რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ეს სვეტი დიდი ხანია არ გამოჩენილა ჩვენს ჟურნალში, რადგან ვფიქრობდით, რომ ისედაც სვეტებით და თეორიებით გადაღლილ ჩემს ხალხს ღრმა ეკონომიკურ პრობლემებზე მსჯელობა სულს აუფორიაქებდა, გააღიზიანებდა. არადა, ეს პრობლემები უამრავია, უფრო მეტად სოციალურში გადაჯაჭვული და არ ვცდილობთ მათ მოგვარებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენ რაღაც სხვა საქმეს ვეშურებით და ეკონომიკა, როგორც ბარის მდინარე, მდორედ, მაგრამ მაინც ჯიუტად მიედინება, მიედინება უფსკრულისაკენ.

იმძლავრა შურმა, დემაგოგიამ, პოლიტიკომანიამ და მომხვეჭელობამ. უმუშევრობით, უხელფასობით, გაურკვევლობით გათანგულ ხალხს მთლად გზა აებნა და მტყუან-მართალს ვერ არჩევს – დემაგოგობით მიიღწევა სიმართლე და პური, თუ მუხლჩაუხრელი რუდუნებითი შრომით? რომელს გაჰყვეს – მას, ვინც ჰპირდება მართალ და ეკლიან გზას, თუ, ვინც კარგად ცნობილი დემაგოგიური მეთოდებით “ჰოპლა და უკვე სამოთხეში ვართ”, ქადაგებს. არა, არა ჩვენ მაინც ვერასდროს ვსწავლობთ ჭკუას და სისხლში გვაქვს, “ჩავუხდეთ მუხრან ბატონსა”. იქნებ, არც აინტერესებს ხალხს მტყუან-მართალი? იქნებ, გაზი, შუქი, სიმშვიდე და სამუშაო ურჩევნია და პოლიტიკაში ვინ ვინ არის, არ დაგიდევთ?! ამაში ცდება სწორედ! კარგი ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილები თავისით არ მოვა, ეს წელიწადის დრო არ არის.

ხალხი ყველგან თვითონ ქმნის საზოგადოებას და თვითონ აწესებს სიუხვის განაწილების წესს. როგორც მაცხოვარი ამბობს, როცა მდოგვის მარცვალი ზედაპირზე, ნოყიერ ნიადაგზე დავარდა, უცებ აღმოცენდა, ადვილად, მაგრამ ადვილადვე გაახმო მზემ. ის, რომელიც ეკალ-ბარდებში ჩავარდა და ღრმად ჩაეფლო, ძნელად აღმოცენდა და გაიხარა.

საიდან, ქართველებს ამდენი ურთიერთბოღმა და შური, ღვარძლი და მტრობა? ყველაფრის ახსნა შეიძლება, მაგრამ დემაგოგიით ხალხის მოტყუება, მისი აწეწვა და უფსკრულისკენ გაქანება, არა!

ქართველები უნდა შეეჩვიონ ერთ რამეს – თვითონ უნდა იბრძოლონ უკეთესი მერმისისათვის და ის, ვინც ამის მიღწევას ადვილად ჰპირდება, შრომის, ტანჯვის, მშობიარობის ტკივილების გარეშე, სხვისი შექმნილის (თუნდაც საეჭვოდ) წართმეულის ხარჯზე, უფსკრულისკენ და დაუმთავრებელი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს ხალხს. ეს უკვე იყო, ახალი აქ არაფერია! ცოდვაა გაწირო ხალხი ამისთვის, ხალხი, რომელსაც, ალბათ, ტკბილი ზღაპარი ურჩევნია მწარე სიმართლეს.

მწარე სიმართლეა ის, რომ ეკონომისტის დღეს არც ერთი ეკონომისტი არანაირი დოქტრინით არ წარმდგარა სამსჯავროზე. მწარე სიმართლეა ის, რომ მეცნიერ-ეკონომისტები ვერ იტანენ ერთმანეთს და მათ ერთიანად ვერ იტანს სახელმწიფო. არაეკონომისტები ამბობენ – სად ხართ ეკონომისტებო, ინგრევა ქვეყანა! ეკონომისტები კი პასუხობენ – დაგვითმეთარაეკონომისტებმა ასპარეზი, რომ ქვეყანა დანგრევას გადავარჩინოთ! ამ სოფისტურ პოლემიკაში გადის დრო, კრიზისი კი ღრმავდება.

ცალკე მეცნიერებაშია ატეხილი აურზაური. ძველ პროფესურას (ნაწილს) არ სურს, გაიზარდოს ახალი. ახალგაზრდების დასათრგუნავად შემოიღეს მრავალსაფეხურიანი სწავლულ ექსპერტთა საბჭოები და სადისერტაციო ნაშრომების მრავალინტენსიური “მოგზაურობანი” კაბინეტებში. სსრ კავშირი დავანგრიეთ, მაგრამ მეთოდებს ვერ ველევით. გვიყვარს ბიუროკრატია. არადა, სავსებით გასაგებია – საქართველოში ბევრს სამეცნიერო ხარისხი მოდისთვის აქვს. ადამიანს თვითონ ერთი სრულფასოვანი სტატია არ დაუწერია, ორ ეკონომიკურ კატეგორიას ერთმანეთისაგან ვერ არჩევს და არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს, მაგრამ “იცავს” და დოქტორი ხდება, უფრო მეტად დიდი თეორეტიკოსი და მერე სხვებს ჭკუას ასწავლის. მაგრამ განა ათ საერთაშორისო რეფერირებულ ორგანოში გამოქვეყნებული სტატია იქნება ამის ფილტრი? რა თქმა უნდა, არა! ისინი ამასაც კარგად “გააჩალიჩებენ”. დაიჩაგრება ფანატი მეცნიერი და ამას მოწყურებული ახალგაზრდობა. რა არის ცუდი იმაში, თუ კაცს მხოლოდ იმიჯისთვის სჭირდება დოქტორობა, იყოს დოქტორი. ხალხი, საზოგადოება კი მისი შრომების მიხედვით გაარჩევს, თუ ვინ ვინ არის. ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გზა. იქნებ, ვინმეს ეშინია ახალგაზრდების? იქნებ, ვინმეს ეშინია საქართველოში საღი ეკონომიკური აზრის? ალბათ! ახალი თაობა ის არ არის, რაც იყო. მაშ, დაუთმეთ მათ გზა, მათი მოსვლა დროის ამოცანაა, ამიტომ პრიმატი ფორმალობას კი არა, ნიჭს და საქმეს მიეცით. ამ ისედაც დუხჭირ დროში ვიღაცა ქართულ მეცნიერებას კლავს, ვიღაცა ჩუმად დასტურს აძლევს, ეს ხომ სირცხვილია!

აბა, რომელ საერთაშორისო რეფერირებაზეა საუბარი, როდესაც მოსკოვში და ფილადელფიაში რეფერირება წელიწადში, მინიმუმი, 1200 დოლარი ჯდება (საფოსტო და სხვა ხარჯების სახით), ხოლო ნამდვილი აღიარება თუ გნებავთ, ინტერნეტ ვერსია და უცხო ენებზე პუბლიკაციების თარგმნაც გჭირდებათ. ეს უკანასკნელი უფრო დიდ თანხას მოითხოვს. ჩვენმა ჟურნალმა შეძლო ეს გაეკეთებინა და ახალგაზრდა თუ ჭარმაგ მეცნიერთათვის მიეცა ასპარეზი (მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ მაინც არა ვართ “ჩამონათვალში” შეყვანილი. ეკონომიკის სექციამ უკვე წარადგინა ჩვენი ჟურნალი და, ალბათ, ოქტომბერში გადაწყვეტენ). მაგრამ რამდენი ახალგაზრდა მეცნიერი შესძლებს შეწვდეს ასეთ ფუფუნებას?

არადა, ამ სიდუხჭირის დროს თუ ვინმე საქმეს და წიგნებს შეაკლავს თავს, მას მხოლოდ წახალისება სჭირდება. არა, არ გვიყვარს ერთმანეთი, არც ქვეყანა გვიყვარს. ყველაფერში მხოლოდ ჩვენი თავი გვახსოვს. მთავარია, ჩვენ პოლიტიკურად გავიმარჯვოთ, ჩვენმა კლანმა ერთი სფერო მაინც “დაითრიოს”. თუ არადა, ქვასაც უთოვია. მთავარი დემაგოგიაა, რაც შეიძლება ხმამაღალი და ურცხვი, იმას ებრძოლო სიტყვიერად, რასაც ყოველდღე თავად სჩადიხარ, სათვალეებიანი, გამხდარი “პატიოსანი” ბიჭის იმიჯი შეიქმნა და ჰაიდა პოლიტიკურ სიბინძურეში. ხალხი? ვინ ხალხი? ის, როგორც ითმენდა, ისევე მოითმენს! ეჩვევა კიდეც, იმდენად ეჩვევა, რომ მაგალითად, სეკვესტრი (ეს სიტყვა ძალზე მოდაშია) აუცილებლობა ჰგონია. შარშან სეკვესტრი, წელს სეკვესტრი, გაისად სეკვესტრი. ხალხს ნამდვილად სჯერა, რომ ამქვეყნად სამი რამაა აუცილებელი – სეკვესტრი, ცხარე რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლა. ხალხი, ეკონომიკა? აბა, მაგისთვის ახლა ვისღა სცალია.

დროა ქართველებმა სახელმწიფოებრივი მშენებლობა ვისწავლოთ და საკუთარი თავის იმედად ყოფნა. თორემ ვაი იმას, ვისაც კაჭკაჭი ჩიტი ჰგონია და ალვა ხე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial