რა ღირს განათლება?

ქეთი მიქელაძე

ამ კითხვას შეიძლება ძალიან მარტივი პასუხი გაეცეს და ძალიან რთულიც. მარტივად ასეა: გადავშლით აბიტურიენტის ცნობარს, გადავხედავთ უმაღლესი სასწავლებლის პირობებს, სადაც ყველაფერთან ერთად სწავლების ღირებულებაცაა მითითებული. შემდეგ ყველაზე “იაფ” და “ძვირ” განათლების ფასებს შევადარებთ. თუ სიიაფის ქვედა ზღვარი 200 ლარია (შეღავათები აფხაზეთიდან დევნილთათვის, სხვა კატეგორიისათვის), ზედა ზღვარი 3000 ლარია ანუ 1500 დოლარამდე. საშუალო სტატისტიკური აბიტურიენტი და მისი მშობლები რაღაც ოპტიმალურს ეძებენ, საშუალო ღირებულების განათლებას: “ძვირფასი” განათლება კარგია, მაგრამ ბევრისათვის – მიუწვდომელი.

“იაფი”…ჰმ! ალბათ, – ცუდი. რაც შეეხება მაღალი მოთხოვნილებების აბიტურიენტს და სათაურში დასმული კითხვის რთულ პასუხს, აი, აქ ბევრი საუბარი მოგვიწევს. ოჯახები, სადაც მომავალი თაობა უმაღლესი განათლების მიღებას აპირებს, მართლაც, საგამოცდო ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი. ვინც განათლების საქმეს სერიოზულად ეკიდება, ათას რამეზე მოუწევს დაფიქრება: საერთოდ, რა ცოდნის მოცულობას ეწოდება დღეს განათლება? ხომ არ დაგვემუქრება დისკვალიფიკაციით შესაძლო უმუშევრობა? როგორ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი (ქრთამის გარეშე)? როგორ მივიღოთ ცოდნის ადეკვატური ანაზღაურება (სასურველია დაუყვედრებელი) დაბოლოს ქვეყნის ქრონიკული პრობლემის ფონზე, როგორ დავრჩეთ წესიერ და შეგნებულ მოქალაქეებად, თუ ყველა ზემოჩამოთვლილი ვერ განხორციელდა? ეს ბოლო პუნქტი მაინცდამაინც ბევრს არ აწუხებს, რამეთუ შეეჩვივნენ იმ დაუწერელ კანონებს, რომლის თანახმად ყველაფერი იყიდება, ბაღის მასწავლებლობა, პოლიკლინიკის ექიმობა და ა.შ. ბევრმა სამუშაო ადგილთა ტარიფები სულ სხაპასხუპით იცის, ამის მიმართ პროტესტის გრძნობა არ უჩნდება და ვეღარც წარმოუდგენია თუ არა ასე, სხვაგვარად როგორ უნდა დამკვიდრდეს კონკურენციის პირობებში… ამ ატმოსფეროში გაზრდილ ახალგაზრდებს ძნელად სჯერათ, რომ არის ადგილები, სადაც არავინ “დასვამთ”, ადგილები, რომლებიც არ უყიდიათ. თუ სჯერათ, ეს შეღავათად არ მიაჩნიათ.

2000 წლის აბიტურიენტის ცნობარის მიხედვით, მარტო თბილისში 142 კერძო უმაღლესი სასწავლებელია. მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე კიდევ შემცირდა. შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა რაიონების მიხედვით, თუმცა, რამდენიმეს გაგაცნობთ. “ჩემპიონი” უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობით დიდუბის რაიონია, 39 ერთეული (ბოლო სამი წლის მანძილზე რამდენიმე სასწავლებელმა შეწყვიტა მუშაობა და დღეისათვის შეიძლება ოდნავ ნაკლები იყოს.); შემდეგ მოდის საბურთალოს რაიონი 35 უმაღლესით; არც ვაკე ჩამორჩება სხვებს 33 სასწავლებლით. ყველაზე “ხალვათი” სამგორის რაიონია 3 უმაღლესით და ჩუღურეთი 4 სასწავლებლით… რა უჭირდათ ზღაპრის პერსონაჟებს? სამი გზა იყო: მარჯვნივ, მარცხნივ და პირდაპირ. სამივე მიმართულების შემთხვევაში შედეგიც – ცნობილი. ამხელა მრავალფეროვნებიდან როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა და აბიტურიენტმა სასურველი სასწავლებელი? ზოგი არჩევს ისე როგორც შესავალში ვახსენეთ. არ შეიძლება თქმა, რომ არჩევანი ყოველთვის ბრმაა, ითვალისწინებენ სხვადასხვა სასწავლებელთა, კურსდამთავრებულთა რჩევებს, რეკომენდაციებს, ეცნობიან რეკლამებს, ბოლოს ყველაფერს საკუთარი თვალით ამოწმებენ, ამ შთაბეჭდილებას ფასს შეუფარდებენ და თუ მისაღებია, საბუთებსაც შეიტანენ.

გვესაუბრება აკად. ვასილ ჩანტლაძის სახ. თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის რექტორი, პროფესორი, ბონდო ზარნაძე: “ინსტიტუტი 1992 წელს დაფუძნდა აკადემიკოსების პაატა გუგუშვილის და ვასილ ჩანტლაძის ინიციატივით. ჩვენთან საფუძველი ჩაეყარა საბანკო-საფინანსო და საგადასახადო-საბაჟო სპეციალობების კადრების მომზადებას… ის სპეციალობები, რომლებიც ახლადფორმირებულ საბაზრო ურთიერთობებს სჭირდება, ამ ინსტიტუტის დაფუძნებამდე არსად მზადდებოდა. დაგროვდა ათი წლის გამოცდილება, რასაც ემატება იმ 60-კაციანი პედაგოგთა კოლექტივი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორების, პროფესორების, დოცენტების და აკადემიკოსებისაგან შედგება. თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები საშუალებას აძლევენ სტუდენტს, შეისწავლოს ის “ტექნოლოგია”, რა პროფილითაც სწავლობს. ჩვენ კურსდამთავრებულთაგან 21 ახალგაზრდა ამერიკაში მუშაობს. ბაქო-ჯეიჰანში წაიყვანეს 18 კაცი”. სიტყვას აგრძელებს ამავე ინსტიტუტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტის დეკანი, აზიკო სისვაძე: “რატომ არის დიდი დაპირისპირება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა და კერძო (ფასიან) უმაღლესთა შორის? აქამდე მათ გაბატონებული, მონოპოლიური მდგომარეობა ეჭირათ. იყო დრო, პოლიტექნიკურში 40 ათასამდე სტუდენტი სწავლობდა და ყველამ იცის, ბევრი ნიშანს, ჩათვლას როგორ ახერხებდა. ეს არ ეხება მხოლოდ სპი-ს… ეს იყო უზარმაზარი ფინანსური წყაროები მონოპოლისტ უმაღლესთათვის, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე შემოაკლდათ, ამიტომაც, არსებობს მწვავე დამოკიდებულება “ფასიანთა” და “უფასოთა” შორის. გამოკვეთილია, რომ 1997-2000 წლებში აბიტურიენტთა ნაკადებმა მოიმატა. ვერ ვიტყვით, რომ მათ რიგებში რაიონიდან სჭარბობდნენ, ეს გავრცელებული ხმებია… დრომ მოიტანა ახალი სპეციალობების შემოღება, რაც პირველად აქ მოხდა: ნავთობისა და გაზის ბიზნესი და ფინანსები; სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის ბიზნესი. ტრანზიტული ქვეყნისთვის ეს ძალზე პერსპექტიულია”.

თენგიზ პაპუაშვილი: “რაც შეეხება ბერკეტებს, სტუდენტის ჩამორჩენილობის, არსწავლის შემთხვევაში, არაა პრობლემა გარიცხვა. შარშან ბლომად სტუდენტი გავრიცხეთ. ასეთნი ყველგან არიან, ვისაც სხვადასხვა მიზეზებით უნდათ “სწავლა”. მუშაობს იმიჯიც, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტობის, ამასთან – “უფასო” განყოფილებაზე. ამ იმიჯზე მუშაობს ძველი მენტალიტეტი “ფასიანი სარისკოა” და ა.შ. და მშობელთა დიდი სახსრები”.

კერძო საუბრებით წარმოუდგენელ თანხებს მოისმენთ, რომელთაც ზოგიერთ აბიტურიენტს უხდიან უფასო განყოფილებებზე მოსახვედრად. გაცილებით მეტს, ვიდრე ფასიან უმაღლესში სწავლის ღირებულებაა. ეს, ალბათ, კიდევ შესასწავლი მოვლენაა. საინტერესოა, ასეთ აბიტურიენტებს როგორ ესახებათ სწავლა ან ცხოვრებაში დამკვიდრება.

საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ინსტიტუტის (ESM) რექტორი, სულიკო ქადაგიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტთა გარიცხვა სინამდვილეს ოდნავ შეესაბამება, რეალურად ბევრი გარიცხვის კანდიდატი სტუდენტი ამთავრებს უმაღლესს, მაგრამ ამას არ ახმაურებენ.

ESM დაფუძნდა ქართული და მეორე მხრივ ფრანგული უმაღლესის მონაწილეობით (ევროპის უმაღლესი სკოლა). ფაკულტეტია – გენერალური მენეჯერი. სწავლება იმ პროგრამებითაა, რაც ინგლისში, საფრანგეთში და ამერიკაში. სწავლება ინგლისურად და გერმანულად მიმდინარეობს. ს. ქადაგიძე: “ჩვენთან პირველად, 1992 წელს ძალიან მაღალი კონკურსი იყო. შემდეგ დაიკლო. მაგ. წელიწადში თუ 72 სტუდენტია, ბოლოს ამთავრებს 30. ჩვენთან სწავლა არ ღირს იაფი, წელიწადში 2000 დოლარამდეა. გაცხრილვაც არაა მოსარიდებელი. შეგიძლიათ ნახოთ “სოროსის” ფონდის ამ წლის გამოკვლევა ფასიან უმაღლესებზე, იქ ბევრი რამ ირკვევა”.

მივმართეთ “სოროსის ფონდს”, სადაც საკმაოდ სქელტანიანი გამოკვლევა გვიჩვენეს. (ეს გამოკვლევა იუნესკოს ეგიდით მოხდა). ამ მასალებით უმაღლესები, რომლებიც რიცხავენ სტუდენტებს არიან: სახელმწიფო მოხელეთა ინსტიტუტი, “ალმა-მატერი” (რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი), კავკასიის ბიზნეს-სკოლა, ESM, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი… თუმცა, ფასიან უმაღლეს სასწავლებელთა რექტორთა საბჭოზე ითქვა, რომ უმეტეს სასწავლებლებში ამ გამოკვლევის კითხვებით არავინ მისულა. აღნიშნული საბჭო რამდენიმე წლის წინ ჩამოაყალიბა საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორმა ალექსანდრე კუჭუხიძემ. რექტორები თვლიან, რომ ეს კვლევა არათანაბარი მიდგომით ჩატარდა, ჩამტარებლებმა არ აიღეს სრული ინფორმაცია, ამდენად, შედეგი მთლად ობიექტური ვერ იქნება. უმაღლესთა მესვეურები აცხადებენ: თუ მათთან მივიდოდნენ, წარმოადგენდნენ ინფორმაციას წარჩინებულ თუ გარიცხულ სტუდენტებზე, სასწავლო ბაზაზე და ა.შ. საინტერესო იქნებოდა კომენტარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისაგან, მაგრამ როგორც გაირკვა, ისინი თურქეთში იყვნენ.

გვესაუბრება ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის რექტორი, ამირან მექვაბიშვილი: “სამი წელია ვფუნქციონირებთ. თუ მსურველების რაოდენობას გადავხედავთ, ყოველ წელს იზრდება. ჯერ ასზე მეტი იყო, შემდეგ – ორას კაცზე მეტი, შარშან – კიდევ უფრო მეტი. ვფიქრობ, წელს უფრო მოიმატებს აბიტურიენტთა ნაკადი.

უფრო რომელ ფაკულტეტებზეა მაღალი კონკურსი?
საგადასახადო-საბაჟო; საერთაშორისო ეკონომიკური, იურიდიული… მართალია სხვა ფაკულტეტებზეც სწავლობენ, მაგრამ ამ ფაკულტეტების მიმართ ინტერესი თვალშისაცემია.

სტუდენტი შეუფერხებლად იხდის სწავლის საფასურს, მაგრამ არ თუ ვერ სწავლობს, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს რექტორატი?
მრავალი ბერკეტით ვცდილობთ კალაპოტში ჩავაყენოთ: თუ აცდენს, ვუკავშირდებით; ვთხოვთ ცნობას, თუ საპატიო მიზეზია. ხშირად რაიონში სტუდენტებისთვის დეპეშაც გაგვიგზავნია. თუ არ ცხადდება, არ სწავლობს, გარიცხვის საკითხს პრინციპულად ვუყენებთ. რასაკვირველია, ამას მწვავე რეაქციები მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ასეთმა სტუდენტმა (ყოფილმა) სხვა გზა უნდა იპოვოს… ხდება, სტუდენტები, (უფრო დაუსწრებელი ფაკულტეტების) ითხოვენ დიპლომს და არაორაზროვნად თანხაზეც საუბრობენ, მათ კატეგორიულად ვპასუხობთ, თუ დიპლომი გჭირდება და ცოდნა არა, სხვაგან წადი ანუ “მისამართი შეგეშალა”. ეს დაუშვებელია…

ბევრს აბნევს საერთაშორისო პროგრამები. რითი განსხვავდება ძველი პროგრამებისგან ან რომელ სპეციალობებზე ასწავლიან?
საერთოდ, უცხოეთიდან მიღებულ პროგრამებს განათლების სამინისტროში აჯამებენ და ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ამ მოდელით ასწავლიან. ფონდი “ღია საზოგაოდება საქართველო” მუშაობდა პროგრამაზე: დაწყებითი კლასების მეთოდიკა და სწავლება. პროექტი სექტემბრიდან დაინერგა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ჩანტლაძის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში და ჩვენთან.

გაქვთ თუ არა პედაგოგების შერჩევის პრობლემა?
ყველა სფეროს თავისი უამრავი პედაგოგი ჰყავს, მაგრამ საუკეთესოების არჩევა გვინდა. ეს ძნელია, სანთლით დავეძებთ. შევარჩიეთ პედაგოგები ცენზით, ხარისხით, გამოცდილებით, ამან გაამართლა. არ უარვყოფ, იყვნენ რამდენიმე, რომლებმაც დასაწყისშივე ცუდად გამოავლინეს თავი, არ იყვნენ მოწოდებულნი პედაგოგად. ერთხელ სტუდენტებმა თავად მომთხოვეს, თუ სხვას არ დაგვინიშნავთ პედაგოგად, ლექციაზე არ შევალთო. კარგია, რომ სტუდენტი ამ მხრივ ფხიზელია და აქტიური, რექტორატი იზიარებს ამას და არც წაგვიგია.

გვესაუბრება პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის რექტორი, ლეო ჩიქავა: “წელს იყო ფასიან უმაღლეს სასწავლებელთა დაარსების ათი წლისთავი. ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ… საერთოდ სახელმწიფო სასწავლებლებს მანიად ექცათ ფასიანებზე უარყოფითი საუბარი. მართალია, არსებობენ (უფრო სწორედ ლიცენზია აქვთ) ისეთი სასწავლებლები, რომელშიც სტუდენტმა ოღონდ ფული გადაიხადოს, მეტი მოთხოვნა არა აქვთ, არც – ბაზა, არც – შესაბამისი კადრი, მაგრამ ამის ყველაზე განზოგადება სწორი არაა. იმ შეხვედრაზე აღინიშნა, შოთა ნადირაშვილის მიერ (ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), რომ ჩვენთან რამდენიმე კაცი სახელმწიფო უნივერსიტეტდამთავრებული მოვიდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად, ზოგიერთი – სხვა სპეციალობაზე. გვაქვს მეცნ. აკადემიის, დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, ცალკე – ინსტიტუტის; კომპიუტერული ცენტრი; კომპიუტერები ბევრ უმაღლეს ფასიან სასწავლებელშიცაა. რასაკვირველია, ჩვენთანაც არის სტუდენტების გაცხრილვა, ინგლისურის ფაკულტეტიდან 20-ზე მეტი გავრიცხეთ, იურიდიულიდან 10-ზე მეტი. რაც შეეხება სწავლის ფასს 150-200 დოლარამდეა წელიწადში. გავაკეთეთ შეღავათი ლტოლვილებისათვის, ობლების, ინვალიდებისა და მრავალშვილიანებისთვის. ასეთი თანადგომა ბევრგან არ არის… პედაგოგთა კორპუსია 50-მდე მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები, როგორც ეკონომიკის ისე იურისპუდენციის დარგში: გ. ნადარეიშვილი, გ. ხუბუა, გ. ქირია, მ. ხმალაძე, ოთ. გამყრელიძე, ინგლისურის კათედრის გამგედ – ორბელიანის სახ. პედინსტიტუტის ინგლისური ენების კათედრიდან ლეილა თაქთაქიშვილი.

რაც შეეხება სტუდენტთა ყოველწლიურ მისაღებ კონტინგენტს, უმაღლესებში მერყეობს 1100 ადგილიდან… 11 ადგილამდე. მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში ე.წ. “ფასიანი” სტუდენტები წელიწადში 1100 კაცია, “უფასოები” – 13 ათასამდე. საერთოდ, საბიუჯეტო სტუდენტები გაცილებით მეტია. რაიონებიდან და თბილისიდან სწავლის მსურველები დაახლოებით 50/50-ზეა. ასევეა – გოგონების და ვაჟების წილი. თუ ფასიან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტის საშუალო არითმეტიკულად ავიღებთ 200 კაცს, თბილისის უმაღლესთა მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 30 ათასი კურსდამთავრებული მოგვევლინება, მაგრამ, “სოროსის” ფონდის ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით ფასიან სასწავლებელთა სტუდენტები 47 000 სჭარბობენ.

გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო მეთოდური სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან კლიმიაშვილი: “როდესაც ჩვენთან, 1994 წელს ფასიანი ფაკულტეტები გაიხსნა 100 აბიტურიენტი მოვიდა, შემდეგ წელს – 350, შემდეგ ორ წელიწადს ერთნაირი ციფრი დაფიქსირდა, 750 კაცი. 2000-2001 წლებში 1100 კაცია და ალბათ, ამ რიცხვზე შეჩერდება… არაა რთული სათქმელი ისიც, თუ რომელ ფაკულტეტებს ეტანებიან: მთარგმნელ-რეფერენტი, სახელმწიფო მართვის მოხელე, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტები, იურიდიული, ეკონომიკური. ვერ დავეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ფასიანი უმაღლესები უფრო რაიონებიდან ჩამოსულებით კომპლექტდება; ზოგჯერ რაიონის სკოლიდან უფრო უკეთესი ცოდნით ჩამოდის ახალგაზრდა, ვიდრე თბილისის სკოლიდან. ფასიანზეც და უფასოზეც თბილისელების და რაიონელების წილი თანაბარია. რაც, შეეხება, სწავლის ფასს, ის 150 დოლარიდან 750 დოლარამდე მერყეობს. სპეციალობების მიხედვით… თუ სტუდენტი იხდის, მაგრამ ვერ სწავლობს, კურსზე 2-ჯერ ვტოვებთ, ხოლო მესამედაც თუ არ “ეშველა”, ვრიცხავთ. ასე ბევრი სტუდენტი გაცხრილულა. პედაგოგთა კორპუსი 3 ათას კაცამდე გაგვაჩნია, ჩვენ მათი ძებნა არ გვჭირდება, დიდი რეზერვი გვყავს ყველა სპეციალობით”.

ისე, ყველაზე დიდი ბუმი ფასიან სასწავლებლებში 1992 წელს იყო, მაშინ, როცა “სამხედრო ვალდებულების შესახებ” კანონი მიიღეს. მის მიხედვით სამხედრო კათედრის მქონე სასწავლებლები სტუდენტს ჯარში გაწვევისაგან იცავდნენ. ამიტომაც ვაჟების მასამ, რომელსაც “ჯარის პრობლემა” ჰქონდა თავი მოიყარა უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა, არის სტუდენტთა ნაწილი, რომელთაც ეს არ ეხება.

სწავლა ძნელია და ძვირი. ის უკვე ფუფუნებაა, თუმცა, შეიმჩნევა სწავლით დაინტერესება, განათლების ფასის გაცნობიერება, რაც წინა წლებში დათრგუნული იყო. შეიძლება გასაკვირია, მაგრამ მოსახლეობაში არის იმის სახსრები, ბავშვს ფასიანი ცოდნა მიაღებინონ. ისიც ვიცით, რომ არც “უფასო” ცოდნაა ამ სიტყვის შესაბამისი. საინტერესოა, რა სიტუაციაა რუსეთში. “რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი სამმართველოს ცნობით, ყველაფრის ყიდვა შეიძლება – მისაღები გამოცდებით დაწყებული, წითელი დიპლომის ჩათვლით. ეს ეხება უმაღლესებსაც და სკოლებსაც. 2001 წელს პასუხისგებაში მისცეს 390 განათლების სფეროს მუშაკი. ეს წინა წელთან 12%-ით მაღალი მაჩვენებელია. შარშან ქრთამის გამოძალვის 1088 შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა რეგიონში. ითვლება, ყველაზე მაღალი ტარიფი ფიზკულტურის და სპორტის აკადემიაშია – 4000 დოლარი. ერთი სიტყვით, დანაშაულის 70% უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის. გამოავლინეს ასტრახანის ტექნიკური უნივერსიტეტის მექრთამე ჯგუფი, 2000-2001 წლებში სტუდენტებს ჩათვლებსა და გამოცდებში 1500-დან 7000-მდე რუბლს სძალავდნენ. გამოვლინდნენ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთა ხელმძღვანელებიც. სასწავლო დაწესებულებებს არენდით გასცემდნენ და ამაში ქრთამსაც იღებდნენ. არ არის საიდუმლო, რომ ინტერნეტის საიტებში მისაღები გამოცდების პერიოდში, ღიად სთავაზობენ ატესტატებს და დიპლომებს. “შავი ბაზრის მონაცემებით, სახელმწიფო ნიშნიანი ბლანკი 250 დოლარზე მეტი ჯდება. ირწმუნებიან, რომ მათი ნამდვილობის დაზუსტება ვალუტის შესამოწმებელი დეტექტორითაც შეიძლება… არის ბლანკები, რომლებიც ყალბია, მაგრამ ნამდვილს ძალზე ჩამოგავს. ასეთები 1000 რუბლია. თუ ნამდვილი ატესტატი 200 დოლარი ღირს, ყალბი – 400 რუბლი. ტექნიკუმის დამთავრების ნამდვილი მოწმობა 180-200 დოლარია, ყალბი – 700 რუბლი. ყველაზე ძვირი მეცნიერებათა კანდიდატის, დოქტორის დიპლომების დამზადებაა. ზოგიერთი მონაცემით, ასეთი “სწავლა” უბრალო ინსტიტუტში სტუდენტს 4 000 დოლარი უჯდება, “სწავლა ” კი სამი კვირა გრძელდება.” ეს ნაწყვეტი გაზეთ “გაზეტადან” იმიტომ არ მოვიყვანეთ, რომ ყველაზე ასე ვიფიქროთ და აბიტურიენტი, მშობელი დავაფრთხოთ. უბრალოდ, არჩევნისას ფხიზლად უნდა იყოთ, მაქსიმალურად დააკვირდეთ იმ სასწავლებელს, რომელსაც მომავლის ფუნდამენტს ანუ განათლებას ანდობთ.

უინტერესო არც უცხოეთის პრობლემებია: ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში მაგისტრის ხარისხი “ბიზნესის ადმინისტრაცია” 2 წლის მანძილზე 30 000 დოლარი ღირს. ეს მხოლოდ სწავლის გადასახადია. ცხოვრება და სხვა ხარჯები – 25 000 დოლარამდე. მოსწავლეები ძალიან შეძლებულნი უნდა იყვნენ, რომ ისწავლონ და სამუშაოს შოვნის იმედიც უნდა ჰქონდეთ. ბიზნესის სკოლები თვითონაც ცდილობენ დაასაქმონ კურსდამთავრებულები, მაგრამ ყველას ვერ ასაქმებენ. სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის ფინანსური რისკი რჩება. ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულნიც რჩებიან სამუშაოს გარეშე. მათი მხოლოდ 20% ახერხებს სპეციალობით ადგილის პოვნას. სკოლების ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ეს ნორმალური რიცხვია. თუ 2001 წლამდე კომპანიები უმაღლეს სასწავლებლებში 3-4 ვაკანსიას გზავნიდნენ, ახლა, ერთს ძლივს აწვდიან. ვარაუდობენ, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

როგორი იქნება 21 საუკუნის საქართველო, დღევანდელ სტუდენტებზე 20-25 წლის ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. მომავლის საქართველოზე, მის განათლებაზე, როგორც უარყოფით, ისე დადებით პროგნოზებს მოისმენთ. უარყოფითს მათგან – ვინც ხელმოკლეა და შვილს განათლებას ვერ აძლევს, მომავალში გამყიდველად და შავ მუშად მოიაზრებს. დადებითს მათგან – ვისაც სწავლის ფული აქვს ან ასწავლის, ანუ ლექტორები. მიჩნეულია, რომ კურსდამთავრებულ ჰუმანიტარებისთვის ძნელიაA ცხოვრებაში დამკვიდრება. მაგრამ საქართველოს ჰუმანიტარულ-სახელოვნებო აკადემიის რექტორს, დემურ ბაშალეიშვილს ასე არ მიაჩნია: “11 წელია ვარსებობთ და ყოველთვის დიდი კონკურსი გვაქვს. მაქვს პრინციპი, რომლისთვისაც არასოდეს გადამიხვევია: წელიწადში ვიღებ მხოლოდ 11 აბიტურიენტს! მარტო ჩვენთან მზადდება ჟურნალისტი ხელოვნებათმცოდნე, სწავლობენ კინოს, თეატრს, მხატვრობას. დღეს ჟურნალისტი ოპერაში რომ გაგზავნო, პროფესიონალურად ვერაფერს დაწერს. სპეციალიზირებული ჟურნალისტი ყველგან საჭიროა. ჩვენი კურსდამთავრებულები ცხოვრებაში არ იკარგებიან. ზოგი კერძო ტელევიზიის თანადამფუძნებელია, ზოგი I, ზოგი IX არხზე მუშაობს, ნაწილი – გაზეთებში. არ მახსოვს გაცდენები და მისთანები. ისეთი საინტერესო და დატვირთულია სასწავლო პროცესი… სწავლების ფასი კი კონფიდენციალურია, ეს სტუდენტისა და რექტორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. აუცილებლობას არ წარმოადგენს თანხის გახმოვანება”.

სამიოდე წლის წინ ერთმა რექტორმა განაცხადა, სულ დასაქმებას რომ გაიძახით, ცუდია, თუ ყველა ოჯახში იქნება ექთანი, ეკონომისტი, პროგრამისტი და ერთიც იურისტიო? ძალიან კარგია, მაგრამ მათ თავიანთი განათლება რომ არ დაუჩლუნგდეთ, ისევ დასაქმება და ანაზღაურება სჭირდებათ. აქ წამოიჭრება ყველაზე მწვავე კითხვა: არის კი ამდენი კარგი სპეციალისტის საჭიროება? (ცუდზე ჯერ არაა საუბარი) როდის იქნება მათზე მოთხოვნა? ზუსტად ამ ვითარებას ეხმიანება ნაწყვეტი ფრიდრიხ ჰაიეკის მონოგრაფიიდან “გზა მონობისაკენ” (“ახალი სამყარო” 1991, #7) იგი მსჯელობს ნებისმიერი დარგის სპეციალისტთა სიმპათიებზე… გეგმიური ეკონომიკის მიმართ. მეტიც, ისინი ხშირად მგზნებარე პროპაგანტისტებიც ხდებიან. ავტორი სულაც არ გულისხმობს მხოლოდ პოსტსაბჭოთა საზოგადოების ნოსტალგიებს. ლაპარაკია, ხუთსაუკუნოვანი კაპიტალისტური გამოცდილების ქვეყნების მოქალაქეებზე. სპეციალისტი ადრე თუ გვიან ხვდება, რომ მასზე საჭიროების გარანტია არ არსებობს. გამოსავალი? არავინ იცის, მაგრამ გულში ნატრობს გარანტიებს ერთი წლით, მეტი ხნით, სამუდამოდ… რეალობაში კი შეიძლება არარეალიზებული იყოს წლების მანძილზე და ვაითუ სამუდამოდაც აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა სპეციალისტმა უნდა აირჩიოს ორი გზიდან: ან – თანადგომითი იქნება მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, თანამოქალაქეებისადმი, ან მხოლოდ მომთხოვნი, გამომყენებლური. სჭირდება დაფიქრება იმაზე, რაზეც უმაღლესში სწავლისას არ უფიქრია: თავისი ქვეყნის ადგილზე, შესაძლებლობებზე და ა.შ. ეს ძნელია… ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ არსებობდეს სახელმწიფო აუცილებლობით გამართლებული “უზენაესი” გეგმები, რაც მათ უზრუნველყოფს დაკვეთებით. მათ არ აინტერესებთ, სჭირდებათ ან შეწვდებიან თუ არა მის პროდუქტს, გნებავთ – ინტელექტუალურს. ოღონდ კარგად გადაუხადონ და სხვათა ბიუჯეტი არ ადარდებთ… მეორე გზაა ამ მოდელზე უარის თქმა, მეორე ტიპის სპეციალისტებისთვის ეს არაბუნებრივია, სხვათა ირიბი იძულებაა, საკუთარი პროფესიონალიზმის სხვებზე თავს მოხვევა. ამიტომაც მიდიან კონკურენციის თავისუფალი, მაგრამ ეკლიანი გზით. რამეთუ, ეს უფრო ღირსეულად მიაჩნიათ. ჰაიეკის აზრით, ასეთები ძალიან ცოტანი არიან. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. საკმარისია, სტუდენტს კონკურენცია უხსენოთ, ვერაფერს იტყვის იმის გარდა, რომ ცოდნას პატარა “ხელის კვრა და დარეკვა” სჭირდება. მათაც სურთ გარანტირებული სამუშაო ადგილი, შეკვეთა, პაციენტი თუ გამოგონების დამნერგავი… სჯერათ, რომ სადღაც არსებობს “საყოველთაო კეთილდღეობა”, რომელსაც ჰაიეკმა ყველა დროის უდიდესი ტყუილი უწოდა და რასაც დღემდე ფასადად იფარებდნენ ხან პოლიტიკური პარტიები, ხან – დიქტატორები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial