პრეზიდენტ ბუშის მიმართვა

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ბატონო სპიკერო, ბატონო ჩეინ, კონგრესის წევრებო, გამოჩენილო მოქალაქეებო და თანამოქალაქეებო. ამ დარბაზში აშშ-ის მდგომარეობის განსახილველად ყოველ დღე კანონის და ჩვეულების თანახმად ვიკრიბებით. წელსაც ასე მოხდა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს წინაშე გადამწყვეტი დღეები დგას.

ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით. ამ სესიაზე ვაპირებთ შევცვალოთ ის პროგრამები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა გვაქვს. შევეცდებით შევქმნათ კეთილდღეობა და ამერიკას ავარიდოთ ყველა საშიშროება, რომელიც მას ემუქრება.

დაპირებებისა და დიდი ცვლილებების დღეებში, რწმენას ვინარჩუნებთ, ჩვენი გადაწყვეტილება და კავშირი მყარია.

ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემების გადაწყვეტას თავს არ ავარიდებთ და არც სხვა კონგრესებს, პრეზიდენტებს და თაობებს გადავცემთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ საშუალო სკოლის დონის გასაუმჯობესებლად, ბევრ რამეს მივაღწევთ. განათლების სფეროში ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმა ყველა სკოლას და საკლასო ოთახს მოიცავდა. ასე რომ, ყველა ამერიკელი ბავშვი შეძლებს კითხვას, სწავლას და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას. ქვეყნის დასაცავად მთავრობა გარდავქმენით და შიდასახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო შევქმენით. ჩვენი ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანისათვის, მომავალ თაობას გადასახადები შევუმცირეთ. ამერიკული ბიზნესის მთლიანობის შესანარჩუნებლად მკაცრი რეფორმები ჩავატარეთ და კორპორაციულ დამნაშავეებს პასუხი მოვთხოვეთ.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს ზოგიერთმა შეიძლება კარგი მონაცემები უწოდოს, პირადად კი, ამას კარგ დასაწყისს დავარქმევდი. ამ საღამოს თეთრ სახლს და სენატს მოვუწოდებ, ჩვენი თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ მხარი დაუჭირონ რეფორმების განხორციელებას.

უმთავრესი მიზანი ნათელია – ეკონომიკის ზრდასა და უმუშევრების დასაქმებას ხელი უნდა შევუწყოთ. რეცესიის, ტერორისტული თავდასხმების, კორპორაციული სკანდალებისა და სააქციო ბაზრის ვარდნის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა კვლავ აღდგენის გზაზეა. იმის გამო, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე იზრდება, მცირე ბიზნესის განვითარებასა და კომპანიების გაფართოებას ხელი უნდა შევუწყოთ.

ეკონომიკური ზრდა უმუშევრობის დონის შემცირებას იწვევს. ფულის ხარჯვისა და ინვესტირებისათვის საკმარისი სახსრები სულ უფრო მეტ ამერიკელს ექნება. იმისთვის, რომ ამერიკელებს ჰქონდეთ ფული, იგი არ უნდა დაიბეგროს.

ჩემი აზრით, 2004 და 2006 წლისთვის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის შემსუბუქება ეფექტური აღმოჩნდება. ჩემი გეგმის თანახმად, ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ხალხს დამატებითი სახსრები გაუჩნდება. ქორწინების გადასახადი ახლავე უნდა შევამციროთ. იმის ნაცვლად, რომ ბავშვთა კრედიტი თანდათან 1000 დოლარამდე გავზარდოთ, ჩეკები დაუყოვნებლივ უნდა გავუგზავნოთ ამერიკულ ოჯახებს.

გადასახადების შემცირება ყველას ეხება, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის. ოჯახი, რომელიც ოთხი წევრისაგან შედგება და რომლის შემოსავალი 40 000 დოლარს შეადგენს, დარწმუნდება, რომ მისი საშემოსავლო ფედერალური გადასახადი წელიწადში 1,178 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირდება. ჩვენი გეგმა 23 მილიონზე მეტ მცირე საწარმოს საქმიან შედეგებს გააუმჯობესებს.

ეკონომიკის გასაძლიერებლად საგადასახადო კანონებში ინვესტორების თანასწორუფლებიანობის შესახებ შესწორება უნდა შევიდეს. ორმაგი დაბეგვრა არ არის სამართლიანი. ინვესტორის ნდობის დასაბრუნებლად, გთხოვთ, ბოლო მოუღოთ დივიდენდების არასამართლიან ორმაგი დაბეგვრის პრაქტიკას.

დაბალი გადასახადები და დიდი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაფართოებას. უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეყოლება უფრო მეტი გადასახადის გადამხდელი და ექნება უფრო მაღალი შემოსავალი. ეკონომიკური ზრდის წახალისება ხელს შეუწყობს დეფიციტის დაძლევას და დაბალანსებული ბიუჯეტის ჩამოყალიბებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამების დასაფინანსებლად საჭიროა ერთად ვიმუშავოთ. მოგაწოდეთ საბიუჯეტო გეგმა, რომლის თანახმად, დისკრეციული ხარჯები მომავალ წელს 4%-მდე გაიზრდება.

ყურადღება გასამახვილებელია სხვა საკითხების მიმართაც, ისეთი როგორიცაა სოციალური უსაფრთხოება. ანგარიშებზე საპენსიო სახსრების დასაბანდებლად ახალგაზრდა მუშაკებს შანსი უნდა მივცეთ.

მეორე მიზანია, მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ამერიკული სამედიცინო სისტემა ინოვაციის და ხარისხის ნიმუშია, სადაც ბევრმა აღმოჩენამ სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. თუმცა, ბევრისთვის სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირი და ხელმიუწვდომელია. ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია ნაციონალიზირებული სამედიცინო სისტემის მეშვეობით.

ისეთ სამედიცინო პროგრამაზე უნდა ვიმუშავოთ, რომელიც ყველა ამერიკელს კარგი სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფს და მათ შანსს მისცემს შეარჩიონ ექიმები, ხოლო დაბალშემოსავლიან ამერიკელებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ აუცილებელი დახმარება. ამერიკული სამედიცინო სისტემა ექიმების, მედდების და პაციენტების განკარგულებაში უნდა გადავიდეს და არა ბიუროკრატების და სასამართლო იურისტების ხელში.

რეფორმა ჯანმრთელობის სფეროში მოხუცებულთა ჯანმრთელობის კარგი სადაზღვევო პოლისის უზრუნველყოფით უნდა დაიწყოს. მათი ჯანმრთელობის დაზღვევა საზოგადოებისთვის მთავარი ვალდებულებაა.

ათი წლის მანძილზე გათვალისწინებულია ბიუჯეტიდან დამატებით 400 მილიარდი დოლარის გამოყოფა სამედიცინო სფეროში რეფორმის ჩასატარებლად. წლების მანძილზე ორი პოლიტიკური პარტიის ლიდერები სამედიცინო სფეროში რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. კონგრესის წევრებს მოქმედებისაკენ მოვუწოდებ.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ეს სისტემა მუდმივად უსამართლო ჩივილის საშიშროების ქვეშ იმყოფება, რაც სამედიცინო მომსახურეობაზე ფასების ზრდას იწვევს.
სასამართლო პროცესების გამო, ხალხი მეტს იხდის სამედიცინო მომსახურებაზე და ამერიკის ბევრი საავადმყოფო კარგ ექიმს კარგავს. სასამართლო პროცესს არავინ გადაურჩენია. კონგრესს მოვუწოდებ სამედიცინო სფეროში რეფორმის ჩატარებისაკენ.

მესამე მიზანია, დამოუკიდებელი ელექტროენერგიით ქვეყნის უზრუნველყოფა და გარემოს დაცვა. მოგაწოდეთ ენერგეტიკული გეგმა, რომელიც ენერგიის გამოყენების ეფექტურობას, ტექნოლოგიების განვითარებას და ქვეყანაში უფრო მეტი ენერგიის წარმოებას შეუწყობს ხელს, ასევე კანონპროექტი, “Clear Skies”; რომლის მიხედვითაც, ელექტროსადგურები ჰაერის დაბინძურებას 15 წლის განმავლობაში 70%-ით შეამცირებს. მოგაწოდეთ გეგმა “Healthy Forests”, რომელიც ხელს შეუწყობს ტყეებში კატასტროფული ხანძრის თავიდან არიდებას.

ამ ზომების განხორციელება ჩვენი გარემოს და ეკონომიკის კეთილდღეობის გარანტიაა. ამ საუკუნეში უდიდესი ეკოლოგიური პროგრესის მიღწევა შესაძლებელია სუფთა ტექნოლოგიების და ინოვაციის, მაგრამ არა დაუმთავრებელი სასამართლო პროცესების გზით. ამ საღამოს გთავაზობთ 1,2 მილიარდის გამოყოფას გამოკვლევის დასაფინანსებლად, ასე რომ, ამერიკა ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების გამოშვებაში მთელ მსოფლიოს დაეხმარება.

ჰიდროგენსა და ოქსიგენს შორის ერთიანი ქიმიური რეაქცია ენერგიას წარმოშობს, რომელიც მანქანას ამოძრავებს და გამონაბოლქვს არ უშვებს. ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები დაბრკოლებების გადალახვას და მანქანების ლაბორატორიებიდან სადემონსტრაციო დარბაზებში გადაყვანას შეძლებენ. ასე რომ, პირველი მანქანა, რომელსაც დღეს დაბადებული ბავშვიც ატარებს, ჰიდროგენზე ივლის და ჰაერს არ დააბინძურებს.

მხარი დაუჭირეთ ამ მნიშვნელოვან ინოვაციას, რათა ჩვენი ჰაერი უფრო სუფთა გავხადოთ და ჩვენს ქვეყანას დავეხმაროთ, რათა ენერგო-წყაროების უცხოურ რესურსებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

მეოთხე მიზანია, ამერიკისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა – უსახლკარო ადამიანები და ნარკომანები. თუმცა, არსებობს საოცარი ძალა, რომელიც ამერიკელი ხალხის იდეალიზმში და რწმენაში დევს.

ამერიკელები ყოველდღე ქველმოქმედებით არიან დაკავებულნი: პატიმრების მონახულება, მარტოხელებისათვის კომპანიის გაწევა. ეს ხალხი ქებას და მხარდაჭერას იმსახურებს. გთავაზობთ მოქალაქეთა მომსახურების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც მიმართული იქნება საქველმოქმედო ღონისძიებების წახალისებაზე.

გასულ წელს თანამოქალაქეებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიეღოთ აშშ-ის თავისუფლების კორპუსში. დღეს საღამოს ვთხოვ კონგრესს და ამერიკელ ხალხს გამოიყენონ სამთავრობო რესურსები და დაეხმარონ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს – ბიჭებს და გოგონებს, რომლებიც იზრდებიან ყურადღების და რჩევის გარეშე, იმ ბავშვებს, რომლებმაც თავიანთ მშობლებთან შესახვედრად ციხის კარები უნდა გაიარონ.

გთავაზობთ 450 მილიონიან გეგმას, რომელიც პატიმრების ბავშვებს მეურვეებით უზრუნველყოფს. მთავრობა მხარს დაუჭერს მეურვეების მომზადებას და დაქირავებას. ერთ მეურვეს, ერთ ადამიანს შეუძლია მთლიანად შეცვალოს ცხოვრება და მე მოგიწოდებთ გახდეთ ასეთ ადამიანებად.

უიმედოობის სხვა მიზეზია მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი, რაც გამორიცხავს მეგობრობას, ამბიციას ცხოვრების ყველა სიმდიდრე ემორჩილება ერთ დამანგრეველ სურვილს. მთავრობა ანტი-ნარკოტიკული საგანმანათებლო პროგრამების მეშვეობით ებრძვის ნარკოტიკების უკანონო მიწოდებას. იმათთვის, ვინც უკვე ნარკოტიკებს მიეჩვია, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იქცევა სასიცოცხლო ბრძოლად. დღეს საღამოს მე გთავაზობთ ახალ 600 მილიონიან პროგრამას, რომელიც დაეხმარება 300 000 ამერიკელს ისარგებლონ სამედიცინო მომსახურეობით სამი წლის განმავლობაში.

როცა ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე, რომლებთაც არ ჰყავთ მეურვეები და ნარკომანებზე, რომლებთაც მკურალობა სჭირდებათ, ვქმნით კეთილგანწყობილ საზოგადოებას. მოგიწოდებთ, დაიცვათ ბავშვები მათი დაბადების მომენტიდან და ავკრძალოთ აბორტი. ვთლი, რომ ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება იქცეს ექსპერიმენტის ობიექტად, მოგიწოდებთ მივიღოთ კანონი ადამიანის კლონირების წინააღმდეგ.

სიმამაცის და ქველმოქმედების მაღალი თვისებები, რომლებსაც ვებრძვით ამერიკაში, განსაზღვრავს ჩვენ რეპუტაციას საზღვარგარეთ. ამერიკული დროშა აღნიშნავს არა მხოლოდ ჩვენ ძალაუფლებას და ინტერესებს. ამერიკის დამფუძნებლები აფასებდნენ ადამიანის ღირსებას, მის უფლებებს და ცხოვრების შესაძლებლობებს. ამის გაცნობიერებამ მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ უნდა დავეხმაროთ დაზარალებულებს მთელ მსოფლიოში, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვებრძოლოთ ბოროტი ძალის განზრახვებს.

ავღანეთში ჩვენ გავანთავისუფლეთ დაჩაგრული ხალხი და ვეხმარებით მათ საზოგადოების ჩამოყალიბების და ბავშვების განათლების საქმეში. ახლო აღმოსავლეთში ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობისათვის ბრძოლას. მთელს მსოფლიოში ამერიკა ღარიბ მოსახლეობას ეხმარება – საერთაშორისო დახმარების 60% ამერიკიდან მიდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო უკეთესობისაკენ უნდა შევცვალოთ.

დღესდღეობით, აფრიკის კონტინენტზე დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი შიდსით არის დაავადებული, მათ შორის 3 მილიონი ბავშია. აფრიკაში არის ქვეყნები, სადაც მოზარდი მოსახლეობის ერთი მესამედი ინფიცირებულია. 4 მილიონზე მეტ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, მაგრამ მთელ კონტინენტზე მხოლოდ 50 000 შიდსის მსხვერპლი სარგებლობს სამედიცინო დახმარებით.

რადგანაც შიდსის დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს უთანაბრდება, ბევრი მათგანი არ ცდილობს იმკურნალოს. სამხრეთ აფრიკის ექიმი აღწერს თავის მწუხარებას, ის ამბობს: “ჩვენ არ გვაქვს სამედიცინო საშუალებები. ბევრ საავადმყოფოში ხალხს ეუბნებიან, თქვენ შიდსი გაქვთ, წადით სახში და მოკვდით.” თანამედროვე მედიცინის პერიოდში ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

შიდსის აცილება შესაძლებელია. ანტი-რეტრო ვაქცინებს შეუძლიათ გაახანგრძლივონ ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე წლით. ნარკოტიკების ღირებულება შემცირდა წელიწადში 12 000 დოლარიდან 300 დოლარამდე. ბატონებო და ქალბატონებო, ისტორიას იშვიათად ახსოვს ასეთი მოვლენა, როცა ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ამდენი რამ გაგვეკეთებინა.

ჩვენ ქვეყანაში შიდსი ჯერ კიდევ გავრცელებულია. იმისათვის, რომ გადავლახოთ ეს კრიზისი, გთავაზობთ ჩემს საგანგებო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს აფრიკელი ხალხისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას. ეს გეგმა ხელს შეუწყობს შიდის ინფექციის შეჩერებას და ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებას.

მე ვთხოვ კონგრესს, ხუთი წლის განმავლობაში გამოყოს 15 მილიარდი აფრიკის და კარიბიის ქვეყნებში შიდსის ვირუსის შესაჩერებლად.

ჩვენ ქვეყანას შეუძლია გადაარჩინოს უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე და დაეხმაროს მსოფლიოს ტერირიზმთან ბრძოლაში.

არ არსებობს დღე, ტერორისტული თავდასხვების საფრთხის შესახებ ამბავს არ ვიგებდე და დამნაშავეთა ქსელის წინააღმდეგ ბრძანებას არ გავცემდე. ომი გრძელდება და ჩვენ მას მოვიგებთ.

დღეისათვის ჩვენ დავაკავეთ ალ ქაიდას ბევრი ხელმძღვანელი, მათ შორის, ადამიანი, რომელმაც სახსრებით და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით 11 სექტემბერის დამნაშავეები უზრუნველყო, ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც სპარსეთის ყურეში მოქმედებდა და აღმოსავლეთ აფრიკაში ამერიკის საელჩოების დაბომბვა დაგეგმა; დავაკავეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ალ ქაიდას შეფი, ავღანეთში მოსამზადებელი ბანაკის დირექტორი, ევროპაში მოღვაწე ამ ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელი. სხვადასხვა ქვეყნებში სულ 3,000 ეჭვმიტანილი ტერორისტი დავაკავეთ.

ტერორიზმთან ბროლაში სხვა ქვეყნებთანაც ვთანამშრომლობთ, ჩვენ ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ ბევრ ტერორისტულ შეთქმულებას მივაკვლიეთ, ალ ქაიდას ქსელი ჰამბურგში, მილანში, მადრიდში, ლონდონსა და პარიზში აღმოვაჩინეთ.

ჩვენ ვდევნით ტერორისტებს. ყველა ტერორისტი თანდათან მიხვდება, თუ რა ძალა აქვს ამერიკას.

ჩვენ გვახსოვს, სად დაიწყო ომი – აქ, ჩვენს ქვეყანაში. მთავრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის დასაცავად მთელ რიგ ზომებს იღებს. საზღვარზე, პორტებსა და აეროპორტებში დაცვა გავაძლიერეთ და მზად ვართ მასობრივი განადგურების იარაღისაგან ქვეყანა დავიცვათ.

კონგრესს ამ ზომების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუცხადებ. საბიუჯეტო გეგმის თანახმად, რომელიც მე თქვენ წარმოგიდგინეთ, 6 მილიონი დოლარი ეფექტიანი ვაქცინების უზრუნველსაყოფად გამოიყოფა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ისეთი დაავადებების მკურალობა, როგორიცაა: ციმბირის წყლული, ბოტულიზმი და შავი ჭირი. ჩვენმა მტრებმა ეს დაავადებები შეიძლება იარაღის სახით გამოიყენონ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე საშიშროება თავს იჩენდეს.

11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ, ჩვენი სადაზვერვო სამსახური ცდილობდა ტერორისტების დაკავებას. ფედერალური საგამომძიებლო ბიურო ბრძოლისთვის მზად არის. ამ საღამოს ვურჩევ საგამომძიებლო ბიუროს, ცენტრალური დაზვერვისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ჩამოაყალიბონ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი. ჩვენს მთავრობას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება უკეთესი ინფორმაცია და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ხალხის დასაცავად.

ომი ტერორიზმთან ჩვენი ვალდებულებაა. ტყუპი შენობების ნანგრევებში, პენტაგონის დასავლურ კედელთან და პენსილვანიის ველზე ამ ქვეყანამ დადო ფიცი. გავიხსენოთ ეს ფიცი დღეს: რამდენიც არ უნდა გაგრძელდეს და რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას.

დღეს ყველაზე სერიოზული პრობლემა ამერიკისათვის და მსოფლ
იოსათვის არის ის, რომ კრიმინალურ რეჟიმებს აქვთ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი. ამ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს იარაღი შანტაჟისათვის, ტერორისათვის და მასობრივი განადგურებისათვის. მათ შეუძლიათ გადასცენ ან მიჰყიდონ იარაღი ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც გამოიყენებენ მათ ყოველი ეჭვის გარეშე.

ეს კი ახალი საშიშროებაა. ამერიკის პასუხისმგებლობა გასაგებია. მეოცე საუკუნის განმავლობაში პატარა ჯგუფებმა კონტროლი აიღეს უდიდეს ქვეყნებზე, ჩამოაყალიბეს ჯარები და არსენალები, დაჩაგრეს პატარა ქვეყნები. სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა. ხალხის კეთილმა ნებამ, მოკავშირეების ძალამ და აშშ-ის ძალაუფლებამ ბოლო მოუღეს ჰიტლერიზმის, მილიტარიზმისა და კომუნიზმის ამბიციებს.

ამ საუკუნეში კვლავ გაჩნდა ძალაუფლების და ბატონობის იდეალოგია. ჩვენი ქვეყანა და მოკავშირეები კვლავ დგანან ქაოსის და მუდმივი საშიშროების წინაშე. ხალხის უსაფრთხოება კვლავ უნდა დავიცვათ. ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ.

ამერიკა ყველანაირად ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ საფრთხეს. ჩვენ მოვუწოდეთ გაერთიანებულ ერებს მოეთხოვათ ერაყის განიარაღება. მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მცდელობას, კონტროლი აიღოს ბირთვულ იარაღებზე მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა მთავრობებთან, რათა შევიძინოთ ბირთვული იარაღი ყოფილი საბჭოთა კავშირისგან და დავდოთ გლობალური ხელშეკრულებები, რომლებიც კრძალავენ მასობრივი განადგურების იარაღის გამოშვებას.

ამერიკა ცდილობს მიაღწიოს შედეგს და ბოლო მოუღოს საშინელ საფრთხეს, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება. ყოველ თავისუფალ ქვეყანას შეუძლია თავიდან აირიდოს კატასტროფული თავდასხმა. როცა საჭირო იქნება, მე დავიცავ ამერიკელი ხალხის თავისუფლებას და უსაფრთხოებას.

სხვადასხვაგვარი საფრთხისთვის საჭიროა სხვადასხვაგვარი სტრატეგია. ირანში არის მთავრობა, რომელიც ჩაგრავს თავის ხალხს და მხარს უჭერს ტერორს. ირანის მოქალაქეებს ეშინიათ ისაუბრონ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე, რადგან ისინი შეიძლება სიკვდილით დასაჯონ. ირანელებს, როგორც ყველა სხვა ხალხს, უფლება აქვთ აირჩიონ მთავრობა და მომავალი. შეერთებული შტატები ეხმარებიან მათ თავისუფლების მოპოვებაში.

კორეის ნახევარკუნძულზე დესპოტურ რეჟიმში ხალხი ცხოვრობს შიშის და შიმშილობის პირობებში. 1990 წლებში აშშ აწარმოებდა მოლაპარაკებებს კორეასთან ბირთვული იარაღის არგამოყენებაზე. ჩვენ ვიცით, რომ კორეა მსოფლიოს ატყუებდა და აგრძელებდა იარაღის გამოშვებას. დღეს თავისი ბირთვული პროგრამის მეშვეობით ჩრდილოეთ კორეა ცდილობს დააშინოს და აიძულოს მსოფლიო წავიდეს დათმობებზე.

ამერიკა თანამშრომლობს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და რუსეთთან მშვიდობიანი გზის მოსაპოვებლად. ამერიკა ცდილობს დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა იმაში, რომ ბირთვული იარაღი მათ იზოლაციამდე და ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანს. ჩრდილოეთ კორეული რეჟიმი დაიმსახურებს მსოფლიო პატივისცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს იტყვის თავის ამბიციებზე.

ჩვენმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი კორეის ნახევარკუნძულის გამოცდილებიდან და არ დაუშვას ახალი და უფრო დიდი საფრთხის საშიშროება ერაყში. დიქტატორი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ტერორიზმთან და რომელსაც გააჩნია პოტენციური სიმდიდრე, არ უნდა დაემუქროს ამერიკას.

თორმეტი წლის უკან სადამ ჰუსეინმა წააგო მის მიერ დაწყებული ომი. თავის დასაცავად, ის დათანხმდა განიარაღებაზე. 12 წლის მანძილზე ჰუსეინი სისტემატიურად არღვევდა ხელშეკრულებას, ინახავდა ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინსპექტორები ჩამოვიდნენ. იგი ვერაფერმა შეაჩერა – არც ეკონომიკური სანქციებმა, არც იზოლაციამ ცივილიზებული მსოფლიოსგან და არც სარაკეტო დარტყმებმა მის სამხედრო ობიექტებზე.

თითქმის სამი წლის უკან გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭომ ჰუსეინს განიარაღების ბოლო შანსი მისცა, მან კი გამოხატა თავისი უპატივცემლობა გაერთიანებული ერების და მთელი მსოფლიოს მიმართ. გაეროს 108 ინსპექტორი გაგზავნილი იყო ერაყში იმის დასადასტურებლად, რომ ეს ქვეყანა მართლა განიარაღდა. ერაყი დაინტერესებული უნდა იყოს იმაში, რომ ვიცოდეთ, სად ინახება აკრძალული იარაღი.

1999 წელს გაერთიანებულმა ერებმა დაასკვნეს, რომ სადამ ჰუსეინს გააჩნდა ბიოლოგიური იარაღი, რომელიც საკმარისია 38,000 ლიტრი ციმბირის წყლულის საწარმოებლად. ჰუსეინს არაფერი უთქვამს ამ იარაღზე. მას არ წარუდგენია რაიმე მტკიცება იმაზე, რომ იარაღი განადგურებული იყო.

გაერთიანებულმა ერებმა დაასკვნეს, რომ სადამ ჰუსეინს საკმარისი მასალა ჰქონდა 38,000-ზე მეტი ლიტრი ბოტულინის და 500 ტონა ზარინის საწარმოებლად. გააჩნდა, ასევე, 30,000 საბრძოლო მასალა. ყოველივე ამის თაობაზე მას არაფერი უთქვამს და არც მტკიცება წარუდგენია იმის შესახებ, რომ იარაღი განადგურებულია.

ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, 90-იან წლებში ერაყს გააჩნდა რამდენიმე მობილური ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია, სადაც ქიმიურ ნივთიერებებს აწარმოებდნენ. შესაძლებელია ამ ლაბორატორიების გადაყვანა ადგილიდან ადგილზეც. ინსპექტორებმა სწორედ ამიტომ ვერ მიაკვლიეს მას. სადამ ჰუსეინმა არ გაანადგურა ეს სამხედრო ობიექტები.

1990-იან წლებში საერთაშორისო ატომურმა ენერგო სააგენტომ დაადასტურა, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა ბირთვული იარაღის წარმოების პროგრამა და მუშაობდა ურანის გამდიდრების ხუთ სხვადასხვა მეთოდზე. ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, მას ურანის შემოტანა აფრიკიდან სურდა. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, იგი ბირთვული იარაღის საწარმოებლად ცდილობდა შეეძინა მძლავრი ალუმინის მილები. ჰუსეინმა ვერ ახსნა თავისი მოქმედება. იგი აშკარად რაღაცას მალავს.

ერაყის დიქტატორს არ სურს განიარაღება. პირიქით, ის იტყუება. სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით, ვიცით, რომ ერაყის მოსამსახურე პერსონალი ცდილობს გაეროს ინსპექტორებს საბუთები და მასალები არ აჩვენოს. ისინი დაყვებიან ინსპექტორებს და მოწმეების დაშინებას ცდილობენ.

ერაყი ხელს უშლის U-2-ის სადაზვერვო თვითფრინავების მუშაობას. სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, ჰუსეინი სიკვდილით ემუქრება იმ მეცნიერებს, რომლებიც გაეროს ინსპექტორებთან ითანამშრომლებენ. წლების განმავლობაში მას მასობრივი იარაღის შექმნას დიდი თანხები მოანდომა. რისთვის? ამ იარაღის მეშვეობით მას სურს დააშინოს ყველა და იბატონოს მსოფლიოში.

ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მთელი არსენალით ჰუსეინს შეუძლია განახორციელოს თავისი ამბიციები, დაიპყროს და გაანადგუროს ახლო აღმოსავლეთი. კონგრესი და ამერიკელი ხალხი ინფორმირებული უნდა იყოს ამ საფრთხის შესახებ. სადაზვერვო სამსახურის ცნობით, სადამ ჰუსეინი ეხმარება ტერორისტებს, მათ შორის, ალ ქაიდას. 11 სექტემბრის თავდასხმამდე ბევრი ფიქრობდა, რომ ჰუსეინის შეჩერება შესაძლებელი იყო, მაგრამ ქიმიური ნივთიერებების, სასიკვდილო ვირუსების და ტერორისტული ქსელის კონტროლი ადვილი არ არის. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ამ 19 თავდასხმელს სხვა იარაღი და გეგმები რომ ჰქონოდათ. სულ მცირედიც საკმარისია იმისათვის, რომ უბედურება მოხდეს. ამ კატასტროფის ასაცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ზოგიერთის აზრით, ვიდრე საშიშროება ცხადი არ გახდება, არ უნდა ვიმოქმედოთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ტერორისტები და ტირანები თავის განზრახვას თავაზიანად გვაცნობებენ? თუ ეს საშიშროება უეცრად დადგება, უკვე გვიანი იქნება რაიმე მოვიმოქმედოთ. ჩვენ არ უნდა გვჯეროდეს სადამ ჰუსეინის სიბრძნის.

დიქტატორმა, ერაყის სოფლებში თავისი საშიში იარაღი უკვე გამოიყენა, სადაც ბევრი ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა. ლტოლვილებმა გვიამბეს, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად ერაყელები მშობლების თვალწინ ბავშვებს აწამებენ. ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვა მეთოდებზეც აქვთ მონაცემები: ელექტრო შოკი, ცხელი რკინა, ენის მოჭრა და გაუპატიურება. რა არის ეს, თუ არა ბოროტება?

დღეს მინდა მივმართო ერაყის დაჩაგრულ და მამაც ხალხს: თქვენ მტერი კი არ შემოგესიათ, მტერი თქვენს ქვეყანას მართავს. დღე, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი ძალაუფლებას დაკარგავს, თქვენი თავისუფლების დღე გახდება.

12 წლის განმავლობაში მსოფლიო იმედოვნებდა, რომ ერაყი განიარაღდებოდა. ამერიკას არ შეუძლია შეეგუოს ამ საფრთხეს, რომელიც ჩვენ ქვეყანას, მეგობრებს და მოკავშირეებს ემუქრება. აშშ გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს თხოვნით მიმართავს, 5 თებერვალს იმ საფრთხის განსახილველად, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება, ყრილობა მოიწვიოს. აშშ-ის მინისტრი კოლინ პოუელი ერაყის უკანონო იარაღის პროგრამების, ინსპექტორებისაგან იარაღის დამალვის მცდელობისა და ტერორისტულ დაჯგუფებებთან ჰუსეინის კავშირის შესახებ ინფორმაციას წარადგენს. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ გაუგებრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს: თუ სადამ ჰუსეინი ბოლომდე არ განიარაღდება, ამას ჩვენი კოალიცია აიძულებს.

ისინი, ვისაც მშვიდობის მისია აკისრია, კერძოდ, ამერიკის შეიარაღებული ძალები, ახლო აღმოსავლეთში იკრიბებიან, მათ წინაშე მნიშვნელოვანი დღეებია. დღეს მინდა მივმართო ამ ადამიანებს. ჩვენი საქმის წარმატება თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ გჯერათ ამერიკის და ამერიკას – თქვენი.

ამერიკელების გაგზავნა საბრძოლველად პრეზიდენტისათვის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა. ომის ტექნოლოგია შეიცვალა, მაგრამ რისკი და ომით გამოწვეული ტანჯვა – არა. მამაც ამერიკელებს, რომლებიც რისკზე მიდიან, გამარჯვება სიხარულს არ მოუტანს, რადგან ჩვენ ვიცით, რა არის ომი და გვეშინია იმ უბედურების, რომელიც ამას მოჰყვება.

ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით. მშვიდობის დაცვა ზოგჯერ საჭიროა. მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება, მშვიდობიანი ვერ იქნება. თუ ომის დაწყება აუცილებელი გახდება, შევეცდებით, რაც შეიძლება სამართლიანად ვიბრძოლოთ და დავინდოთ უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ.

ჩვენ და ჩვენი კოალიციური პარტნიორები ერაყის მოსახლეობას საკვები პროდუქტებით, სამედიცინო დახმარებით და თავისუფლებით უზრუნველვყოფთ.

ამერიკელები მამაცი ხალხია. უბედურების დროს ამერიკამ გამოავლინა ეს ხასიათი. იგი ძლიერი ქვეყანაა. ჩვენ მივმართავთ ძალებს არა დაპყრობის, არამედ სხვა ქვეყნების განთავისუფლებისთვის.

ამერიკელები თავისუფალი ხალხია. თავისუფლება, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა იბრძვის, მსოფლიოსთვის ამერიკის კი არა, ღმერთის საჩუქარია.

ამერიკელებს ჩვენი ქვეყნის გვჯერა, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის. ჩვენ არ გვაქვს წინასწარმეტყველების უნარი, მხოლოდ ღმერთის გვწამს.

ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და მთელს ამერიკას.