სახელმწიფოს როლი აგრარული სექტორის ფინანსურ უზრუნველყოფაში

თამარ ღუტიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი


რეზიუმე

სტატიაში განხილულია აგრარულის სექტორის ფუნქციონირების ეკონომიკურ-სამართლებრივი ასპექტები და წარმოჩენილია აგრობიზნესის ხელშეწყობის საკითხში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობა; ევროკავშირის გამოცდილებისა და საქართველოს არსებული მდგომარეობის ურთიერთშედარების საფუძველზე გამოვლენილია ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პერსპექტივები და საფრთხეები; შემუშავებულია ძირითადი რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად.

Abstract

The article discusses the performance of the agricultural sector in the economy and its legal aspects; There is presented the necessity of an active involvement of the govornmet in the promotion of the agricultural sector. On the basis of comparative analysis of experiences and the current states of The European Union and Georgia has been detected financial system development prospects and dangers. Also, the essential recommendations have been designed to eliminate them.

აგრარულ სექტორს უძველესი პერიოდიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმწიფო დონეზე და მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიმართულება (მოდელი) შეიქმნა: 1) რესურსების მოხმარების; 2) კონსერვაციული; 3) ლოკაციის; 4) დიფუზიისა და 5) მაღალი ანაზღაურების [17. გვ. 14]. თითოეული მათგანი განსხვავებულ პირობებსა და მიდგომებს ქმნიდა აგრარული სექტორისადმი, თუმცა სახელმწიფოს როლი ყოველთვის გადამწყვეტი იყო. განსაკუთრებით ეს ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილებას, საკუთრებისა თუ ფლობის ფორმების განსაზღვრას და ასევე, ეროვნული ბაზრის პროტექციონისტული დაცვის მეთოდებს.

განვითარების მაკროეკონომიკურ თეორიებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრარული სექტორის ტრანსფორმირებასა და განვითარებას. ამ მიმართულებით გამოყოფენ: ზრდის სტადიების თეორიებს (ლისტი, მარქსი); დუალისტური ეკონომიკის მოდელებს; სტრუქტურული ტრანსფორმაციის თეორიებს; დამოკიდებულების თეორიას [18. გვ. 1].

ვოლტ როსტოუმ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ეკონომიკური ზრდის ეტაპების მოდელი განიხილა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდა 5 ეტაპს გადის: 1) ტრადიციული საზოგადოება; 2) გარდამავალი სტადია; 3) ნახტომის სტადია; 4) სიმწიფისკენ მოძრაობა და 5) მასობრივი მოხმარების სტადია. თეორიის თანახმად ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტადიაზე ყოფნის სხვადასხვა პერიოდი სჭირდება, თუმცა პირველი სტადიიდან ბოლო სტადიამდე გადასასვლელად შუალედურ გარდამავალ სტადიებში უნდა განისაზღვროს რამდენიმე სექტორი, რომელიც ზრდის საშუალებას მისცემს ქვეყანას და ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება. გარდამავალ ეტაპზე ეს არის აგრარული სექტორი [16. გვ. 4], ხოლო განვითარებულ სტადიაზე მრეწველობა იკავებს მოწინავე პოზიციებს. მცირდება აგრარული სექტორის წილი, თუმცა ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება.

აქვე უნდა შევეხოთ ფიზიოკრატების ეკონომიკურ მოძღვრებასაც, რომლებიც თვლიდნენ, რომ სიმდიდრე არ იქმნება მიმოქცევაში, იგი იქმნება წარმოებაში და მის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (ფრანსუა კენე). ფრანსუა კენე მე-18 საუკუნის საფრანგეთის საზოგადოებას მწარმოებელ და უნაყოფო კლასებად ჰყოფდა. პირველს მიაკუთვნებდა სასოფლო-სამეურნეო მუშებსა და ფერმერებს, რომლებიც წმინდა პროდუქტს ქმნიდნენ, ხოლო უნაყოფო კლასში აერთიანებდა მეურნეობის სხვა დარგში დასაქმებულთ. თუმცა, ჩვენი მოსაზრებით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების საკითხის განხილვა სხვა დარგებისგან დამოუკიდებლად არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხორციელდებოდეს. სოფლის მეურნეობა გადაჯაჭვულია მრეწველობასთან. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მანქანა-იარაღებით უზრუნველყოფა ზრდის საერთო პროდუქტიულობასა და შემოსავლებს.

ჯოზეფ სტიგლიცი განიხილავს სახელმწიფოს აგრარულ ბაზარზე ჩარევის ლეგიტიმურ მიზეზებს, ასევე, თუ რა განაპირობებს ბაზრის ალოკაციის არაეფექტიანობას [15, გვ. 43]. მან ამის რამდენიმე განმაპირობებელი ასპექტი გამოყო:
1. სასესხო, სადაზღვევო მომსახურებისა და დერივატივების ბაზრების არასრულყოფილება;
2. საზოგადოებრივი საქონელი და გაზრდილი უკუგება. მოცემული ფაქტორი შესაძლებელია განვიხილოთ იმ მოსაზრების დასაცავად, რომ მთავრობა უნდა აფინანსებდეს საირიგაციო სისტემების მოწყობის პროექტებს. დამბის აშენების შემდგომ, წყლის საირიგაციოდ გამოყენების ზღვრული დანახარჯები საკმაოდ დაბალია, ხოლო წყლის გამოყენების კონტროლი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წყლისა და საირიგაციო სისტემების პროექტირება წარმოადგენს სრულიად საზოგადოებრივ საქონელს. ასევე, წყლის ზედამხედველობისას და მიწოდებისას ყოველთვის სახეზეა ბუნებრივი მონოპოლია, რომელსაც წარმოადგენს უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო;
3. არასრულყოფილი ინფორმაცია. სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შეიძლება განვიხილოთ საზოგადოებრივი საქონლის ჭრილში;
4. ექსტერნალიები (გარეგანი ფაქტორები). ფერმერის მიერ ახალი ტექნოლოგიების წარმატებით მიღება/გამოყენება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და წამაქეზებელ ფაქტორს მეზობელი ფერმერისათვის გადადგას ნაბიჯი მოცემული ტექნოლოგიის შესაძენად. ახალი ტექნოლოგიების სუბსიდირების პროექტები სწორედ მოცემული ექსტერნალიის არსებობით არის გამართლებული;
5. შემოსავლის გადანაწილება. სახელმწიფოს თავისუფალ აგრარულ ბაზარზე ჩარევის ყველაზე მთავარ მიზეზს წარმოადგენს შემოსავლების გადანაწილების საკითხი. ჩაურევლობის შემთხვევაში, აქტივების დამოუკიდებლად მართვის პირობებში, შემოსავლების გადანაწილება ხშირ შემთხვევაში არ მოდის საზოგადოების ეთიკურ და მორალურ შეხედულებებთან თანხვედრაში. უმეტეს შემთხვევაში ეს დაკავშირებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ძალიან დაბალი შემოსავლების მიღებასა და სურსათის გაუმართლებლად მცირე ოდენობით მიწოდებასთან.

თავისთავად უნდა გავითვალისწინოთ ქართველი მეცნიერების მიდგომები აგრარული სექტორის განვითარებაში სახელმწიფოს როლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მეცნიერთა დიდი ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ორიენტირება თანამედროვე ინდუსტრიის უგულებელყოფის შემთხვევაში განაპირობებს ქვეყნის ჩამორჩენას, ასევე, არც მხოლოდ მრეწველობის პრიორიტეტულად შეფასება არის მართებული და აუცილებელია დარგებს შორის ბალანსის დაცვა, რადგან ეს ორი ურთიერთშემავსებელი სექტორია და ერთად ქმნის ქვეყნის ხერხემალს. მეცნიერები გადამწყვეტ როლს სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს ანიჭებენ (დ. ბაიდაური [2. გვ. 16], ნ. სამჭკუაშვილი [5. გვ. 31], ზ. ბერიძე [3. გვ. 51], ლ. გაგვიშვილი [4. გვ. 20]) და ასაბუთებენ მის აუცილებელ მონაწილეობას აგრარული სექტორის ფინანსური უზრუნველყოფის (საკრედიტო, სადაზღვევო დაცვის) საქმეში. როგორც ვხედავთ არაერთი მეცნიერი აგრარულ სექტორს ქვეყნის განვითარების რელსებზე დაყენების მნიშვნელოვან ამოსავალ წერტილად განიხილავს, მაგრამ სექტორს არ შეუძლია ეს თვითდინებით განახორციელოს, ამისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა და სწორად გათვლილი სტრატეგია.

მიუხედავად რაციონალური მსჯელობით დასაბუთებული აუცილებლობისა, კავშირი რეალურად განხორციელებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ზემოთ აღნიშნულ საკითხებს შორის, უმეტესად, ძალიან მცირეა. შედეგად კი, ღონისძიებები, რომლებიც ფერმერთა შემოსავლების გამდიდრების უზრუნველსაყოფად არის ფორმირებული, განაპირობებენ ფერმერთა შემოსავლების ცვლილების მაღალ რისკებს, სანაცვლოდ კი სუბსიდირებაზე იხარჯება დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები. ანალოგიურად, სამთავრობო პროგრამები შესაძლებელია განსაზღვრული იყოს მცირე ფერმერების ხელშესაწყობად, თუმცა ბენეფიტებს დიდი ფერმები იღებდნენ [15, გვ. 44].

საქართველო, სურსათზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, მრავალფეროვანი ბუნებრივ-სამეურნეო პირობებიდან გამომდინარე, მეტად რთული ამოცანების გადაწყვეტის წინაშე დგას. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში 2013 წლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მთავრობას მიტოვებული ჰქონდა, რაც განსხვავდება ჩაურევლობის პოლიტიკისაგან, ხოლო ეკონომიკის სტრატეგიულ პრიორიტეტად იგი მხოლოდ სიტყვიერად ჰქონდა გამოცხადებული. მოცემულ მიდგომას თან სდევდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უწყვეტი შემცირება და იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა. 2013 წელს შემუშავდა სახელმწიფოს ახალი სტრატეგია აგრარული პოლიტიკის მიმართულებით და მრავალი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა წარმოდგენილი. ამავე წელს ბიუჯეტით სოფლის მეურნეობის დაფინანსება 61.8%-ით გაიზარდა. თუმცა, შედეგი ცალსახად დადებითი ტენდენციებით არ ხასიათდება მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა. მშპ-ში სექტორის წილი და სოფლად მოსახლეობის რაოდენობა ბოლო წლებში შემცირებით გამოირჩევა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ძირითადი პროექტების შედეგები კი ასე გამოიყურება:
1. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“. პროექტი 2013 წელს დაიწყო და დღესაც წარმატებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2013-2015 წლებში სულ გაცემულია 24,258 სესხი 686,158,305 ლარის ოდენობით და 1,417 სესხი და ლიზინგი 182,639,202 აშშ დოლარის ოდენობით. ჯამში გაცემული სესხების და ლიზინგის რაოდენობა შეადგენს 25,675-ს [1, გვ. 22].

2. აგროდაზღვევის პროგრამა – 2014 წელს სულ დაზღვეული იქნა 29,514 ნაკვეთი 18,498 ჰა ფართობით, მოზიდულმა პრემიამ ჯამში შეადგინა 12,409,225 ლარი, აქედან სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული იყო 11,637,013 ლარი, დამზღვევთა მიერ გადახდილი იქნა 18,498 ლარი. ყველაზე დიდი ოდენობით ნაკვეთების მიხედვით დაიზღვა ციტრუსოვანი კულტურები 12,391 ნაკვეთი, ხოლო, მოზიდული პრემიის მიხედვით ვაზი ლიდერობდა 5,376,636 ლარით. რაც შეეხება, ტერიტორიულ გადანაწილებას, ყველაზე დიდი რაოდენობით დაზღვეული ნაკვეთები განლაგებული იყო კახეთში 9,863 ნაკვეთი, ყველაზე ნაკლები – თბილისში 1 ნაკვეთი. სადაზღვევო შემთხვევის მოცვის თვალსაზრისით, დაფიქსირდა სადაზღვევო შემთხვევა – სეტყვა გურიასა და აჭარის რაიონში, საერთო ზარალმა შეადგინა 1,879,298 ლარი 6,879 სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში.

ჯამურად 2014-2015 წლებში მოცემული პროექტის ფარგლებში დაზღვეული იყო 40,013 რაოდენობის ნაკვეთი 23,667 ჰა ფართობით, აქედან 2015 წლის მაჩვენებელი იყო 10,499 ნაკვეთი 5,169 ჰა ფართობით. გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის პროექტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითად სახელმწიფო პრემიის 90%-ის ნაცვლად 60%-მდე სუბსიდირებას ახორციელებდა. შედეგად, 2015 წელს 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებამ დაზღვეული მიწის ნაკვეთების მიხედვით შეადგინა 64%, ხოლო საერთო დაზღვეული ფართობის მიხედვით – 72%.

მოზიდულმა პრემიამ მოცემული ორი წლის განმავლობაში ჯამურად შეადგინა 16,031,039 ლარი. 2015 წლის განმავლობაში მაჩვენებელი განისაზღვრა 3,621,814 ლარით, 2014 წლის შედეგებთან შედარებით 71%-ით ნაკლები. რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალებს, ორი წლის განმავლობაში ჯამურად 14,178,445 ლარით განისაზღვრა (20,026 სადაზღვევო შემთხვევა). ზარალიანობამ 88% შეადგინა, ხოლო, სიხშირემ – 51%. დაზღვეული რისკების მიხედვით ყველაზე მეტი სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა სეტყვის მიხედვით – 15,334, მთლიანი ანაზღაურებული თანხით 13,414,317 ლარი.

აგროდაზღვევის წილი მთლიან სადაზღვევო სექტორში ბოლო ორი წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელს – 4.1% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია იმ ფონზე, როდესაც წინა პერიოდში 1%-ს ვერ სცდებოდა. 2015 წელს 1%-ს წარმოადგენს. მოცემული მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ფერმერები მზად არ არიან საკუთარი სახსრებით დააზღვიონ საკუთარი მოსავალი, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებითა და სადაზღვევო კულტურის დაბალი დონით, ხოლო მეორე მხრივ, სადაზღვევო კომპანიების მიმართ არსებული უნდობლობით.

ასევე, უნდა შევეხოთ მოსავლიანობის საკითხსაც, ბოლო პერიოდში ერთწლოვანი კულტურებიდან (ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბაღჩეული) ხორბლის გარდა დანარჩენ კულტურებზე საგრძნობლად შემცირდა გამოშვება, ასევე, ნათესი ფართობის მოცულობა. მრავალწლიან კულტურებში (ხილი, ყურძენი, ციტრუსები), ყურძნის გარდა, დანარჩენ კულტურებშიც მოცემული მაჩვენებლების მიხედვით კლება შეინიშნება. მოცემული ასპექტი, ნამდვილად არასახარბიელო ტენდენციაზე მიუთითებს.

3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება. 2014-2015 წლებში ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან დამტკიცებული იქნა 28 პროექტი, ჯამური ღირებულებით 18,452,211 აშშ დოლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 6,500,427 აშშ დოლარს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 139 ახალი საწარმო [1, გვ. 23].

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. ერთწლიანი კულტურების წარმოებისა და ნათესი ფართობის მონაცემების განზოგადებისას 2011-2015 წლების ჭრილში, შეგვიძლია გამოვკვეთოთ გარკვეული ტენდენციები: კორელაცია ამ ორ მაჩვენებელს შორის საკმაოდ სუსტია და 0.2 შეადგინა, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ შემდეგი – ნათესი ფართობების ზრდა ან შემცირება პირდაპირპროპორციულად არ განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოშვებაში ცვლილებებს; 2) მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსებისა და მხარდაჭერის ზრდისა, შედეგი სულ სხვა მივიღეთ, ეფექტი ძირითადად მომენტალურად აისახა 2013 წლის შედეგებზე, მაგრამ არა შემდგომ წლებში, მოცემული ფაქტორი მეორე არსებითი საკითხის გამოყოფის საშუალებას გვაძლევს – სახელმწიფოს დაფინანსების ზრდა ან სუბსიდირება, რომელიც გამოსაშვები პროდუქციის ერთეულზე იქნება მიმართული ვერ უზრუნველყოფს რამდენიმეწლიან პერიოდში გრძელვადიან ზრდას. ზრდა უნდა შეეხებოდეს ინფრასტრუქტურულ და ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს, სხვა შემთხვევაში დაფინანსება გაღებული კონკრეტულ წელს მხოლოდ კონკრეტული წლის შედეგებში აისახება. თუ ჩვენ გრძელვადიანი ზრდა და აგრარული სექტორის ხელშეწყობა გვჭირდება, აქ მეტი უპირატესობა უნდა მიენიჭოს აგრარული მიმართულებით ცოდნის განახლებასა და ახალი კადრების გადამზადებას, ასევე, თანამედროვე ინოვაციების დანერგვას წარმოებაში.

ასევე, როგორც კვლევიდან ჩანს, სამაცივრე მეურნეობების, სასაკლაოებისა და ელევატორების ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე ტექნოლიგიისა და აღუჭურვილობის არ ქონაა, რაც განპირობებულია ფინანსების უქონლობით. უმეტესობა მათგანს აღებული აქვს სესხი ტექნოლოგიური და კაპიტალური გადაიარაღებისთვის. სამაცივრე მეურნეობა და ელევატორი 70-80%-ით გამოიყენება იმპორტირებული პროდუქტისთვის, რისი 20-30%-ის რეალიზებაც ხდება უცხოურ ბაზრებზე. მოცემული ყველაფერთან ერთად ხაზს უსვამს საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემებს და ხელშეწყობის აუცილებლობას არა მარტო ფინანსური კუთხით, არამედ ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო სისტემების შექმნით.

რაც შეეხება სასურსათო უზრუნველყოფას, საქართველო სურსათის წარმოების თვალსაზისით ძირითადად თვითმოხმარების მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, მისი წარმოების ძირითადი კატეგორიები ან უშუალოდ მწარმოებელ შინამეურნეობებს ხმარდება ან ადგილობრივი ბაზრებით არის გაჯერებული. ზოგიერთი კატეგორიის შემთხვევაში იმპორტს კი ისევ საკმაოდ დიდი წილი უკავია, მაგალითად ხორბლის შემთხვევაში. მოცემული კვლავ უსამს შემდეგს – სახელმწიფო ფინანსური უზრუნვეყოფის ხელშეწყობის პროგრამების ძირითადი ნაწილი მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას უზრუნველყოფს ამ ეტაპზე, რაც ძირითადად მიმართულია თვითუზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და არა კომერციალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.
თავისთავად, აუცილებელია ამ მხრივ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება. ევროკავშირში დღეისათვის მოქმედებს 1962 წელს შემუშავებული საყოველთაო აგრარული პოლიტიკა – Common Agricultural policy (CAP), რომელიც საერთოა ყველა წევრი ქვეყნისთვის. პოლიტიკამ 1962 წლიდან დღემდე რამდენმჯერმე განიცადა სახეცვლილება და იგი საკუთარი წარმატების მსხვერპლიც კი გახდა – საბაზრო მოთხოვნაზე მიწოდების სიჭარბე შეიქმნა, რამაც “სასურსათო მთების” ფორმირება განაპირობა [12. გვ. 5]. შესაბამისად, ევროკავშირს მოუწია რამდენიმე ღონისძიების შემუშავება, რათა საბაზრო წონასწორობის დაცვისთვის ხელი შეეწყო. ევროკავშირმა აქცენტი საბაზრო მხარდაჭერის ნაცვლად საწარმოო მხარდაჭერაზე გააკეთა და დღეს პოლიტიკა მიმართულია ფერმერთა გარემოსადმი მეგობრული დამოკიდებულების წახალისებისაკენ – ფერმერები იღებენ საშემოსავლო დახმარებას იმის მიხედვით, თუ როგორ უვლიან მიწებს, ზრუნავენ გარემოზე, ცხოველთა კეთილდღეობასა და სასურსათო სტანდარტების დაცვაზე; რეფორმა მოწოდებულია სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ზრდისაკენ, რათა ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და სასოფლო რეგიონის განვითარებას.

მოცემული მიმართულებით მთლიანად ევროკავშირი თავისი ბიუჯეტის 38%-ს ხარჯავს (50 მილიარდი ევრო) [10. გვ. 2]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის დაფინანსება ბოლო 30 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, თუ აქამდე ევროკავშირის ბიუჯეტის 75% ხმარდებოდა მხოლოდ ამ სექტორს, ამჟამად მისი დაფინანსება 38%-მდეა შემცირებული. თუ იმ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირს 13 ახალი წევრი შემოემატა და შესაბამისად, გაიზრდა ფერმერთა რაოდენობა, დაფინანსება კი უცვლელი დარჩა, მოცემულმა თავისთავად განაპირობა ერთეულ ფერმერზე გამოყოფილი დაფინანსების შემცირება.

ევროკავშირის პოლიტიკა სამი მიმართულებისგან შედგება, რომლებიც შემდეგნაირად ფორმირდება 2 ძირითად სვეტად – “The First Pillar” – აერთიანებს პირდაპირ გადახდებსა და საბაზრო ღონისძიებებს; “The Second Pillar” – მოიცავს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. პროცენტულად ამ სამ მიმართულებაზე CAP-ის ბიუჯეტი შემდეგნაირად ნაწილდება: 1) პირდაპირი გადახდები – 70%, 2) საბაზრო ღონისძიებები – 10%, 3) სოფლის განვითარება – 20%. პირველი მათგანი დაფინანსებას იღებს ევროპის სასოფლო-სამეურნეო საგარანტიო ფონდიდან – The European Agricultural Guarantee Fund (EAGF), მეორე მათგანი ფინანსდება ევროპის სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან – The European Agricultural Fund For Rural Development (EAFRD), რომელიც 100 მილიარდ ევროს შეადგენს 2014-2020 წლებისათვის. დღეისათვის განვითარების 118 პროექტია ინიცირებული 28 ქვეყანაში თითოეულის საჭიროებიდან გამომდინარე. ყველაზე მეტი პროექტი ხორციელდება ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში – ერთად აღებული 72 პროექტი (სწორედ ეს ქვეყნები არიან მძლავრი წამყვანი აგროპროდუქტების გამოშვების თვალსაზრისით და ისინი იღებენ ყველაზე მეტ დაფინანსებას მთლიანი ბიუჯეტიდან).

ცხრილი №1 ევროკავშირის აგრარული პოლიტიკის რეფორმის მიხედვით 2014-2020 წლებში გათვლილი დაფინანსების სტრუქტურა – მილიარდი ევრო (წყარო ევროპის კომისია)
1

ევროკავშირი ფერმერებს ეხმარება ჩამოაყალიბონ გასაღების ორგანიზაციები, შექმნან კოოპერაციები კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, მოახდინონ სპეციალიზება გარკვეული სახის წარმოებაზე (მაგ, ორგანული ფერმერობა), შექმნან საერთო ფონდები და სადაზღვევო სქემები, რაც მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ სტაბილურობა საბაზრო მერყეობის დროს.

ევროკავშირი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია მსოფლიოში სურსათის კუთხით, ყოველ წელიწადს საშუალოდ 60 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტის იმპორტირება ხორციელდება. მთელი 50-წლიანი პოლიტიკის მანძილზე ევროკავშირმა ბოლო 5 წლიან პერიოდში შეძლო ექსპორტის მძლავრი ზრდა. სწორედ ამ პერიოდში შეწყვიტა ექსპორტის სუბსიდირება და პირდაპირი დახმარების მოცულობა საგრძნობლად შეამცირა (თითქმის 8-ჯერ).

2010 წელს ევროკავშირმა შეიმუშავა განვითარების სტრატეგია “ევროპა 2020”, რომელიც ორიენტირებას აკეთებს ნათელ, მდგრად და ინკლუზიურ ზრდაზე. ამავე დოკუმენტში გამოყოფილი იქნა ევროკავშირის სისუსტეები და საფრთხეები: 1) ზრდის დაბალი მაჩვენებელი სხვა პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ნაკლები ინვესტიციებით კვლევებსა და განვითარებაში, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების შეუსაბამო გამოყენებითა და საბაზრო ბარიერებით [9. გვ. 9]; 2) დემოგრაფიული დაბერების დაჩქარებით; 3) საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე ქვეყნები ინვესტირებას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ახდენენ, რაც ევროპელი მწარმოებლებისათვის წინააღმდეგობაც არის და გამოწვევაც.

ზემოთ აღნიშნულმა გარკვეულწილად განაპირობა CAP-ის სრულიად ახალ რელსებზე გადასვლა და ფოკუსირება აგრარულ სექტორში ინოვაციებზე, ცოდნის გადაცემასა და ტექონოლოგიების მასშტაბურობაზე, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე ამ მიმართულებით. განსაკუთრებით კი ახალი წევრი ქვეყნების ხელშეწყობა გახდა აქტუალური. ასევე, ევროკავშირი აქცენტის გადატანას ახდენს „საგრანტო პროექტების“ დაფინანსებიდან „სასესხო პროექტების“ ხელშეწყობისაკენ, რომლებიც გრძელვადიანი ზრდის პირობებში მომავალში თავად შეძლებენ ფინანსური რესურსებით თვითუზრუნველყოფას. ფინანსური უზრუნველყოფის მიმართულებით ევროკავშირის ძირითადი რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისათვის გულისხმობს პროექტებში სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის ჩართვას (სესხი, გარანტია, კაპიტალში მონაწილეობა და სხვა) და ბენეფიციარის ხელშეწყობას ფინანსური ინსტიტუტების მოშუამავლობით.

ევროპის ბევრ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში, სხვადასხვა მაჩვენებლისა და ინდიკატორის შეფასების კუთხით სიტუაცია საქართველოს მსგავსია. შედარებისათვის ავიღეთ აღნიშნული ქვეყნები, რადგან ყველაზე ახლოს დგანან ჩვენს ქვეყანასთან და ათვლის წერტილი დაახლოებით ერთნაირია მათთვის. ამიტომ, აუცილებელია მოცემული ქვეყნების გამოცდილების განხილვა და მათი საქართველოსთან მისადაგების შემთხვევაში საქართველოსთან ადაპტაცია და არა პირდაპირი იმპლემენტაცია, რასაც ძალიან ხშირად „ინსტიტუციურ ხაფანგში“ შეჰყავს ქვეყანა ან იწვევს „ინსტიტუციურ დისფუნქციას“.

ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში დაბალია აგრარული სექტორის პროდუქტიულობა (როგორც შრომის, ასევე სხვა ფაქტორების მიხედვით), ძალიან ბევრი წვრილი საოჯახო ფერმაა, რომელიც ამუშავებს ძალიან ფრაგმენტირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ჰყავს ძალიან ცოტა დასაქმებული (5 პერსონაზე ნაკლები) და პირუტყვი (5 ერთეულზე ნაკლები). მოცემული ერთი მხრივ განპირობებულია გარდამავალ ეტაპზე ძველი სისტემის მოშლით, ეკონომიკური კრიზისებით, პოლიტიკური არასტაბილურობით. ასევე, ამას ემატება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიმწირე, აგრარულ სექტორში მომუშავეთა და უშუალოდ ფერმერთა არასათანადო დონეზე გადამზადების ტენდენციები. თავისთავად, ამ ქვეყნებს გაცილებითი დიდი ზრდის პოტენციალი აქვთ უკვე განვითარებულ წამყვან ქვეყნებთან შედარებით, რაც საჭიროებს მეტ ფინანსურ უზრუნველყოფას. თუმცა, მოცემული ქვეყნები ინტეგრაციის შემდგომ სრულიად სხვა პროპორციით იღებენ დაფინანსებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ვიდრე მანამდე წამყვანი წევრი ქვეყნები ღებულობდნენ. სექტორში ინვესტიციების ოდენობაც საკმაოდ მცირეა ამ ქვეყნებში, რაც ზრდის პოტენციალის გამოყენების შანსებს ამცირებს.

გრაფიკი №2 ევროკავშირში შრომის პროდუქტიულობა (ევრო/პერსონა) 2014 წელი
2

აქვე აუცილებელია შევეხოთ ევროკავშირის წევრ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსა და დასავლურ ნაწილს შორის კონვერგენციის საკითხს. საკმაოდ დიდია კორელაცია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე, კონვერგენციაც ახალ და ძველ წევრებს შორის დადებითი ასპექტებით ვითარდება, ხოლო მთლიანად სრული დაახლოებისათვის ქვეყნებს 8-დან 33 წელი დასჭირდებათ [14. გვ. 3]. ყველაზე დიდი პერიოდი ესაჭიროებათ ბულგარეთს, რუმინეთსა და პოლონეთს, რომლებთანაც საქართველოს ინდიკატორები ერთი-ორად ახლოს დგას და ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მათი გამოცდილების გასათვალისწინებლად.

ევროკავშირისთვის სოფლის მეურნეობის ყველაზე დიდი პრობლემაა მომუშავეთა ასაკის ზრდა და ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა ამ მიმართულებით, რაც ქმნის ცოდნის გადაცემის კუთხით პრობლემას და სოფლების დაცლის საშიშროებას უახლოეს პერიოდში. საქართველოს მოცემული პრობლემა დიდი ხანია უდგას და აღნიშნული ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს შემთხვევაშიც.

საქართველოსთან მიმართებით აგრარული სექტორის კვლევისას გამოვლინდა სექტორის განვითარებისა და ფინანსური უზრუნველყოფის არაერთი პრობლემა, რაც საჭიროებს ქმედით ნაბიჯებსა და სისტემურ მიდგომას მათი წარმატებით გადაწყვეტისათვის. შესაბამისად, აუცილებელია ცალკეული საკითხის განხილვა და დროული ღონისძიებების შემუშავება:
1. საქართველოში აგრარულ სექტორთან მიმართებით შემდგომი კვლევებისა და განვითარების სურათის უკეთ დანახვის მიზნით, ასევე საერთო სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების, დანერგვისა და შედეგების შეფასებისათვის, აუცილებელია ევროკავშირის მიერ შემუშავებული სპეციალური ინდიკატორების დანერგვა და გამოყენება (საუბარია ევროკავშირის CAP პოლიტიკის მთავარ 45 ინდიკატორზე). მოცემული ასევე გაადვილებს საქართველოს ამ სექტორში განვითარების ტენდენციების ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებთან ურთიერთშედარებას.

2. მიუხედავად ინტეგრაციისა, ევროპის დასავლურ ნაწილსა და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა აგრარული სექტორის განვითარების კუთხით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ნამდვილად დიდი წარმატებით დაძლიეს ბევრი წინააღმდეგობა, რაც საქართველოსთვის ასე ნაცნობია. თუმცა, სხვაობა ძველ და ახალ წევრებს შორის კვლავ რჩება დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთების რაოდენობის, პროდუქტიულობის, განხორციელებული ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური გადაიარაღების კუთხით, რაც ძირითადად განპირობებულია სექტორის დაფინანსების დისპროპორციებით. თუ გავითვალისწინებთ EU15-ისა (2003 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნები) და EU13-ის (2003 წლის 31 დეკემბრის შემდგომ ევროკავშირში ინტეგრირებული ქვეყნები) ფერმერების საწყის ათვლის წერტილს, ახალი წევრი ქვეყნების აგრარული სექტორი არამომგებიან პირობებში იმყოფება. მიუხედავად ზრდის დიდი პოტენციალისა, დაფინანსების სიმცირე ძველ წევრ ქვეყნებთან შედარებით ზრდის იმ მასშტაბებს ვერ აღწევს, რაც შესაძლებელია ჩამორჩენილობის გასათანაბრებლად. მოცემული საქართველოსთვის გასათვალისწინებელი პირობაა სახელმწიფოს მიერ სექტორის ფინანსური უზრუნველყოფის აუცილებლობისა და ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის სურვილიდან გამომდინარე.

3. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება სტრატეგიის განხორციელებისას. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის სისუსტე – “საბაზრო პრინციპების იგნორირება”. მასშტაბის ეკონომიისა და პროდუქციის რაოდენობის მიხედვით სუბსიდირებამ გამოიწვია ბაზარზე მიწოდების სიჭარბის ფორმირება და შეიქმნა ე.წ. “სურსათის მთები”. ანალოგიურად, სურსათის ექსპორტი გაიზარდა მას შემდეგ, როდესაც შემცირდა სურსათის ექსპორტის პირდაპირი სუბსიდირება; მოცემული ცხადჰყოფს, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შესაბამის მომენტში დროული ცვლილება და სიტუაციასთან ადაპტირება საბაზრო ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად.

4. აქვე აუცილებელია შევეხოთ კონვერგენციის ფაქტორს, როგორც კვლევამ აჩვენა დიდია EU13-ის კონვერგენცია EU15-თან მიახლოების. განსხვავება სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოცემული სხვაობის დაფარვის პერიოდებს შორის საკმაოდ ვარირებს 8-33 წლებში. თუკი საქართველოს დღევანდელ პოზიციას განვიხილავთ ბულგარეთთან მიმართებით, პერიოდი ერთი-ორად გაიზრდება და შესაძლოა EU15-თან მიმართებით სხვაობის დასაფარად საკმაო დროც კი დასჭირდეს. მოცემული თავისთავად ეხება აგრარული სექტორის ევროკავშირის ბაზართან ჰარმონიზაციის თემატიკასაც. ამ ეტაპზე აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

5. როგორც ზევით აღვნიშნეთ, დღეს რეგიონებში განათლების პრობლემაცაა. ცოდნის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა პირობებთან ერთად, EU13-სა და EU15-ში ფერმერთა და დასაქმებულთა ცოდნის დონეს შორის სხვაობა სექტორის პროდუქტიულობას შორის დიდ დისპროპორციებს განაპირობებს.

აუცილებელია ჩამოყალიბდეს თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით აგრარული ცოდნის ცენტრალური ბირთვი. მაგალითად ევროკავშირი დღეისათვის სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სწავლება-დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საშუალებას იძლება მიიღწეს მაქსიმალური შედეგი მცირე რესურსების პირობებში (Horizon 2020 – ის ინოვაციებისა და კვლევების ბიუჯეტიდან 2014-2020 წლებისათვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გათვალისწინებულია 4 მილიარდი ევრო).

6. მიზანშეწონილი იქნება, თუ დაუყოვნებლივ დაიწყება მზადება მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ფერმერთა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და ჩართვისათვის ამ პროცესებში, რომლებიც აგრარული საქმიანობის თანამონაწილეებიც იქნებიან და რომლებთანაც ფერმერებს გაცილებით კორპორატიული ურთიერთობები ექნებათ (თუნდაც უკვე აპრობირებული სასოფლო-საკრედიტო კავშირების სახით). ასეთმა ორგანიზაციებმა დაკრედიტების პროცესში თანდათანობით უნდა ჩაანაცვლონ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

7. სადაზღვევო კომპანიებისათვის აგრარული სექტორის დაზღვევა ძალიან სარისკო და ზარალიანია. უდავოა, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობამ ხელი შეუწყო ამ მხრივ საქმის დაძვრას. თუმცა თავდაპირველ ეტაპზე პროგრამა ბევრი ორგანიზაციული და ტექნიკური პრობლემის წინაშე დადგა, რაც მოუმზადებლობით იყო გამოწვეული. აუცილებელია ამ კუთხით როგორც სააგენტოს, ასევე სადაზღვევო კომპანიების შეთანხმებული მუშაობა. აგროდაზღვევის საკითხის განხილვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ფერმერთა დაზღვევისადმი დამოკიდებულება და მათი გადახდისუნარიანობა. ერთია ნდობა სადაზღვევო კომპანიისადმი და სურვილი გქონდეს დაზღვევა, მეორე, რამდენად არის ამის ფინანსური შესაძლებლობა. თავისთავად, სახელმწიფოს მიერ დაზღვევის პრემიის სუბსიდირების პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც სადაზღვევო სექტორის განვითარების, ასევე, აგრარული სექტორის ფინანსური სიმყარის შექმნის კუთხით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის ნაჩქარევად ჩატარების ფაქტორსა და განხორციელების პროცესში ორივე მხარის (სააგენტო და სადაზღვევო კომპანიები) მიერ დაშვებულ შეცდომებს, თავდაპირველ ეტაპზე, ამას უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ფერმერთა სტიმულებსა და მზადყოფნის განწყობაზე, განმეორებით ჩართულიყვნენ პროექტში, ასევე, სადაზღვევო კულტურის დონის ამაღლების კუთხით იმ ეფექტის მატარებელი არ აღმოჩნდა, რაც მოსალოდნელი იყო გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში. თუ გადავხედავთ 2014 წლისა და 2015 წლის მონაცემების ურთიერთშედარებას, ტენდენცია ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა. 2014 წელს აგროდაზღვევის წილი მთლიან სადაზღვევო სექტორში 4%-მდე გაიზარდა, 2015 წელს კი – მხოლოდ 1% შეადგინა.

8. აგრარული სექტორის დაზღვევის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და რისკფაქტორების სრული სურათის შესაქმნელად აუცილებელია მუდმივი და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირებას. თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელია სადაზღვევო რისკფაქტორების მიხედვით რუკების შედგენა რექტროსპექტული და საპროგნოზო ანალიზისათვის.

9. ევროკავშირის აგროდაზღვევის სისტემის განხილვისას, აუცილებელია ევროკავშირის გადახდისუნარიანობის რეგულაციების განხილვა და თანდათანობით მიახლოება. ასევე, აუცილებელია ევროკავშირში არსებული აგრარული სექტორის ერთიანი რისკ მენეჯმენტის სისტემის შეფასება და საქართველოსათვის განხილვის დღის წესრიგში დაყენება. სისტემა აერთიანებს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების, ურთიერთდახმარების ფონდებისა და შემოსავლების სტაბილურობის ხელშემწყობ ინსტრუმენტებს.

საჭიროა აგრარული ბაზრის დარეგულირება, ჯანსაღი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ადგილობრივ პრაქტიკაზე, გამოცდილებაზე და სამართლიანი ვაჭრობის საერთაშორისო პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და არა მხოლოდ უცხოურ რეკომენდაციებზე. აუცილებელია ამ ყველა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და ერთიან ჭრილში გადაწყვეტა. კვლავაც ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, რათა მოხერხდეს აგრარული სექტორის განვითარების დაწყებული პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორებისა და რისკების მინიმიზაცია.

გამოყენებული ლიტერატურა

1. წლიური ანგარიში 2015 – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბ., 2015, 100 გვ;
2. ბაიდაური დ. სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრიორიტეტები საქართველოს აგრარულ სექტორში. სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2006;
3. ბერიძე ზ. ეკონომიკური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების გზები საქართველოს აგრარულ სექტორში. დისერტაცია, თბ., 2011;
4. გაგვიშვილი ლ. სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადი განვითარების რეზერვები (იმერეთის მაგალითზე). დისერტაცია, თბ., 2006;
5. სამჭკუაშვილი ნ. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მათი დაძლევის გზები და განვითარების პერსპექტივები (მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ეკონომიკის აგრარული სექტორის მაგალითზე). დისერტაცია, თბ., 2013;
6. Agricultural Insurance as Risk Management Strategy: An overview of Agricultural Insurance Schemes in Europe and the World, The Foreign Policy Initiative BH, Bosnia and Herzegovina, 2014;
7. Agricultural Insurance Schemes – Summary report – EUROPEAN COMMISSION, DIRECTORATE GENERAL, JRC JOINT RESEARCH CENTRE – ISPRA, Institute for the Protection and Security of the Citizen, Agriculture and Fisheries Unit, Italy, 2006;
8. CAP CONTEXT INDICATORS – 2015 update, EUROPEAN COMMISSION, 2015;
9. COMMUNICATION FROM THE COMMISSION EUROPE 2020 A strategy for smart, sustainable and inclusive growth, EUROPEAN COMMISSION, Brussels, 2010;
10. EU agriculture spending – Focused on results, European Commission, 2015;
11. INDICATORS IN THE RURAL DEVELOPMENT REPORT 2013, EUROPEAN COMMISSION, 2013;
12. THE EUROPEAN UNION EXPLAINED A partnership between Europe and farmers Agriculture – “The EU’s common agricultural policy (CAP): for our food, for our countryside, for our environment”, EUROPEAN COMMISSION, Publications Office of the European Union, Luxembourg, 2014;
13. Čolović Vladimir, Petrović Nataša Mrvić – CROP INSURANCE – RISKS AND MODELS OF INSURANCE, Economics of Agriculture 3/2014, Original scientific paper EP 2014 (61) 3 (561-573), Belgrade, 2014;
14. Ryszard Rapacki and Mariusz Próchnia – “The EU Enlargement and Economic Growth In the CEE New Member Countries”; European Communities, 2009;
15. Stiglitz Joseph E. – Some Theoretical Aspects of Agricultural Policies, The World Bank Research Observer, Oxford University Press Vol. 2, No. 1, Jan., 1987
16. Walt Whitman Rostow- The Stages of Economic Growth: A Non – Communist Manifesto, Cambridge University Press, 1960;
17. VERNON W RUTTAN – Lectures on Technical and Institutional Change In Agricultural Development with comments by Syed Nawab Haider Naqvi, PAKISTAN INSTITUTE OF DEVELOPMENT ECONOMICS, ISLAMABAD, 1987;
18. Vernon W Ruttan – Growth Stage Theories and Agricultural Development Policy, THE ECONOMIC WEEKLY, 1965;
19. www.geostat.ge;
20.www.ec.europa.eu;
21.www.theactuary.com;
22.www.farm-europe.eu;

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial