ქართული ყველის პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე

ქართული ყველი, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს, ევროკავშირის ბაზარზე გასვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მიზეზი მრავალია: სტანდარტიზაცია, სერტიფიცირება,ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა და ა.შ. პროგნოზი, თუ როდის მიეცემათ ქართველ მწარმოებლებს ყველის გატანის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 190.6 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლებია. მთლიანობაში რაოდენობა სააკმაოდ მაღალია , თუმცა ქართული რძე და რძის პროდუქტები წელსაც მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

1
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშისა და მეურნეობის განვითარების ეკონომიკური გეგმის წარდგენისას იმაზე ისაუბრა, რომ სახელმწიფოს მიზანი ქართული ყველის სტრატეგიულ, სანდო ბაზრებზე გასვლაა, რომელსაც ეფექტური სამუშობით განხაორციელებენ რამდენიმე წელიწადში.
ცნობილია, რომ ევროპელების მოხიბვლა რაიმე პროდუქტით ძალიან რთულია, მათ ზუსტად იციან რა უნდა მიირთვან და ამ ტრადიციას იშვიათად თუ ღალატობენ. შესაბამისად, პროდუქტი მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს რომ ევროკავშირის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს.
დღეს ხშირად საუბრობენ თუ რამდენად შეძლებს მესხური სამზარეულოს ერთერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი – ტენილი ყველი, ევროკავშირის ბაზრის ათვისებას. დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით, ტენილი, ჩედერიზებული ყველის ჯგუფს მიეკუთვნება. საყველე მასა დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი წათხის ყველებისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიური პროცესით, ისე გარეგნული სახით, გემოთი, სუნითა და სხვა თვისებებით.
ტენილს უნიკალურ სახეობად მიიჩნევს საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარეანა მიქაძე : „გერმანიაში ყოველ წელს იმართება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა, სწორედ იქ წავიღე ტენილი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში ვერ შეგვაქვს ყველი, გაყიდვის უფლებაც არ გვქონდა, უცხოელებს ვთავაზობდით, რომ გაეცნოთ ქართული ყველი. ტენილმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს სახეობა უნიკალურია იმიტომ, რომ მისი ანალოგი არ არსებობს, კონკრეტული ადგილწარმოშობა აქვს. არსად მსოფლიოში მსგავსი ტიპის ყველი არ მზადდება, შესაძლოა, კეთდება ე.წ. სულგუნის ძაფები, მაგრამ მისი ამოვლება ნაღებში, შემდეგ ჩადება ქოთანში პირუკუღმა ნაცარზე დადებით, არსად ამ გზით არ მზადდება ტენილი. მხოლოდ საქართველოშია ასეთი ტექნოლოგია“
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები მკაცრია, თუმცა ტენილს სხვა პროდუქტებთან შედარებით ევროპის ბაზარზე მოხვედრის გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს.
„ტენილი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქციად არის დარეგისტრირებული საქპატენტის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის პროდუქტი ასოცირდება ერთ რეგიონთან და ყოველთვის უნდა იყოს ერთნაირი, უნდა ჰქონდეს ერთი გემო, ფერი, სუნი, უნდა მზადდებოდეს საქპატენტში დარეგისტრირებული რეცეპტის მიხედვით. სწორედ ეს არის ერთერთი უდიდესი პერსპექტივა, რომ ტენილი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს. ევროპელებს განსაკუთრებით უყვართ ტრადიციული, ისტორიულ ლეგენდებთან დაკავშირებული პროდუქტი. ჩვენ ჭარბიპ როდუქციით კონკურენციას ვერ გავუწევთ მეზობელ ქვეყნებს და სწორედ ამ კუთხით უნდა ვიზრუნოთ“- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე თენგიზ კალანდაძე.
მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA)2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. მის ერთერთ თავში, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებში , საუბარია იმაზე,რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციით ევროკავშირთან ივაჭროს გამარტივებული წესით. 2015 წლის 1 აგვისტოდან კი ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის ნაწარმის შესახებ,რომელიც ადგენს მოთხოვნებს პროდუქტების, მათ შორის ყველის, წარმოების, ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. უკვე ამოქმედდა და სამომავლოდ კვლავ იგეგმება რიგი პროექტების განხორციელება,რათა კონტროლი „ფერმიდან -სუფრამდე“ სრული წესების დაცვით მოხდეს, ვინაიდან ეს ერთადერთი გზაა ევროპელთა გულის მოსაგებად.

მოამზადა: მარიამ ტყეშელაშვილმა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial