საქარველოს ნახშირის მრეწველობის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების ეკონომიკური მნიშვნელობა*

ი. რეხვიაშვილი, თ. ფირცხალავა

ნახშირი, როგორც ენერგიაშემცველი, სულ მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. უკვე ამჟამად, მსოფლიოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 44% ნახშირზე მოდის. მოწინავე ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 60%-ს აჭარბებს. მომავალში ნახშირის წილი ელე-ქტროენერგიის წარმოებაში გაიზრდება. საქართველოს თანამედროვე ნახშირის მრეწველობა დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ხასიათდება არა იმდენად ტყიბული-შაორის საბადოს (ტშს), რომელიც ქვეყნის ნახშირის მრეწველობის ძირითად ბაზას წარმოადგენს, რთული სამთო-გეოლოგიური პირობების გამო, რამდენადაც იმით, რომ საბადოს ათვისების არსებული კონცეფცია არ შეესაბამება ტშს სამთო-გეოლოგიურ პირობებს.

გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტში დამუშავდა ტშს ათვისების ახალი კონცეფცია, რომელიც საბადოს მომგებიან რეჟიმში ექსპლუატაციას უზრუნველყოფს სამთო სამუშაოების კონცენტრაციისა და ინტენსიფიკაციის, მექკომპლექსების გამოყენების ხელსაყრელი პირობების შექმნის ხარჯზე, რაც სამთო სამუშაოების კონცენტრაციისა და ინტენსიფიკაციის, შრომის ნაყოფიერების ამაღლების და მოპოვებული ნახშირის თვითღირებულების შემცირების ერთად-ერთი შესაძლებლობაა [1].
მსოფლიოს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში ნახშირის ადგილი და როლი
მთელი რიგი საუკუნეების მანძილზე ნახშირი იყო და კიდევ მრავალი წელი დარჩება ორგანული წარმოშობის ენერგეტიკულ წყაროდ. ნახშირი, როგორც გასულ საუკუნეში, კვლავ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ცივილიზაციის განვითარებაში, კერძოდ, მოსახლეობის ელექტროენერგიითა და სათბობით მომარაგებაში, მეტალურგიულ და სამრეწველო წარმოებაში.
2004 წელს ქვანახშირისა და მურანახშირის მოპოვებამ 5 მლრდ ტ შეადგინა (2,5-ჯერ მეტი, ვიდრე 1973 წელს). მსოფლიოში სულ გამომუშავებულია 16 ტრილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია. თბო-ელექტროსადგურების წილად მოვიდა 64,5% ანუ 10,3 ტრლნ კვტ.სთ. აქედან 6,2 ტრლნ.კვტ.სთ, რაც 60%-ს შეადგენს, წარმოებული იყო ნახშირის თბოელექტროსადგურებში (მთლიანად მსოფლიოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 38,7%) [2].
2007 წელს ქვანახშირისა და მურანახშირის მოპოვება 6 მლრდ ტ-ს მიუახლოვდა. სულ მსოფლიოში 19,71 ტრლნ კვტ.სთ იყო გენერირებული. ნახშირის თბოელექტროსადგურების წილად 68%, ანუ 13,5 ტრლნ. კვტ. სთ მოვიდა. Aაქედან 82,2 ტრნ კვტ. სთ (60%-ზე მეტი) ნახშირის თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს, რაც მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობიდან 41,5% შეადგენს [3], ხოლო მოწინავე ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში, როგორც ზემოთ აღინიშნა, 60%-ს აჭარბებს. Aასე, მაგალითად, ნახშირზე ელექტროენერგიის გენერაცია პოლონეთში – 97%, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – 93%, ავსტრალიაში – 85%, ჩინეთში – 80%, ინდოეთში – 75%, საბერძნეთში – 71%, დანიაში – 67%, აშშ-ში – 57% [3,4] შეადგენს. მომავალში ნახშირის მოპოვება კიდევ უფრო გაიზრდება და 2030 წელს 9 მლრდ ტ-ს მიაღწევს. 2007 წელთან შედარებით მატება 3 მლრდ ტონას აღემატება.
გრძელვადიანი პროგნოზის შესაბამისად, 2030 წლამდე ნახშირზე ელექტროენერგიის გენერაცია სხვა ენერგიაშემცველებთან შედარებით უფრო მაღალი ტემპებით გაიზრდება და 45%-ს მიაღწევს. ამასთან, 2030 წელს ნახშირის თეს-ების წილი 66%-დან 74%-მდე მოიმატებს [5].
ნახშირის მოპოვების ზრდა და მისი ელექტროგენერაციაში დიდი მასშტაბით გამოყენება (70%-მდე) შემთხვევითი არ არის. Eეს გარემოება განპირობებულია ფუძემდებლური მნიშვნელობის მიზეზებით. Kკერძოდ:
– ნახშირი დედამიწის საპროგნოზო ორგანული სათბობ-ენერგეტიკული რესურსის ძირითად ნაწილს წარმოადგენს (87 %) და გასული საუკუნის 70-იანი წლების შეფასებით, 12,8 ტრლნ. ტ პირობით საწვავს შეადგენდა, რაც ქვანახშირის, მურანახშირისა და ლიგნიტების ტონაჟზე გადათვლით 15,86 ტრილიონ ტონას შეადგენდა [1]. ნახშირის რესურსი დაძიებულია 75 ქვეყანაში. მსხვილი ნახშირის საბადოები განლაგებულია აშშ-ში (445 მლრდ. ტ), ჩინეთში (272 მლრდ. ტ), რუსეთში (220 მლრდ. ტ), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (130 მლრდ. ტ), გერმანიაში (100 მლრდ. ტ), ავსტრალიაში (90 მლრდ. ტ), დიდ ბრიტანეთში (50 მლრდ. ტ), კანადაში (50 მლრდ. ტ) და პოლონეთში (25 მლრდ. ტ). ნახშირის მოპოვების თანამედროვე დონის გათვალისწინებით (6 მლრდ. ტ), [6] ნახშირი კაცობრიობას სულ ცოტა 300 წელი მაინც ეყოფა, რაც 5-6-ჯერ აღემატება ნავთობისა და გაზის მოპოვების მარაგს (შესაბამისად 45 და 65 წელი). მსოფლიოს ნახშირის ინსტიტუტის შეფასებით, ნავთობგაზის წამყვანი მდგომარეობა საორიენტაციოდ 2010 წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ამის შემდეგ ნახშირი კვლავ უმნიშვნელოვანესი ენერგიის წყაროს მდგომარეობას დაიბრუნებს:
– ნავთობისა და გაზის კრიზისული რეგიონებიდან იმპორტის არასაიმედოობა ნახშირის საბადოებიდან განსხვავებით. ნავთობისა და გაზის თითქმის 80%-ის მარაგი აკუმულირებულია იმ ქვეყნის ტერიტორიებზე, რომლებიც საკმაოდ ხშირად იყენებენ ამ ენერგიაშემცველებს თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად ლოკალური ხასიათის ან მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკული კრიზისების გამოწვევით, რაც ამ ქვეყნებიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის მაღალი რისკისა და არასაიმედოობის ძირითადი მიზეზია;
– ნავთობისა და გაზის შეზღუდული მარაგებისა და მათზე მაღალი მოთხოვნილების გამო ამ ენერგიაშემცველებზე ფასების განუწყვეტელი ზრდა. ექსპერტების შეფასებით, 2030 წლისათვის ნავთობზე და გაზზე მოთხოვნილება დაახლოებით 50%-ით გადააჭარბებს ამ ენერგიაშემცველებით მომარაგების გლობალურ სისტემას;
– ნახშირის მრეწველობის რესტრუქტურიზაციის შედეგად, რამაც შახტში მექანიზებული ტექნოლოგიების ექსპლუატაციის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა და რომელთა გამოყენება სამთო სამუშაოების კონცენტრაციასა და ინტენსიფიკაციას უზრუნველყოფს იმ დონემდე, რაც საკმარისია ნახშირის მოპოვების თვითღირებულების შემცირების, შრომის ნაყოფიერების ზრდის, საწმენდ სანგრევებში დღეღამური დატვირთვების, მათ რიცხის შემცირების მისაღწევად. მხოლოდ აღნიშნული პირობების პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია დოტაციური ნახშირის მრეწველობის მომგებიან დარგად გარდაქმნა, საბადოს ათვისების ექსტენსიური მოდელიდან საბადოს ათვისების ინტენსიურ მოდელზე გადასვლა.
მექანიზებული ტექნოლოგიების მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით, ექსპლუატაცია წარმოებს არა მარტო ხელსაყრელ სამთო-გეოლოგიურ პირობებში, არამედ ტშს-თან შედარებით გაცილებით უფრო რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში (რურისა და ყარაგანდის აუზების შახტებში მექანიზებული ტექნოლოგიებით თითქმის 100% ნახშირი მოიპოვება, დონეცის აუზის შახტებში – 89%).
რესტრუქტურიზაციის პროცესში ლიკვიდირებულია უპერსპექტივო, პატარა მწარმოებლურობის შახტები. მათმა რიცხვმა ჩინეთში – 8845, აშშ-ში – 1851, ინგლისში – 212, რუსეთში – 153, გერმანიაში – 121 შეადგინა. შენდება 3-9 მლნ. ტ ნახშირის წლიური მწარმოებლურობის ახალი შახტები.
ანალოგიური პროცესები, რომლებიც თან სდევენ ნახშირის მრეწველობის რესტრუქტურიზაციას, დამკვიდრდა თეს-ებში ნახშირს წვის სრულყოფის სფეროში. არც ისე შორეულ წარსულში 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო იყო 12 კგ ნახშირის მასა. ამჟამად, მაგალითად, გერმანიაში ელექტროენერგიის გენერაციის საჭიროებისათვის ნახშირის წვის ტექნოლოგიების გაუმჯობესების, მათი საიმედოობის განმტკიცებისა და მარგი ქმედების კოეფიციენტის ამაღლების შედეგად, 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავების საჭიროებისათვის 350 გ ნახშირის მასაა საკმარისი (ნახშირის ეკვივალენტში).
ნახშირის მრეწველობის რესტრუქტურიზაციის შედეგად, ჯერ კიდევ 2000 წელს ნახშირის საშუალო ფასი მისი თბოუნარიანობის გათვალისწინებით, ეკვივალენტური თბოუნარიანობის მქონე ნავთობის ფასზე 2,5-ჯერ, ხოლო გაზის 1,3-ჯერ ნაკლები იყო.
ამჟამად, მოწინავე ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში ეკოლოგიაზე ხარჯების გათვალისწინებით, ნახშირზე გამომუშავებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება 1,5-2,5-ჯერ უფრო იაფია. ბუნებრივ გაზზე გამომუშავებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულებაზე მომავალში ეს მაჩვენებლები ნახშირის სასარგებლოდ გაიზრდება [7].
ზემოაღნიშნული ინფორმაციის განზოგადოების შედეგად, თბოელექტროენერგეტიკაში ნახშირის გამოყენების მასშტაბების, თეს-ებში ნახშირის წვის ტექნოლოგიების ეფექტურობის დონის გათვალისწინებით, დამაჯერებლად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნახშირმა, როგორც ენერგიაშემცველმა, სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო ნახშირის მრეწველობამ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ამ ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ადგილი დაისაკუთრა. ექსპერტთა მტკიცებით, XXI საუკუნე ნახშირის საუკუნე იქნება.
რაც შეეხება თბოელექტროსადგურებში ნახშირის გამოყენების ეკოლოგიურ ასპექტს, ამ სფეროში დამუშავდა და დაინერგა სუფთა ტექნოლოგიები, რამაც არა მარტო შესაძლებელი გახადა ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ეკოლოგიურ ნორმებამდე დაყვანა, მავნე გაზებისა და მყარი ნაწილაკების უტილიზაციის შედეგად, არამედ მათი გავლენა ატმოსფეროს შემცველობაზე ნულის ტოლი გახადეს [7].
Uუცხოელი და ქართველი მეცნიერების მიერ შესრულებული კვლევების შედეგების მიხედვით, [8, 9] ატომური და თბოელექტროსადგურები, რომლებიც ბუნებრივ გაზზე და ნავთობზე მუშაობენ, გაცილებით მეტ ზიანს აყენებენ ატმოსფეროს, ვიდრე ნახშირის თბოელექტროსადგურები.
საქართველოს, როგორც ნახშირმომპოვებელი ქვეყნის პოტენციალი საქართველო, ყველა იმ შესაძლებლობას ფლობს, რომლებიც ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიკური მაჩვენებლების, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საიმედოობის გაზრდის საშუალებას იძლევიან ტშს თანამედროვე დონეზე ათვისების, ტყიბულის ნახშირის ქვეყნის ბაზისური ელექტროგენერაციაში გამოყენების ხარჯზე.
საქართველოს ნახშირის მრეწველობის, როგორც ითქვა, ძირითად ბაზას ტშს წარმოადგენს. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ნახშირის მარაგის თითქმის 80%. მხოლოდ საბალანსო მარაგი 250 მლნ. ტ-ს შეადგენს, საპროგნოზო კი 600 მლნ. ტ-ს აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ სამამულო თბოელექტროსადგურები მთლინად ტყიბულის ნახშირის მოხმარებაზე გადავლენ, მხოლოდ საბალანსო მარაგით თეს-ები არანაკლებ 70-80 წლით იქნებიან უზრუნველყოფილი.
ტყიბულის ნახშირის ხარისხი აკმაყოფილებს თბოელექტროენერგეტიკაში ნახშირის მიმართ წარდგენილ ყველა მოთხოვნილებებს. ტშს ნახშირის თბოუნარიანობა 4300-5200 კკალ/კგ ფარგლებში ვარირებს (17-20 მჯ/კგ).
საბადოს ექსპლუატაცია 100 წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ტყიბული ჩამოყალიბდა, როგორც მეშახტეთა ქალაქი, რომელიც სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებით საქართველოს ყველა რეგიონს უკავშირდება. ტყიბულის შახტები ჯერჯერობით უზრუნველყოფილნი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშებითა და ინჟინრებით. სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციებმა ჯერჯერობით ნაწილობრივ შეინარჩუნეს თავისი პოტენციალი.
საქართველოს
ნახშირის მრეწველობის განვითარების ეტაპები
საქართველოს ნახშირის მრეწველობის განვითარების ეტაპები ორ ნაწილად იყოფა – საბჭოური და საქართველოს დამოუკიდებლობის შეძენის შემდგომი.
ტშს მსხვილმასშტაბიანი ათვისება გასული საუკუნის 30-50-იან წლებზე მოდის. აღნიშნულ წლებში დაზვერილი იყო დასავლეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უბნები. ასეთივე თანმიმდევრობით აშენდა “დასავლეთი”, “აღმოსავლეთი” (იმერეთის), “სამხრეთ-აღმოსავლეთი” (გ. წუ-ლუკიძის სახ.) შახტები.
1958 წლისათვის დაზვერილი იყო ახალი უბნები “აღმოსავლეთი-2” და “დასავლეთი-2”. ერთდროულად “აღმოსავლეთი” (ე. მინდელის სახ.) და “დასავლეთი-2” შახტების მშენებლობა დაიწყო. გათვა-ლისწინებული იყო “დასავლეთი” შახტის “დასავლეთი-2” შახტით ჩანაცვლება. შემდგომში კი გადაწყდა “დასავლეთი-2” შახტის ა.ძიძიგურის შახტთან მიერთება.
ყველა შახტი დაბალი მწარმოებლურობის, საშახტო ველების შეზღუდული ზომების მქონე შახტების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ე.მინდელის სახ., ა.ძიძიგურის სახ. და “დასავლეთი-2” შახტების საპროექტო წლიური მწარმოებლურობა 600 ათასი ტ ნახშირის ტოლი იყო, ხოლო “დასავლეთისა” და გ.წულუკიძის სახ. შახტების საპროეტო სიმძლავრე, შესაბამისად, 250 და 350 ათასი ტ ნახშირს არ აღემატებოდა, საწმენდ სანგრევზე დღეღამური დატვირთვები დაბალი იყო, 200-250 ტ ნახშირს არ აღემატებოდა.
ყველა შახტი წამგებიანი შახტების კატეგორიას მიეკუთვნებოდა და სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფებოდა.
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში ნახშირის მრეწველობას საკმაოდ დიდი დროით პრესტიჟული ადგილი ეკავა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საქართველოში სამთო წარმოებების ინტენსიური მშენებლობით ხასიათდება, რაც ჩვენს ქვეყანაში თუჯის, ფოლადისა და ნაგლინის წარმოების განვითარებით აიხსნება [10].
ზემოაღნიშნული დარგების გარდა თავისი პროდუქციით ნახშირის მრეწველობა ელექტროენერგეტიკას ამარაგებდა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართველმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა უშეცდომოდ განსაზღვრეს ნახშირის, როგორც ენერგიაშემცველის ადგილი და როლი, როგორც მომავლის ენერგომატარებელი. სულ მალე აშენდა ტყვარჩელის თესი, ქუთაისის და რუსთავის თეც-ები. მათი ჯამური წლიური სიმძლავრე 450 მვტ-ს შეადგენდა. სამივე სადგურის მოთხოვნილება ნახშირზე 1,5 მლნ. ტ-ზე ცოტა მეტი იყო.
მე-XX საუკუნის 60-იან წლებში ადგილობრივი და გარედან შემოტანილი ნახშირის რაოდენობამ ჯამში 4,5 მლნ. ტ-ს მიაღწია. საქართველოში მოპოვებული ნახშირის 50% ელექტროენერგიის წარმოებას ხმარდებოდა, რაც იმ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბითაც მაღალი მაჩვენებელი იყო. საყოფაცხოვრებო სექტორს დაახლოებით 17% (0,5 მლნ. ტ ნახშირი) მიჰქონდა.
სამწუხაროდ, გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ყველა ნახშირმომპოვებელ რესპუბლიკებში, ბუნებრივია, მათ შორის საქართველოში, ნახშირის მრეწველობის განვითარება შეწყდა, შეჩერდნენ მოქმედი ნახშირის თეს-ები. ამის მიზეზი კომუნისტური პარტიის XXI-ე ყრილობაზე ძირეულად მცდარი ენერგეტიკული კონცეფციის მიღება იყო. ამ კონცეფციის შესაბამისად, ნახშირის მრეწველობის განვითარების საჭიროებისათვის ადრე გამოყოფილი 125 მლრდ. რუბლი გაზისა და ნავთობის მრეწველობას გადაეცა აღნიშნული ენერგიაშემცველების მოპოვების მოცულობის ზრდის მიზნით [11, 12].
ამ დროიდან დაწყებული, მკვეთრად შემცირდა ახალი შახტებისა და ახალი ჰორიზონტების მშენებლობა. ფინანსების უკმარისობის გამო დაბალი მწარმოებლურობის, ამორტიზებული შახტების ექსპლუატაციის დროის გახანგრძლივების მავნე პრაქტიკა დამკვიდრდა, რამაც საგრძნობლად გააუარესა ნახშირის მრეწველობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გაზარდა დარგის შესანახად სახელმწიფო დოტაციები.
Nნახშირის მოპოვების მოცულობის კლებამ ამ ენერგომატარებლის გამოყენების მასშტაბების შემცირება განაპირობა. 1960 წელს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში ნახშირის წილი 18%-ს შეადგენდა. 1958 წელს ტყიბულის შახტებში მოპოვებული იყო 1,425 მლნ. ტ ნახშირი. 1990 წელს ეს მაჩვენებელი ორჯერ და მეტად შემცირდა და 0,653 მლნ. ტ შეადგინა.
1989 წელს საპროექტო ორგანიზაციებმა “საქშახტოპროექტმა” და “სოიუზცენტრგიპროშახტმა” დაამუშავეს “საქართველოს ნახშირის მრეწველობის განვითარების სქემა 2005 წლამდე და უფრო შორეულ პერსპექტივაზე”. Aამ სქემის შესაბამისად, შაორის ნახშირშემცველ მოედანზე 0,7 მლნ. ტ ნახშირის წლიური მწარმოებლურობის შახტის “შაორი ახალი” მშენებლობა იყო გათვალისწინებული. მეორე შახტს “გაერთიანებულს” უერთდებოდა “დასავლეთი-2” შახტის ველი და საბადოს ცალკეული უბნები. ყველა შახტის ჯამური წლიური მწარმოებლურობა 2,0 მლნ. ტ ნახშირის ტოლი იყო. საწმენდი სანგრევების რიცხვი ძალზე დიდი იყო და 21-ს შეადგენდა, რაც სამთო სამუშაოების დეკონცენტრაციას უწყობდა ხელს. ამ საწმენდ სანგრევებზე დღეღამური დატვირთვები მართალია, გაიზარდა და 400 ტ ნახშირს მიაღწია, მაგრამ საბადოს გახსნისა და მომზადების ტექნოლოგიური სქემები იგივე დარჩა. საქართველოს ნახშირის მრეწველობის განვითარებას ხარისხობრივად არ ცვლიდა. ტყიბულის შახტების კვლავ წამგებიან რეჟიმში მუშაობა მოუწევდათ და სახელმწიფო დოტაციები დასჭირდებოდათ.
1992 წლიდან დაწყებული დღემდე ელექტროენერგიის წარმოებაში ნახშირი აღარ გამოიყენება.
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების მიუხედავად, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საკავშირო ნახშირის მრეწველობის მხარდაჭერით, გ. წულუკიძის სახ. სამთო ინსტიტუტმა ტშს დამახასიათებელ სამთო-გეოლოგიურ პირობებში სხვადასხვა კონსტრუქციის მექანიზებული კომპლექსები გამოსცადა და დაადგინა ტყიბულის შახტებში მათი ეკონომიკური ეფექტიანობით გამოყენების შესაძლებლობა [13].
საქართველოს დამოუკიდებლობის შეძენის შემდეგ სოციალისტურ პრინციპებზე აგებულმა ნახშირის მრეწველობამ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერ შეძლო ადაპტაცია.Mმიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უყოფდა ტყიბულის შახტებს საკმაოდ დიდი ოდენობის დოტაციებს, დარგის დეგრადაცია არ შეჩერებულა. მთლიანად დაიკარგა ნახშირის გასაღების ბაზარი. 2009 წელს სულ მოპოვებული იყო 140 ათასი ტ ნახშირი.
ნახშირის მოპოვების მოცულობის მკვეთრად შემცირების შედეგად ყოველ 1 ტ მოპოვებულ ნახშირზე ხარჯები გაიზარდა. საკმარისია ითქვას, რომ 1 ტ სასაქონლო ნახშირის ფასმა 134 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 1 ტ ნახშირის საბაზრო ფასი 40 ლარი იყო. ამ ფასშიც კი ვერ ხერხდებოდა მოპოვებული ნახშირის რეალიზაცია. საქართველოს ეკონომიკაში ნახშირმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
1992 წლიდან 2003 წლამდე საქრთველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ 10 დადგენილება და განკარგულება გამოსცეს, რომლებიც ნახშირის მრეწველობის შემდგომ განვითარებას ისახავდა მიზნად. მაგრამ ამ დადგენილებებმა და განკარგულებებმა ვერ ჰპოვეს პრაქტიკული რეალიზაცია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი არ ითვალისწინებდნენ საზოგადოებაში მომხდარ ეკონომიკურ ცვლილებებს და არც იმ ფუნდამენტურ პროცესებს, რომლებმაც განვითარებულ ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში დოტაციური ნახშირის მრეწველობა მომგებიან დარგად გარდაქმნა განაპირობეს.
ნახშირის მრეწველობის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა “ტასის”-ის პროგრამით მიღებულმა კვლევის შედეგებმა [14]. სტატიაში [15] ნახშირის გამოყენება მიზანშეწონილად არის მიჩნეული საყოფაცხოვრებო სექტორში და წვრილ, კერძო წარმოებებში, ე.ი. იმ სფეროში, სადაც ნახშირს, როგორც ამას მოწინავე ნახშირმომპოვებელი ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, არ შეუძლია გაზსა და ნავთობს გაუწიოს კონკურენცია.
“ტასის”-ის პროგრამით მიღებული შედეგების მიხედვით, “სამთო ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს ნახშირის მრეწველობა არც ნახშირის ხარისხით, არც მარაგით და არც სამთო-გეოლოგიური პირობებით არ მიეკუთვნება პერსპექტიულ ჯგუფს ახალი შახტების მშენებლობის თვალსაზრისით”. [14]
ნახშირის მრეწველობის მძიმე მდგომარეობა აისახა “საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ნაცინალურ პროგრამაში”.
აღნიშნულ პროგრამაში ნახშირის მრეწველობის განვითარების ასპექტები განიხილება, როგორც სახელმწიფო პრობლემა, რომელიც პრაქტიკულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. “პროგრამაში” პირდაპირ არის მითითებული, რომ “ნახშირის მრეწველობაში, რამდენადაც ლაპარაკია ადგილობრივი ენერგეტიკული ნედლეულის გამოყენებზე, აუცილებელია სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა”. უკუ შემთხვევაში, ნახშირის მრეწველობის კონსერვაციის საკითხი დადგება. მაგრამ ინვესტიციის მოზიდვამდე, როგორც ეს პროგრამაშია აღნიშნული, საჭიროა მთელი რიგი პრობლემების შესწავლა და მათზე გადაწყვეტილებების მიღება იმ მიზნით, რომ პოტენციურ ინვესტორს შეექმნას სრული წარმოდგენა ტყიბული-შაორის საბადოზე.
საქართველოს ნახშირის მრეწველობის თანამედროვე მდგომარეობა
2007 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შპს “საქნახშირზე” (დჯი-აი-დჯ ჯგუფზე) გასცა ლიცენზია #00932 ტშს ექსპლუატაციაზე. ლიცენზიის შესაბამისად, შპს “საქნახშირი” ვალდებული იყო ტყიბულის შახტებზში პირველ წელს 10000 ტ ნახშირი მოეპოვებინა, შემდგომ წლებში კი არანაკლებ 356 ათასი ტ. შპს “საქნახშირმა” ვერ შეძლო ლიცენზიით გათვალისწინებული ნახშირის მოცულობა მოეპოვებინა ობიექტური მიზეზების გამო. ე. მინდელისა და ა.ძიძიგურის შახტების ტექნიკური მდგომარეობა, რომლებიც ექსპლუატაციაში იმყოფებიან, ძალზე მძიმეა. შახტების საპროექტო სიმძლავრეზე გადაყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ა.ძიძიგურის შახტი ჩაქრობის სტადიაშია, ხოლო ე.მინდელის სახ. შახტის ექპლუატაციის გაშვების დღიდან მისი საპროექტო სიმძლავრეზე გაყვანა ვერ მოხერხდა სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო (შახტის მოწყობილობა-დანადგარები მოძველდა და შახტის გვირაბები კაპიტალურ რემონტს მოითხოვს).
შპს “საქნახშირი” დარწმუნდა რა იმაში, რომ პატარა მწარმოებლურობის, ამორტიზირებულ შახტებში შეუძლებელია ნახშირის მოპოვების მოცულობის მატება, შახტების მომგებიან რეჟიმში ექპლუატაცია, ჩვენი კვლევითი სამუშაოების შედეგების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, ტყიბული-შაორის საბადოზე 3,0-3,5 მლნ. ტ ნახშირის წლიური მწარმოებლურობის თანამედროვე შახტის მშენებლობის შესახებ და ინვესტორის ძებნას შეუდგა.
ამჟამად, მოწინავე ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში (აშშ, გერმანია, ინგლისი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კანადა, რუსეთი და ჩინეთი) მიუხედავად იმისა, რომ ნახშირის მრეწველობის განვითარებაში ძირითადად კერძო კაპიტალი იხარჯება, სახელმწიფო გვერდზე არ დგას და აქტიურ დახმარებას უწევს კერძო წარმოებებს ყველა იმ საკითხში, რომელთა პრქტიკული რეალიზაცია ნახშირის საბადოების წარმატებით ათვისებას უზრუნველყოფს. კერძოდ, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, შახტების წლიური მწარმობლობის განსაზღვრაში, ნახშირის გასაღების ბაზრის შექმნაში, პროექტების დამუშავებაში, ინვესტორების მოზიდვაში და ა.შ.
ნახშირის, როგორც ენერგიაშემცველის, სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით, ყველა მოწინავე ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში იქმნება შერეული სახელმწიფო-კერძო კომპანიები.
საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. Mმიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე, სამინისტროს მაინც არ მიაჩნია საჭიროდ ნახშირის მრეწველობის განვითარების საკითხების კომპლექსზე სათანადო ყურადღება გამოიჩინოს იმ საბაბით, რომ ტშს ათვისებაზე გაცემულია ლიცენზია, მით უმეტეს, სხვა სამინისტროს მიერ.
Eენერგეტიკის სამინისტროს პასიური პოზიცია რამდენადმე უცნაურად გამოიყურება საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივლისის, #3190-1ც დადგენილების ფონზე. Dდადგენილებაში “საქართველოს ენერგეტიკული სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” თაობაზე პირდაპირ არის მითითებული, რომ “საქართველო ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორი ქვეყნიდან თანდათანობით უნდა იქცეს მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების მქონე, მდგრადი, კონკურენტუნარიანი და მოქნილი, დამოუკიდებელი ენერგეტიკული შესაძლებლობის სახელმწიფოდ”. დასმული მიზნის მისაღწევად დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ბაზაზე ნახშირის მრეწველობის განვითარებას ენიჭება უპირატესობა, რათა ამ დარგმა შეძლოს ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში იმპორტული ენერგიაშემცველების ტყიბულის ნახშირით შეცვლა [16].
ტყიბული-შაორის ათვისების არსებული კონცეფცია
ტშს ათვისების არსებული კონცეფცია არ შეესაბამება საბადოს სამთო-გეოლოგიურ პირობებს სამი მეტად მნიშვნელოვანი მიზეზების გამო:
– ტშს ნახშირის ფენებს ბრახისინკლინალური ჩაწოლის ფორმა გააჩნია. საბადოს ათვისების არსებული კონცეფციის შესაბამისად, ნახშირის ფენების გახსნა შესრულებულია ბრახისინკლინალის აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრთებზე გაყვანილი ღრმა ვერტილაკური ჭაურებით. მულდის ორივე ფრთაზე ვერტიკალური ჭაურების გაყვანამ პატარა წლიური მწარმოებლურობის, შეზღუდული გეომეტრიული ზომების საშახტო ველები განაპირობა, რაც ღრმა შახტების ეკონომიკური ექსპლუატაციის პირობებს ეწინააღმდეგება, რამდენადაც ღრმა, პატარა მწარმოებლურობის შახტები არ შეიძლება მომგებიანი იყვნენ. ასეთ შახტებს მუდამ დოტაციები ესაჭიროება;
– ტყიბულის ყველა შახტი ღრმა შახტების კატეგორიას მიეკუთვნება. ასეთი პატარა შახტებით ღრმა ჰორიზონტების ექსპლუატაცია, როგორც ცნობილია, ეკონომიკურად გაუმართლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დამუშავების სიღრმეების ზრდასთან ერთად უარესდება საბადოს დამუშავების სამთო-გეოლოგიური პირობები, იზრდება ნახშირის მოპოვებაზე საჭირო თანხები, რომლებიც პატარა ზომის ნახშირის ველში მოქცეული ნახშირის მარაგზე ვრცელდება, რაც მოპოვეული ნახშირის თვითღირებულების ფასს ზრდის;
– საშახტო ველის შეზღუდული გეომეტრიული ზომების გამო ტყიბულის შახტებში ნახშირის მოპოვებისას თანამედროვე მექანიზებული საშუალებების გამოყენება ეკონომიკურად არამიზანშეწონილია, არადა, ამ მანქანა-დანადგარების გამოყენების გარეშე შეუძლებლია სამთო სამუშაოების კონცენტრაციისა და ინტენსიფიკაციის, შრომის ნაყოფიერების გაზრდა, მოპოვებული ნახშირის თვითღირებულების შემცირება.
ტყიბული-შაორის ათვისების ახალი კონცეფცია
საბადოს ათვისების ახალი კონცეფცია ჩამოყალიბებულია იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რომლებიც ტშს ათვისების ძველ კონცეფციას ახლავს და ნახშირის მრეწველობის რესტრუქტურიზაციის იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელთა პრაქტიკული რეალიზაცია ნებისმიერი ნახშირის საბადოს ათვისების ექსტენსიურ მოდელიდან ინტენსიურ მოდელზე გადაყვანს უზრუნველყოფს [17].
რამდენადაც ტშს ნახშირის ფენების ჩაწოლის ბრახისინკლინლის ფორმა აქვს, საბადოს გახსნის საკითხი ბრახისინკლინალის ფრთებზე დიდი რაოდენობის ვერტიკალური ჭაურების გაყვანით არ წყდება. ვერტიკალური ჭაურების მაგიერ გაყვანილი უნდა იყოს დახრილი ჭაური.
საბადოს გახსნის ასეთი ხერხი არსებულიდან განსხვავებით ადექვატურია საბადოს სამთო-გეოლოგიურ პირობებთან, სრულად პასუხობს ნახშირის მრეწველობის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნილებებს და ამის შედეგად იძენს მთელ რიგ უპირატესობას საბადოს ვერტიკალური ჭაურებით გახსნის ხერხთან შედარებით, კერძოდ:
– საბადოს ვერტიკალური ჭაურებით გახსნასთან შედარებით საბადოს დახრილი ჭაურებით გახსნის შედეგად საშახტო ველში მთლინად შემოდის ბრახისინკლინალის ორ ფრთას შორის მოქცეული საბადოს ნახშირის საბალანსო მარაგი;
– იზრდება ამოსაღები სვეტის გეომეტრიული ზომები იმ დონემდე, როდესაც მექანიზებული კომპლექსების ექსპლუატაცია ეკონომიკურ მიზანშეწონილობას იძენს, რაც საბადოს ათვისების ექსტენსიურ მოდელიდან ინტენსიურ მოდელზე გადასვლას უზრუნველყოფს;
– კონვეიერების გამოყენებით შესაძლებელს ხდის ნახშირის ტრანსპორტირებას მისი მოპოვების ადგილიდან მომხმარებლამდე;
– კონვეიერით აღჭურვილი დახრილი ჭაური მაღალ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს;
– ამცირებს შახტის მშენებლობის ვადებს და შახტის მშენებლობის კაპდაბანდებებს საბადოს ვერტიკალური ჭაურებით გახსნის ხერხთან შეადრებით.
ტშს პირობებში საბადოს გახსნა არა მარტო დახრილი ჭაურით არის მიზანშეწონილი, არამედ საშახტო ველის ორ ან მეტ ბლოკებად დაყოფაა საჭირო საბადოს დამუშავების დიდი სიღრმეების და მეთანსიუხვის მაღალი შემცველობის გამო.
საშახტო ველის ბლოკებად დაყოფა საშუალებას იძლევა [18]:
– უზრუნველყოს შახტის მაღალი წლიური მწარმოებლურობა ექსპლუატაციაში ერთდროულად ორი ან მეტი ბლოკის შეყვანის შედეგად;
– უზრუნველყოს საწმენდ სანგრევებზე მაღალი დღეღამური დატვირთვები;
– შეამციროს ხვედრითი კაპდაბანდებები 10-20%-ით, ნახშირის თვითღირებულება 10-25%-ით;
საბადოს გახსნის ჩვეულებრივ ხერხთან შედარებით გაზარდოს შრომის ნაყოფიერება 40%-ით; შეამციროს შახტის მშენებლობის ვადები. ბლოკში გვირაბების იზოლირებულად გაყვანის შედეგად გაზარდოს შრომის უსაფრთხოების პირობები. არსებითად გაამარტივოს შახტის ტრანსპორტის სქემა სამთო სამუშაოების მაღალ კონცენტრაციასთან დაკავშირებით და მაღალმწარმოებლური, თნამედროვე სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ნახშირის დასტაში ნახშირის ფენების რიცხვი თუ ორს აღემატება (ტშს პირობები), ბლოკური ხერხით გახსნას თვალსაჩინო უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივთან შედარებით. ეს უპირატესობა იზრდება საბადოს დამუშავების სიღრმეების ზრდასთან ერთად.
კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვენელოვანი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მხოლოდ ბლოკური ხერხითაა დასაშვები მაღალი მეთანშემცველი მძლავრი შახტების ექსპლუატაცია (ცხრილი 1 [19]). საბადოს ბლოკური ხერხით გახსნის აღნიშნული შესაძლებლობა უშუალოდ ტყიბულის შახტებს ეხება, რამდენადაც ტყიბულის ყველა შახტი გაზზე და ენდოგენურ ხანძრებზე ზეკატეგორიული შახტების სახეობას მიეკუთვნებიან.
ჩვენი კვლევების შესაბამისად, [20] ტყიბული-შაორის საბადოს პირობებში შახტის ოპტიმალური წლიური მწარმოებლურობა 3,5 მლნ. ტ ნახშირის ტოლია, მოპოვებული ნახშირის ღირებულება 17 დოლარს არ აღემატება. ტყიბულში “შახტი- თბოელექტროსადგური” კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში, ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში იმპორტირებული საწვავის ტყიბულის ნახშირის ჩანაცვლება არა მარტო ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას განამტკიცებს, არამედ ყოველწლიურად 140-150 მლნ. დოლარის მოგებას უზრუნველყოფს.
2008 წლის 10 აპრილს ტშს ათვისების ახალი კონცეფცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაქულტეტს მოხსენდა. მოხსენებას სამთო საქმის, გეოლოგიის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
2007 წლის 11 დეკემბერს სამუშაო მოხსენდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს.
როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, გ.წულუკიძის სახ. სამთო ინსტიტუტის კვლევების შედეგებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ტყიბულის ნახშირის კონკურენტუნარიანობა ბაზისური ელექტროენრგიის წარმოებაში
ექსპერტების შეფასებით, უკვე 2015 წელს საქართველოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე 11 მლრდ. კვტ. სთ-ს მიუახლოვდება. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 15 მლრდ. კვტ. სთ-ზე მეტი იქნება. ამ პირობებში ზამთრის მაქსიმუმის პერიოდში ბაზისურ ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება 2000 მვტ გადააჭარბებს. აქედან მხოლოდ 1000 მვტ შეიძლება დაიფაროს სეზონური ჰიდრო და თბოელექტროსადგურების ხარჯზე. მაგრამ ეს სადგურები მთლიანად დამოკიდებულები იქნებიან გარედან შემოტანილ გაზზე. დანარჩენი 1000 მვტ-ის იმპორტი მეზობელ ქვეყნებიდან უნდა განხორციელდეს. მაგრამ ამ ქვეყნებიდან ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობა ძალზე მცირეა, რამდენადაც ჩვენი მეზობლები თვითონ განიცდიან დეფიციტს ენერგიის ამ სახეობაში. პრობლემას არ წყვეტს გაზის ის წილი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის გაზსადენიდან “ბაქო-თბილისი-ერზერუმი”. აქედან მიღებული გაზის მოცულობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის გაზზე გაზრდილი მოთხოვნილებასაც კი.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ ენერგეტიკული წყაროების შესაძლებლობას ამის შესახებ შემდეგის თქმა შეიძლება:
– გარდაბანში ენერგობლოკების მშენებლობა არა მარტო არ გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მდგომარეობას, პირიქით, კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას გარედან შემოტანილ გაზზე. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი 300 მვტ-ის სიმძლავრის ენერგობლოკის ექსპლუატაციის საჭიროებისათვის ყოველწლიურად შესაძენი იქნება 600 მლნ. მ3 გაზი, რომლის ღირებულება თანამედროვე ფასების გათვალისწინებით 100 მლნ. დოლარზე მეტია (მომავალში გაზზე ფასები აუცილებლად მოიმატებს). დეფიციტის დასაფარავად ერთი ენერგობლოკის მშენებლობა საკმარისი არ იქნება. სამი ენერგობლოკი უნდა აშენდეს, რაც საკმაოდ დიდ თანხებს, არანაკლებ 2 მლრდ. დოლარს მოითხოვს;
– გაზოტურბინების მშენებლობა თბომომარაგების არსებულ სისტემის პირობებში სასურველ შედეგებს არ იძლევა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოში თბომომარაგების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს. მეორეც, გაზოტურბინების ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად სავალდებულოა, რომ გაზის მოწოდების სისტემაში შენარჩუნებული იყოს მაღალი წნევა რისი მიღწევა მაგისტრალური გაზის ხაზების მდგომარეობის გათვალისწინებით ძალზე რთულია. მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ხერხის მონაწილეობის წილი ბაზისური ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვაში ძალზე მცირეა;
– სეზონური ელექტროსადგურების მშენებლობა მოითხოვს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რაც საქართველოს მდინარეების წყალმოდენის მკვეთრი სეზონური ხასიათით არის გამოწვეული, ამ მიზე-ზის გამო აღნიშნული ტიპის სადგურებზე 1 კვტ. სთ-ის ზამთარში გარანტიით მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია 3000-4000 კვტ.სთ სიმძლავრის სადგურების მშენებლობა, თანამედროვე ფასების გათვალისწინებით ასეთი სადგურების მშენებლობა 10 მლრდ. დოლარს აღემატება. არადა, ამ სადგურების ეფექტურობა ძალზე სავარაუდოა, რამდენადაც ისინი მხოლოდ ზამთრის პერიოდში იქნებიან დატვირთულნი [21];
– როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველო დიდი დროით არის უზრუნველყოფილი პიკური სიმძლავრეებით, ამდენად კიდევ ერთი პიკური სადგურის მშენებლობა, საუბარია ჰუდონჰესზე, გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სადგურით გამომუშავებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ საქართველოში არანაკლებ სამჯერ მეტი ჯამური ელექტროენერგიით მომარაგდება გარედან [21];
– ატომური ელექტროენერგეტიკა, როგორც ცნობილია, მაღალი კაპდაბანდებებით ხასიათდება და მშენებლობაზე დამატებით ხარჯებს მოითხოვს. გარდა ამისა, ატომურ ელექტროსადგურებს თან სდევს მაღალი რისკის არასაშტატო სიტუაციები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი ატომური საწვავის ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა. ატომური სადგურებით გარემოს დაბინძურების დონე 60%-ით აღემატება ნახშირის თბოელექტროსადგურების ამ მაჩვენებელს [21]. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ფართომასშტაბიანი გეოლოგიური სამუშაოების შესრულების, სამეცნიერო წრეებში საკითხის დეტალურად განხილვის მიუხედავად, საქართველოში ვერ გამოინახა ატომური სადგურის მშენებლობისათვის სეისმურად უსაფრთხო მოედანი [8];
– რაც შეეხება არატრადიციული ენერგიის წყაროებს, მათი ჯამური მოხმარება 2020 წლისათვის 14%-ს არ აღემატება, პირველ რიგში, იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქვეყნის ენერგოუსაფთხოების საჭიროებისათვის გამოყენება შეუძლებელია. მზის ბატარეებით მიღებული 1 კვტ.სთ ელექტროებერგიის ღირებულება ჯერჯერობით მაღალია და 20-25 ცენტის ფარგლებში მერყეობს. ქარის სადგურებში გამომუშავებული 1 კვტ.სთ-ის ღირებულება 8-10 ცენტის ტოლია. აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგიის ინტენსიურობის ცვალებადობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, გარკვეულ სიძნელეებს ქმნის ამ სახეობის ენერგიის გამოყენებაში [21].
ზემოთქმულის განზოგადოების შედეგად თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ საქართველოში ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში, როგორც ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, ტყიბულის ნახშირს კონკურენტი არ გააჩნია.
დამატებითი ეკონომიკური ეფექტი ტყიბულის ნახშირის ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში ფართემასშტაბით გამოყენებასთან დაკავშირებით
ერთერთი მიზეზი, რომელიც საქართველოში ნახშირის მრეწველობის განვითარებას აბრკოლებს, დაკავშირებულია იდეასთან, რომლის მიხედვით, თუ ჩვენი ქვეყანა აზიიდან ევროპაში ბუნებრივი გაზისა და ნავთობის გამტარის კორიდორის როლს შეასრულებს, ნახშირის მრეწველობა, როგორც დარგი, თავის მნიშვნელობას დაკარგავს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სატრანსპორტო კვანძის როლს შეასრულებს, რომელიც აზიის გაზისა და ნავთობის საბადოებს ევროპის ქვეყნებს დააკავშირებს ნახშირის მრეწველობის მნიშვნელობა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება, რასაც ყაზახეთის მაგალითი ადასტურებს. ეს ქვეყანა, როგორც ცნობილია, მდიდარია ბუნებრივი გაზით. მიუხედავად ამისა, ყაზახეთში ელექტროენერგიის 95% ადგილობრივ იაფ ნახშირზე იწარმოება, ძვირადღირებული გაზი კი ექსპორტზე გადის, იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში, გაზის წილი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის ენერგიაშემცველების აზიიდან ევროპის ქვეყნებში ტრანზიტთან დაკავშირებით ექსპორტზე უნდა წავიდეს. ბაზისური ელექტროენერგიის გამომუშავება ტყიბულის ნახშირზე უნდა გადავიდეს, საკითხის ამგვარად გადაწყვეტის შედეგად ჩვენი ქვეყანა დამატებით ეკონომიურ მოგებას მიიღებს (100-120 მლნ. დოლარის ფარგლებში), რაც ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიურ მაჩვენებლებს გაუმჯობესებს.
დასკვნები
1. გაზისა და ნავთობის მარაგის უკმარისობა, ამ ენერგიაშემცველებზე ფასების პერმანენტულმა ზრდამ, მათი “კრიზისული რეგიონებიდან”, სადაც გაზისა და ნავთობის ძირითადი მარაგია განთავსებული, იმპორტის მაღალი რისკის გამო, ნახშირის რესტრუქტურიზაციის შედეგად შახტებში მკვეთრად გაიზარდა სამთო სამუშაოების კონცენტრაცია და ინტენსიფიკაცია, რაც დოტაციური ნახშირის მრეწველობის მომგებიან დარგად გარდაქმნის ძირითადი პირობაა; გაუმჯობესდა თეს-ებში ნახშირის წვის ტექნოლოგია და მათი ეკოლოგიური მაჩვენებლები; აღნიშნულთან დაკავშირებით, ნახშირმა ბაზისური ელექტროენერგიის წარმოებაში #1 ენერგიაშემცველის ადგილი დაისაკუთრა.
ამჟამად მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 40% ნახშირის წილად მოდის. მოწინავე ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღემატება, ხოლო ნახშირის მრეწველობა ამ ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდლობის დაცვის ფუნქციას არსულებს.
2. საქართველოს ნახშირის მრეწველობა, რომლის ძირითად ბაზისს ტყიბული-შაორის საბადო წარმოადგენს, დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ხასიათდება არა იმდენად საბადოს რთული სამთო-გეოლოგიური პირობების გამო, რამდენადაც იმით, რომ საბადოს ათვისების არსებული კონცეფცია არ შეესაბამება საბადოს სამთო-გეოლოგიურ პირობებს, რადგან არსებული კონცეფცია არ ითვალისწინებს ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირის ფენების ჩაწოლის ბრახისინკლინარულ ფორმას და იმასაც, რომ ტყიბულის ყველა შახტი ღრმა შახტების კატეგორიას მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, საღი აზრის საწინააღმდეგოდ საბადოს ექსპლუატაცია პატარა სიმძლავრის შახტებით მიმდინარეობს, რომლებიც პრიმიტიული ტექნოლოგიით არიან აღჭურვილნი. და ბოლოს, შახტების ველების შეზღუდული გეომეტრიული ზომების გამო ტყიბულის შახტებზე ეკონომიკურად არამიზანშეწონილია თანამედროვე, მაღალმწარმოებლური მექანიზებული კომპლექსების გამოყენება.
3. გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტში დამუშავებულია ტყიბული-შაორის ათვისების ახალი კონცეფცია, რომელიც საბადოს მომგებიან რეჟიმში ექსპლუატაციის უზრუნველყოფს პირველ რიგში მექკომპლექსების გამოყენების ხელსაყრელი პირობების ხარჯზე.
როგორც ჩვენმა კვლევებმა ცხადყო ტყიბულის ნახშირზე ბაზისური ელექტროენერგიის წარმოება მეტ ეკონომიასა და საიმედოობას უზრუნველყოფს სხვა ენერგიაშემცველებთან შედარებით.
შემოთავაზებული კონცეფციის პრაქტიკული რეალიზაცია ბაზისური ელექტროგენერაციაში იმპორტირებული გაზის ტყიბულის ნახშირით ჩანაცვლების შედეგად ყოველწლიურად არანაკლებ 140 მლნ. დოლარის ეკონომიასა და 4,0-6,0 ათასი სპეციალისტის დასაქმების საშუალებას იძლევა.
4. ყაზახეთი, როგორც ცნობილია, მდიდარია ბუნებრივი გაზის მარაგით. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის 95% იაფიან ნახშირზე იწარმოება, ხოლო ძვირადღირებული გაზი ექსპორტზე გადის, რაც ამ ქვეყნას დამატებით ეკონომიკურ მოგებას აძლევს.
საქართველო ადრე თუ გვიან აზიიდან ევროპის ქვეყნებში ენერგიაშემცველების ტრანსპორტირების კორიდორის ფუნქციას შეასრულებს. ამ შემთხვევაში ყაზახეთის მაგალითის მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ მისთვის, როგორც ტრანზიტული ქვეყნისათვის, გამოყოფილი გაზის წილი ექსპორტზე უნდა გაატაროს, ხოლო ბაზისური ელექტროენერგიის გენერაცია ტყიბულის ნახშირზე უნდა აწარმოოს, რითაც ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად არანაკლებ 100 მლნ. დოლარის ოდენობის დამატებით ეკონომიას მიიღებს.