რატომ გვჭირდება კერძო საპენსიო ფონდები

მაკა ღანიაშვილი

საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ საპენსიო რეფორმის აუცილებლობის შესახებ. საუბარია, თაობათა სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის, კერძო, დაგროვებითი საპენსიო სისტემით ეტაპობრივ ჩანაცვლებზე. რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო არ არის ახალი აღმოჩენების გაკეთება – საჭიროა, გავაანალიზოთ კერძო საპენსიო სისტემის პრინციპები და სტრუქტურა, საპენსიო ფონდის მართვის და სახელმწიფო კონტროლის თავისებურებები, სახელმწიფოს როლი სისტემის განვითარებაში და ქართული რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები. საჭიროა, გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების მაგალითებიც (ჩილე, პოლონეთი, ყაზახეთი, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.), რომელთაც უკვე დანერგეს კერძო საპენსიო სისტემა და რეალურ შედეგებსაც მიაღწიეს.

კერძო ფონდების ეფექტიანი მუშაობისათვის რამდენიმე პირობის არსებობაა საჭირო, მათ შორის, ფონდების სიმრავლე და მაღალი კონკურენცია, მათი საქმიანობის გამჭვირვალობა, მაღალი სარეზერვო კაპიტალი, მომხმარებლისათვის ფონდის არჩევისა და ანაბრების ანგარიშის გადატანის შესაძლებლობა. კერძო საპენსიო ფონდების განვითარება, ასევე, ეს არის სტიმული მთლიანად ეკონომიკის უფრო სწრაფი განვითარებისთვის, ვინაიდან ხდება ახალი ფინანსური ინსტრუმენტების სტიმულირება, ფინანსური სექტორის და კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სადაზღვევო ბაზარის გაფართოება.
ამ ტენდენციების შესახებ საუბრობს USAID-ის მიერ დაფინანსებული “ეკონომიკური აღმავლობის პროექტის” (EPI) და კომპანია Deloitte Touche-ის ექსპერტი, ედგარ ბალბინი, რომელიც 30 წლის განმავლობაში საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით მოღვაწეობდა საფინანსო მომსახურების სექტორში და სადაზღვევო და საპენსიო სფეროში.
ე.ბ. – პირველ რიგში, მინდა გითხრათ იმ პროექტის შესახებ, რომელსაც ახლა ვახორციელებთ და, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ ფინანსდება – “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)”. ეს 4-წლიანი პროექტი, USAID-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება ქართველი ხალხისთვისა და ქართული კომპანიებისთვის. პროექტის საერთო მოცულობა დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია. ამ პროექტის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომ ისინი უფრო პროდუქტიულები და კონკურენტუნარიანები გახდნენ, არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო მასშტაბებითაც. პროექტი სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის გაადვილებაა, ვინაიდან კერძო საპენსიო ფონდების განვითარება, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს დამატებითი ფინანსური წყარო ინვესტირებისთვის და, შესაბამისად, სტიმული მთლიანად ეკონომიკის უფრო სწრაფი განვითარებისთვის. ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის გაადვილება კი, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისაც.
როდესაც ამ სფეროში საქართველოშიც დავიწყეთ მუშაობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ის ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რომლებიც დღეს საქართველოში წარმოდგენილნი არიან, საუბარია, საპენსიო სისტემის ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საპენსიო სისტემა ეყრდნობა ე.წ. “პირველ სვეტს”, რაც მოიცავს სახელმწიფო საპენსიო სისტემას და აქვს “მესამე სვეტის” ელემენტებიც (კერძო, ნებაყოფლობითი დაზღვევა). საპენსიო სექტორი თქვენთან დღეს დგას ბენეფიციართა რიცხოვნობის წლიდან წლამდე ზრდის პრობლემის წინაშე, ანუ მოსახლეობა ბერდება, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოში ბევრი ქვეყნის პრობლემაა. ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს გაზრდილია, შესაძლოა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ან სამედიცინო სფეროში მიღწევების გამო. ერთი რამ ცხადია, დღეს სახელმწიფო საპენსიო ფონდისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსება უფრო მეტადაა საჭირო, რადგან მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო საპენსიო ფონდის სიცოცხლისუნარიანობის გრძელვადიანად შენარჩუნება.
შემდეგ, რა თქმა უნდა, გავეცანით იმ კერძო საპენსიო ფონდებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არსებობენ, ძირითადად, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილნი. თუ არ ვცდები, დღეს ბაზარზე მხოლოდ 3-4 ასეთი კომპანიაა. ეს ძალიან ცოტაა და, გარდა ამისა, თვითონ ამ კომპანიებშიც ძალიან დაბალი აქტივობაა მომხმარებელთა მხრიდან. ამიტომ სავალდებულო კერძო საპენსიო სისტემის მთავარი მიზანი, საწყის ეტაპზე, საპენსიო ფონდებში ინვესტირებისათვის გრძელვადიანი კაპიტალის აკუმულირება უნდა გახდეს.
ს.ე. – რა მიმართულებით უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები?
ე.ბ. – პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზარდოს ეროვნული დნაზოგები, რადგან საქართველოს მოსახლეობის ეროვნული დანაზოგები შემცირებულია. სანამ ეროვნული დანაზოგები სათანადო დონის არ იქნება, საინვესტიციო დანახარჯევბიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული დანაზოგების ზრდა ერთ-ერთი ფუნდამეტური საკითხია, რომელიც საპენსიო სისტემის განვითარების კვალდაკვალ უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება უშუალოდ საპენსიო სისტემის რეფორმას, საქართველოში ის უნდა განხორციელდეს Pillar2-ის მოდელით, რომელიც შემუშავებულია მსოფლიო ბანკის მიერ. ეს არის სავალდებულო საპენსიო სისტემის ერთ-ერთი გავრცელებული მოდელი და მისი მთავარი არსი მდგომარეობს შენატანების განსაზღვრულობაში. კანონი განსაზღვრავს შენატანის ოდენობას (ძირითადად, ეს არის გარკვეული პროცენტი შემოსავლებიდან), ხოლო სქემაში მონაწილეებს აქვთ დეტალური ინფორმაცია საკუთარი შენატანების შესახებ. აღნიშნული სისტემით შესაძლებელია პენსიის მოცულობის მხოლოდ პროგნოზირება. მისი ზუსტად განსაზღვრა არ ხდება.
საპენსიო სისტემის ამ მოდელმა უნდა უზრუნველყოს პენსიონერთა ღირსეული სიბერე. ეს სისტემა განსაკუთრებით უსვამს ხაზს დანაზოგების მნიშვნელობას. მსგავსი საპენსიო სქემა უნდა იყოს სავალდებულო თითოეული მოქალაქისათვის რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, რაც აღსანიშნავია – ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ზოგავს თავის შემოსავლებს იმისათვის, რომ შემდეგ საპენსიო ასაკში მათ ჰქონდეთ უზრუნველყოფილი თავისივე დანაზოგების შესაბამისი პენსია.
საპენსიო ფონდებში დღევანდელი შენატანების და შემდეგ, საპენსიო თანხების მოცულობას შორის პირდაპირი კავშირი, ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ აღარ იყოს საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მცდელობები. სამუშაო ძალას უჩნდება სტიმული იმისთვის, რომ ჩაერთოს სისტემის მუშაობაში. დასაქმებულებს თუ თვითდასაქმებულებს ახლა მეტი სტიმული ექნებათ საიმისოდ, რომ საპენსიო ფონდებში შენატანები განახორციელონ, რადგან მათ ეცოდინებათ, ეს შენატანები სრულად უბრუნდებათ პენსიაზე გასვლის შემდეგ. არსებული სახელმწიფო საპენსიო სისტემის პირობებში კი, ადამიანის მიერ საპენსიო ფონდში გადსახადების სახით შეტანილი თანხა შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდეს იმას, რასაც შემდეგ პენსიის სახით აიღებს. კიდე ერთხელ ვიმეორებ, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ინდივიდმა საკუთარი პენსიის ოდენობა თვითონ განსაზღვროს. ამასთანავე, მოქალქე აღარ არის დამოკიდებული სამთავრობო პოლიტიკაზე და სახელმწიფო პენსიების მოცულობაზე. მცირდება ფისკალური წნეხიც, რომლიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო საპენსიო სქემის შემთხვევაში.
იძულებითი კერძო საპენსიო სისტემის მეორე მთავარი ფუნქცია ის არის, რომ საპენსიო ფონდებში მოხდება იმ თანხების აკუმულირება, რომლის რაოდენობის წინასწარ დაახლოებითი განაზღვრაც არის შესაძლებელი. ეს კი საინვესტიციო გარემოს ხდის პროგონოზირებადს მთავრობის ან კერძო სექტორისთვის. ჩვენი გამოთვლებით, საწყის ეტაპზეც კი, ყოველ 5 წელიწადში კერძო საპენსიო ფონდებში მოხდება 300 მილიონზე მეტი ლარის აკუმულირება. სხვადასხვა ქვეყნებში, საპენსიო ფონდების თანხების ინვესტირება მოხდა სახელმწიფო ბონდებში. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ამ ბონდებს იყენებს ეკონომიკის სტიმულირებისათვის. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის კაპიტალური ბაზრის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. კერძო საპენსიო ფონდები დააჩქარებენ ფინანსური ბაზრების გნვითარებას ქვეყნის შიგნით ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინანსური ბაზრის ინსტრუმენტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.
ს.ე. – თქვენი აზრით, რომელი ქვეყნის გამოცდილება შეიძლება გახდეს საქართველოსა-თვის კარგი მაგალითი საპენსიო სისტემის რეფორმის განხორციელებისას?
ე.ბ. – პიონერი ამ სფეროში არის ჩილე, მსგავსი რეფორმა პირველად იქ განხორციელდა, თუმცა – იძულებით. რეფორმის საწყის ეტაპზე ხალხისთვის არავის არაფერი აუხსნია. შესაბამისად, მათ არ ესმოდათ მისი არსი. თუმცა, ახლა ჩილელები ძალიან ამაყობენ, რომ ისინი ამ სფეროში პირველები არიან. შემდეგ ეს მოდელი გავრცელდა ლათინური ამერიკის, ცენტრალური და ღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, ყაზახეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და სხვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემის დანერგვა. ეს არ არის მარტივი პროცესი, საკმაოდ რთული გზაა. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც რეფორმა წარმატებით განხორციელდა, ახლა საპენსიო ფონდები ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორები არიან და არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ბაზრებზეც.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს: “საპენსიო სისტემის რეფორმა ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. რეფორმა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შეთავაზებული მოდელი იყოს ფინანსურად მდგრადი, ყველა ხანდაზმული უზრუნველყოფილი იქნას საბაზისო შემოსავლით და მოცული იყოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამასთან, პენსიების ზრდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად.
იმ პირობებში, როდესაც სამუშაო ძალის (2 მლნ-მდე) მხოლოდ 30%-ია ფორმალურ სექტორში დასაქმებული, ხოლო 70% თვითდასაქმებული ან უმუშევრია, დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ამ სისტემით მოცული აღმოჩნდება ადამიანთა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ფორმალურად არის დასაქმებული, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა მსგავსი საპენსიო უზრუნველყოფის მიღმა აღმოჩნდება.
დღეისათვის საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა ორ თვისებრივად განსხვავებულ და ზომით არათანაბარ ნაწილად იყოფა: სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა, რომელიც ძირითად როლს ასრულებს და ეფუძნება გადანაწილებით პრინციპს (პენსიები გაიცემა საერთო საბიუჯეტო შემოსავლებიდან, მ.შ. სახელფასო შემოსავლებიდან წარმოებული ანარიცხებიდან) და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა, რომელიც უმნიშვნელოა და ეფუძნება საპენსიო დანაზოგების დამოუკიდებლად დაგროვებას ან კორპორაციულ სქემებში ნებაყოფლობით გაერთიანებას. აღნიშნულის მიუხედავად, საპენსიო რეფორმის ფარგლებში მიზანშეწონილია წახალისდეს საპენსიო სქემების ფუნქციონირება, რომელიც ეფუძნება მიღებული სახელფასო შემოსავლებიდან საპენსიო ანარიცხების ნებაყოფლობით გადახდას; აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ ადექვატურად გაკონტროლდეს საპენსიო სქემების ფუნქციონირება, რომელიც ეფუძნება მიღებული სახელფასო შემოსავლებიდან საპენსიო ანარიცხების ნებაყოფლობით გადახდას” – გვითხრეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
კერძო საპენსიო ფონდები საქართველოში
საქართველოში სულ 18 184 ადამიანს აქვს საპენსიო ფონდი გახსნილი. აქედან, ფონდების უმრავლესობა “ჯიპიაი ჰოლდინგშია”, მათ 10 000 წევრი ჰყავთ. “ალდაგი ბისიაიში” 8 156 წევრი, ხოლო დანარჩენ 28 ადამიანს საპენსიო ფონდი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-ში აქვს გახსნილი.
“ალდაგი ბისიაის” საპენსიო სქემას მხოლოდ ერთი ტიპის სქემა აქვს, შენატანებით განსაზღვრული პენსია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. პიროვნება გარკვეულ ასაკში (მინ. 18 წლის) წევრიანდება კერძო საპენსიო სქემაში და საპენსიო ასაკის მიღწევამდე პერიოდულად (როგორც წესი, ყოველთვიურად) იხდის შენატანს. შენატანების ოდენობა განისაზღვრება მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. საქართველოს კანონის – “არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” მიხედვით, სქემის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი. მოქმედი კანონდებლობით, სქემის მონაწილეს შეუძლია კერძო საპენსიო სქემასთან ერთად ჰქონდეს სახელმწიფოს საპენსიო სისტემაც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ალდაგი ბისიაის” საპენსიო აქტივები დივესიფიცირებულია სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის მიხედვით, რომლითაც საპენსიო სქემის მონაწილის დანაგროვი მაქსიმალურად არის დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან”. კომპანიაში ასევე დასძენენ, რომ ეს სეგმენტი არ არის კარგად განვითარებული საქართველოში, ამიტომ “კერძო საპენსიო სქემებისათვის ძალიან დიდი მასტიმულირებელი იქნება, საპენსიო შენატანების საშემოსავლო გად-ასახადისაგან განთავისუფლება. ასევე, აუცილებელი იქნება გარკვეული საკანონდებლო ცვლილება საპენსიო დანაგროვის გატანის თაობაზე, ანუ უნდა იყოს შეზღუდვა საპენსიო დანაგროვიდან გატანასთან დაკავშირებით” – მიიჩნევენ “ალდაგი ბისიაის” წარმომადგენლები.
“ჯიპიაი ჰოლდინგის” საპენსიო სქემა გულისხმობს განსაზღვრული შენატანების მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ პერიოდული შენატანების ოდენობა განისაზღვრება მაშინ, როდესაც ანგარიში იხსნება ახალი წევრისათვის. არ არსებობს ფიქსირებული მინიმალური თანხა პერიოდული და პირველადი შენატანისათვის. ჯარიმები არ ეკისრებათ, თუ გადასახადი არარეგულარულია ან არ ტარდება დროულად. დაზღვეულ პირთა (საპენსიო სქემის წევრთა) საპენსიო თანხები წარმოადგენს მათ პირად საკუთრებას და განთავსებულია სახელობით საპენსიო ანგარიშებზე. მომხმარებელს საშუალება აქვს 24 საათის განმავლობაში ინტერნეტის მეშვეობით აკონტროლოს საკუთარი საპენსიო ფონდი. საპენსიო ანგარიშის გახსნა უფასოა. საჭიროების შემთხვევაში, “ჯიპიაი ჰოლდინგის” კერძო საპენსიო სქემის მონაწილეს, საპენსიო ასაკამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია გაიტანოს საპენსიო დანაგროვი სრულად, ყოველგვარი საჯარიმო სანქციების და პირგასამტეხლოს გარეშე.
“იმედი ელი” მომხმარებელს 2 ტიპის საპენსიო დაზღვევას სთავაზობს: მუდმივი პენსია, დაზღვეულს ეძლევა პენსიის გაცემის დაწყების თარიღიდან მის გარდაცვალებამდე და პენსია განსაზღვრული ვადით, რომელიც ეძლევა დაზღვეულს პენსიის გაცემის დაწყების თარიღიდან გარკვეული ვადის განმავლობაში (არანაკლებ 5 წლისა).
კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყლიბებაზე მუშაობა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის საფინანსო კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ბუცხრიკიძე: “ჩვენ მიერ შემუშავებული რეფორმა ითვალისწინებს კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას. არსებული ხედვის მიხედვით, ერთი მხრივ, სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების სახით წაახალისებს ინდივიდუალურ შენატანებს, მეორე მხრივ კი, შემცირდება სახელმწიფოს ვალდებულება ხანდაზმულობის პენსიაზე და ,შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი შემსუბუქდება. ახალი საპენსიო სისტემის მახასიათებელთა შორის ხაზი ესმევა ინდივიდუალური შენატანების დაგროვებითობას და მემკვიდრეობით ხასიათს; პენსიის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაგროვილი შენატანების პროპორციულად; რეფორმა ითვალისწინებს, მყარი სოციალური გარანტიების შექმნას, რეალური პენსიის ზრდას, გრძელვადიან პერიოდში ინვესტირების შესაძლებლობას და მომსახურების სპექტრის გაფართოებას. სისტემის რეფორმირება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის: საკანონმდებლო ცვლილებებს, საპენსიო ფონდების მარეგულირებელი ნორმატივების მომზადებას, ფინანსური მაჩვენებლების დაგეგმვას და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.
ს.ე. – თქვენი აზრით, რატომ არ არის სათანადოდ განვითარებული კერძო საპენსიო სისტემა დღეს საქართველოში?
ვ.ბ. – პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანები არ არიან დაინტერესებულნი. დღეს ქვეყანაში, არ არის იმის ინტერესი, რომ კერძო საპენსიო ფონდებში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაერთიანდეს. არ არის განვითარებული შესაბამისი ინსტანციები. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც წარმატებით მოხდა კერძო საპენსიო ფონდების განვითარება, ყველა სხვა ინსტანცია არის ამაში ჩართული. ბაზარზე არსებული კერძო საპენსიო ფონდები ცდილობენ ფეხი აუწყონ დროს და შესთავაზონ ქართველ მომხმარებელს საერთაშრისო სტანდარტებით მომსახურება, მაგრამ, ჯერჯერობით, მთავარ პრობლემად მათთვის რჩება ის, რომ ძალიან ცოტა თანხებია ამ ფონდებში აკუმულირებული.
ს.ე. – საკანონმდებლო ბაზაში რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს?
ვ.ბ. – პირველი, რაც კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს, ეს არის საგადასახადო შეღავათები. ანუ, საპენსიო სქემებში მონაწილეობა უნდა იყოს ორმხრივი, სხელმწიფოსა და ბენეფიციარის მიერ. მაგალითისათვის, დღეს საშემოსავლო გადასახადი არის 20%, ის უნდა შემცირდეს 15%-მდე. კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების ერთ-ერთ ვარიანტი შეიძლება ის იყოს, რომ, როდესაც მოხდება 20%-ის 15%-მდე შემცირება, ეს შეეხოს მათ, ვინც თანხებს განათავსებს კერძო საპენსიო ფონდში. ანუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, განათავსებს ამ 5%-ს, მაგრამ შესაბამისი თანხა ამავე დროს უნდა გადაიხადოს დამსაქმებელმაც. მაგალითად, თუ საშემოსავლო გადასახადი დღეს არის 200 ლარი და ის 150 ლარამდე ჩამოდის, ის 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფოს მონაწილეობად და მეორე 50 ლარი ან თვითონ ფიზიკურმა პირმა დადოს ან მისმა დამსაქმებელმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რითაც ძალიან დიდი თანხების აკუმულირება შეიძლება მოხდეს კერძო საპენსიო ფონდებში.
ს.ე. – როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოს არასახელმწიფო საპენსიო სისტემის აქტივების დივერსიფიცირება მაშინ, როცა ჩვენთან ფინანსური ბაზრები არ არის სათანადოდ განვითარებული?
ვ.ბ. – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა, ერთი მხრივ, კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას შეუწყობს ხელს და, მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება კაპიტალური ბაზრების განვითარებისთვის. ამის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს პოლონეთი, სადაც რეფორმა ახლახან განხორციელდა. იქ ახლა კერძო საპენსიო ფონდებში ძალიან დიდი თანხებია აკუმულირებული, ამავე დროს არსებობს ძალიან დიდი შეზღუდვები ამ თანხების უცხოეთში გატანაზე. ჩვენი გათვლებით, რეფორმის სწორი მიმართულებით გატარების შემთხვევაში, საპენსიო ფონდებში ყოველწლიურად მოხდება რამდენიმე ასეული მილიონი ლარის აკუმულირება. ამ თანხების ნაწილის ინვესტირება მოხდება ფინანსურ ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს აუცილებლად რეგულირებადი, იმიტომ, რომ საუბარია საპენსიო თანხებზე. წინასწარ უნდა განისაზღვროს, თუ რა მოცულობის თანხები შეიძება იყოს გატანილი კაპიტალურ ბაზრებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო ბაზრებზე საპენსიო თანხების მხოლოდ ნაწილის განთავსებაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს მაინც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კაპიტალური ბაზრების განვითარებისათვის.
გარანტიებთან, რომელიც ექნება მოქალაქეს კერძო საპენსიო სისტემაში ფულის განთავსების შემთხვევაში, მართლაც ძალიან მიმზიდველია: კერძო საპენსიო ფინდების მონაწილე პენსიონერი იღებს პენსიას, რომელსაც თვითონ აგროვებს სიცოცხლის განმავლობაში. მისი პენსია პირდაპირაა მიბმული მის დანაზოგებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება მოქალაქის პასუხისმგებლობა საკუთარ პენსიაზე, ეს კი აიძულებს მას მოსთხოვოს დამქირავებელს ანაზღაურების ლეგალიზაცია. ეს იწვევს ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომზეურებას და შემოსავლების და სხვა გადასახადების აკრეფის გაუმჯობესებას. იზრდება მეანაბრეთა თავისუფლების ხარისხი სახელმწიფოსაგან. Kვინაიდან, კერძო სქემაში მონაწილე პირების პენსიები დამოკიდებულია მათ მუშაობაზე და არა მთავრობის მიერ გადასახადის ამოღების შესაძლებლობაზე. კერძო ფონდები დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან. სახელმწიფო ერევა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში და საინვესტიციო პოლიტიკის რეგულირებაში. საინვესტიციო მოგების ოდენობა დამოკიდებულია საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების სიდიდეზე.