უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?! ანუ ეკონომიკური პრობლემები კოსმიურ პრიზმაში

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი

უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?!
ანუ ეკონომიკური პრობლემები კოსმიურ პრიზმაშიდიდრონი, უზარმაზარი მთვარე ბრდღვიალებდა იდუმალი ნაძვების სიშავეში და შაშვების მჭახე ”საუნდ ტრეკი” ატკბობდა ქვეყანას. სადღაც ძირს, მოციმციმე შუქების ფონზე, ღმა ძილში მონებივრე თბილისი შუა სიზმარს ხედავდა. შაშვების გალობა თითქოს რაღაც რიტუალს ჰგავდა, რომელიც მალამოსავით ეფინებოდა კოჯრის მრავალ ჭირნანახ ტყეს. მივაყურადე და უცებ თითქოს მომეჩვენა, რომ ეს შაშვების ტრიო მთვარეს უმღეროდა.

ან, იქნებ, ლოცვებს აღავლენდნენ? ერთი რამ ცხადი იყო – მათი მუზა თუ ხოტბის შესხმის ობიექტი ეს ბუხუნია მთვარე იყო. მეცAშევხედე და მომეჩვენა, რომ ძალიან ზვიადად მიყურებდა ზევიდან. თითქოს ხაზს უსვამდა მის უდიდეს მნიშვნელობას ჩემს და, საერთოდ, კაცობრიობის ცხოვრებაში. თითქოს კიდევ ერთხელ მამადლიდა მეცნიერების მიერ არა ერთხელ დადასტურებულ ფაქტებს რომ: მთვარე მზის გალაქტიკაში ყველაზე დიდი მთვარეა, რომ ის განაგებს მიქცევა-მოქცევას ოკეანეებში და მილიონი წლების წინ პირველი სულიერი სწორედ მიქცევის წყალობით აღმოჩნდა დედამიწის ხმელეთზე, რომ მთვარის მიზიდულობის გამო დედამიწა ასე დინჯად მოძრაობს წრის ირგვლივ. რომ არა მთვარე, მეცნიერების მტკიცებით, დედამიწა უფრო სწრაფად იტრიალებდა და იქნებოდა სასტიკი სიცივეები და ”უპსივით” აუტანელი სიცხები (ორივე შემთხვევაში, კომპანია ”დანფოსი” ძალიან გაიხარებდა – კონდიცირებაც და გათბობაც უფრო საჭირო გახდებოდა. უფფ… რა ბიზნესი გაჩაღდებოდა?!). გარდა ამისა, ის იცავს ატმოსფეროს, რომელიც ირგვლივ გვაკრავს და ზრუნავს, რომ არ გადავხურდეთ. მაგრამ, თურმე, ეს სულ ასე არ იქნება. თუ ჩვენი მთვარე ოდნავ გაიწევა და დაგვშორდება, ძალიან ცუდი ამბები გველის. არადა, ის ნელ-ნელა იწევა ჩვენზე გაბრაზებული. დავიჯერო ამ შაშვებმა იციან ახლა ეგ ამბავი? ესმით მთვარის მნიშვნელობა და იმიტომ ასხამენ ხოტბას? ნეტავ, რა შეგვეშალა მთვარის წინაშე, რა მივქარეთ ასეთი და რით დავიმსახურეთ ეს რისხვა? ისე, ეგ მთვარეც კარგად იყოს, რომ არა დედამიწა და ჩვენ, მაგის ბუნდღა არ იქნებოდა და, საერთოდაც, წამოჯგიმულა მანდ უსაქმურად. დაიღლება, ფეხს მოასვენებს – აცივდება, შეიცვლება კლიმატი და სეტყვას ახეტს. მოდი და, გადაუხადე მერე ამდენ ხალხს დახმარება მთვარის სიზარმაცით განადგურებული თუ საერთოდ არარასებული შემოსავლის გამო. ამიტომ სულ მისი ბრალია კახეთში რომ ამბობენ თურმე – ფული მასესხე მომდევნო სეტყვამდეო ან ამინდის პროგნოზით, რომ არჩევენ მანქანას და კალენდარს უყურებენ – ”მერსედესს” როდის იყიდიან. რა ენაღვლება მთვარეს, ჩვენ ვიკითხოთ… თან ძალიან ბღენძია და მედიდურია ამ თავის ჩამოთლილი სახით. ალბათ, მასონია და ქვის თლა მაქედან, მისი ზედაპირიდან დაიწყეს მასონებმა. ჰო, თან 24 ივნისს დაბადების დღე აქვთ მასონებს. მისი აღნიშვნა ინგლისში 3 საუკუნის წინ დაიწყეს (ვულოცავ გულითა და გონებით ყველა მასონს ამ ღირშესანიშნავ დღეს, საჩუქარსაც გამოგიგზავნით, თან სპეც-ტური ცხადდება მასონური ლოჟის ქვეყანაში, მომლოცვლები მიდიან წმინდა ადგილების მოსანახულებლად).

ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას რას ერჩის ეს მთვარე – ზაფხული ზაფხულს არ გავს და გაზაფხული – გაზაფხულს. სულ სეტყვა და კატასტროფები, ვერ გაგვიხარია. აქეთ სეტყვამ და მაგის დახმარების გადახდამ გაგვწყვიტა წელში, იქეთ გათბობის სეზონის ლამის 7 თვემდე გაზრდამ და ”თბილგაზის” უხარისხო გაზმა, რომლისთვისაც სამმაგი უნდა გადაიხადო, რომ სახლი გაათბო (არადა, საბანკო-საფინასო რისკ-მენეჯმენტის თეორიაში მთვარის ქცევის რისკზე არაფერი სწერია, ჰოდა, აბა ვისი რა ბრალია). არადა, მაგი – მთვარე – რუსთაველზე რომ იყოს, ისეთ მიტინგს გავუმართავდით, იცოცხლე! მაგრამ არა, წამოპლაკულია თავისთვის და გვიბღვერს.

ეგ რომ არ იყოს, რა გვეშველებოდაო, მაგრამ არც ასეა საქმე. მარსს ჩამოვაბრძანებდით და მთვარედ დავნიშნავდით, თან რამდენი ხანია ამ თანამდებობაზე უჭირავს თვალი. უბრალოდ, მზემ კოჰაბიტაცია დაავალა და ამის ხათრით დაბორიალობს წინ და უკან და გაწითლებულია მთვარის ქცევით. მერე ჭკუას დავარიგებდით, ისეთი სიჩქარით ეხვანხვალა, ჩვენ რომ გვჭირდება და არც სიცივე იქნებოდა ნამეტანი და არც სეტყვა. გაივსებოდა მაშინვე ქვეყანა მოსავლით, ენერგიაში ფულს დავზოგავდით და აყვავდებოდა დუნია და შაშვებიც არ დაგვიფრთხობდნენ ძილს თავისი მეცო სოპრანოთი. უუჰ! ხედავ, სად ყოფილა ყველა პრობლემის სათავე?! – მთვარეში. ჩვენ კი გვეგონა აქ ჩვენში იყო, არა და არა! – იქ, მაღლა ყოფილა, ყველა უბედურების სათავე მაღლაა. ამიტომაც დაარსეს გონიერმა ქართველებმა არასამთავრობო ორგანოების მთელი ჯარი სახელით – მარსის ლეგალიზაციის გალაქტიკათაშორისი ინსტიტუტი (თურმე მარსი უმცირესობა ყოფილა ამ მზის გალაქტიკაში, უფლებები ჰქონია და რომელიღაცა – მზე ან მთვარე – არღვევს, ჰოდა, ხომ უნდა დაცვა). მათ ერთიანად – მარსიანელებს უწოდებენ და მოითხოვენ მოხდეს მარსის კანონიერი უფლებების აღდგენა, მოგვბეზრდა გაყვითლებული მთვარე და წითური მარსი გვინდაო.

არ შეგვიძლია ამ მედიდიური მთვარის ყურება. აი, მარსი სხვა საქმეა, ის თავმდაბალია და მოსიყვარულე. უახლოეს კვირებში მასონების დაბადების დღის შემდგომ მათი პარადი და საპროტესტო აქცია იგეგმება. მსურველებს შეუძლიათ შეურთდნენ და ერთად ვიხსნათ ქვეყანაც და მთელი მსოფლიო. აუ, რა გლობალურია და რთული ეს ყველაფერი. ჩვენ კი გვეგონა ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდესო, ეეეე… მასე სადაა ძამა. ყველაფერი ძალიან რთულადაა. აქ კი არა, ყველაფერი იქ წყდება _ მაღლა!

გილოცავთ მასონების დაბადების დღეს და ის დროა, ქვის თლა ისწავლოთ. მარტო სულუგუნის და ერთმანეთის გულების თლის მეტს რომ არ აკეთებთ არაფერს.

ასე რომ, ჩემო მთვარევ, არც ისე ადვილად ყოფილა საქმე. თუმცა, მე შენი მესმის – ამ მზის ქვეშ ყველა თავის ადგილს ეძებს, ოღონდ ჩვენ რა შუაში ვართ – ქართველები? მოგვბეზრდა ამდენი სეტყვა და…