ეკონომიკური წესრიგი და დემოკრატიული სისტემა

როზეტა ასათიანი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი

დასავლური დემოკრატია არის თუ არა ჩვენი სოციო-კულტურული რეალობის ადეკვატური მოდელი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მიზანშეწონილია სტატიის სათაურად წარმოდგენილი საკითხის განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ, პირველი, დემოკრატიული სისტემა ორგანულ კავშირშია ეკონომიკური წესრიგის განვითარების დონესთან, მეტიც, ეს უკანასკნელი დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიულ სისტემაზე და, გარკვეული თვალსაზრისით, განსაზღვრავს კიდეც რეალური დემოკრატიის განვითარების მიმართულებებს და, მეორე, დასავლური დემოკრატია ის ფენომენია, რომლისკენაც მიპყრობილია მსოფლიოს ყურადღება და იგი დასავლეთის ქვეყნებში სოციო-კულტურული რეალობის ადეკვატური მოდელია. მაგრამ რამდენადაა იგი მისაღები საქართველოსთვის?

ეკონომიკური წესრიგი და დემოკრატიული სისტემა ერთმანეთს ავსებს, რაც ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში ჰპოვებს ასახვას.
ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის თეორიული ასპექტების ჩამოყალიბებასა და, საერთოდ, ამ ფენომენის კვლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვით გერმანელ ეკონომისტ ვალტერ ოიკენსა და ეკონომიკის დარგში 1969 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს, ჰოლანდიელ იან ტინბერგენს [1; 2]. მათ წინა პლანზე წამოსწიეს წესრიგის პოლიტიკის ეკონომიკური მიზნები და ის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემა, რომელიც საფუძვლად უდევს ამ მიზნების განხორციელებას.
ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა ეკონომიკაში თვისებრივი კვლევების განმსაზღვრელი პოლიტიკაა. იგი ეკონომიკური პოლიტიკის, ანუ ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკის მართვის ღონისძიებათა სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც, ძირითადად, აისახება ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეგულირებაში და მოიცავს ფისკალურ, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, ინსტიტუციურ, სტრუქტურულ, საინვესტიციო, საგარეო-ეკონომიკურ, სოციალურ, მეცნიერულ-ტექნოლოგიურ და ა.შ. პოლიტიკას.
ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოების სოციო-კულტურულ მოდელზე – საზოგადოების განვითარების დონის ამსახველ მატერიალურ და სულიერ ფასეულობებზე, ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მდგომარეობაზე, ეკონომიკური ურთიერთობების და, საერთოდ, საზოგადოებაში ადამიანთა ინტეგრირების ხარისხზე, საზოგადოების სტრუქტურაზე, საზოგადოების ფენებად დაყოფის წილობრივ თანაფარდობაზე და ა.შ. მისი ამოცანაა როგორც კერძო (შინამეურნეობები და ფირმები), ისე სახელმწიფო სექტორებისთვის სპეციალური ჩარჩო-პირობების დადგენა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემების შესაბამისობაში მოყვანა.
ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობები არსებითად ეკონომიკური მიზნების სამ ძირითად ასპექტს აერთიანებს. ესენია: კონკურენციის წესრიგი (ანუ საბაზრო ეკონომიკური წესრიგი), სოციალური წესრიგი და ინსტიტუციური წესრიგი. აქედან განმსაზღვრელი საბაზრო ეკონომიკური წესრიგია, რომლის ამოსავალი კონკურენციაში წესრიგის დაცვაა. ეს უკანასკნელი განაპირობებს როგორც სოციალური, ისე ინსტიტუციური წესრიგის დონესა და ხარისხს [3], ამასთან, იდეის შესახებ მოძღვრების – ეროვნული იდეოლოგიის სწორად შემუშავებისა და გატარების საფუძველზე ეყრდნობა მეცნიერულ მიდგომას მართვის სისტემაში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მართვად ქაოსს.
ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების რეალიზაციაში მნიშვნელოვან როლს ეროვნული იდეოლოგია ასრულებს. მაგრამ თუ ამ უკანასკნელისთვის ადგილი არ რჩება, მოვწყდით ეროვნულ ფესვებს და ქრისტიანულ იდეოლოგიას, მაშინ ზედმეტია საუბარი არა მხოლოდ კონკურენციის წესრიგზე, ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციასა თუ ინსტიტუციურ მოწყობაზე, არამედ, საერთოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე.
შემდეგი წინაპირობა ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის გატარებაში უკავშირდება სასამართლო სისტემის გამჭირვალობას, რომელიც გამოიხატება სამართლებრივი სისტემის სანდოობის ხარისხით. შერჩევითი სამართალი ანგრევს არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ მთელ ეკო-ნომიკას. საზოგადოება, რომელიც არ არის ორიენტირებული სამართლიანობაზე და არ მიილტვის აქეთკენ, ასეთ საზოგადოებას არა აქვს მომავალი. ქვეყანა, რომელიც არ ატარებს ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკას (ე.ი. ამ ქვეყანაში არ არსებობს კონკურენციის წესრიგი, სოცია-ლური წესრიგი და ინსტიტუციური წესრიგი), ვერასდროს ვერ იქნება განვითარებული და განწირუ-ლია ქრონიკული ჩამორჩენილობისთვის.
ზოგჯერ ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა არ გააჩნია, მაგრამ ეს არ არის სწორი, თუმცა, ქვეყანა ძალზე სერიოზული პრობლემების წინაშეა [4].
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2010 წლის მონაცემებით, 183 ქვეყნიდან საქართველო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით, 120-ე ადგილზეა (11,665 მლნ აშშ დოლარი) და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან უსწრებს მხოლოდ სომხეთს, მოლდოვასა და ტაჯიკეთს. ამავე წელს მსოფლიო მშპ 62.911,253 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან, ევროკავშირზე მოდიოდა 16.242,256 მლნ აშშ დოლარი. ამ მაჩვენებლით პირველ ათეულში შედიან: აშშ – 14.526,550 მლნ დოლარი, ჩინეთი – 5.878,257, იაპონია – 5.458,797, გერმანია – 3.286,451, საფრანგეთი – 2.562,742, გაერთიანებული სამეფო – 2.562,742, ბრაზილია – 2.090,314, იტალია – 2.055,114, ინდოეთი – 1.631,970, კანადა – 1.577,040 მლნ დოლარი. მეთერთმეტე ადგილზეა რუსეთი – 1.479,825 მლნ დოლარი [5].
აშშ-ის (19,8%), ჩინეთის (13,6%), იაპონიის (5,9%), გერმანიის (4%) და ინდოეთის (5,4%) წილად მოდის მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარი, ევროკავშირზე – 20,55%; ბრაზილიის ეკონომიკა შეადგენს მთელი სამხრეთ ამერიკის ნახევარს (3%). რუსეთს უჭირავს დომინირებული მდგომარეობა СНГ-ს რეგიონულ ეკონომიკაში (3%) და მის წილად მოდის მთელი რეგიონული ეკონომიკის და ინვესტიციების 2/3. აფრიკის ეკონომიკაში დომინირებს სუდანი (1,2%), სამხრეთ აფრიკა (0,7%), ეგვიპტე (0,7%0), მაროკო (0,2%), რომელთა ერთობლივი წილი რეგიონულ მშპ-ში თითმის 2/3-ს შეადგენს.
მსოფლიოში ყველზე ძვირი ქვეყანა ისლანდიაა (154% აშშ-ს ფასების დონიდან), შემდეგ მოდის დანია (142%), შვეიცარია (140%), ნორვეგია (137%), ირლანდია (127%). აშშ, ამ მხრივ, 20-ე ადგილზეა მსოფლიოში ე.ი. მას შედარებით ფასების დაბალი ინდექსი აქვს, ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმრავლესაობას, მათ შორის საფრანგეთს (115), გერმანიას (111), გაერთიანებულ სამეფოს (118).
მშპ მოსახელობის ერთ სულზე ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია და შეადგენს 70 ათას დოლარს, ყატარში – 68,7, ნორვეგიაში – 47,5, ქუვეითში – 45 ათას დოლარს, ამასთან, მათი წილი მსოფლიო გამოშვებაში 1%-ზე ნაკლებია. აშშ-ში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 41,6 ათასი დოლარია, რუსეთში – 11,8 ათასი დოლარი (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი СНГ-ში) და 51-ე ადგილზეა მსოფლიოში [5]. საქართველოში ეს მაჩვენებელი (2011 წლის მონაცემებით) მხოლოდ 3200 დოლარია (5417 ლარი) და საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 35%-ს აღწევს.
საქართველოს წილი მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტში 0,03%-ია (მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 0,2%-ზე ნაკლები (0,172%). ამ მაჩვენებლით პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან (გარდა რუსეთისა) საქართველოს უსწრებს ყაზახეთი (0,26%), შემდეგ მოდის ბელარუსი (0,18%), აზერბაიჯანი (0,12%), უზბეკეთი (0,11%), თურქმენეთი (0,05%), ლატვია (0,4%), ესტონეთი (0,033%) [5].
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები აღნიშნულ ინდიკატორზეც აისახა: 2005 წელთან შედარებით, 2010 წელს აშშ-ის წილი მსოფლიო მშპ-ში დაეცა 23%-დან 19,8%-მდე, ჩინეთის – 13,61%-დან 10%-მდე, იაპონიის – 7%-დან 5,8%-მდე, გერმანიის – 5%-დან 3,95%-მდე, საფრანგეთის – 3,4%-დან 2,9%-მდე, გართიანებული სამეფოს – 3,45%-დან 2,9%-მდე და ა.შ. [5].
2003 წელს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარების დონით პირველ ადგილზე იყო საქართველო: მოსახლეობის ერთ სულზე მშპ შეადგენდა სამხრეთ კავკასიის საშუალო მაჩვენებლის 104,3%-ს (919 დოლარს), მაშინ როდესაც სომხეთის ანალოგიური მაჩვენებელი იყო 99,2% (864 დოლარი), ხოლო Aაზერბაიჯანის – 98% (864 დოლარი). იგივე მაჩვენებელი სომხეთში შეადგენდა საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 95,1%-ს, აზერბაიჯანში – 94,0%-ს. 2011 წლისათვის ეს თანაფარდობა მკვეთრად შეიცვალა: სამხრეთ კავკასიის მასშტაბით სომხეთში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა 55,8%-ს (304 დოლარი), აზერბაიჯანში – 137,4%-ს (7510 დოლარი), ხოლო საქართველოში – 56,8%-ს (3200 დოლარი). საქართველოსთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი სომხეთში 98%-ია, ხოლო აზერბაიჯანში – 242,4%. ამრიგად, 2003-2011 წლებში სომხეთმა დაძლია არსებითი ჩამორჩენა საქართველოსთან შედარებით, ხოლო აზერბაიჯანმა არა მარტო დაძლია, არამედ მნიშვნელოვნად გაუსწრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონით. 2011 წელს, 2003 წელთან შედარებით, მშპ აზერბაიჯანში გაიზარდა 198%-ით, სომხეთში – 59, ხოლო საქართველოში – 58%-ით. მთლიანად სამხრეთ კავკასიის მშპ 2011 წელს, 2003 წელთან შედარებით, გაიზარდა 162%-ით, აქედან, ეკონომიკური ზრდის 78% აზერბაიჯანზე მოდის, საქართველოზე – მხოლოდ 12%, ხოლო სომხეთზე – 10%. ამრიგად, ამ პერიოდში საქართველოს მშპ-ის წილი სამხრეთ კავკასიაში თითქმის განახევრდა, ხოლო აზერბაიჯანის წილი თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა. ამჟამად აზერბაიჯანის მშპ თითქმის 3-ჯერ აღემატება საქართველოსა და სომხეთის ჯამურ მაჩვენებელს, მაშინ როდესაც 2003 წელს მხოლოდ უმნიშვნელოდ (7,0%-მდე) აღემატებოდა.
მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგომარეობა შედარებით უკეთესად გამოიყურება: მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში იწარმოება მშპ-ის საშუალო მსოფლიო დონის 52%, სომხეთში – 51%, ხოლო აზერბაიჯანში – 130% [6, 12-14].
ასეთია თანამედროვე პირობებში მსოფლიო ეკონომიკის ზოგადი სურათი და საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.
საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების მკაცრად დაცვა, რაც საფუძველს შექმნის რეალური დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისთვის. ამ მხრივ, დღეს ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა. “კეთილდღეობა კონკურენციის გზით” – ეს თეზა საკმაოდ აპრობირებულია ცივილიზებულ სამყაროში. ამასთან, ცნობილია, რომ კონკურენციის დაცვა ორგანულ კავშირშია ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ტრანზიტულ ქვეყნებში საუკე-თესო გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული. იგი მიზნის მიღწევის საშუალებაა, საკმაოდ ფეხმო-კიდებულია როგორც აშშ-ში (150-წლიანი ისტორია აქვს), ისე, ევროპასა და წარმატებულ აზიურ ქვეყნებშიც.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საქართველოში 2006 წელს გაუქმდა, იგი შეიცვალა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონით. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბიზნესი არ არის თავისუფალი ხელისუფლების ზეწოლისაგან. მათ შორის კავშირი არ არის აგებული ცივილიზებულ ურთიერთობებზე, პირიქით, ბიზნესი პოლიტიკის წნეხის ქვეშაა. მაკონტროლებელი ორგანოები პოლიტიზირებულია, მესაკუთრეთა უფლებები შელახულია, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს შრომის კოდექსი, დაუცველია შრომის უფლებები, არ არსებობს თავისუფალი მედია, დიდია უდანაშაულო და პოლიტპატიმართა რიცხოვნობა, სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია მაშინ, როდესაც საქართველოში არ არის განვითარებული ინტელექტუალური, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი არ არის ისეთი დონის როგორც საჭიროა, – არ არსებობს ადმინისტრირების ჰუმანიზაცია. ოლიგოპოლიური ბაზარი განაპირობებს კონკურენციის ჰორიზონტალურ შეზღუდვას. საქართველოდან მიგრირებულია 1,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი. აქედან, ყოველი მეორე უკან აღარ ბრუნდება, თუმცა, საზღვარგარეთიდან (რუსეთი, საბერძნეთი, იტალია…) მათი ფულადი გზავნილები დიდ როლს ასრულებს მიგრანტთა ოჯახების ფიზიკურ გადარჩენასა და კვლავწარმოებაში.
საბანკო სისტემა ვერ მოერგო ქვეყნის ეკონომიკას, იგი არ არის გამჭვირვალე და კონკუ-რენტუნარიანი. კრედიტი ხელმიუწვდომელია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. სამაგიეროდ, საბანკო სექტორი ხელს უწობს ე.წ. ფინანსური პირამიდების წარმოქმნას, ამასთან, აქტიურად მუშაობს უცხოური ქვეყნების ეკონომიკის დაკრედიტებაზე. ფინანსური პირამიდები განსაკუთრებით ჩამოყალიბდა სამშენებლო ბიზნესში, სადაც ძველი ვალდებულებების შესრულებისთვის ახალ ვალდებულებებს იღებენ, ახალს კი ვერ ასრულებენ.
საქართველო ერთ-ერთი წარუმატებელი ქვეყანაა, სადაც სპრედი მაღალია. საკრედიტო განაკვეთი 15, 20 ან 24%-ია. ამას მნიშვნელოვანწილად მაღალი რისკები და არასწორი მენეჯმენტი განაპირობებს, რასაც ყურადღებას არ აქცევს ეროვნული ბანკი. აქედან გამომდინარე, საბანკო სისტემა ვერ ახდენს სისხლის მიწოდებით ეკონომიკური ორგანიზმის კვებას.
მიზანთა კონფლიქტი არსებობს დახმარების გამწევ და დახმარების მიმღებ ქვეყნებს შორის. სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევა საქართველოს ახალი მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებას აიძულებს.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რეალური ეკონომიკის, განსაკუთრებით ქვეყნის ტრადიციული დარგების (სოფლის მეურნეობა, ტყის მეურნეობა, მეთევზეობა, მრეწველობა) ადგილი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებმა დაიკავა. შესაბამისად დაეცა ამ დარგების მწარმოებლურობა, მომრავლდა ფინანსისტი სპეკულანტები, რომლებიც შემოსავალს ვალუტების კურსებს შორის სხვაობით იღებენ. ასეთ სიტუაციაში ქვეყანაში ვერც რეალური სექტორი ვითარდება და ვერც ფინანსური ბაზარი.
თუ 2003 წელს მცირე ბიზნესის წილი საქართველოს სამეწარმეო სექტორის მთლიან გამოშვებაში 9,4%-ს შეადგენდა, 2009 წელს 6,6% შეადგინა, რითაც ქვეყანა 6-ჯერ ჩამორჩა შესაბამის ევროპულ მაჩვენებელს (40%). საშუალო ბიზნესის წილი აღნიშნულ წლებში, შესაბამისად, შეადგენდა 11,2 და 9,2%-ს. შედარებისთვის ევროკავშირში არის 18%. სამაგიეროდ, მსხვილი ბიზნესის წილი 2003-2009 წლებში 79,4%-დან 84,3%-მდე გაიზარდა და ამ ინდიკატორით საქართველო 2-ჯერ აღემატება ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებელს (42%) [7].
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში, ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზრზე სურსათის ფასები სწრაფად იზრდება. 2011 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების საერთო დონე 24%-ით აღემატება 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელს [7], ხოლო 2012 წელს, ექსპერტული შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასი მსოფლიო ბაზარზე მინიმუმ 2-3%-ით გაიზრდება [8, 6].
საქართველოში აგრობიზნესის განვითარების მიმართ სტიმული არ არსებობს, ქვეყნის შრომის ბაზარზე ყველაზე დაბალი ხელფასი სოფლის მეურნეობაშია – 353 ლარი (საშუალო თვიური ხელფასი), ხოლო ყველაზე მაღალი – ფინანსურ სექტორში (1367 ლარი).
საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების 90%-ზე მეტი საკუთარი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი (და იგი მოსახლეობის არსებობის, თვითგადარჩენის მნიშვნელოვანი წყაროა). სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ში-ნამეურნეობების მთლიან შემოსავლებში მხოლოდ 7%-ს შეადგენს [9].
საქართველოში მოცდენილი, დაუმუშავებელია მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა გზების მოუწესრიგებლობისა და საერთოდ, განუვითარებელი ინფრასტრუქტურის გამო. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ნოვაციების დანერგვა არარენტაბელურია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მიხედვით ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. დღეს სამინისტროების სამივლინებო ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი სახსრები.
ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 7%-ს ოდნავ აჭარბებს [9]. ყოველწლიურად იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტს. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა აგრობიზნესი, მინიმუმამდეა დაყვანილი ამ დარგის განვითრების სახელმწიფო რეგულაცია. ამას ადასტურებს თუნდაც ისიც, რომ არ ხდება დარგის შესაბამისი პროფილის კვალიფიციური კადრების მომზადება. საგრძნობლადაა შემცირებული სამეცნიერო კვლევები, შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები, დაბალია მათი ტექნოლოგიური აღჭურვილობის დონე.
ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სურსათის ეროვნული ბაზრის ფორმირებასა და კონიუნქტურის განსაზღვრას.
რამდენად გამართლებულია მიწის ფართობების უცხოელებზე მასობრივი პრივატიზაცია? ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად გაუმჭირვალეა. რა პირობით იყიდება მიწები ძირითადად ჩინელებზე, ინდოელებზე, ბულგარელებზე, ბურებზე, არაბებზე…? სახნავ-სათესი მიწების გასხვისება ხომ პერსპექტივაში კიდევ უფრო გაამწვავებს საქართველოში სასურსათო პრობლემას. ამასთან, უცხოელები თავიანთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ სამუშაო ძალას ასაქმებენ. მოკლედ, მიწების საპრივატიოზაციო პოლიტიკა მხოლოდ უცხოელებზეა მორგებული. ჩვენი აზრით, მიწების მასობრივი პრივატიზაცია უცხოელებზე უნდა აიკრძალოს, ნაწილობრივ, დასაშვებია არენდით გადაცემა.
ყოველივე ეს მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში არ არის სისტემური მიდგომა?
ასეთ სიტუაციაში საქართველოში კონკურენციის წესრიგის არსებობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. არადა, კონკურენციის საკითხს ქვეყანაში რამდენიმე ნორმატიული აქტი არეგულირებს. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას… მომხ-მარებელთა უფლებები დაცულია კანონით”.
საქართველოს საგარეო ვალმა 11 მლრდ 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. აქედან, 45% სახელმწიფოს წილად მოდის, დანარჩენი – კერძო სექტორის ვალია, თუმცა, 15% ლუფტი (45%-დან 60%-მდე დასაშვები ზღვარი) გვაქვს.
რამდენად რეალურია, რომ “პარიზის კლუბი” ჩამოგვაწერს ვალს? ასეთ გართულებულ სიტუაციაში (აქეთ საბერძნეთი, იქით ევროს ციებ-ცხელება), საეჭვოა. ევროლიდერები ვერ ახერხებენ ბევრ საკითხში შეთანხმებას, ამასთან, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ევროზონაში იზრდება (2012 წლის იანვარში 2,7%-ით გაიზარდა) და ა.შ.
საქართველოში უკიდურესად გამწვავებული სოციალური პრობლემის პირობებში არ არსებობს სოციალური წესრიგი. საბაზრო ეკონომიკისთვის იმანენტურია სოციალური ფუნქცია, რომელშიც, როგორც სარკეში, აისახება ქვეყნის კონკურენციის განვითარების დონე და ინსტიტუციური წესრიგი (უპირველეს ყოვლისა, წესრიგი საკუთრებით ურთიერთობებში).
საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშორებულია მოქალაქეობრივ აქტიურობას, უმუშევრობის პრობლემა კი იმდენად მწვავე და ღრმაა, რომ ფაქტობრივი მონაცემებით უკვე არ მოითხოვს დეტალურ განხილვას. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი მე-6 ადამიანი (მსოფლიოში – მე-16) უმუშევარია. დაქირავებით დასაქმებულთა წილი (შრომითი მიგრანტების გათვალისწინებით) მხოლოდ 21%-ია [10].
უმუშევრობა კრიმინალური სფეროს რეზერვიცაა. ამიტომ აუცილებელია უმუშევართა შემწეობის კანონის მიღება. იგი, როგორც წესი, გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც გარკვეულწილად აიძულებს ხელისუფლებას აქტიურად იზრუნოს უმუშევრობის შემცირებაზე. აუცილებელია აგრეთვე, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების გადამზადების საკითხის მოწესრიგება. ამ შემთხვევაში, სუბიექტი არ მიიღებს შემწეობას, მაგრამ მიიღებს სტიპენდიას, რომელიც, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. ამიტომ გადამზადების პროგრამაც სახელმწიფო რეგულაციას ექვემდებარება.
კანონი უნდა იყოს დაცვის და არა გამოძალვის საშუალება. არ ხორციელდება გუნდური პრინციპით ეკონომიკის მართვა. არ არის გათვალისწინებული მსოფლიოში აპრობირებული დასავლური გამოცდილება. პიარის ტიპის ეფექტის მომტანი ღონისძიებების გატარება (მაგ., ვაუჩერიზაცია, მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს და ანტიინფლაციური პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედებაა მთავრობის მხრიდან) [11] მხოლოდ ანაგვიანებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. თუმცა, შეიძლება ითქვას, სისტემური სახით იგი არც არსებობს საქართველოში და მას მხოლოდ “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის”, როგორც ინსტიტუციური ერთეულის, არსებობა და ფრაგმენტული ღონისძიებები არ შველის.
სახტადაა დარჩენილი საქართველო – ეს დიდი კულტურისა და ლამაზი ტრადიციების მქონე ქვეყანა [12]. XIX საუკუნის გადმონაშთი – ექსტრემისტული, ველური კაპიტალიზმი XXI საუკუნეში ანგრევს მის ეკონომიკას.
დღეს, ინტელექტუალური ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ფუნდამენტური მეცნიერებები უკანა პლანზე გადადის და წინა პლანზე საბუნებისმეტყველო-ტექნიკური მეცნიერებები გადმოდის, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს განათლების სისტემის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. 22 წლის წინანდელი რიტორიკით შორს ვერ წავალთ. მოუფიქრებელმა თავსმოხვეულმა განათლების რეფორმამ გაცილებით მეტი პრობლემა წარმოქმნა, ვიდრე გადაჭრა.
საქართველოში ხარისხთან ერთად, მწვავედ დგას განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. განათლების სისტემა არ უნდა ემსახურებოდეს “ტვინების ჩარეცხვას” ან “ქვეყნიდან ტვინების გადინებას”. ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ქვეყანაში და იგი, შეიძლება ითქვას, კულტურული ექსპანსიის ნაწილიცაა.
განათლებისკენ სწრაფვა, ეროვნული კულტურის შენარჩუნება, მიმდინარე და სტრატეგიული ინტერესების სწორად განსაზღვრა, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაცვა, სოლიდარობა, ადამიანისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების მინიჭება, ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა – ეს ის ფასეულობებია, რომლებზეც დღეს დგას ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნები. ამ გზით უნდა განვითარდეს საქართველოც. გლობალურ სივრცეში იგი ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის ევროპული იდეაა. დღეს ევროკავშირის ბაზარი ყველაზე ორგანიზებულია მსოფლიოში. ევროკავშირი ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ნაკრებია, რომლისთვისაც მაღალი სოციალურ-ეკონომიკური მწარმოებლურობაა დამახასიათებელი, ამიტომ ეკონომიკური განვითარების ვექტორი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ამის პერსპექტივა, ამიტომ შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ფსევდოდემოკრატია უნდა შეიცვალოს რეალური დემოკრატიით, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩო-პირობების შესრულებას ენიჭება.