თაღლითობა ინტერნეტით

სოფიკო სიჭინავა

საქართველოში, საქმიანი ადამიანებისთვის უცხო არ უნდა იყოს მათ ოფისებში ელექტრონული ფოსტით მიღებული კონფიდენციალური წერილები, სადაც ადრესატს უცბად გამდიდრებასა და მილიონერად გადაქცევას სთავაზობენ. მომხიბლავი, გონიერი და ინტელექტუალრი თაღლითები ფილმის გმირებად თუ გამოდგებიან და მათი გამჭრიახობა მხოლოდ ეკრანიდან თუ იწვევეს აღფრთოვანებას. ცხოვრებაში კი ძალიან ძნელია თავი ასეთი თაღლითის მსხვერპლად წარმოიდგინო, თანაც, საქმე მხოლოდ გაძარცვასა და ბანკროტად ქცევაში როდია, ეს საუკეთესო შემთხვევაა……

უმცა, დღეს, თითქმის ყველამ იცის, რომ ეს ჩვეულებრივი აფერაა, რომელსაც ძალიან მარტივი სცენარი აქვს და მასზე ცოტა თუ წამოეგება. რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო:
“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მისამართზე, სადაც ახლა ჩემი ოფისია განლაგებული, სამხრეთ აფრიკიდან წერილი მოვიდა, რომლის ადრესატი გახლდით არა მე, არამედ იგივე მისამართზე ადრე მცხოვრები აწ გარდაცვლილი, ჩემი სეხნია. Pპირველი რეაქცია, რასაკვირველია, გაოცება და უნდობლობა იყო, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ მიმოწერით არაფერს ვკარგავდი და ჩემი მხრიდანაც “პატარა აფერა” წამოვიწყე, ვითომ ნამდვილი ადრესატი ვიყავი”. – ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი ჯერ უცნობ, მაგრამ საკმაოდ საშიშ საქმიანობაში ჩაება.

წერილის შინაარსი კი ასეთი გახლდათ:
“წარმომიდგენია, თქვენი გაოცება, როცა უცნობი პიროვნებისაგან მოულოდნელად წერილს მიიღებთ. მე ვარ ალბერტ სანკარა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, პრეზიდენტ ლორენტ კაბილას მრჩეველი.

მიმდინარე წლის პირველ კვირას პრეზიდენტმა დამავალა მეწარმოებინა მოლაპარაკება იარაღით მოვაჭრე კომპანიებთან სამხრეთ აფრიკაში. კონგოს დატოვებამდე, პრეზიდენტი და მე დარწმუნებულები ვიყავით ოპოზიციის გეგმის სრულყოფაში ხელისუფლების გადატრიალების შესახებ.

2001 წლის 15 იანვარს სამხრეთ აფრიკაში 55 მლნ აშშ დოლარით ჩავედით. მოულოდნელად შევიტყვე პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ, ვინც მე ამ მისიით გამაგზავნა. აღნიშნულმა ამბავმა მაიძულა მისი ერთგულების დასამტკიცებლად პრეზიდენტ მობუტუ სესე სეკოს გადაგდება. გადავწყვიტე დამებანდებინა ფული იოჰანესბურგის სადაზღვევო კომპანიაში. მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში თავშესაფრის ძებნა დავიწყე, კომპანიისგან შეზღუდვები გამიჩნდა, რის გამოც თანხის გამოყენება არ შემიძლია. ამიტომ ვეძებ იმ ღვთისნიერ ადამიანს, ვინც დამეხმარება აღნიშნული თანხა თავის კომპანიასა თუ პერსონალურ ანგარიშზე გადმორიცხოს.
რისთვისაც გთავაზობთ:
1) დახმარებისათვის მთლიანი თანხის 15%-ს;
2) 10%-ს ნებისმიერი სახის ხარჯებისათვის;
3) დანარჩენი 75% იქნება ჩემი ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში;
საქმის წარმატებით დასრულებამდე პასუხისმგებელი ვარ. ერთადერთი თქვენგან რასაც ვითხოვ, არის გულწრფელობა. თუ დაინტერესდებით ჩემი დახმარებით, გთხოვთ დამიკავშირდეთ X ნომერზე. თუ დახმარებას ვერ შეძლებთ, საიდუმლოდ შეინახეთ”.

ეს გახლავთ ტიპური “ნიგერიული წერილი”, რომელიც ინტერნეტით უპრობლემოდ “დასეირნობს”, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წერილი ფოსტით მოვიდა და მას ადრესატად კონკრეტული პიროვნება ჰყავდა. წერილი მართლაც სამხრეთ აფრიკიდან იყო გამოგზავნილი, თუმცა, წერილში არ იყო მითითებული სანკარა საიდან იცნობდა ამ პიროვნებას და თუ იცნობდა, წერილში არ ფიგურირებდა ტრადიციული მოკითხვის სიტყვები.

“ჩვენ, ძირითადად, ტელეფონით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და წერილებს ფაქსით ვგზავნიდით. ასეთმა ურთიერთობამ დიდხანს გასტანა. სანკარა ერთადერთს, რასაც ყველა წერილში იმეორებდა და დაჟინებით მოითხოვდა, ჩემი სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება იყო. ასეთი დაჟინება ეჭვს იწვევდა, რადგან დღესაც მგონია და მაშინაც ვფიქრობდი, რომ თანხის გადმოსაქაჩად ეს არ იყო ასეთი აუცილებელი”.

ამონარიდი წერილიდან:
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენს მიერ ფაქსით გამოგზავნილი წერილის გამო. თქვენმა პასუხმა, უკვე მეორედ, დამარწმუნა თქვენს კონფიდენციალობაში და იმაში, რომ თქვენ შეძლებთ საქმის ბოლომდე მიყვანას, ისე, როგორც დაგეგმილია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნება მიბოძეთ გაგაცნოთ საქმის წარმოების პროცესები. პირველი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, ჩამოფრინდეთ სამხრეთ აფრიკაში და თქვენს სახელზე გახსნათ დროებითი ანგარიში სამიდან ერთ-ერთ კომერციულ ბანკში. მას შემდეგ, რაც ფული ამოღებული იქნება ამჟამინდელი ადგილსამყოფელიდან (შენტრყ შეცურიტყ Gროუპ Lტდ), იგი მაშინვე უნდა ჩაირიცხოს თქვენს დროებით ანგარიშზე. იქიდან იგი ნაწილ-ნაწილ გადაირიცხება თქვენს ქვეყანაში. გაივლის საუკეთესო საინვესტიციო მენეჯერს (სამხრეთ აფრიკის Nედ ბანკიდან) ხელში საჭირო ლეგალური დოკუმენტაციით, რომელიც ამტკიცებს ფულის კანონიერ წყაროს. შეთანხმება უკვე გაკეთებულია სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკსა და ფინანსთა დეპარტამენტთან. ყველა ეს გარიგება მოხდება ერთი და იგივე პირის, ზემოთ მოყვანილი ბანკის მმართველის მიერ. Mმთლიანი საქმის წარმოების პერიოდი შემცირდა და უფრო გაიოლდა. ასე რომ, მის დასასრულამდე მიყვანას მხოლოდ შვიდი დღე თუ დასჭირდება. უსაფრთხოება დაცულია. Eეს საქმე 100%-ით სარისკო არ არის. თუ თქვენ გადაიფიქრებთ დახმარებას, ჩემი უკანასკნელი იმედი იქნება, რომ თქვენ მას საიდუმლოდ შეინახავთ”.

წერილებიდან, სანკარა მეტად საქმიანი და დაინტერესებული ადამიანი ჩანდა. იგი, უფრო ხშირად, ხელნაწერს აგზავნიდა, ძალიან იშვიათად კომპიუტერზე აწყობილს. როგორც ჩანს, მას ტექნიკაზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდა, ან მართლაც დევნილის იმიჯს იქმნიდა, ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტით მას ერთხელაც არ გამოუგზავნია ფოსტა. იყო შემთხვევები, როცა სანკარა და ჩვენი წერილის გმირი პირადადაც საუბრობდნენ. სხვა თაღლითებისაგან განსხვავებით, სანკარა, პირიქით, იმას ამტკიცებდა, რომ ფული არაკეთილსინდისიერი გზით არ იყო ნაშოვნი და უკვე საქართველოში გადმოგზავნის შემდეგ თანხის ბედზე სწუხდა:
“1) დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ ამ საქმეში ჩვენს გარდა არავინ ჩაერევა და საიდუმლოდ იქნება შენახული?
2) დარწმუნებული ხართ, რომ არ გვექნება თქვენთან პრობლემები მივიღოთ ჩვენი თანხის წილი, მას შემდეგ, რაც იგი თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხება, თქვენს ქვეყანაში?
3) მთლიან თანხაზე რამდენი პროცენტი იქნება გადასახადი თქვენს ქვეყანაში?
4) რამდენად უსაფრთხო და დაცულია თქვენი ფაქსი?
მე მოგაწვდით საქმის მთლიან პროცესზე ინფორმაციას, რათა გაგარკვიოთ, რომ აღნიშნული თანხა არ ეკუთვნის ნარკობიზნესს და არც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული”.

სანკარა თავისი მსხვერპლის სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების აუცილებლობას იმით ხსნიდა, რომ საჭირო იყო აფრიკაში დროებითი ანგარიშის გახსნა და თანხის იქ შეტანა, რადგან ფული ნაღდი და წასაღებადაც ბევრი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი – ქვეყნიდან მის შეუმჩნევლად გატანას ვერ შეძლებდნენ.

“წერილებში ვცდილობდი საქმიანი და სანდო ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა, რასაკვირველია, თუკი საქმე გამოვიდოდა, კონფიდენციალობა ჩემს ინტერესებში შედიოდა, რადგან მისი თანამონაწილე ვიყავი. მას აინტერესებდა, რამდენად დაცული იქნებოდა იგი და მისი ფული საქართველოში. რა თქმა უნდა, მივწერე, რომ დაცული იყო უცხოური ინვესტიციების კანონით, რომ ჩვენთან სავალუტო ოპერაციები ლიბერალური იყო, ხოლო საბანკო სისტემა ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული”.

რაც უფრო ბევრი დრო გადიოდა, სანკარას მით მეტი მოუთმენლობა ემჩნეოდა, მსხვერპლი მას ასე ახლოს ეგულებოდა ხაფანგთან, რომელიც ვერა და ვერ მოიხელთა, იგი დაჟინებით კვლავ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას მოითხოვდა. სხვადასხვა ტელეფონებით სარგებლობდა, ამბობდა, რომ დიდი ხარჯი გასწია უცხოეთში რეკვით, ძალიან უჭირდა ფინანსურად და ითხოვდა, რომ დახმარებოდნენ და, ფაქტობრივად, გაჭირვებიდან გამოეხსნათ. თუმცა, წერილებში ხშირად მოიხსენიებდა სხვადასხვა ჩინოვნიკებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებთაც იქიდან საქმის წარმატებით დასრულებაში დახმარება შეეძლოთ.

“საქმე ვიზებამდეც მივიდა. ცხადია, იოჰანესბურგში მარტო არ წავიდოდი. გავაგზავნე რამდენიმე ადამიანის მონაცემი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი კონფიდენციალობის პირობის დარღვევაზე ხმა არ ამოუღია. სიმართლე გითხრათ, სერიოზულად სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება არც მიფიქრია. მართლაც ძალიან დავეჭვდი ასე დაჟინებულ მოთხოვნაზე და მივწერე, რომ თითქოს სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს ჩემი მეგობარი, რომელიც იქაური მოქალაქეა და ჩემს მაგივრად იგი გახსნიდა დროებით ანგარიშს, მიიღებდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რაზედაც მან სასტიკი უარი განაცხადა და ასე ვთქვათ, გაბრაზდა კიდეც. პასუხი მეტად მშრალი მივიღე”:

“დიდი მადლობა ფაქსისათვის. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ საქმეში მესამე პირი ჩარიეთ. თქვენ კი იცოდით, რომ ეს ბიზნესი კონფიდენციალური და პირადია.

თქვენ, ალბათ, გავიწყდებათ ჩვენი გარიგება. მე ძალიან ბევრი დრო და ფული დავკარგე”.

ამ უკანასკნელში სანკარა, ალბათ, ყველაზე მეტად გულწრფელი იყო, დაიკარგა ამდენი დრო და ფული, ფაქტობრივად, ფუჭად. შემდეგ, ჩვენი თაღლითი მოლბა და შეეცადა უფრო გონიერი, აუღელვებელი და წინდახედული ყოფილიყო:
“გმადლობთ ფაქსისათვის და თქვენი ამ საქმეში დაინტერესებისათვის.
მე მესმის თქვენი მდგომარეობა, აგრეთვე მესმის, რა უფლებამოსილება მიანიჭეთ თქვენს აგენტს.
მაგრამ არ შემიძლია დავიჭირო საქმე თქვენ აგენტთან, ეს ბიზნესი ჩემი მომავალია. ასევე, არ შემიძლია ხელი მოვაწერო ამ საინვესტიციო შეთანხმებას თქვენს აგენტთან და ამავე დროს გავხსნა არასარეზიდენტო ანგარიში.
მე ვიფიქრე ყველაფერზე და გადავწყვიტე, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა ვნახოთ, გავიცნოთ, ხელი მოვაწეროთ საინვესტიციო ხელშეკრულებას და მერე წავიდეთ სადაზღვევო კომპანიაში, რომ მქონდეს ჩემი საქონლის ინსპექტირების უფლება. თუ თქვენ მართლა სერიოზულად აღიქვავთ ამ გარიგებას და გიფიქრიათ როდესმე, რომ თქვენი რჩევით და ინსტრუქციით მე ყველაფერი შევიტანე თქვენივე კომპანიაში, დაველაპარაკები ბანკის მენეჯერს და ოვენს დღეს რამდენიმე საათის შემდეგ. ასე რომ, დამირეკეთ ან გამომიგზავნეთ ფაქსი, რომ ვიცოდეთ რა მდგომარეობაა.
გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ”.

ხანგრძლივმა ლოდინმა, ალბათ, დაღალა სანკარა და დაარწმუნა იმაში, რომ მართლაც ამაოდ დაშვრა. მარტივად რომ ვთქვათ, ნიგერიელი მეგობარი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა, გაქრა. ამ ისტორიის დასასრული ძალიან საინტერესოა:

“ერთ მშვენიერ დღეს ელექტრონული ფოსტით ოფისში წერილი მოვიდა, სადაც მისი მეუღლე სანკარას გარდაცვალებას იუწყებოდა. ჩემთან ოფისში თითქმის ყველამ ყურმოკვრით იცოდა სანკარას არსებობა, მაგრამ არა დეტალები და არა კონკრეტული საქმე. ყველა გლოვობდა მის “გარდაცვალებას”. წერილი რომ წავიკითხე, სიცილით მოვკვდი, აბსოლუტურად სხვა ისტორია ეწერა. მაშინ დავრწმუნდი, რომ მას ჩემი ჩათრევა უნდოდა კაცმა არ იცის რაში”.

“მე არანაირად არ ვაპირებ თქვენს გაკვირვებას და დაგიკავშირდით იმიტომ, რომ ვიცი, შემიძლია თქვენ დაგეყრდნოთ. ეს მაშინ შევიტყე, როდესაც ჩემი ქმარი, ოჯახის მარჩენალი, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჩემი სახელია მისის ზოჰერამერ სანკარა. მე ვარ გარდაცვლილი ალბერტ სანკარას მეუღლე. ზიმბაბვეში ფერმერების წინააღმდეგ ომის დროს, პრეზიდენტმა რობერტ მუგაბმა უბრძნა ყველა თეთრკანიან ფერმერებს, რომ მის პარტიაში უნდა შესულიყვნენ და გადაეცათ თავიანთი ფერმები მისი პარტიის წევრების სასარგებლოდ. ჩემი ქმარი თავის ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ფერმერი იყო. იმის გამო, რომ მან არ დაუჭირა მხარი მუგაბეს იდეებს, მისმა მომხრეებმა დაწვეს და გაძარცვეს მისი ფერმა, მოკლეს ჩემი ქმარი.

თავის სიკვდილამდე ჩემმა ქმარმა 55 მილიონი დოლარის ინვესტირება გააკეთა სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის სადაზღვევო კომპანიაში. მისი სიკვდილის შემდეგ მე და ჩემმა შვილებმა გადავწყვიტეთ გადავსულიყავით სამხრეთ აფრიკის ქვეყანაში, რომელშიც მან ეს ფული დააბანდა. ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ინვესტირება 1998 წლის სამხრეთ აფრიკის ადამიანთა უფლებების კანონის ლტოლვილების შესახებ 22 სტატიას ეწინააღმდეგებოდა. ამ კანონის თანახმად, ლტოლვილებს არ ჰქონდათ უფლება გაეხსნათ საბანკო ანგარიში და ჰქონოდათ საწარმო სამხრეთ აფრიკაში. მე და ჩემმა შვილებმა გადავწყვიტეთ მოგმართოთ თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ ამ ფულის სამხრეთ აფრიკიდან გადმორიცხვაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მოგცემთ 15%-ს მთლიანი თანხიდან თქვენი დახმარებისათის, 10% წავა ამ გარიგების დადების დროს გაუთვალისწინებელ ხარჯებზე, დანარჩენი 75%-ს კი მე ვაპირებ დავაბანდო თქვენი ქვეყნის მომგებიან ბიზნესში.

შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ან ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე: X იშა ალა ზოჰარ სანკარა”.

მსგავსი თაღლითები ბოლო წლებში აქტიურად ცდილობენ თავისი საქმიანობა რუსეთშიც გააფართოონ. მათი გამოჩენის ყველა შემთხვევისას შეინიშნება, რომ ისინი მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებენ. კონტაქტისთვის პოტენციურ მსხვერპლს მხოლოდ არასწორ რეკვიზიტებს აცნობებენ აფრიკის ქვეყნებში ან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.

ამ წლის ზაფხულში თაღლითები ძალიან გააქტიურდნენ ტომსკში. ტომსკის თითქმის ყველა მსხვილ ორგანიზაციათა ელექტრონულ ფოსტებზე მოდიოდა წერილები, რომელთა შინაარსი ძირითადად ასეთი იყო – წერილის გამომგზავნები შემთხვევით მსხვილი თანხის მფლობელები გახდნენ და საჭირო ხდებოდა ამ თანხის გადაგზავნა საკუთარი ბიზნესის ასაწყობად. ადრესატებს ამ საქმეში დახმარებას სთხოვდნენ, რის გამოც საკომისიოს 30%-ს სთავაზობდნენ. (პროცენტები, რა თქმა უნდა, მერყეობს, მაგრამ ძირითადად, ის მაღალია).

რასაკვირველია, თაღლითები “ტყდებიან”, რომ ეს თანხა მთლად სუფთა გზით არ არის ნაშოვნი და ითხოვენ საქმის საიდუმლოდ შენახვას. იმისათვის, რომ წინადადებას მიეცეს უტყუარობის ელფერი, როგორც წესი, წერილში მოიხსენებიან საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგიერთი მაღალჩინოსანი პირები და სხვადასხვა დაწესებულებები და უწყებები. ვთქვათ რამდენიმე წერილი “დაწერილია” კონგოს პრეზიდენტის მრჩევლის მეუღლის მიერ. ზოგიერთი ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური სააგენტოსა და სოციალური უზრუნველყოფის დირექტორის მიერ და ა.შ. ყველაზე ხშირად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ თაღლითები სთავაზობენ მსხვილი თანხა გაიღონ, ვთქვათ ვინმე პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მოსაქრთამად, რომელთა ნებაზეა დამოკიდებული ოპერაციის განხორციელება. ან სთავაზობენ გადარიცხონ ფული საზღვარგარეთ “ადმინისტრაციული ხარჯებისათვის”.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო აფერისტებისაგან ეს წინადადება ვინმემ მიიღო, მოვლენები, შესაძლოა, რამდენიმე ტიპური სცენარის მიხედვით განვითარდეს. პირველი ვარიანტის მიხედვით, იმ მოტივით, რომ თანხაა გადმოსარიცხი, თაღლითები ადრესატებს სხვადასხვა საბუთების გადმოგზავნას სთხოვენ: ორგანიზაციის ბლანკები, ფორმალური ანგარიშ-ფაქტურები, ასევე საბანკო რეკვიზიტები. ამის შემდეგ ისინი ცდილობენ ბანკის ანგარიშამდე მიაღწიონ. მეორე ვარიანტის მიხედვით, ისინი თავიანთ პოტენციურ მსხვერპლს იწვევენ რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში, სადაც მსხვერპლს, უბრალოდ, მძევლად იყვანენ ან ციხეში სვამენ, ვთქვათ ვალუტის უკანონო შემოტანაზე, ან იმ მოტივით, რომ ვიზა არასწორად არის გაფორმებული და ა.შ. ამ საშინელებისგან თავის დასაღწევად, რასაკვირველია, უმსხვილესი თანხის გადახდას ითხოვენ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა “გამოძვრე”, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი უგზოუკვლოდ იკარგება და უკან ვეღარასოდეს ბრუნდება. როგორც ამბობენ, ეს აფერა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების დახმარებითა და ხელშეწყობით ხორციელდება.

ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენის თქმით, მან მოახერხა დროზე შეეწყვიტა მოლაპარაკებები ეგრეთ წოდებულ აწ გარდაცვლილ გენერალ-დიქტატორის, სანი აბახას ვაჟიშვილთან – “მე შედარებით უმტკივნეულოდ შევძელი გამოძრომა – მხოლოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბრების გადახდა მომიწია”. ნიგერიელმა აფერისტებმა 1989 წელს ამერიკელები 5 მლრდ დოლარზე “წამოაგეს”, 2001 წელს კი თაღლითების მსხვერპლი 2600 ამერიკელი გახდა. 16-მა მათგანმა სათითაოდ დაკარგა 345 ათასი დოლარი, ორმა კი 70 ათასი. როგორც ვარაუდობენ მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდია, უბარლოდ, მათ Fფედერალური გამოძიების ბიუროს საჩივრით მიაკითხეს.

რუსეთში სამართალდამცავ ორგანოებს უამრავმა მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ და კომერციულმა ფირმებმა მიმართეს. როგორც გაირკვა, მათ სწორედ ასეთი თაღლითები დაუკავშირდნენ, რომლებიც ერთი ტიპის სქემას იყენებდნენ, რაც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია როგორც “ნიგერიული ფონდი”.

ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებელთა ნაციონალურმა ლიგამ ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა 94%-ს ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც ელექტრონული ფოსტით მათ საეჭვო ფინანსურ ოპერაციას სთავაზობდნენ. რაც შეეხება დანარჩენ 6%-ს, საუბარი არ არის იმაზე, რომ მათ არ მიუღიათ მსგავსი წერილები, უბრალოდ, მათ საეჭვო გზავნილში ვერაფერი დაინახეს. 2001 წლიდან ინტერნეტში “ნიგერიული წერილების” რიცხვმა 9-ჯერ მოიმატა. კარგად საქმე არც ინტერნეტის მეშვეობით სხვადასხვა ნივთების შესყიდვაშია. ევროკომისიის მონაცემებით, გასულ წელს ამ საქმეში ფიქტიური ოპერაციები ერთნახევაჯერ გაიზარდა.

ბოლო ხანებში აშშ-ში თაღლითობის ახალი სახეობა შემოვიდა – “ავღანელი სპეცრაზმელის წერილი”. სპეცრაზმელის სახელი გახლავთ დრედონ კერტისი. Mმისი არაკის მიხედვით, ავღანეთში პატრულირებისას, ნარკოტიკებით მოვაჭრეებისაგან ხელში ჩაუვარდა საკმაოდ სოლიდური თანხა, 36 მლნ დოლარი. და, რაღა თქმა უნდა, წერილის მიმღებს, ამ შემთხვევაშიც სთხოვენ, რომ ფულის გადმოქაჩვაში დაეხმარონ.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ჩვენი რესპონდენტის, უამრავი ამერიკელი, რუსი თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქმიანი ადამიანების გამოცდილება და ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც იოლად გამდიდრებას გპირდებათ. იოლად არაფერი ხდება და მით უფრო, ფული არ იშოვება!