მიკროფინანსების როლი სასესხო ბაზრის განვითარებაში

თემურ ხომერიკი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

“მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მთელ მსოფლიოში ღარიბ ადამიანთა უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია ფინანსური მომსახურება: ანაბრები, დაკრედიტება, დაზღვევა და ა.შ. საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი მიზანია მოხსნას ფინანსურ სექტორში ადამიანთა წინაშე არსებული ბარიერები… ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ და ვალდებულებიც ვართ შევქმნათ ყველასთვის ხელმისაწვდომი საფინანსო სექტორები, რომლებიც დაეხმარებიან ადამიანებს გაიუმჯობესონ ცხოვრების დონე.”
კოფი ანანი,
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ყოფილი გენერალური მდივანი

მიკროფინანსების სოციალური ფუნქცია აღემატება მის ეკონომიკურ დანიშნულებას, თუმცა ეს უკანასკნელიც არაა უმნიშვნელო. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს ათასობით მიკროსაფინანასო ინსტიტუტის მომსახურებით, რომელსაც თითქმის ოცდაათწლიანი ისტორია აქვს და გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მიკროდაფინანსება აღმოცენდა მიკროდაკრედიტებიდან: 1976 წელს მუჰამედ იუნუსმა დააფუძვნა ბანკი Grameen Bank, რომელიც ღარიბ ბანგლადეშელებს აძლევდა მიკროკრედიტებს. XX საუკუნის ბოლოს და მიმდინარე პერიოდში მიკროსაფინანსო სექტორის გააქტიურება განსაზღვრულად წარმოადგენს საბანკო სფეროს გლობალიზაციაზე რეაქციას: ადამიანების სულ უფრო მზარდ ნაწილს უჩნდება მოთხოვნილება რისკიან გარემოში ნაცნობებთან ერთად გააერთიანონ დანაზოგები ურთიერთდახმარებისა და ურთიერთ დაფინანსებისთვის.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ჩამოყალიბდა ფულადი კაპიტალის გადანაწილების ახალი მექანიზმები და ახალი საფინანსო ურთიერთობები, განვითარდა სტრუქტურები, რომლებიც ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი კაპიტალის ბაზარზე აწარმოებენ ფინანსების გადანაწილებას. ამ ურთიერთობებში განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც საბანკო, ასევე საფინანსო ინსტიტუტების როლი. თანამედროვე ეკონომიკაში საფინანასო ურთიერთობებს მიაკუთვნებენ ფულადი სახსრების მოძრაობას საკრედიტო სფეროშიც, რადგან მკვეთრი საზღვრის გავლება მიკროფინანსებსა და მიკროკრედიტებს შორის გაძნელებულია – ისინი ბუნებრივად ავსებენ ერთმანეთს. თუმცა სესხი და კრედიტი განსხვავებულია სახსრების ფორმირების წყაროებითა და გაცემის წესით. კრედიტში უპირატესად გულისხმობენ ფიზიკური და იურიდიული პირების შენატანების საფუძველზე ფორმირებული ფულადი საშუალებების გაცემას, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ინსტიტუტის მეშვეობით საფინანსო შუამავლობასთან. სესხი კი გულისხმობს კერძო და სახელმწიფო სახსრების გაცემას, რომელიც ყოველთვის არ შეიცავს მისი გამოყენებისთვის საზღაურს და ითვლება ჩვეულებრივ სამეურნეო ოპერაციად. კრედიტის გაცემაზე უფლებამოსილია მხოლოდ საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე სათანადო ლიცენზიის მქონე იურიდიული პირი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიკროკრედიტი გაიცემა მოზიდული სახსრებიდან, ხოლო მიკროსესხი – საფინანსო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების საკუთარი (ან დონორებისაგან მიღებული) რესურსებიდან. კომერციული ბანკებისაგან გასხვავებით, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები თავისი სტატუსითა და ხასიათით არაკომერციული ორგანიზაციებია და ისინი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, რამდენადაც ეს ემსახურება მათი შექმნისას დასახული მიზნების განხორციელებას. მათ მიერ დაფინანასებული პროგრამები მიზნად ისახავენ საზოგადოების ცალკეული ფენების (მაგალითად, ქალების, დროებით უმუშევრების, სოფლის მეურნეობის კოოპერატივებისა და სხვ.) სოციალურ მობილიზაციას და მეწარმული ინიციატივების განვითარებას.
ბიზნეს-სესხების ბაზარი საქართველოში განვითარების მასშტაბით ვერაა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების შესატყვისი. ამასთან საბანკო აქტივები უკანასკნელ 3 წელიწადში გაიზარდა 2-ჯერ და მთლიანი შიდა პროდუქტის 42,6% შეადგინა /ეს თანაფარდობა ბევრად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნებისას/. თუმცა კომერციული ბანკების აქტივებში კვლავაც მცირეა საკუთარი კაპიტალის წილი და მაღალია დეპოზიტების დოლარიზაციის დონე. მიუხედავად ფინანსური სექტორის ინსტიტუტების განვითარებისა, მათი რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე მკვეთრად ჩამორჩება საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს (კომერციული ბანკების ფილიალები შეადგენს 124 ერთეულს და სერვისცენტრები – 416 ერთეულს; რეგისტრირებულია 806 ვალუტის გამცვლელი პუნქტი, 15 სადაზღვევო კომპანია, 1 საფონდო ბირჟა და ა. შ.). მიუხედავად იმისა, რომ დიდია მოსახლეობის მოთხოვნა დაბალპროცენტიან კრედიტზე, მათი უმეტესობა საბანკო სექტორს მიმართავს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დასაფარად. რაც შეეხება მიკროდაფინანსებას, მისი სტრუქტურა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულისაგან მკვეთრად არ განსხვავდება: ვენჩერული საინვესტიციო ფონდების განვითარება, ფინანსური ლიზინგი და ფრანჩაიზინგი, მცირე სტრუქტურების ურთიერთმხარდაჭერა და საკრედიტო კავშირებისა და სხვა თვითდაფინანსებადი სისტემების ჩამოყალიბებით თვითდაფინანსება (საკრედიტო კავშირები, ფონდები, ურთიერთდაზღვევა და სხვ.), მიკროდაკრედიტება, სესხების სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები და სხვა ფორმები. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კომერციულმა ბანკებმა მოიცვეს პოტენციური კლიენტურის მხოლოდ 1/3, ხოლო დანარჩენი მიკროსამეწარმეო ორგანიზაციები ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენენ ფინანსურ სახსრებზე საკუთარი მოთხოვნილებების სხვადასხვა წყაროებიდან დაკმაყოფილებას. 2005 წლამდე როგორც კრედიტებზე, ასევე დეპოზიტებზე, საპროცენტო განაკვეთი ხასიათდებოდა შემცირების ტენდენციით. 2005 წლიდან კი კვლავ აღინიშნა საპირისპირო პროცესი და უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებისთვის შეადგენს 10,1%-ს, ხოლო კრედიტებზე – 16,7%-ს. ცხადია, მეწარმეთათვის ადვილი არაა მაღალ პროცენტში აღებული კრედიტის დაფარვა.
მცირე სამეწარმეო სუბიექტების ინვესტიციური აქტიურობა საჭიროებს შემდგომ წახალისებას, მათ შორის მიკროფინანსებისა და მიკროკრედიტების ხელმისაწვდომობის მიმართებითაც. ამ საქმეში განსაკუთრებულია არასაბანკო სექტორის, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლი, რადგან მიკროდაფინანსება მეწარმეებს საშუალებას აძლევს გამარტივებული დოკუმენტაციითა და პროცედურით მიიღონ სათანადო სახსრები, თანაც ყოველივე ეს ხორციელდება ძალიან მოკლე დროში და ხელმისაწვდომი რეჟიმით; იგი არ საჭიროებს გარანტიების ძვირ მეთოდებს და გირავნობის მძიმე პირობებს (უზრუნველყოფისთვის გამოიყენება ჯგუფური გარანტიები, თავდებობის სხვადასხვა ფორმები და ა. შ.). მხარდაჭერა სჭირდება საკრედიტო კავშირების შექმნაც, რომელიც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იურიდიული და ფიზიკური პირების ფინანსური ურთიერთდახმარების საშუალებას წარმოადგენს. მცირე ბიზნესის ისეთი ფუნდამენტური პრობლემა, როგორიცაა წარმოების მაღალტექნოლოგიური ძირითადი საშუალებებით სარგებლობა, უკანასკნელ პერიოდში წარმატებით იჭრება ლიზინგური ურთიერთობების განვითარებით, მცირე ბიზნესის ორგანიზაციისას ასევე ფართოდ გამოიყენება ფრანშაიზის უპირატესობები. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მცირეა ვენჩურული ინვესტირების შემთხვევები. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ საბანკო დაწესებულებები და ლიზინგური კომპანიები ადვილად მიდიან მსხვილ და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობაზე, მცირე და მიკროსაწარმოების დაფინანსების ძირითად წყაროდ დღემდე რჩება არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები და საკრედიტო კავშირები. ამის დასაძლევად აუცილებელია მცირე ბიზნესის დაფინანსებაში საფინანსო-საკრედიტო რისკების გარანტიების მყარი მექანიზმების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის განსაზღვრული კრედიტების შემდგომი გაიაფებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სათანადო პოლიტიკის გატარება, რისთვისაც საჭიროა საბანკო პროდუქტების ღირებულების შემცირების რეზერვების სრულად ამოქმედება. საშუალო და მცირე მეწარმეობის განვითარება წარმოუდგენელია ამ სუბიექტებისთვის გამიზნულ პროექტებში მონაწილე ინვესტორთა ხელშეწყობის გარეშე. დღემდე ნათლად არაა გამოკვეთილი სახელმწიფო ფინანსების როლი მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერაში. ამასთან, არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მჭიდროდ ურთიერთთანმშრომლობენ საბანკო სექტორთან.
საბანკო მიკროკრედიტები ხასიათდება შედარებით მცირე თანხით (1000-დან 15 000 აშშ დოლარამდე), უფრო მცირე ვადებით (საბრუნავი საშუალებების შესავსებად – 3-12 თვე, ხოლო ძირითადი საშუალებებისა და რემონტისთვის – 6-24 თვე), დაფარვის უფრო მოქნილი გრაფიკით (ყოველკვირეულად, თვეში ორჯერ, თვეში ერთხელ). მართალია, საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვანია, მაგრამ გამარტივებულია სესხის უზრუნველყოფა – გამოიყენება როგორც პირადი საკუთრება, ასევე საწარმოო და პერსონალური აქტივები, მისაღებად ითვლება მესამე მხარის თავდებობის რეჟიმიც, ამასთან მინიმალური მოთხოვნაა კრედიტის თანხის 100%-ით უზრუნველყოფა. გამოიყენება მიკროსაკრედიტო ხაზის მექანიზმებიც (მაქსიმალური ვადით 36 თვე), რაც უზრუნველყოფს კლიენტისა და ბანკის გრძელვადიან ურთიერთობას და ამცირებს ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძირითადად მცირე ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც მართალია მოქნილია, მაგრამ აკლია სტაბილურობა, კრედიტები გაიცემა მხოლოდ განსაზღვრულ ფენებზე და საქმიანობის სფეროებზე, კერძოდ, შეუსაბამოდ ითვლება მსესხებელი, რომელსაც: აქვს საქმიანობის 6 თვეზე ნაკლები გამოცდილება; არ გააჩნია საქმიანობის ფიქსირებული და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ასევე, თუ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (გარდა გადამამუშავებელი წარმოებისა), თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების წარმოება, აზარტული თამაშების ბიზნესი, საქმიანობა, რომელიც გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს და ა.შ.
როგორც ვხედავთ, საბანკო მიკროკრედიტი მცირე საწარმოებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამასთან, ერთის მხრივ ვლინდება საბანკო სისტემისა და სახელმწიფო ფინანსებისადმი მოსახლეობის ნდობის დეფიციტი, ხოლო მეორეს მხრივ შეინიშნება ბანკების ნდობის კრიზისი მსესხებლებისადმი. ამ პირობებში მეწარმეთათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული მიკროსესხები. მაგალითად, ფონდ “კონსტანტას საქმიანობა მიმართულია მცირე ბიზნესის ხელშეწყობისაკენ და ფონდი მიკროსაფინანსო მომსახურებას სთავაზობს მცირე მეწარმეობით დაკავებულ პირებს ჯგუფური და ინდივიდუალური სესხების სახით. პირველ შემთხვევაში სასესხო პროდუქტი გაიცემა ჯგუფური გარანტიის საფუძველზე და მისი აღება შეუძლია მცირე მეწარმეობით დაკავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჯგუფური სესხი გაიცემა გირაოს გარეშე და დაბრუნების გარანტიას წარმოადგენს სოლიდარული პასუხისმგებლობა. თუმცა დასარეგულებელია საპროცენტო განაკვეთის საკითხი და უფრო ზუსტად უნდა განისაზღვროს რისკების კონცენტრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზღვრები, ამასთან არ უნდა შეიზღუდოს ოპერაციული პოლიტიკის მოქნილობა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონი მიღებულ იქნა მხოლოდ 2006 წლის ივლისში და მანამდე მიკროდაფინანსება რეგულირდებოდა სამეწარმეო კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსითა და კანონით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ. მიკროსაფინანსო სექტორი ფუნქციონირებდა არასამთავრობო (არაკომერციული) ორგანიზაციების, ფონდებისა და კავშირების სახით. ახალი კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და საქმიანობას ახორციელებს მისივე ზედამხედველობით /მომავალში ეს ფუნქცია გადაეცემა ეროვნულ ბანკთან არსებულ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს/. კანონში განსაზღვრულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაქმნელად საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250 000 ლარზე ნაკლები, ხოლო ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. მიკროკრედიტი განმარტებულია, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან. მიკროსაფინანასო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა;
ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
ფულადი გზავნილების განხორციელება;
სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული კონსალტინგის გაწევა;
სესხების მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა (მათი ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს);
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები (მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების გამოშვება-რეალიზაცია და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები).
საკანონმდებლო რეგულირების სფეროში მოექცა სესხის გაცემის პირობები და მსესხებლისა და გამსესხებლის უფლება-მოვალეობები. მიკროსესხის გაცემა დასტურდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულებით, ხოლო მიკროსესხის გაცემის წესებსა და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, აქვე დგინდება საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, მომსახურების გადასახდელი და სხვ. სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია სესხის მიზნობრიობაზე მონიტორინგის წარმოება და იგი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა სესხთან დაკავშირებულ საკითხებზე. კანონითვეა განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნის წესი და კომპეტენციები, ასევე ორგანიზაციის დირექტორის უფლება-მოვალეობები.
საქართველოში საოჯახო მეურნეობების დანაზოგი უმნიშვნელოა, ხოლო მოსახლეობის ფართო ფენები სიღატაკის ზღვარზეა. ქვეყანაში მზარდი უმუშევრობისა (სახელმწიფო სამსახურებიდან დათხოვნილი მუშაკები, საწარმოთა რესტრუქტურიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სამუშაო ძალა, კრიზისული მოვლენების გამო თვითდასაქმებული ღარიბი ფენების საქმიანი აქტივობის შეზღუდვა და სხვ.) და სიღარიბის პირობებში მნიშვნელოვანია მიკროსაწარმოთა ფორმირებისა და საქმიანობის ხელშეწყობა. ამ ადამიანების საქმიანი აქტიურობის განვითარებაში და თვითდასაქმებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიკროდაფინანსება სიღარიბესთან ბრძოლისა და უმუშევრობის დონის შემცირების ინსტრუმენტად განიხილება.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდა. საქართველოს ეკონომიკამ, რუსეთის მხარის მიერ შემოღებული სავაჭრო-ეკონომიკური ემბარგოს მიუხედავად (რომელმაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკის ცალკეული დარგები), შეინარჩუნა ზრდის მაღალი ტემპი. ქვეყნის ეკონომიკაში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების დონით, საქართველო მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელ, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, დაიწევს რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი და მხოლოდ 6.0 პროცენტი იქნება, ნომინალურ გამოხატულებაში კი 19.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამავე დოკუმენტით 2008 წლისათვის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა მოსალოდნელია 8.0 პროცენტით, თუმცა კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ 5.0 პროცენტს ითვალისწინებდა. საშუალოვადიან პერიოდში (2009-2011 წლები), როგორც ეს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ამოცანად არის დასახული, ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე უნდა შენარჩუნდეს. 2007 წლის განმავლობაში ფასები ხანმოკლე მოხმარების საქონელზე მატულობდა თითქმის ინფლაციის ოფიციალური ტემპის პროპორციულად. წინა წელთან შედარებით დაიკლო ფასებმა საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე (3.6%-ით) და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (1%-ით). იმავდროულად, საგრძნობლად გაიზარდა ფასიანი მომსახურების ტარიფები (13.1%-ით), განსაკუთრებით საქალაქო კომუნალური ტრანსპორტის გაძვირების (15.6%-ით) გამო. ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების კვალობაზე, სამომხმარებლო საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ფორმირებაც ხორციელდებოდა იმპორტის ხარჯზე, რეალურად გაძვირდა მათზე ლარებში გამოსახული ფასები ნომინალურ ზრდასთან შედარებით. ასე მაგალითად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის მიხედვით ფასები 2007 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ლარებში 1.0 პროცენტით გაიაფდა, მაგრამ რეალურად (უცხოურ ვალუტაში) 5 და მეტი პროცენტით გაძვირდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტად კვლავაც დასახულია ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევების შემცირება. 2007 წელს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ ამაღლების ტენდენციით ხასიათდებოდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დამყარდა ფისკალური წესრიგი, ხოლო უცხოური კაპიტალის მონაწილეობით განხორციელებულმა მსხვილმასშტაბიანმა პრივატიზაციამ და პირდაპირი ინვესტიციების დიდმა ნაკადებმა უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება განაპირობა, რამაც განსაზღვრა შიდა სავალუტო ბაზრის კონიუნქტურა, კერძოდ, ქვეყნის შიგნით ამ ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელებს უხდებათ უმთავრესად აშშ დოლარის კონვერსია ეროვნულ ვალუტაში. გამოიკვეთა ეროვნული ვალუტის – ლარის გამყარების გრძელვადიანი ტენდენცია, თუმცა ლარის კურსის გამყარების ბუნებრივ-ხელოვნურმა მეთოდებმა გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკის საექსპორტო შესაძლებლობათა რეალიზაციაზე. როგორც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ანალიზი მოწმობს, შემოსული საინვესტიციო ნაკადები ძირითადად ფრაგმენტული და ამიტომ ნაკლებად სტაბილური იყო. წინა წლებში მათი უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობას უკავშირდებოდა. მას შემდეგ, ინვესტიციების დარგობრივ სტრუქტურაში უფრო მომსახურების სფერო ჭარბობს, ხოლო პრივატიზების შედეგად მიღებული საინვესტიციო ნაკადები თავისი ბუნებით ერთჯერადია, თუ მათ არ მოჰყვება შემდგომი კაპიტალდაბანდება. ქვეყანამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ახალ, მაღალტექნოლოგიურ დარგებში კაპიტალის მოზიდვა. მართალია, უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურის ობიექტებში განხორციელებული კაპიტალდაბანდება აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, მაგრამ შედარებით ნაკლები ეფექტიანობის მომტანია წარმოებისა და განსაკუთებით ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. პერსპექტივაში უნდა წახალისდეს კაპიტალდაბანდებები ისეთ წარმოებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
ინფლაციური რისკები ზემოქმედებას ახდენს სესხების ბაზრის ფორმირებაზე და სტრუქტურაზე. რამდენადაც ინფლაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელისუფლების მოვალეობაა წინ აღუდგეს ინფლაციურ პროცესებს, შეიმუშაოს ანტიინფლაციური პროგრამა და მისი პრაქტიკული რეალიზაციით განამტკიცოს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სტაბილურობა. განასხვავებენ ორგვარ მიდგომას: პირველი გულისხმობს ადაპტაციური პოლიტიკის გატარებას, რომლის დროსაც ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის ინფლაციურ პროცესებთან შეთანაწყობა-შეთავსებას, ხოლო მეორე ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარებით – ინფლაციის მინიმუმამდე დაყვანას. ინფლაციასთან ბრძოლის ადაპტაციური პოლიტიკა მაღალი რისკის შემცველია და მისი გამოყენება მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და იგი გრძელვადიან პერიოდში სასურველ შედეგს არ იძლევა, რის გამოც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციით, საქართველოსთვის უფრო პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება. აქედან გამომდინარე, მონეტარული და კეინზიანური მიდგომები, რომლებიც ეფუძნებოდა ფულადი აგრეგატებისა და გაცვლითი კურსის მანევრირების მეთოდს, თანდათან ადგილს უთმობს ფასების ანუ ინფლაციის რეგულირებას. მას ინფლაციურ ტარგეტირებას უწოდებენ, რაც ნიშნავს საპროგნოზო პერიოდში ინფლაციის გარკვეულ მიზნობრივ მნიშვნელობაზე ორიენტირებას. ამგვარი წინასწარჭვრეტა წარმოიშვა ნეოკლასიკური და ნეოკეინზიანური კონცეფციების მიჯნაზე და ეყრდნობა ეროვნული ბანკის შემდეგ საქმიანობას: ინფლაციის მოსალოდნელი დონის პროგნოზირება; ინფლაციის სასურველი (მიზნობრივი) დონის შედარება მოსალოდნელ (პროგნოზულ) სიდიდესთან; მიზანსა და პროგნოზს შორის სხვაობის განეიტრალების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კორექტირება. ამ რეჟიმის ყველაზე მთავარ პრინციპს წარმოადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ფულად-საკრედიტო მექანიზმების შერჩევაში.
ამ ფონზე გახშირდა საუბარი ეროვნული ბანკის როლის ცვლილებაზე და მთელი რიგი ფუნქციების ახალი ინსტიტუციებისთვის /მაგალითად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე, რომელიც იქმნება ეროვნულ ბანკთან და ყავს თავისი საბჭო; ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელსაც მიენიჭება საბჭოს კომპეტენციათა ნაწილი და ა.შ./ გადაცემაზე, რომელთა სამართლებრივი სტატუსი მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, დასაზუსტებელია. თავიდან მსჯელობდნენ ე. წ. “სავალუტო საბჭოთი ეროვნული ბანკის ჩანაცვლებაზე. ამ მექანიზმის შემოღება ასე თუ ისე მიზანშეწონილია ინფლაციის მაღალი დონის დროს და როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ დაადასტურა, მე-20 საუკუნის მიწურულს ლათინურ ამერიკაში განვითარებული ჰიპერინფლაცია სწორედ ამ მექანიზმით მოთოკეს, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეამცირეს მინიმუმამდე. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნული ვალუტა ფიქსირებული კურსით ებმის რომელიმე მყარ უცხოურ ვალუტას /ვალუტათა კალათას/, ხოლო მისი გაცვლა აღნიშნულ ვალუტაზე ხორციელდება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს მოითხოვს, რომ ქვეყანას გააჩნდეს დიდი რაოდენობით ფინანსური რეზერვები უცხოურ ვალუტაში და არადეფიციტური ბიუჯეტი. ამდენად გასაგებია მთავრობის მიერ გაცხადებული ეროვნული ბანკის რეფორმა, თუმცა რამდენად გაამართლებს იგი ახალი რეალიების პირობებში ძნელად პროგნოზირებადია. ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნული ზეგავლენას მოახდენს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაზე.
მიკროდაფინანსება მიკროსაწარმოებს საშუალებას აძლევს მოახდინოს გარემოს ფაქტორებისადმი ადაპტაცია და გადაჭრას ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ეკონომიკური ამოცანები: შეივსოს საბრუნავი საშუალებები; მოახდინოს ძირითადი ფონდების ფორმირება; შექმნას საკრედიტო ისტორია ინვესტიციური რესურსების შემდგომი მოზიდვისთვის და ა.შ. ამასთან ზემოაღნიშნული სოციალურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ გარემოზეც – წარმოადგენს სიღარიბესა და უმუშევრობასთან ბრძოლის ქმედით საშუალებას, ბიზნესის დეკრიმინალიზაციის ინსტრუმენტს, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სამეწარმეო აქტიურობის და თვითგადარჩენის მატერიალურ საფუძველს. საბანკო მიკროკრედიტი საკმაოდ ძვირი და შედარებით ძნელად მოსაპოვებელია. ამ პირობებში მეწარმეთათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული მიკროსესხები. მათ განსაზღვრული წვლილი შეაქვთ ღარიბი და მცირეშემოსავლიანი სოციალური ჯგუფების დასაქმებაში, მათთვის ინდივიდუალური და ჯგუფური სესხების მიცემით. საჭიროა მეწარმეობის მხარდამჭერი მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების ხელშეწყობა და სახელმწიფო მხარდაჭერა, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის გააქტიურება და საქმიანობის ამ ფორმების განვითარების კოორდინაციის გაძლიერება. მიკროდაფინანსება ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკიდან მეწარმეთა ლეგალურ ბიზნესში გადაყვანას, ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების მატებას და მიკროკრედიტით მოსარგებლე მცირე მეწარმეებისთვის საბანკო კრედიტისკენ შემდგომ მოძრაობას. საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირებისა და საკრედიტო გარანტიების პროგრამების დანერგვა კიდევ უფრო დააჩქარებს პოზიტიურ შედეგებს.
საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაფუძვნდა 1997 წლიდან, ხოლო პირველი საკრედიტო კავშირი შეიქმნა 2002 წელს. განსაკუთრებულია მიკროსაფინანსო მომსახურების განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის, ფონდ ევრაზიას და ა. შ.) და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობების (აშშ, კანადა, საფრანგეთი, ჰოლანდია და სხვ.) დამსახურება სახსრებითა და ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ასევე უზრუნველყოფენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გრანტებით ან შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტებით. მაგრამ, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ეს წყარო ჯერ-ჯერობით გამოყენებული არც ერთს არ აქვს, გარდა “რიკო ექსპრესისა, რომელსაც არარეზიდენტი იურიდიული პირისგან გრძელვადიანი კრედიტი აქვს აღებული.
“მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარა ცხრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, საიდანაც სამი რეგისტრირებული იქნა 2006 წლის, ხოლო ექვსი – 2007 წლის განმავლობაში. გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საქართველოში უკვე 10 წელია ფუნქციონირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც თავის დროზე რეგისტრაცია გაიარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ჩამოყალიბდნენ, როგორც არაკომერციული ფონდები. ისინი “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 ივლისს მიღებული საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 2007 წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რაც მიმდინარეობს ამჟამად /მათი 50% უკვე მორჩა შესაბამის პროცედურებს/. 2007 წლის დასაწყისისთვის კი მიკროსაფინანსო საქმიანობას ოფიციალურად ახორციელებდა 13-მდე ორგანიზაცია, რომელთა დიდი ნაწილი დაფუძნებულია უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. მათი სასესხო პორტფელი დაახლოებით 51 მლნ. ლარია და 43 ათასი მსესხებელი, ძირითადად თვითდასაქმებული, მიღებული მიკროსესხებით ავითარებს ბიზნესს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები, 2007 წლის 9 თვის მდგომარეობით, 33670058 ლარის ტოლია. მათ მიერ გაცემულია 22,2 მლნ. ლარის მოცულობის სესხი, რაც მათი მთლიანი აქტივების 67%-ს შეადგენს. რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი უმთავრესად სამომხმარებლო სესხებისგან შედგება (პორტფელის 53%), მაგრამ თანდათან იზრდება მცირე ბიზნესისთვის გაცემული მიკროსესხების ოდენობაც. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიკროკრედიტების ძირითად არეალს წარმოადგენს ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების დაფინანსება. ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზე მოდის გაცემული მიკროსესხების 31%. სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ მცირეა – მათი წილი 5 %-მდეა, ხოლო გაცემული მიკროსესხებიდან 11% სხვა დარგებზე მოდის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა უდიდესი ნაწილი ინდივიდუალური პირები არიან. იურიდიულ პირებზე მოდის მათ მიერ გაცემული სესხების მხოლოდ 6 %. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებად გასაცემი სახსრების მოპოვების ორ ძირითად წყაროს წარმოადგენს საკუთარი კაპიტალი, რომლიდანაც მთლიანი აქტივების 32 % ფორმირდება და ნასესხები საშუალებები, რომლებიც მთლიანი აქტივების 55,5% აბალანსებს. ამასთან, აღსანიშნავია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ქართული კრედიტის” მიერ საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვება. მათი წილი პასივებში ჯერ ძალიან მცირეა და აბსოლუტურ ციფრებში მხოლოდ 340 ათას ლარს შეადგენს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მარეგულირებელი ნორმების დაწესებით, აქტუალობა არ დაუკარგავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ 2002 წლიდან მოქმედ კანონმდებლობას. საკრედიტო კავშირები ფუნქციონირებენ როგორც კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც მხოლოდ თავისი წევრებისგან (ფიზიკური პირებისაგან) იღებენ ანაბრებს, აძლევენ მათ სესხს, ახორციელებენ ნებადართულ საბანკო საქმიანობას და მათი უმთავრესი მიზანი არაა მოგების მიღება.
“საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ კანონის სათაურის მიუხედავად, იგი ლოკალური პრობლემების სტრატეგიულ გადაწყვეტასაც ემსახურება და სესხების ბაზრის კლასტერიზაციის განვითარების საშუალებას იძლევა. ამჟამად საქართველოს რეგიონებში მრავალი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება, რომლებიც ბუნებრივად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. თუმცა კლასტერული პრინციპით მიდგომის არარსებობის გამო დასაქმების პროგრამა, გადამზადების პროგრამა, იაფი კრედიტის პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და სხვა ხორციელდება სპონტანურად და არაკომპლექსურად. ამის შედეგად გამოუყენებელია დარგობრივი და ტერიტორიული განვითარების არსებული პოტენციალი. საკრედიტო კავშირი განხილული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების, ინიციატივის წახალისებისა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი თვითშემოქმედების ფორმა, ასევე მოქნილი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა.
მ. პორტერის შეფასებით, კლასტერიზაცია განიხილავს ორგანიზაციულ გარემოს კონკურენციის, ადგილობრივი ბაზრის კონიუნქტურის, წარმოების ფაქტორების და მონათესავე დარგების თანამშრომლობის, ძირითადად საერთო ინფრასტრუქტურის ეფექტიანად გამოყენების კონტექსტში. იგი წარმოადგენს გეოგრაფიული ნიშნით ურთიერთდაკავშირებულ საწარმოთა კონცენტრაციას, რომლებიც ურთიერთქმედებენ როგორც პარტნიორობის, ასევე კონკურენციის რეჟიმში, ამასთან, ერთობლივად იყენებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს. ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობა ურთიერთშემავსებელია (მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავება-რეალიზაცია) და ღირებულებათა ჯაჭვის ღირებულებათა ქსელად ქცევის გზით მაღალი შემოსავლების მიღებისკენაა ორიენტირებული. სესხების ბაზრისთვის ის გულისხმობს როგორც მსხესხებლების, ასევე გამსესხებლების კორპორაციულ თანამშრომლობას, რესურსებისა და ორგანიზაციული პოტენციალის გაერთიანებით სინერგული ეფექტის მიღებას. საფინანსო-საკრედიტო სექტორის თითოეული ელემენტი ლოკალურ გეოგრაფიულ არეალში ურთიერთობს კონკურენცია-კოოპერაციის რეჟიმში, რის თვალნათელი დადასტურებაა მიკროსაფინანსო სექტორსა და ბანკებს შორის დამკვიდრებული საქმიანი ურთიერთობის პრაქტიკა. კლასტერული განვითარებისთვის მიკროდაფინანსება სხვა დარგების პროგრესის საფუძველიცაა. ცხადია, იგი მიიღწევა განვითარების შინაგანი ფაქტორების მობილიზაციით, სამოქალაქო კონტროლით და კონკურენციის ცივილიზებული მეთოდებით. ამით კლასტერში შემავალი თითოეული ორგანიზაცია (ნოვატორებიც და მიმბაძველებიც) მოგებული რჩება, რადგან კონკურენციის რეჟიმი აიძულებს მათ ეძებონ ახალი ნიშები და დანერგონ მაღალი სტანდარტები. მოწინავე გამოცდილება თანაბრად ხელმისაწვდომი ხდება როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მათთან დაკავშირებული მეწარმეებისთვის. შესაძლებელია მათთვის უფასო ბიზნეს-კონსალტინგის და აუდიტორული მომსახურების განხორციელება, გადამზადება-ტრეინინგების პროგრამების ორგანიზება, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ბაზრის ერთობლივი კვლევებისა და რისკების პროგნოზირება-შეფასების ჩატარება და ა. შ. სოფლის მეურნეობის საწარმოთა შემთხვევაში, იგულისხმება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურების მიმღები ფერმერები (ფერმერული ორგანიზაციები) და მთელი ინფრასტრუქტურა. მართალია, სამთავრობო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება იაფი კრედიტების პროგრამა საბანკო სექტორის მეშვეობით და უკვე გამოიყო 40 მლნ. ლარამდე ხუთი საწარმოს მხარდასაჭერად, მოთხოვნა ექსპერტთა შეფასებით ათჯერ აღემატებოდა გამოყოფილ სახსრებს და 9%-იანი განაკვეთიც არაა აგრარულ სექტორში მოქმედ მეწარმეთათვის მცირე ტვირთი. თუკი თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო თავის არსენალში იყენებს კლასტერიზაციის მექანიზმებს, აგრარული ტერიტორიული ერთეულებისთვის ამგვარი კომპლექსური მიდგომა დღემდე არ შეინიშნება. ამის გარეშე კი, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ყოველგვარი ინიციატივის (მაგალითად, მანქანა-ტრაქტორთა პარკების ჩამოყალიბება და სხვ.) გრძელვადიანი პერსპექტივა შეზღუდულია.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფინანსური უზრუნველყოფის ერთ-ერთი პროგრესული ფორმაა საკრედიტო კავშირების განვითარება. საკრედიტო კავშირები, როგორც მეურნე სუბიექტები, თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ სოფლად და საერთოდ რეგიონულ დონეზე ფინანსების გადანაწილებასა და ფულის მიმოქცევას. ასევე საფუძველს უყრიან თანამედროვე საკრედიტო ურთიერთობების ჩამოყალიბებას რეგიონებში, რაც, თავის მხრივ, მცირე ბიზნესის განვითარებას, სოფლად მცირე საწარმოების ფუნქციონირებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს. ჭარბი ლიკვიდობის შემთხვევაში საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, კომერციულ ბანკში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით და სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით. საქართველოში საკრედიტო კავშირები ჩამოყალიბდა მაშინ, როცა გლეხების უმეტესობას არ გააჩნდა სათანადო ფინანსურ-მატერიალური და ტექნიკური რესურსები საქმიანობის დასაწყებად, ხოლო საბანკო სესხები მათთვის ხელმიუწვდომელი იყო. ეს კავშირები თავდაპირველად 1995 წლიდან უცხოელი დონორების (მსოფლიო ბანკი, თAშIშ, საფრანგეთის მთავრობა) მხარდაჭერით დაფუძვნდა და პირველივე წლებში მოიპოვა ფერმერთა მხარდაჭერა: 200 კავშირში იმთავითვე გაწევრიანდა 11 ათასამდე ფერმერი და მათი საერთო კაპიტალი შეადგენდა 3,5 მლნ. ლარს. საწყის ეტაპზე გაცემული კრედიტები ხასიათდებოდა 100%-იანი დაბრუნებით, მაგრამ 1998 წლის მძიმე ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო აღნიშნული პროცესი შეფერხდა, ხოლო 2003 წლიდან სესხების მასიურად დაუბრუნებლობის გამო აღნიშნული პროექტები შეწყდა და 2004 წელს დასრულებული პროექტები აღარ განახლდა. სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო კავშირებისათვის უფრო აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში სცენარი შეიძლება სხვაგვარად განვითარებულიყო. ამის დასტურია უცხოური გამოცდილება: რომ არაფერი ვთქვათ წამყვან ქვეყნებზე, 2005 წელს ლიტვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ. ევროს ოდენობით სახსრები გამოიყო საკრედიტო კავშირების მიერ უპროცენტო სესხის მისაღებად. ისტორიულად საკრედიტო კავშირების შექმნის იდეა აღმოცენდა გერმანიაში მე-19 საუკუნის შუა წლებში, როგორც თვითდამხმარე საფინანსო ინსტიტუტი, ფერმერებისთვის საანაბრო და საკრედიტო მომსახურების გასაწევად. ცენტრალური ევროპის ქვეყნების კოოპერაციული საბანკო სისტემები სწორედ საკრედიტო კავშირების ბაზაზეა აღმოცენებული. საკრედიტო კავშირების მსგავსი კოოპერატივები წარმატებით უზრუნველყოფენ საფინანსო მომსახურებით წვრილ მეწარმეებს აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში და ა. შ., ხოლო აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მათი დანიშნულებაა სამომხმარებლო და საწარმოო ხასიათის ორგანიზაციებისთვის საანაბრო-საკრედიტო მომსახურება.
საქართველოში საკრედიტო კავშირების რაოდენობა 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 23 ერთეულით განისაზღვრა /წლის ბოლოსთვის დაემატა კიდევ ერთი კავშირი/. დღეისთვის საკრედიტო კავშირების მოქმედების არეალი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს /განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი აქტიურობა აჭარასა და გურიაში/. მათი კონსოლიდებული მთლიანი აქტივები 1 539 551 ლარს შეადგენს, საიდანაც 67% წმინდა საკრედიტო დაბანდებაზე მოდის, რაც თანხობრივად 1 035 278 ლარია. საქართველოში მოქმედი საკრედიტო კავშირების მთლიანი ვალდებულებები კონსოლიდებული ბალანსის მიხედვით 1 149 090 ლარის ტოლია. მთლიანი ვალდებულებების 18%, ანუ 201 403 ლარი საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხებია. ვალდებულებების 81% დეპოზიტებია, რომელთაგან ასევე 81%, ანუ 741 981 ლარი ვადიან დეპოზიტებზე მოდის, ხოლო 19%, ანუ 172 178 ლარი – მიმდინარე დეპოზიტებზე. საკრედიტო კავშირების ვალდებულებების მხოლოდ 1,1%-ს ანუ 12 582 ლარს შეადგენს გადასახდელი პროცენტებისა და გასაცემი დივიდენდების საერთო ჯამი. 23 საკრედიტო კავშირის მთლიანი კაპიტალური მოცულობა, გასული წლის 9 თვის მდგომარეობით, 390 461 ლარია. საკრედიტო კავშირებში არ არის დაბანდებული კომერციული ბანკების ფულადი სახსრები. კანონმა საკრედიტო კავშირების შესახებ ჩამოაყალიბა მათი რეგისტრაციის, ლიცენზირების, ფინანსური პარამეტრების, მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის და საქმიანობის წესის ძირითადი ნორმები. საკანონმდებლო ცვლილებებით იგეგმება, რომ აღნიშნულზე ზედამხედველობა დაევალოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელიც საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. ბოლო პერიოდში საკრედიტო კავშირების რიცხვის შემცირება გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ მათი უმეტესობა ვერ პასუხობდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ იმითაც, რომ საკრედიტო კავშირს მოეთხოვება გირაოში ჩასადები ქონება და მათზე გაცემული სესხების პროცენტიც საკმაოდ მაღალია. ამდენად, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად აუცილებელია:
ფინანსური პრობლემების მქონე საკრედიტო კავშირების რესტრუქტურიზაცია და დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტებით მათი უზრუნველყოფის სახელმწიფო ხელშეწყობა;
სპეციალური სადაზღვევო სისტემის შექმნა საკრედიტო კავშირების ქონებისა და სესხების მომსახურებისთვის;
თავისუფალი საფინანსო რესურსების მოზიდვა-მობილიზაცია და მაღალეფექტიანი გამოყენება მოსალოდნელი რისკების დაზღვევის პირობებში;
საკრედიტო კავშირის წევრების ცოდნის დონის ასამაღლებლად და მოწინავე გამოცდილების გასაცნობად საფინანსო, საბუღალტრო, საგადასახადო, ახალი ტექნოლოგიებისა და სხვა საკითხებზე სათანადო ინფორმაციული უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო-კონსალტინგური საქმიანობის წარმოება;
რეგიონული სერვის-კოოპერატივების ჩამოყალიბება;
ფერმერული მეურნეობებისთვის საკრედიტო კავშირებთან ფინანსური ანგარიშსწორების ხელსაყრელი ფორმების დანერგვა (მათ შორის ურთიერთშეთანხმებული ფასებით პროდუქციის ნატურით ანაზღაურების გამოყენებით);
აგრარული მეურნეობების გადამამუშავებელი საწარმოებისა და მომხმარებელთან კავშირურთიერთობის სრულყოფისთვის საკრედიტო კავშირების შესაძლებლობათა გამოყენება და მაღალეფექტიანი ინტეგრაციული მექანიზმების ამოქმედება.