ფულის თეორიების როლი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფორმირებაში

როზეტა ასათიანი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი

ფულის პრობლემატიკას, განსხვავებული ინტერპრეტაციით, მაკროეკონომიკასთან მჭიდრო კავშირში, განიხილავენ ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები კ. ჰიკსი, კ. ტობინი, პ. სამუელსონი, ფ. მოდილიანი და სხვები, თუმცა, ფულის შესახებ განსხვავებული კონცეფციები, ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში იღებს სათავეს. მსოფლიო ეკონომიკურ ისტორიაში ძირითადად ცნობილია ფულის მეტალისტური, ნომინალისტური, რაოდენობრივი, კეინზიანური და მონეტარული თეორიები.

მეტალისტური თეორია (სტაფორდი, მენი, ნორსი, კნისი, ლასბურგი, ლექსისი და ა.შ.) ფულს აიგივებს კეთილშობილ ლითონებთან და მათ მიაწერს ფულის თვისებებს.
მეტალისტური თეორიის მოდიფიცირებულმა ფორმამ, ნეომეტალიზმის სახით, XX საუკუნის 50-60-იან წლებში იჩინა თავი, როდესაც რიგი ეკონომისტებისა, როგორიც იყვნენ ჯ. რუეფი (საფრანგეთი), მ. ჰეილპერინი (აშშ) და სხვები გამოვიდნენ ოქროს სტანდარტის აღდგენის იდეით. ისინი, ძველი მეტალისტური თეორიისგან განსხვავებით, აღიარებდნენ ქაღალდის ფულისა და დაუხურდავებელი ბანკნოტების გამოყენების აუცილებლობას, მაგრამ მოითხოვდნენ ბანკნოტების ოქროზე თავისუფალ გადახურდავებას. 1970 წელს რუეფი ისევ გამოვიდა მოწოდებით მსოფლიო მასშტაბით ოქროს სტანდარტის, როგორც მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, აყვავების ძვირადღირებული იარაღის, აღდგენის შესახებ.
ნომინალისტური თეორია, რომლის ფუძემდებელი არიან ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ბერკლი და შოტლანდიელი ეკონომისტი ჯ. სტიუარტი, ფულს წმინდა საანგარიშო ერთეულად მიიჩნევს და მის ფუნქციებს მხოლოდ ქაღალდის ფულის ფუნქციებით ფარგლავს. გერმანელი ეკონომისტი გ. კნაპი თავის ნაშრომში _ ”ფულის სახელმწიფო თეორია” (1905) ავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ ქაღალდის ფულს არავითარი კავშირი არა აქვს ოქროსთან და იგი ფულის უმაღლესი ფორმაა. კნაპის იდეები შემდეგ განავითარეს ჯ. კეინზმა, პ. სამუელსონმა, ტ. კრამპმა, ჯ. ჰოუტრიმ და სხვებმა.
ფულის რაოდენობრივი თეორია XVIII საუკუნეში წამოაყენეს ფრანგმა შ. მონტესკიემ და ინგლისელმა დ. იუმმა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში – დ. რიკარდომ. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომლის მიხედვით საქონლის ფასები და ფულის ღირებულება განისაზღვრება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობით. ამასთან, საქონლის ფასები პირდაპირპროპორციულ, ხოლო ფულის ღირებულება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ფულის რაოდენობასთან. დ. იუმის მტკიცებით, მიმოქცევაში ფულის რაოდენობის დაუსაბუთებელი მატება არ ნიშნავს ქვეყნის სიმდიდრის ზრდას, იგი ხელს უწყობს მხოლოდ საქონლის ფასების ზრდას.
ფულის რაოდენობრივი თეორიის შემდგომი განვითარება ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ირვინგ ფიშერის სახელთანაა დაკავშირებული. თავის ცნობილ ნაშრომში ”ფულის მსყიდველობითი უნარი” (1911) იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები – მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული. ეკონომეტრიკული აპარატის გამოყენებით შექმნილი ფიშერის გაცვლის ფორმულა ასახავს ტოლობას საქონლის შესაძენად გადახდილი ფულის რაოდენობასა და გაყიდული საქონლის ფასების ჯამს შორის. ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია აგრეთვე ფიშერის განტოლება, რომლის მიხედვით სარგებლის ნომინალური განაკვეთი სარგებლის რეალური განაკვეთისა და ინფლაციის ტემპის ჯამის გამომხატველია. ფიშერის მტკიცებით, ინფლაციის ტემპის 1%-ით გაზრდა იწვევს სარგებლის ნომინალური განაკვეთის გადიდებას 1%-ით. ინფლაციის ტემპსა და სარგებლის ნომინალურ განაკვეთს შორის ეს თანაფარდობა ფიშერის ეფექტის სახელწოდებითაა ცნობილი.
ამრიგად, ფულის რაოდენობრივი თეორია ფულსა და საქონელს შორის კავშირს მიმოქცევის სფეროს პოზიციებიდან განიხილავს და მთლიანად უარყოფს წარმოების სფეროში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც ძირითადად შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული პირობებით განსაზღვრავს. ამ თეორიის მომხრეა აგრეთვე კემბრიჯის სკოლის წარმომადგენელი ა. პიგუ.
ფულის ერთ-ერთი თეორია ჯონ მეინარდ კეინზის სახელთანაა დაკავშირებული და ფულის კეინზიანური თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი.
კეინზის პირველი ნაშრომები ფულის პრობლემებს ეძღვნება. 1913 წელს (ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ) მან გამოაქვეყნა წიგნი ”თანამედროვე ინდოეთი და ფინანსები”, 1923 წელს – ”ფულადი რეფორმა” და ”მოსაზრებები ფრანკის შესახებ”. 1930 წელს კეინზმა გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი ”ტრაქტატი ფულის შესახებ”, ხოლო 1936 წელს მსოფლიოში გახმაურებული წიგნი – ”დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია”.
კეინზის მოძღვრება ფულის შესახებ ფულის რაოდენობრივი თეორიის მოდიფიცირებული ვარიანტია, რომლის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა, განსხვავებული ფასებით, იყოფა ორ ნაკადად: სამომხმარებლო დოვლათისა და საინვესტიციო დოვლათის მოძრაობის მომსახურე ნაკადებად, რომელთა ფასების დონე ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული. კეინზის აზრით, სანამ არსებობს უმუშევრობა, დასაქმება იცვლება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ფულის რაოდენობა, ხოლო თუ სრულია დასაქმება, მაშინ ფასები იცვლება იმ პროპორციით, როგორითაც ფულის რაოდენობა.
კეინზი ფულს განიხილავს როგორც ლიკვიდურ ქონებას. იგი სარგებლის ნორმას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და მას ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად აღიარებდა.
ფულად-საკრედიტო რეგულირების თეორიაში კეინზი უმუშევრობის მიზეზებს ფულად-საკრედიტო ფაქტორებს უკავშირებს. მისი აზრით, არასრული დასაქმების მიზეზი არასაკმაო ეფექტიანი მოთხოვნაა, რაც ძირითადად განპირობებულია ინვესტიციების უკმარისობით. ამის მიზეზად კი კეინზი სარგებლის მაღალ ნორმას ასახელებს და მისი შემცირების აუცილებლობას ასაბუთებს. კეინზი ფულად-საკრედიტო სისტემას ქვეყნის კრიზისისგან დაცვისა და მაკროეკონომიკური რეგულირების მნიშვნელოვან ბერკეტად მიიჩნევს, თუმცა, წინა პლანზე საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირებას აყენებს.
ჯ. მ. კეინზის თეორიის ანტიპოდია მონეტარიზმი, რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში აშშ-ში. იგი იკვლევს ფულის მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მის გავლენას ეკონომიკაზე. მონეტარული სკოლის წარმომადგენლებმა დიდი წვლილი შეიტანეს კეინზიანური თეორიის დისკრედიტაციაში. თანამედროვე მონეტარული თეორია ეფუძნება ”ჩიკაგოს სკოლის” დამაარსებლის მილთონ ფრიდმენის (1912-2006) გამოკვლევებს. კეინზისგან განსხვავებით, იგი იცავს დებულებას ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების შესახებ, ხოლო ეკონომიკის არასტაბილურობას არამყარი ფულადი სისტემით ხსნის, აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგია. მონეტარისტებისთვის ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, ბაზარია, ბაზარი კი თვითრეგულირებადი სისტემა, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია უპირატესად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით. მონეტარიზმი (როგორც თვით დასახელებიდან ჩანს) ეკონომიკაში მთავარ როლს ფულს ანიჭებს, ხოლო მაკროეკონომიკური წონასწორობის მთავარ პირობად მიმოქცევაში ფულადი მასის მყარ ზრდას მიიჩნევს, წლიური 3-5%-ის ფარგლებში. მ. ფრიდმენმა, ი. ფიშერის თეორიაზე დაყრდნობით, სიახლე შეიტანა ფულის რაოდენობრივ თეორიაში. მან ნაშრომებში – ”ფულის რაოდენობრივი თეორია. ახალი ფორმულირება”, ”ფულის მიმოქცევის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1867-1960 წლებში” (ა. შვარცთან ერთად) დაასაბუთა ფულის ახალი როლი თანამედროვე ეკონომიკაში და ფულად-საკრედიტო რეგულირების პრიორიტეტი ეკონომიკის სტაბილიზაციაში. ნაშრომში – ”ფულადი ანალიზის თეორიული ჩარჩოები” (1971) ფრიდმენი შეეცადა მოეძებნა კავშირი ფულადი მასის დინამიკასა და ეკონომიკის მერყეობას შორის. იგი უდიდეს როლს ანიჭებდა ფულად მასას ფასების დონის განსაზღვრაში. ფრიდმენის აზრით, ფულადი ფაქტორი გადამწყვეტ გავლენას ახდენს ეკონომიკის ციკლურ ხასიათზე, ამასთან, ფულის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს წარმოებისა და დასაქმების რეალურ მოცულობაში მოკლევადიანი ცვლილებები, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ფულის მიწოდების ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე. მონეტარული თეორიის თანახმად, ფულის მიწოდების სტაბილური გადიდება მთელ ეკონომიკას დააყენებს აღმავლობის რელსებზე, ეკონომიკურ სისტემას კი საშუალებას მისცემს გამოავლინოს თავისი ბუნებრივი დინამიზმი. თუ ეკონომიკა დაღმა წავა, შენიშნავს ფრიდმენი, მაშინ ფულის მიწოდების მუდმივი მატება მოხმარდება საბანკო რეზერვების გადიდებას, ხელს შეუწყობს იმას, რომ ბანკებმა გასცენ სესხები და, ამდენად, ეკონომიკა გამოიყვანონ კრიზისიდან. თუ ქვეყანაში წარმოიქმნება ინფლაციის მოულოდნელი პიკი, მაშინ ფულის მიწოდების მატების უცვლელი კოეფიციენტი თავისებური ლაგამი იქნება ინფლაციის შესაჩერებლად. მ. ფრიდმენის ამ დებულების და, საერთოდ, მიწოდების თეორიის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ რ. ჰაილბრონერი და ლ. თაროუ. მათი აზრით, ფრიდმენის ეს ვარაუდი ფატალურია.
ფულის ესა თუ ის თეორია სხვადასხვა ეპოქასა და დროში აისახა სახელმწიფოების მიერ დადგენილ ქვეყნის ფულად სისტემასა და შესაბამისად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში. მაგალითად, მეტალისტურმა თეორიამ პრაქტიკული ასახვა პოვა ღირებულების ფორმების განვითარების უმაღლეს საფეხურზე, როდესაც აღმოცენდა მისი ფულადი ფორმა _ ერთიანი საყოველთაო ეკვივალენტი და ეს როლი კეთილშობილმა ლითონებმა _ ვერცხლმა და ოქრომ დაისაკუთრა. ეს იყო ბიმეტალიზმის ეპოქა. იგი გავრცელდა XVI-XVIII საუკუნეებში და არსებობდა XIX საუკუნეშიც კი. ამ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა თანდათან დაიწყეს ოქროს ვალუტაზე გადასვლა, რის გამოც ბიმეტალური ფულადი სისტემა მონომეტალურით შეიცვალა. მაგალითად, აშშ-ში ეს მოხდა 1832 წელს, იაპონიაში _ 1897 წელს, გერმანიაში _ 1875 წელს, რუსეთში _ 1898 წელს, საფრანგეთში _ 1878 წელს, ავსტრია-უნგრეთში _ 1892 წელს, ბელგიასა და შვეიცარიაში ეს პროცესი განხორციელდა ფაქტობრივად XX საუკუნის დასაწყისში. რაც შეეხება ინგლისს, იქ ეს მოხდა შედარებით ადრე, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს.
ნეომეტალისტური თეორია უკავშირდება მსოფლიო სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელმაც თავის განვითარებაში ოთხი ეტაპი განვლო. I ეტაპზე, რომელიც იწყება XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან და გრძელდება პირველ მსოფლიო ომამდე, არსებობდა ოქრომონეტური სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა არა მხოლოდ ოქროს მონეტების მოჭრას, არამედ მათზე ღირებულების ნიშნების თავისუფალ გადახურდავებასაც. ოქროს სტანდარტის მეორე ფორმის – ოქროზოდური სტანდარტისთვისაც, რომელიც მოქმედებდა I მსოფლიო ომიდან 30-იან წლებამდე (მსოფლიო სავალუტო სისტემის II ეტაპი), დამახასიათებელი იყო ღირებულების ნიშნების გადახურდავება ოქროს ზოდებზე. ზოგიერთ ქვეყანაში (მეტწილად კოლონიურ ქვეყნებში), ოქროს ფონდის სიმცირის გამო, შემოიღეს ოქროდევიზური სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებდა ბანკნოტების უცხოურ ვალუტაზე გადახურდავებას.
ოქროდევიზური სტანდარტი იურიდიულად გაფორმდა 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. ”დიდი დეპრესიის” წლებმა დიდი დარტყმა მიაყენა ოქროს სტანდარტს და საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის არსებობას.
მსოფლიო სავალუტო სისტემის III ეტაპზე ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებამ განაპირობა ოქროსავალუტო სტანდარტის შექმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ქვეყნის სავალუტო კავშირების სახელმწიფოთაშორის რეგულირებას. სავალუტო რეზერვს ოქროსთან ერთად წამყვანი ვალუტებიც შეადგენდა. მსოფლიო სავალუტო მექანიზმის განმსაზღვრელი ძირითადად ამერიკული დოლარი გახდა.
ნომინალისტური თეორიის ძირითადი პოსტულატების პრაქტიკული რეალიზაცია უკავშირდება მსოფლიო სავალუტო სისტემის განვითარებაში IV ეტაპის დაწყებას, როდესაც სსფ-ის გადაწყვეტილებით (1976) ოქროს პარიტეტი 1978 წელს გაუქმდა. იამაიკის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებით მოხდა ოქროს საბოლოო დემონეტიზაცია და იგი გამოვიდა საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროდან. ოქროსავალუტო სტანდარტი დოლარის სტანდარტით (SDR) შეიცვალა. მთავარი ვალუტის სტატუსი ამერიკულ დოლარს მიენიჭა. ეს ძირითადად განაპირობა აშშ-ის უდიდესმა ეკონომიკურმა პოტენციალმა და მსოფლიოში მისმა ყველაზე დიდმა ოქროს მარაგმა.*
ფულის რაოდენობრივ თეორიას ნეოკლასიკური თეორიის საფუძვლად მიიჩნევენ, იმ თეორიისა, რომელსაც ნეოკეინზიანური თეორიის შემდეგ წამყვანი როლი ეჭირა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.
ფულის კეინზიანურმა თეორიამ ეკონომიკური ზრდის კეინზიანურ მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და სათანადოდ აისახა ”კეინზიანურ რევოლუციაში”.
ფულის მონეტარულმა თეორიამ, უკანასკნელ პერიოდში, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე გადამწყვეტი როლი შეასრულა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. მაკროეკონომიკურ რეგულირებაში მონეტარულ თეორიაზე დაფუძნებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ”პირველი ვიოლინოს” ფუნქციები ჰქონდა დაკისრებული. ”ოქროს წლებად” მონათლულ ამ პერიოდში აღზევებული მონეტარიზმი ეკონომიკურ თეორიაში ”აზრთა კონვერგენციის” უმაღლესი გამოხატულების ნიმუშს წარმოადგენდა და იგი ქვეყნის მაკროეკონომიკური რეგულირების წარმატებულ მოდელა აღიქმებოდა [1, გვ. 80]. თუმცა 2008 წელს დაწყებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვა მოითხოვა და კეინზის ”რეაბილიტაციის” კონტურები გამოსახა.
ფრიდმენის მონეტარული თეორიის ნაკლოვანებებმა თავი იჩინა მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში. გლობალური ფინანსური კრიზისის წარმოშობის მთავარი მიზეზი მაკროეკონომიკური რეგულირების მკვეთრ შეზღუდვასა და საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირების უკანა პლანზე გადაწევასთან ერად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში საკრედიტო რეგულირების შესუსტებაში, თვითდინებაზე მიშვებასა და წინა პლანზე ფულის ფენომენის წამოწევაში მდგომარეობს. ფინანსურმა ეკონომიკამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, მოწყდა რეალურ ეკონომიკას, გზა გაუხსნა ვერტიკალურ ეკონომიკას და მსოფლიოს ფინანსური კრიზისისკენ უბიძგა.
ფინანსური ეკონომიკა მხოლოდ საშუალებაა საბოლოო მიზნის მიღწევისათვის. საბოლოო მიზანი კი არა სპეკულაციური გარიგებები და ამ გზით ფულის კეთებაა, არამედ მატერიალური და არამატერიალური დოვლათისა და ფასეულობების წარმოებაა. სამწუხაროდ, ეს აქსიომატური ჭეშმარიტება არ იქნა გათვალისწინებული. ფულის კეთების ხელოვნებამ, რომელსაც არისტოტელემ ქრემატისტიკა უწოდა, დაფარა მეურნეობის მართვის ხელოვნება (ეკონომიკა), შედეგად კი მივიღეთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამაში ფრიდმენის მონეტარული თეორიის უპირობო გამოყენებამ უდიდესი როლი შეასრულა.
ნეოორთოდოქსალურ თეორიაზე მორგებული თანამედროვე მონეტარიზმის მოდელი საფუძვლად დაედო ”დანარჩენი სამყაროს” ქვეყნების უმეტესობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ამიტომ ეკონომიკური კრიზისი მეტ-ნაკლები ზომით აისახა ნებისმიერ ქვეყანაში, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებასა და ერთობლივი მოთხოვნის დაცემაში გამოიხატა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით, მთლიანი მსოფლიო პროდუქტი _ 3,02%-დან 0,60%-მდე დაეცა [2].
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, შეიძლება ითქვას, გამოიწვია მონეტარიზმის ”ინტელექტუალური კოლაფსი” და თვით აშშ-შიც კი კითხვის ქვეშ დააყენა ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. დღის წესრიგში ეკონომიკური თეორიის ”მეინსტრიმის” (ძირითადი მიმართულების) შეცვლის საკითხი დადგა.
მილთონ ფრიდმენმა შეცვალა ჯონ მეინარდ კეინზის ფილოსოფია, ამ უკანასკნელმა კი ადამ სმითის ფილოსოფია. დღეს მსოფლიო, ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, მილთონ ფრიდმენის ფილოსოფიის შეცვლის პროცესშია, რომლის კონტურები უკვე 2008 წლიდან გამოიკვეთა და ამ ცვლილების გარეშე გართულდება მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევა.
ეკონომიკურ მეცნიერებაში ამ ბოლო დროს გაბატონებულმა შეხედულებამ იმის შესახებ, რომ კეინზიანური ერა დასრულდა, გადასინჯვა მოითხოვა. კეინზიანური თეორიის დედაარსმა (ანუ იმან, რომ ეკონომიკური განვითარების ათვლის წერტილი ერთობლივი მოთხოვნის გაზრდით იწყება, რასაც ბაზრის ტევადობის, წარმოების გაფართოებისა და უმუშევრობის შემცირება მოჰყვება, ყოველივე ეს კი, წარმოქმნის მულტიპლიკაციურ ეფექტს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში აისახება) ისევ მიიპყრო ყურადღება. თანამედროვე გლობალურმა კრიზისმა აიძულა ცივილიზებული სამყარო კეინზიანური მოდელისკენ შემობრუნებულიყო. ამიტომ სავსებით ლოგიკურად, წინა პლანზე ისევ კეინზიანური თეორიის პოსტულატებმა _ ეკონომიკაში სახელმწიფოს, როგორც საბაზრო სისტემაში ჩაშენებული სტაბილიზატორის, როლის გააქტიურებამ, (სახელმწიფო სოციალური ხარჯების გაზრდამ და გადასახადების შემცირებამ, კერძო სექტორის სუფსიდირებამ, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოებამ, საშუალო ფენის შენარჩუნების მიზნით მათი შემოსავლების გაზრდამ, სამომხმარებლო კრედიტის გააქტიურებამ, ანტიმონოპოლიური რეგულირების გაძლიერებამ, საზოგადოებრივი სექტორის განმტკიცებამ და ა.შ.) წამოიწია.
მსოფლიოში ტონის მიმცემი ლიდერი ქვეყნების ”საჭეთმპყრობელნი” დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების გარეშე გართულდებოდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა, რომელმაც სათავე ფრიდმენის სამშობლოში _ აშშ-ში აიღო და სწორედ ”საბაზრო ფუნდამენტალიზმის” ამ ციტადელიდან დაიწყო აქტიური ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება.
”კეინზიანური რევოლუციიდან” მოყოლებული, არ არსებობს დღეს განვითარებული ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესსა და კრიზისულ სიტუაციებში თავისი ეკონომიკური პოლიტიკისათვის საფუძვლად არ დაედო ჯონ მეინარდ კეინზის თეორია _ ეს ჰუმანური თეორია. მაგრამ ეს ”ფუფუნება” მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს ერგოთ წილად, რომელთა რიცხვი მსოფლიოში არც თუ ისე დიდია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის _ გაეროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვათა მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციების მიხედვით, ამ ქვეყნების რაოდენობა განსხვავებულია. მაგრამ არის 22 პოსტინდუსტრიული ქვეყანა, რომლებიც ნებისმიერ კლასიფიკაციაში შედის. მათ წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების თითქმის 2/3, საშუალო განვითარების _ ახალინდუსტრიულ ქვეყნების რიცხვი 10-ია, განვითარებადია 137 ქვეყანა, აქედან, ყველაზე ნაკლებად განვითარებული და ღარიბია 50 ქვეყანა, რომელთა წილად მოდის მსოფლიო მშპ-ის მხოლოდ 0,6%; ცალკე ჯგუფადაა გამოყოფილი 27 პოსტკომუნისტური ქვეყანა [3, გვ. 112-119].
ეკონომიკურ პოლიტიკას განვითარებად ქვეყნებში სპონტანური ხასიათი აქვს და კლასიკური ფორმით არც ერთი თეორია, მით უმეტეს, კეინზიანური მოდელი არ ყოფილა გათვალისწინებული მათ ეკონომიკურ პოლიტიკაში. ამ ქვეყნებმა როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენით, ვერ გამოიყენეს მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილება, ამიტომ ვერ შეძლეს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და დღესაც ”ულტრალიბერალური კაპიტალიზმის” მარწუხებში არიან. ”მესამე სამყაროს” ქვეყნებში იგნორირებულია მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის მოთხოვნები, სუსტია სამართლებრივი ინსტიტუტები, დაბალია ცხოვრების დონე, მაღალია ჯინის კოეფიციენტი, მიზერულია საშუალო ფენა, მიუღწევადია სამართლიანობა და სოციალური თანხმობა. ”გლობალური იმპერიის ქოლგის ქვეშ~ მოქცეული ”მესამე სამყაროს” ქვეყნების საგარეო ვალმა უკვე 2,5 ტრილიონ დოლარს დიდი ხანია გადააჭარბა, ხოლო ამ ვალის მომსახურების წლიურმა ღირებულებამ _ 375 მლრდ დოლარს [4, გვ. 29-30].
საქართველოში, პოზიტიურთან ერთად, დიდია გლობალიზაციის ნეგატიური ტენდენციების გავლენა. წინ ვერ აღვუდგეთ სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ტრადიციების დამანგრეველ გარე, ეგზოგენურ ფაქტორებს, რომელთა ნიველირების გარეშე გართულდება შიგა, ენდოგენური წინააღმდეგობების დაძლევა და ქვეყნის პროგრესი.
საქართველო ეკონომიკური ექსპერიმენტების კლასიკური ქვეყანაა. 70-წლიანი ”სოციალისტური” ექსპერიმენტი შეცვალა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ექსპერიმენტმა, რომელიც 20 წელზე მეტია გძელდება და დასასრული არ უჩანს. დავადექით კი იმ გზას, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანდა? ამ გზით შევძლებთ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნას? არადა, დღეს, გლობალურ სამყაროში ასეთი სისტემის გარეშე წინსვლა და განვითარება შეუძლებელია.
საქართველოს წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, პირველ ყოვლისა, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი, ისტორიულად განსაზღვრული ტრადიციები, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. ფასეულობები, რაც მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და, აქედან გამომდინარე, მისი განვითარების სტრატეგიაში აისახება.
საქართველოში, ეკონომიკის განვითარების დონისა და ეროვნული ინტერესების არაადეკვატური იყო უცხოური რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას [5]. მაკროეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში ქვეყანაში დაწყებულმა როგორც ინსტიტუციურმა გარდაქმნებმა, ისე ეკონომიკის კონვერსიის სხვა პროცესებმა აშკარა დეფორმაციული ხასიათი მიიღო: ეკონომიკის რეფორმირების I ეტაპზე (1991-1995) ფასების მოუმზადებელი ლიბერალიზაცია ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა, ახლად ფორმირებულმა საბაზრო ინსფრასტრუქტურის ინსტიტუტებმა სპეკულაციური ორიენტაცია შეიძინა. ამას მოჰყვა საქმიანი აქტიურობის დაცემა და ეროვნული წარმოების პარალიზება. ვერ დავასახელებთ ქვეყანას, რომელსაც ”ძვირი ფულის” პოლიტიკით დაეღწია თავი ეკონომიკური კრიზისისგან. საქართველოში ეკონომიკის შოკირების დამანგრეველი ეფექტების შემდეგ, რეფორმირების II ეტაპზე (1996-2003) `ძვირი ფულის~ პოლიტიკის მულტიპლიკაციური ეფექტი ეკონომიკის არასტაბილურობისა და სტრუქტურული დეფორმაციის უმთავრესი მიზეზი გახდა. მისი უმთავრესი მიზანი ფულის მიწოდების მკვეთრი შეზღუდვით ინფლაციის მოთოკვა და ლარის კურსის სტაბილიზაცია იყო. ლარის ხელოვნურმა გამყარებამ და მისი დეფიციტის შექმნამ გამოიწვია დოლარიზაციის სწრაფი ზრდა (დოლარიზაციის დონემ 36%-ს გადააჭარბა) და ნეგატიური ტენდენციები წარმოქმნა როგორც ფულად-საკრედიტო, ისე ფისკალურ სფეროში, რაც უარყოფითად აისახა საგადასახადო-საანგარიშსწორებო ურთიერთობების მთელ სისტემაზე. ”ძვირი ფულის” პოლიტიკამ მხოლოდ ”ხანძრის ჩაქრობის” ეფექტი გამოიწვია და კიდევ უფრო დაამუხრუჭა ეროვნული ეკონომიკის განვითარება. ჩამოყალიბდა საბიუჯეტო-საგადასახადო კრიზისი, რამაც დასცა ერთობლივი მოთხოვნა და გაამწვავა სოციალური პრობლემები. ეროვნულმა ეკონომიკამ დაკარგა სოციალური ორიენტაცია, რის გარეშეც ფორმირების პროცესში მყოფი ახალი ეკონომიკური სისტემა პოლიტიკურად ნაკლებსიცოცხლისუნარიანი გახდა.
მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ეს ორთოდოქსული მოდელი, ისე როგორც ”შოკური თერაპია” და რეფორმირების III ეტაპზე (2003-2012), ”ანტიკეინზიანურ რევოლუციად” მონათლული, მონეტარიზმის პოსტულატებზე მორგებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა (რომლისთვისაც უცხოა ჭეშმარიტი ლიბერალური ფასეულობები) გარედან თავსმოხვეული იყო და საქართველოს წარუმატებლობის ათვლის წერტილი და მთავარი მიზეზი სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ [6]. განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც კი ეს მოდელი (თანაც, უფრო დახვეწილი ფორმით) არ გამოდგა და საქართველოში ”იმუშავებდ”?
ქვეყანა არ დაადგა იმ გზას, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანდა. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ერი დიდი სიხარულით შეხვდა დამოუკიდებლობის მოპოვებასა და მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემიდან თავის დაღწევას. მაგრამ რა მივიღეთ? სახელმწიფო-მონოპოლისტური სოციალიზმი შეცვალა სახელმწიფო-მონოპოლისტურმა კაპიტალიზმმა; სამართლიანობის პრინციპებზე აგებული დემოკრატიული ეკონომიკური სისტემის ნაცვლად მივიღეთ კვაზიდემოკრატიაზე, მოჩვენებით სამართლიანობაზე დაფუძნებული ულტრალიბერალური კაპიტალიზმი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დასავლურ საბაზრო ეკონომიკასთან. მართალია, საქართველოში საკუთრების მრავალფორმიანობა ჩამოყალიბდა, მაგრამ შორსა ვართ საკუთრების პლურალიზმისაგან, ვინაიდან არ არსებობს საკუთრების თითოეული ფორმის თანაბარი უფლება, არ არის დაცული კერძო საკუთრება, ძალზე დაბალია საქმიანი აქტიურობა, მაღალია უმუშევრობა. დაქირავებით დასაქმებულთა წილი (შრომითი მიგრანტების გათვალისწინებით) მხოლოდ 21%-ია. 1990 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 3,7-ჯერ შემცირდა [7]. საქართველოში, რიგი ენდოგენური ფაქტორების გავლენით, ვერ ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე ბიზნესის წილად მოდის სამეწარმეო სექტორის მთლიანი გამოშვების მხოლოდ 6,6% (საშუალო ევროპული მაჩვენებელი 40%-ია), საშუალო ბიზნესის წილად მოდის 9,2% (ევროკავშირში 18%-ია), სამაგიეროდ, მსხვილი ბიზნესის წილი მთელი გამოშვების 84,2%-ია და 2-ჯერ აღემატება ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებელს [8]. თავიდან ვერ მოვიცილეთ ”ხელგაწვდილობის სინდრომი”, რის გამოც ნელ-ნელა ვკარგავთ დამოუკიდებლობას. დასავლეთის საკრედიტო ”ინიექციებმა” სწრაფად გაზარდა საქართველოს საგარეო დავალიანება და უდიდესი დილემის წინაშე დააყენა ქვეყანა საგარეო ვალის მომსახურების მხრივ.
1989 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 21%-ით შემცირდა [9]. სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ექსპერტული შეფასებით, 2011 წელს რეალურმა მშპ-მა 1990 წლის დონის მხოლოდ 84,1% შეადგინა, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე (მიმდინარე ფასებით) _ 3230 დოლარი, რაც საშუალო მსოფლიო დონის 1/3-საც კი ვერ აღწევს [10, გვ. 194-198]. ამ მნიშვნელოვანი ინდიკატორის თითქმის 3-ჯერ ჩამორჩენა ერთხელ კიდევ მიუთითებს საქართველოს მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში საშუალო ფენის დაბალ დონეზე (იგი მხოლოდ 9%-ია). ხელოვნურადაა შემცირებული საარსებო მინიმუმი, რომელიც მხოლოდ ნომინალურად ამცირებს სიღარიბის დონეს. ოთხსულიან ოჯახზე იგი თვეში 266,6 ლარს, ხოლო 1 შრომისუნარიან კაცზე _ 150,5 ლარს შეადგენს. მინიმალური ხელფასი 40 ლარია, საშუალო ხელფასი _ 636 ლარი [11]. ექსპერტული შეფასებით, მოსახლეობის 15% ღატაკია, საარსებო მინიმუმის ზღვარს მიღმა 21%-ია, სოციალურად ღარიბები (ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლის შემოსავალი ფარავს საარსებო მინიმუმს, მაგრამ არ არის საკმარისი ნორმალური კვლავწარმოებისათვის) 50%-ია, მდიდრები _ 5%, ხოლო, მათ შორის შეძლებული _ 3,5% [12].
ასეთი მწვავე სოციალური სტრატიფიკაციის გამო, საქართველო გამოირჩევა დანაზოგების ძალზე დაბალი დონით და ამ მაჩვენებლის მიხედვით საჰარის სამხრეთით მდებარე განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში განიხილება [13, გვ. 62]. ამიტომ, ვინაიდან დეპოზიტების ბაზა საკმარისი არ იყო, ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ბანკები საგარეო ბაზრებიდან სესხების მოზიდვას ახერხებდნენ. ამ კამპანიამ იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ უცხოური ინვესტიციები გახდა არა ქვეყნის შიგა დანაზოგების დეფიციტის შევსების წყარო, არამედ, შეიძლება ითქვას, ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. სსფ-ის მისიის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად, კომერციული ბანკები თანდათან ეროვნული ბანკის კონტროლიდან გამოვიდნენ. საგრძნობლად იკლო საკრედიტო ბაზარზე ბანკების საინვესტიციო აქტიურობამ. 2008 წლის ბოლოსათვის პრაქტიკულად არ მუშაობდა გრძელვადიანი დაზოგვის მექანიზმი, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტის არარსებობამ. აქედან გამომდინარე, საქართველოს საბანკო სისტემას ბზარი 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე გაუჩნდა. თუმცა გლობალურმა კრიზისმა ეს ბზარი კიდევ უფრო გააღრმავა [14]. აღნიშნულმა და სხვა უარყოფითმა შიგა პროცესებმა მწვავე პრობლემად აქცია საგარეო ვაჭრობის პერმანენტული დეფიციტი. 2011 წლის ოფიციალური მონაცემებით, სამომხმარემლო ბაზრის 70% იმპორტულ საქონელზე მოდის და ექსპორტით იმპორტის დაფარვამ მხოლოდ 31% შეადგინა.
ამრიგად, საქართველო მცდარ მონეტარულ პოსტულატებზე დაყრდნობით, კვლავ ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა.

გამოყენებული ლიტერატურა
1. კრუგმანი პ. როგორ მოახერხეს ეკონომისტებმა ყველაფრის არასწორად გაგება. თარგმანი ინგლისურიდან. ”საქართველოს ეკონომიკა”, #10, 2009. (Krugman P. How did economists get it so wrong? “New York Times”. September 2, 2009);
2. http://ictsd.org/i/news/bridgesrussiandigest/69878/
3. World Population Data Sheet Population Rederence Bureu – 2009. Washington, 2009;
4. Перкинс Д. Исповедь экономического убийцы. 4-е издание. Перевод с английского. М., «Претекст», 2008;
5. პაპავა ვ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში: მიღწევები და შეცდომები. თბ., ”იმპერიალი”, 2000;
6. ასათიანი რ. საქართველოს ეკონომიკა. ახალი ეპოქა. თბ., გამომცემლობა ”სიახლე”, 2009;
7. არჩვაძე ი. საქართველოს მოსახლეობის თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი. ”სოციალური ეკონომიკა”, #1, 2010;
8. Eurostat Newsrelease, #47, 2008; www.statistics.ge (”სამეწარმეო სფერო”);
9. www.statistics.ge (სექცია ”მოსახლეობა”);
10. http://www.geostat.ge/?action=page&p_id= 118&lang=geo; Human Development Report – 2010. New York, 2010;
11. http://bls.gov/data/; www.statistics.ge (სექცია ”შინამეურნეობებ”);
12. www.geoeconomics.ge; არჩვაძე ი. საშუალო ფენა საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა. ”საქართველოს ეკონომიკა”, #7, 2007;
13. კორდონიე კ. კერძო დანაზოგები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფინანსური სექტორის განვითარება საქართველოში. ”საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები”. GELPAC, ოქტომბერი, 2008;
14. Asatiani R. Caucasus and Georgian Economy: Past, Present, Prospects. “The Caucasus Region Economic and Political Developments”. Bradley C. Ryan Editor. New York. “Nova Science Publishes Inc”, 2011;
15. Ойкен В. Основные принципы эко¬но¬ми¬ческой политики. Перевод с немецкого. М., 1995;
16. Кеинс Дж. Общая теория занятости, процента и денег. Перевод с английского. М. “Прогрес”, 1978;
17. Friedman M. Capitalism and Freedom. Chicago? “Univ. of Chicago Press”, 1992;
18. Долан Э. Дж., Кэмпбелл К. Д., Кэмпбелл Р. Дж. Деньги, банковское дело и денежно-кредитная политика. Перевод с английского. Москва-Ленинград, 1991;
19. Клёц К. Центральный банк и коммерческие банки в Грузии. “Исследования и анализ”, №113, Варшава, ЦСЭИ, 2007;
20. Харрис Л. Денежная теория. Перевод с английского. М., 1990;
21. რიკარდო დ. პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები. თარგმანი ინგლისურიდან. თავი I, XXVII. თბ., 1937;
22. Самуельсон П, Нордхаус В. Экономика. Пятнадцатое издание. М., “Бином-Кнорус”, 1999;
23. ჯგერენაია ე. საქართველოში ფულის რეფორმის გენეზისის საკითხები. ”მაკრომიკრო-ეკონომიკა”, #9, 2000;
24. ასათიანი რ. მცდარი მონეტარული პოსტულატები და საქართველო ილუზიების ტყვეობაში. ”შრომები”, IV ტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბ., გამომცემლობა ”სიახლე”, 2004;
25. ასათიანი რ. საქართველოს საბანკო სისტემა და გლობალური ფინანსური კრიზისი. ”ეკონომისტი”, #4, 2009;
26. ასათიანი რ. გლობალური ფინანსური კრიზისი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მულტიპლიკაციური ეფექტი საქართველოში. ”სოციალური ეკონომიკა”, #6, 2009;
27. Хайлбронер Р., Тароу Л. Экономика для всех. Перевод с английского. Лондон, “Overseas Publications Interchange Ltd”, 1991;
28. ღანიაშვილი მ. როგორ ებრძვის ფინანსურ კრიზისს საქართველოს საბანკო სისტემა? ”საქართველოს ეკონომიკა”, #3, 2009;
29. ასათიანი რ. თეორიული ცოდნა როგორც სიახლეების დანერგვისა და ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძველი. ”ბიზნეს ინჟინერინგი”, #3, 2012;
30. Asatiani T. Post-communist Transition Period in the Georgian Economy. “The Caucasus & Globalization”. Vol. 3, Issue 203, Ca&CC Press, Sweden, 2009.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial