მეწარმეობისადმი დამოკიდებულება საქართველოში (თბილისის მაგალითზე)

ია ნაცვლიშვილი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

(მოხსენება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსექტივები”, 11 დეკემბერი, 2010) 

      სამეწარმეო საქმიანობას უდიდესი როლი ეკისრება, როგორც  მიკრო დონეზე ცალკეულ ბაზრებზე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების სახეების შეთავაზებით, ასევე მაკროეკონომიკური მასშტაბით დასაქმების დონის გაზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სამეწარმეო საქმიანობის საკითხების  შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ ლიტერატურასა და ბიზნესის შემსწავლელ მეცნიერებებში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეწარმეობა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა (Acs და სხვ. 2004; Audretsch da Keilbach 2004; Wennekers 2006). სადღეისოდ სამეცნიერო ლიტერატურაში დაგროვდა მდიდარი მასალა სხვადასხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ნიშნების და მეწარმეობისადმი დამოკიდებულების თავისებურებების შესახებ (Bლანცჰფლოწერ და სხვ., 2001; ჭენნეკერს, 2006). ცხადი გახდა, რომ სამეწარმეო საქმიანობასა და ინდივიდების  მეწარმეობისადმი დამოკიდებულებაში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები არა მხოლოდ სუპრა-ნაციონალურ დონეზე ქვეყნებს შორის, არამედ ნაციონალურ დონეზეც ქვეყნის შიგნით რეგიონების მიხედვით (Sternberg, 2000;  Parker, 2005; Fritsch da Mueller, 2006; თამასყ 2006). 
      უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესები, ცხადია, უდიდეს გავლენას ახდენენ მოსახლეობის სამეწარმეო საქმიანობისადმი განწყობის ფორმირებაზე. იწვევს თუ არა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში წარმოშობილი სიძნელეები და პრობლემები უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მეწარმეობისადმი? იწვევს თუ არა აღნიშნული პროცესები  მეწარმეობის სურვილის გაქრობას თუ პირიქით? რამდენად ღრმადაა გაცნობიერებული მოსახლეობის მიერ მეწარმეობასთან დაკავშირებული რისკები და საშიშროებები? როგორია მოსახლეობის სურვილები და მოლოდინი სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისადმი, თვითდასაქმების პერსპექტივისადმი მომავალი უახლოესი წლების განმავლობაში? 
      ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხების მისაღებად მრავალწლიანი და ფართომასშტაბიანი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო. საქართველოში მეწარმეობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების (განწყობის) შესასწავლად ჯერ არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც რესპონდენტთა გამოკითხვის გზით მოიცავდა მთელი ქვეყნის ტერიტორიას და გაანალიზებდა მეწარმეობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების სპეციფიკას, როგორც სხვა ქვენებთან მიმართებით, ასევე ცალკეული რეგიონების მიხედვით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000-2003 წლებში ჩატარებული კვლევები ნაწილობრივ ეხებოდა აღნიშნულ საკითხებს. სამეწარმეო საქმიანობის კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  ამჟამად თსუ ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის მიერ ხორციელდება კვლევითი პროექტი “ბიზნესმენთა ქცევის ტაქტიკა და სტრატეგია ეკონომიკური განუსაზღვრელობის პირობებში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის მიერ. 
      მსგავსი კვლევის ერთ-ერთ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ საქართველოში მოსახლეობის მეწარმეობისადმი დამოკიდებულების სპეციფიკური ნიშნების შესწავლის  მიზნით  2010 წლის ივლის-სექტემბერში თბილისში ავტორის მიერ ჩატარებული რესპონდენტთა ექსპრეს-გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგები საშუალებას იძლევა შევაფასოთ, როგორც მათი განწყობა მეწარმეობისადმი, ასევე მონაცემთა ანალიზის გზით ვიმსჯელოთ საქართველოში მეწარმეობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების ძირითად ტენდენციებზე. 
      ექსპრეს-გამოკითხვის საკვლევ თემას წარმოადგენდა საქართველოში მეწარმეობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების სპეციფიკური ნიშნების, მეწარმეობისადმი განწყობის სხვადასხვა ასპექტის, მომავალთან დაკავშირებული მოლოდინის, ასევე თვითდასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისათვის მიმზიდველი დარგების გამოვლენა. გამოკითხვის ობიექტი იყო თბილისის  სხვადასხვა უბანში მცხოვრები ინდივიდები და ოჯახები (შინამეურნეობები). ცხადია, ეს ობიექტი არ არის რეპრეზენტატული მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია საქართველოში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. შესაბამისად, თბილისში მცხოვრებ რესპონდენტების განწყობა საკმარისი სიზუსტით უნდა ასახავდეს საქართველოში მოსახლეობის განწყობის ძირითად ტენდენციებს. 
      გამოკვლევის ჰიპოთეზაა ის, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონისა და მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნების ფონზე არსებული სიძნელეების გათვალისწინებით, ასევე უკანასკნელი წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად წარმატებული რეფორმების ფონზე, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო თვითდასაქმების დიდი სურვილი და მომავალში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ასევე დიდი მოლოდინი.  
      კვლევის მეთოდს წარმოადგენდა ანკეტური გამოკითხვა არალბათური შერჩევის სხვადასხვა სახეების გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა ეგრეთ წოდებული სტიქიური შერჩევის  და “ქუჩის შერჩევის” ტიპი. სტიქიური შერჩევა გამოიყენება ქუჩაში ადამიანების გამოკითხვისას. იგი სხვა მეთოდებთან შედარებით უფრო მარტივი, იაფი და ნაკლებად რეპრეზენტატულია. შეუძლებელია განზოგადების მოხდენა მთელ პოპულაციაზე. მიუხედავად ამ ხარვეზისა, სტიქიური შერჩევა ხშირად გამოიყენება სოციალურ კვლევებში, რაც სწორედ მისი სიმარტივით და მოხერხებულობით აიხსნება (წულაძე ლ. 2008; გვ. 43-44).  “ქუჩის შერჩევის” ტიპის გამოყენების შემთხვევაში, ინტერვიუერები გამოკითხავენ რესპონდენტებს წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე (ზურაბიშვილი თ. და სხვ. 2006; გვ. 105-106). პირველადი ინფორმაცია შეგროვებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თბილისში მცხოვრები სტუდენტების მიერ საკუთარი ოჯახის წევრების, მეზობლად მცხოვრები შინამეურნეობების, ასევე თბილისის სხვადასსხვა უბანში მცხოვრები ოჯახებისა და ინდივიდების გამოკითხვის გზით (იხ. დანართი 1 – კითხვარი). ასეთი გზით მიღებული შერჩევის ერთობლიობა მოიცავს თბილისის მასშტაბით გენერალური ერთობლიობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. რესპონდენტები იყვნენ თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის, განათლების, სქესის, სოციალური სტატუსის, შემოსავლების მქონე ადამიანები (იხ. დანართი 2 – რესპონდენტთა დემოგრაფიული მონაცემები). სულ გამოიკითხა 1116 რესპონდენტი. მიღებული მონაცემები დამუშავდა SPSS პროგრამის საშუალებით. 
      კვლევის შედეგები შთამბეჭდავია და ხაზსგასმით წარმოაჩენენ საქართველოში მეწარმეობისადმი დამოკიდებულების სპეციფიკას თბილისის მაგალითზე. ემპირიული მასალის ანალიზი ადასტურებს, რომ რესპონდენტთა 91,5% ისურვებდა ყოფილიყო თვითდასაქმებული. ამ მხრივ, ევროპელები ბევრად უფრო თავშეკავებულნი არიან. ევროკავშირში რესპონდენტთა მხოლოდ 45% გამოთქვამს თვითდასაქმების და მეწარმეობის დაწყების სურვილს. აშშ-ში მსგავს სურვილს გამოთქვავს 65%, ხოლო ჩინეთში – 71%. (Who want to be an entrepreneur?; http://www.euronews.net/2010/06/14/who-want-to-be-an-entrepreneur/ ; 14/06 20:59 ჩEთ   2010; ლასტ რეტრიევედ ჟულყ  10, 2010). 
      უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმატებული რეფორმების ფონზე სუსტია უარყოფითი განწყობა მეწარმეობისადმი. მაღალი უმუშევრობის დონის  ფონზე მნიშვნელოვნად დიდია თვითდასაქმების სურვილი. ასევე, ძლიერია მომავალში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მოლოდინი. საქართველოში თბილისელ  რესპონდენტთა პოზიტიური დამოკიდებულება მეწარმეობისადმი მიანიშნებს რესპონდენტთა თავდაჯერებულობაზე, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის განცდის არსებობაზე, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების წარმატების მოლოდინზე. 
      განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს გამოკითხულ ადამიანთა ამჟამინდელი სამეწარმეო საქმიანობის ფაქტიური მდგომარეობა. რესპონდენტთა პასუხები კითხვაზე “ეწევით თუ არა მეწარმეობას (გაქვთ თუ არა საკუთარი ბიზნესი)”? ცხადყოფს, რომ  რესპონდენტთა 81,8% არ ეწეოდა მეწარმეობას. მხოლოდ 10,0% იყო თვითდასაქმებული. 6,1% ეწეოდა მეწარმეობას მცირე ან საშუალო ბიზნესში, ხოლო 1.4% – მსხვილ ბიზნესში. მონაცემები არ არის რესპონდენტთა 0,6%-დან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში რესპონდენტთა 12% არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით, იაპონიაში – 15%, აშშ-ში – 21%, ჩინეთში – 27%. 
      რესპონდენტთა 91,5% დადებითად პასუხობს კითხვაზე “რომ შეგეძლოთ ისურვებდით თუ არა ყოფილიყავით თვითდასაქმებული”. უარყოფითად პასუხობს 6,0%. მონაცემები არ გვაქვს რესპონდენტთა 2,5%-დან. 
      რესპონდენტთა დიდი ნაწილი (48,4%) მეწარმეობისათვის ყველაზე დიდ საშიშროებად მიიჩნევს არარეგულარულ შემოსავლებს.გაკოტრების საფრთხე საშიშროებად მიაჩნია რესპონდენტთა 39,6%-ს. საქართველოში ეს მაჩვენებლები განსხვავდება ევროპისა და სხვა ქვეყნების მონაცემებისაგან. ჩინელებისათვის მეწარმეობასთან დაკავშირებულ საშიშროებათა შორის პირველ ადგილზეა  გაკოტრების საფრთხე – 56%. ევროპელებისთვისაც მეწარმეობასთან დაკავშირებულ საშიშროებათა შორის პირველ ადგილზეა გაკოტრების საფრთხე – 49%. აშშ-ში და იაპონიაში, ქართველების მსაგავსად, მეწარმეობასთან დაკავშირებულ საშიშროებათა შორის პირველ ადგილზეა არარეგულარული, არასტაბილური შემოსავლები. აშშ-ში რესპონდენტთა 46% ფიქრობს ასე, ხოლო იაპონიაში 37%. (Who want to be an entrepreneur?;  http://www.euronews.net/2010/06/14/who-want-to-be-an-entrepreneur/;  14/06 20:59 ჩEთ   2010; ლასტ რეტრიევედ ჟულყ  10, 2010). 
      გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51,4%) იმედს გამოთქვამს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში გახდება მეწარმეობით დაკავებული. კითხვაზე – “მიგაჩნიათ თუ არა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში გახდებით მეწარმეობით დაკავებული” – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიახ, გავხდები თვითდასაქმებული – 25,6%; დიახ, დავიწყებ მეწარმეობას მცირე ან საშუალო ბიზნესში – 20,8%; დიახ, დავიწყებ მეწარმეობას მსხვილ ბიზნესში – 5%; არა – 46,1%; მონაცემები არ არის რესპონდენტთა  2,5%-დან (იხ.დიაგრამა #1). 
      განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ რესპონდენტთა 82,6%-ს ურჩევნია იყოს თვითდასაქმებული, ვიდრე სხვა ორგანიზაციის/პირის მიერ დაქირავებული. რესპონდენტთა მხოლოდ 13,9%-ს ურჩევნია იყოს დაქირავებული. მონაცემები არ არის რესპონდენტთა 3,5%-დან. 
      თვითდასაქმების დიდი სურვილის მიუხედავად, პარადოქსულად ჩანს ის ფაქტი, რომ რესპონდენტთა უდიდეს ნაწილს (55,7%) ურჩევნია დასაქმება სახელმწიფო სექტორში და არა კერძო სექტორში. კერძო სექტორში დასაქმებას ამჯობინებს რესპონდენტთა 41,2%. მონაცემები არ არის რესპონდენტთა 3,1%-დან. ასეთი პარადოქსული ვითარება შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ საქართველოში რესპონდენტებს მეწარმეობასთან (და, შესაბამისად, კერძო ბიზნესთან) დაკავშირებული საშიშროებებიდან ყველაზე დიდ საშიშროებად მიაჩნიათ არარეგულარული შემოსავლები. ამ მხრივ, სახელმწიფო სექტორში დასაქმება რესპონდენტთა მიერ, სავარაუდოდ, სტაბილური შემოსავლების მიღების გარანტად აღიქმება. 
      განსაკუთრებული ინტერესის საგანია რესპონდენტთა პასუხები იმის შესახებ, თუ რომელი სექტორი მიაჩნიათ ყველაზე უფრო სასურველად მეწარმეობის დაწყების თვალსაზრისით. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, რესპონდენტთა უმრავლესობა მეწარმეობის დასაწყებად ყველაზე უფრო სასურველად მიიჩნევს განათლების, კულტურისა და დასვენების სექტორს (19,5%). სასურველი სექტორის მიხედვით, რანჟირებისას პირველ ხუთეულშია: საფინანსო, საბანკო და სადაზღევო მომსახურება (15,3%); ტურიზმი და საკურორტო მეურნეობა (14,7%); ვაჭრობა/კომერცია (11,6%); ჯანდაცვა (9,5%) (იხ. დიაგრამა #2).   
      კითხვაზე – “არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რომელ სექტორში ისურვებდით თვითდასაქმებას/მეწარმეობის დაწყებას” – რესპონდენტთა პასუხი შემდეგია: სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება – 5,4%; მრეწველობა – 5,2%; ვაჭრობა/კომერცია – 11,6%; მშენებლობა – 3,0%; ტრანსპორტი – 2,1%; კავშირგაბმულობა – 2,7%; სათბობი, ენერგეტიკა – 0,7%; ტურიზმი, საკურორტო მეურნეობა – 14,7%; საფინანსო, საბანკო, სადაზღევო მომსახურება – 15,3%; ოპერაციები უძრავი ქონებით – 2,2%; ჯანდაცვა – 9,5%; განათლება, კულტურა, დასვენება – 19,5%; სასტუმროები და რესტორნები, კვების ობიექტები – 3,8%; სხვა მომსახურება – 3,6%; მონაცემები არ არის – 0,8%. 
      ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ემპირიული მასალის ანალიზი ადასტურებს კვლევის ჰიპოთეზას. უკანასკნელი წლების რეფორმების ფონზე, არც თუ ისე დიდია უარყოფითი განწყობა მეწარმეობისადმი. მაღალი უმუშევრობის დონის ფონზე მნიშვნელოვნად დიდია თვითდასაქმების სურვილი. ასევე, ძლიერია მომავალში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მოლოდინი. რესპონდენტთა უმეტესობა (48%) მეწარმეობასთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ საშიშროებად არარეგულარულ შემოსავლებს მიიჩნევს. გამოკითხულთა 51,4% მიიჩნევს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში დაკავდება მეწარმეობით. თბილისელ რესპონდენტთა პოზიტიური დამოკიდებულება მეწარმეობისადმი მიანიშნებს მათ თვითდაჯერებულობაზე, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის განცდაზე, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების წარმატების მოლოდინზე.