რა იცვლება საფინანსო რეგულაციებში

მაკა ღანიაშვილი

მალე საქართველოს ფინანსურ სექტორში ახალი რეგულაციები დაწესდება, მის ქვეშ მოექცევიან ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ახლა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებსა და ზედამხედველობას არ ექვემდებარებიან. შეიქმნება საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებსაც ფიზიკური პირებისგან თანხის (ანაბრების) მოზიდვის უფლება ექნებათ. ამ ინიციატივაში სპეციალისტთა ნაწილი მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავს. კერძოდ, ბიზნეს-სტრუქტურა, რომელიც ზემაღალი საპ-როცენტო განაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისგან ანაბრებს აკრეფს, შესაძლოა, საფინანსო ბაზრიდან აორთქლდეს და მეანაბრეები მოტყუებული დატოვოს. თუმცა ექსპერტთა მეორე ნაწილი, ეროვნული ბანკის ახალ ნიციატივას სწორედ მსგავსი რისკებისაგან დაზღვევის საშუალებად მიიჩნევს.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საფინანსო სექტორში გარკვეული ორგანიზაციების მოცულობა ისე გაიზარდა, რომ რამდენიმე ასეულ მილიონობით ლარზეა საუბარი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმითვე, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ეროვნულ ბანკს უფლება ექნება, დაუდგინოს კონკრეტული მოთხოვნები იმ კომპანიებს, რომლებიც მოსახლეობის ფართო ფენებისგან მაღალ პროცენტში თანხების მოზიდვას ახორციელებენ.
რამ განაპირობა “კვალიფიციური ფინანსური” ინსტიტუტის ცნების შემოღების და მათი რეგულაციების დაწესების აუცილებლობა, მაშინ როდესაც ექსპერტთა ნაწილი მას უარყოფითად შეხვდა?
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია: “მოსახლეობა სესხის გაცემას ხშირად მხოლოდ საბანკო დაწესებულებებთან აიგივებს, რეალურად კი, დღეს სესხებს, გარდა კომერციული ბანკებისა, სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც გასცემენ. ეს ეხება არა მხოლოდ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საკრედიტო კავშირების სახით, რომელთა საქმიანობაც რეგულირდება და, შესაბამისად, ზედამხედველობაც ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდება, არამედ სხვა არასაბანკო დაწესებულებებსაც.
ბოლო პერიოდში საფინანსო ბაზარზე არასაბანკო ორგანიზაციების ოდენობა განსაკუთრებით გაი-ზრდა, ხოლო სხვადასხვა, მათ შორის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათი ბრუნვა რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. დასამალი არ არის, რომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ხშირად გაურკვეველი რჩება, რამდენად სანდო შეიძლება იყოს ასეთი სასესხო ინსტიტუტი, რადგან აღნიშნული ორგანიზაციები სარეკლამო რგოლებში ძალიან მიმზიდველ შეთავაზებებს აკეთებენ მაღალი საპროცენტო განაკვეთების სახით. მართალია, მათ დეპოზიტები არ ჰქვიათ და სესხის სახით ტირაჟირდება, მაგრამ ფაქტობრივად, ეს არის დეპოზიტი. მოგეხსენებათ, მომქმედი კანონმდებლობით დეპოზიტების მოზიდვის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვთ.
ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია იმ ექსპერტთა პოზიცია, რომლის თანახმადაც, ეროვნულ ბანკს პარალელური საბანკო სისტემის შექმნაში ადანაშაულებენ. არადა, პირიქით არის, სწორედ იმიტომ, რომ ამ სახის ინსტიტუტებმა არ აიღონ ბანკის ფუნქციები და რაც არანაკლებ მნიშვნე-ლოვანია, არ მოახდინონ საფინანსო ბაზრის დეფორმაცია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, პირველ რიგში, პრევენციულ დატვირთვას ატარებს და სწორედ რომ პარალელური საბანკო ინსტიტუ-ციის არდაშვებას ითვალისწინებს.
დიდი დრო ნამდვილად არ გასულა იმ დროიდან, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობიდან სარეკორდო საპროცენტი განაკვეთებით, რომელთა წლიური საპროცენტო განაკვეთები 300%-საც კი ცდებოდა, თანხებს იზიდავდა გაურკვეველი საქმიანობისა და ეგზოტიკური დასახელების ბევრი ორგანიზაცია. თუ რა უარყოფითი შედეგები მოიტანა ამან მაშინ უამრავი მოტყუებული მოქალაქისა და ეკონომიკური კოლაფსის სახით, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომლის შედეგების აღმოფხვრასაც წლები დასჭირდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ დაიკარგა ნდობა უკვე ლიცენზირებული საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ, რომლის შედეგებსაც ნაწილობრივ დღესაც ვიმკით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს სების აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა ამ სახის რეგულაციის შემოღებით, მათი საქმიანობა სამართლებრივ სივრცეში მოექცეს.
ს.ე. – რას გულისხმობს კვალიფიციური საფინანსო ინსტიტუტის ცნება?
ზ.გ. – მოგეხსენებათ, “კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის” ცნება “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შედის. შესაბამისად შემოდის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი – “კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი”. ასეთად კი, ყველა ის იურიდიული პირი დარეგისტრირდება, რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხაზსე მეტი ფიზიკური პირისაგან, ან რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება 5 მილიონ ლარს. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ იურიდიული პირები, რომელთა მიერ მო-ზიდული სახსრები არ აღემატება 5 მილიონ ლარს ან სახსრების მოზიდვა ხორციელდება ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, გარკვეულ შემთხვევებში მაინც ვალდებულნი იქნებიან ეროვნულ ბა-ნკში რეგისტრაცია გაიარონ.
ასეთი ვალდებულება მათ ექნებათ მაშინ, თუ მათი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი, ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეული იქნება საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად.
ეროვნულ ბანკს შეეძლება “კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების” რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისი კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება და შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება.
ს.ე. – რას გამოიწვევს ეს ცვლილება, როგორც კონკრეტულად ამ საფინანსო ინსტი-ტუტების, ისე მთლიანად, საქართველოს საფინანსო სისტემისთვის?
ზ.გ. – თუ ამას კონკრეტულად საფინანსო ინსტიტუტების კუთხით განვიხილავთ, ის, პირველ რიგში, არასაბანკო-საკრედიტო დაწესებულებების რეგულირების რყევების პრევენციას გულისხმობს, რაც მთლიანად ფინანსური სექტორის გაძლიერებას გამოიწვევს რისკების შემცირებისა და მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ სებ-ის გადაწყვეტილება ამავდროულად არის ძალზე დროული, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, თავის დროზე ამ საკითხის მიჩუმათებამ სერიოზულად აზარალა, ერთი მხრივ, ჩვენი თანამოქალაქეები და მეორე მხრივ, მთელი ფინანსური სისტემა”.
ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივას გამოხმაურება მოჰყვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდანაც. საინტერესოა, როგორია მათი პოზიცია ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით?
მალხაზ ძაძუა, მიკროსაფინანსო კომპანია “კრისტალის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: “იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გამოქვეყნებულია საინფორმაციო საშუალებებში, ახალი ინიციატივა მოიცავს მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იმ ნაწილს, რომლებიც ფინანსურ სახსრებს ფიზიკური პირებისგან იზიდავენ. ჩვენი ორგანიზაცია – “კრისტალი” არ განეკუთვნება მათ რიცხვს, ვინაიდან ჩვენი დაფინანსების წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებია, ამიტომ ახალი რეგულაციები, ჩვენი ვარაუდით, “კრისტალს” და მსგავსი ტიპის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება. რაც შეეხება ჩვენს ზოგად პოზიციას აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ კარგია, რომ დამატებითი რეგულაციები მეტ გარანტიებს და დაცულობის განცდას მისცემს კლიენტს, რომელიც ასესხებს თავის სახსრებს ორგანიზაციას. თუ-მცა, გარდა სტანდარტული რეგულაციებისა, ინიციატივაში ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკს უფლება ექნება დამატებითაც დაადგინოს გარკვეული შეზღუდვები, თუკი ამას მიიჩნევს საჭიროდ. ეს კი ბე-ვრნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ზუსტად და ნათლად განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე კი, ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ბიზნეს რისკების სწორად დათვლა, ფინანსური პროგნოზი-რება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.
ს.ე. – თქვენი შეფასებით, რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა ახლა რეგუ-ლაციების შემოღება?
მ.ძ. – სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო აღნიშნული სახსრების დიდი ნაწილის (რომელსაც აქამდე ეს ორგანიზაციები იზიდავდნენ ფიზიკური პირებისგან შედარებით მაღალი პროცენტით) საბანკო სექტორში გადამისამართება სტანდარტული ანაბრების სახით. ამ შემთხვევაში, კლიენტი უფრო მეტად იქნება დაცული, თუმცა ის ალბათ მიიღებს შედარებით ნაკლებ სარგებელს ანაბარზე, ვიდრე აქამდე იღებდა ორგანიზაციისგან სესხის პროცენტის სახით.
ს.ე. – რას შეცვლის ეს ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის? რამდენად აისახება მათ კონკურენტუნარიანობაზე იგივე ბანკებთან შედარებით?
მ.ძ. – ვინაიდან აღნიშნული ინიციატივა უმთავრესად გულისხმობს ორგანიზაციებისთვის და-მატებითი რეგულაციების და შეზღუდვების დაწესებას, პირველ ეტაპზე ეს, ალბათ, გამოიწვევს ზრდის ტემპების შემცირებას, შემდეგ კი არ არის გამორიცხული მოხდეს რამდენიმე ორგანიზაციის გაერთიანება-კონსოლიდაცია ან მისი აქტივების შეძენა რომელიმე ბანკის მიერ. საერთო ჯამში, ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობა ბანკებთან შედარებით დაიკლებს, რადგან ისინი არ იქნებიან ისეთივე მიმზიდველი, როგორც ეს აქამდე იყო შედარებით ლიბერალური რეგულაციის პირობებში”.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა: პავლე კუბლაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ მოამზადეს. კანონპროექტით შემოდის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება, რომელსაც ერო-ვნული ბანკი გააკონტროლებს. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი იქნება იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდავს ან მის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების რაოდენობა ხუთ მილიონ ლარზე მეტი იქნება. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ პროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეეძლება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღა-ვნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს, მაშინ ეროვნულ ბანკს შეეძლება მას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის აღება მოსთხოვოს.
თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ ინსტიტუტს პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ლიკვიდაციით და 150 000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.