ესპანეთის ბერძნული სცენარი

ლევან ასათიანი

ევროპაში ტემპერატურა პიკს აღწევს და არა მხოლოდ თერმომეტრზე. პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ბებერ კონტინენტს ყველაზე ცხელი ზაფხულის გადატანა უწევს ბოლო წლების განმავლობაში. საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, კვლავ მწვავე პრობლემებია იტალიაში, პორტუგალიაში, კვიპროსსა და სხვა ქვე-ყნებში. განსაკუთრებით დიდი ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე ესპანეთია.

ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. მოვლენები საბერძნეთის ანალოგიური სცენარით ვითარდება. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მადრიდში მასობრივი საპროტესტო აქციები 19 ივლისს, პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციები მთავრობის ეკო-ნომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 19 ივლისს გამოსვლებმა ესპანეთის 80 დიდი ქალაქი მოიცვა. აქციებზე 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
საპროტესტო აქციები ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოიას 11 ივლისის განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც მან ბიუჯეტის შემცირებისთვის მკაცრი ზომების გატარებაზე ილაპარაკა. რახოიას მთავრობა გადასახადების გაზრდას და უმუშევართა შემწეობის შემცირებას გეგმავს. ამ გზით იგი ორწელიწადნახევარში 65 მილიარდი ევროს ეკონომიას აპირებს.
მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯს საკმარისად არ თვლიან და მადრიდს უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებისაკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა შეფასებით, ესპანეთის ეკონომიკა ორმაგ რეცესიაშია და სასწრაფო რეფორმირებას საჭიროებს. “ფონდის სპეციალისტები ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ეკონომიკური კრიზისთან ბრძოლაში დადებითად აფასებენ. თუმცა ესპანეთს აფრთხილებენ, რომ ხანგრძლივი ეკონომიკური რეფორმების გატარება აუცილებელია”, – განმარტავენ ფონდში. ცოტა ხნის წინ ესპანეთმა უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც 1970 წლის მაჩვენებელთანაა მიახლოებული. ამ დროისათვის ქვეყანაში 5,7 მლნ უმუშევარია.
რეცესიის გაძლიერებისა და უმუშევრობის დონის ზრდის გამო, ახალი სავაჭრო წესების შემოღებასთან დაკავშირებით, ესპანეთმა, შესაძლოა, ტრადიციული სამსაათიანი სიესტის გამართვაზეც კი უარი თქვას. ივლისის თვეში ესპანეთი ვაჭრობის ახალ წესებზე გადადის, რომლებიც მაღაზიებს შესაძლებლობას მისცემს, 25%-ით ხანგრძლივად ივაჭრონ. შესაბამისად, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რიტეილერები დღის სიესტის დროსაც იმუშავებენ, რაც გაყიდვებს გაზრდის. კერძოდ, 72 საათის ნაცვლად, სავაჭრო ობიექტები კვირაში 90 საათის განმავლობაში იქნება გახსნილი. მსგავსი ზომების მიღება ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნათელი გახდა, რომ პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ესპანეთის საცალო ვაჭრობა 4,3%-ით შემცირდა. მადრიდი ლიდერია იმ ქალა-ქებს შორის, სადაც ვაჭრობის ლიბერალიზაცია მიმდინარეობს, რათა ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა მიიზიდონ. ხელისუფლების მიერ ვაჭრობის წახალისება ბუნებრივია: მაღაზიები 20,5 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფენ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე მოქალაქე უმ-უშევარია.
თუმცა ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია. ესპანეთის მდგომარეობა ახლა საგანგაშოა, თუ მდგომარეობა სასწრაფოდ არ გამოსწორდება, ქვეყანა 2013 წლის ბოლოს ღრმა რეცესიაში აღმოჩნდება. მაგრამ პროგრესი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. ეკონომიკა რეცესიაშია, საჯარო სექტორში დანახარჯები მკვეთრად არის შემცირებული, კერძო სექტორში კი არ იდება ინვესტიციები, იკლებს შიდა მთხოვნა. ესპანეთი ამ მდგომარეობას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვერ გაუმკლავდება. ქვეყანას არ აქვს საჭირო თანხები სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში უფრო ნაკლებია, ვიდრე იტალიასა და გერმანიაში. ესპანეთში ეს მაჩვენებელი გასულ წელს 69% იყო, იტალიაში – 120%, გერმანიაში კი – 81%.
25 ივლისს ესპანეთის ათწლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების შემოსავლიანობამ ევროზონის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7.75% შეადგინა. ორწლიანისამ კი – 7%. ესპანეთის საფონდო ინდექსი – IBEX 35 – 30%-ით შემცირდა მიმდინარე წელს. ინვესტორები შიშობენ, რომ მალე ესპანეთმა შეიძლება დახმარების დიდი პაკეტი ითხოვოს ან დეფოლტი გამოაცხადოს. ესპანეთში განვითარებული მოვლენები სწრაფად გადაედო მეზობელ ქვეყნებს – იტალიის 10-წლიანი ბონდების შემოსავლიანობა 6.5%-მდე გაიზრდა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მადრიდი ცდილობს მიჰყვეს და გაითვალისწინოს ბრიუსელის რეკომენდაციები, მაგრამ ყველა ის ზომა, რომელიც აქამდე ესპანეთის ჩიხში შესული ეკონომიკის დასახმარებლად იქნა გადადგმული, მხოლოდ დროებითი შვების მომტანი იყო. ესპანეთისათვის საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის სცენარი გარდაუვალია, ამ ქვეყნებმა ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტები მას შემდეგ მიიღეს, რაც 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 7%-ს გადასცდა. ესპანეთის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის უკვე 7.75%-ია.
ყველაზე დიდი პრობლემა ესპანეთის ეკონომიკისათვის საგარეო ვალია. ამას ემატება ისიც, რომ ესპანეთის ვალდებულებებს უცხოელი ინვესტორების მიმართ, აჭარბებს ესპანეთის მოქალაქეების საკუთარი აქტივები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს მაჩვენებელი მშპ-ის 92%-ს შეადგენდა გასულ წელს, რაც ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თვითონ ესპანეთიდან კი ბოლო წლის განმავლობაში ქვეყნიდან კოლოსალური მოცულობის უცხოური კაპიტალის გატანა მოხდა. ამან კიდევ უფრო დაასუსტა ქვეყნის საბანკო სისტემა და ეკონომიკა.
20 ივლისს ევროპის ფინანსთა მინისტრებმა 100 მილიარდი ევროს ტრანში გამოყვეს ესპანური საბანკო სისტემის გადასარჩენად. ევროპული ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ European Stability Mechanism-ის საშუალებით გამოყოფილი დახმარების თანხების პირდაპირ ბანკებს გადაეცეს სპეციალური ფონდების საშუალებით და არა მთავრობის გავლით. ამ ფაქტმა ინვესტორები ცოტა დაამშვიდა, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ESM-ის მიერ გამოყოფილი თანხა ესპანურ ბანკებამდე სექტემბრამდე ვერ მიაღწევს, მანამ სანამ გერმანიის კონსტიტუციური სასამართლო არ დაამტკიცებს მას.
ესპანეთს კიდევ აქვს ნაღდი ფულის რეზერვები და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შეუძლია ისესხოს მოკლევადიანი ვალი. ბაზრიდან წამოსული სიგნალები აჩვენებს, რომ წლის დასასრულისათვის ესპანეთს აუცილებლად დასჭირდება დახმარების კიდევ უფრო დიდი პაკეტი. ექსპერტთა შეფასებით, 2014 წლამდე მთავრობას მხოლოდ 385 მილიარდი ევროს ვალის აღება დასჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ამ შემთხვევაში, საჭირო თანხის მესამედიც რომ გაიღოს, როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ევროლიდერებს მო-უწევთ კიდევ 250 მილიარდის მოძიება.
ურთულესი მდგომაეობაა ესპანეთის თითქმის ყველა რეგიონში. 17 ნახევრად ავტონომიური რეგიონიდან ვალენსია პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარება სჭირდება. ვალენსიას მოჰყვა მურსია. ესპანეთის მთავრობას რეგიონების დასახმარებლად სპეციალური ფონდი აქვს შექმნილი, რომელიც ამჟამად 18 მილიარდი ევროს მოცულობისაა. ფონდიდადნ დახმარების მიღების მსურველთა რიგში დგას კატალონიაც, ესპანეთის ყველაზე მდიდარი რეგიონი. დახმარების მოთხოვნა მოსალოდნელია თითქმის ყველა რეგიონიდან.
რეგიონების საბიუჯეტო დეფიციტების კონტროლი ესპანეთის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. რეგონული მთავრობების წარუმატებელი მცდელობის გამო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის სამიზნე მაჩვენებელზე შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, მთლიანად ქვეყანამ ვერ შეძლო მსგავსი მიზნის მიღწევა და სამიზნე, ბიუჯეტის მშპ-ის 6%-იანი დეფიციტის ნაცვლად, ესპანეთში გასულ წელს დაფიქსირდა 8.9%-იანი დეფიციტი.
მართალია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივ მთავრობებს მოსთხოვა დეფიციტების 1.3%-მდე შემცირება, მაგრამ ესპანეთის ავტონომიური ოლქების ბიუჯეტების დეფიტის საშუალო მაჩვენებელი მშპ-ის მიმართ 3.4%-მდე გაიზრდა. ამ მხრივ, ურთულესი ვითარებაა ვალენსიაში, მისი საბიუჯეტო დეფიციტი რეგიონის მშპ-ის 3.87%-დან 4.5%-მდე გაიზრდა. მისი ვალი რეგიონის მშპ-ის 20%-ია.
ესპანეთის დეფოლტი ევროპისათვის კრახის ტოლფასი იქნება. რეგიონში უმძიმესი ვითარებაა და მდგომარეობის გამოსწორების შანსი უახლოეს წლებში ბუნდოვანია. მდგომარეობა ევროპაში კიდევ უფრო დაძაბა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის პროგნოზმა, რომლის მიხდევითაც უმაღლესი სუვერენული რეიტინგები შეიძლება შეუმცირდეთ გერმანიას, ლუქსემბურგსა და ჰოლანდიას.
როგორც ევროპელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ყველა ევროპულ ქვეყანას, მათ შორის, ცხადია, ესპანეთსაც, ფინანსურ სტაბილიზაციაზე ზრუნვის გარდა, მართებს, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ფიქრიც და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, რადგან ევროპის ეკონომიკა არსებული რესურსების პირობებში და ეკონომიკური ზრდის გარეშე მიმდინარე პრობლემებს თავს ვერ დააღწევს. ექსპერტთა შეფასებით, სამთავრობო პროგრამები, რომელიც, ძირითადად, ფინანსური სისტემის სიჯანსაღის მიღწევა-შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ახლა ევროპაში პრიორიტეტულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეობა და ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ასევე გამარტივდეს და ბიზნესი მარწუხებისაგან გათავისუფლდეს.
ამ მხრივ კი, ევროპაში რომ გაცილებით საგანგაში ვითარებაა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში, ერთი მარტივი სტატისტიკაც მოწმობს – 1975 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში შექმნილი 500 უმსხვილესი კომპანიიდან, მხოლოდ ერთია ევროპული (ესპანეთში დაარსებული Inditex), მაშინ, როცა ამ 500 კომპანიიდან, მხოლოდ კალიფორნიაში დაარსებულია 26. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ როგორც კი ევროპა ბიზნესის მიმართ მკაცრ წესებსა და შეზღუდვებს შეარბილებს, ევროპული ეკონომიკა კვლავ შეძლებს მსოფლიოს გაოცებას. ევროპის ყველაზე დიდ პრობლემად მძლავრი ფედერალიზმი რჩება. ევროზონის 17 ქვეყანა ყველა საკითხზე რომც შეთანხმდეს, შემდეგ ამ საკითხების დამტკიცება-მოგვარებას და პრაქტიკაში გატარებას 3 წელი მაინც სჭირდება, რაც ეკონო-მიკური სტაბილიზაციის სერიზული მუხრუჭი ხდება.