რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

ჩემო ძვირფასო და ერთგულო მკითხველებო! მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ ამ მეტად საინტერესო წლის დაწყება. ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოში უზარმაზარ, საუკუნის პროექტებში მეტად მნიშვნელოვანი ინვესტორების მოზიდვა. ეს ტრივიალური აზრი უფრო საგნობრივი რომ გახდეს აუცილებელია, პირველ რიგში, მათი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკით და უპირველესად სატრანსპორტო სფეროთი.

ამიტომ გახდა აქტუალური ეკონომიკური ზონის საკითხი ფოთში და ამ ინიციატივის ხორცშესასხმელად დიდძალი სამუშაო ჩატარდა უკვე. პრეზიდენტის ინიციატივის მატერიალიზაციისათვის კიდევ დიდი სამუშაოებია შესასრულებელი. ეს არის 10 წელზე გათვლილი პროგრამა. ამ პროექტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოში და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ დეტალურად შევჩერებულიყავით მასზე . ასევე საუკუნის პროექტი – ყველა ევროპელის და აზიელის ოცნება – სამხრეთის გზით რკინიგზის საშუალებით ევროპისა და აზიის დაკავშირება, რასაც ჩვენ მარაბდა-ყარსის რკინიგზას ვეძახით, მნიშვნელოვანია. ამ პროექტზე დაიწყო კონკრეტული მუშაობა და დისკუსია. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მასალას, რომელიც წარმოაჩენს ამ პროექტის დადებით მხარეებს და პრობლემებს, პროფესიონალთა მსჯელობას ამ უდიდესი მნიშვნელობის ინვესტიციაზე.
მესამე მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, არის საქართველოს 2007 წლის ინვესტიციური გეგმა. მოსალოდნელია საინვესტიციო ბუმი ჩვენს ქვეყანაში და ეს სრულად ესადაგება მის ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკის მართვის ამჟამინდელ მოდელს. გთავაზობთ მიმდინარე წლის ეკონომიკური სიტუაციის ანალიზს.
ამ ნომერში იხილავთ მომხმარებელთა ინტერსების დაცვისა და სურსათის უსაფრთხოების პრობლემის ირგვლივ დისკუსიას. არაერთხელ გავაანალიზეთ ჩვენი სასურსათო ბიზნესის და მეღვინეების გზის სირთულები ევროპისაკენ, მაგრამ აქ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და, პირველ რიგში, მმართველობის თვალსაზრისით. ამ საკითხს კვლავ უბრუნდებით, რადგან ბევრი საჭირო რეფორმა დავიწყეთ და ბოლომდეა მისაყვანი. ამ საქმეში საჯარო დისკუსიის როლი, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად, მეტად მნიშვნელოვანია.
ამ ფონზე მკითხველს ვთავაზობთ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ანალიზს და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვას. ვფიქრობთ, ეს დააინტერესებს ინვესტორებს.
ტრადიციულად გთავაზობთ მეცნიერების და საქართველოს ბაზრის მიმოხილვას, ასევე საერთაშორისო სახელმწიფოებრივ რეიტინგებს, რომელსაც წამყვანი სააგენტოები აქვეყნებენ.
ახალი წლიდან ახალი პროექტებით წარვსდექით თქვენს წინაშე და იმედია ეს გაზრდის ჩვენდამი ნდობას და ინტერესს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial