მრეწველობის აღორძინებია-რეალური ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბების საკვანძო რგოლი: ძირითადი წყაროები

თენგიზ უზუგბაია

ნათელია, რომ საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მრეწველობის აღორძინებაა. საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია სამეწარმეო სექტორის სტიმულირების პროგრამებს უჭერენ მხარს. სამრეწველო განვითარების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალიზებულმა ორგანიზაციამ (UNIDO) დაადგინა, რომ სამრეწველო განვითარება სატატისტიკურად დამოკიდებულია მშპ-ს ზრდაზე და რენტაბელურობაზე.

მსგავსი დამოკიდებულება არსებობს სამრეწველო წარმოებასა და ექსპორტს შორისაც, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობენ შემოსავლების ზრდასა და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, სამეწარმეო სექტორის მომდევნო განვითარებას. ეკონომიკური ზრდის სტაბილურობა და ტექნოლოგიური ლიდერობა დამოკიდებულია ინვესტიციებზე ადამიანურ კაპიტალში, საპროცესო ნოუ-ჰაუს განახლებაზე და ფიზიკური კაპიტალის წარმოებაში მუდმივ აკუმულირებაზე.

მოულოდნელმა ლიბერალიზაციამ და სახელმწიფოს ეკონომიკიდან წასვლამ ბევრ სამეწარმეო სექტორში საქართველოს კონკურენტუნარიანობის დაკარგვა განაპირობა. კომპეტენტური მმართველების არსებობის მიუხედავად, ქართული საწარმოების უმრავლესობა კაპიტალის უკმარისობის შედეგად არაეფექტური და ეკონომიკური ტრანსფორმაციისათვის და საერთაშორისო კონკურენციისათვის მოუმზადებელი რჩება. სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა მიაქციოს ყურადღება არსებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხს. მათ შორისაა: სამრეწველო წარმოებაში სარეკორდო ვარდნა, რომელიც ეკონომიკურ სისტემაში ცვლილებებითაა განპირობებული, საწარმოების ტრანსფორმაცია და ტრადიციული კავშირების გაწყვეტა, საკრედიტო დეფიციტი, კაპიტალის უკმარისობა ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად, შემოსავლების დაბალი დონე და უმუშევრობის ზრდა.

1995 წელს რეფორმების დაწყებასთან ერთად დღემდე ქართული ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იყო მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, რაც, ძირითადად, ანტიინფლაციური პროგრამების, მკაცრად კონტროლირებული ემისიის, საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის და მსხვილმასშტაბიანი პრივატიზაციის მეშვეობით ხდებოდა. ბოლო წლები საქართველოში კერძო ბანკების, სადაზღვევო სტრუქტურების, საფონდო ბირჟების შექმნით და თანამედროვე საფინანსო მომსახურებების შეთავაზებით იყო აღსანიშნავი. დღევანდელ ეტაპზე მათ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა დაემატოს, რომლებიც საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით რეალური ეკონომიკის გამტკიცებაზეა მიმართული.

ფინანსური კრიზისების ტალღა, რომელმაც 1998 წელს რუსეთის ეკონომიკა შეძრა, ეროვნული ვალუტის 300%-იანი დევალვაცია და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დანაზოგების გაუფასურება გამოიწვია, მოკლევადიან კაპიტალდაბანდებაზე ცალმხრივი დამოკიდებულების თვალნათელი მაგალითია. ფინანსური სისტემა სახელმწიფოს “სისხლძარღვთა სისტემაა” და განპირობებულია სამეწარმეო სექტორის ჯანმრთელობითა და დინამიკით. მომავალში კონკურენტუნარიან სამეწარმეო სექტორს შეუძლია ეკონომიკის დაცვა მსგავსი საერთაშორისო კრიზისებისაგან. მოცემულ ნაშრომში კეთდება მცდელობა ხაზი გაესვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მოზიდვის აქტივიზაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას, რაც ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს მოზიდვა არ დაზარალდეს, როგორც მომსახურების, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დარგები ცალკე არ არის განხილული, მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან ეს სფეროები ხელს უწყობენ მრეწველობის განვითარებას თანამედროვე ეკონომიკაში.

ისევე, როგორც სხვა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც, სამრეწველო სექტორმა დაუთმო პოზიციები მომსახურების სფეროს, როგორც მოსახლეობის დასაქმების ძირითად ფაქტორს და ეროვნული კეთილდღეობის ძირითად წყაროს. მრეწველობაში დასაქმების ხასიათი პასუხობს წარმოებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც (ქვეყნის მრავალ რეგიონში) კომპანიების დახურვასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად მცირე საწარმოების რაოდენობის სწრაფი ზრდისა, (1990წ. – 1365-ს; 1992 წელს სამეწარმეო სექტორი 1251 საწარმოს ითვლიდა, 1995 წ. – 1079-ს; 2001 წელს კი, მათმა რაოდენობამ 3034 ერთეულს მიაღწია), დასაქმების დონე სამრეწველო სექტორში მუდმივად მცირდება. 2001 წელს დასაქმებულთა რაოდენობა სულ 88, 4 ათასი ადამიანი იყო, რაც 1990 წლის (459,4 ათასი ადამიანი) ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5,2-ჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, თუ არ გაიზრდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ნაკადი, ყოველწლიურად სამეწარმეო სექტორში დასაქმებული მოსახლეობის არა ნაკლებ 3-4 %-ისა დაკარგავს სამუშაოს.

მრეწველობაში დასაქმების დონის ვარდნის ტენდენცია მიმდინარე რაციონალიზაციის და ხარჯების შემცირების ინდიკატორია. იგი ერთნაირად მოქმედებს როგორც დიდ, ისე მცირე საწარმოებზე, რაც, როგორც წესი, საწარმოების დახურვის და არაპროდუქტიული დარგის გაუქმების მიზეზი ხდება. ეკონომიკური ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს მრეწველობის თითქმის ყველა ძირითადმა დარგმა სერიოზული დანაკარგი განიცადა. საშენი მასალების მრეწველობაში (1998 წელს 1990 წლის დონიდან) შეიმჩნევა სამრეწველო წარმოების მკვეთრი ვარდნა 100%-ით; ქიმიურ და ნავთობქიმიურ მრეწველობაში – 12,8%-ით; ხე-ტყის და ხის დამამუშავებელ მრეწველობაში – 16,4%-ით; შავ მეტალურგიაში – 9,9%-ით; მანქანათმშენებლობაში და ლითონის დამუშავებაში – 17,0%-ით. კვების და მსუბუქი მრეწველობის დარგები უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან (15,1 % და 3,6 %), ვინაიდან მათი პროდუქცია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს. საქონლის დამზადების მოცულობა მომხმარებლის ინტერესების უცხოური პროდუქციისკენ გადახრის პირდაპირი პროპორციით შემცირდა, მისი საიმედობის და შედარებით მაღალი ხარისხის გამო. ერთადერთი სექტორი, სადაც წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა იყო დაფიქსირებული, ფერადი მეტალურგიაა (287,3 %). ენერგეტიკული მრეწველობის დარგების განვითარებაში არსებული არასტაბილურობა, რომლის შემადგენელი ნაწილები სათბობი და ელექტროენერგეტიკის დარგებია (12,6%- სა და 58,2 %-ის შესაბამისად), ქვეყნის სამრეწველო სექტორის ზემოთ ხსენებული დარგების კრიზისული მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

მომსახურების სფეროს როლის ზრდა ქართულ ეკონომიკაში მისი მსოფლიო ბაზართან ინტეგრაციის და გლობალური ინფორმაციის მოპოვების ბუნებრივი შედეგია. მოწინავე ეკონომიკაში მომსახურების სფეროზე მოდის მშპ-ს ნაწილი, რომელიც მრეწველობაზე და სოფლის მეურნეობაზე მეტია. ზოგიერთ მათგანში (საფრანგეთი, კანადა, აშშ) მომსახურების სფეროს წილი უკვე აღწევს 70 %-ს. მიუხედავად ამისა, განვითარებული ქვეყნების ისტორია გვიჩვენებს, რომ მომსახურება (საბანკო საქმისა და დაზღვევის ჩათვლით) ვითარდება ძლიერი მრეწველობის ირგვლივ და არა პირიქით. საქართველოს ეკონომიკის რეალიების თავისებურება და საშიშროება მდგომარეობს იმ არსებულ დისბალანსში, რომელიც ამ სექტორებს შორისაა. კომერციული და ფინანსური მომსახურების სფეროების ტენდენციების ზრდა (აგრარული სექტორის დაბალი პროდუქტიულობის ფონზე) და მეორადი სექტორის საპროცენტო წილის მუდმივი შემცირება დასაქმებაში და მშპ-ში, საბოლოოდ, კი თვით მომსახურების სფეროს შეფერხებას გამოიწვევს და შესაძლოა, მთლიანად ეკონომიკის ჩამოქცევაც კი გამოიწვიოს.

ამგვარად, აუცილებელია ჯანმრთელი სექტორთშორისი მიქსის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობის შეფასება, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა მოითხოვს და იმ საკვანძო როლის საყურადღებოდ მიღება, რომელიც რეალურმა სექტორმა ეკონომიკის სხვა სექტორებთან მიმართებაში უნდა შეასრულოს.

სამრეწველო სექტორის ფარგლებში, აქცენტი, რომელიც ენერგეტიკაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გამახვილებულმა ყურადღებამ უკანა პლანზე გადაიტანა, მსუბუქი და კვების მრეწველობის სურსათის ნაწარმის დამზადების წარმოებაა, აღარაფერს ვიტყვით მაღალტექნოლოგიურ დარგებზე. ეკონომიკური რეფორმების საწყის ეტაპზე სანედლეულო სფეროები ახდენდნენ იმ უპირატესობების რეალიზაციას, რომლის საშუალებასაც მათ ფასების და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია აძლევდა.

ამას ერთვოდა ეკონომიკის მეორე პოლისის – გადამამუშავებელი მრეწველობის და ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ნგრევა. ეს დარგები სამმაგი ზეწოლის ქვეშ აღმოჩდნენ: ფასის (რომელიც ენერგომატარებლების გაძვირებით იყო გამოწვეული), შიდა გადამხდელუნარიანობის შეკუმშვის და კონკურირებადი იმპორტის ზრდის. როლების ასეთმა გადანაწილებამ გამოიწვია ის, რომ კომერციულ უპირატესობებთან ერთად სანედლეულო დარგებთან ავტომატურად გადავიდნენ ეკონომიკის საკვანძო ფუნქციებიც და უპირველეს ყოვლისა, მოხმარების დონის მხარდამჭერი ფუნქციები (იმპორტის ხარჯზე), რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფასთან.

შედარებითი სტაბილურობა დეპრესიის ან საეთო ეკონომიკური ვარდნის პირობებში გულისხმობს სამომხმარებლო იმპორტის ზრდას. ეს ექსპორტის შესაბამის გაზრდას მოითხოვს, რომელსაც საქართველოს პირობებში აშკარა სანედლეულო მიმართულება აქვს. თავის მხრივ, ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება ხერხდება მხოლოდ ექსპორტიდან მიღებული ვალუტის ხარჯზე, სადაც წამყვანი ადგილი ჯართის ექსპორტს უკავია. ზოგირთი სპეციალისტის განცხადებით, “იმ შემთხვევაში, მოცემული ქვეყნის ექსპორტი რეალურადაც რომ შეწყვეტილიყო, ძალზე უსიამოვნო სურათს მივიღებდით – ასეთივე რაოდენობის იმპორტის ექსპორტირებისათვის აუცილებელი იქნებოდა ვალუტის გარკვეული რაოდენობა, ჩვენთან კი ვალუტა აღარ შემოვიდოდა. ქვეყნის ფულად – საკრედიტო ბაზარზე მოხდებოდა დისბალანსი. ეს აისახებოდა ლარის კურსზე, რაც მის დევალვაციას გამოიწვევდა”.

აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ჩამოყალიბებულ მოდელში მოხმარების და ლარის სავალუტო კურსის დინამიკა სანედლეულო დარგების განვითარებას ებმევა. არსებობს შეზღუდვა მათი დაბალი ეფექტიანობის, მაღალი კაპიტალტევადობისა და არასაკმარისი პოტენციალის და ასევე გადამამუშვებელ დარგებში ამ რესურსების შიდა ბაზრიდან მომდევნო გამოწვევის შესაძლებლობის არარსებობის თვალსაზრისით ვარდნის გაღრმავების გარეშე.

არსებული ტენდენციების მომდევნო განვითარება ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო გამოიწვევს იმას, რომ პირველადი სექტორი ვეღარ გაუძლებს გაზრდილ ეკონომიკურ დატვირთვას, გადამამუშავებელი მრეწველობა კი, ვეღარ მიიღებს მას თავისი დეგრადაციის და ეფექტიანობის მკვეთრი ვარდნის გამო. ამის შედეგად წარმოების დეპრესიული სტაბილიზაციის პირობებში კრიზისი ახალ იმპულსს მიიღებს, რაც ცხოვრების დონის საფინანსო, საბანკო და ფულადი სისტემების ვარდნაში გამოიხატება.

სტაბილიზაციის მთავარი ამოცანა ახალ ეტაპზე წარმოების რეალური გაჯანსაღება, ეკონომიკის რეალურ (მეორად) სექტორში კაპიტალის შენახვის და კვლავწარმოების პირობების შექმნა ხდება. მაკროსტაბილიზაციის წარმატებული ფინანსური ვარიანტი (მას მეტწილად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სახსრები უზრუნველყოფს), რომელსაც ბოლო წლების მანძილზე საქართველოს რეფორმირებულმა ეკონომიკამ მიაღწია, ხანგრძლივი არ არის და საერთოდ, შეუძლებელია, თუ მას კვლავწარმოების ინდივიდუალური პროცესის რეალური გაჯანსაღების და ჩამოყალიბების ამოცანების დაუყონებლივი გადაწყვეტა არ დაერთვის.

საზოგადოებრივი კვლავწარმოების ხასიათის გათვალისწინებით ეკონომიკის მიკროდონესთან, კვლავწარმოებასთან მიმართებაში (სამრეწველო საწარმოების დონეზე), საქართველოს ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხის გადაწყვეტა ამ უკანასკნელის პრობლემების გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული.

გარდამავალი ეკონომიკის ინდივიდუალური კვლავწარმოების თავისებურებანი ფაქტორების ორი ჯგუფითაა განპირობებული: მაკრო და მიკროდონის ფაქტორებით. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ფაქტორები, რომლებიც ინდივიდუალური კვლავწარმოების პროცესის საზოგადოებრივ პროცესში ჩართვის პირობებს განსაზღვრავენ. ისინი დეტერმინირებენ საწარმოს კვლავწარმოების პროცესს მის შესასვლელზე და გამოსასვლელზე: გადახდისუნარიანობის მოთხოვნის მოცულობა, საინვესტიციო კლიმატი, სახელმწიფოს საინვესტიციო აქტიურობა, საკრედიტო და სამრეწველო რესურსების ხელმისაწვდომობა.

მეორე ჯფუფი განპირობებულია თვით მეურნეობრივი სუბიექტის თავისებურებებით: წარმოების მასშტაბები, საწარმოო ციკლის თავისებურებანი და ბრუნვის სიჩქარე, საწარმოო პოტენციალის ხარისხის დონე და წარმოების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, მოთხოვნის ელასტიურობის ხარისხი საწარმოს პროდუქციაზე და მისი მოთხოვნის ელასტიურობა.

ფაქტორების ამ ორი ჯგუფის ურთიერთმოქმედება განაპირობებს ინდივიდუალური საწარმოს კვლავწარმოების განხორციელების რეალურ შესაძლებლობებს, როგორც მათი უწყვეტილობის, ასევე სისრულის მხრიდან.

ეკონომიკაში, რომელიც ცენტრალიზებურად იმართებოდა, საწარმოების მთელი საქმიანობა სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. იგი გამოყოფდა კაპიტალურ რესურსებს, ადგენდა ფასებს, განსაზღვრავდა მომწოდებლებს და მომხმარებლებს. საწარმოს კვლავწარმოების პროცესი პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული მისი საქმიანობის შედეგებზე და ხორციელდება როგორც საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესის ნაწილი. ერთი მხრივ, ეს უზრუნველყოფდა ინდივიდუალური კვლავწარმოების პროცესს, თუმცა მეორე მხრივ, განაპირობებდა საწარმოების პასიურობას კვლავწარმოების ფუნქციების მიმართ, არ უწყობდა ხელს მათ საინვესტიციო ინიციატივების განვითარებას. ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვის გაუქმებასთან ერთად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

მომზადებული საწარმოების არარსებობამ საწარმოების კომერციალიზაციის და რესტრუქტურიზაციის სახით და საბაზრო რეფორმების შოკურმა ხასიათმა საწარმოები ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ცენტრალიზებული პლანირების გაუქმებამ სარესურსო, სასაქონლო და ფინანსური ნაკადების მართვის სისტემის მომენტალურ ლიკვიდაციასთან ერთად, ფასების ერთიანმა ლიბერალიზაციამ, საბიუჯეტო ფინანსირების შემცირებამ მეურნეობას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა. ინდივიდუალური კვლავწარმოების პროცესი ისეთი ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა, როგორიცაა ინფლაცია, სამრეწველო რესურსების ფასების მკვეთრი ზრდა, მოთხოვნის მკვეთრი შემცირება, საკრედიტო რესურსების განსაკუთრებული გაძვირება. ამან ინდივიდუალური კვლავწარმოების პროცესის დარღვევა გამოიწვია (ყველა სტადიაზე), დაწყებული წარმოების მომზადებიდან პროდუქციის რეალიზაციით დამთავრებული, რამაც განაპირობა გარდამავალ ეკონომიკაში ინდივიდუალური კვლავწარმოების თავისებურებების განხორციელება.

გადახდისუნარიანობის მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ საწარმოების ფინანსური ბაზის შემცირება გამოიწვია, რაც ფულადი შენატანების მოცულობის ვარდნის და რეალიზაციის ვადების გაზრდის გამო მოხდა. საწარმოებს არ შეეძლოთ ბაზრის მოთხოვნის ელასტურობის გააქტიურება, განვითარებული გასაღების ქსელის არარსებობის პირობებში. მათი მოთხოვნის ელასტიურობის გაზრდის მცდელობების რეალიზაცია არ ხდებოდა აღჭურვილობის დაბალი დონის და მისი განახლებისათვის საჭირო თანხების არარსებობის გამო. ვინაიდან ფასების დინამიკა სამეწარმეო რესურსებზე წინ უსწრებდა მზა პროდუქციის ფასების ზრდას, გასაღების სირთულეებმა საკრედიტო დავალიანების სწრაფი ზრდა და საწარმოების ფინანსური მდგრადობა განაპირობეს.

მთავარი თუმცა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონონიკის რეფორმირების შოკური მეთოდების გამოყენების პირობებში საწარმოები საკუთარი სახსრების ნაწილს კარგავდნენ. ინფლაციის სწრაფმა ტემპებმა 1991-1994 წლებში, ფაქტობრივად, მთლიანად გააუფასურეს საწარმოების საბრუნვო ფონდები და ისინი საკუთარი საბრუნვო თანხების გარეშე დარჩნენ. ეს გამოიხატება დებიტორული დავალიანების მაღალ დონეში სამეწარმეო მარაგების ქრონიკულ უკმარისობაში და მაღალლიკვიდური სახსრების მზარდ დეფიციტში (ფულადი ნაშტი ანგარიშებზე). საბრუნვო სახსრების დეფიციტმა აიძულა საწარმოები ამორტიზირებული თანხები გამოეყენებინათ და ამით მათ კვლავწარმოების ბაზას საფრთხე შეუქმნეს. ამავე დროს, საწარმოს სახსრების ბრუნვის შენელებას რელიზაციის პროცესის გართულებისა და ამორტიზაციის უკმარისობის შედეგად დაერთო კაპიტალური ღირებულების ნაწილის დაკარგვა. საწარმოები საავანსო ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ. მეორე მხრივ კი, მათ მცირე მოთხოვნის გამო ფასების მომატების ხარჯზე წარმოების მუდმივად მზარდი დანახარჯების კომპენსირების შესაძლებლობა დაკარგეს. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო მხოლოდ საშემოსავლო ნაწილის ხარჯზე. შედეგად მივიღეთ საწარმოს რენტაბელურობის, შემოსავლების და თანხების დაგროვების შესაძლებლობის მკვეთრი შემცირება. ამის შედეგად, საწარმოების კვლავწარმოების წყაროებს ნიადაგი გამოეცალათ.

შექმნილი სიტუაციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამოყენების გზით, რომლის ფარგლებშიც საინვესტიციო პოლიტიკას წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შესაძლებლობები განახორციელოს პირდაპირი საინვესტიციო საქმიანობა, ისევე, როგორც გამოყოფილი თანხების მოცულობა გარდამავალ ეკონომიკაში, ძალზედ შეზღუდულია. საინვესტიციო პროცესში მისი მონაწილეობის შემცირება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას გარდაუვალი და ობიექტურია, თუმცა ეს შემცირება არ არის კომპენსირებული ინვესტიციებით სხვა წყაროების ხარჯზე (კაპიტალური შენატანების არასახელმწიფოებრივი წყაროები).

განვითარების საკუთარი ფინანსური წყაროების უკმარისობის შევსება ნასესხები სახსრების მიზიდვის ხარჯზე შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჯერ ერთი, ინფლაციის მაღალი ტემპები და მისი ხასიათის წინასწარ განსაზღვრის შეუძლებლობა ფულის წონასწორული ფასის განსაზღვრის, შესაბამისად, კი ეფექტიანი კრედიტირების საშუალებას არ იძლევა. გადაუხდელობამ, რომელმაც ყოვლისმომცველი და მასობრივი ხასიათი მიიღო, კიდევ უფრო გაზარდა კრედიტირების რისკი. ამან განაპირობა კრედიტის ღირებულების მკვეთრი ზრდა. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის და საწარმოს რენტაბელურობის შეფარდების გაუარესებამ ამ უკანასკნელის შემცირების შედეგად ხანგრძლივი კრედიტირება საწარმოებისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი გახადა.

მეორეც, მნიშვნელოვნად შემცირდა ბანკების საკრედიტო სივრცე. მათი საკუთარი სახსრები ხანგრძლივი ფინანსირებისათვის და კრედიტირების განხორციელებისთვის ჯერ არ არის საკმარისი. საწარმოების დროებით თავისუფალი სახსრების გამოყენება, რომელიც კრედიტირების ძირითად წყაროს წარმოადგენს, შეუძლებელი აღმოჩნდა როგორც მისი უკმარისობის, ისე შემოტანების არასტაბილურობის გამო. მოსახლეობის მზარდ დანაზოგებსაც კი, არ შეუძლიათ ხანგრძლივი საკრედიტო რესურსების როლის შესრულება, ვინაიდან ისინი ხანმოკლე ხასიათს ატარებენ და არამდგრად წყაროს წარმოადგენენ.

მესამეც, ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განუვითარებლობის გამო საწარმოები ინვესტიციებს ამ წყაროს გარეშე ტოვებს. განვითარებულ საბაზრო ეკონომიკაში ფასიანი ქაღალდები და მათი ბაზარი უდიდეს როლს ასრულებენ საწარმოების და სახელმწიფოსათვის საჭირო თავისუფალი ფულადი სახსრების მობილიზაციაში. გარდამავალ ეკონომიკაში საქართველოში ფასიანი ქაღალდების ასეთი ფუნქცია ერთიანად არ ყალიბდება. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ჩამოყალიბებული ფასიანი ქაღალდების ბაზრებისათვის, რომელთა რიცხვს საქართველოს საფონდო ბაზარიც ეკუთვნის, რომელმაც ეს-ეს არის დაიწყო განვითარება (2000 წლის იანვარში შეიქმნა საქართველოს საფონდო ბირჟა), დამახასიათებელია ბევრი საერთო პრობლემა. ამასთან ერთად, საქართველოს საფონდო ქაღალდების ბაზარს მთელი რიგი სპეციფიური თვისებები და პრობლემები აქვს. როგორც წესი, ფასიანი ქაღალდების ეფექტური ბაზრების განვითარებას ერთვის მთელი ეროვნული ეკონომიკის განვითარება. საქართველოში კი, საფონდო ბაზრის შექმნა და ჩამოყალიბება, მისი დინამიური განვითარება წარმოების მუდმივი ვარდნის ფონზე ხდება. ასეთ დისპროპორციას ფასიანი ქაღალდების ბაზრების დინამიკებში და საერთო ეკონომიკურ პროცესებში შეუძლია ამ ბაზარზე კრიზისული მოვლენები გამოიწვიოს. მეორე მხრივ, თვითონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა და არასრულფასოვნება ხელს უშლის კვლავწარმოების შევიწროების ტენდენციას, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ჯერ-ჯერობით არ არის განწყობილი ჩადოს ფული საწარმოების აქციებში, და შესაძლებელია, ფულის ასეთი დაბანდებისათვის მას საკმარისი შესაძლებლობები არ გააჩნია.

მეოთხე, დანახარჯთა ამოღების ხანგრძლივობა წარმოების მაღალი კაპიტალტევადობის გამო, ბაზრის არასტაბილური მდგომარეობა და თვითონ სამეურნეო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრის შეუძლებლობა ხელს უშლის საწარმოს ხანგრძლივი საბანკო კაპიტალის მოზიდვის საქმეს. საქართველოს გარდამავალი პერიოდის თავისებურებანი იმაში მდგომარეობს, რომ სასაქონლო წარმოების დონე ჩამორჩება ქვეყნის საბანკო სექტორის განვითარებას. ამ პირობებში ელვისებური სისწრაფით გამრავლებული კომერციული ბანკებისათვის შემოსავლის ძირითად წყაროებად, პირველ ეტაპზე, სავალუტო ოპერაციები და ბანკთაშორისი კრედიტები გახდა და არა ინვესტიციები ინდუსტრიულ, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. წარმოების ვარდნის ეროვნული შემოსავლის შემცირების სახელმწიფო რეგულირების არასრულფასოვნების პირობებში ბანკები მეტ-ნაკლებად წარმატებულად ვითარდებოდნენ, ვინაიდან შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ მაკროეკონომიკური ფაქტორების ნეგატიური გავლენისათვის.

პარადოქსული სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსური და საერთო-სამეურნეო დესტაბილიზაცია საკმაოდ დიდ ხანს აძლევდა ბანკებს საშუალებას ქვეყანაში კრიზისული მოვლენების ზემოქმედების ამორტიზაცია მოეხდინათ. რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ბანკები კაპიტალ-დაბანდების ტრადიციული სფეროების, რისკიანობის და დაბალი შემოსავლების კომპენსირებას სუფთა სპეკულაციური ოპერაციებით ახერხებდნენ, რომელიც შესაძლებელი იყო ინფლაციის მაღალი დონის პირობებში (ისინი ძირითადად სავალუტო ოპერაციებზე, მოკლევადიან კრედიტებზე მუშაობნენ და საკმაოდ მაღალ მოგებას ნახულობდნენ). ამ შემოსავლების მთავარ წყაროდ, ფაქტობრივად, ინფლაცია მოისაზრებოდა. ინფლაციის ტემპების ვარდნის ტენდენციამ საქართველოში და ფინანსური სტაბლიზაციის შესაძლებლობის პერსპექტივამ კომერციული ბანკები რთულ პირობებში ჩააყენა. ამ საბანკო კრიზისს საფუძვლად დაედო წარმოების და სხვა სამეწარმეო სფეროებს შორის გამწვავებული წინააღმდეგობა, ინვესტიციების მოთხოვნის ფონზე ბანკების უუნარობა წარმოების ფინანსური მომსახურების განხორციელების საქმეში.

ისევე, როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, საბანკო სისტემის განვითარებაში ახალი ეტაპი დადგა. ბანკებმა კლიენტების მომსახურების დონის გაუმჯობესება და რაც მთავარია, საწარმოების და ორგანიზაციების კრედიტების გაზრდა დაიწყეს, თუმცა იგი ჩამორჩებოდა თვით ბანკების რესურსების ზრდას და კრედიტის ფასიც საკმაოდ მაღალი იყო.

გარდამავალი ეკონომიკის გამოცდილება ბევრ ქვეყანაში გვიჩვენებს, რომ ფინანსურ სტაბილურობას ხშირად საინვესტიციო საქმიანობის აქტივიზაცია მოჰყვება, თანაც აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად იზრდება მოთხოვნა საშუალოვადიან კრედიტებზე.

საქართველოში შექმნილი სიტუაციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ცოტაა ისეთი ბანკების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან საშუალოვადიანი კრედიტის გაფართოებისათვის. ამავე დროს სიტუაციას გარდამავალი ეკონომიკის კიდევ ერთი პრობლემა ართულებს: კრედიტების მასობრივი არდაბრუნება. ინფლაციის მაღალი დონის პირობებში არდაბრუნებული კრედიტების მიერ მიყენებული ზარალი ბანკების უმრავლესობისათვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალური ფინანსური სტაბლიზაციის პირობებში და ეკონომიკის სექტორის სრული დეგრადაციის გამო, რომელიც ინვესტირების უკმარისობის მიზეზით ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, საბანკო სექტორი ინდივიდუალური კვლავწარმოების პროცესში გრძელვადიანი დაბანდებებისაგან თავს იკავებდა. საქართველოს წამყვანი ბანკები მიმართულნი არიან თავისი სამუშაოს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, საკუთარი ხარჯების შემცირებაზე და კლიენტების მომსახურების სპექტრის გაფართოებაზე. ისინი ფულის დაბანდებას იყენებენ ეკონომიკის შედარებით პერსპექტიულ სფეროში (ძირითადად, სავაჭრო-საშუამავლო ოპერაციებში), თუმცა უპირატესობას მოკლევადიან პროექტებს ანიჭებენ, იმ დროს, როდესაც წარმოება და სხვა ბიზნესი საშუალოვადიან და გრძელვადიან კაპიტალდაბანდებას საჭიროებს, ასე რომ, ჯერ-ჯერობით, საუბარი საწარმოო ინვესტივიების ზრდაზე, როგორც ტენდენციაზე და საუბარი იმაზე, რომ საბანკო კაპიტალი შეძლებს ეკონომიკის რეალური სექტორის საინვესტიციო მოთხოვნილების მთლიანად დაკმაყოფილებას, ნაადრევია.

და ბოლოს, პრივატიზაციის შეცდომები. მისი შესრულების რადიკალურ ვარიანტში აშკარად გამოიხატებოდა სოციალურ-პოლიტიკური მიზნების პრიორიტეტი ეკონომიკურებთან შედარებით. პრივატიზაციის ქართული მოდელი არ ითვალისწინებდა პრივატიზაციის განხორციელების ეკონომიკური ეფექტურობის კრიტერიუმს მოკლევადიან და საშუალოვადიან ასპექტებში, რაც განაპირობებდა ფულის უმიზნო გაფლანგვას. პრიორიტეტული მიმართულება სახელმწიფო ქონების კერძო ქონებად გარდასახვა იყო. სახელმწიფო საწარმოების მომავალი მეპატრონეები დაინტერესებულნი იყვნენ გამოსასყიდი ქონების ღირებულების მინიმუმამდე დაყვანაში. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ორგანოები კი, დაინტერესებულნი იყვნენ უსწრაფეს და მასობრივ პრივატიზაციაში. ისინი არ ფლობდნენ და არ ფლობენ არც სახსრებს, არც კადრებს და არც დროს, იმისათვის რომ საწარმოების ქონების შეფასება შეამოწმონ. ამ პრობლემას ჩინოვნიკების კორუმპირებულობა დაერთვის. მოცემულ პირობებში შეუძლებელია საუბარი ეკონომკური ეფექტიანობის და საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით თითოეული საპრივატიზაციო ობიექტის გულდასმით მომზადებაზე (თუნდაც მხსვილი ობიექტების), რაც საკუთრების რეფორმირების დამოკიდებულებაზე და ეკონომიკის სუბიექტების საინვესტიციო საქმიანობის მომავალ აქტივიზაციაზე გაანგარიშებას საკმაოდ ილუზორულს ხდის. საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განსახელმწიფოებრიობის სფეროში გარკვეული პროგრესის მიღწევის შემდეგ, საინვესტიციო პროცესი არა მარტო ვითარდება, არამედ უფრო ხშირად დეგრადირებს კიდეც (იხ. ცხრილები #2,3).

საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების უმრავლესობის მაგალითმა გვიჩვენა, რომ, საკუთრების ურთიერთობების რეფორმირება ჩამოყალიბებული ფინანსური ურთიერთობების ეფექტიანი სისტემის გარეშე ნეგატიურ შედეგებს იძლევა (პრივატიზაციის პროცესი 1992 წლიდან იღებს სათავეს, მაშინ, როდესაც ფინანსური ბაზარი – ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო კრედიტებისა მხოლოდ იწყებდა განვითარებას).

ფინანსური ურთიერთობის მოქნილი, მოძრავი სისტემის ფორმირების ძირითადი მიზანი, იმაში მდგომარეობს, რომ შეცვალოს ძველი საბიუჯეტო ფინანსირება ეკონომიკის რეალური სექტორის ჩამოყალიბების პირობებში, იმ დროს, როცა სწორედ ფინანსური ბაზრის განუვითარებლობა არის ეკონომიკის სამეურნეო სუბიექტების ფინანსური არასრულფასოვნების ძირითადი მიზეზი.

ამგვარად, ერთი მხრივ, არაეფექტიანი საპრივატიზაციო პოლიტიკის განხორციელება და მეორე მხრივ, სამეურნეო განვითარების ფინანსური წყაროების სირთულეები, აყალიბებს მანკიერ სპირალს: ფინანსური ბაზრის განუვითარებლობა, სტრუქტურული დისპროპორციები და მაღალი რისკები ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციებს აფერხებენ; ფინანსირების უკმარისობა წარმოების ვარდნას აჩქარებს და კვლავცარმოებას ავიწროებს, რაც თავის მხრივ საფინანსო ბაზრის განვითარებას აფერხებს.

განსხვავებები მოცემული პრობლემის სიმწვავეში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დამოკიდებულია უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობაზე. ამას მოწმობს განსხვავებული სიტუაცია დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების უმრავლესობაში. უცხოურმა კაპიტალმა ლატვიაში, ლიტვაში და ესტონეთში ბევრად განაპირობა საფინანსო ბაზრის ფორმირების აბსოლუტურად განსხვავებული გზა და რეალური ეკონომიკის ინდივიდუალური კვლავწარმოების ჩამოყალიბება, ვიდრე, ვთქვათ, საქართველოში.

ამგვარად, საქართველოს ეკონომიკის საწარმო და ფინანსური სექტორების ეკონომიკური ცხოვრება ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის მოცულობაზე და მონაწილეობის ეფექტიანობაზე. ჩვენ იმის კონსანტირება გვიხდება, რომ უცხოური ინვესტიციების გამოყენება გვიხდება, რასაც ეკონომიკის რეალური სექტორის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების გადაწყვეტის – ფინანსირების შიდა წყაროებით დაფინანსების შეუძლებლობა განაპირობებს. ეს ამ საკითხის გადაწყვეტის თითქმის ერთადერთი ალტერნატივაა.
უცხოური ინვესტიციები უნდა განვიხილოთ, როგორც ფაქტორი:
იმ ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის განვითარების;
სამეწარმეო აპარატის განახლების და მოდერნიზაციის;
წარმოების ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დაუფლების;
კადრების მომზადების, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს პასუხობენ.

ამავე დროს, საქართველოში არსებული საინვესტიციო კრიზისის პირობებში (უცხოური ამოცანად გვესახება ინვესტიციების მოზიდვა), რომლის გადაწყვეტის ეფექტურობაზე დამოკიდებულია მიმდინარე რეფორმების ტემპები და შედეგები.

უცხოური კაპიტალის ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოშიც, მონაწილეობის სამ ძირითად ფორმას გამოყოფენ:
1. პირდაპირი, ანუ რეალური ინვესტიციები (კაპიტალის წარმოებაში, ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში, უშუალოდ საწარმოებებში დაბანდებაში);
2. საპორტფელო, ანუ ფინანსური ინვესტიციები (ინვესტიციები უცხოურ აქციებში, აბლიგაციებში და სხვა ფასიან ქაღალდებში);
3. საერთაშორისო საფინასო ორგანიზაციების საკრედიტო კაპიტალი.

საპორტფელო ორგანიზაციები კაპიტალის საერთაშორისო ტრანსფერტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ეს საკითხი დეტალურად განხილული არ არის, ვინაიდან მათ წარმოების მოდერნიზაციისათვის, რეალური ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუს გადატანისათვის უშუალოდ შეწყობა არ შეუძლიათ.

საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი და ა.შ. თანამშრომლობის წლებმა გვიჩვენა, რომ მათგან მიღებულმა სესხებმა და კრედიტებმა, ჯერჯერობით, არანაირი ეკონომიკური უკუგება არ მოგვცა, ვერც ჩვენი სოფლის მეურნეობის რამდენადმე სერიოზულ სტრუქტურულ გარდაქმნას ვერ შეუწყო ხელი. ფონდები, რომლებიც სსფ და დახმარების სხვა საერთაშორისო პროგრამების მიერ გამოიყოფა, უშუალოდ ადმინისტრაციულ პოლიტიკურ სფეროში არსებული ფინანსური დარღვევების (სახელმწიფო სექტორში ხელფასების გაცემა და სახელმწიფო აპარატის ფინანსირება) დასაფარად იხარჯება და იშვიათად აღწევს საერთაშორისო ორგანიზაციებამდე და პრივატიზებულ სამრეწველო საწარმოებამდე. ეს ფონდები ქართული მრეწველობის რეალური ფინანსური მოთხოვნილებების კომპენსირებას ვერ ახდენენ. გარდამავალ პერიოდში საქართველოს სამრეწველო განვითარების ძირითადი კატალიზატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა იქნება. უცხოურ ინვესტიციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფინანსირების სხვა ფორმების აქტივიზაციას. ისინი კაპიტალის ეროვნულ წყაროებთან და საერთაშორისო ფონდების სახსრებთან შედარებით უპირატესობების მთელ რიგს ფლობენ.

მათში შეთავსებულია კაპიტალი პრაქტიკულ გამოცდილებასთან მართვის ხელოვნებასთან და ნოუ-ჰაუს ურთიერთმომგებიან გაცვლასთან ერთად (საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასთან ერთად);
მათ მულტიპლიკატურ ეფექტს შეუძლია ვირტუალური ინვესტიციების ციკლის აქტივირება, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს არა მარტო წარმოებაზე, არამედ ეკონომიკის სხვა სექტორებზე (სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო);
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კონკურენციას ააქტიურებენ და ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მათი სწორი ორგანიზაციის სტიმულირების და განთავსების პირობით შეუძლიათ დააჩქარონ მაპროფილირებელი დარგების და რეგიონების აღდგენა.
ისინი ხელს უწყობენ საერთო ეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური დანაშაულობების დონის დაწევას საწარმოო ინვესტიციების მატერიალურ ბაზაში სტიმულირების მეშვეობით (დაზგები, დანადგარები, სამეწარმეო ტექნოლოგიები) მოულოდნელად შემოღებული სპეკულატიური და არასტაბილური საპორტფელო ინვესტიციების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც მთლიანად ეკონომიკისათვის უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეთ.

კაპიტალის ნაკადები და ნოუ-ჰაუ დადებითად მოქმედებს რეალურ ეკონომიკაზე, ხელს უწყობს დასაქმების სტაბილიზაციას, ამაღლებს შემოსავლების დონეს, აფართოებს საგადასახადო ბაზას. ეროვნული დანაზოგების ზრდასთან ერთად მცირდება სახელმწიფო ეკონომიკის დამოკიდებულება საერთაშორისო დონორებზე.

წამყვან დასავლურ კომპანიებთან კოოპერაცია იმპულსს მისცემს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქონლის ექსპორტის, საწარმოო ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების, ხარისხის მართვის და ტაიმ-მენეჯმენტის მომხმარებელზე ორიენტაციის განვითარებას. უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული კოორპორაცია, რომელიც ნოუ-ჰაუზე და კონკრეტული საწარმო პროექტების ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე ექსპერტების რჩევები დახმარების საერთაშორისო საჯარო პროგრამების ეგიდით. თანამედროვე დარგების შექმნა განავითარებს და აღზრდის საქართველოს ადამიანურ, მეცნიერულ და ინტელექტუალურ პოტენციალს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროექტები უნდა მოიცავდნენ პირიორიტეტულ დარგებს, რომლებიც მათი მკაცრი კონტროლის (სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური) ქვეშ უნდა იყოს.

მომავალი პილიტიკა არსებულ სამრეწველო ბაზაზე და მისი პოტენციალის გამოყენებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. განვითარების პოტენციალი სახეზეა კვების, მსუბუქი და სხვ. დარგების წარმოების სამომხმარებლო პროდუქციის წარმატებული რეკონსტრუქციის და განვითარების მაგალითებიდან (რაც ხშირად დასავლური ინვესტიციების დახმარებით ხდება).

საქართველოს ხელისუფლებისათვის აუცილებელია ინსტრუმენტების კომპლექსის შემუშავება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ძლიერი სტრუქტურის შექმნის ჩათვლით. ასეთი ორგანიზაცია ხელს უნდა უწყობდეს კაპიტალის და ნოუ-ჰაუს მიმართულებას უშუალოდ წარმოებაში, იმისათვის, რომ სტაბილიზაციის და ექსპორტის მეშვეობით გაიზარდოს მრეწველობა და მოსახლეობის დასაქმების შემოსავლები.

ინვესტირების სტიმულირების, სამრეწველო და საგარეო ვაჭრობის განვითარების პოლიტიკა ერთად უნდა იყოს კოორდინირებული. საინვესტიციო პოლიტიკის მიზანი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ჩათვლით ფინანსირების სამამულო და საერთაშორისო წყაროების გამოყენებაში მდგომარეობს, რაც ნებისმიერი საინვესტიციო სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მას შეუძლია უშუალო ზემოქმედება მოახდინოს მრეწველობის ზრდაზე და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაზე, მის რეალურ გაჯანსაღებაზე.