არატრადიციული რესურსები – გეოპოლიტიკის ცვლილების საწყისი

ლევან ასათიანი

ფიქლის გაზი, შესაძლოა, მთელი რიგი ქვეყნებისთვის ენერგორესურების მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. ინდოეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს წინადადებით მიმართა, რომ თავის ქვეყანაში აშშ-დან გათხევადებული გაზის მიწოდების ორგანიზება მოახდინოს. ამერიკული თხევადი გაზის ხარჯზე, ინდოეთს იმედი აქვს, რომ შეამცირებს ახლო აღმოსავლეთიდან გაზის იმპორტზე დამოკიდებულებას. მეზობელ ჩინეთში კომპანია Sinopec-მა განაცხადა, რომ ივნისში ფიქლის გაზის მოპოვების დაწყებას გეგმავს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში: ეს იქნება პირველი მსგავსი პროექტი, რომელსაც სხვებიც მოჰყვება. უკრაინის ხელისუფლებამ Royal Dutch/Shell-სა და Chevron-ს გადასცა ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებს დონეცკსა და ლვოვის მხარეში ფიქლის გაზების საბადოების დამუშავებას, ამ საბადოებიდან გაზი ქვეყნის გაზის სატრანსპორტო სისტემაში 2017 წლიდან უნდა მოხვდეს. პოლონეთისა და კანადის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ფიქლის გაზის საბადოების დამუშავების თანამშრომლობის შეთანხმებას ორივე ქვეყანაში. ეს ყოველივე კი ქვეყნებს რუსულ გაზზე ძლიერ დამოკიდებულებას მოუხსნის.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ახლადგავრცელებული ამბებია, მაგრამ მთლიანობაში ფიქლის გაზის საბადოების დამუშავების ინფორმაციები ბოლო დროს აქტიურად ჩნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამ ინფორმაციების ფრაგმენტულობის მიუხედავად, ნათელია, რომ მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე დიდი ცვლილებებია. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ნახულობს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ფიქლის გაზის მარაგებს, რაც პერსპექტივაში შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ შიდა მოხმარების უზრუნვეყოფას, არამედ გაზის ექსპორტზე გატანასაც. შესაძლოა, ამ საბადოების მასშტაბი გიგანტური აღმოჩნდეს: ზოგიერთი შეფასებით, ტექნიკურად ხელმისაწვდომმა მარაგებმა მსოფლიოში, შესაძლოა, 200 ტრილიონ კუბურ მეტრს მიაღწიოს, ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე დამტკიცებული ტრადიციული გაზის მარაგების მოცულობა (187,1 ტრილიონი). ზოგ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში უკვე შეინიშნება ამ ტიპის გაზის მოპოვების სწრაფი ზრდა, რაც ქვეყნის გაზის ბაზარს ცვლის და აღებს რესურსებს, რომელსაც შეუძლია მოპოვების უზრუნველყოფა 100 წლის მანძილზე. ფიქლის გაზის წყალობით 2010 წელს აშშ-მ გადაასწრო რუსეთს ბუნებრივი გაზის მოპო-ვებაში. “არატრადიციული რესურსები ენერგეტიკულ ზესახელმწიფოთა როლს შეცვლის, რაც სერიოზულ გეოპოლიტიკურ შედეგებს მოიტანს”, – განაცხადა ფატიჰ ბიროლმა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მთავარმა ეკონომისტმა, ორგანიზაციისა, რომელიც აერთიანებს ნავთობისა და გაზის იმპორტიორ ქვეყნებს. ამას რუსეთშიც კარგად ხვდებიან. აპრილში სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და აწ უკვე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გა-ნაცხადა, რომ რუსულმა კომპანიებმა უნდა უპასუხონ ფიქლის გაზის გამოწვევას.
ყოველივე ამის პარალელურად, არსებობენ ფიქლის გაზის მიმართ სკეპტიკურად და კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები. სკეპტიკოსები მიანიშნებენ, რომ ფიქლის გაზის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი დანახარჯებია საჭირო – ათას კუბურ მეტრზე 212-283 დოლარი. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიები, რომლებიც ფიქლის გაზის მოპოვებაში კაპიტალდაბანდებებს ახორციელებენ, ამ ტიპის საწვავის მიმართ ერთგვარ აჟიოტაჟს ქმნიან, რათა ამით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდონ. კრიტიკოსების მოსაზრებით კი, საბადოების დამუშავება მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას იწვევს, ჰარის ხარისხს ამცირებს, აზიანებს ტრადიციულ ლანდშტაფს და ტექნოგენურ მიწიძვრებსაც იწვევს. სწორედ ამიტომ ამ ტიპის გაზის გარშემო ოპტიმიზმს ბევრი ქვეყანა არ იზიარებს. საფრანგეთსა და ბულგარეთში ფიქლის გაზის დამუშავებაც კი აკრძალეს. სხვა ქვეყნებშიც (უპირატესად ევროპული) უკვე საუბარია მსგავსი აკრძალვის შემოღებაზეც.
ფიქლის გაზის რევოლუცია
რას წარმოადგენს ფიქლის გაზი? ეს არის ბუნებრივი გაზი, რომელიც ფართოდ გარცელებულ ფიქლისებრი დანალექი აუზებიდან მოიპოვება და უპირატესად მეთანისგან შედგება. ტრადიციული გაზისგან განსხვავებით, ფიქლის გაზის მოპოვებას სხვა ტექნოლოგიები სჭირდება.
ფიქლის შრეებში პირველი კომერციული გაზის ჭაბურღილი აშშ-ში 1821 წელს, ნიუ-იორკის შტატში გაიჭრა. თუმცა, ფიქლის გაზის მასშტაბური სამრეწველო წარმოება მხოლოდ 2000 წელს დაიწყო კომპანია Devon Energy-მ ტეხასში. 2002 წელს აქ გაიბურღა პირველი ჰორიზონტალური ჭაბურღილი. სწორედ ამის შემდგომ აშშ-ში მოხდა ფიქლის გაზის მოპოვების მკვეთრი ზრდა, რის გამოც აშშ გაზის მოპოვებაში ლიდერი გახდა (611 მილიარდი კუბური მეტრი). 40% მოდიოდა არატ-რადიციულ წყაროებზე – მეთანი ნახშირის შრეებიდან და ფიქლის გაზი. 2010 წელს ამ უკანასკნელზე მოდიოდა მოპოვებული გაზის 23%.
ამან მოკლე დროში ამერიკის გაზის ბაზარზე სიტუაცია შეცვალა. მაგალითად, 2003 წელს ტეხასურმა კომპანია Cheniere Energy-მ გადაწყვიტა აეშენებინა მსხვილი ტერმინალი გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის. მაშინ ეს გონივრული ჩანდა, რადგან აშშ-ში გაზის მოპოვება მცირდებოდა, ფასები მაღალი იყო, ამიტომაც, ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, რომ მზარდი მოხმარების დასაკმაყოფილებლად საჭირო იქნებოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის შეტანა ქვეყანაში. “ჩვენ იგივე შეცდომა დავუშვით, რაც სხვებმა. სწორად არ შევაფასეთ ფიქლის გაზის მოპოვების მასშტაბები”, – განაცხადა ჟან აბიტებულმა, Cheniere-ის მარკეტინგის დირექტორმა. შედეგად, ახლადაშენებული ტერმინალი, გადაწყდა, რომ რევერსულ რეჟიმში ჩაირთვებოდა: უცხოური გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის ნაცვლად Cheniere Energy ამერიკული ფიქლის გაზის ექსპორტს განახორციელებს უცხოურ ბაზრებზე. “ეს ყოველივე ტრადიციული გაზის ექსპორტიორებს სერიოზულ შედეგებს მოუტანს. დღეს ისინი ძალიან ნერვიულობენ, რადგან ბაზარზე კონკურენტი გამოჩნდა, რომელიც გაზს უმნიშვნელო დანახარჯებით მოიპოვებს”, – განაცხადა გლობალური ტრეიდინგის Mercuria-ის დირექტორმა დენიელ იეგმა.
მსოფლიო გაზის რუკა ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა და მასში დომინირებენ რამდენიმე საკვანძო ექსპორტიორები, მათ შორის, რუსეთი, ალჟირი და ყატარი. გაზსადენმა, რომელიც “გაზპრომის” ციმბირულ საბადოებს მომხმარებლებთან აერთებს ევროპაში ან გათხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებმა, რომლითაც სპარსეთის ყურიდან ან ბრუნეიდან იაპონიაში გაზი გადააქვთ, ჩამო-აყალიბა ერთგვარი მიმწოდებლისა და მომხმარებლის სტრუქტურა. “ეს დამოკიდებულება ბოლო დროს, შესაძლოა, მკვეთრად შეიცვალოს. სულ უფრო მეტი ქვეყანა – არგენტინიდან დაწყებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკით დამთავრებული, მექსიკა თუ პოლონეთი, ინტერესს იჩენს ფიქლის გაზის მარაგების მიმართ. ასე რომ, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების მთელი რიგი, რომლებიც შექმნილ ოლიგოპოლიას დაემუქრებიან”, – განაცხადა Credit Suisse-ის ანალიტიკოსმა, მარკ ეჩლინმა.
ასეთი ცვლილებები, წამყვანი მწარმოებლების მომავალს, მაგალითად, როგორიცაა რუსული “გაზპრომი” ნაკლებად პროგნოზირებადს გახდის. რუსული გაზის ზოგიერთი მომხმარებლები, ვთქვათ, როგორიცაა პოლონეთი და უკრაინა, აქტიურად აწარმოებენ ფიქლის გაზის საკუთარი მარაგების დაზვერვას და იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში სამრეწველო მასშტაბით მოიპოვებენ. უკრაინის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ედუარდ სტავიცკის განცხადებით, საბურღი სამუშაოების დაწყება 2013 წლისთვის იგეგმება. მხოლოდ ორი საბადოს დამუშავებამ (დონეცკთან და ლვოვთან) უნდა უნდა ამოიღოს 15 მილიარი კუბური მეტრი გაზი, რაც მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება 2010 წელს უკრაინაში მოპოვებული ბუნებრივი გაზის მთლიან მოცულობას.
ჩინეთს, ახალი გაზსადენის წყალობით რუსული გაზის კიდევ ერთ პოტენციურ იმპორტიორს, უკვე აქვს ფიქლის გაზის უზარმაზრი მარაგები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მათი დამუშავება მე-12-ე ხუთწლედის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახა (2011-2015 წწ) და მიიჩნევა, რომ მისი დასრულების შემდეგ მოპოვება იქნება 6,5 მილიარდი კუბური მეტრი. პოტენციური მარაგები ჩინეთს ოცი წლის მანძილზე ეყოფა იმისთვის, რომ შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ახალი საფასო მოდელი
ცვლილებები გაზით საერთაშორისო ვაჭრობაში, ბუნებრივია, ნელა განხორციელდება და წლების მანძილზე გაჭიანურდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, გაზის მსოფლიო ბაზარზე შედარებით სწრაფ ზემოქმედებას მოახდენს ამერიკულ გაზზე ფასწარმოქმნის სისტემა. ათწლეულების მანძილზე გა-თხევადებული ბუნებრივი აირი იყიდებოდა 2-წლიანი კონტრაქტებით, რომელიც მიბმული იყო ნავთობის ფასებზე. Cheniere Energy კონტრაქტებს ისე აფორმებდა, რომ ის მიბმული იყო ნავთობის შიდაამერიკულ ფასზე, რომელიც დღეს “ფიქლის რევოლუციის” გამო ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებითაც კი, ამერიკული გაზი აზიურ ბაზრებზე ასეთი მოდელის პირობებში 40-60%-ით იაფი ღირს, ვიდრე სხვა წყაროებიდან მიღებული გაზი. Cheniere Energy-მ მხოლოდ სამ თვეში მოახერხა თავის ტერმინალი 90%-ით დაეტვირთა ბრიტანეთში, ესპანეთში, სამხრეთ კორეაში და ინდოეთში პროდუქციის მისაწოდებელი კონტრაქტებით. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფასწარმოქმნის ახალი მოდელის გაჩენა გრძელვადიანი კონტრაქტების გამო გაზის მომხმარებლების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რომელიც ძვირ ნავთობზე იქნება მიბმული.
ამერიკული გაზის ექსპორტი შესაძლოა აღმოჩნდეს არა მხოლოდ იაფი, არამედ მნიშვნელოვანიც. კონსალტინგური კომპანიის Wood Mackenzie-ის შეფასებით, აშშ-ში წარმოდგენილია გათხევადებული ბუნებრივი აირის საექსპორტო ტერმინალის რვა პროექტი საერთო სიმძლავრით 120 მილიონი ტონა წელიწადში. თუკი ყველა ეს პროექტი გახორციელდა და ექსპლოატაციაში შევიდა, იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გათხევადებული ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება. ყატარს, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ნომერ პირველი მიმწოდებელია, საექსპორტო სიმძლავრე აქვს წელიწადში 77 მილიონი ტონა გათხევადებული გაზი. ამ ბაზარზე გასვლას კანადაც გეგმავს, რომლის ხელისუფლებამაც 2012 წელს მიიღო გადაწყვეტილება გათხევადებული ბუნებრივი აირის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ექსპორტისთვის ორი ტერმინალის მშენებლობის შესახებ, რომელიც ორიენტირებული იქნება აზიელი იმპორტიორების ბაზრისთვის. ტერმინალების საერთო სიმძლავრე იქნება 12 მილიონ ტონა. “შესაძლებელია ითქვას, რომ ათწლეულის დასასრულისთვის აშშ-დან და კანადიდან წელიწადში საექსპორტო ნაკადი იქნება 60-100 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ეს გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის მსოფლიო მოცულობას 20%-ს დაუმატებს”, – განაცხადა ოქსფორდის ენერგეტიკული კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ჯონათან სტერნმა.
“მიწოდების დივესიფიკაცია სწრაფადმზარდი ბაზრისთვის დადებითი ტენდენციაა. არც ერთი ქვეყანა, რომლის ენერგობალანსის მესამედი ან მასზე მეტი გაზზე მოდის, თავდაჯერებულად არ იგრძნობს თავს, თუკი მხოლოდ ორ მიმწოდებელზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა Royal Dutch/Shell-ის გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმართულების დირექტორმა, ვენტერ დე ლა რეიმ.