საკრედიტო სტანდარტების თემაზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

31 იანვარს თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, საკრედიტო სტანდარტების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, მსხვილი აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა.

როგორც კონფერენციის გახსნამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ბოლო წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური განვითარებით გამორჩეული სფეროა. ამას თავიანთ დასკვნებში საერთაშორისო საფინანსო და სარეიტინგო კომპანიებიც აღნიშნავენ.

„ზრდისა და განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია, ბანკებმა დაკრედიტების პროცესის სწორად და ჯანსაღად წარმართვას მეტი ყურადღება დაუთმონ. აუცილებელია, რომ რისკების შეფასებასთან ერთად, ბანკებმა გაცემული სესხების ოდენობა და გადახდის პირობები მსესხებლის მიერ წარმოდგენილ ბიზნესმოდელს მაქსიმალურად მოარგონ. ასევე ბიზნესის ციკლურობა და ფულადი ნაკადების სტრუქტურა გაითვალისწინონ. ამ პროცესის სწორად წარმართვის შედეგი ერთი მხრივ, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მაღალი ხარისხი, მეორე მხრივ კი, ჯანსაღი საკრედიტო პორტფელი იქნება.

დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებით, საქართველოს კომერციულდ ბანკებს საშუალება მივეცით, დაკრედიტების საერთაშორისო სტანდარტებს გაცნობოდნენ და საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება გაეზიარებინათ“, _ განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კონფერენციის მსვლელობისას კორპორატიული და საცალო პროდუქტების კოეფიციენტებზე, საკრედიტო ხარისხზე მათ ზემოქმედებასა და მსესხებლების სავალუტო და საპროცენტო რისკებზეც იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Standards and Poor’s“-ისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები.