გერმანიის საქმიან წრეებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ელიან

გერმანელი ბიზნესმენები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საქმიან წრეებში განწყობის ინდიკატორი (ZEW Survey, Economic Sentiment _ უახლოესი ნახევარი წლის მანძილზე გერმანიის ეკონომიკის განვითარების მიმართ ინვესტორების მოლოდინის მაჩვენებელი) პირველად დაეცა _ საკმაოდ შთამბეჭდავად _ ერთბაშად 12 პუნქტით მარტის 48,5 პუნქტიდან 36,3 პუნქტამდე აპრილში. ასეთია ZEW-ის კვლევის შედეგები.

ორგანიზაციის ექსპერტების კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ყველაზე მეტად აწუხებთ კითხვა, საბოლოო ჯამში, შეძლებს თუ არა ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ტემპის აღებას და სტაბილურ ზრდის გაგრძელებას. თუმცა, ჯერჯერობით, სიტუაციის სასურველი სცენარით განვითარების ნიშნები მცირეა და ოპტიმიზმისკენ არ უბიძგებს ადამიანებს და მით უფრო საქმიან ადამიანებს. პირველ რიგში, ეს არის ევროზონის ეკონომიკის განვითარების პროგნოზების გაუარესება, რომელიც გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ევროზონის ხელისუფლება, ჯერჯერობით, ვერაფრით ახერხებს სუვერენული ვალის შეკავებას, რომელიც სხვადასხვა ადგილას იფეთქებს ხოლმე და დიდი სირთულის წინაშე აყენებს რეგიონის ისედაც არაჯანსაღ გარემოს.

საქმიანი ადამიანების უიმედო განწყობა სავსებით მოსალოდნელია, რადგანაც გერმანიის წინაშეც არსებობს, მართალია, ჯერ კიდევ ბუნდოვანი, მაგრამ მაინც, საშიშროება იმისა, რომ მიმდინარე კვარტალში ქვეყანა რეცესიაში ჩაეშვას. მართალია, სიტუაცია დრამატულისგან ჯერ შორსაა _ საფრთხე მხოლოდ თეორიულია.

2013 წლის პირველი ორი თვის მაკროეკონომიკური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტის მაჩვენებლების დამთრგუნველი ვარდნისა და გერმანული მომსახურების სფეროში საქმიანი აქტივობის შემცირების პარალელურად, აღინიშნება სამრეწველო შეკვეთებისა და სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდა. ზედიზედ მეორე თვეა იმატებს საცალო გაყიდვები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ექსპორტის ვარდნის ფონზე, რომელიც წამყვანი ევროპული ეკონომიკის წამყვანი დარგია. ამასთან, სავაჭრო ბალანსის პროფიციტი იზრდება, რადგანაც იმპორტი ბევრად ძლიერად მცირდება, ვიდრე ექსპორტი. ინფლაცია ნარჩუნდება კომფორტულ 2%-იან იმ ნიშნულს დაბლა, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური ბანკის მიერ, ხოლო უმუშევრობა უკვე ნახევარი წელია ნარჩუნდება 6,9%-იან ნიშნულზე და მხოლოდ მცირედით აღემატება ბოლო ოცი წლის მანძილზე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (6,8%) და მაინც ZEW-ს ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში ეკონომიკის მიმდინარე სიტუაციას საქმიანი ადამიანები არც ისე ოპტიმისტურად აფასებენ, მაჩვენებელი ZEW Survey (Current Situation) აპრილში შემცირდა 13,6 პუქნტიდან 9,2 პუნქტამდე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის I კვარტლის შედეგებით, გერმანიის ეკონომიკას ზრდის განახლება თავისუფლად შეუძლია. მსგავსი მოლოდინი შეინიშნება ცენტრალური ბანკის ოფიციალურ პროგნოზში და ავტორიტეტულ საფინანსო ანალიტიკოსებს შორსაც. Bundesbank-ის ექსპერტების შეფასებით, გერმანიის მშპ-ს შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წელს 0,4%-ით მოიმატოს, ხოლო უწყების ხელმძღვანელი იენს ვაიდმანი, როგორც მისი განცხადების მიხედვით ჩანს, გერმანიის ეკონომიკის მომავალი განვითარების მიმართ პესიმიზმს არ იზიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის მაჩვენებლები, რომლის გასაანგარიშებლადაც ZEW-ის ექსპერტებს მრავალრიცხოვანი საფინანსო ექსპერტის გამოკითხვა დასჭირდათ, საკმაოდ სერიოზულ შეშფოთებას აჩვენებს გერმანიის ეკონომიკური ზრდის მიმართ, ZEW-ის პრეზიდენტი, კლემენს ფიუსტი დარწმუნებულია, რომ საუბარი არ არის გერმანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების განწყობის რადიკალურ ცვლილებაზე. თუმცა, რასაკვირველია, გერმანიის ეკონომიკის სტაბილურობის მიმართ ეჭვები გარკვეულწილად იზრდება. ”ეს მხოლოდ მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ ევროზონის ეკონომიკის დასუსტება გერმანულ ეკონომიკაზე ნეგატიურ ეფექტს ახდენს”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial