ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი

აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს. ბუნება ისე შეწუხდა ამ უმსგავსობით, რომ სწორედ იმ ღამეს გაუგონარი ჭექა-ქუხილი ატყდა, წვიმა ნიაღვარივით მოვარდა და მთაწმინიდს ანძას მეხი დაეცა. განრისხებულმა ბუნებამ მეხი ესროლა მწვანეთა მოძრაობის უტიფრობას და ფარისევლობას.

მწვანე მოძრაობა, რომელიც ხანდახან არა თუ ხის მოჭრაზე, ფოთლის მოწყვეტაზეც კი ტირის, ჰუდონ-ჰესის ირგვლივ ატხელ აურზაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყველასთვის მოულოდნელად, ნავთობკომპანიების ხუთეულს, რომლებთაც საქართველოში უხარისხო საწვავი შემოაქვს, მწვანე ბიზნესის სახეებად ასახელებს.
ამ უხარისხო საწვავის თემას ცოტას თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ეს უხარისხობა ნიშნავს ბენზინში ტყვიისა და სხვა ქიმიური მინარევის დამატებას, რომელიც პირდაპირ კიბოს გამომწვევია. ამასთან დაკავშირებით არა ერთ სპეციალისტს გაუკეთებია თავის დასკვნა, მაგრამ ამ დასკვნებს რატომღაც არავინ ყურადღებას არ აქცევს და არც ეს ნავთობკომპანიები აგდებენ რამედ – რაში აინტერესებთ? გვწამლავენ, გვპარავენ და თან ზედმეტ ფულს გვახარჯვინებენ. პასუხს არავინ სთხოვს, არც მწვანე მოძრაობა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა – მწვანე პლანეტაზე ზრუნვა.

ჩემს მეგობრებს მინდა მივმართო მწვანეთა მოძრაობიდან, ამ აღდგომის დღეებში მაინც კმარა ეს ფარისევლობა. მწვანე ბიზნესის ლოზუნგის ქვეშ მაინც ნუ მოიწვევთ ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს და მწვანე ბიზნესის სახეებად ნუ აქცევთ. მოიკელით ცოტა გრანტები და სუფთა ადამიანებად დარჩით, არის ამ ქვეყნად ფულზე მაღალი ღირებულებები, მაგალითად: სინდისი, ადამიანების რწმენა, სამართლიანობა. თუმცა, რაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ ფარისელობის მოტრფიალე ადამიანები ვართ, ხან ნატოში შევდივართ, ხან ევროკავშირში, ხანაც – არასად შევდივართ; ყველაფერში მოგონილი ზღაპარი გვიყვარს, ხან ვაკის პარკში რესტორნის მშენებლობას ვაპროტესტებთ და ხმას არ ვიღებთ, რომ სპორტის სასახლის წინ მოედანი, რომელიც ჩვენი ბავშვების სათამაშო ადგილი იყო, დღეს კორპუსებით არის სავსე და ამაზე მწვანეების პროტესტი რატომღაც არ მახსენდება. ხან ვებრძვით ჰუდონ-ჰესის მშენებლობას და პარალალურად მთელ ქვეყანას საწვავში ქიმიური მინარევებით ვწამლავთ და მეტიც, ამის ჩამდენებს ვაჯილდოებთ ყველაზე უტიფარი ნომინაციით – მწვანე ბიზნესი.

ვფიქრობ, რომ ქართველების ყველაზე დიდი მტერი ფარისევლობაა. ჯერ ამ მომაკვდინებელ ცოდვას უნდა მოვერიოთ და მერე ვებრძოლოთ გარე თუ შიდა მტრებს და შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, ევროპაში ვიქნებით თუ აზიაში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial