GIZ საქართველოს კონკურენციული რეფორმის გატარებაში დაეხმარება

4 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოში კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა იენს დეპემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნის ხელშეწყობას GIZ-ის მხრიდან.

მემორანდუმის შესაბამისად, GIZ კისრულობს ვალდებულებას, კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბების და ფუნქციონირების მიზნით, განახორციელოს სხვადასხვა სახის მხარდაჭერა 3 ფაზიანი (3 ეტაპიანი) სქემით.

კერძოდ, პირველი ფაზა მოიცავს სამართლებრივი აქტების (მეორადი კანონმდებლობის) შემუშავებას სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციის მიზნით.

მეორე ფაზა გულისხმობს სააგენტოს სტრუქტურულ-ორგანიზაციულ მოწყობას, სამუშაოთა აღწერილობას, ადამიანური რესურსების მართვას და ა.შ.

მესამე ფაზა კი, ძირითადად მიმართული იქნება სააგენტოს თანამშრომლების, მოსამართლეების და იმ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების და მასტერკლასების ორგანიზებისკენ, ვისაც საქმიანი კავშირი ექნება სააგენტოს მუშაობასთან.

ხელმოწერას წინ უძღოდა სამუშაო შეხვდრა GIZ-ის წარმომადგენლების, ასევე გერმანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით. აღნიშნული შეხვედრის მიზანია შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავება, რათა კონკურენციის სააგენტომ, მისი შექმნისთანავე სრულფასოვნად და დროულად შეძლოს განახორციელოს დაკისრებული ამოცანების შესრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, შესაბამის ექსპერტებთან ერთად, შემუშავებულია კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ინიცირებით წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

კანონპროექტის უმთავრესი მიზანია ძლიერი, ქმედითი და ეფექტური კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა სამინისტროში მიმდინარეობს „კონკურენციული რეფორმის გატარების“ ფარგლებში. ამ რეფორმის მთავარი გამოწვევა, მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევა და შეიქმნება დამოუკიდებელი კონკურეციის სააგენტო, მდგომარეობს იმაში, რომ შესამუშავებელია სამართლებრივი ბაზა, რის საფუძველზეც სააგენტო განახორციელებს თავის საქმიანობას, ასევე საჭიროა კვალიფიციური კადრები, რომლებიც იმუშავებენ სააგენტოში და ჩამოსაყალიბებელია სააგენტოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც მიმართული იქნება სააგენტოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებისკენ და შესაბამისი ფუნქციების და ამოცანების განხორციელებისკეს.

წყარო: www.economy.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial