EBRD-ის საქმიანობა საქართველოში

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

14-15 მაისს, თბილისი, პირველად კავკასიის რეგიონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. დღეისთვის ეს საქართველოში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის წევრი 64 ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები – დაახლოებით 2000 მონაწილე. წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ფასდება ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მისი სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები.

ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს და ბიზნესფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ, საინვესტიციო და კულტურულ შესაძლებლობებს.

4

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1991 წელს დაარსდა. იგი იყენებს საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რათა ცენტრალური ევროპისა და აზიის დაახლოებით 30 ქვეყანაში შეიქმნას საბაზრო ეკონომიკა და განვითარდეს დემოკრატია. მისი მიზანი შექმნის დღიდან იყო, ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისთვის კერძო სექტორის შექმნაში დახმარება და ხელისშეწყობა. EBRD-ი გასცემს სესხებს, გარანტიებს, სალიზინგო ობიექტებისა და სავაჭრო დაფინანსებას. იგი, სხვადასხვა პროგრამების ხელშეწყობის მეშვეობით, აფინანსებს პროფესიულ განვითარებასაც. იმისთვის, რომ პროექტმა შეძლოს EBRD-ის დაფინანსების მოპოვება, უნდა: მოქმედებდეს EBRD-ის რჩეული ქვეყნის ფარგლებში; გააჩნდეს ძლიერი კომერციული პერსპექტივები; ჩადოს მნიშვნელოვანი სააქციო კაპიტალი ნაღდი ფულის ან უძრავი ქონების სახით, პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს ადგილობრივ ეკონომიკას და დაეხმაროს კერძო სექტორს განვითარებაში; დააკმაყოფილოს საბანკო და გარემოსდაცვითი სტანდარტები. შექმნის დღიდან დღემდე EBRD-ის საერთი ჯამში ყველა იმ ქვეყანაში სადაც ოპერირებს, დაახლოებით 20 000 პროექტი აქვს დაფინანსებული.
EBRD საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. EBRD-ის მიერ დღემდე საქართველოში დაფინანსებულია დაახლოებით 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების 175 პროექტი, დაფინანსების 81% მოდის კერძო სექტორზე. 2013 წლის 4 სექტემბერს EBRD-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგია საქართველოსთვის, სადაც გაწერილია ევრობანკის პრიორიტეტები 2013-2016 წლებში. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა – საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის განვითარება.

4

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უმთავრეს პრიორიტეტს საქართველოში საფინანსო ინსტიტუტები წარმოადგენს. EBRD სწორედ საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ახორციელებს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის დაფინანსებას ქვეყანაში. მნიშნელოვან წილს იკავებს ენერგოსექტორი. შედარებით მოკრძალებული წილი უკავია აგრობიზნესს, საკუთრებას, ტურიზმსა და ტელეკომუნიკაციებს. ამ მიმართულებით ბანკის პროექტების დაახლოებით 13 პროცენტია განხორციელებული. თუმცა, ყველაზე მცირე წილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტებში ინფრასტრუქტურას უკავია, რაც უპირატესად მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტრანსპორტის სექტორის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ზემოთ ნახსენები 2013-216 წლების სტრატეგიის მიხედვით საქართველოში EBRD-ის საქმიანობა ფოკუსირებულია შემდეგ სფეროებზე:

4

• კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა. ბანკი გააგრძელებს ოპერაციებს კერძო სექტორის კლიენტებთან პირდაპირ და არაპირდაპირ, საქართველოში მოქმედი კერძო ბანკების საშუალებით. პოლიტიკურ დიალოგთან დაკავშირებული აქტივობები ამ სფეროში ფოკუსირებულია რეფორმების დაუმთავრებელ პროგრამაზე მმართველობის, კანონის უზენაესობის და კონკურენციული სტრატეგიის სფეროებში, ხელისუფლების პრიორიტეტების შესაბამისად.

• ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაციის დასრულება. ბანკი დაასრულებს ენერგეტიკის სექტორში ადრე დაწყებულ პროექტებს, რომელთა მიზანია ენერგიის წარმოების ზრდა და საექსპორტო ბაზრების წვდომა. მომავალი პროექტები ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მონაწილეობას, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სტრატეგიული დიალოგით შიდა ბაზრების რეფორმირებასთან და თანამედროვე მარეგულირებელი სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით.

• საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. ბანკი ფოკუსირებული იქნება პროექტებზე სხვადასხვა სფეროებში, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციების და ფინანსური სექტორის ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს ტრანსეკონომიკურ აქტივობებს. ბანკი დახმარებას გაუწევს უნარების გადაცემის შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისათვის, რათა მან შეძლონ სავაჭრო შესაძლებლობების უპირატესობების გამოყენება და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი უფრო ფართო რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში. ბანკი მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებთან და მრავალმხრივ და ორმხრივ პარტნიორებთან, ევროკავშირის ჩათვლით, თავის ოპერაციებში, აგრეთვე წარმართავს პოლიტიკურ დიალოგს საქართველოში გარდამავალი პერიოდის მაქსიმალური ზემოქმედების მისაღწევად.

რაც შეეხება საქართველოსთვის ძირითად გამოწვევებს ბანკიანალიტიკოსები ასეთად მიიჩნევენ:

• ეკონომიკაში კერძო ინვესტიციების დაბალი დონეს. როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკის ანგარიშში ვკითხულობთ „კრიზისის დროს კერძო ინვესტიციები შემცირდა დაახლოებით მშპ-ის 8 პროცენტით. უნდა გაფართოვდეს მთავრობის ძალისხმევა წაახალისოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ინვესტორებისა და სექტორების უფრო დივერსიფიცირებული სპექტრის მოსაცველად. შიდა დანაზოგების სტიმულირება, საპენსიო სისტემის კერძო დაფინანსების განვითარებით, ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიცებს, ასევე კაპიტალის ადგილობრივი ბაზრების განვითარებას“.

4

• განახლებადი ენერგიის სექტორის გამოუყენებელი პოტენციალს. „ქვეყნის ენერგეტიკულმა სექტორმა გარდამავლ პერიოდში განიცადა ფაქტობრივი კოლაფსი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში დაექვემდებარა მნიშვნელოვან გარდაქმნას, ჰიდროენერგიის მოცულობების აღდგენით და გადამცემი ქსელების შექმნით. მაგრამ საქართველოს ინტეგრაცია რეგიონალურ ენერგი ბაზარში არასრული რჩება, სექტორი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს განაწილების და სეზონური მიწოდების არამდგრადობის შედეგად“ – წერია სტრატეგიაში.

• შეზღუდულ ინტეგრაციას წარმოების რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებსა და ღირებულებით ჯაჭვში. „რეგიონალური ექსპანსია ხელს შეუწყობს ევროპული, რუსული და სხვა მეზობელი ბაზრების მეტ ხელმისაწვდომონას, რაც უფრო ფართომასშტაბიან ინვესტიციებს მოიზიდავს. საქართველოს მდებარეობა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი დაეხმარება გადასვლას სტრატეგიული სატრანზიტო კორიდორიდან უფრო ფართო რეგიონის ლოჯისტიკურ პლატფორმაზე. ეს მოითხოვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომ გაუმჯობესებას, ლოჯისტიკის საშუალებებსა და მრეწველობაში ინვესტირებით, რაც გაზრდის ქვეყანაში ტრანზიტით გადაზიდული საქონლის ღირებულებას“ – ვკითხულობთ ბანკის სტრატეგიაში.

რაც შეეხება პროექტებს, რომელიც EBRD-ის თანამონაწილეობით ამჟამად ხორციელდება, მათი საერთო მოცულობა დაახლოებით 618 მილიონი ევროა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial