ცუდად ნასწავლი ევროინტეგრაციის გაკვეთილი

სარედაქციო სტატია

მიმდინარე წლის 21 აპრილს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა” ექსპერტების დახმარებით საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში 2010 წ”.

ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკის პრიორიტეტს ბოლო ათწლეულია წარმოადგენს და თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად სავაჭრო ურთიერთობები განისაზღვრება.
წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2008-2010 წლებში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზს, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში (ინვესტიციები, საბაჟო პროცედურები, სანიტარია და ფიტოსანიტარია, სახელმწიფო შესყიდვები, ინტელექტუალური საკუთრება), 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვას და მათ შეფასებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკების დაწყების კონტექსტში.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამა ხელს უწყობს სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. პროგრამის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ევროკავშირის ინსტიტუციების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) მიმართ საქართველოს ვალდებულებების შესახებ. ეს იდეალური შესაძლებლობაა სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და ევროკავშირის ორგანოებს შორის საქართველოს განვითარებისაკენ მიმართული თანამშრომლობისათვის. პროგრამის აქტივობები საშუალებას იძლევა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების გარშემო არსებულ საკითხებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევისა და ასევე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებისა.
საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკაშია ჩართული, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივას უფრო აღრმავებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები ზოგად ხასიათს ატარებს, რაც მათი შესრულების ერთმნიშვნელოვან შეფასებას ართულებს.
ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, მერაბ კაკულიამ.
წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ საქართველოსთვის 2008 წელს შესაძლებელია ახალი ათვლის წერტილი ვუწოდოთ, რადგან 2010 წლის მონაცემები ყოველთვის ჩამორჩება 2008 წლის მონაცემებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს 2008 წლის აგვისტოს ომის უარყო-ფით ზეგავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
2010 წელს საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 5883.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 24.5%-ით ჩამორჩება 2008 წლის მაჩვენებელს. სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის ფონზე 28.8%-ით შემცირდა იმპორტის მაჩვენებელი, ხოლო ექსპორტის კლებამ კი 6.7% შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში 2010 წელს 26.2% შეადგინა, რაც 1.8%-ით ნაკლებია 2009 წელთან შედარებით და 0.6%-ით ნაკლებია 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2008 წელთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში, დსთ-ის წილი კი 4.7%-ით. 2008-2010 წლებში ასევე შემცირდა GSP+-ის ფარგლებში განხორციელებული ვაჭრობის შედეგად ქართველი ექსპორტიორების მიერ მიღებული სარგებელიც – 2010 წელს მან 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.4 მლნ აშშ დოლარით მეტია 2009 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით, მაგრამ 1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2010 წელს GSP+-ის სქემით საქართველოდან ევროკავშირში 28 დასახელების საქონელი გავიდა. 2009 წელს კი 29 დასახელების საქონელი, საექსპორტო კალათაში ლიდერობს – ამონიუმის გვარჯილა, თხილი და ფეროსილიკომაგნიუმი, რომლებზეც ბოლო წლებში GSP+-ის ფარგლებში განხორციელებული ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდიოდა. ამავე რეჟიმით ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირში გატანილი ხუთ უმსხვილეს სახეობას განეკუთვნებოდა უალკოჰოლო სასმელები და მანგანუმის ოქსიდი. მერაბ კაკულია აღნიშნავს, რომ GSP+-ის ფორმატი არ გამოდგა შესაფერისად სასარგებლო საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით, რადგან ტრადიციული საექსპორტო საქონელი არ შეცვლილა. თუმცა, არსებითად შეიცვალა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეული: 2010 წელს საექსპორტო ქვეყნების სიიდან გავიდნენ გაერთიენებული სამეფო, საფრანგეთი და რუმინეთი, მათ ჩაენაცვლა იტალია, ბულგარეთი და ნიდერლანდები. ანუ, გაფართოვდა განსაკუთრებული რეჟიმით სარგებლობის გეოგრაფია, რაც მიანიშნებს ამ სქემით ქართული ექსპორტის მოცულობის ზრდის შესაძლებლობაზე.
2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტით, ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითად მიზნად რჩება “თავისუფალი ვაჭრობის განვითარება”, ანუ “სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გამოუყენებლობა” სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაში, რაც ჰარმონიზებულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის დებულებებთან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სავაჭრო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ევროკავშირთან “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” შეთანხმებაზე მუშაობა წარმოადგენს, თუმცა 2010 წელს ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება გადაიდო, რადგან ევროკომისიამ ქართული მხარის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება არასაკმარისად მიიჩნია. მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნისათვის აუცილებელი ერთ-ერთი ნაბიჯი სტანდარტიზაციის საკითხის მოგვარებაა, ამიტომ საქართველოს მთავრობამ სტანდარტების რეესტრის მონაცემთა ბაზის სრულყოფა გადაწყვიტა, საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მთავრობამ სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის და შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში სტრატეგია შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის სფერო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფს დაექვემდებარა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩე-ველი ხელმძღვანელობს.
ქვეყნის საგარეო ვაჭრობის განვითარების საკითხში მნიშვნელოვანია საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოხდა ცალკეული სასაქონლო კოდების დაბეგვრის ობიექტების ჩამონათვალიდან ამოღება, გამსხვილება ან დამატება, შედეგად, გაიზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლებიც საბაჟო გადასახადის მაქსიმალური – 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას ექვემდებარება. საქართველოს სატარიფო განაკვეთები არ აღემატება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის დადგენილ ბმულ ტარიფებს, იმპორტში კი სასაქონლო ჯგუფების 90%-ზე ტარიფი ნულოვანია, ხოლო ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე ტარიფები დაწესებული არ არის, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით საშუალო ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფია.
არასატარიფო გადასახადების წილი იმპორტის დაბეგვრიდან ბიუჯეტში მობილიზებულ შემოსავლებში 2010 წელს 95.7%-ს შეადგენდა, რაც 2%-ით ჩამორჩება 2009 წლის მონაცემებს და 1.4%-ით – 2008 წლის მონაცემებს, რაც, ძირითადად, დღგ-დან, ბიუჯეტში შემოსული თანხების კლებით იყო განპირობებული.
2010 წელს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის სფეროში მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური ცვლილება: გაუქმდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაუბრუნდა. ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა თითქმის განუყოფელი სფეროებია და მრავალ ქვეყანაში ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი საინვესტიციო სააგენტოების მიერ არის წარმოდგენილი, თუმცა საქართველოს საინვესტიციო სააგენტო ფინანსებისა და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით შეზღუდულია, რაც საფრთხეს უქმნის მის მიერ ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფუნქციების შეთავსების ეფექტურობას.
საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ცხადი ხდება, რომ აუცილებელია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნისათვის უფრო სისტემური და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
2008 წლის აგვისტოს ომის მკვეთრად უარყოფით გავლენაზე მიუთითებს 2010 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 433 მლნ აშშ დოლარი, რაც 6.8%-ით ნაკლებია 2009 წლის მაჩვენებელზე და თითქმის 66%-ით ჩამორჩება 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, აგვისტოს ომის გარდა, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობაზე, ასევე, მძიმედ მოქმედებს გლობალური ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებაც.
2010 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ნიდერლანდებია 113.2 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩ-ვენებელს 4.5-ჯერ აღემატება, მაგრამ 2008 წლის მაჩვენებელს 1.7-ჯერ ჩამორჩება. მეორე მსხვილი ინვესტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩეხეთია, მისი პირდაპირი ინვესტიციები 2010 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით 25.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 33%-ით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ჩეხეთის პირდაპირი ინვესტიციები თითქმის მთლიანად ენერგეტიკის სფეროსკენაა მიმართული.
2010 წელს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკას საფუძვლად ედო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ანუ საქართველოს მთავრობის თავისუფალი ეკონომიკის კურსი. მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რაც ქვეყნის რეგიონული სატრანზიტო ცენტრის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რათა გაიზარდოს ქვეყნის შიგნით ტვირთბრუნვა და ვაჭრობა, მიდგომა ჰარმონიულად ერწყმის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას.
ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის სექტორულ პრიორიტეტებს შორისაა სოფლის მეურნეობა, დარგობრივი ორიენტირი კი ენერგეტიკაა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების წარმოჩენა იყო. თუმცა, ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მუშაობის პირველმა წელმა პრობლემები გამოავლინა: ადმინისტრატორი უცხოური კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასრულყოფილად შესრულება. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის საკითხების გააქტიურება და თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ მიღებული კანონი, სადაც გათვალისწინებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრობლემები და ჩამოყალიბებულია ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესი: მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების ჩამორთმევა.
ქვეყნის საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტია. 2010 წელს საქართველოში საქმიანი აქტივობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა: სამ კვარტალში ქვეყნის მშპ-ის რეალურმა მატებამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5% შეადგინა, მაგრამ იმავე პერიოდში 6.8%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო წლის მეორე ნახევარში გამოიკვეთა ინფლაციის ტენდენცია.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას ცდილობდა, თუმცა ნორმატიულ აქტებში ჩაწერილი ორმაგი სტანდარტებით დამძიმებული საგადასახადო კოდექსი ინვესტორების უკმაყოფილებას იწვევდა.
2010 წლის ივლისში შემუშავებულ პროგრამულ დოკუმენტში – ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე, ნათლად არის ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის პრიო-რიტეტები, რაც, ძირითადად, შეესაბამება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის დებულებებს. დოკუმტში გამოკვეთილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის პოლიტიკური ნება. თუმცა, ცხადია, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობის მოლაპარაკების დასაწყებად საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ ქმედითი და კონკრეტული შედეგების მომტანი ღონისძიებების გატარება ევალება.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე საბაჟო პროცედურის კუთხით ანგარიში წარმოადგინა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ბონდო ბოლქვაძემ.
2005 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და ეფექტური საბაჟო რეფორმის განხორციელება დაიწყო, საბაჟო სტრუქტურებში სრულად აღმოიფხვრა კორუფცია და ჩამოყალიბდა გამართული სახელმწიფო ორგანო, შემუშავდა ახალი კანონმდებლობა, განხორციელდა საკადრო რეფორმა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, დაინერგა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით საბაჟო სისტემის სამომავლო რეფორმების სტრატეგია უნდა ემსახურებოდეს ადმინისტრაციული და პროცედურული სტანდარტების ამაღლებას.
2004 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები მიღო, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონქვემდებარე აქტებში, ხოლო 2010 წლის სექტემბერში გაერთიანდა საბაჟო და საგადასახადო კოდექსები. შედეგად, შემცირდა საბაჟო კოდექსის დებულებები და მათი კანონქვემდებარე აქტებში გადასვლით საქართველოს მთავრობამ მიიღო უფრო დეტალურად გაწერილი და განმარტებითი ხასიათის ნორმატიული დოკუმენტი. მნიშვნელოვანია საქართველოს შემოსავლების სამსახურში ექსპერტიზის დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რომელიც საბაჟო ღირებულებას ადგენს.
საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია “ოქროს სიის” შექმნა, რომელიც კარგი საგადასახადო ისტორიის მქონე, კანონმორჩილი იმპორტიორების წამახალისებელი კამპანიაა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნა ყველა იმპორტიორს უადვილებს განბაჟების პროცედურებს, საქართველოში შემოსული საქონელი განბაჟების მიზნით ქვეყნის შიდა ტერიტორიულ სივრცეში არ გადაადგილდება. პირველი გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) 2010 წლის ნოემბერში თბილისის მახლობლად ამოქმედდა, სულ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს სამი მსხვილი გაფორმების ეკონომიკური ზონა. თუმცა, უკიდურესი საკადრო ცვლილებების გამო არსებობს არაკომპეტენტური კადრების მიერ დაშვებული შეცდომების შემთხვევები, ამ მხრივ, აუცილებელია საბაჟო წარმომადგენლობის მომზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუციური ბაზის შექმნა და საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო დეკლარაციის შევსების წესების უფრო კონკრეტულად განსაზღვრა.
საბაჟო სფეროში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის ASYCUDA World-ის დანერგვაზე მუშაობის გაგრძელება, რაც საქართველოში ძირითადად გადაწყვეტილია: ქვეყნის მასშტაბით ყველა საბაჟო ოფისი ელექტრონული პროგრამითASYCUDA World-ით მუშაობს.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა სასაზღვრო კონტროლის სფეროში, სადაც მეზობელი ქვეყნების საბაჟოებს ერთმანეთის დახმარება შეუძლიათ, ამ კუთხით ყველაზე აღსანიშნავია თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის სფეროში განხორციელებული ცვლილება – თურქეთსა და საქართველოს საბაჟოებს შორის გაფორმდა მემორანდუმი საზღვრების ერთობლივი მართვის შესახებ, მემორანდუმი ეხება საბაჟო გამშვებ პუნქტებს – კარწახსა და სარფს, მემორანდუმის თანახმად, მიმდინარეობს ამ სასაზღვრო საბაჟო პუნქტების სრული რეაბილიტაცია მათი გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება, ეს კოორდინაცია საბაჟო პროცედურების დროს დაზოგავს და გამტარუნარიანობას გაზრდის.
დასახელებული პროგრესული ცვლილებების მიუხედავად, მაინც არსებობს ხარვეზები – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივა: საგადასახადო და საბაჟო კოდექსების გაერთიანება ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის – ახალ კოდექსში საბაჟო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები ძალიან არის შემცირებული და ისინი მხოლოდ ჩარჩო ხასიათის დებულებების საშუალებით არის წარმოდგენილი. 2006 წელს მიღებული საბაჟო კოდექსი კი ევროკავშირის საბაჟო კოდექსის ბაზაზე იყო შემუშავებული და მათ სტრუქტურაში თითქმის არ იყო განსხვავებები.
ჯერჯერობით არ მომხდარა წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის ფუნქციის მთლიანად საბაჟო ორგანოების კომპეტენციაში გადასვლა, რასაც ითხოვს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, თუმცა საბაჟო იწყებს ამ ფუნქციის შესრულების საკუთარ თავზე აღებას.
ექსპერტების შეფასებით, კვლავ ღია საკითხებად რჩება სტატისტიკის სამსახურის შესაბამისი მუშაობა, რაც გამჭვირვალეს გახდის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მდგომარეობას და ორმაგი დაბეგვრის საკითხები, რომელიც ხშირად იმპორტიორს სირთულეებს უქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლის საბაჟო სფეროში განხორციელებული რეფორმები, ძირითადად, ევ-როპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობდა. მიმდინარე და მომდევნო წელს საქართველოს მთავრობის ამოცანა იქნება აღნიშნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებისთვის მუშაობა მთელ რიგ სფეროებში და კონკრეტული ამოცანების დასახვა-შესრულება, რათა დროულად გახდეს შესაძლებელი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებათა დაწყება, რაც საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს და, რომელიც საქართველოს მოქალაქეების კე-თილდღეობის მიღწევასა და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში თვითდამკვიდრებას მოემსახურება, მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ აღებული კურსი საზოგადოების აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს და ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი დიდი ინტერესის საგანი ხდება.