აქეთ – აყვავება, იქეთ – ხრამი (ქართული სოფლის ბედი)

პაატა კოღუაშვილი, გიორგი ზიბზიბაძე, სტუ პროფესორები

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა, როგორ ცწესი, მოსახლეობის აღწარმოებისა და შრომითი რესურსების გამოყენების პრობლემების მოგვარებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს. აქვე შევნიშნავთ, რომ დასაქმება და უმუშევრობა მაკრო ეკონომიკის ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომელთა მიმართ ხელისუფლების, საზოგადოებისა და მედიის მუდმივად მაღალი ინტერესი არსებობს, რადგან მათი დონის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის პროგრესსა თუ რეგრესზე, მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მათი ქცევის მოდელებზე. აღნიშნულის სიმწვავე კარგად ვლინდება მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებაშიც, როდესაც სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით რესპონდენტთა დიდი ნაწილი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან უმწვავესად უმუშევრობას ასახელებენ.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია ქვეყნის აგრარულ სექტორში ადამიანური რესურსების გამოყენების პრობლემის განხილვა-გაანალიზება. მისი შესწავლის აუცილებლობა განპირობებულია იმითაც, რომ აგრარულ სექტორთან პირდაპირ კორელაციაშია ეროვნული ეკონომიკის დაახლოებით 17%, ხოლო მულტიპლიკაციური ეფექტის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი ორმაგდება.

სადღეისოდ ოფიციალური შრომის სტატისტიკა ამ მიმართულებით აგროსექტორისთვის მეტად მწირ მონაცემებს იძლევა. ქვეყნდება მხოლოდ სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა და პროცენტული წილი საერთო მოსახლეობაში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა და წილი ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა შორის, სოფლად დასაქმებულთა შემოსავლების ოდენობა და სტრუქტურა. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივი ცვლილების ზოგად მაჩვენებელს, მოსახლეობისა და შრომითი რესურსების ასაკობრივ-სქესობრივ სტრუქტურას, ეკონომიკურ ადაქტიური და არააქტიური მოსახლეობის რიცხოვნობას, დასაქმებასა და სხვა მაჩვენებლებს, ისინი, როგორც წესი, მოცემულია მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, რის გამოც სოფლად (განსაკუთრებით რეგიონების მიხედვით) შრომითი რესურსების ფორმირების, დასაქმებისა და გამოყენების შესახებ ობიექტური სურათის შექმნა ექსპერტული შეფასებით – მხოლოდ მიახლოებითი სიზუსტითაა შესაძლებელი.
დასაქმება ის პრობლემაა, რომლის მოგვარება 2003 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ძალამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვერ შეძლო. პირიქით, მმართველობის 9 წლის განმავლობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 151 ათასით შემცირდა (ქვეყნის მთელი მოსახლეობის 182 ათასით ზრდის პირობებში), ხოლო უმუშევრობის დონე 11.5%-დან 16.1%-მდე გაიზარდა.

ბოლო წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბებული დასაქმების არარაციონალური სტრუქტურა, დარღვეული პროპორციები დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა მაღალი წილით. კერძოდ, 2013 წელს (წინასწარი მონაცემებით) სოფლად ცხოვრობდა ქვეყნის მოსახლეობის 46,2%, ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 58,4%, დასაქმებულთა 63,8%, დაქირავებულთა 32,0% და თვითდასაქმებულთა 84,0%; ასეთ პირობებში აგრარულ სექტორში გასულ წელს შეიქმნა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%.

განსხვავებული სურათია ინდუსტრიულ სექტორში (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა) და ეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებში, რომელთა წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში გაცილებით უფრო მაღალია დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში მათივე წილთან შედარებით.
ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობაში განსაკუთრებით მაღალია თვითდასაქმებულთა დონე (ევროკავშირის ქვეყნებში ის საშუალოდ შეადგენს 14%-ს). მაგრამ, აქ საგანგაშოა არა იმდენად თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რამდენადაც ის, რომ მათი უდიდესი ნაწილი (84%) სოფლის მეურნეობაზე მოდის, სადაც თვითდასაქმებულთა საშუალო თვიური შემოსავალი არსებითად ჩამორჩება ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში დასაქმებულთა შემოსავლებს.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ დარგში მატერიალური დოვლათის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის განმსაზღვრელი ძირითადი მაჩვენებლებიდან მთავარი ადგილი შრომის მწარმოებლურობას უკავია, რადგან ის უშუალოდ გამოხატავს წარმოების ეფექტის თანაფარდობას შედეგის მიღწევისათვის გაწეულ საერთო დანახარჯებთან (საყურადღებოა, რომ სწორედ ეს მაჩვენებელი უდევს საფუძვლად ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორმაციების ცვლას პროგრესული მიმართულებით).
ცნობილი მეცნიერის, ე. ედისონის გამოკვლევებით, მშპ-ს მატების ორი მესამედი შრომის მწარმოებლურობაზე მოდის, ხოლოდანარჩენიერთიმესამედიკი – შრომითიდანახარჯებისგადიდებაზე. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში (მათ შორის აგროსექტორში) შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებლის კრიტიკული შეფასება და სათანადო ანალიზი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს, რადგან ნებისმიერ წარმოებაში გამოყენებულ საწარმოო ფაქტორებს შორის შრომას, როგორც წარმოების შეუცვლელ ფაქტორს, განსაკუთრებული ადგილი უკავია.

Wheat harvesting - Montana

რა სურათი გვაქვს ამ მიმართულებით აგროსექტორში?
სოფლად დასაქმებულთაგან (1100ათასიკაცი) უშუალოდ აგრარულ სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 850 ათასი ადამიანი, ანუ სოფლად დასაქმებულთა არანაკლებ 77% და ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი (49,3%). აღნიშნულის გათვალისწინებით, შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში (მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება ერთ დასაქმებულზე) შეადგენს (2012 წლის მონაცემებით) მხოლოდ 2274 ლარს, რაც საშუალოეროვნულის (15178ლარი) მხოლოდ 15 პროცენტი და სოფლის მეურნეობის გარდა საქართველოს ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების მიხედვით მიღწეული შრომის საშუალო ნაყოფიერების (27728 ლარი) მხოლოდ 8,2პროცენტია. ამასთან, შრომის მწარმოებლურობა საქართველოს აგრარულ სექტორში (თვეზე გადაანგარიშებით), შეადგენს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 125,4 პროცენტს. იმის გათვალისწინებით, რომ აგრარულ სექტორში თითოეული დასაქმებულის ეკონომიკურ საქმიანობა გამართლებული და მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როცა დასაქმებულთა მიერ წარმოებული დოვლათის ღირებულება საარსებო მინიმუმს არანაკლებ სამჯერ მაინც აღემატება,
ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია, მოქმედებს შრომის მწარმოებლურობასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსების გამოყენებას უკავშირდება. კერძოდ, შრომა უკუგების მაჩვენებელი (წლის განმავლობაში წარმოებული სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულების შეფარდება ფაქტობრივად არსებულ მუშახელის რაოდენობასთან), როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე მის ცალკეულ მხარეებში მეტად დაბალია რასაც, მართალია, გარკვეულწილად განაპირობებს ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის მეტად დაბალი დონე, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი მაინც შრომითი რესურსებით დატვირთვის მეტისმეტად ჭარბი დონე, ყოფა-ცხოვრების პირობების არასახარბიელო მდგომარეობა და შრომითი მოტივაციის უქონლობაა.

ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ მაჩვენებლად მიჩნეულია – თუ რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში სოფლად საშუალოდ ერთ დასაქმებულს არა თუ რამდენიმე ადამიანის, არამედ საკუთარი თავის გამოკვებაც არ ძალუძს (ოჯახის გამოკვებას სოფელში დასაქმებული ახერხებს საქმიანობის სხვა წყაროებზე დაყრდნობით – როგორიცაა მომსახურება, ხელზე ვაჭრობა და სხვ.). ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სოფლად დასაქმებული საშუალოდ წლის განმავლობაში ვერ ქმნის იმ ოდენობის დამატებულ ღირებულებას, რაც საკმარისი იქნებოდა უფლის კურთხევის შესასრულებლად, ანუ განაყოფიერდეს და გამრავლდეს, არჩინოს ოჯახი, შესაბამისი განათლება მიაღებინოს ბავშვებს და ა.შ.
ამიტომ დასაქმება მარტო ეკონომიკურ საქმიანობად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან, ერთი მხრივ, ის დამოკიდებულია მოსახლეობის ზრდის დინამიკაზე, ასაკობრივ სტრუქტურულ და პროფესიულ (კვალიფიციურ) შემადგენლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, შრომის საზოგადოებრივ დანაწილებაზე.
ამ კონტექსტში საინტერესოა, თუ როგორია სოფლად რეალური დასაქმების მაჩვენებლის დინამიკა, ანუ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა (თვითდასაქმებულთა ჩათვლით), შეფარდებული მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან).

ექსპერტული გაანგარიშებით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2004 წელს 46,6%-ს შეადგენდა, ხოლო 2012 წლისთვის ის 40%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმების დონეს (დასაქმებული მოსახლეობის რიცხვის შეფარდება 16 წლამდე და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის საერთო რიცხვთან), ის საქართველოში, 2012 წლის მონაცემებით, რეგიონების ჭრილში 27-50%-ის ფარგლებში მერყეობდა.

© Copyright 2012 CorbisCorporation

ჩვენს მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური რუკებით გაანგარიშებული შრომითი რესურსების ნორმატიული სიდიდე სოფლის მეურნეობაში ამჟამად 400 ათ. კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ფაქტობრივი მაჩვენებელი კი 2-ჯერ აჭარბებს მას. აღნიშნულთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ 1990 წელს საქართველოში შრომითი რესურსების საერთო ოდენობა 3212 ათას კაცს, ანუ მოსახლეობის 59,2%-ს შეადგენდა, 2004 წლისათვის მან 2964 ათასი კაცი, ანუ 68,6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში შრომითი რესურსის საერთო რაოდენობა 1990 წელს სულ 610 ათ. კაცს, ანუ სასოფლო მოსახლეობის 25,1% შეადგენდა.

ამჟამად, აგრარულ სექტორში დაბალია წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საქონლიანობის დონე, რომელიც სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებისათვის შეადგენს მხოლოდ 37 პროცენტს. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ 1980-იანი წლების ბოლოს სოფლად მცხოვრებთა შინამეურნეობებში წარმოებული პროდუქციის და საქონლიანების დონესაც (45%).

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აგროსექტორში დღეისათვის სუსტადაა განვითარებული სამეწარმეო სექტორი. გასულ წელს ამ სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 250 მილიონზე ნაკლები შეადგინა, რაც საქართველოს სამეწარმეო სექტორის მხოლოდ 0,5 პროცენტია. აგრარულ სექტორში სამეწარმეო საქმიანობით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არ აღემატება 12 ათას ადამიანს (სოფლად მცხოვრებთა საერთო რაოდენობის 0,6% და აგრარულ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 1,4%).
2012 წელს სოფლად ერთი შინამეურნეობის მთლიანმა საშუალო თვიურმა შემოსავალმა 732 ლარი შეადგინა, მაგრამ თუ შემოსავლების სტრუქტურას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ უშუალოდ აგროსექტორიდან მხოლოდ 254 ლარია მიღებული (ანუ34%), დანარჩენი კი დაქირავებიდან, პენსიებიდან და სხვა სახის შემოსავლებიდან. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ შემცირდა სოფლის მეურნეობების საქონლიანობის დონე, რაც წვრილი მეურნეობების ნატურალური ხასიათის მაჩვენებელია. (აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში სოფლად მცხოვრებთა პირადი დამხმარე მეურნეობების საქონლიანობის დონე საშუალოდ 45%-ს შეადგენდა). უკანასკნელი 9 წლიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში თანდათან მცირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ინდექსი და ამ მაჩვენებლით საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი მსოფლიო ქვეყნებს შორის, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირების ინდექსმა 29% შეადგინა.

რამ გააძლებინა ქართულ სოფელს ასეთ გაუსაძლის პირობებში?
აღსანიშნავია, რომ მატერიალური წარმოების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, აგრარულ სფეროში გამოყენებული შრომა ნაკლებ მობილურია, რისი მიზეზიცაა არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შედარებით გრძელვადიანი ციკლი, არამედ სოფლად ცხოვრები სწესიც, ჩვეულებები, საცხოვრისთან და მიწასთან დამოკიდებულების მუდმივი კავშირის ტრადიცია. ამის გამო, ხშირია ფაქტები, როცა წლების განმავლობაში პერმანენტულად კლებადი მოსავლის მიღების შემთხვევაშიც კი, საოჯახო ფერმები აგრძელებენ ფუნქციონირებას ურთიერთ სოლიდარული, ანუ ურთიერთდახმარების პრინციპის საფუძველზე.

Flock of Sheep

სოფლის მოსახლეობასა და შრომითი რესურსების დინამიკაში მომხდარი ზემოაღწერილი რაოდენობრივი ცვლილებები არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რადიკალურ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ცვლილებებს (წარმოების სოციალისტური წესი შეცვალა კაპიტალისტურმა წარმოების წესმა, საზოგადოებრივი საკუთრება – კერძო საკუთრებამ, განხორციელდა ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც წინ უსწრებდა აგრარული (მიწის) რეფორმა და სხვა), რამაც არსებითად შეცვალა ქვეყნის საერთო ეკონომიკური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური გარემო. ხუთი წლით გაიზარდა საპენსიო ასაკი, წარმოიშვა მანამდე უცნობი ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, ჰიპერინფლაცია და სხვ. მაგრამ აქ დამაფიქრებელია ის, რომ საქართველოს მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის შემცირების ფონზე საგრძნობლად გაიზარდა სოფლის მოსახლეობის წილი.
ეჭვი არაა იმაში, რომ სოფლად მოსახლეობის ზრდის მყარი ტენდენცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარების უკიდურესად დაბალი დონის მაჩვენებელია და ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტიკის პირდაპირი ნეგატიურიშედეგია. ფაქტია, რომ უკანასკნელ პერიოდში სოფლად გაიზარდა შრომითი რესურსების საერთო რაოდენობა, ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა ამავე პერიოდში პირიქით – შემცირდა, რაც არაა გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ იმ დემოგრაფიულ სურათს, რომლითაც დღეს სოფელია წარმოდგენილი (სოფლად იზრდება ხანდაზმული ადამიანების ხვედრითი წილი, ხოლო მოზარდთა წილი კი პერმანენტულად ეცემა).
რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსასწორებლად?

პირველი ნაბიჯი სოფლად შექმნილი არასასურველი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკვე გადადგმულია. მხედველობაში გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, მაგრამ მარტო კანონის მიღება როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე სოფლად მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. ხსენებულ კანონში კი რაიმე სახის კონკრეტული მხარდაჭერა სოფლად საქონელმწარმოებელთა მიმართ არ ჩანს. ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად, საჭიროა შემუშავდეს და ამოქმედდეს სოფლის განვითარების პოლიტიკაც. სოფლის განვითარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარება. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან (სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება), რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის, განვითარების გარეშე (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმართველობა – არჩეული მამასახლისი, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა – გზა, წყალი, ელექტროენერგია, ჯანდაცვა,ბაგა-ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები, კლუბები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, დასაქმება და სხვ.) ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო სოფლის მეურნეობა, არამედ თვით სოფელიც კი.

ამიტომ, ვისაც დღეს საქართველოს ეკონომიკის დაგეგმვა და მართვა ავალია, არ აქვს იმის დავიწყების უფლება, რომ გლეხკაცი არის (და ყოველთვის იქნება, თუ მცდარმა ან დანაშაულებრივმა პოლიტიკამ არ შეუშალა):
– სოფლის, როგორც საზოგადოებისა, ერისა და ეკონომიკური ფუძე-ერთეულის, მოსახლე და შემნახავი (სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელი);
– (სასაზღვრო ზონებში) ტერიტორიის გულით მონდომებული დამცველი;
– ნატურალური პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაში გულწრფელად დაინტერესებული მეურნე;
– შთამომავლობის მრავალრიცხოვნობასა და მაღალხარისხოვან აღზრდაში დაინტერესებული მეოჯახე;
– ქვეყნის კეთილდღეობასა და ძლიერებაში ასევე გულწრფელად დაინტერესებული მოქალაქე.
ამისათვის მას სჭირდება:
– თავისი ოჯახის სავსებით დამაკმაყოფილებელი უზრუნველყოფა;
– ურბანულთან მაქსიმალურად მიახლოებული ცივილიზაციური კომფორტი;
– ურბანულთან მიახლოებული განათლების საშუალება ბავშვებისათვის;
– გონივრული ხარისხი დამოუკიდებლობისა ეკონომიკურ პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობაში (ღვინის ქარხანასთან, საკონსერვო ქარხანასთან, მექანიზაციით მომსახურების ფირმასთან, საწვავით მოვაჭრესთან, ჩაის ფაბრიკასთან, რძის შემგროვებელ და გადამამუშავებელ საწარმოსთან, ხორცკომბინატთან, პირუტყვის სასაკლაოსთან, ლოჯისტიკურ ცენტრთან, საცავ მაცივართან და ა.შ.);
– თავისი შთამომავლობისათვის ფართო (გეოგრაფიულად და სოციალურად) პერსპექტივის იმედი.

როგორც ცნობილია, დღეისათვის ფერმერული მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი სუსტი რგოლი მათი საქმიანობაა მაღალი რისკის პირობებში. აქედან გამომდინარე, მათ ხელი უნდა შეეწყოთ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ქონებისა და მოსავლის დაზღვევის საქმეში.

ამასთან ერთად, საჭიროა აგროსექტორში ისეთი საინვესტიციო პროექტების შემუშავება და რეალიზაცია, რომლებიც სტიმულს მისცემს არა მარტო სოფლის მეურნეობის, როგორც სანედლეულო ბაზის განვითარებას, არამედ აგრონედლეულის გადამამუშავებელი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა რეაბილიტაციას და შემდგომ განვითარებას მარკეტინგული მოთხოვნების გათვალისწინებით (ეს მოთხოვნა ობიექტურია, რადგან აგროწარმოება, გადამამუშავებელი სიმძლავრეების გარეშე, სათანადო დონეზე ვერ განვითარდება).
სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ აგრომეწარმეებს კრედიტზე ხელმისაწდომობის გაზრდისათვის, რისთვისაც შესაქმნელია სპეციალიზებული აგროსაკრედიტო (კოოპერაციული, ურთიერთდახმარების, თავდებობისა და გარანტიების) სისტემა.

Farm in Oregon

არანაკლებ მნიშვნელობას იძენს კონკურენტული უპირატესობის საფუძველზე სასოფლო სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის საკითხების მოგვარება, გადამამუშავებელ საწარმოებთან სასოფლო კოოპერატივების ინტეგრაცია და სხვა.

ყველა შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის ოპტიმალური დონე როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში, ძირითადად დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მთავრობის მიერ აქტიური ეკონომიკური (მ.შ. აგრარული) პოლიტიკის გატარების შემთხვევაში,ზოგადად შრომაზე ერთობლივი მოთხოვნა, ბუნებრივია, გაიზრდება. ის შესაბამისობაში მოვა რეალურად საჭირო შრომითი რესურსის რაოდენობასთან და სამუშაო ძალით უზრუნველყოფის დონემ ის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ აგროსექტორში დარჩება იმდენი მუშახელი, რამდენიც მას რეალურად ესაჭიროება (ამასთან საქართველოს მთავრობას მისაღები აქვს ნორმატიული აქტი „სოფლის მეურნის შესახებ“).
ჩვენი აზრით,სოფლად უნდა იცხოვროს იმდენმა ადამიანმა, რამდენსაც სოფელს სჭირდება თავის სარჩენად და გასახარებლად (ჩვენი გათვლებით, ქართული სოფლის ტევადობა დაახლოებით 2.5-4 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ნაშრომში ვისაუბრებთ). ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ სოფლად (მასწავლებლები, ექიმები, ექთნები, მექანიზატორები, მელიორატორები, კულტურის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვ.), როგორც წესი, ბევრად (3-4ჯერ) აღემატება მათ რაოდენობას, ვინც უშუალოდ დაკავებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, ანუ ხნავს, თესავს, სხლავს, თიბავს, ძროხას წველის და ა.შ.

სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ დასაქმებულთა ნორმატიული სიდიდე (ოპტიმალური რიცხოვნობა) დღეს, ჩვენი გაანგარიშებით (სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური რუკებით), 345-355 ათას კაცს შეადგენს, რაც ნახევარი მილიონით ნაკლებია ფაქტობრივად დაფიქსირებულთან (850 ათასი კაცი). თუმცა მომავალში, ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და ქართული სოფლის სპეციფიური თავისებურების გათვალისწინებით (რთული ვერტიკალური ზონალობა, მრავალდარგოვნება, კულტურათა მრავალფეროვნება და სხვა), შესაძლოა, მათი რაოდენობა ოპტიმისტური სცენარით 300-330 ათას კაცამდე შემცირდეს, ანუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 15-20 პროცენტის ფარგლებში დარჩეს (მხედველობაში გვაქვს, მექანიზაციის დონის ამაღლება, წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა პროგნოზირებადი პროგრესული მიმართულებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ერთი დასაქმებული პირის მიერ, როგორც მინიმუმ 25-30 ადამიანის გამოკვება).

აქვე დავამატებთ, რომ ზემოაღნიშული პროგნოზი რეალურად შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სოფლად საქმიანობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების პარალელურად, ჩატარდება შესაბამისი აქტივობები უკანასკნელ წლებში სოფლის მიმართ ჩამოყალიბებული უარყოფითი ფსიქოლოგიური იმიჯის შესაცვლელად. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს საშოვარზე გადახვეწილი ჯანმაგარი გლეხკაცი მიტოვებულ სოფელს და დაუბრუნოს მას ის ფუნქცია, რომელსაც სოფელი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ქვეყანაში.
სოფლად შემოსავლების ზრდისა და ქალაქთან გათანაბრებული ცხოვრების პირობების შესაქმნელად, საქართველოს მთავრობამ, მსგავსად დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებისა, რამდენიმე დებულებით უნდა იხელმძღვანელოს:
– სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის (სოფლის სტატუსი, რეალური თვითმართველობა, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა), განვითარება, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, რაც ეროვნული იდენტობისა და მოსახლეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს;
– გარემოს დაცვა/შენარჩუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმის განვითარება სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის ზრდის პოტენციალს შეიცავს;
– ინფორმაციის (მ.შ. ტელეკომუნიკაციის) გავრცელებისა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა სოფლის ქალაქთან გათანაბრების აუცილებელი პირობაა;
– სოფლად პროდუქციის სამრეწველო გადამუშავების გაზრდა და ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისება სამუშაო ადგილების ზრდას უზრუნველყოფს.
ჩამოთვლილი დებულებები სრულად პასუხობენ „ლისაბონის სტრატეგიისა“ და „ევროპა-2020-ს“ 5 მოთხოვნას ეკონომიკური „ზრდისა და მეტი, უკეთესი, სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ“.

ეს ამოცანა, თავისთავად, რა თქმა უნდა, არ შესრულდება. ამ მიზნით საჭიროა პრინციპულად ახალი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და აგრო-სასურსათო სექტორის განვითარების მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც საბოლოო ანგარიშით სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და აგრარული შრომის მოტივაციის ამაღლებას უკავშირდება.