ვერ ვიტყვი, რომ ხაზინა ბოლომდე აწყობილია

სოფიკო სიჭინავა

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ნაძვების ჩრდილში შეკრებილი საქართველოს ეკონომისტ-მეცნიერთა, ანალიტიკოსთა და პრაქტიკოსთა გუნდი საქართველოს ეკონომიკურ პროგრამასა და შესაბამისად, ნორმატიულ ბაზაზე მუშაობდა. ენთუზიაზმი დიდი იყო და იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, რომ მტკივნეული, მაგრამ რეალური ეკონომიკური ძვრები დაიწყებოდა. მართალია, ეს ენთუზიაზმი ჩაქრა, რადგან მავანთა და მავანთა პოლიტიკურ ამბიციებს, კიდევ ერთხელ, როგორც ხშირად შეეწირა ქართული საქმე.

თუმცა, დარჩა მოგონება ერთ ახალგაზრადა, ნიჭიერ, ენერგიულ პიროვნებაზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის ავ-კარგიანობაზე თუ ფისკალური პოლიტიკის პრობლემებზე პრაქტიკოსებთან ცეცხლოვანი თვალებით კამათობდა. მ კამათში ჩანდა ახალგაზრდა თაობა, ენის ცოდნით, სისასტიკით თუ თეორიულ პოლემიკაში უკომპრომისობით.

წლების შემდგომ ის, ჯერაც ძალზე ახალგაზრდა, მოულოდნელად ხაზინას ჩაუყენეს სათავეში, შემდგომ საგადასახადო სისტემაში, რამდენიმე თვეში მოადგილედ მოგვევლინა ფინანსთა სამინისტროში, და, ბოლოს ისევ ხაზინაში. გარეშე თვალი, შეიძლება, გაღიზიანდეს, ნუთუ საქართველოში მეტი ნიჭიერი ეკონომისტი არ მოიძებნა, რომ ასე ცირკულარივით ატრიალებენ ერთი და იგივე ადამიანს. დიახ, მას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, ჩრდილი. ის ახალგაზრდაა და მაინც არის ქართულ საფინანსო სინამდვილეში. მას არ ეშლება ჭადრაკის სვლები, შეუძლია 64 სვლის გათვლა, ბალანსი და პოზიციების დაჭერა. დათო რამიშვილი – დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს მეორეჯერ ხელმძღვანელობს. იმ დეპარტამენტს, რომელზეც ახლო წარსულში ბოროტი ენები ბევრს ლაპარაკობდნენ, დღეს კი ჩუმად არიან. რა არის სიჩუმის მიზეზი? ის, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი რაღაც გარკვეულ თანამედროვე კონტურებს იღებს და ახალ ამპლუაში, ახალ შენობას და ახალი მენეჯმენტის პირობებში წარმატებით ფუნქციონირებს? თუ მობეზრდათ ერთი და იგივეს კრიტიკა, რადგან საქართველოში სიახლის პოვნის იმედი დაკარგეს?

და მაინც, რა ხდება ხაზინაში?
როგორ დგას რეფორმირების საკითხი, რა შეიცვალა, რა გაკეთდა?
როგორ შემცირდა კორუფცია ხაზინაში და გაიზარდა გამჭვირვალობა.
რატომაა მუდმივი სხვაობა ბიუჯეტის შესრულების ციფრებში. რატომ არ მთავრდება ეს იწილო-ბიწილო?
ვინ მართავს ხაზინას და შეიძლება თუ არა მისი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირება.
ხაზინა – ფულის 103, 101 ანგარიშზე გამანაწილებელი სალარო თუ სახელმწიფო ორგანო, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს რეალურ მონიტორინგს უწევს?

რა შეიცვალა ხაზინაში თანხების მოძრაობის და მისი მონიტორინგის კუთხით. თქვენ ამ თანხებს კონკრეტულ ბანკებს ურიცხავთ, თუ თქვენ ფილიალებს აქვთ საოპერაციოები და ისინი არიგებენ?
ძირითადად, რეგიონალურ ხაზინებს ანგარიშები ეროვნულ ბანკში აქვთ. გამონაკლისია სულ ორი-სამი ხაზინა. იმიტომ, რომ იქ არ არის ეროვნული ბანკი. ეს რეგიონებია რაჭა და ქვემო ქართლი, სადაც ჩვენი ხაზინა ეროვნული ბანკისაგან შორს არის განლაგებული. ასეთივე სიტუაციაა მცხეთაშიც. დანარჩენი, ყველგან ეროვნული ბანკი გვემსახურება. სისტემის ვერტიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილება დირექტიულად ზევიდან ჩადის ქვევით.

რამდენად გაამარტივა ამ ურთიერთობამ თანხების მოძრაობის სქემა?
სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გვქონდა თბილისში რამდენიმე ხაზინის არსებობით. დღეს არის ერთი საოპერაციო დეპარტამენტი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საოპერაციო და ხაზინა ერთ შენობაშია მოთავსებული, ურთიერთობა ძალიან მარტივია და ამან ყველაფერი გამჭვირვალე გახადა.

პრესაში თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ხარჯების განაწილება ავტომატურად ხდება. რაიმე სპეციალური კომპიუტერული პროგრამა გაქვთ თუ რამე სხვა. საერთოდ, ვისი მოდელია ხაზინის ამ სახით რეფორმირება?
ხაზინაში რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ იგი ავტომატურ რეჟიმში გადასულიყო. სამწუხაროდ, ხაზინა დღესაც შემოსავლების გამო, ავტომატურ რეჟიმში ვერ მუშაობს. სათანადო შემოსავლები რომ იყოს, ჩვენ არ მოგვიწევდა იმაზე ფიქრი, რომ გაგვესტუმრებინა სოციალური ვალდებულებები. თებერვლის დასაწყისში გამოვაქვეყნებთ ბიუჯეტის საკასო შესრულებას და ყველა დაინახავს, რომ სოციალური ვალდებულებების შესრულება 100%-ს უახლოვდება, ხოლო სხვა ხარჯებს ძალზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ხაზინა არა ავტომატურად, არამედ ოპერატიულად იმართება.

ხომ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ განაწილების პროცესში ერევა პოლიტიკური მხარე?
წელიწადნახევარია ხაზინა ამ პრინციპით მუშაობს, ჩამოყალიბებულია სქემა, რომ პირველ რიგში, იფარება ლტოლვილთა შემწეობები, ტრანსფერები. სტრუქტურებმა კარგად იციან, რომელი რომლის შემდეგ აიღებს ხელფას. არც ერთ სტრუქტურას ხაზინაზე ზემოქმედების შესაძლებლობა არ აქვს.

მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრი თანხების განაწილების საქმეში ერევა. თუ ერევა, რამდენად დადებითად და როგორია მისი როლი მიღწეულ შედეგებში?
დავიწყებ იქიდან, რომ მისი როლი საკმაოდ დიდია მიღწეულ შედეგებში. რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრი ერევა თანხების განაწილებაში. მიმაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. პოლიტიკა, რომელიც არსებობს, ჩამოყალიბებულია ფინანსთა მინისტრის მიერ და მას მთლიანად მხარს ვუჭერ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.

თუ უკვე აწყობილია ხაზინა და სერიოზული ინსტიტუციონალური სახე აქვს მიღებული, ხომ არ მომწიფდა დრო, რომ ხაზინა დამოუკიდებელი ინსტიტუტი გახდეს?
ვერ ვიტყოდი, რომ ხაზინა ბოლომდე აწყობილია…

მაშინ რა არის აწყობილი და დარჩა კიდევ?
ხაზინის პირველი მოვალეობაა ვალდებულებების და ხარჯების მართვა. ამ ეტაპზე ჩვენ სავალუტო ფონდის და მათი ექსპერტების დახმარებით ვაყალიბებთ სპეციალურ მექანიზმს, რომლითაც ხაზინა ვალდებულებების მართვას და აღრიცხვას შეძლებს. ხშირ შემთხვევებში ფაქტობრივი ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება საკასო ხარჯს….

თქვენ როგორ უნდა მოუაროთ ამას ხაზინიდან?
ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა არსებობს – თანხებზე წინასწარი განაცხადები. ორგანიზაცია წინასწარ განაცხადებს, რომ იგი იღებს ამა და ამ მომსახურებას, აპირებს მიიღოს ესა თუ ის მომსახურება და თუ ხაზინა ამას დაეთანხმება, გაისტუმრებს ამ ვალდებულებას. ჯერჯერობით, არსებობს ამის მხოლოდ პროექტი, რომელიც განხილვის სტადიაშია და სადღაც სამ-ოთხ თვეში შევძლებთ მის დანერგვას.

ფაქტობრივად, წინასწარ ნისიად აღებული ფული, რომელიც ხაზინას ჯერ არ გაუცია…
ეს მექანიზმი აქამდე მოქმედებს და ასე რომ არ იყოს, ამიტომ შემოდის ვალდებულებების მექანიზმი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ შემოსავლების აღრიცხვა. ის, რომ ეროვნულ ბანკსა და ხაზინას შორის შემოსავლების აღრიცხვაში მუდმივად განსხვავებაა, ყოველთვის სალაპარაკოა. მას შემდეგ, რაც დავიწყებთ შემოსავლების ზუსტ აღრიცხვას, ხაზინას ყველაზე ზუსტი ციფრები ექნება. ეს საკმაოდ რთული მომენტია და ბევრ შრომასაც მოითხოვს. საკმაოდ მაღალი ვალდებულებაც არის და რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ ამისთვის მზად ვართ, არ იქნება მართალი. ხაზინა იმუშავებს ამ საკითხზე. ტექნიკური პირობების უზრუნველყოფას უცხოელები გვპირდებიან, და ექვსი თვის შემდეგ შეგვეძლება ამის გაკეთება.

ჩვენ გვახსოვს როგორი ღარიბი ორგანიზაცია იყო ხაზინა, მათ შორის, ტექნიკურადაც. დღეს რა მდგომარეობაა?
ორი წლის წინ ხაზინას უცხოელებმა კომპიუტერები აჩუქეს, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკვე მოძველებულია. ხაზინა, ტექნიკური თვალსაზრისით, სერიოზულ გადაიარაღებას საჭიროებს. თუკი გეგმებს განვახორციელებთ, ხაზინა საჭიროებს ყველა რეგიონალურ ხაზინასთან ერთიანი ქსელის შექმნას და თუ ჩვენ დავიწყებთ შემოსავლების აღრიცხვასაც, ეს ქსელი უნდა იყოს სტაბილური და, რაც მთავარია, მოქმედი. შეიძლება ითქვას, რომ, ტექნიკური თვალსაზრისით ხაზინას ძალიან უჭირს.

ამ პროგრამაში თუ არის გათვალისწინებული, რომ თქვენ და თქვენი რაიონული ქვედანაყოფები ერთიან კომუნიკაციურ სივრცეში იქნებით?
რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. ამის გარეშე იმ ეფექტს, რომელსაც გვინდა რომ მივაღწიოთ, ვერ მივაღწევთ.

დღეს ამ ტექნიკური საშუალებების გარეშე რამდენად გამჭვირვალეა ხაზინის მუშაობა?
ყოველ ორშაბათს ვაქვეყნებთ თუ რომელ ორგანიზაციას რა მუხლით რამდენი ხარჯი მიეცა. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის პრობლემა არ უნდა იყოს.

ხაზინას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თანხა ვერ მიიღო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი ბიიუჯეტის შედგენაში დევს?
ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ბიუჯეტის აღმსრულებელი ხარჯების ნაწილში ხაზინაა და ყველა უკმაყოფილება ჩვენი მიმართულებით მოდის. მეორეა, რამდენად დამნაშავეა ამაში ხაზინა. ამიტომ, მოსახლეობას ყოველკვირეულად ვეუბნებით, თუ რამდენი მიიღო და რა ხარჯი გაწია ჩვენმა ორგანიზაციამ. იქ ყველა დაინახავს, რომ თანხები ყველანაირი ხარჯების დასაფარავად არ არის საკმარისი.

რამდენი თამანშრომელი გყავთ დღეს ხაზინაში?
რეგიონალური ხაზინების ჩათვლით, 195 თანამშრომელი.

ხაზინას ახალგაზრდა თაობის მენეჯერი ჰყავს, უცხო ენის მცოდნე, ფისკალური პოლიტიკის შექმნის დიდი გამოცდილების მქონე, რა ხდება ქვედა დონეებზე?
ხაზინაში ტესტირება რეგიონალური ხაზინებით ზაფხულში დაიწყო. ჩავატარეთ კონკურსი იმათთვის, ვისაც შემოსავლების დათვლა დაევალებათ. ეს ხალხი, ფაქტობრივად, გარედან მივიღეთ. შემდგომ გაგრძელდება ცენტრალური ხაზინის ატესტაცია. ჩვენ შევეცადეთ ერთი მხრივ, ახალი თაობა მოგვეყვანა და მეორე მხრივ, გამოცდილი, ძველი კადრები შეგვენარჩუნებინა. იმის თქმა, რომ ატესტაციის და კონკურსის ჩატარებით ყველაფერი მოგვარდა, არ არის მართალი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ აუცილებელია უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ხაზინა დამოუკიდებელი ორგანო გახდეს?
როდესღაც, ალბათ, დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ხაზინის განვითარება და მისი სურვილი არ კმარა. ეს იქნება მთლიანად ქვეყნის ფისკალური საკითხების რეფორმაზე დამოკიდებული. ამ ეტაპზე, ანუ ორი-სამი წლის განმავლობაში, ხაზინის დამოუკიდებლობაზე ფიქრი იქნება აკვიატებული იდეა, ყოველგვარ რეალობას მოკლებული. ბიუჯეტი და, ფაქტობრივად, ის პოლიტიკა, რასაც სამინისტრო ატარებს, პირდაპირ არის დაკავშირებული ხაზინასთან. აქედან გამომდინარე, ერთიანი სტრუქტურა უნდა იყოს. თუ ჩვენ მეტ-ნაკლებად დავალაგებთ ფისკალურ საკითხებს და გვექნება მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბებული სისტემა, ხაზინის დამოუკიდებლობის იდეას, რა თქმა უნდა, პერსპექტივა აქვს. ხაზინა არ არის პოლიტიკის განმსაზღვრელი, არის მხოლოდ შემსრულებელი იმისა, რასაც განსაზღვრავენ.

ახალ ბიუჯეტზე დიდი კამათი მიდის, რომ იგი ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარჯზე 100-200 მლნ-ით უნდა გაიზარდოს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამის საკასო შესრულება?
საკმაოდ მაღალი ზრდაა და ღმერთმა ქნას, რომ შესრულდეს. ამ შემთხვევაში რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რამდენადაც ვიცი, ხელისუფლება ამისთვის განწყობილია, მაგრამ იქნება თუ არა საკმარისი, არ ვიცი.

რას გულისხმობთ რადიკალურ ნაბიჯებში და რომელმა რადიკალურმა ნაბიჯებმა უნდა უზრუნველყოს ამხელა ზრდის შესრულება?
პირველ რიგში, ეს არის კონტრაბანდასთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მუშტია საჭირო, მაგრამ ხშირად ეკონომიკური მეთოდები უფრო ეფექტურია. ისეთი მოღიავებული საზღვრებით, რაც ჩვენ გვაქვს, როგორი მუშტიც უნდა მოვიღეროთ თუ ეკონომიკური მეთოდები გამოვიყენოთ, ფისკალურ ეფექტს ვერ მივიღებთ.