საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა?

ეკა ლომიძე

27 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადაგენილება “საჰაერო-სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ”, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

6-პუნქტიანი დადგენილება, ექსპერტთა შეფასებით, სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა, რადგან მათი აზრით, მიღებული დადგენილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ მოთხოვნებსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ის, უპირველესად, ზღუდავს საავიაციო სივრცეში თავისუფალი ბაზრის წესებს.

ისებს ახორციელებენ საქართველოში. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გამოდის, რომ ევროპის მიმართულებით მგზავრობას “აირზენას” გარდა ვერავინ შეასრულებს, რადგან “ბრითიშ ეირლაინსი” და “თურქიშ ეირლაინსი” რეისებს, სწორედ, დროებითი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდნენ.

ამ დადგენილებას, პარლამენტში “მრეწველები” ლობირებდნენ. სავსებით შესაძლებელია, დაინტერესებულმა ქვეყნებმა ანალოგიური ქმედება სამამულო ავიაკომპანიების მიმართაც განახორციელონ, ადვილი წარმოსადგენია, რა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ შემთხვევაში “აირზენა”, რომელსაც, როგორც ამ საქმის ექსპერტები აცხადებენ, ხსენებული დადგენილებით სასათბურე პირობები შეექმნა. თუ “აირზენა” იმავე ფაქტის წინაშე დააყენეს ინგლისში, ისრაელში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ავსტრიასა და საბერძნეთში, სადაც ის დაფრინავს, ავიაკომპანია, ფაქტობრივად, გაუქმდება.

ექსპერტთა აზრით, 27 თებერვლის დადგენილებას, შესაძლოა, დიპლომატიური არხების ჩარევით, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვეს და ეს დადგენილება როგორც მივიღეთ, ისევე შეგვაცვლევინონ. არსებობს “იატას” (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოცოაცია) და “იაკოს” (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) წესდებები, რომლის წინააღმდეგ საქართველოს პარლამნეტი გამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის მოადგილემ, ნატო ჩიქოვანმა, ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა, მან განაცხადა:

“ამ დადგენილებაზე მუშაობისას, ჩვენ ყველა ინფორმაციას საჯაროდ ვაშუქებდით. თანაც, საქმე სასამართლოშია, საგადასახადო დეპარტამენტი ავიაკომპანიებს უჩივის. ზეწოლად რომ არ ჩაგვეთვალოს, ყოველგვარი კომენტარისაგან თავს ვიკავებთ”.

თუკი, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, “აირზენას” მონოპოლიური უფლებები მიენიჭა, ამით უხეშად დაირღვევა საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რაც სხვა ავიაკომპანიებს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და შედეგად, არაკონკურენტული გარემო ჩამოყალიბდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ეროვნული კომპანიის ლობირება ხდება, რასაც “აირზენა” ნორმად მიიჩნევს: ჩვენთან საუბარში, ამ ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა: – “ვფიქრობ, ეროვნულ კომპანიას სახელმწიფომ უნდა გაუწიოს ლობირება, რაც ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება”.

ამ დადგენილების ავტორი, ზვიად მუკბანიანი მიიჩნევს, რომ დადგენილებით, საქართველოს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობა არ გაუფუჭდება, თუმცა, საქართველო, რომელიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, ვფიქრობთ, სკანდალს ვერ აიცილებს. სექტემბერში ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ ვრცელი მოხსენება გაკეთდება, რაზედაც დამოკიდებული იქნება მისი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები დამაკმაყოფილებლად თუ არ შეფასდა, საქართველო არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამიტომ, ამ ეტაპზე საერთაშორისო სკანდალი ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ უნდა იყოს, მაგრამ ქართველებს საერთაშორისო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება კარგად გვეხერხება.

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, არმაზ თავაძე, კომენტარისაგან დროებით თავს იკავებს. მისი განცხადებით, უნდა მოხდეს დებულებების და საერთაშორისო შეთანხმებების გამოთხოვა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასევე პარლამენტიდან და თანაც, სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საჭიროა საერთაშორისო ორმხრივი რეგულირების საკითხები გადაიხედოს. ყველა ამ ინფორმაციის შეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, ანტიმონოპოლიურ სამსახურს უკვე გარკვეული პოზიცია ექნება. “შეიძლება სახელმწიფომ ლობირება გაუკეთოს რომელიმე დარგს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ნორმები არ უნდა დაირღვეს”, – განაცხადა თავაძემ.

საკითხს, შესაძლოა, მომხმარებლის თვალითაც შევხედოთ – თუკი ავიაბაზარს მხოლოდ “აირზენა” შემორჩება, მგზავრობის ღირებულების დაწესებება მას თავის შეხედულებისამებრ შეუძლია, არაკონკურენტულ გარემოში ფასები თვითრეგულირებადი ვერ იქნება და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ტრანსპორტის ეს სახეობა ელიტარების პრივილეგიად დიდ ხანს დარჩება.

“აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის აზრით, მათ მიღებულ დადგენილებასთან კავშირი არ აქვთ და, ბუნებრივია, რომ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თუმცა, ინფორმაციულ დონეზე აღინიშნა, რომ “ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და უცხოურ ავიაკომპანიების ურთიერთობის საკითხია, თუმცა, თავის დროზე საქართველომ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, უცხოურ კომპანიებს რეისების შესასრულებლად გარკვეული შეღავათები მისცა. მათ აქვთ დროებითი ლიცენზიები, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ასრულებენ რეგულარულ რეისს, ქვეყანასთან ხელშეკრულება უნდა ჰქონდეთ დადებული, რაც არც ბრიტანეთის და არც თურქეთის ავიახაზებს აქვს, ანუ ეს ხელშეკრულება რატიფიცირებული არ არის, ისინი ღიად დაფრინავენ, მათი დაბეგვრის საშუალება კი, არ არსებობს, ამიტომ მათთან პრობლემა ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახდო დეპარტამენტს აქვთ”.

პარლამეტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დემურ გიორხელიძე – “დადგენილების მიზანია, რომ საქართველოს საჰაერო ტრანსპორტისა და უცხოური ავიკომპანიების მოძრაობა სრულ პარიტეტულ ურთიერთობებზე იყოს დაფუძნებული და უცხოურ კომპანიებს არ ზღუდავდეს. პარიტეტში იგულისხმება ის შესაძლებლობები, რომელიც ქართულ მხარეს გააჩია.

დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით და პარაფირებულ შეთანხმებას ბრიტანულ მხარესთან. საუბარია იმაზე, რომ კერძო ეკონომიკურმა სუბიექტმა, ისეთმა, როგორიცაა, ბრიტანეთის და თურქეთის ავიაკომპანიები, ქართულ კერძო კომპანიასთან პარიტეტულ საწყისებზე ურთიერთობის საფუძვლები უნდა მონახოს. ასე რომ, შეიძლება, კონკრეტულ სუბიექტს ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ დადგენილება ითვალისწინებდა არა რომელიმე მხარის შეზღუდვას (ვერც შეზღუდავს, რადგან არსებობს სამთავრობო დადგენილებები), არამედ პარიტეტის დაცვას და სრულ, სარკისებურ უფლებებს ორივე მხრიდან.

აირზენას მუშაობაში ლობირების საკითხი არ დგას. პირადად დეტალურად ვარ საქმის კურსში, ხანგრლივი მოლაპარაკებები მქონდა ბრიტანეთის და თურქეთის საელ ჩოებსა და ავიაკომპანიებთან. უბრალოდ, ორი კომპანია ვერ თანხმდება ერთმანეთთან, აქ საუბარი არ არის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებების დარღვევაზე. რაკი ხელშეკრულებაში არ წერია, “თურქიშ ეირლაინს” მიაჩნია, რომ შეუძლია ბილეთები ყველა მიმართულებით გაყიდოს. ამ დროს, მას ავიარეისებზე ეს უფლება არც თბილისში და არც სტამბოლში არ გააჩნია.

ზურაბ ტყემალაძე (პარლამენტი, ფრაქცია “მრეწველები”) – “დადგენილება სავსებით სამართლიანია და დავუჭირეთ კიდეც მხარი. ყველამ უნდა იმუშავოს იმ კანონებით, რომელიც არსებობს იქ, სადაც მუშაობა უწევს. ამას ეხება დადგენილება და ეყრდნობა იმ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს”.

“თურქიშ ეირლაინსმა” ჩვენთან საუბრისაგან თავი შეიკავა და მიზანშეწონილად ჩათვალა კომენტარი საელჩოს გაეკეთებინა, ამ უკანასკნელმა კი, საკმაოდ მწირი და მშრალი პასუხი მოგვცა – “თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ავიაციის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობს მისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. 1992 წელს თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო ავიაციის სფეროში პირველია, რომელიც რეგისტრირებული იყო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ, რომლის მიხედვით, ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან.

თურქეთის მხარე კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის ურთიერთობების განვითარებას. გვინდა მალე დადგეს ის დღე, როცა ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები უმაღლეს დონეზე წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.

მიგვაჩნია, რომ მხარეებს უნდა ჰქონდეთ ისეთი პოზიცია, რომელიც არა თუ შეაფერხებს არსებულ საქმიანობას, არამედ ხელს შეუწყობს მათ ამ სფეროში თანამშრომლობას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე განსახილველად დამოუკიდებელ სასამართლოს გადაეცა განსახილველად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის საკითხის საზოგადოების სამსჯავროზე გატანა. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ხოლო სამართლებრივი უზენაესობის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს ყველა სახის ინიციატივის თავიდან აცილება, რომელმაც, შესაძლებელია, გავლენა იქონიოს დამოუკიდებელ სასამართლო პროცესზე”.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, “აირზენამ” თურქეთის ავიახაზებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, ეს უკანასკნელი 20 ადგილის საფასურს უხდის ეროვნულ ფლაგმანს. თუმცა, “აირზენას” წარმომადგენელი ამ ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს: “ასეთი ხელშეკრულება უნდა არსებობდეს კიდეც ორ ავიაკომპანიას შორის, მაგრამ, მას შემდეგ, რაც “ბრითიშ ეირლაინსმა” ამ მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობა შეწყვიტა (უკვე ორი წელია), თურქეთის ავიახაზებმა ამგვარ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ასე რომ, რა ოც ადგილზეა საუბარი, არ მესმის”.

საგადასახადო დეპარტამენტი თურქეთის ავიაკომპანიის ქონების დაყადაღებასა და მისი რეისების შეწყვეტას ცდილობს, ხოლო “ბრითიშ მედიტერიან ინტერნეიშენელს” კლასიკური ფორმით გადასახადებისაგან თავის დაძვრენა ბრალდება, კონკრეტულად: ბილეთის ფასი განახევრებულია, შედეგად, განახევრებულია მგზავრთა რაოდენობაც. პარლამენტი აცხადებს, რომ ბრიტანეთის და თურქეთის ავიახაზები “თეთრად” არ მუშაობენ, არც მთლად ლეგალურად ჩამოდიან საქართველოში.

თუმცა, გადასახადები სხვა საუბრის თემაა. საინტერესო იქნებოდა, ვინმეს მოსვლოდა აზრად და უცხოურ ავიაკომპანიებზე ეროვნული ავიაკომპანიების ფინანსური მონაცემების ფონზე ემსჯელა. ამიტომ უცხოური ავიაკომპანიების გარშემო ატეხილი გაუთავებელი საუბარი გადასახადებთან დაკავშირებით, ცალმხრივ დებატებს ჰგავს.

ქართულ ავიაბაზარს, პრაქტიკულად, ერთადერთი “აირზენა” შემორჩა. თავის დროზე ბევრს საუბრობდნენ საქართველოს ავიახაზების ჩაძირვის მიზეზებზე, მაგრამ დღეს ეს თემა დახურულია.

“საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველის” სტატუსი ეროვნული ავიაგადამზიდველის სამართლებრივი მდგომარეობაა, რომელიც შესაბამისი დებულებით განისაზღვრება. ეს დებულება კი, საქართველოს საერთაშორისო საავიაციო ბაზრის რეგულირებას ახდენს და უცხო ავიაგადამზიდველისთვის რეალურ საკონკურენტო გარემოს ქმნის. წესით, ავიაგადამზიდველი დანიშნულია საქართველოსა და სახელმწიფოს შორის რეგულარული რეისების შესასრულებლად.

საზოგადოების ფართო აუდიტორიისათვის ნაკლებად ცნობილია, რომ ავიაკომპანია “აირზენას” სასამართლომ ეროვნული ავიაფლაგმანის სტატუსი ჩამოართვა, იმის გამო, რომ ის არც ერთ შიდა რეისს არ ასრულებდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “აირზენა” პარლამენტარებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, სხვა მაღალჩინოსნებს კი – უფასო ბილეთებს. არადა, ყოველივე ეს საჯარო სამართლის კანონს, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, ეწინააღმდეგება (თავი I, მუხლი მე-5).

დემურ გიორხელიძე – “აირზენა ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დიდი მასშტაბები გააჩნია, სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ასეთი პატარა ქვეყნისათვის უძლიერესი კერძო ჯგუფების ინტერესებმა ავიაინდუსტრია დაქცევის პირას მიიყვანა. თუკი შიდა რეისების არსებობა აუცილებელია (და ვფიქრობ, მთელი რიგი რეისების აუცილებლობა არსებობს), არის საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო, საჰაერო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, თუკი, ის, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანია, უნდა მოიძებნოს დაფინანსების, ან სუბსიდირების წყაროები”.

დაბოლოს, დავძენთ, საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვალდებული ვართ ამ ორგანიზაციის დებულება დავიცვათ. თუმცა, პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება უხეშად არღვევს არსებულ საერთაშორისო კონვენციას, რაც, შესაძლოა, ამ ორგანიზაციიდან გარიცხვითაც კი დასრულდეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial