ანტიკორუფციული კორუფცია

ეკა გაბადაძე

მაღალი ტრიბუნებიდან, უფრო ხშირად იმ დარბაზებში, სადაც სწორედ კორუმპირებულთა რიცხვი ბევრად სჭარბობს, ხმამაღალი ფრაზებით, გულზე მჯიღის ცემითა და მაგიდაზე მუშტის ბრახუნით კორუფციის წინააღმდეგ ნამდვილი საბრძოლო შეძახილები ისმის. მაგრამ, სხდომის თუ შეხვედრის შემდეგ ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. საზოგადოება ნიჰილიზმში გადავარდა და ჰგონია, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. თუმცა, ყველას ისიც კარგად ესმის, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის პოლიტიკური ნება პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა. შარშან ე.წ. შვიდკაცას მიერ “ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამა” შემუშავდა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ძირითად მიმართულებებს დაედო საფუძვლად. ამ პროგრამის განხორციელება ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დაევალა (იგი პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის ბრძანებულებით შეიქმნა). შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს საექსპერტო, ანალიტიკური და ორგანიზაციული მიმართულებებით.

ბუნებრივია, წარმოუდგენელია ქვეყანაში არსებობდეს მხოლოდ ერთი კაცი – ბელადი, რომელიც შეძლებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და რომელიც აგებს პასუხს ყველაფერზე. ზოგადად კი, კორუფციასთან სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულების თვალსაზრისით, არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ სრულად არ შეასრულა პრეზიდენტის 95-ე ბრძანებულების მოთხოვნები.

– ქვეყნის ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიებების გასატარებლად. მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა იმ სახელმწიფო მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც სხვა მინისტრების გაკონტროლება ევალებოდა, სახელმწიფო ადმინისტრაციის ქვედა რგოლით დასრულებული, უკიდურესად ფორმალური დამოკიდებულება გამოამჟღავნა 95-ე ბრძანებულების მიმართ! – აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, მირიან გოგიაშვილი.

ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს სამეწარმეო გარემო წარმოადგენს, რადგან ეკონომიკური აღმავლობის გარანტია სწორედ სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა, სამართლებრივი კონკურენტული გარემოს შექმნა და შემდგომ მისი დაცვა წარმოადგენს. საქართველოში კი კვლავ მწვავედ დგას ბიზნესის ლეგალიზაციის პრობლემა. ექსპერტები და სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ლეგალური ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში თითქმის წარმოუდგენელია. ეკონომიკის სამინისტრომ 2000 წლის ზაფხულში “ბიზნესის ლეგალიზაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გადაუდებელ ღონისძიებათა თაობაზე” პროგრამა შეიმუშავა, მაგრამ რეალური შედეგები არ ჩანს. უკეთესობისკენ ერთი ნაბიჯიც კი არ არის გადადგმული. ქვეყანაში, სადაც 40-45% ჩრდილოვან ეკონომიკაზე მოდის, საერთოდ, რაზე შეიძლება ვისაუბროთ. კონტრაბანდა, “შავი ბიზნესი”, კორუფცია – ეს ტერმინები ყველა ოჯახის სასაუბრო ლექსიკონში მოიძებნება. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი სამეწარმეო თუ მომსახურების სფეროში სტაბილურია, მაშასადამე, იგი კარგად მოირგო ჩვენმა საზოგადოებამ. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელდება ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის ეფექტური წარმართვა. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი, აქედან გამომდინარე, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რიგი სამინისტროების არაკოორდინირებული მუშაობის გამო, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი მონაცემები.

მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტს რეგისტრირებული ჰყავს 26000 გადამხდელი, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი ეს ციფრი 6000-ს აღწევს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყანაში 22 რკინის კარი დამზადებულა, ანუ კვირაში – ერთი; 5 თვეში დაჭერილი და წარმოებულია 300 კგ თევზი და თევზის პროდუქტი, ე.ი. დღეში 2 კილოგრამი. თუმცა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თევზჭერის 15000 ტონაზე აქვს გაცემული ლიცენზია.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2000 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა 80% 6000 ლარამდე წლიური ბრუნვის მოცულობის საწარმოებია. აქედან, 83% საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა საქონლის რემონტით დაკავებულ საწარმოებზე მოდის. ასეთი სახის 17047 საწარმოს დღიური ბრუნვა 7 ლარი გამოდის. 1334 სასტუმროსა და რესტორნის იგივე მაჩვენებელი კი მხოლოდ 19 ლარი ყოფილა…

არსებული სტატისტიკის პირობებშიც კი ეკონომიკური პოლიტიკა არადამაკმაყოფილებელია. ასევე მძიმე სიტუაციაა საგადამხდელო ბალანსშიც. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ჩრდილოვანი ტრანსფერებით იფარება. ექსპორტის დიდი ნაწილი ჯართსა და ხე-ტყეზე მოდის. ბიზნესის ამ ორი სახეობის 70%-მდე ჩრდილოვან ეკონომიკაში ფუნქციონირებს. ქვეყნის გარე თუ შიდა კრიზისების დროს, სტიქიური უბედურებების და სხვა ექსტრემალურ პირობებში არ არსებობს პრობლემების მოგვარების არანაირი ბერკეტი და მექანიზმი. საბიუჯეტო პოლიტიკა კი იმპორტის სტიმულირებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებისკენ არის მიმართული.

საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებლობა “ეკონომიკური ბლოკის” სამინისტროებს მოეთხოვებათ.

მირიან გოგიაშვილი: “სამინისტროთა მუშაობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სამი მიმართულებით: სრულდება თუ არა თვით ამ სამინისტროების სამოქმედო დებულებების პუნქტები ბიუჯეტთან მიმართებაში; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული პარამეტრები და საბიუჯეტო ხარჯების დროული და რეალური დაფინანსება. ერთადერთი ნათელი წერტილი ბიუჯეტის ფისკალურ სურათზე საგადასახადო ინსპექციის მიერ 6 თვეში მობილიზებული თანხებია (115,8 მლნ ლარი, რაც შესაბამისი გეგმური მაჩვენებლის 102,9%-ია, წლიურის – 49,2%). მაგრამ ამაში ლომის წილი წინასწარ გადახდებსა და თვის ბოლოს სხვადასხვა წესით მიღებულ გადასახადებზე მოდის. წლიურ საბიუჯეტო დავალებასთან მიმართებაში საგადასახადო ინსპექციის მიერ მობილიზებულია გეგმის 49,3%, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა ეს მაჩვენებელი 38,3%-ით შეასრულა. 2001 წლის პირველ ნახევარში თამბაქოზე, ალკოჰოლიან სასმელებზე და ლუდზე სააქციზო მარკებიდან ბიუჯეტში 14,2 მლნ ლარია ჩარიცხული, რაც შარშანდელთან შედარებით 15,9 მლნ-ით ნაკლებია… ანუ ამ სფეროში კორუფციისა და კონტრაბანდის მაჩვენებელი ძალზე მაღალია”.

სააქციზო გადასახადების შესრულების წილობრივი მაჩვენებელი (6 თვეზე)
# სასაქონლო ჯგუფი შესრულება
1. თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი 23%
2. ბენზინი 88%
3. სხვა ნავთობპროდუქტები 48%
4. სხვა აქციზები 108%
5. აქციზი სულ 51%
აღურიცხავი სააქციზო საქონელი “შავი ბრუნვის” ანუ კონტრაბანდის მსხვერპლია. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში საავტომობილო ბენზინის ყოველთვიური მოხმარების დონე 45000 ტონამდეა, ნახევარი წლის განმავლობაში – 270 000 ტონა. ერთ ტონა ბენზინზე აქციზი 200 ლარია, აქედან გამომდინარე, ქვეყნის ბიუჯეტში 54 მლნ ლარი მაინც უნდა შესულიყო. თუმცა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 15 მლნ ლარამდეა (14,75 მლნ). მაშასადამე, მთლიანი მოცულობის მხოლოდ 27,3% დაიბეგრა. არც სიგარეტზე აქციზით დაყრია ბიუჯეტს ხეირი – დააკლდა 21,78 მლნ ლარი. თუმცა, ამას გარკვეული დადებითი შედეგიც მოჰყვა: შეიცვალა სიგარეტის ბაზრისა და, შესაბამისად, სააქციზო გადასახადების სტრუქტურა – გაიზარდა ფილტრიანი სიგარეტის სამამულო წარმოება და მისი რეალიზაცია. სამამულო სიგარეტზე აქციზი იმპორტულთან შედარებით გაცილებით ნაკლებია – ყუთზე 20 თეთრი.

მირიან გოგიაშვილი: საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა სავაჭრო ობიექტებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების სფეროში. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ინფორმაციით, 2001 წლის 1 ივნისამდე გამოვლენილი დარღვევებისათვის ქვეყნის მასშტაბით 1120 აქტია შედგენილი, ჯარიმის სახით დარიცხულია 193,7 ათასი ლარი. აქედან კი ბიუჯეტში 30,8 ათასი ლარი შევიდა. ვფიქრობ, აქ კომენტარი ზედმეტია.

რაც შეეხება იმპორტული თამბაქოს ნაწარმს, მისი 3/4 კონტრაბანდაა და, ბუნებრივია, კორუფციის დონეც მაღალია…

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს რეგიონებთან მიმართებაში ფისკალური დაგეგმვის საკმაოდ ორიგინალური თეორია დაუნერგავს. ანტიკორუფციულ ბიუროს სამაგალითოდ ასეთი ფაქტები მოჰყავს: 2000 წლის შემოსავლები, საბიუჯეტო გეგმური მაჩვენებლები მთელი რიგი გადასახადების მიხედვით შემდეგნაირად შესრულდა და 2001 წლისთვის დაიგეგმა: (ცხრილი #1) ცხრილიდან გამომდინარე, კარგად ჩანს, რომ 2001 წლის მაჩვენებელი 10-30%-ით ნაკლებია წინა წლის პარამეტრებთან. ანტიკორუფციული ბიურო ასეთ კომენტარს აკეთებს: საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამი მოსაზრება შეიძლება ჰქონდა: 1) სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში (რასაც ამ გადასახადებთან დაკავშირებით ძირეული შემცირება არ მოჰყოლია); 2) საგადასახადო ბაზის შეგნებულად შემცირება, რომ შემდგომში შესრულების შესახებ “მაღლა” უპატაკონ. 3) ეს ვარიანტი აშკარა კორუფციულ ხასიათს ატარებს და დამყარებულია პრინციპზე: რეგიონს უგეგმავენ ნაკლებ მაჩვენებელს, სხვაობა – “ზევით”.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო ლეგიონმა, რომელსაც საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო მნიშვნელოვან როლს აკისრებს საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების საქმეში, 2001 წლის 6 თვეში ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ 10,284 მლნ ლარი დარიცხა, ბიუჯეტში კი მობილიზებულია 476,2 ათასი ლარი (საგანგებო ლეგიონის დაფინანსება 6 თვეში 410.0 ათას ლარს აღწევს).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორი ძირითადი ინდიკატორული მაჩვენებლის მიხედვით – შემოსავლები თამბაქოს ნაწარმისა და ნავთობპროდუქტების დაბეგვრიდან, ივლისის თვის მონაცემებით, ასე გამოიყურება:

თამბაქოს ნაწარმი: საპროგნოზო პარამეტრი – 5,2 მლნ ლარი; შესრულება – 2,9 მლნ ლარი (55%); აქედან, 2,14 მლნ ლარი ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმიდან, 0,72 მლნ ლარი – იმპორტული სიგარეტი (ანუ კვლავ კონტრაბანდის, ანუ საბაჟო-საგადასახადო კორუფციის მაღალი დონე);

ნავთობპროდუქტები: საპროგნოზო პარამეტრი – 8,2 მლნ ლარი; შესრულება – 7,2 მლნ ლარი, ანუ 87,7%. გარღვევა – 1 მლნ ლარი.

მირიან გოგიაშვილი: აღსანიშნავია, რომ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები შესაშური შეუპოვრობით ამცირებენ ქვეყანაში როგორც ბენზინის, ასევე სიგარეტის მოხმარების დონის რეალურ მაჩვენებლებს, რაც გამოიხატება მათთან დაკავშირებული გადასახადების (განსაკუთრებით აქციზის) დაბალ გეგმურ პარამეტრებში. ასეთი დასკვნები შეიძლება გაკეთდეს: ან შესაბამისი სამინისტროები არასრულყოფილად ფლობენ მოკლევადიანი დაგეგმვის ხელოვნებას, ან მეორე და უფრო სარწმუნო: ეს უწყებები უკვე შეგუებულები არიან კონტრაბანდისა და კორუფციის “დაკანონებულ” მასშტაბებს და რეალურ, მეცნიერულ დაგეგმვასა და პროგნოზირებაზე საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული.

სხვათა შორის, ყოველივე ეს გულახდილად არის აღიარებული ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში: “საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესებას ხელს უშლის ისეთი ფაქტორებიც, რომელთა სრულად გადაჭრა უახლოეს პერსპექტივაში ის პრაქტიკულად, შეუძლებელია. ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრების დაუცველობა, დიდი მასშტაბის მქონე ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია და სხვა. სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესებისათვის გამიზნული ღონისძიებების ერთი ნაწილი უნდა განხორციელდეს სხვა საკითხების მოგვარების შემდეგ, რაც არ გულისხმობს იმას, რომ არსებულ ვითარებაში საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეუძლებელია”.

საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები სათანადოდ ვერ ასრულებენ ვერც საკუთარ ფუნქციებს, ვერც სსფ-ის პარამეტრებს და სახელმწიფო ბიუჯეტს. ამას კი შედეგად ბიუჯეტის გარღვევა მოჰყვა – საშემოსავლო ნაწილში 59,1 მლნ ლარი, ხარჯების ნაწილში – 82,5 მლნ ლარი, დეფიციტის ნაწილში – 23,4 მლნ ლარი.

ქრონიკულად გარღვეული ბიუჯეტის, აწყობილი და მოუწყობელი სტრუქტურების, დაუხვეწავი და გასასალაშინებელი სამართლებრივი ბაზის პირობებში, ექსპერტთა აზრით და შეფასებით, საკვირველია, როგორ ვარსებობთ, როგორ დგას ჩვენი ქვეყანა ფეხზე! თანაც, ისიც საკითხავია, ვარსებობთ კი, როგორც ქვეყანა და ქათმის ფეხებზე მდგარ ხუხულას ხომ არ ვემსგავსებით, რომელიც სადაცაა, უნდა დაინგრეს?