ბიზნეს ინტერესებისა და პოლიტიკური ინტერესების მჭიდრო ურთიერთკავშირია, რაც იწვევს ცუდ მართვას, ხელოვნურ მონოპოლიებსა და არასაბაზრო ფასების ფორმირებას. 
      აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყნებისაგან ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა. ნავთობისა და გაზის ექსპორტი არის მაღალი შემოსავლების წყარო და, ამავე დროს, წარმოადგენს სხვა სექტორების განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორს. აზერბაიჯანელი ექსპერტის, სამით ბაგიროვის შეფასებით, უახლოეს მომავალში რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის დივერსიფიკაცია აზერბაიჯანის მთავარ გამოწვევად რჩება. 
      ზოგადი სურათი, რომელიც კვლევის შედეგად იკვეთება ამგვარია – დინამიური და მრავალფეროვანი რეგიონი ზოგიერთ სფეროში აღწევს პროგრესს, რომელსაც თან ახლავს სტაგნაცია ან უკურეაქცია სხვა სფეროებში. თუმცა მათიას იობელიუსი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი, წიგნის შესავალში იმ გარემოებასც უსვამს ხაზრს, რომ “რეგიონი ფორმირების სტადიაში იმყოფება. ევროპას შესაძლებლობა აქვს და, შესაბამისად, აუცილებლად უნდა ითამაშოს მთავარი როლი არა მარტო რეგიონის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების წახალისებაში, არამედ, უნდა დაეხმაროს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებაში”.