ფინანსური წლის ბოლოს აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი 1.4 ტრილიონი დოლარი იქნება

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის საბითუმო ვაჭრობის საწყობებში სასაქონლო მარაგები მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,1%-ით, ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მატებას 1%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ამასთან, სასაქონლო მარაგები გასული წლის მარტთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 13,3%-ით. ამავე პერიოდში საბითუმო ვაჭრობის მოცულობა თებერვალთან შედარებით მომატებულია 2,9%-ით, ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით – 15,4%-ით.

აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 2011 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,2%-ით, ხოლო საექსპორტო ფასები ამავე პერიოდში მომატებულია 1,1%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ იმპორტულ საქონლესა და მომსახურებაზე ფასები 1,8%-ით მოიმატებდა, ხოლო ექსპორტირებულზე – 0,9%-ით. დაზუსტებული, ბოლო მონაცემებით იმპორტულ საქონელსა და მომსახურებაზე მარტის ფასები წინა თვესთან შედარებით 2,6%-ით არის მომატებული (ადრე 2,7%-იანი მატება გამოცხადდა), ხოლო ექსპორ-ტირებულზე კი – 1,5%-ით (ადრე გამოცხადებული იყო ამდენივე პროცენტული მაჩვენებელი). რაც შეეხება წლიურ გამოხატულებას, იმპორტულ საქონელზე ფასები მიმდინარე წლის აპრილში მომატებულია 11,1%-ით, ხოლო ესქპორტირებულზე – 9,6%-ით.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა აპრილში 40,49 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეკონომისტები მეტს, 63,8 მილიარდიან დეფიციტს ელოდნენ. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 82,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ხარჯებმა აპრილში შეადგინა 330 მილიარდი დოლარი ერთი წლის წინანდელი 328 მილიარდის ნაცვლად, ხოლო შემოსავლებმა იგივე პერიოში 289,5 მილიარდი წლის წინანდელ 245,3 მილიარდი დოლარის საპირისპიროდ. მიმდინარე ფინანსური წლის შვიდი თვის მონაცემებით, რომელიც 30 სექტემბერს სრულდება, აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს 869 მილიარდ დოლარს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 799,7 მილიარდი დოლარი. აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო მმართველობის პროგნოზით, მიმდინარე ფინანსური წლის დასასრულისთვის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 1,4 ტრილიონი დო-ლარი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1,26 ტრილიონი დოლარს შეადგენდა.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 2011 წლის მარტში გაიზარდა თებერვლის გადასინჯულ მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 48,2 მილიარდი დოლარი. ანალიტიკოსები პრგნოზს 47 მილიარდი დოლარის ფარგლებში აკეთებდნენ. მიმდინარე წლის თებერვალში სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ, გადასინჯული მონაცემების თანახმად, შეადგინა 45,4 მილიარდი დოლარი, ადრე იუწყებოდნენ, რომ დეფიციტმა 45,8 მილიარდს მიაღწია. 2011 წლის მარტში იმპორტის მოცულობამ 220,9 მილიარდ დოლარი შეადგინა (+4,9% თებერვალთან შედარებით), ხოლო ექსპორტის მოცულობამ – 172,7 მილიარდი დოლარი (+4,6%). ამას-თან, წლიურ გამოხატულებაში იმპორტი აშშ-ში 2011 წლის მარტში 16,4%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპო-რტი ქვეყნიდან – 14,9%-ით. აშშ-ში 2011 წლის მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის ისტორიაში რეკორდული იყო, ხოლო თვიური 4,6%-იანი ზრდა მაქსიმალური 1994 წლიდან.
ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ნახევარფაბრიკატების მაკომპლექტებელი ნაწარმოები საქონლის მარაგები აშშ-ის საწყობებში 2011 წლის მარტში თებერვალთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიურ გამოხატულებაში 0,8%-ის დონეზე ელო-დნენ, ხოლო წლიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 9,7%-ის დონეზე.
ამერიკული საწარმოების გაყიდვები მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის მარტთან შედარებით – 11%-ით. 2011 წლის თებერვალში ნახევარფაბრიკატების მაკომპლექტებელი წარმოებული საქონლის მარაგები აშშ-ის საწყობებში, გადასინჯული მონაცემებით, თვიურ გამოხატულებაში 0,7%-ით გაიზარდა (ადრე 0,5%-იან ზრდას იუწყებოდნენ).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში საცალო გაყიდვები 2011 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,5%-ით, ანალიტიკოსები ამდენივე ზრდას ვარაუდობდნენ. რაც შეეხება გასული წლის აპრილთან ამ მაჩვენებლის შედარებას, იგი გაზრდილია 7,6%-ით. 2011 წლის მარტში საცალო გაყიდვების მოცულობა, უკვე დაზუსტებული მონაცემებით, თვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,9%-ით (ადრე ზრდას 0,4%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ).
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობისთვის პირველადი მიმართვების რაოდენობა კვირის განმავლობაში, რომელიც 7 მაისს დასრულდა, წინა კვირასთან შედარებით შემცირდა 434 ათასამდე. ანალიტიკოსები თავიანთ პროგნოზებში ახლოს იყვნენ ამ ციფრთან და 430 ათასი მიმართვა ივარაუდეს. შემწეობისთვის პირველადი მიმართვის საშუალო რაოდენობამ 4 კვირის მანძილზე (2011 წლის 7 მაისამდე) შეადგინა 436,75 ათასი, რაც 2,5 ათასით მეტია წინა ოთხკვირიან მაჩვენებელთან შედარებით, რომლის დროსაც 532,250 ათასი მიმართვა დაფიქსირდა.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ქვეყნის სამომხმარებლო ფასები აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები სწორედ ასეთ ზრდას ვარაუდობდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, 2011 წლის მარტში აშშ-ის სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა (როგორც ადრე იუწყებოდნენ). კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო ფასები თვიურ გამოხატულებაში 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო მარტში ეს მაჩვენებელი 0,1%-ით გაიზარდა.
მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ღეუტერს-ის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 2011 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, შეადგენს 72,4 პუნქტს, ანალიტკოსები ნაკლებს, 70 პუნქტს ელოდნენ.

ევროზონის სამრეწველო წარმოება მცირდება
ევროკავშირის სტატისტიკური ბიუროს, Eurostat-ის მონაცემებით, ევროს მიმოქცევის ზონაში სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2011 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით დაიკლო 0,2%-ით. ანალიტიკოსები, პირიქით, ამ მაჩვენებლის ზრდას ელოდნენ 0,5%-ით. წლიურ გამოხატულებაში ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდში 5,3%-ით არის გაზრდილი. გადასინჯული მონაცემებით, ევროზონაში სამრეწველო წარმოება 2011 წლის თებერვალში თვიური გამოხატულებით 0,6%-ით არის გაზრდილი. ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა 2011 წლის მარტში თვიური გაანგარიშებით შემცირებულია 0,3%-ით, ხოლო წლიურით – გაზრდილია 4,6%-ით.
Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, ევროს მიმოქცევის ზონაში 2011 წლის I კვარტალში მშპ წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით, ანალიტიკოსები ნაკლებ, 0,6%-იან ზრდას ელოდნენ. წინა წლის I კვარტალთან შედარებით ვეროზონის მშპ-ს ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 2,5% შეადგინა. ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოს მშპ-ის ზრდამ მიმდინარე წლის I კვარტალში კვარტალურ გამოხატულებაში 0.8% შეადგინა, ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით მშპ-ის ზრდა 2,5%-ს შეადგენს. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მიმდინარე წლის I კვარტალში კვარტალურ გამოხატულებაში შეინიშნება მშპ-ის კლება: პორტუგალიას 0,7%-ით, წლიურ გამოხატულებაში მშპ-ის კლებამ ამავე მაჩვენებელს მიაღწია; ირლანდიის მონაცემები ევროზონის მშპ-ის წინასწარი მაჩვენებლების შედგენისას ხელმისაწვდომი არ იყო, ხოლო საბერძნეთის მშპ საანგარიშო კვარტალში კვარტალურ გამოხატულებაში გაზრდილია 0,8%-ით, ხოლო წლიურ გაანგარიშებაში შემცირებულია 4,8%-ით. შედარებისთვის: აშშ-ის მშპ მიმდინარე წლის I კვარტალში 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით გაზრდილია 0,4%-ით. მონაცემების შედგენისას ასევე ხელმისაწვდომი არ იყო იაპონიის მაჩვენებლები.

საფრანგეთის I კვარტლის მშპ-ის ზრდა 2006 წლის მერე ყველაზე შთამბეჭდავია
საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს Insee-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ქვეყნის სამრეწველო წარმოების მოცულობა 0,9%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები, პირიქით, ამ მაჩვენებლის ზრდას თვიურ გამოხატულებაში 0,4%-ით ელოდნენ. მარტში საფრანგეთის დამამუშავებელი მრეწველობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1,0%-ით. დაზუსტებული მონაცემებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა საფრანგეთში თებერვალში წინა თვესთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა (ადრე 0,4%-იან ზრდას იუწყებოდნენ).
2011 წლის აპრილში მარტთან შედარებით საფრანგეთის სამომხმარებლო ფასები მომატებულია 0,4%-ით. ანალიტიკოსები სწორედ ასეთ მატებას ელოდნენ. წინა წლის აპრილთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2,2%-ით. სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით სამომხმარებლო ფასები 2011 წლის აპრილში მომატებულია 0,2%-ით თვიურ გამოხატულებაში, ხოლო წლიურში – 2,1%-ით.
საფრანგეთის მშპ 2011 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, გაზრდილია 1,0%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,6%-ის ფარგლებში ელოდნენ. მშპ-ის ეს ზრდა ყველაზე შთამბეჭდავია 2006 წლის II კვარტლის შემდეგ. 2010 წლის IV კვარტალში ქვეყნის მშპ კვარტალურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,3%-ით (ადრინდელი ცნობით, 0,5%), ხოლო მთელი 2010 წლის განმავლობაში საფრანგეთის მშპ 1,4%-ით გაიზარდა (ადრე 1,5%-იან ზრდას იუწყებოდნენ).

გერმანია საანგარიშო პერიოდს წარმატებით ასრულებს
გერმანიის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, 2011 მარტში წინა თვესთან შედარებით 15,2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 13,5 მილიარდ ევრომდე ელოდნენ. თებერვალში გერმანიის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, გადასინჯული მონაცმებით, 11,2 მილიარდი ევრო შეადგინა, ადრე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ეს ციფრი 11,4 მილიარდი ევრო იყო. სეზონური კორექტირებების გაუთვალისწინებლად გერმანიის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2011 წლის მარტში 18,9 მილიარდი ევრო შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა განისაზღვრა (სეზონური და კალენდარული ფაქტორების გათვალისწინებით) 91 მილიარდი ევროთი, რომელიც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 7,3%-ით, რაც შეეხება იმპორტს, იგი 3,1%-ით გაიზარდა შეადგინა 75,7 მილიარდი ევრო.
გერმანიის სამომხმარებლო ფასები 2011 წლის აპრილში, საბოლოო მონაცემებით, წლიურ გამოხატულებაში გაზრდილია 2,4%-ით, ანალიტიკოსები სწორედ ასეთ პროცენტულ მატებას ელოდნენ, მარტთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,2%-ით.
იგივე, გერმანიის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, გერმანიის მშპ 2011 წლის I კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 1,5%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,9%-ით ელოდნენ. საანგარიშო კვარტლის მონაცემები გამოქვეყნებულია სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ცვლილებების გაუთვალისწინებლად, წლიურ გამოხატულებაში გერმანული მშპ 2010 წლის I კვარტალში გაიზარდა 5,2%-ით, ხოლო სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით, 4,9%-ით. რაც შეეხება, 2010 წლის IV კვარტალს, გერმანიის მშპ სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით კვარტალურ გამოხატულებაში გაიზარდა 0,4%-ით, ხოლო წლიურით – 3,8%-ით.

2007 წლის დასაწყისიდან ფუნტმა ღირებულების 23% დაკარგა
დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი იზრდება ექსპორტის წილის შემცირების ხარჯზე. ბრიტანული წარმოების საქონლის მიწოდება შემცირდა აშშ-ში, ჩინეთში, კანადასა და ჰონგ კონგში, ევროპელ მეზობლებს ბრიტანული პროდუქციისადმი ინტერესი ბევრად მაღალი აქვთ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური სამრეწველო წარმოების საქონელზე მოთხოვნა შემცირდა ირლანდიასა და ნორვეგიაში, იგი გაიზარდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.
თვითონ ნისლიან ალბიონზე იზრდება მოთხოვნა თავისი წამყვანი სავაჭრო პარტნიორებისგან საქონლის შესყიდვაზე, ისეთი, როგორებიცაა: კანადა, აშშ, ნორვეგია და ევროზონის ქვეყნების უმეტესობა. ნიშანდობლივია, რომ მარტში იმპორტი შემცირდა ტრადიციულად ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან – გერმანიიდან. შედეგად, ლონდონის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, რომელიც მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი (Total Trade Balance) 2655-დან 3005 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, თუმცა, ექსპერტები უარესის მოლოდინში იყვნენ და დეფიციტს 3250 მილიონამდე ვარაუდობდნენ. ამის პარალელურად, ხილული სავაჭრო ბალანსის დეფიციტი (Visible Trade Balance) 6988-დან 76660 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, რამაც ასევე გადააჭარბა ექსპერტთა მოლოდინს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს ციფრი 7500 მილიონს არ გადააჭარბებდა. გაიზარდა მარტის სავაჭრო ბალანსის დეფიციტიც ევროს მიმოქცევის ქვეყნებთან 2766-დან 4479 მილიონ ფუნტ სტელინგამდე. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, პირველ რიგში, იმპორტის პრევალირებული ზრდით არის განპირობებული. ამასთან, იმპორტის საერთო მოცულობა მარტში თებერვალთან შედარებით გაიზარდა 1,7%-ით, ექსპორტი კი შემცირდა 0,5%-ით.
წლიურ გამოხატულებაში ექსპორტი, რომელიც 21%-ით 75 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, რეკორდულად მაღალი რჩება. ნისლიან ალბიონზე წარმოებული ასეთი დიდი მოცულობის საქონელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 1955 წლის ივლისიდან არ გატანილა. მაშინ, როცა იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა შეიძლება სამომხმარებლო მოთხოვნის გაზრდით ავხსნათ, ექსპორტის შემცირება კი იმაზე მეტყველებს, რომ ფუნტი სტერლინგის დასუსტებას უკვე აღარ შეუძლია ბრიტანული ეკონომიკის მხარდაჭერა. ბრიტანელ ექსპორტიორებს ბოლო პერიოდში დიდი დახმარება აღმოუჩინა ევროსა და დოლართან მიმართებაში დასუსტებულმა ეროვნულმა ვალუტამ. 2007 წლის დასაწყისიდან ფუნტმა ღირებულების 23% დაკარგა და ექსპერტების შეფასებებით, მთელი 2011 წლის მანძილზე ინგლისური ვალუტის დასუსტება გაგრძელდება, აქედან გამომდინარე, სავაჭრო ბალანსი უნდა გამყარდეს, მაგრამ ამ უკანსასკნელს დაუპირისპირდებიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა, ნავთობზე ფასების ზრდა და ევროზონის ქვეყნების ვალის პრობლემები, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური არასტაბილურობაზე და იაპონიის მიწისძვრაზე.
მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი დიდ იმედებს ამყარებს საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე, მით უმეტეს, ქვეყანა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე რადიკალურად შემცირებული სახელმწიფო ხარჯების რეჟიმში ცხოვრობს. ქვეყნის ეკონომიკას მონეტარული ხელისუფლება ასულდგმულებს. მაისის დასაწყისში ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულად დაბალ 0,5%-იან ნიშნულზე დაეტოვებინა. უფრო მეტიც, ინგლისის ცენტრალური ბანკის მმართველი ცხრაკაციანი საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ბრიტანული ეკონომიკის მასტიმულირებელი 200 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სახელმწიფო ბონდების გამოსყიდვის პროგრამა.
მაღალი რჩება ინფლაციაც, იგი აჭარბებს ხელისუფლების მიერ დაწესებულ 3%-იან ზღვარს, რაც შეუძლებელია მათ არ აღელვებდეს, ისინი ინფლაციაზე მკაცრ კონტროლს ითხოვენ. მარტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წლიურ გამოხატულებაში 4,0%-მდე გაიზარდა, ხოლო თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 4,4%-ს მიაღწია. ერთი მხრივ, ინფლაციის მზარდი რისკების დაბალანსების მცდელობასა და ეკონომიკური ზრდის შენელებას შორის ინგლისის მონეტარული ხელისუფლება არჩევანს იმაზე აკეთებს, რომ სახელმწიფო ხარჯების უპრეცენდენტო შემცირება ინფლაციურ ზეწოლას შეარბილებს. ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა, დამატებული ღირებულებისა და (VAT) გაყიდვებიდან გადასახადების გაზრდა (20%), ასევე სახელმწიფო სექტორში მოსამსახურეების მნიშვნელოვანი შემცირება, მძიმე ტვირთად დააწვება ინგლისელ ხალხს. ასეთ პირობებში, მონეტარული ხელისუფლების არჩევანი ეკონომიკის მხარდაჭერაზე, ექსპერტების აზრით, იმას ნიშნავს, რომ მერვინ კინგის უწყება უახლოეს რამდენიმე თვეში ისევ არ შეცვლის თავის პოლიტიკას.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გაიზარდა
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 7,66 მილიარდი ფუნტ სტერლინგი (8,74 მილიარდი ევრო). ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 7,5 მილიარდი ფუნტ სტერლინგამდე ელოდნენ (8,52 მილიარდი ევრო). გადასინჯული მონაცემებით, თებერვლის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 6,988 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, ადრე 6,776 მილიარდი ფუნტი სტერლინგის დეფიციტს იუწყებოდნენ. დიდ ბრიტანეთში საქონლის იმპორტის მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში შეადგინა 32,569 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (37,147 მილიარდი ევრო), ხოლო ექსპორტისამ კი – 24,909 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (28,41 მილიარდი ევრო). მომსახურების ექსპორტ-იმპორტის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 2011 წლის მარტში 3 მილარდი ფუნტ სტერლინგი შეადგინა (3,42 მილიარდი ევრო) თებერვლის დეფიციტთან შედარებით, რომელმაც 2,7 მილიარდს მიაღწია.
იგივე, დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 0,3%-იანი ზრდა დააფიქსირა. ანალიტიკოსები ბევრად დიდ, 0,8%-იან ზრდას ელოდნენ. 2010 წლის მარტთან შედარებით 2011 წლის ანალოგიურ პეროდში სამრეწველო წარმოების მოცულობა 0,7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ზრდა 1,1%-იანი იქნებოდა. დაზუსტებული მონაცემებით, 2011 წლის თებერვალში სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 1,2%-ით (ადრე სწორედ ეს მაჩვენებელი გამოქვეყნდა), ხოლო წლიურში – 2,4%-ით გაიზარდა (ადრე ეს მაჩვენებელიც ამდენივე იყო).

აშშ-ში ინფლაციის მიზეზი ისევ საწვავი და კვების პროდუქტებია
სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანახმად, პარილში აშშ-ის ინფლაციამ თვიურ გამოხატულებაში 0,4% შეადგინა, რაც დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინს და ცოტა დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე წინა თვის მაჩვენებელი (0,5%). მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის აპრილის წლიური ინფლაცია 3,2%-ით განისაზღვრა მარტის 2,7%-ის საპირისპიროდ, ანალიტიკოსების მოლოდინი 3,1% იყო. ასეთი მნიშვნელოვანი წლიური ზრდა არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემოდგომაზეც კი. ინფლაციური ზეწოლის მთავარ მიზეზად გვევლინება ფასების ზრდა საწვავსა და საკვებ პროდუქტებზე.
ვალატიური კომპონენტებისგან გათავისუფლებული სამომხმარებლო ფასების ინდექსი აპრილში თვიური გაანგარიშებით 0,2%-ით და წლიურით – 1.3%-ით გაიზარდა. მარტთან შედარებით – 0,1% და 1,2% შესაბამისად. ეს იმას მოწმობს, რომ ინფლაციური ზეწოლა მაინც ძლიერდება, თუმცა, ბაზრის ანალიტიკოსებისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, მოცემულ მომენტში ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები ეკონომიკაში ფასების საერთო მატებას სასაქონლო ბაზრის სიტუაციას ვერ მიაწერენ, ვინაიდან საკვანძო მაჩვენებელიც კი უნუგეშო მონაცემების დემონსტრირებას ახდენს. “როდესაც ეკონომისტები და ბაზრის მონაწილეები ამ მაჩვენებლებს ხედავნ, ამბობენ – დიახ, ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდია ეკონომიკის აღდგენის გზაზე. როცა ამ მონაცემებს რეალური ეკონომიკის სექტორის წარმომადგენლები უყურებენ, ამბობენ – არა, ეს გარდამავალი პერიოდი არ არის, არამედ საგრძნობი დარტყმა ჩვენთვის. ეს სამართლიანია, როგორც ინფლაციისთვის, ასევე უმუშევრობისთვის. თუკი ამ ყველაფერს გლობალურ ჭრილში ავიღებთ, სამართლიანია საბერძნეთისთვისაც კი. მიმაჩნია, რომ დროა შევწყვიტოთ სიტყვით “გარდამავალი” პრობლემებს ამოფარება”, – ამბობს CNBC-ის პირდაპირ ეთერში მოჰამედ ელ-ერიანი, მსხვილი საინვესტიციო კომპანიის PIMCO-ის მმართველი. მის მოსაზრებას იზიარებს ავტორიტეტული ეკონომისტი ჯონ რატლეჯი: “სინამდვილეში, ინლაციასთან დაკავშირებული ისტორია ასანთის ღერისგან ჯერ კიდევ გადაუწვავ ტყეს ჰგავს, ასეთივე სიტუაციაა უმუშევრობასთან მიმართებაშიც, მაგრამ ტყე გამომშრალია და ცეცხლიც ჩაღდება. ამის მთავარი მაჩვენებელი მცირე კაპიტალიზაციის კომპანიებია, ბანკებმა მათი დაკრედიტება აქტიურად დაიწყეს”.
საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის მოცულობასა და რეალურ მიწოდებას შორის შეუსაბამობას ხშირად იყენებენ ინფლაციის განსაზღვრაში. ეს განსაზღვრება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის რეალურ სექტორს და საკმაოდ ზუსტად ასახავს მას, რასაც აკვირდება კიდეც ფედერალური სარეზერვო სისტემა თავისი მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისას.
პიტერ კოჰენი Peter Cohan & Associates-დან ფიქრობს, რომ ყველაფერი არც ისე საშინლად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით გამოიყურება: “ინფლაციაზე 2002 კომპონენტი მოქმედებს. ის, რაზედაც ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩინოვნიკები ღელავენ, რეალური სექტორისა და შრომის ბაზრის მაჩვენებლებია. ასე მაგალითად, 2010 წელს შრომითი ერთეულის ღირებულება 1,5%-ით შემცირდა, ხოლო მწარმოებლურობა 3,9%-ით გაიზარდა. ბოლო დეკადაში კი, საშუალო სტატისტიკური ამე-რიკული ოჯახის შემოსავალი 8,1%-ით შემცირდა. ამიტომაც არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ინფლაციური ზეწოლა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება”.
მართლაც, ძნელია წარმოიდგინო, რომ 9%-იანი უმუშევრობის პირობებში, მომუშავეებმა მასიურად მოითხოვონ ხელფასების მომატება. ამასთან დაკავშირებით, შრომის ღირებულების ზრდა და, როგორც შედეგი, ინფლაცია არც ისე რეალისტური მიზეზია. მაგრამ არ ღირს იმის დავიწყება, რომ აქამდე მწარმოებლებს მომხმარებლებზე არ გადაჰქონდათ ის დანახარჯები, რომლებიც პირველად იგემეს სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის გამო. ეს ხდებოდა, პირველ რიგში, სწორედ მოსახლეობის სუსტი მსყიდველუნარიანობის გამო, რაზედაც ბატონო კოჰენი ბრძანდებდა.
გრძელვადიან პერსპექტივაში, მწარმოებლებს შრომის ღირებულების ზრდა არ უბიძგებს ფასების ზრდისკენ, არამედ საწვავისა და სხვა ირიბი დანახარჯების კომპენსირების აუცილებლობა, რომ ბიზნესის გრძელვადიანი რენტაბელობა უზრუნველყონ. ამ ლოგიკით, თუკი ფედერალური სარეზერვო სისტემა რაოდენობრივი ლიბერალიზმის პროგრამის დასრულების შემდეგ (მიმდინარე წლის ივნისში) განაკვეთებს გაზრდის, იმის ნიშანი არ იქნება, რომ ბენ ბერნანკე შეცდა კურსის არჩევაში, რომელიც 600 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოსყიდვის გზით ეკონომიკის სტიმულირებას გულისხმობს, არამედ იმის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის სცენარი, რომელიც ბატონმა კოჰენმა დახატა, სარეზერვო სისტემას არარეალური ეჩვენება.

გაღრმავდება თუ არა სავალე პრობლემები
ვროპული ეკონომიკა, რომელმაც არც თუ ურიგო სტარტი აიღო 2011 წლის დასაწყისში, წარმატებულ განვითარებას აგრძელებს. კვარტალური ზრდის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის I კვარტალში ზრდა ყველაზე დიდი იყო 2010 წლის II (1,0%) კვარტლის რეკორდულად მაღალი ზრდის მაჩვენებლის შემდეგ. ლუქსემბურგში ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მშპ-ის ზრდამ 0,8% შეადგინა წინა კვარტალთან შედარებით, ხოლო ევროზონის ეკონომიკური ზრდა წლიურ გამოხატულებაში შეადგენს 2,5%-ს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2007 წლის III კვარტლის შემდეგ.
მაისის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატისტიკა იმის დასტურია, რომ ეკონომიკური აქტივობა ევროს მიმოქცევის ზონაში ძალებს იკრებს და პროგნოზებს წინ უსწრებს. ეჭვს არ ბადებს, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპის ლოკომოტივი ევროზონაში წამყვანი სახელმწიფო – გერმანიაა.
ვისბადენის სტატისტიკური ბიუროს თებერვლის მონაცემებით, გერმანიის მშპ-ის ზრდა I კვარ-ტალში წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 1,5%-ით. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე 2010 წლის III კვარტალში დაფიქსირებული ზრდა. წარმატებით ვითარდება საფრანგეთის ეკონომიკაც, მისი ზრდის ტემპი მიმდინარე წლის I კვარტალში თითქმის ორჯერ აღემატება 2010 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს (1%). მთლიანობაში ევროზონის მაღალი მაჩვენებლები რეგიონის პრობლემებს ჩრდილავს, მაშინ, როცა პერიფერიულ და განვითარებულ ქვეყნებს შორის განსხვავება ძალიან შთამბეჭდავია. ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის რეგიონის ყველა ქვეყნის შედეგი, მაგრამ უკვე თვალნათელია, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიასა და ნიდერლანდებში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად როგორ მცირდება იგი ირლანდიასა და პორ-ტუგალიაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთმა წელს აღდგენის პროცესი დაიწყო: მიმდინარე წლის I კვარტალში წინა კვარტლის 1,4%-იანი ვარდნის შემდეგ საბერძნეთის მშპ 0,8%-ით გაიზარდა.
ევროპის ცენტრალური ბანკი პირველი გახდა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რეგულატორებს შორის, რომელმაც, როგორც ცნობილია, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და აპრილში რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ჯან კლოდ ტრიშემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა განვიხილოთ, როგორც განაკვეთის აწევის ჯაჭვში პირველი რგოლი. “ინფლაციის რისკი იზრდება, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკი ძველებურად გააგრძელებს მოქნილ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას – განაცხადა ტრიშემ და დასძინა – თუმცა, ეს გადაწყვეტილება იმისთვის არ მიგვიღია, რომ განაკვეთების აწევის ჯერი დაგვეწყო, ჩვენი დოქტრინა იმას გულისხმობს, რომ ყოველთვის გავაკეთოთ ის, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება”.
თუ როგორ იმოქმედებს განაკვეთის აწევა მთლიანობაში ევროზონისა და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკებზე, უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი. ნათელია, რომ ზრდის ტემპი მცირდება, ახლა საქმე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ევროზონის პერიფერიული სახელმწიფოები რამდენად მედგრად დაუხვდებიან სტიმულების უკან გამოწვევის პირობებს და ევროპის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ევროპაში გაღრმავდება თუ არა სავალე პრობლემები.