რას მოგვიტანს მორატორიუმი მიწაზე

მაკა ღანიაშვილი

სოფლის მეურნეობის განვითარება ორგანულადაა დაკავშირებული მიწისა და ბუნებრივი გარემოს გამოყენებასთან. ამასთან, მიწის რესურსები შეზღუდულია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელს ხდის მის რაციონალურ გამოყენებას. ისეთ მცირემიწიან ქვეყანაში კი, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია უნდა არსებობდეს, ჯერჯერობით, ამ მხრივ, ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა.

ევროგაერთიანების სტატისტიკური სამსახურის (EUROSTAT) მონაცემებით, ევროგაერთიანების ქვეყნებში ერთი ფერმერული მეურნეობის სარგებლობაში არსებული სავარგულების საშუალო სიდიდე 17.4 ჰექტარია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი კი 5%.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთი ფერმერული მეურნეობა სურსათით უზრუნველყოფს საშუალოდ 126 მაცხოვრებელს. გერმანიაში 144 მაცხოვრებელს, ევროგაერთიანების ქვეყნებში 51-ს, საქართველოში კი, დამატებული ღირებულების რეალურ მოცულობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ერთ ადამიანს საშუალოდ თავის გამოკვებაც კი არ შეუძლია. აშშ-ში ერთი ფერმერული მეურნეობის მიერ გამოყენებული სასოფლო სამეურნეო სავარგულის საშუალო სიდიდე 190.2 ჰა-ს შეადგენს, გერმანიაში _ 30.3 ჰა-ს, ევროგაერთიანების ქვეყნებში საშუალოდ _ 17.4 ჰა-ს, ხოლო საქართველოში _ მხოლოდ 1.5 ჰა-ს.

ამასთანავე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხოვნობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2.9 მლნ. კაცს შეადგენს, რაც დასაქმებულთა 1.6 %-ია, გერმანიაში _ 2.9%-ს, ევროგაერთიანების ქვეყნებში საშუალოდ _ 5%-ს, ხოლო საქართველოში კი _ 63%-ს. ფერმერული მეურნეობების მიერ გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა ზომების მიხედვით დაჯგუფების მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1-დან 5 ჰა-მდე სავარგულით სარგებლობს ფერმერული მეურნეობების ძალზედ მცირე რაოდენობა, გერმანიაში ფერმერული მეურნეობების _ 31.2%, ევროგაერთიანების ქვეყნებში _ 56.4 %, საქართველოშიU კი _ 98.4%. 5-დან 50 ჰა-მდე სავარგულით აშშ-ში სარგებლობს ფერმერული მეურნეობების 60.4 %, გერმანიაში _ 55.7%, ევროგაერთიანების ქვეყნებში _ 35.1 %, საქართველოში კი _1.5%. დაბოლოს 50 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულით აშშ-ში სარგებლობს ფერმერული მეურნეობათა 39.6%, გერმანიაში _ 12.6%, ევროგაერთიანების ქვეყნებში საშუალოდ _ 7.9%, ხოლო საქართველოში კი მხოლოდ _ 0.14%.
ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მიწის ფონდი დანაწევრებულია, რაც ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებაზეც აისახება.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ფერმერული მეურნეობების შემდგომი განვითარების პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ აქცენტი გამახვილდეს ფერმერული მეურნეობების კოოპერირებაზე და გაერთიანება-გამსხვილებაზე, მიწის ცივილური ბაზრის ჩამოყალიბებაზე და ყიდვა-გაყიდვის გზით მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწების მიღწევების დანერგვაზე.
უცხოეთის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო წარმოება წარიმართება ფერმერული მეურნეობების განვითარების საფუძველზე. იგი ძირითადად, როგორც წესი, ეფუძნება მსხვილი მეურნეობის უპირატესობის კანონს. წვრილი სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლისაგან არ შეიძლება წარმოების ისეთი ორგანიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბაზრის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. ბაზარზე უნდა იყოს მსხვილი საქონელმწარმოებლები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ ბაზარს სასურსათო პროდუქტებით.
ამასთან ერთად, განვითარებულ ქვეყნებში სასურსათო ბაზარზე საქონელმწარმოებლებს გარანტირებული აქვთ თავისუფალი შესვლა და გასვლა, მოქმედებს კარგად ორგანიზებული მიწის ბაზარი, ფართოდ გავრცელებულია მიწის იჯარა, არსებობს იპოთეკური კრედიტი, ფერმის შესყიდვისთვის ხელშემწყობი პირობები. ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ ყველა პირი, რომელსაც სურს დაიწყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოება და მას წარმოების აწყობისათვის სჭირდება საწარმოო საშუალებები, იმყოფებიან ხელსაყრელ და თანაბარ პირობებში. ან კიდევ, თუ ვერ ახდენენ წარმოების ასეთ ორგანიზაციასა და ბაზარზე გასვლას, შეუძლიათ დატოვონ, ამას ახდენენ ყოველგვარი იურიდიული, ინსტიტუციონალური თუ ეკონომიკური დაბრკოლების გარეშე. ჩვენთან კი, დამწყები მეწარმეებისათვის დღემდე არ არის შექმნილი ის საბაზრო გარემო პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნამდვილი მეწარმეობრივი საქმიანობის დაწყებასა და ბაზარზე თავისუფალ გასვლას. მოუწესრიგებელია მიწების საკითხი. სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური რესურსების პოტენციალი ძირითადად მიწის ფონდის, სხვა ძირითადი საშუალებების და შრომითი რესურსების ერთობლიობას ემყარება. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ საშუალებების გონივრულ გამოყენებას, რათა ყოველი რესურსის ერთ ერთეულზე მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ამონაგები.

მიწის ბაზრის ჩამოყალიბებამდე საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მიწაზე მორატორიუმის გამოცხადება გადაწყვიტა. უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს გარკვეული პერიოდით _ 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოში მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ. ამას ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მსჯელობა მაისის შუა რიცხვებში დაიწყო.

ეკონომიკის მინისტრის განკარგულება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეხება, კერძო პირებს კი მიწის გასხვისება როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებზე ჯერჯერობით ისევ უპრობლემოდ შეუძლიათ. ამასთანავე, იმ უცხოელებზე ან უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით მიწის მფლობელები არიან, კანონის მოქმედება არ გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს უკუქცევითი ძალა არ ექნება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები ანა ფირცხალაიშვილი, პაატა კოღუაშვილი და ზაურ ჯინჯოლავა არიან. ამ საინიციატივო ჯგუფის გარდა, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით ”ქრისტიან-დემოკრატებმაც” მიმართეს, ისინი მოითხოვენ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლამდე უნდა გამოცხადდეს. ასევე შეზღუდვა უნდა შეეხოს ყველა იმ იურიდიულ პირს, რომლის ბენეფიციარიც საქართველოს მოქალაქე არ არის. ქდმ-ს საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციებისა და ვალდებულებების შემოღებას უკვე გასხვისებულ მიწებთან დაკავშირებით.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის შეზღუდვები უნდა დაწესდეს როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მიყიდვაზე, ასევე, იურიდიული და კერძო პირების მიწების მიყიდვაზეც. მისი განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადების მიზეზი ისაა, რომ სავარგულების 80%-ზე მეტი არარეგისტირებულია. ”ვფიქრობ, რომ მიწის გაყიდვაზე რეგულაციები აუცილებლად უნდა დაწესდეს. ეს რეგულაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონებში შეიძლება იყოს განსხვავებული რეჟიმი და ა.შ. რეგულაციები ასევე შეიძლება გულისხმობდეს განსაზღვრული პირობების დაწესებას მიწის გამოყენებაზე და არამარტო უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. მიწის გაყიდვისას შეიძლება არსებობდეს დათქმა, რომ ის აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში; შეიძლება განისაზღვროს მიწის დამუშავების წესი, არ უნდა დაზიანდეს მიწის ნაყოფიერება, ანუ რეგულიაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. მაგრამ სანამ მათ მივიღებთ, აუცილებელია საკითხის კომპლექსური შესწავლა და განხილვა. ისე რომ, ამ რეგულაციების დაწესებით არც საინვესტიციო გარემოს განვითარებას შევუშალოთ ხელი და, მეორე მხრივ, არც ქვეყნის ადგილობრივი ინტერესები დაზარალდეს. ამიტომაცაა საჭირო, რომ სახელმწიფოს მიეცეს გონივრული ვადა იმისათვის, რომ მან ყველა ეს პრობლემა ბოლომდე კარგად გაიაზროს. რეგულაციების დაწესებამდე ასევე მნიშვნელოვანია მიწის ფონდის კადასტრის საკითხის მოწესრიგება. სანამ არ მოხდება იმისა აღწერა, თუ რა გვაქვს და ვისი რა არის, რამდენია სახელმწიფოს და რამდენი კერძო პირების საკუთრებაში, არის თუ არა გადაფარვები და ა.შ. მანამდე სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავება ამ მიმართულებით შეუძლებელია. ამიტომაც არის გამოცხადებული მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე, საბოლოო რეგულაციების შემუშავებამდე” _ აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლამდე უცხოელები (უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტირებული იურიდიული პირი) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ იყიდიან. კანონის ამოქმდებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება. ამავე ვადაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის ინიციატივას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები ქართლსა და კახეთში. ქართველმა გლეხებმა ჩინელებზე, ინოდოელებსა და ირანელებზე ასობით ჰექტრობით მიწების გაყიდვა მიუღებლად მიიჩნიეს და აკრძალვის დაწესება მოითხოვეს. მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვას ექსპერტთა ნაწილი და რამდენიმე პოლიტიკური პარტიაც მოითხოვს 2012 წლის ივნისიდან. 1 წლის წინ დანიის მოქალაქემ საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოიგო, მანამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა უცხოელს არ შეეძლო და მემკვითრეობითაც რომ მიეღი, 6 თვეში უნდა გაეყიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს წესები არაკონსტიტუციურად ცნო და შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ უფლება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენისა საქართველოში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი უკვე გამოცხადდა, მაგრამ მოწინააღმდეგეები ამ გადაწყვეტილებასაც ჰყავს. უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაზე უფლების შეზღუდვის ინიციატივას `რესპუბლიკელები~ არ იზიარებენ.

ფრაქცია ”ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” ხელმძღვანელმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ვარაუდობს, რომ ამ ინიციატივის მომხრე არც ფრაქცია იქნება. ”სკეპტიკურად ვუყურებ და ვვარაუდობ, რომ ჩვენი ფრაქცია არ იქნება მომხრე, იმპერატიულად წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ პრინციპში შეუძლებელი იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, დასავლეთისთვის თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის პრინციპულად ავკრძალოთ საკუთრების უფლება. ვეჭვობ, რომ ჩვენ ამას მხარი დავუჭიროთ. ამასთან, გვაქვს კონსტიტუციური პრობლემა. სერიოზული კონსტიტუციური ცვლილებისთვის შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია და ეს თემები იქ განიხილება. ამიტომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ვერ მივიღებთ. ევროკავშირში შესვლამდე, ევროკავშირის წევრ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში მიწაზე საკუთრება ავუკრძალოთ, ეს ევროკავშირისკენ სვლა არ არის, რადგან ეს არის ძალიან გრძელი გზა და როდის შევალთ, ვინ იცის. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ მიწის მესაკუთრეები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის რეგულირებული და გვაკლია საკანონმდებლო უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ” _ განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: ”ყოველთვის, როდესაც რაიმეს ვაფასებთ, ჩემი აზრით, უნდა ამოვიდეთ შედეგის მხრივ: რა შედეგი შეიძლება დადგეს ამ შემთხვევაში? რა შეიძლება მივიღოთ? ვფიქრობ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვით, ნაკლებად სავარაუდოა, ზიანის გარდა რაიმე მივიღოთ, ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეზღუდვამ რეალურად იმუშაოს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს დეკლარირებული აქვს, რომ არის ღია ეკონომიკის ქვეყანა, ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, მიუხედავად იმისა, დროებით ნაბიჯად განვიხილავთ მას თუ არა. საინტერესოა ისიც, ვინმემ იფიქრა თუ არა, თუ როგორ აისახება ეს ინიციატივა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს კვლევები არაფერს ნიშნავს, ფაქტია, რომ პოტენციური ინვესტორები ქართულ ანალიტიკურ მასალებზე მეტად, მაგალითად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის შედეგებს უფრო ენდობიან. მე მაინც მგონია, რომ აღნიშნული ნაბიჯი უფრო მოსახლეობის მოთხოვნის გამოძახილის ასახვაა პარლამენტის მხრიდან, ვიდრე რაიმე ტიპის პროგრესირებადი რეფორმა”.

არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ისედაც ამდენი დაუმუშავებელი მიწის პირობებში, თუ უცხოელებზე მიყიდვა აიკრძალება, საქართველოს სოფლის მეურნეობა უფრო სავალალო დღეში აღმოჩნდება?
გიორგი აბაშიშვილი:
”იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობის რეფორმირებაზე, სოფლის მეურნეობაში ინვესტირებაზე ვსაუბრობთ და ამის პარალელურად დარგში, ფაქტობრივად, არასაბაზრო შეზღუდვებს ვუჭერთ მხარს, ვფიქრობ, ძალიან დამაფიქრებელია. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ: მოდის უცხო ქვეყნის მოქალაქე მსხვილი ინვესტორი, რომელსაც სურს ვაშლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, თუმცა, პარალელურად სურს, გარანტირებული ნედლეულისათვის მიწები თავადაც შეიძინოს ქარელისა და გორის რაიონში. რას ვეუბნებით ამ ინვესტორს? _ ვეუბნებით, რომ გვაქვს ასეთი წესი, რომ უცხოელებზე მიწის ყიდვა არ შეიძლება. ცხადია, ინვესტორი ტოვებს ქვეყანას და მიდის შედარებით თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ავი ძაღლის ანდაზის პერსონაჟებად არ უნდა ვიქცეთ, როდესაც დამუშავების თავი თავად არ გვაქვს. ჯობს ინვესტორს ვუხმოთ და ამით ჩვენც ვიხეიროთ.

ს.ე. _ რა სარგებელი (ზიანი) შეიძლება ნახოს ქვეყნის ეკონომიკამ უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვით?
გ.ა. _
სიტუაციის შეფასება ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია. საქართველო შეიძლება დადგეს ორი პრობლემის წინაშე: 1. საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში დამატებითი შეზღუდვების დაწესება ქვეყნის პოზიციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს 2. კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში ინვესტირების მსურველთა რიცხვი და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნისათვის ინვესტიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ს.ე. _ შესაძლებელია თუ არა მწაზე კონტროლის შენარჩუნება საკანონდებლო ნორმების გამკაცრებით _ დავუშვათ, შესაძლებელი იყოს უცხოელებზე მიწის გაყიდვა, მაგრამ არსებობდეს იმის კონტროლი, თუ როგორ ხდება შემდეგ მისი გამოყენება?
გ.ა.
_ მთლიანობაში იცით რა კითხვაზე ვერ ვიღებ ვერანაირ პასუხს _ რა შეიძლება გაუკეთოს ვთქვათ ინდოელმა ან ჩინელმა ინვესტორმა კახეთში ნაყიდ მიწას? _ ინდოეთის ან ჩინეთის ავტონომია გამოაცხადოს? თუ წაიღებს ამ მიწას და მათ სამშობლოს ”მიუერთებს”? საკანონმდებლო დონეზე, რა თქმა უნდა, კონტროლი სახელმწიფოს ახლაც შენარჩუნებული აქვს, თუ მიწის სტატუსი არ იცვლება, ის მუდმივად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად რჩება და მისი სხვაგვარად გამოყენება წარმოუდგენელია.

* * *

საქართველოს მიწის საერთო ფონდიდან (7628.4 ათასი ჰა), 3025.8 ათასი 105 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, საიდანაც სახნავზე მოდის 801.8 ათ. ჰა (26.5%), მრავალწლიან ნარგავებზე 263.5 ათ. ჰა.H(8.7%), სათიბებზე 143.8 ათ. ჰა. (4.8%) და საძოვრებზე 1796.6 ათ. ჰა (59.4%). სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან დამუშავებას ექვემდებარება მხოლოდ 35.2%, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მცირე მიწიანობის პირობებში, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული სავარგულები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანი ფართობიდან განკერძოებულია 25.2% (763 ათასი ჰა), იჯარით გაცემულია 29.7% (898 ათასი ჰა), რაც მთლიანობაში შეადგენს სასოფლოს-სამეურნეო სავარგულების 55%-ს. გამოდის, რომ სავარგულების 45% (1364.8 ათასი ჰა) არავისზე არ არის განპიროვნებული და დაუმუშავებელ-გამოუყენებელი რჩება, აქედან 85.2% (1163.3 ათასი ჰა) არაინტენსიურია (სათიბ-საძოვარი), დანარჩენი 14,8% (201.5 ათასი ჰა) ინტენსიური სავარგულია.

ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებიდან მიწის რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა იყო, რადგან მან სათავე დაუდო მიწის კერძო საკუთრებას, მიწის ბაზრის ფუნქციონირებას, მიწის რეგისტრაციციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას. რეფორმის შემდეგ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადავიდა 763 ათასი ჰა სავარგული (მათ შორის სახნავი 436.6 ათასი ჰა, მრავალწლიანი ნარგავი 181.1 ათასი ჰა, სათიბი 41.9 ათასი ჰა და საძოვრები 83,6 ათასი ჰა). ქვეყანაში დაიწყო ლეგალური მიწის ბაზრის ჩამოყალიბება, მაგრამ მიწის რეფორმის ხაზით გატარებული მთელი რიგი ღონისძიებების მიუხედავად, მიწის რესურსების გამოყენების საქმეში კვლავ ბევრი ხარვეზია.

მიწების პარკულაციის საკითხი, ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორისთვის მეტად მნიშვნელოვანია. საქართველოს პირველი ეროვნული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების მიხედვით, რომელიც ჩატარდა ევროკომისიისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოში 691577-მიწიანი მეურნეობაა რეგისტრირებული. მეურნეობათა 43.1% ფლობს ნახევარ ჰა-მდე მიწის ნაკვეთს, 05, ჰა-დან 1 ჰა-მდე ნაკვეთებს ფლობს მეურნეობათა _ 32%, 1 ჰა-დან 3 ჰა-მდე _ 21.3%. 3 ჰა-დან 5 ჰა-მდე _ 2%, 5 ჰა-დან 10 ჰა-მდე – 0.9%, 10 ჰა-დან 20 ჰა-მდე _ 0.4%, 20 ჰა-დან _ 50 ჰა-მდე _ 0.2%, 50 ჰა-დან 100 ჰა-მდე 0.07 %, 100 ჰა-დან 200 ჰა-მდე _ 0.04%, 200 ჰა-დან 500 ჰა-მდე _ 0.03% და 500 ჰა-ზე ზევით _ 0.01%. ასეთ მეურნეობათა რიცხვი შეადგენს 72-ს.

უნდა ითქვას, რომ 0.5 ჰა-მდე მიწის ფართობზე რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა, მექანიზაციის ან სხვა საშუალებების გამოყენება, შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, პრაქტიკულად გამორიცხულია. ფერმერულ მეურნეობათა ეს კატეგორია ორიენტირებულია თვითუზრუნველყოფაზე და ამდენად, აქ წარმოების საქონლიანობის დონე ყოველთვის დაბალი იქნება. რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახება ამ მდგომარეობაზე მიწაზე გამოცხადებული მორატორიუმი მომავალი გვიჩვენებს.