რა ზიანი მიაყენა ჰეგელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის არცოდნამ

ემზარ ჯგერენაია

“არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული, გარდა იდეისა მარადისობის შესახებ”… ჰეგელი

ნამდვილად ვიცი, მოგენატრებოდათ ჩემთან საუბარი და გამოგიტყდებით – მეც! არადა, მიიწურა ზამთარი და, ალბათ, სუსხიც და სცივეც შეგვეშვება, შეიცვლება ბუნება და – ხასიათიც, ისე, როგორც ყოველთვის! არ შეიცვლება მხოლოდ ზოგიერთი ეკონომიკური პოსტულატი და იმიტომ კი არა, რომ ჰეგელი არ იყო გენიოსი ან თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ რაიმე ახალი აღმოაჩინა სამყაროს განვითარებაში, არა, ის უბრალოდ არ იცნობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსს და მით უმეტეს, არ ეცოდინებოდა ქვენორმატიული აქტები. ჰოდა, ბევრიც დაუკარგავს, ამის გარეშე სამყაროს შეცნობის თეორია არ იქნება სრული და ვერც – ჰეგელის აბსოლუტური გონის თეორია. არა, ამ თეორიას სტუდენტობისას რომ ვკითხულობდი, სულ ვფიქრობდი, რაღაც მარილი აკლია მეთქი და აი, მივხვდი – საგადასახადო კოდექსის დროში და სივრცეში აღქმა აკლია თურმე. აბა, რომ ენახა, ხომ მიხვდებოდა, რომ ყველაფერი იცვლება, გარდა ხარჯებში გასატარებელი ოპერაციის სიდიდისა!
ეეჰ… ვინ იცის მაგათ რამდენი კოდექსი, პარლამენტი და მთავრობა მოიცვალეს, ყველაფერი იცვლება, თაობები აღარ სჩანან ჰორიზონტზე, კლიმატიც კი შეიცვალა და მეც! მაგრამ ეს ქვენორმატიული აქტები – არა!
ამჟამად, მივლინებაში რომ წახვიდეთ ბათუმში ან მესტიაში, დღიურად – საცხოვრებლად, ტრანსპორტისა და კვებისათვის მხოლოდ 15 ლარის დახარჯვის უფლება გაქვთ, დანარჩენს – დაგიბეგრავენ! არ გჯერათ? ნახეთ ეს დოკუმენტი თავად ან დაელოდეთ მორიგ რევიზიას. ისე, მცხეთურ “პერაშკებს” თუ შეჭამთ ბათუმში და მარიამის ჩაის დააყოლებთ, ალბათ, გეყოფათ, მაგრამ მერე მთავარია, ცოცხალი გადარჩეთ. ისე, კაცმა რომ თქვას, თუ გინდა კუბდარი და აჭარული ხაჭაპურით ჩაიკოკლოზინოთ პირი, აქ ბიზნესი რა შუაშია, ბიზნესის წარმომადგენელი ალბათ მშიერი უნდა იყოს იმ პრინციპით, რომ მშიერი კაცის აშენებულია ეს ქვეყანაო! აბა, მაგათ რომ უფლება მისცე, სულ რესტორნებში ივლიან და იქეიფებენ, მერე ეს რესტორნები დიდ ფულს იშოვნიან და გაუბედურდებიან მისი პატრონები. ასეც ხომ შეიძლება იფიქროს კაცმა? ანდა, რასაც იშოვნიან სულ მივლინებაში დახარჯავენ, ხომ იცნობთ ქართველებს, არც დასაბეგრი დარჩება რამე და არც სახლში წასაღები.Gგამოდის, ამით ბიზენსზე ვზრუნავთ. თუ მაინც და მაინც ინფლაციის შედეგად ორმაგად გაძვირებული მწვადის ჭამა უნდათ, დამატებითი გადასახადიც გადაიხადონ. და საერთოდ, დროა ბიზნესი დიეტაზე დადგეს და მეტად მიხედოს დაგროვებას და გადასახადებს! ასეა სასტუმროზეც. ბათუმში და მესტიაში ახალი სასტუმროები რომ შენდება, ის ქართველი ბიზნესმენებისათვის არაა განკუთვნილი. ხარჯებში ვერ გაატარებენ. იქ წერია, წმინდა ინსტრუქციაში – საშუალო დონის სასტუმროს ფასის მიხედვითო და დაზუსტებული არ არის, რომელია ეს საშუალო დონის სასტუმრო, “შერატონი”, “რედისონი” თუ “სანაპირო”? ამიტომ, როცა მოვლენ, საშუალოდ ჩათვლიან, რასაც უნდათ, მაგალითად, კოტეჯებს კვარიათში, რომელიც ხშირად “ინტურისტ პალასზე” ძვირი ღირს. ახლა საწვავის ხარჯს არ იკითხავთ? ოი, გაგიჟდებით! მახსოვს “პუტიოვკები”, იქ დავბრუნდით. უნდა შეადგინოთ მანქანის დეტალური აღრიცხვა ძრავის მოცულობით, გაწევის ძალით, გარბენით, მიმართულებების მიხედვით, ეუბნებით, რატომ წახვედით და რა შედეგი მიიღეთ!
ესეც სწორია! მე ვიცი ბიზნესმენები მანქანით პაემნებზე დადიან და სიდედრები დაჰყავთ ბაზარში! უი, მოვიტყუე… სად არის ბაზრები, სულ გამომრჩა – სუპერმარკეტებში.
საწვავის ხარჯი ბიუჯეტის მტერია და მას სერიოზული კონტროლი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ საწვავი უნდა ჩაასხათ ოფიციალურად გადარიცხული ანგარიშ-ფაქტურაგამოწერილი და მომწოდებლის მიერ დადასტურებული ფორმით. ასე თუ არ დავეხმარეთ ქართულ ბიზნესს, ისინი ვერ გააკონტროლებენ თავიანთ თანხებს და ნამეტნავად დახარჯავენ საწვავში ფულს! ვერ ისწავლეს საკუთარის კონტროლი და საქმეში სახელმწიფოს კონტროლი სჭირდება.
ათადან ბაბადან ასე იყო – კომუნისტების დროსაც და მერე, ტრანსფორმაციის პერიოდში. ჰო მაგრამ, ახლა, ამ გაგანია რეფორმების დროს, არ მეგონა ჰეგელს შევარცხვენდით და არ შევცვლიდით ამ მარად უცვლელ პოსტულატებს! კოროზია და ჟანგი ყველაფერს ეკიდება, შეყვარებულ გულსაც კი და ეს რა გახდა ასეთი.
ეტყობა, ჰეგელს არ ესმოდა სამყაროს განვითარების პარადგიმები, არის ისეთი წმინდა რაღაცეები, რაც არ იცვლება – საგადასახადო კოდექსი და რთული ინსტრუქციები!