სად მივიღოთ განათლება

მაკა ღანიაშვილი

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანულმა “ეკონომისტმა” გამოაქვეყნა იმ უნივერსიტეტების რეიტინგი, რომლებიც სტუდენტებსMBA სასწავლო კურსებს სთავაზობენ. რეიტინგის პირველ ათეულში 7 ამერი-კული უნივერსიტეტია (Dartmouth College, Chicago University, Virginia University, Harvard Business School, California at Berkeley University, Columbia Business School, Stanford Graduate School of Business). ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად, რეიტინგის ათეულში მოხვდნენ შვეიცარიის (IMD), კანადის (York University) და ესპანეთის (IESE Business School) ბიზნეს სკოლები. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი აბარებს ყოველწლიურად MBAპროგრამებზე, რადგან აბიტურიენტებისა და მშობლების აზრით, დასაქმების ყველაზე მეტი პერსპექტივა ამ პროგრამების გავლის შემდეგ აქვს ადამიანს. MBA საქართველოშიც პოპულარულია, მარამ რამდენად ხარისხიან განათლებას სთავაზობენ ქართული უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს? თუმცა, სანამ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლების მიერ სტუდენტებისათვის შეთავაზებულ პირობებზე გადავიდოდეთ, ზოგადად მიმოვიხილოთ ის სიახლეები, რომელიც ქართული განათლების სისტემაში ინერგება.

განათლების სამინისტროს 2012 წლის პრიორიტეტები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის სტრატეგიული გეგმა მთავრობასა და საზოგადოებას გასული წლის ბოლოს წარუდგინა. ერთ-ერთი სიახლე გულისხმობს 2012 წლის საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის დასაქმებას საზაფხულო სამუშაოებზე. უმნიშვნელოვანესი სიახლეა იმ 7000 სტუდენტისთვის, რომლებიც არაავტორიზებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობენ, სამინისტრო მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, დაგროვილ კრედიტებს უღიარებს. ამ ცვლილებით სამინისტრო არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ჩარიცხვის შემთხვევაში, აძლევს შანსს, სწავლა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ.
მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდათ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამოქმედდება განვითარებისა და ენდაუმენტის ფონდები. კვლავ გაგრძელდება სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება უცხოეთში. ბათუმში გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რასაც, ექსპერტთა შეფასებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ტექნოლოგიურ დარგებში მაღალკვალიფიციური კადრების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. განათლების ხარისხის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფოს კიდევ ერთმა პროგრამამ. საუბარია, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ჩამოსაყვანად თითოეული უმაღლესი სასწავლებლისთვის გამოყოფილ მილიონიან გრანტზე.
შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ, 2012 წელს საქართველოს განათლებისა და მაცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს. 2012 წლიდან პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინასებაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სამინისტრო სწავლას დაუფინანსებს და თითო სტუდენტს ათასლარიან ვაუჩერს მისცემს, სოციალურად დაუცველი სტუდენტები კი 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და შემდეგ აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სამინიტროს ასევე დაგეგმილი აქვს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა.
ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციებული და დაგეგმილი ცვილილებების პარალელურად, სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს მეცნიერების დარგში. 2012 წლის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებისთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დაგეგმილია სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა და საზღვარგარეთის სამეცნირო კვლევით ცენტრებში მათი მივლინება და სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მორიგ ახალ 70 სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს. პროექტები ორიენტირებული იქნება ახალი ცოდნის შემუშავებაზე, ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალებების, სამრეწველო ნიმუშების შემუშავებასა და სრულყოფაზე.
კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით დაფინანსდება, მათ შორის, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამედიცინო, სიცოცხლის, დედამიწის შემსწავლელ და აგრარულ სფეროებში. ყველა პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრულიად ახალი სამი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ისინი დამოუკიდებელი, უცხოელი ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებითაა შერჩეული. სამეცნიერო პროექტების ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერები უხელმძღვანელებენ. დაფინანსებას 600-ზე მეტი მეცნიერი მიიღებს, მათ შორის, ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი და სტუდენტი.
განათლების საერთაშორისო გამოფენა
23-26 თებერვალს თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 81-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ საქართველოდან და 13-მა უცხოეთიდან.
ქართულ ბაზარზე დღეს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელია წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს განსაკუთრეით მძაფრ კონკურენციას უწევენ. ორი მთავარი ჯგუფი, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, არის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სწავლის საფასური, განსაკუთრებით კი MBA პროგრამებზე, რადიკალურად განსხვავებულია. შეესაბამება თუ არა სწავლის საფასურს შორის სხვაობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლების დონეს? რამდენად კონკურენტუნარიანი არიან დასაქმების ბაზარზე სახელმწიფო სასწავლებლების კურსდამთავრებულები კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შედარებით?
როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – ALMA MATERკურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, პირველ ხუთეულშია. დავით სიხარულიძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი: “ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სრულ სამ დონიან სწავლებას. ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ჩვენი სწავლის პროცესი არის პრაქტიკაზე ორიენტირებული და სტუდენტი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოიმუშავებს იმ უნარებს, რაც საჭიროა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობისათვის. მაგისტრატურაზე ბიზნეს ადმინისტრირების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება: ფინანსები, მენეჯმენტი და ენერგო მენეჯმენტი. ენერგო მენეჯმენტის პროგრამა შეიქმნა USAID-ის დაფინანსებით და ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ. როგორც სწავლების საზღვარგარეთ გაგრძელების, ისე დასაქმების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ენერგო კომპანიებთან. ჩვენი უნივერსიტეტი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ISET და ქუთაისის უნივერსიტეტთან ერთად არის დიდი კონსორციუმის წევრი. 2009 წლიდან მოქმედებს ეს პროგრამა. USADI-ს მხარდაჭერა ამ პროგრამაში იმით გამოიხატება, რომ 120 კრედიტიდან, მაგისტრატურის სტუდენტს უფინანსებს 60 კრედიტს, ანუ ნახევარზე მეტს. ასევე, გვაქვს ერთობლივი პროგრამები ბრიტანულ, უნგრულ და ამრიკულ უნივერსიტეტებთან, რაც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს საშუალებას გარკვეული პერიოდი ისწავლონ საზღვარგარეთ”. MBA პროგრამაზე რობაქიძის უნივერსიტეტში წლიური გადასახადი 3100 ლარია. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ დღეს მათი მაგისტრატურის სტუდენტების 90% დასაქმებულია.
გაცილებით ძვირია სწავლის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, წლიური 5900 ლარი. თუმცა, როგორც გაუს პრეზიდენტი მაიკლ კოუგლი ჩვენთან საუბრისას აცხადებს: “მთავარი, რასაც ჩვენ უპირატესობად მივიჩნევთ, ძალიან მაღალი კვალიფიციური ლექტორები, სპეციალურად ქართული რეალობისთვის შემუშავებული პროგრამები და კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა. ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დასაქმების. ჩვენი MBA-ს კურსდამთავრებულების 100% არის დასაქმებული”.
დასაქმების საერთაშორისო ბაზრისთვის შესაბამისი კადრების მომზადებას უსვამენ ხაზს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ელენე სიგუა: “ჩვენი მთავარი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ აქ მიღებული განათლება საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელშიTOEFEL-ის სერთიფიკატის გარეშე შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა საზღვარგარეთ გასვლის, როგორც დასაქმების, ასევე სწავლის გაგრძელების კუთხით. ჩვენი კურსდამთავრებულების 80-90% არის დასაქმებული”. სწავლის საფასური შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ბაკალავრიატში ყოველწლიურად 5810, ხოლო მაგისტრატურაში 4 500 ლარია.
კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით ნაკლებია სწავლის საფასური სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში – წელიწადში 2250 ლარი. აკაკი ხელაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი: ძირითადი კრიტერიუმები, რაც უმაღლესი სასწავლებლის არჩევას უკავშირდება, არის უნივერსიტეტის რეიტინგი, სწავლების საფასური, სასწავლო პროგრამები, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და ინფრასტრუქტურა. შევაფასოთ თითოეული მათგანი თსუ-ს შემთხვევაში: ჩვენი ყველა პროგრამა არის აკრედიტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს მაღალი ხარისხის პროგრამები; თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, თავისი გამოცდილებით, აკადემიური ხარისხით და სხვა პიროვნული უნარჩვევებით თუ მახასიათებლებით საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან; აქვე მინდა ავღნიშნო მოწვეული პროფესიონალების მაღალი აქტივობა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მაღლივი კორპუსის პირველი 4 სართული არის გარემონტებული და როგორც ვიცი, უკვე არსებობს დამატებით 4 სართულის გარემონტების გეგმა და ბიუჯეტი.
დღევანდელი კონკურენციის პირობებში, საერთაშორისო აქტივობა არის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საერთაშორისო აქტივობაში ვგულისხმობ სტუდეტებისათვის გაცვლითი სასწავლო პროგრამების არსებობას, პროფესორ მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობას, ერთობლივ კვლევებს და სხვა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე უკვე არსებობს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა, “საერთაშორისო საწარმოთა მართვა”. პარტნიორი უნივერსიტეტია იენის (გერმანია) ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი. პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა ორი დიპლომი. გარდა ამისა, ძალიან ბევრ უხცოურ უნივერსიტეტთან იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ სტუდენტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როდესაც ის სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს თსუ-ს და ირჩევს სწავლის ჩვენთან გაგრძელებას.
ს.ე. – რამდენად კონკურენტუნარიანი არიან შრომის ბაზარზე სახელმწიფო უნივერსიტეტის, იგივე თსუ-ს კურსდამთავრებულები, პრესტიჟულ კერძო უმაღლეს სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შედარებით?
ა.ხ. – დავიწყოთ იქიდან, რომ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ჰყავს 5 700 სტუდენტი. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით არის სტუდენტური კონტინგენტი წარმოდგენილი. ეს არის თუნდაც რამდენიმე კერძო უმაღლესი სასწავლებელი ერთად აღებული. თუ ჩვენ ვნახავთ პროცენტულ მაჩვენებლებს, კერძო სასწავლებლებს შეიძლება უფრო მაღალი ჰქონდეთ დასაქმების მაჩვენებელი. ამას მარტივი მიზეზი აქვს: გაცილებით რთულია 5700 სტუდენტის 90%-ის დასაქმება ვიდრე 100 სტუდენტის 90%-ის. მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვგეგმავთ ბევრი სიახლის დანერგვას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებზე. უკვე გაზაფხულის სემესტრისთვის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები, საიდანაც ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებენ სტუდენტები და კურსდამთავრებულები. საწყის ეტაპზე, საუბარია, 20-30 ორგანიზაციაზე და სამომავლოდ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
ს.ე. – რამდენად აქვს ფაკულტეტს იმის რესურსი რომ 5 700 სტუდენტს ერთდროულად მისცეს ხარისხიან განათლება?
ა.ხ. – ამის რესურსი ნამდვილად არის. პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ადამიანურ რესურსზე. ჩვენს ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ხარისხიანი აკადემიური პერსონალი, ვგულისხმობ სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორების რაოდენობას. მაშინ როცა საგანმანათლებლო ბაზარზე ჭირს მაღალკვალიფიციური აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორ-მასწავლებლების მოძიება. ზოგადად, უნივერსიტეტის კადრების მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, მოზიდულია დიდი რაოდენობით მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და არსებობს კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც.
ს.ე. – სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით თუ იგეგმება ცვლილებები?
ა.ხ. – ვერ ვიტყვი, რომ იგეგმება რაიმე სახის ძირეული ცვლილებები, თუმცა მოხდება არსებული პროგრამების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, გაუმჯობესება. მეტიც, გაუმჯობესება და მუდმივი სრულყოფა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ფეხი აუწყო თანამედროვე მოთხოვნებს და შეინარჩუნო კონკურენტუნარიანი პოზიცია. ვაპირებ გუნდური მუშაობის და შედეგზე ორიენტაციის პრინციპებით მუშაობას. პრაქტიკულად სისტემის ყველა რგოლი, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია, სტუდენტობა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ფაკულტეტის მართვაში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რაც დადებითად აისახება თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობაზე.
როგორც ვხედავთ, საქართველოს განათლების ბაზარზე კონკურენცია მძაფრია. შეიძლება ითქვას, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია ბაზარზე წარმოდგენილი, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, პირველ რიგში, გადასახადის მოცულობით. როგორც დასაქმების სააგენტოებში აღნიშნავენ, რამდენიმე წლის წინ აღინიშნებოდა ტენდენცია, რომ დამსაქმებლები პირდაპირ “უკვეთავდნენ” ამა თუ იმ პრესტიჟული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულის ვაკანსიას. თუმცა ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. მათი განცხადებით, დამსაქმებლები დიპლომში ჩაწერილი უმაღლესი სასწავლებლის სახელს ისეთ დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ, როგორც ადრე. თვითონ დამსაქმებლების განცხადებით, მათი მიდგომა ახალი კადრების შერჩევისას შეიცვალა და ახლა მთავარ ყურადღებას იმ უნარებს აქცევენ, რომელსაც პოტენციური დასაქმებული მათთან გამოსაცდელი ვადით ყოფნის დროს გამოავლენს. ამ შედეგების მიხედვით კი, როგორც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები დაუსაქმებიათ და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის უარი უთქვამთ.