საქართველოს ცემენტის მრეწველობის კლასტერიზაციის საკითხები კომპანია “ჰაიდელბერგცმენტის” მაგალითზე

ირინა ჯელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

მესამე ათასწლეულის დასაწყისი საზოგადოების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლით ხასიათდება. ეს ეტაპი, რომელსაც ხშირად პოსტინდუსტრიული, ინფორმაციული, პოსტკაპიტალისტური ეწოდება, ხასიათდება მრავალი თავისებურებებით. მათ შორის ამისი მთავარი ნიშანია გლობალიზაცია, რომელმაც დაარღვია ეროვნული სახელმწიფოების ეკონომიკური ავტონომია, შეცვალა ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გარემო, გამოიწვია სოციალური ცვლილებები, წარმოების პროცესის ცვლილებები და მრავალი სხვ.

საზოგადოების ამ ახალი ორგანიზაციის შესაბამისად ეკონომიკას ხშირად “ახალს”, “ცოდნაზე დაფუძნებულს” უწოდებენ. ამ ეკონომიკურ სისტემაში წარმატებას აღწევენ ის ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ ცოდნის გენერირება და ინფორმაციის ეფექტური დამუშავება, ცვალებად გლობალურ ეკონომიკასთან ადაპტაცია ინოვაციების დანერგვა და საკმარისი მოქნილობა კონკურენტულ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
ასეთ პირობებში შეიმჩნევა ეკონომიკური პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომა. იგი გამოიხატება რეგიონული საწარმოო სისტემებისადმი მეტ ყურადღებაში, ტერიტორიულ განვითარებაში, ადგილობრივი ორგანიზაციების როლის ამაღლებაში, ლოკალურ კონკურენტულ უპირატესობებზე ორიენტაციაში. ასეთი პოლიტიკის მიზანია, ეროვნული (რეგიონული) ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
ახალი ეკონომიკური სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა არის ეკონომიკური კლასტერების შექმნა. ისინი იწვევენ რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საწარმოო, საფინანსო, კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის კონსტრუქციულ ურ-თიერთობათა ჩამოყალიბებას.
სწორედ კლასტერებზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყნებში იზრდება ტექნოპარკების, ბიზნეს-ინკუბატორების და ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრების გახსნის ინტერესი.
ეკონომიკისადმი კლასტერული მიდგომის სიახლე და უპირატესობა იმაშია, რომ იგი მაღალ მნიშვნელობას აძლევს ეკონომიკური განვითარების მიკროეკონომიკურ მდგენლებს და მის ტერიტორიულ და სოციალურ ასპექტებს. აგრეთვე, ის გვთავაზობს რეგიონის განვითარების სტიმულირების ეფექტურ ინსტრუმენტებს.
თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკურ პრაქტიკაში ეს მიმართულება ნაკლებად შესწავლილია: არ არსებობს ინფორმაცია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კლასტერში შემავალი ობიექტების იდენტიფიცირება, არ არსებობს მათი საქმიანობის ეფექტიანობის გამზომი ერთიანი, შეთანხმებული სისტემა, ჯერ კიდევ დასაბუთებულია წარმოების ამ ორგანიზაციული ფორმის ფუნქციონირების წარმატებაზე სხვადასხვა პარამეტრების გავლენის მტკიცებულებები და, რაც მთავარია, გამოსაკვლევია საქართველოს სინამდვილეში მათი არსებობის, მით უფრო – წარმატებული არსებობის, ფაქტები, შესაძლებლობები.
საქართველოს კალსტერული პოლიტიკა არა აქვს. ეს საკითხი იდეის დონეზეც კი არ დამდგარა საქართველოს მთავრობაში. ასეთ დროს, სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით დიდი მუშაობა და მრავალი კლასტერული ინიციატივები ხორციელდება (ფინეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში და სხვაგან).
კლასტერების შექმნის ორი მეთოდი არსებობს “ქვევიდან – ზევით” და “ზევიდან – ქვევით”. იმისათვის, რომ არ დაგვიანდეს და კლასტერიზაციის პროცესი დროში არ გაიწელოს, სჯობია საქართველოში იგი ზევიდან დაიწყოს. ე. ი. საქართველოს მთავრობის აპარატში უნდა შეიქმნას კლასტერული პოლიტიკის ცენტრი, მისი ფილიალები კი გაიხსნას საქართველოს რეგიონების მუნიციპალურ მმართველობებში. ეს ცენტრი დაამუშავებს ქვეყნის კლასტერულ პოლიტიკას, შექმნის საკანონმდებლო ბაზას, შეადგენს კლასტერულ პროგრამებს და ერთობლივი კვლევის პროგრამებს, შექმნის კლასტერების განვითარების სტიმულირების სქემებს, გამოძებნის სავარაუდო დაფინანსების წყაროებს და ა.შ. იგივეს გააკეთებენ რეგიონული კლასტერული ცენტრები თავისი რეგიონის მასშტაბით.
მსოფლიო მასშტაბით კლასტერების დაფუძნებაში ქალაქის მერიები მეტად აქტიურობენ. სულ ახლახან ქ. ოდესის მერიამ მიიღო ბრძანება და დააფუძნა ოდესის საზღვაო კლასტერი [1, გვ. 468]. ეს მაგალითი უნდა გადმოიღოს თბილისის მერიამაც და დააფუძნოს თბილისის სამშენებლო კლასტერი, რომელშიც შემოვა ქ. თბილისის სამშნებელო კომპლექსში შემავალი 74 სამშენებლო ორგანიზაცია, საშენ მასალათა, კონსტრუქციათა და დეტალების საწარმოები, საპროექტო სააგენტოები და სხვები. რადგან თბილისის სამშენებლო კლასტერი უკვე არსებობს ჩანასახოვან მდგომარეობაში, ჩვენ ვფი-ქრობთ, რომ იგი საზღვარგარეთ ცნობილი 3-მოდელიდან [2, გვ. 222] უნდა დაფუძნდეს პირველი ტიპის მოდელით. ჩვენს მიერ ტრანსფორმირებული და ქართულ პირობებს მისადაგებული ეს მოდელი ასე გამოიყურება (ნახ. 1).
როგორც ამ სქემიდან ჩანს, თბილისის სამშენებლო კლასტერის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე იქნება კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი”. მისი მიწოდებული ცემენტი და ბეტონი მშენებლობის “პურია”. მოგახსენებთ, თუ როგორ უნდა შევიდეს იგი კლასტერში და რა სტრატეგია უნდა განახორციელოს.
როგორც ცნობილია, კლასტერების რაციონალური ვარიანტის შექმნა-განვითარება უნდა ეფუძნებდოეს სამ პრინციპს. ესენია:
მონაწილეთა მდგომარეობა;
ეკონომიკური მდგრადობა;
ეკონომიკური სტაბილურობა.
ეს პრინციპები ეხება კლასტერის ყოველ მდგენელს. სწორედ ამ პრინციპებზე ავაგეთ კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” სტრატეგია თბილისის სამშენებლო კლასტერთან მიმართებაში.
იმის მიხედვით, მონაწილეებს თუ რა ადგილი უკავიათ კლასტერში – საწყისი, შუალედური, საბოლოო თუ კომბინირებული – კლასტერები ჯგუფდება ტექნოლოგიურ, საწარმოო-ტექნოლოგიურ, საგნობრივ, დარგობრივ და დარგთაშორის კლასტერებად.
თბილისის სამშენებლო კლასტერის პროცესის 10-რგოლიან სისტემაში კომპანია “ჰაი-დელბერგცემენტი”, როგორც ცემენტის მომწოდებელი იკავებს პირველ რგოლს, ანუ საწყის (V1) პოზიციას. ასეთი კლასტერი ტექნოლოგიურია. ამის გარდა, რადგან კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” აქვს მაღალი რენტაბელობა (18,1%) ხარჯებს ამცირებს ყოველ წელს (2011 წელს 1 ტონა ცემენტის დამზადების ხარჯებმა შეადგინა 102,5 ლარი, ნაცვლად 2008 წელს 120,1 ლარისა), გაყიდვების მოცულობა მუდმივად ეზრდება (2011 წელს მან შეადგინა 90092 ათ. ლარი, ანუ 19%-ით მეტი, ვიდრე 2008 წელს) [3], აქვს საწარმოო პოტენციალის გამოყენების მაღალი დონე და ბეტონის და ცემენტის მაღალკონკრუენტუნარიანობა, ამიტომ მისი სიტუაცია (მდგომარეობა) არის მაღალი ეკონომიკური მდგრადობა (G1 – სიტუაცია) და იგი ამ მდგომარეობით შედის კლასტერში.
კომპანიის ეკონომიკის სტაბილურობაზე შიდა და გარე გარემოს მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ჩვენ შევარჩიეთ 14 ფაქტორი, შევქმენით კომპანიის სპეციალისტებისგან ექსპერტთა ჯგუფი, ჩავრთეთ ისინი გამოკვლევაში და ვთხოვეთ მათ, მიეცათ ამ ფაქტორებისთვის ბალური შეფასებები. მიღებული შედეგით (ცხრ.1) აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი საშუალო ქულები მიეცათ შემდეგ ფაქტორებს:
X12 – რეგიონის (ე. ი. თბილისის) ინვესტიციური მიმზიდველობა – 14 ქულა;
X1 – საწარმოო პროცესების მართვა და განვითარება – 12,5 ქულა;
X4-საწარმოში ტექნოლოგიების დანერგვა – 11,5 ქულა;
X7 – საწარმოში კადრების დენადობა – 11,34 ქულა;
X2 – საწარმოს მობილობა – 11,17 ქულა;
X6 – საწარმოო პოტენციალის გამოყენება – 11 ქულა;
X11 – საწარმოს ინვესტიციური მიმზიდველობა – 10 ქულა;
X9 – ძირითადი რესურსებით უზრუნველყოფა – 9,17 ქულა.
დანარჩენი ფაქტორების გავლენა გამოირიცხა. მიღებული შედეგი ნიშნავს, რომ კომპანია “ჰაიდელბერგცემენტზე” ახლაც და კლასტერში მისი მონაწილეობის შემთხვევაშიც, ეს რვა ფაქტორი მოახდენს მასზე გავლენას და მისმა ხელმძღვანელობამ ამ ფაქტორებს უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება.
ამჟამად, კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი” ლიდერია საქართველოს ცემენტის მრეწველობაში, მაგრამ პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ თანდათან არენაზე გამოსვლას იწყებს სხვა ფირმებიც. მართალია, მათ ახლა “ჰაიდელბერგცემენტისთვის” სათანადო კონკურენციის გაწევის პოტენციალი არ გააჩნიათ, მაგ-რამ მომავალში, ანუ “ჰაიდელბერგცემენტის” თბილისის კლასტერში გაერთიანების დროს, მათ ეს პოტენციალი და მასზე “თავდასხმის” ძალა შეიძლება გაუჩნდეთ. ამიტომ, ჩვენი აზრით, კომპანია “ჰაიდელბერგცემენტმა” უნდა გაითვალსიწინოს მომავლის ეს ვითარება და თავისი კლასტერული სტრატეგია მაინც ლიდერის პოზიციაზე დაამყაროს. იგი უნდა იყოს შეტევითი ან აქტიური თავდაცვის, ანდა ძალების დემონსტრირების სტრატეგია.
ამჟამად, კომპანია შეტევით სტრატეგიას ახორციელებს. მას ცემენტის პატარ-პატარა მწარმოებლები ლიდერის მიმდევრების როლში ჰყავს ჩაყენებული. ვფიქრობთ, კლასტერში მუშაობისას მას უფრო გამოადგება არა შეტევითი, არამედ აქტიური თავდაცვის სტრატეგია, რასაც ვასაბუთებთ შემდეგით: როცა თბილისის სამშენებლო კლასტერი შეიქმნება, მასში “ჰაიდელბერგცემენტის” გარდა, თავს მოიყრის პატარ-პატარა ცემენტის საწარმოებიც (კერძოდ, თბილისში და თბილისთან ახლოს განლაგებული). ასე რომ, მათ ერთ ოჯახში, ერთი “ქოლგის ქვეშ” მოუწევთ მუშაობა და მათ შორის კონკურენცია უფრო პარტნიორულ შეჯიბრს დაემსგავსება. ცხადია, ასეთი პარტნიორული თანამშრომლობის პირობებში, “ჰაიდელბერგცემენტს” არ გაუჩნდება მათზე “თავდასხმის” და მათი ჩა-ძირვის სურვილი. თუმცა, ამასთან, იგი მუდმივად უნდა ეცადოს შეინარჩუნოს და გაამყაროს დღევანდელი ლიდერის პოზიცია, რასაც იგი მიაღწევს აქტიური თავდაცვის სტრატეგიის გატარებით.