ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანულმა ინსტიტუტმა (GDI) გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მაღალი შეფასება დაიმსახურა

სარედაქციო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელის ქალბატონ მონიკა პრშიბიშის მადლობის წერილი მიიღო, რომელიც ეხება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებულ ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის (GDI) საქმიანობას. ამ ინსტიტუტის ფარგლებში მისი დაარსებიდან (2006წ.) დღემდე ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის სრულყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 2011 წელი ამ მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

სწორედ GDI-ის ინიციატივითა და ორგანიზებით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2011 წლის 26-30 სექტემბერს ჩატარდა სამუშაო სემინარი: “კრიზისის პრევენციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობების გამომუშავება”. სემინარს უძღვებოდნენ პოტსდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანგელა მიკლეი, ასევე ექსპერტები მაიკლ დუდი და ულრიხ ჰარტმანი. სემინარში მონაწილეობდნენ ეკონომიკის, პოლიტიკის, სამართალმცოდნეობის, კულტურის, ხელოვნების, უსაფრთხოების, თავდაცვის და სხვა სფეროების წარმომადგენლები, რომლებმაც გამოიმუშავეს კონფლიქტის აღქმისა და ანალიზის, კრიზისის პრევენციისა და მისი მშვიდობიანი გზით გადაჭრის უნარი.
სამუშაო სემინარი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პროექტის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი გაგრძელების შესახებ. ასე რომ, სამუშაო სემინარის მეორე ეტაპი ჩატარდება კვლავ თსუ-ში 2012 წლის თებერვლის ბოლოს. სემინარის მონაწილეები პრაქტიკულად დაკავებულნი იქნებიან ექსპერიმენტებით კონფლიქტების განსხვავებულ პირობებსა და სფეროებში.
აღნიშნული სამუშაო სემინარის პარალელურად 2011 წლის 29 სექტემბერს GDI-ის მოწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა DAAD-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი მონიკა პრშიბიში, რომელმაც წაიკითხა საინფორმაციო ლექცია: “გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წამახალისებელი პროგრამები გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად”. ქალბატონმა მ. პრშიბიშმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებს და პროფესურას გააცნო ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა DAAD-ის კონკურსში წარმატების მისაღწევად.
ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტი DAAD-ის აქტიური მხარდაჭერით რეგულარულად ატარებს საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ ფორუმებს, სამუშაო სემინარებს, საინფორმაციო ხასიათის ლექციებს და სხვა ღონისძიებებს მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერებისა და ცნობილი მეწარმეების მონაწილეობით.
GDI-ის ორგანიზებით ზემოაღნიშნულთან ერთად 2011 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი: “კონფლიქტები – კრიზისების პრევენცია – სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში”. გერმანიის მხრიდან აღნიშნულ ფორუმზე ძირითად მომხსენებლებს წარმოადგენდნენ: გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის – საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი უვე ჰალბახი და პოტსდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანგელა მიკლეი, აგრეთვე ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ვოლფგანგ ვენგი, ხოლო საქართველოს მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ზურაბ დავითაშვილი, რევაზ გველესიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ბატონი ნოდარ ჩხარტიშვილი.
ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის (GDI) მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა გერმანელი კოლეგების მხრიდან (პროფესორი ანგელა მიკლეი, პროფესორი უვე ჰალბახი) მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს აისახა DAAD-ის წარმომადგენლის ქალბატონ მონიკა პრშიბიშის მადლობის წერილშიც, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ასეთი წარმატება შესაძლებელი გახდა პროფესორ რევაზ გველესიანის და პროფესორ ვოლფგანგ ვენგის სანიმუშო და კოლეგიალური თანამშრომლობით. იგი იწონებს მთელი ინსტიტუტის საქმიანობას, განსაკუთრებით კი, მისი თანამშრომლების: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, სამეცნიერო-კვლევით სფეროში ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის პროფესორ ეკა ლეკაშვილის, მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელის, მეწარმეობის სფეროში ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის პროფესორ ეთერ ხარაიშვილის და ეკონომიკური თეორიის კათედრის ხელმძღვანელის პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის წესრიგის, ინიციატივისა და მენეჯმენტის მაღალ კულტურას – ღონისძიებათა მთელი კომპლექსის განხორციელების პროცესში. ქალბატონი პრშიბიში მადლობას უხდის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ელენე ხარაბაძეს აქტიური მხარდაჭერისა და საუცხოო სტუმართმოყვარეობისათვის. იგი იმედოვნებს, რომ GDI-ის მიერ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ასეთივე წარმატებით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების თანამშრომლობის დაწყებისა და მისი შემდგომი გაღრმავების დადასტურებას წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ რევაზ გველესიანის ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებები გერმანიაში. იგი გახლავთ გერმანიის სამცნიერო-კვლევითი კონკურსების 15-გზის გამარჯვებული, მათ შორის 6-ჯერ მოპოვებული აქვს DAAD-ის სამეცნიერო გრანტი.
ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის მთელმა კოლექტივმა (პროფესორები: რ. გველესიანი, ე. ლეკაშვილი ე. ხარაიშვილი, ე. მექვაბიშვილი, ი. გოგორიშვილი, გ. ერქომაიშვილი, შ. გოგიაშვილი, ნ. პაპაჩაშვილი, დოქტორანტი გ. გაფრინდაშვილი), ამ ინსტიტუტის თანადირექტორის პროფესორ ვოლფგანგ ვენგის დახმარებით დააინტერესა გერმანული მხარე და მოამზადა პირობები თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების ხელმძღვანელების შეხვედრისათვის, რომელიც გაიმართა 2011 წლის 13 დეკემბერს ბერლინში თბილისის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილსა და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტ ბატონ იორგ შტაინბახს შორის (აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა უნივერსიტეტის კანცლერის ბატონ დავით ჩომახიძის შეხვედრა ბერლინის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტთან ბატონ პაულ უვე თამსენთან 2011 წლის 31 ოქტომბერს), სადაც განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროგრამების განხორციელების აქტუალური საკითხები. მიღწეული იქნა შეთანხმება:
ა) ბერლინის ტექნიკური და ტვენტეს უნივერსიტეტების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში – “მეწარმეობის დაფუძნების პოლიტიკა” – წარმატებული ქართველი მაგისტრანტებისათვის 8-10 ადგილის გამოყოფის თაობაზე გარკვეული ფინანსური შეღავათების გაწევით;
ბ) ასევე ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით იგეგმება თსუ ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის ფარგლებში გაიხსნას მეწარმეობის ცენტრი. ანალოგი-ური ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებენ ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში და მოაქვთ სოლიდური შემოსავალი მათთვის.
გ) განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თსუ რექტორის ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილის შეხვედრები მსოფლიოს შემოქმედებითი ადამიანების თანამედროვე აქტუალური პროექტის “ჩოწორკინგ შპაცე”-ის ბერლინის “CLUB OFFICE”-ს წარმომადგენლებთან: ბატონ სინ მაკსიმონთან და ბატონ რობერტ პფადთთან. ისინი მზად არიან დაეხმარონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, რომელიც პირველი იქნება როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაშიც.
ასევე, დიდი ინტერესი გამოიწვია შეხვედრამ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერთან და მეწარმესთან პროფესორ, დოქტორ გიუნტერ ფალთინთან.
მომავალი თანამშრომლობის განხორციელების კიდევ ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს ის, რომ 2012 წლის ივნისში GDI-ის მიერ დაგეგმილია საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი, რომელიც მიეძღვნება მეწარმეობის დაფუძნებისა და განვითარების პრობლემატიკას. ფორუმის სტუმრები და ძირითადი მომხსენებლები გერმანიის მხრიდან იქნებიან გერმანიის ეროვნული (2010) და ევროკავშირის (2011) სამეცნიერო პრემიების ლაურეატი, პროფესორი, დოქტორიNნორბერტ კუნცი და გერმანიის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, გერმანიის ბაზრის ლიდერი “თეა ჩამპაიგნ”-ის ხელმძღვანელი გიუნტერ ფალთინი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial